ორჰან ფამუქი, “სტამბული”, მორინ ფრილის თარგმანი
Istanbul By Orhan Pamuk, translated by Maureen Freely Faber, 252 გვ.
ორჰან ფამუქის რომანები თურქეთში კარგა ხანია ბესტსელერად იქცა. ფამუქი საზღვარგარეთაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მისი წიგნები დღეისათვის უკვე 20 ენაზეა თარგმნილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავის სამშობლოში მწერალს თაყვანისმცემელთა გარდა ოპონენტებიც საკმაოდ ჰყავს. ფამუქი ხომ იმ კალმოსანთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკასა და თამამ პოლიტიკურ განცხადებებს არ ერიდებიან.
“წლების მანძილზე ვაკრიტიკებდი თურქეთის მთავრობას ხელოვანთა დევნა-დაპატიმრებისთვის, იმისთვისაც, რომ ქურთების პრობლემის გადაჭრას ძალისმიერი მეთოდებით აპირებდა, ვამხელდი მის ვიწრო ნაციონალიზმს,” – წერდა ფამუქი 1998 წლის დეკემბერში, როცა მან უარი განაცხადა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ხელოვანის პრესტიჟულ წოდებაზე.
ფამუქის ახალი რომანი “სტამბული” შეიძლება გარკვეულწილად მწერლის ავტობიოგრაფიულ თხზულებადაც ჩაითვალოს. რომანის შესახებ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ რეცენზიაში ვკითხულობთ: “ადამიანის ბუნება შესაძლოა იწყებოდეს მშობლიური ქალაქის ბუნებიდან და პირიქით.” მწერალი მოჯადოებულია სტამბულის დაკარგული ფერებითა და წარსული დიდებით, ოღონდ ეს ბიზანტიური კონსტანტინოპოლის გამქრალი ხიბლი არ არის, ეს ისლამური ფასულობებია, ის, რაც მის ახალგაზრდობაში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. სტამბულის მაგალითზე კარგად იკითხება ისტორიული ქრონოლოგია.
ლაიტმოტივი, რომელიც არა მარტო ახალ რომანს, არამედ პრინციპში მთელ მის შემოქმედებას გასდევს, ბოსფორის სრუტეა. მრავლისმომსწრე ბოსფორი რომანის სიმბოლურ სახედ გვევლინება.
“გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, მაგრამ პოლიტიკურად?” – რიტორიკულად იკითხა ერთხელ და თავის კაბინეტში გაკრული რუკისკენ, კონკრეტულად კი, ბოსფორის სრუტისკენ, გაიშვირა ხელი, თურქეთს ორი სული აქვს, აღმოსავლური და დასავლური, – ამბობს ფამუქი, რომელიც, მიუხედავად თურქეთში მიმდინარე რეფორმებისა, მაინც ძველი რეჟიმის პატივისმცემელია და მისი ნოვატორულ-ექსპერიმენტული რომანებიც ტრადიციული, არქაული მხატვრული ფორმების გადამუშავებას წარმოადგენს.
რომანს ლიტერატურულმა კრიტიკამ ასეთი შეფასება მისცა: ეს არის მწერლის პოეტური იდენტიფიკაცია მის მშობლიურ ქალაქთან. ეს არის მწერლის ჭეშმარიტი ხმა. ფამუქი უკვე ცნობილი მწერალია, მაგრამ გავა დრო და ყველაზე დიდხანს ის სწორედ ამ ნაწარმოებით დაამახსოვრდებათ, რომანით, რომელიც მან თავისი გულის ქალაქს უძღვნა.
კაზუო იშიგურო, “ნურასოდეს გამიშვებ!”
Never Let Me Go
By Kazuo Ishiguro
Alfred A. Knop, 288 გვ.
მწერალი, რომელიც ამბობს იმას, რაც უთქმელია, რაც არ ან ვერ გამოითქმის, – ასე გაიცნო მკითხველმა თავის დროზე იაპონელი მწერალი კაზუო იშიგურო. იშიგუროს ახალ რომანს “ნურასოდეს გამიშვებ!” ჰქვია. ნაწარმოები მდიდარია ე.წ. მინიშნებებით, რაც მწერლის სტილისთვის დამახასიათებელია. რომანის მთავარი გმირი კეტი ჰ. თავის ამბავს მოგვითხრობს. ეს ამბავი 90-იანი წლების ინგლისში ხდება. კეტი უკვე 11 წელია თავაუღებლად მუშაობს, რომელიღაც გამაჯანსაღებელ ცენტრში დონორებს ეხმარება, ტკივილგამაყუჩებლებით ამარაგებს; მაგრამ მკითხველი სწორედ მწერლისეული მინიშნებების წყალობითა და გუმანით ხვდება, რომ ამ ამბავს რაღაც ცუდი სუნი უდის. და მაშინვე ყველაზე საშინელი ეჭვი ჩნდება – ხომ არ ატარებენ აქ ექსპერიმენტს ადამიანებზე? თითქოს ძალიან უცნაურია და შეუთავსებელი არსებული რეალობა და ეჭვი – ერთის მხრივ, თავაზიანი და სანდომიანი ახალგაზრდა ქალი და, მეორეს მხრივ, ეს საზარელი საქმე. მაგრამ სწორედ ამ კონტრასტის მეშვეობით არის წარმოჩენილი იაპონელი მწერლის სერიოზული განაცხადი: ყველამ კარგად ვიცით, რომ არასოდეს არ ვიცით, თუ რა ხდება სინამდვილეში ჩვენს გარშემო, და მთელი უბედურებაც ამაშია.
სიუჟეტი ვითარდება და მკითხველი ხვდება, რომ საქმე ბევრად უფრო რთულადაა, ვიდრე ეს რომანის დასაწყისში წარმოგვედგინა. მართალია, თავიდან გვიკვირს, თუ რაში დასჭირდა ჩვენს მასპინძელს თავისი წარსულის თხრობა და ძველი მეგობრების – ტომისა და რუთის გახსენება, მაშინ როცა ინტრიგა თითქოს აწმყოში იხლართება, მაგრამ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება…
კეტი, რუთი და ტომი პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდნენ. ბავშვებს საგანგებო მზრუნველ-მეურვეები ჰყავდათ, კვირაში ერთხელ სამედიცინო შემოწმებას უტარებდნენ, მაგრამ… ეს გადამეტებული ზრუნვა მაინც ეჭვს ბადებს. ისევ იშიგუროს მინიშნებები გვეხმარება…
“როდესაც წარსულს ვიხსენებ, – ამბობს კეტი, – რაღაცეებს ახლაღა ვაცნობიერებ. ჩვენ მაშინ იმ ასაკში ვიყავით, როცა ძალიან ცოტა რამ იცი საკუთარი თავის შესახებ. ვინ ვიყავით, რითი განვსხვავდებოდით ჩვენი მეურვეებისაგან და სხვა ბავშვებისგან?”
კვანძი იხსნება: კეტი და მისი მეგობრები კლონები არიან. სპეციალურ სკოლაში მათი იზოლაცია აუცილებელი პირობაა ბავშვების საგანგებო მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
ამ რომანით იშიგურო თითქოს აზარტულ თამაშში ჩაება. თუმცა საკითხავია, რაზე დადო მან ფსონი, ეს პოპ-ჟანრია, თუ ერთგვარი გაფრთხილება რეპროდუქციული მეცნიერების ეთიკის მისამართით? ერთი რამ ცხადია. მწერალს ეს ორიგინალური მხატვრული ჩანაფიქრი ადამიანური მოვალეობის გააზრებისათვის ესაჭიროება. კეტი უცოდველი და უაღრესად მგრძნობიარე ადამიანია, ის და მისი მეგობრები ცდილობენ, ამოავსონ ის სიცარიელე, რომელშიც ცხოვრობენ. რომანის გმირების ხედვა ჰაიკუს ხედვაა, ყმაწვილები ებრძვიან ყოფიერების ქაოსს საკუთარი წესების გამოგონებით.
მწერლის მიზანი ჩვენს გაცრეცილ ყოფიერებაში იმ ჭეშმარიტად ადამიანური არსის ძიებაა, რაც, მიუხედავად ყველაფრისა, სადღაც ყოველთვის ცოცხლობს და გვაცოცხლებს. ეს ჭეშმარიტება იმალება იმ მძიმე ტვირთში, რომლის ზიდვაც ადამიანს დაეკისრა, ჩვენს შეხედულებებსა თუ თეორიებში, ჩვენს კულტურული ორიენტაციაში, წარსულსა და ჰიპოთეტურ მომავალში… და სწორედ ამ ჭეშმარიტების ძიების პროცესში ყალიბდება ადამიანი პიროვნებად.
კეტი, რუთი და ტომი ნამდვილი პიროვნებები არიან. სრულ იზოლაციაში გამოზრდილ გმირებს არ დაუკარგავთ ადამიანური თვისებები, მათ უყვართ და ამ სიყვარულს უფრთხილდებიან.
იშიგუროს გულწრფელ პროტაგონისტ გმირებს ის ანტაგონისტები უპირისპირდებიან, რომლებიც საზარელ საიდუმლოს ინახავენ. მოგვიანებით, როდესაც უკვე ზრდასრული კეტი და რუთი სკოლაში მიბრუნდებიან, რათა უფროსებისგან თავიანთი ნამდვილი ვინაობა შეიტყონ, მათთვის საბედისწერო და ავისმომასწავებელი სიმართლე გაცხადდება. რომანში თრილერის ელემენტები შემოდის. მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება იმის შეგრძნება, რომ ამ ალტერნატიული სამყაროს არსებობა ნამდვილი სიგიჟეა. “შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენ უბრალოდ პაიკები ხართ თამაშში. იქნებ მართლაც ასეა,” – ერთ-ერთი მეურვის ნათქვამი ორაზროვანი და სარკასტული ჩანს. ამ ეპიზოდში იშიგურომ ერთმანეთს უკვე აშკარად დაუპირისპირა ადამიანური უმანკოება და დაუნდობელი ექსპერიმენტი და ისიც დაგვანახა, რომ ადამიანის ბუნება ორმაგია. მერე უკვე არჩევანის საკითხი დგება.
ჯეინ ფონდა, “ჩემი განვლილი ცხოვრება”
My Life So Far By Jane FondaRandom House, 599 გვ.
ერთ მშვენიერ დღეს, როცა ნიუ-მექსიკოში, თავის რანჩოში, ფიქრებში გართული სეირნობდა, ასეთი იდეა დაებადა – განვლილი ცხოვრების შესახებ ფილმი გადაეღო. 60 წლის ჯეინ ფონდას მართლაც რომ ბევრი რამ ჰქონდა მოსაგონარ-გასახსენებელი. რჩევა თავის ქალიშვილს, რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტ ვანესა ვადიმს ჰკითხა. შვილმა კი მოულოდნელად სრულიად უცერემონიოდ უპასუხა: ჯობია ეკრანზე ქამელეონი გამოიყვანოო.
ვანესას პასუხი დედისთვის მძიმე დარტყმა იყო. შვილის შეფასებამ ჯეინ ფონდა ძალიან შეაცბუნა, მაგრამ მაინც მოახერხა, პატივმოყვარეობა დაძლია და სიმართლეს გაუსწორა თვალი: “იქნებ მართლაც ვიცვლიდი ფერს ქამელეონივით? ალბათ ასე იყო. არადა, რა უცნაურია, ერთი შეხედვით ძლიერი ქალი ძალიან ადვილად ექცევა მამაკაცის გავლენის ქვეშ და საკუთარ თავს კარგავს.”
ფონდას ავტობიოგრაფიული რომანი ქალის ბევრჯერ დაკარგული და ბოლოს ნაპოვნი “მეს” ისტორიაა. ბავშვობიდანვე პოპულარობის მოტრფიალე ჰოლივუდის ვარსკვლავის ნაამბობი ძალიან დააინტერესებს ცხოვრებისეული ორომტრიალისა და რომანტიკული ინტრიგების ტრფიალთ.
თუმცა რომანში არანაკლებ საინტერესოა მსახიობი ქალის ბავშვობისდროინდელი მოგონებები, განსაკუთრებით, მამასთან – ჰენრი ფონდასთან ურთიერთობის ეპიზოდები. “მამაჩემისთვის თითქოს არც ვარსებობდი… სხვებისთვის შესაძლოა კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ჩემთვის – ნურას უკაცრავად.”
რომანში ყურადღებას იქცევს ფონდას ქმრების შთამბეჭდავი პორტრეტები. ფრანგი რეჟისორი როჟე ვადიმი – მომხიბლავი არამზადა, ტომ ჰეიდენი, რომელმაც 51 წლის ჯეინს გამოუცხადა, რომ სხვა ქალი უყვარდა და მიატოვა. ამას მოჰყვა ტედ ტერნერთან შეხვედრა. ტერნერმა პირველსავე პაემანზე გამოუცხადა: “მე მყავს მეგობრები, რომლებიც კომუნისტები არიან. გორბაჩოვი ჩემი ძმაკაცია და კასტროც.” ტედიც სხვა მამაკაცებივით ეგოისტი გამოდგა… ჰოდა, როგორც იქნა, ჯეინ ფონდამ თავისუფლება მოიპოვა. ქალიშვილთან გადასახლდა, ატლანტაში. განვლილ ცხოვრებას და საკუთარ თავს გარეშე თვალით შეხედა და თავისი წარსული გამოამზეურა.
დევიდ ბლოკი, “სანამ ბეისბოლს გავიცნობდით”
თამაშის ფესვების ძიება
Baseball Before We Knew It A Search for the Roots of the GameBy David BlockUniversity of Nebraska Press, 340 გვ.
1791 წელს მასაჩუსეტსის შტატში, პიტსფილდის არტილერიაში, ბრძანებულება გამოვიდა. ამ ბრძანებულების თანახმად, ქალაქის ახალი საკრებულოს სიახლოვეს ბეისბოლის თამაში იკრძალებოდა. ასე გაიჟღერა ბეისბოლის სახელმა ამერიკულ სინამდვილეში. თუმცა, ცოტა უფრო ადრე, 1744 წელს, ერთ ინგლისურ საბავშვო წიგნში “შესანიშნავი პატარა ჯიბის წიგნაკი” გამოჩნდა ილუსტრაცია, სადაც მოედანზე სამი მოთამაშე თამაშობდა თამაშს, რომელიც ძალიან ჰგავდა ბეისბოლს.
1796 წელს გერმანელმა მეცნიერმა იოჰან გუტსმუტმა პოპულარულ სპორტულ თამაშობათა წიგნში ბეისბოლის თამაშის წესებიც აღწერა. მეცნიერი ბეისბოლს ინგლისურ თამაშად მოიხსენიებს.
ახალი წიგნის ავტორი დევიდ ბლოკიც ამერიკული თამაშის ინგლისური წარმომავლობის ვერსიას ავითარებს. მისი აზრით, ბეისბოლი ამერიკული კოლონიალისტური პერიოდის “კულტურული მიგრაციის” ნაწილია. თუმცა თვით ინგლისური ბეისბოლიც ხანგრძლივი ევოლუციის პროდუქტია. მისი წინამორბედი ტატბოლი უნდა ყოფილიყო. თამაშის განვითარების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სტულბოლს, რომელიც თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო და რომელიც, სავარაუდოდ, კრიკეტის წინამორბედად გვევლინება.
ინგლისის მოსახლეობა ყოველთვის განებივრებული იყო სპორტული თამაშობებით. ყურადღებას იქცევს 1474 წლის ედუარდ IV-ის ბრძანება, რომელიც ილაშქრებდა ამგვარი გართობის დამკვიდრების წინააღმდეგ და ამბობდა, რომ სპორტული თამაშები ხელს უშლიდა სამხედრო საქმის განვითარებას.
შუა საუკუნეების ტექსტების მიხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბეისბოლის ინგლისური წინამორბედნი კონტინენტური თამაშობებიდან იღებენ სათავეს, კერძოდ, ბეტ-ენდ-ბოლიდან. 1344 წლის ფრანგული ხელნაწერს – “ალექსანდრეს რომანი” ახლავს მინიატურა, სადაც გამოხატულია ბერ-მონაზონთა ჯგუფი, რომლებიც რაღაც ამდაგვარ თამაშში არიან ჩაბმულნი.
თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, რომ საავტორო უფლებებზე, ფრანგების გარდა, სხვებმაც განაცხადო პრეტენზია. 1937 წელს იტალიელმა დემოგრაფმა კორადო ჯინიმ ლიბიის უდაბნოში ბერბერების ტომს მიაკვლია, ისინი მთელი გატაცებით თამაშობდნენ თამაშს – “პილიგრიმის დედის ბურთი”. თამაშის ბეისბოლთან მსგავსება ერთი შეხედვისთანავე საცნაური იყო. ჯინიმ ასეთი დასკვნა გამოიტანა: თამაში ქვის ხანიდან მოდის და ჩრდილოეთ ევროპიდან გავრცელდაო. ეს თეორია ამტკიცებს, რომ ბეისბოლს ევროპული წინაპარი ჰყავს.
ბლოკი იმასაც განმარტავს, რომ ამერიკელი მკვლევარები ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არცკი დაინტერესებულან ბეისბოლის ისტორიით და, მით უმეტეს, ნაციონალური თამაშის უცხო ძირების ძიებით.
1889 წელს ერთი ჟურნალისტი ბეისბოლის ისტორიის შესახებ წერდა: “ამერიკაში თამაშის თაყვანისმცემელთა უმრავლესობას სრულებითაც არ აღელვებს ბეისბოლის წარმოშობის საკითხი. ამერიკელები დარწმუნებულნი არიან, რომ ბეისბოლი ნამდვილად ამერიკულია.” როგორც ჩანს, ეს ის შემთხვევაა, როცა რწმენა ისეა გამჯდარი, რომ ფაქტები ძალას კარგავს.
© “წიგნები – 24 საათი”