ბაჩო კვირტიას უკვე კარგა ხანია იცნობს ქართველი მკითხველი სხვადასხვა ლიტერატურული პერიოდული გამოცემებიდან თუ კონკურსებიდან, თუმცა, მოთხრობების კრებული “მატარებლის მოსვლამდე” მწერლის სადებიუტო წიგნია. მოთხრობებთან ერთად კრებულში შესულია რამდენიმე მინიატურა, ასევე პიესა “შებინდებიდან გათენებამდე”. ბაჩოს ტექსტები ჰუმანიზმით, ხალასი იუმორითა და ცხოვრებისეული ტკივილებითაა გაჯერებული, მისი პერსონაჟები კი ის ადამიანები არიან, რომლებშიც ყოველმა ჩვენგანმა შეიძლება ამოიცნოს საკუთარი თავი. ბაჩო კვირტია 2007 წელს გამართული ლიტერატურული კონკურსების, “პენ-მარათონისა” და “წეროს” გამარჯვებულია. კრებული “მატარებლის მოსვლამდე” კიდევ უკეთ სრულყოფილად გააცნობს მკითხველს მის შემოქმედებას.
დავით ქართველიშვილი, „4 მოთხრობა“. თბ. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ 2007.
თუ ჯერ კიდევ ვერ გარკვეულხართ საკუთარ თავში და ბოლომდე არც კი იცით, სად გადის ზღვარი რეალურ და ირეალურ სამყაროს შორის, მაშინ იქნებ ამ წიგნმა რამდენიმე მინიშნებაც კი მოგცეთ, ან ხელოვნებისათვის თვალთვალზე მაინც გადაიტანოს თქვენი ყურადღება, შეიძლება ციყვთან გასაუბრებაც დაგეხმაროთ… და თუ უბრალოდ ლიტერატურის გურმანი ხართ და დათო ქართველიშვილის პროზასაც იცნობთ, მაშინ მწერლისგან კიდევ ერთი სიურპრიზი გელოდებათ – მოთხრობების კრებულში ორი სრულიად ახალი მოთხრობაა შესული – „რამდენიმე მინიშნება“ და „თვალთვალი ხელოვნებისათვის“. დათო ქართველიშვილს მკითხველი ასევე იცნობს რომანით „იყო საღამო, იყო დილა“.
ეკა ღაღანიძე, მოთხრობები. თბ. „ნეკერი“ 2007.
რას აკეთებს ადამიანი კვირაში ერთხელ, რისთვის იცლის კვირაში ორჯერ, რა აქვს დაგეგმილი კვირაში სამჯერ, რას ვერ აიცილებს თავიდან კვირაში ოთხჯერ… ეკა ღაღანიძის მოთხრობების ციკლი ორიგინალური ფორმით გადმოცემული ყოველდღიურობაა, რომელიც მწერალმა ერთ წიგნად შეკრა. ეკას ქართველი მკითხველი უკვე იცნობს მოთხრობების კრებულით, რომელიც 2001 წელს გამოიცა. ახალ წიგნში კი 2001-2007 წელს დაწერილი ტექსტებია შესული, რომლებიც ერთ კონცეპტუალურ მთლიანობას ქმნიან.
გიორგი კაკაბაძე, „როგორ მესმის ლიტერატურა“. (კრიტიკული წერილები, პოლემიკა). თბ. “შემეცნება” 2007.
დღეს, როცა ქართული ლიტერატურული კრიტიკა სულს ღაფავს, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევენ წიგნები „კრიტიკისა“ თუ „პოლემიკის“ იარლიყით. გიორგი კაკაბაძის „როგორ მესმის ლიტერატურაც“ სწორედ კრიტიკული წერილების კრებულია, სადაც ავტორის მიერ ლიტერატურულ პერიოდიკაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული პუბლიკაციებია შესული. წერილები „პოტეროფობია,“ „საზოგადოებიდან გაქცევა“, „გოგონა საათით“, „მარადიული ცხოვრების დასაწყისი“ და ა.შ. ავტორის დამოკიდებულებას გამოხატავს ლიტერატურისადმი, მისეულ ინტერპრეტაციას გვაცნობს.
რევაზ სირაძე, “კულტურა და სახისმეტყველება”. თბ. „ინტელექტი“ 2008.
ლიტერატურის თეორიითა და კულტუროლოგიით დაინტერესებული მკითხველისათვის რევაზ სირაძის ახალი წიგნი კიდევ ერთი საინტერესო ნაშრომია, რომელიც ავტორის ადრინდელი ნარკვევების „ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან“, „ქართული კულტურის საფუძვლები“ და ა.შ. ერთგვარი გაგრძელებაა. წერილები „დრო და ჟამი“, „რუსთაველის ესთეტიკური თვალთახედვა“, „ისტორია „მკითხველის ფენომენისა“ და სახისმეტყველებითი პერიოდიზაცია“ და სხვა ისევ და ისევ სახისმეტყველებასა და ცნებათმეტყველებას უკავშირდება მწერლობასა და მხატვრობაში.
მანანა შილაკაძე, „ტრადიციული სამუსიკო საკრავები და ქართულ-ჩრდილოკავკასიური ეთნოკულტურული ურთიერთობანი“. თბ. „კავკასიური სახლი“ 2007.
ამა თუ იმ ქვეყნისა და ეთნიკური ჯგუფის სამუსიკო კულტურა ისტორიის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მუსიკალური კულტურის კვლევის დროს კი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტრადიციულ სამუსიკო საკრავებზე დაკვირვებას. მანანა შილაკაძის წიგნი სწორედ ქართულ და ჩრდილოკავკასიის ხალხთა ტრადიციულ სამუსიკო საკრავებზე გვიამბობს, მათს კლასიფიკაციასა და გავრცელების არეებზე, დამზადების წესებსა და ფუნქციებზე. წიგნი საინტერესო იქნება როგორც ეთნოლოგიით, კავკასიოლოგიითა და ეთნომუსიკით დაინტერესებული პირებისათვის, ასევე ფართო აუდიტორიისათვისაც.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“