დათო ტურაშვილი, ჯინსების თაობა, თბ. “ბაკურ სულაკაურის”, 2008.
კარგა ხანია, ქართველი ავტორის წიგნს მკითხველის ასეთი დაინტერესება არ გამოუწვევია. გამოცემიდან რამდენიმე დღეში დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა” წიგნის თაროებიდან გაქრა და გამომცემლობას ტირაჟის გამეორება დასჭირდა. ახალგაზრდები, რომელთაც “ჯინსების თაობის ბიჭებს” ეძახდნენ და რომელთა ტრაგიკულმა ბედმაც მილიონობით ადამიანი შეზარა, ამდენი წლის შემდეგაც უდიდეს ინტერესს იწვევენ. დღემდე არ წყდება კამათი, თუ ვინ იყვნენ ისინი – თავისუფლების იდეით შეპყრობილი, საბჭოთა საპყრობილიდან თავის დაღწევის სურვილით ატაცებული გმირები თუ ტერორისტები, რომელთა უპასუხისმგებლო საქციელმა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. აზრები განსხვავდებოდა მაშინაც და განსხვავებულია ახლაც, თუმცა, განაჩენი, რომელიც კომუნისტურმა რეჟიმმა ამ ახალგაზრდებს გამოუტანა, დღემდე ყველასთვის შემზარავია. ეს წიგნი არის პასუხი იმაზე, თუ რატომ უნდა დანგრეულიყო ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ერქვა. კავშირი, რომელიც არ შედგა.
გაიუს სალუსტიუს კრისპუსი, თხზულებები, ლათინურიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო გიორგი ქაჯაიამ. რედაქტორი ნანა ტონია. თბ. “ლოგოსი” 2008.
გაიუს სალუსტიუს კრისპუსს რომაელ თუკიდიდეს უწოდებენ, ნაკლებად ღრმას, თუმცა, ბევრად ცოცხალსა და დრამატულს. იმ ტიპის თხზულებათა ანალოგი, როგორიც სალუსტიუსმა შექმნა, რომაული ლიტერატურისთვის უცხო იყო. სალუსტიუსი მხოლოდ მოვლენებს კი არ აღწერდა, მათ ფსიქოლოგიურ ანალიზსაც ახდენდა. სალუსტიუსის თხზულებებიდან ჩვენამდე მოღწეულია ისტორიული ნაშრომები – “კატილინას შეთქმულება” და “ომი იუგურთასთან,” აგრეთვე 6 ვრცელი და 500-მდე ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაგმენტი მისი “ისტორიებიდან.” ავტორის ცხოვრება დრამატიზმით იყო აღსავსე, რაც მაშინდელმა ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა. კეისრის სიკვდილმა, რომის ქაოტურმა საზოგადოებრივმა ცხოვრებამ, პირადმა იმედგაცრუებამ სალუსტიუსს სახელმწიფო ასპარეზი დაატოვებინა და ამ მოვლენების აღწერისთვის მიაყოფინა ხელი. მისი ტექსტები ძალზე საყურადღებოა რომის ისტორიის რეალური და ობიექტური სურათის წარმოსადგენად. წინამდებარე ნაშრომში რომაელი ავტორის ჩვენამდე მოღწეულ თხზულებათა ქართულ თარგმანს მთარგმნელის გამოკვლევა და კომენტარებიც ახლავს. თარგმანი შესრულებულია ორიგინალიდან და ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება.
დიდება შენდა! თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო მანანა გიგინეიშვილმა. თბ. “პეგასი”, 2008.
მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ღვთის სახედ და ხატად არის შექმნილი, ადამიანი შემოქმედს განადიდებს. ყველა საუკუნეს თავისი ნიშანი აქვს, ყველა ერს – საკუთარი რელიგია და ტრადიცია, თუმცა, გულიდან აღმომხდარი “დიდება შენა!” თანაბრად მისაღებია ყველა მათგანისთვის.
“უძველესი დროიდან დღემდე ყველა რელიგია მოძღვრავდა ადამიანს, რომ მან თავისი ღვთაებრივი სამშობლოსკენ გზა უნდა გაიკვლიოს, რომ ადამიანმა უნდა იზრუნოს თავის სულიერ ამაღლებაზე. რელიგია ღმერთთან ადამიანის კავშირის აღდგენას ემსახურებოდა. ეს კი მიიღწეოდა სათნოებით, ღვთისმსახურებით, ღვთის დიდებით, ქებით,” – წერს წიგნის შესავალში მანანა გიგინეიშვილი. სწორედ ღვთის დიდების ნიმუშებია თავმოყრილი წინამდებარე კრებულში, დაწყებული ეგვიპტის ფარაონ ეხნატონის მზის სადიდებლიდან – შავკანიანთა რელიგიური სიმღერების, სპირიჩუელსების ჩათვლით. მასალის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა და მთარმნელის დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, წარმოდგენილი ტექსტები ბოლო წელიწადნახევარში ითარგმნა. ფრანგი, ესპანელი, გერმანელი, ინგლისელი და რუსი, ასევე, შუა საუკუნეთა ლათინურენოვანი ავტორები ორიგინალიდანაა თარგმნილი. ეგვიპტური პოეზიის ნიმუშები, მკვდართა წიგნის, რიგვედის, ათჰარვავედის, ავესტის, ესეველთა ჰიმნებისა და სხვათა შემთხვევაში კი მთარგმნელი მათ მეცნიერულ თარგმანებს ეყრდნობა.
ერლენდ ლუ, “ნაივური. სუპერი”, თარგმნა თამარ კვიჟინაძემ, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.
“ამ წიგნზე მუშაობისას იდეალური პირობები მქონდა: ვცხოვრობდი მეგობარ გოგონასთან ერთად შვედეთში, სადაც არავის ვიცნობდი. საქმე არაფერი მქონდა, მეც ვიჯექი და ვწერდი. სხვათა შორის, ორი წლით ადრე უკვე ვიცოდი, რომ აუცილებლად დავწერდი წიგნს სახელწოდებით “ნაივური. სუპერი”. თუმცა, წარმოდგენა არ მქონდა, რაზე იქნებოდა ის,” – წერდა ამ რომანის შესახებ თანამედროვე ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ. მისი თხზულებები მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი და ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვიდრე ხელში კალამს აიღებდა, სხვადასხვა სფეროში სცადა ძალები: გამოდიოდა თეატრალურ სცენაზე, იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს და ვიდეოკლიპებს, მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სკოლაში – მასწავლებლად. მისი ლიტერატურულ დებიუტს “ქალის ტყვეობაში” ერქვა. ეს იყო რომანი, რომელმაც არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. “ნაივური. სუპერი” კი გამოსვლისთანავე ევროპულ ბესტსელერად იქცა, მრავალ ენაზე ითარგმნა და არაერთი ლიტერატურული პრემია მიიღო. ავტორი 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელიც ყოფისა და ყოფიერების სირთულეებისგან გაქცევას სათამაშო დაფის კაკუნით ცდილობს. მარტივი ენა, მოკლე ფრაზები, მინიმალისტური სტილი – ლუს საფირმო ნიშანია, თუმცა, ეს მოჩვენებითი სიმარტივეა, რომლის უკან დიდი ცხოვრებისეული ფილოსოფია იმალება. ფერადი ბურთებითა და ბავშვურობით გაჯერებული სამყარო.
დარიო ფო, პიესები, იტალიურიდან თარგმნეს ილია გასვიანმა და მარიეტა ჩიხლაძემ. თბ. “ინტელექტი”, 2008.
“ძვირფასო აკადემიის წევრებო! თქვენ ამჯერად მართლა გადააჭარბეთ… ამ ათიოდე წლის წინ ნობელის პრემია შავკანიანს მიანიჭეთ… შემდეგ ებრაელს… ახლა კი – მასხარას! რა ხდება? როგორც ნეაპოლელები იტყვიან ხოლმე, ჭკუაზე ხომ არ შევიშალეთ?” – ამ შეკითხვის ადრესატი ნობელის პრემიების მიმნიჭებელი კომისია გახლდათ, ავტორი კი იტალიელი მწერალი დარიო ფო, რომელიც 1997 წლის ლიტერატურის ნობელიანტი გახდა. ადამიანი-თეატრი – ასე უწოდებენ მას თანამედროვენი, რადგან ეს საოცარი ადამიანი თავადაა რეჟისორიც, მსახიობიც და სცენარისტიც. მისი კომედიები წარმატებით იდგმება მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე და დიდი წარმატებითაც სარგებლობს. თეატრმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ფოს ტექსტები თავისი პოლიტიკური და სოციალური პრობლემებით თეატრის ყველა კანონს ამსხვრევს. ამას თავადაც აღიარებს, როცა ამბობს, რომ თეატრში კანონები არ უნდა არსებობდეს. მის შემოქმედებაში თავმოყრილია ჟონგლიორთა ხელოვნება და კომედია დელ არტეს გამოცდილება, კლასიკოსთა მემკვიდრეობა და ხალხური თქმულებები. ყველა ამ კომპონენტის შერწყმა თანამედროვე სამყაროსთან იმ თვითმყოფად და განსხვავებულ სამყაროს აყალიბებს, რასაც დარიო ფოს სასცენო ხელოვნება ჰქვია.
დორის ლესინგი, ნაპრალი, ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან მახათაძემ. თბ. “ინტელექტი”, 2008.
2007 წელს ნობელის პრემია ლიტერატურაში მეთერთმეტედ გადასცეს ქალბატონს. ეს გახლდათ 88 წლის ბრიტანელი დორის ლესინგი, რომელიც ამ ფაქტს იუმორით შეხვდა: ალბათ, გადაწყვიტეს, სანამ საიქიოს გზას დავადგებოდი, მანამ აჯობებდა ჩემი დაჯილდოებაო – ხუმრობდა ფემინიზმის “დედად” შერაცხული მწერალი. დამოუკიდებელი, ძლიერი ქალის თემატიკა მის შემოქმედებაში ერთ-ერთი წამყვანია, თუმცა, თავს ფემინიზმის იდეოლოგად არ მიიჩნევს. “მე ჩემი გამოცდილება აღვწერე – ის, თუ როგორ ფიქრობენ და ცხოვრობენ ქალები… იარლიყად კი “ფემინისტი” მომაკრეს, რამაც ძალზე დამაზარალა”-ო. დორის ლესინგი თანამედროვე ინგლისურენოვან მწერალთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. წერს კულტურათა დაპირისპირებაზე, რასობრივ უსამართლობაზე, ადამიანის ფსიქოლოგიაზე, დამოუკიდებელ, ძლიერ ქალებზე. მისი ნაწერების უმეტესობა ავტობიოგრაფიულია. 1950 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი “ბალახი მღერის,” რომელიც კრიტიკოსებმა მოვლენად აღიარეს. ნაწარმოები ზიმბაბველთა ცხოვრებას და აპარტეიდის რეჟიმის კოშმარებს აღწერდა და მის გამო ავტორს ზიმბაბვესა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩასვლა აეკრძალა. “ნაპრალი” ლესინგმა ნობელის პრემიის მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოაქვეყნა (2007). მწერალი ჩვენი ძველისძველი წინაპრების, “ნაპრალოსნებად” წოდებული ქალების მცონარე სამყაროს გვიხატავს. სამყაროს, სადაც არ არსებობს მამაკაცი, აქედან გამომდინარე, არც სექსუალური ინტრიგები, ეჭვიანობა და შუღლი. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს დაბადებული მამრი ამ ნეტარ ყოფას საბოლოოდ მოუღებს ბოლოს. როგორ ვითარდება მოვლენები, წიგნიდან შეიტყობთ.
ეუჯენიო მონტალე, იტალიურიდან თარგმნეს ლელა ბერიძემ და მზია კობერიძემ. თბ. 2008
XX საუკუნის იტალიური პოეზიის ყველაზე გამორჩეული ხმა, ეუჯენიო მონტალე (1896-1981) ქართულ ენაზე უკვე მეორეჯერ აჟღერდა. დანტეს, ლეოპარდისა და დანუნციოს ლიტეატურულ ტრადიციებზე აღზრდილი პოეტი თავის შემოქმედებაში მსოფლიო სევდას ატარებს, ცხოვრებისეულ ტკივილებს უმღერის და რომანტიზმის შლეიფში ხვევს. როგორც ამ წიგნის შესავალში მონტალეს ქართველი მთარგმნელი წერს, მისი განუკურნებლად იტალიური, რთული პოეზია მშობლიურ მკითხველამდეც კი უამრავი განმარტებისა და კომენტარის წყალობით აღწევს და ქართველი მკითხველის ყური შეიძლება კიდეც დაძაბოსო. თუმცა, პოეზია რისი პოეზიაა, თუკი ასეთი ბარიერები არ გადალახა. ვფიქრობთ, ქართველი მკითხველი დიდად ისიამოვნებს მონტალეს სამი პოეტური კრებულით (სიპინის ნიჟარები-1920-1927, ის შემთხვევითობანი-1928-1939, გრიგალი და სხვა-1940-1954), მით უფრო, რომ თარგმანთან ერთად ორიგინალის გაცნობის შესაძლებლობაც გვეძლევა.
რუსუდან ცანავა, მეტაფორა, რედაქტორი თამარ ლომიძე, თბ. “შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2009.
მეტაფორა ბერძნული სიტყვაა და “გადატანას” ნიშნავს. ეს ტერმინი არისტოტელემ დაამკვიდრა და მისი ოთხი ტიპიც გამოყო. მას შემდეგ საგანთა ან მოვლენათა აღმნიშვნელი რომელიღაც კლასის ნიშან-თვისებათა გადატანა სხვა კლასის საგნებსა და მოვლენებზე არაერთი ცნობილი მკვლევარის ინტერესის საგანი გახდა. “არისტოტელედან მოყოლებული, ყველა ხელოვანი და მკვლევარი აღიარებს, რომ მეტაფორა არის ტექსტის მხატვრულობის ძირითადი საზომი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეტაფორა “შეიჭრა” ყველა სფეროში: ყოველდღიურ მეტყველებაში, სამეცნიერო გამოკვლევებში, რეკლამაში. ეს მრავლისმომცველობა და “ყველგანმყოფობა” უფლებას გვაძლევს დავეთანხმოთ ორტეგა-ი-გასეტის მოსაზრებას, რომ მეტაფორა არის სამყაროს შეცნობის გასაღები”. სწორედ სამყაროს შეცნობის გასაღების ძებნაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია რუსუდან ცანავას წინამდებარე ნაშრომი, რომელიც განსაკუთრებულად ლიტერატურისმცოდნეებსა და ენის მკვლევარებს დააინტერესებს.
ნანა კობაიძე
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“