ფარიდ ზაქარია, “თავისუფლების მომავალი”
(შეზღუდული დემოკრატია შინ და გარეთ)
The Future Of Freedom
Illiberal Democracy at Home and AbroadBy Fareed Zakaria New York: W. W. Norton & Company, 286 გვ.
ფრანგმა მოაზროვნემ ალექსის დე ტოკვილმა 1835 წელს გამოქვეყნებულ თხზულებაში “დემოკრატია ამერიკაში” განაცხადა: ჩვენში მიდის დიდი დემოკრატიული რევოლუცია, გადაულახავი რევოლუცია, რომელიც, მიუხედავად დიდი დაბრკოლებებისა, საუკუნეების მანძილზე წინა პლანზე იყო წამოწეული და კვლავ წინა პლანზეა”… როცა ტოკვილი აშშ-ს ეწვია და ამ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს უფრო დეტალურად გაეცნო, დაასკვნა, რომ დემოკრატიამ ნამდვილად იმუშავა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ტოკვილს ობიექტურობის გრნობა არასოდეს ღალატობდა; მას არასოდეს მოუხუჭავს თვალი ამერიკული დემოკრატიის დეფექტებსა და პოტენციურ საფრთხეზე: დაუფარავად ამხელდა პოლიტიკური პარტიების ნაკლოვანებებს, არ იყო კმაყოფილი პრესის მუშაობით, რომელიც ხშირად ბინძურ საქმეებში იქექებოდა, არ მალავდა იმ ფაქტს, რომ არჩევნების დროს შეიმჩნეოდა ელექტორატის გადაბირების ცდები და ა.შ. ტოკვილის დაკვირვების თანახმად, “უმრავლესობის ტირანიის” საფრთხის თავიდან ასარიდებლად თავდაუზოგავად მუშაობდნენ ის ინსტიტუტები, რომლებიც ინდივიდუალური თავისუფლების შენარჩუნებისკენ მიისწრაფვოდნენ.
მერე ტოკვილს ასეთი შეკითხვა დაებადა – შეიძლებოდა თუ არა, თავდაცვის ასეთი მექანიზმები ევროპაშიც გაჩენილიყო. ფრანგი მოაზროვნის პესიმიზმი 1856 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში აისახა – “ძველი რეჟიმი და რევოლუცია”. საფრანგეთში შეუძლებელია დემოკრატიის არსებობა თავისუფლებისადმი არატოლერანტული მიდგომის, თავისუფლების დათრგუნვის გარეშე. საფრანგეთის დემოკრატიის პირობებში ბიუროკრატიამ და თანასწორობამ, შეიძლება ითქვას, ფეხქვეშ გაიგდო თავისუფლება. შედეგი ახალი ბონაპარტული დესპოტიზმი იყო.
ახალ წიგნს, რომლის სახელია “თავისუფლების მომავალი” და რომლის ავტორია ფარიდ ზაქარია, ტოკვილის ნააზრევის მოდერნიზაცია შეიძლება ვუწოდოთ. პირველივე ეპითეტი, რომელიც ამ წიგნის დასახასიათებლად შეიძლება გამოვიყენოთ, არის “გაბედული”: მართლაც ძალიან დიდი გაბედულება და სითამამეა საჭირო დღევანდელ პირობებში იმის სათქმელად, რომ ზედმეტი დემოკრატია საფრთხეს უქმნის თავისუფლებას. სწორედ ეს განაცხადი, გნებავთ ავტორისეული დასკვნა, არის ის ცენტრალური ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი თხზულება.
ავტორის მიერ წარმოდგენილი თეზისი ძალიან არამოდურია და ბევრმა შესაძლოა არასწორადაც გაიგოს. ე.ი. მისტერ ზაქარია, თქვენ ამბობთ, რომ ამერიკა უფრო ნაკლები დოზით უნდა იყოს დემოკრატიული? ეს თქვენი მხრიდან ერთგვარად ფაშისტური განაცხადი ხომ არაა? – მიაყარეს შეკითხვები…
“თავისუფლების მომავალი” ამავდროულად საკმაოდ პრეტენზიული თხზულებაა. ზაქარია ცდილობს ტოკვილის კრიტიკა არა მარტო თანამედროვე ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ მიმართოს.
წარმოშობით ინდოელი ფარიდ ზაქარია Newsweek International-ის რედაქტორია. წარმოდგენილი ნაშრომი იმ სტატიის გაგრძელება გახლავთ, ჟურნალისტმა 1997 წელს რომ დაწერა და რომელსაც “შეზღუდული დემოკრატიის აღზევება” (The Rise of Illiberal Democracy) ერქვა. ძირითად არგუმენტად ავტორი იყენებდა დემოკრატიის 80-90-იანი წლების პერიოდის მიმოხილვას, როცა მსოფლიოს მოედო დემოკრატიის ახალი ტალღა, რომელსაც ჩრდილოვანი მხარეები ჰქონდა. ახალი დემოკრატიული სახელმწიფოებმა – ელცინისა და პუტინის რუსეთმა, ხავესის ვენესუელამ სწორხაზოვნად გაუკეთეს იგნორირება თავიანთი ძალაუფლების კონსტიტუციურ საზღვრებს, მოქალაქეებს კი ძირითადი უფლებები ჩამოართვეს; მარტო არჩევნების ჩატარება კი თავისუფლებას არ ნიშნავს.
იგივე ხაზია გატარებული ზაქარიას ახალ ნაშრომშიც. აქ ვხვდებით ისტორიულ ექსკურსებსაც და დისკუსიებსაც, მაგალითად, რატომ იყო ინგლისში უფრო მეტი კეთილდღეობა არისტოკრატიული ინსტიტუტების დროს და ა.შ.
საინტერესოა მწერლის მოსაზრება დემოკრატიისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებაც. დემოკრატიული ინსტიტუტები წარმატებით მხოლოდ იმ ქვეყნებში მუშაობს, რომელთა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 6000 $-ზე მეტია. ღარიბმა ქვეყნებმა, რომლებიც დემოკრატიზაციის გზას დაადგნენ, ცხოვრება ან დიქტატურით დაასრულეს, ან უკიდურესი გაჭირვებით. შემთხვევითი არაა, რომ ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს – ჩილეს, სამხრეთ კორეასა და ტაივანს, რომლებიც კონსოლიდირებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებად ითვლებოდნენ, კარგა ხნის მანძილზე სამხედრო ხუნტა მართავდა.
მორალი მარტივია, – დაასკვნის ავტორი – ჯერ გამდიდრდი (შექმენი საშუალო ფენა), სამოქალაქო საზოგადოება და კანონმდებლობა, და მერე იზრუნე დემოკრატიზაციისათვის. და კიდევ, მემორანდუმი არაბულ სამყაროს: ბუნებრივი რესურსებიდან შემოსული გადასახადებით გამდიდრება არ ითვლება.
ჯონ ლეგეტი, “გაბედული ახალგაზრდა კაცი”
(უილიამ საროიანის ბიოგრაფია)
A Daring Young Man
A Biography of William SaroyanBy John Leggett.New York: Alfred A. Knopf., 462 გვ.
უილიამ საროიანს ჰემინგუეის “სიკვდილი შუადღისას” რომ წაუკითხავს, ირონიული რეპლიკა წამოუსვრია. ეს თურმე ძალიან სწყენია ჰემინგუეის და საროიანისთვის შეუთვლია, რომ ნათქვამი ოდესმე უკან დაუბრუნდებოდა. ჰემინგუეიმ საროიანს უწინასწარმეტყველა კიდეც: “შენნაირები ბევრი გვინახავს. მოდიან და მიდიან. კარგებიც. უფრო უკეთესებიც, ვიდრე თქვენ ბრძანდებით, მისტერ საროიან. ბევრი გვინახავს შორს წასული, მაგრამ უკან აღარავინ მობრუნებულა და არც არავის მოუკითხავს, სად წავიდნენო. მათ ადვილად ივიწყებენ, მისტერ საროიან”.
საროიანის მსუბუქი დაცინვა მის ექსტრაორდინალურ დებიუტში გამოკრთა, მოთხრობების კრებულში – The Daring Young Man on the Flying Trapeze. 1934 წლის ტრიუმფს მოჰყვა წარმატებები: 1939-1943 წლებში საროიანმა დაიპყრო ბროდვეი, ჰოლივუდი და წიგნის მაღაზიები.
1939 წელს მისი “ჩემი გული მთებს ეკუთვნის” (My Heart’s in the Highlands) და “შენი ცხოვრების დრო” (The Time of Your Life) გახდა პულიტცერისა და თეატრალური კრიტიკოსების წრის პრემიების ლაურეატი. 1943 წელს მისმა სცენარმა, რომელიც დაწერა ფილმისთვის “ადამიანური კომედია”, “ოსკარი” მოიპოვა.
მაგრამ სულ ეს იყო. ამის შემდეგ საროიანი კიდევ 38 წელი წერდა, მილიონობით გვერდი დაწერა, მაგრამ სულ უფრო და უფრო უძნელდებოდა ყურადღების ცენტრში მოხვედრა. თითქოს ახდა ჰემინგუეის წინასწარმეტყველება – საროიანი მიივიწყეს. 1975 წელს მან თავის მეგობარს უთხრა: “დავმარცხდი. ჩემი შვილები წამოიზარდნენ და წავიდნენ, მათ მე არ ვუყვარვარ. არც სიმდიდრე მაქვს, არც სახელი. არანაირი მიზეზი არ მაქვს იმისათვის, რომ ბედნიერი ვიყო”.
რომანი, რომელიც საროანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს, სწორედ ამ ხაზს ავითარებს. თვითკმაყოფილი საროიანი სიკვდილამდე ბევრად ადრე მიივიწყეს. საქმე იმაშია, რომ მწერლური დრამა არცთუ ურიგო თემაა კარგი რომანის გამოსაცხობად, მაგრამ, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მწერალმა ჯონ ლეგეტმა საინტერესო ისტორიის შექმნა ვერ მოახერხა; აქვე ისიც ითქვა, რომ საროიანის ცხოვრება ნამდვილად არ შეეფერება იმ მელოდრამატულ ყალიბს, რომელიც ლეგეტმა თავის დროზე მწერლების – როს ლოკრიჯისა და ტომ ჰეგენის ცხოვრების აღწერის დროს გამოიყენა რომანში “როსი და ტომი: ორი ამერიკული ტრაგედია”, და დიდი წარმატებაც მოიპოვა.
მართალია, საროიანს ის თავდაპირველი დიდება არ დაბრუნებია, მაგრამ მწერალი არ გამქრალა სამწერლობო ასპარეზიდან.
თუ საროიანის ადრეული ბიოგრაფები, მაგალითად: ლორენს ლი და ბერი გიფორდი, ცდილობენ გააღმერთონ მისი ნაწერები და საროიანის ცხოვრებაც იდუმალებით მოსილად აქციონ, ლეგეტი საპირისპიროს ცდილობს, ისწრაფვის ჩასწვდეს მის პიროვნებას და წუთიერი ემოციები ასახოს. ხშირად ავტორი საროიანის პირითაც ლაპარაკობს. მტკიცებით კი ლეგეტს იმის დამტკიცება უნდა, რომ საროიანი დიდი მწერლის ცხოვრებით ცხოვრობდა, არადა სინამდვილეში სულაც არ ყოფილა დიდი მწერალი. ის მუდამ ცნობილი ადამიანების წრეში ტრიალებდა, მაგრამ ამ წრეში ტრიალი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ყველაფერს. ლეგეტი აგვიწერს იმ ადამიანის ისტორიას, რომელიც მუდმივად საკუთარ თავზე და თვითდამკვიდრებაზე ფიქრობდა.
ისე მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ ლეგეტი საროიანის მიმართ მაიცდამაინც სიმპათიით არაა განწყობილი.
ტ.ს. ბოილი, “დაცემული ქალაქი”
Drop City By T. Coraghessan BoyleNew York: Viking, 444 გვ.
ამ რომანს 70-იანი წლების კალიფორნიაში გადავყავართ, 60-კაციანი ჯგუფი ისე ცხოვრობს, როგორც მათ მოესურვებათ – მათ არ ჰყავთ მრჩეველები, ისინი თვითონვე ქმნიან და თვითონვე მისდევენ ცხოვრების კანონებს. ეს ადამიანები რეალობაზე გულაცრუებულნი არიან და ალტერნატიულ რეალობაში ეძიებენ ხსნას; უსმენენ ჰენდრიქსს, ქანთრი ჯოსა და “ფიშს”, იკვებებიან ვეგეტერიანელებივით, აღიარებენ თავისუფალ სიყვარულს, ჰყავთ ძაღლი, სახელად ფროდო და აქვთ უამრავი ჰალუცინოგენი. კიდევ რა უნდა უნდოდეს ახალგაზრდას? – პილიგრიმები ცდილობენ დაიჯერონ, რომ ეს არის ცხოვრება – სიყვარული, მედიტაცია, რწმენა უბრალოებისა, უპრეტენზიობა. ეს სხვა არაფერია, თუ არა ჰიპური ნირვანა.
თუმცა სიმშვიდე აქაც არაა. არის ჩხუბი, მუშტი-კრივი. ქალაქის შერიფი უკმაყოფილოა, მას უნდა გააცამტვეროს თავშეყრის ეს ადგილი, რომელიც მავნე გავლენას ახდენს და განსაკუთრებით ვნებს ახალგაზრდების ჯანმრთელობას – ბავშვები LSD-გარეულ ფორთოხლის წვენს ეწაფებიან… მაგრამ ძირითადი მიზეზი, რისთვისაც ეს პილიგრიმები ყველაზე მეტად იდევნებიან, თავისუფალი სიყვარულია. ერთი ქალი ამ ცნებას ასეთ პერიფრაზს უკეთებს: “თავისუფალი სიყვარული – ეს იგივეა, გამოიგონო ელამი, გაქუცული და მუწუკებიანი კატა.”
მართალია, ბოილის ნაწერები ყოველთვის გამოირჩეოდა წერის დახვეწილი მანერითა და თავისუფალი მხატვრული თხრობით, ეს თხზულება მაინც განსაკუთრებულია, გაოცებას იწვევს ის სული, რომელიც მწერალმა ნაწარმოებს შთაბერა. ეს მწერლის ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციურად დატვირთული რომანია “სამყაროს დასასრულის” (World’s End) შემდეგ, რომელიც 1987 წელს გამოქვეყნდა.
კალიფორნიის ნეტარი ცხოვრება ორი პერსონაჟის ისტორიის ფონზე ვითარდება. ეს გმირები სტარი და მარკოა. ორი ახალგაზრდა გოგონა – სტარი და პანი კალიფორნიაში ჩადის. პანის გადამკიდე გზაში სტარს უსიამოვნებაც შეემთხვევა… კალიფორნიაში ჩასულს ერთი სურვილიღა ამოძრავებს – ვინმე ბიჭი გამოიჭიროს, ნორმალური ბიჭი, კრეტინი რომ არ იქნება. ასე ხვდება მარკოს.
და მათი ურთიერთობაც იწყება.
კალიფორნიული ცხოვრების პარალელურად დაახლოებით 70 გვერდზე მოქმედება ჩრდილოეთით – ალასკაზეც მიმდინარეობს. ალასკაზე მთავარი პერსონაჟები სესი და პამელა არიან. მოვა დრო და კალიფორნიისა და ალასკის სამყარო ერთიანდება, როცა დიდი ბულდოზერები ჰიპების ბანაკის აღებას მოინდომებენ. მაშინ დაცემული ქალაქის გურუ ნორმი ცდილობს ჩრდილოეთისკენ აიღოს გეზი, იმ ადგილისკენ, რომელიც მისმა ბიძამ მიატოვა. “რევოლუციას დავიწყებთ, – ამბობს ერთი გმირი – ყვავილები იბატონებენ ტუნდრაზე…”
კალიფორნიის მცხოვრებლები ვერ ხვდებიან, რა საერთო უნდა ჰქონდეს ალასკის მკვიდრთა ცხოვრებას და LSD-ს ყლაპვას. “ეს ჰიპური ცხოვრებაა, სხვა არაფერი,” – ასე აფასებს სტარი საკუთარ ყოფას და ამ სიტყვების თქმისთანავე ხვდება, რომ ეს პათეტიკაა. დაცემული ქალაქის ნამდვილი არსი კი ყველაზე კარგად სწორედ ალასკის მცხოვრებლებს – პამელასა და სესის ესმით. ალასკაზე ბევრად უფრო მეტი იდუმალებაა.
“დაცემული ქალაქი” რომანია, რომელიც ამერიკულ ოცნებას გვიხატავს – როგორია ეს ამერიკული ოცნება, თავად მკითხველმა უნდა განსაჯოს.
და კიდევ ერთი, სესის პერსონაჟს ორი პროტოტიპი ჰყავს: სტივ მაკუინი და ჯეკ ლონდონი.
ჯორჯ მარტინი, “ფირის დატრიალება: ილუსტრირებული მემუარი”
Playback: An Illustrated Memoirby George MartinGenesis Publications, 327 გვ.
ჯორჯ მარტინი – მათთვის, ვინც 60-იანი წლების თანამედროვე მუსიკის ისტორიას იცნობს, ეს სახელი კარგადაა ცნობილი. “ბითლზის” ხმის პროდუსერის
გენიის კვალი ეტყობა ლივერპულელი ჯგუფის 186-ვე სიმღერას, რომელიც “ბითლზმა” ჯგუფმა Emi-სთვის ჩაწერა, მათ შორის ლეგენდარულ Love Me Do-ს. მარტინის ტალანტმა დიდწილად განსაზღვრა “ბითლზის” ტალანტი; სხვათა შორის, დაუსვამთ კიდეც შეკითხვა, იქნებოდა თუ არა “ბითლზი” ესოდენ პოპულარული მარტინის გარეშე, რომლის პიროვნებაც ერთგვარად ოთხეულის ჩრდილში მოექცა (თუმცა შესაძლოა თავად სულაც არ უნდოდა ვინმეს ჩრდილში მოქცეულიყო).
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კითხვა – იარსებებდა თუ არა საერთოდ “ბითლზი” ჯორჯ მარტინის გარეშე? – პირიქითაც შეიძლება დაისვას. იარსებებდა თუ არა სერ ჯორჯ მარტინის ფიგურა ლივერპულელი ოთხეულის ტალანტის გარეშე? ასეა თუ ისე, დღეს უკვე ორივე ფენომენი არსებობს: მარტინის და “ბითლზის”, ორივე ფენომენი ძალიან საინტერესოა და მით უფრო საინტერესოა ახალი წიგნი, სადაც ჯორჯ მარტინი “ბითლზის” შესახებ მოგვითხრობს.
არავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ “ბითლზი” გენიალური მოვლენა იყო, იმაზე საუბარიც უკვე მოსაწყენი გახდა, თუ რა წვლილი შეიტანეს ლენონმა, მაკარტნიმ, ჰარისონმა და სტარმა 60-იანელთა მუსიკაში, და რა გავლენა მოახდინა მათმა შემოქმედებამ შემდგომ თაობებზე.
ჯორჯ მარტინის მიერ შემოთავაზებული ამბის დიდი ნაწილი უკვე მოთხრობილია სხვათა მიერ, საკმარისია ორი შრომის დასახელებაც: მარკ ლუისონის “ბითლზის სრული ქრონიკა” და იან მაკდონალდსის “რევოლუცია გონებაში”. ასევე არსებობს ეპშტეინის, მაკარტნის, ჰარისონის ბიოგრაფები… და მიუხედავად ამისა, “ილუსტრირებული მემუარი” სიურპრიზებითაა სავსე. მარტინის და “ბითლზის” თავგადასავალი, დასასვენებლად წასვლა ლენონებთან ერთად (ჯონს იუმორის განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა), რომელიც ანეკდოტების ფორმით არის მოყოლილი და ა.შ.
აშკარაა, რომ ახალი წიგნი “ბითლზის” ფანებისთვის არის გათვლილი. შესაძლოა ფანებმა ბევრ შეკითხვაზე ვერც კი იპოვონ პასუხი, მაგრამ მემუარი აუცილებლად მოეწონებათ. უნდა ითქვას ისიც, რომ მკითხველს, რომელიც პოპულარულ ადამიანთა ცხოვრებაში სიბინძურესა და ინტრიგანულ დეტალებს ეძიებს, ამ შემთხვევაში არ გაუმართლა. მოგონებები კორექტულად, სიყვარულითაა დაწერილი. აქ არ არის არც მტრობა, არც გულდაწყვეტა. ყველაზე მეტად ავტორს ლენონის “ღალატი” აწუხებს, “ბითლზის” დაშლის შემდეგ მან Let It Be სხვა პროდუსერს წაუღო. ეს კონკურენტი ფილ სპექტორი იყო.
დონ დელილო, “კოსმოპოლისი”
Cosmopolis By Don DeLilloNew York: Scribner, 209 გვ.
დონ დელილოს პირველი რომანი “ამერიკანა” თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. “კოსმოპოლისი” მისი მე-13 რომანია.
კრიტიკოსებმა კარგა ხანია შეამჩნიეს ერთი გარემოება: ამერიკელმა მწერალმა დონ დელილომ თავისი შემოქმედების ფოკუსი დააპატარავა და ფოკუსად პოსტმოდერნისტული ორნამენტი აირჩია. მის ახალ არჩევანს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ახალი რომანი “კოსმოპოლისი” პოლ ოსტერს ეძღვნება. დელილოს მიზანი კულტურული თეორიისა და თხრობის ოსტატური შერწყმაა.
მკითხველი ნიუ-იორკში მოხვდება, მულტიმილიარდერის, უძრავი ქონების მენეჯერის, ერიკ პაკერის კომპანიაში; ერიკი ქალაქის ქუჩებში დასეირნობს, თან ახლავს ახალმოყვანილი ცოლი – ევროპელი არისტოკრატი. პაკერის კომპანია სიმბოლურად გლობალურ ბაზარს ასახავს – ყველგან ტრიალებს ფული, ლაპარაკობენ ფულისადმი ლტოლვაზე, ფულის არითმეტიკის მუსიკაზე. ეს არის მონოლოგი დიალოგის ნიღბით: საკუთარ თავთან საუბარი, როდესაც ტკბები საკუთარი ბრძნული აფორიზმებით. “ცხოვრება ძალიან თანამედროვე გახდა”, “გაფლანგული ნიჭი უფრო ვნებისაღმძვრელია” და სხვ.
პერსონაჟების აღწერისას ავტორი ზოგჯერ საკუთარი ფუნჯის მსხვერპლი ხდება და იმ სენით სნეულდება, რითიც მისი პერსონაჟები არიან დასნეულებულნი. მწერალი ისეთივე კმაყოფილია მათი შექმნით, როგორც ისინი საკუთარი თავით.
რა არის აღწერილი “კოსმოპოლისში”? – მანჰეტენის ცხოვრება, ცნობილი რეპერის დაკრძალვა, გამოსვლები ანტიგლობალიზაციური ლოზუნგებით…
ახალი რომანის თემა წმინდა წყლის ამერიკულია – ფული, რომანის მთავარი მოქმედი პირიც ფულია. მთელი სამყარო სავალუტო წრებრუნვად იქცევა.
კაპიტალისტური ქამელეონისებრი უკომპრომისობა რომანში ასეთი ციტატითაა გადმოცემული – “მარკეტის კულტურა ტოტალურია.” დელილოს მთელი მორალი კი ერთი პერსონაჟის სიტყვებით შეიძლება ჩამოყალიბდეს: “ფულმა გეზი შეიცვალა. სიმდიდრე გახდა სიმდიდრე სიმდიდრის გულისთვის… ფულმა დაკარგა თავისი შინაარსი, ისევე როგორც დაემართა ერთ დროს მხატვრობას. ფული თავის თავს ელაპარაკება.” აი, ასეთია ზეკაპიტალიზმის ეპოქა.
ანტიგლობალისტების ლოზუნგი მარქსისა და ენგელსის ლოზუნგის პერიფრაზს იყენებს: “აჩრდილი დადის მსოფლიოში. აჩრდილი კაპიტალიზმისა” – ანტიგლობალისტები ვარაუდობენ, რომ გლობალური კაპიტალიზმი ახლა რევოლუციური მოძრაობაა; მისი მიზანია ისტორიის წაშლა და ადამიანის შრომის იზოლირება. ამ აზრს თავად ავტორიც იზიარებს.
რაზეა ეს რომანი? – ეს არის სერიოზული და ამავდროულად აბსურდული რომანი კაპიტალიზმზე, სააგენტოების საქმიანობაზე, მომავალზე, სიმბოლურ და ნამდვილ ძალადობაზე, სექსზე, სიკვდილზე…
მკითხველი კვალზე მიჰყვება პაკერს, რომელიც მომავლით ტკბება და საერთოდ აღარ ახსოვს აწმყო.
მარგარეტ ეტვუდი, “ორიქსი და კრეიკი”
Oryx And Crake By Margaret AtwoodDoubleday, 376 გვ.
მარგარეტ ეტვუდის ბოლო რომანი კომიკურიც არის და თავზარდამცემიც. “ორიქსი და კრეიკი” სწორედ იმ თემატიკას ეხმიანება, დღესდღეობით რომ ძალიან აქტუალურია: თანამედროვე ყოფის, გლობალიზაციის ეპოქის კოშმარი – ეკოლოგიური პრობლემები, დათბობა, მწერების მომრავლება, ქალაქების ჩაძირვა ოკეანეში, ეს არის მკაცრი პორტრეტი ჩვენს მიერ არჩეული ცხოვრებისეული გზისა.
ეტვუდის გმირები ჰაქსლის გმირებს გვანან, სამოთხიდან რომ არიან დევნილნი და საკუთარ ბოლოს და კაცობრიობის კვდომას რომ ელოდებიან.
რომანის განსაკუთრებული მომხიბლაობა ისაა, თუ როგორ ოსტატურად ავსებს ავტორი დროის უზარმაზარ შუალედებს ჩვენს დღევანდელობასა და მომავალს შორის. “ორიქსი და კრეიკი” ადამიანური დრამაა, ცოტა გროტესკულიც, ცოტა მისტერიულიც.
საუკეთესო ფანტასტიკა მომავლის შესახებ აწმყოში იღებს სათავეს, ის ნათელს ჰფენს ჩვენს შიშს და ამ შიშზე აგებს ახალ სამყაროს. ასე მაგალითად, ორუელის “1984” 1948 წლის ე.წ. “მონსტრების” ინკარნაციას ასახავს. ფაქტობრივად, მარგარეტ ეტვუდის რომანი ორუელის მომავლის ფანტასტიკის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს.
მოკლედ, ეტვუდი მომავალს მიუბრუნდა. ეს ის მომავალია, რომელიც ისე ძალიან შეიცვალა, როგორც ჩვენი აწმყო. ეს ფანტასტიკური მომავალი წინასწარმეტყველურია და, ამავე დროს, შემზარავი.
მოქმედება თეთრი სანაპიროს ზოლზე იწყება, თოვლის კაცის საათი ნულს აჩვენებს. თოვლის კაცი ერთადერთი ადამიანია, რომელიც გადაურჩა უსახელო აპოკალიფსს. სამყაროში ყველაფერი კლონირებულია, ინჟინერიის მსხვერპლად ქცეული, ერთმანეთში შერწყმული ან სრულიად გამქრალი. ხმაურსა და არეულობაშიც კი გლობალიზაციის სუნი იგრძნობა. მათემატიკა, კომპიუტერი, ბიოტექნიკა ვითარდება და სულ უფრო და უფრო კომპლექსურ სახეს იღებს, მაგრამ ეს მეცნიერებები სულ უფრო და უფრო საშიში ხდება, ადამიანური ურთიერთობები კი უფრო დაუნდობელი გამხდარა და საერთოდ ქრება კიდევაც. ასეთია მომავლის ის მკაცრი პროგნოზი, რომელსაც მარგარეტ ეტვუდი გვთავაზობს.
მოამზადა თამარ სუხიშვილმა
© “წიგნები – 24 საათი”