“ჩვენ ვცხოვრობთ მემფისში – უძველეს და მაგიურ ქალაქში, სადაც თავმოყრილია მასალის, ფორმისა და ფაქტურის პარადოქსალური ნაზავი, სადაც არ შეიძლება წინასწარგანზრახულ ხატებს და სქემებს მივეჯაჭვოთ, სადაც რეალობა მუდმივ განახლებას გვაიძულებს”. თანამედროვე მემფისი ახალი ტიპის ადამიანებითაა დასახლებული. ესენი არიან ადამიანი-მანქანები, ადამიანი-ავტომატები, რომლებიც გამოგონილი, ილუზიური ცხოვრებით ცხოვრობენ. ცხოვრებით, სადაც ადამიანურ შეგრძნებებსა და ურთიერთობებს წარმატებით ენაცვლება საგნები და ნივთები. ნივთები კომფორტს ქმნის. კომფორტი სასიამოვნოა, თუმცა, ამასობაში იკარგება მთავარი – გული, რომელსაც შეუძლია განცდა, ტკივილი, დაღლა. ამას კარგად აცნობიერებს ანა, ახალგაზრდა მხატვარი, რომელსაც ბედისწერა თბილისის ძველი, აივნიანი სახლიდან ციურიხის ზეპურ საზოგადოებაში გადაისვრის. ექიმები მისი პატარა გოგონას ხსნას ხელოვნური გულის გადანერგვაში ხედავენ, ანას კი არ სურს შვილი-რობოტი, რადგან საგნები ირგლივ ისედაც ბევრია. დონორის სანახავად სამშობლოში დაბრუნებული შემზარავ ამბებს აწყდება. რეალობა ამაზრზენია: მდიდარი ავადმყოფის სიცოცხლეს ღარიბი, ხშირად, უპატრონო ადამიანების ორგანოები ეწირება. მათ შორის მაწანწალა ბავშვებიც არიან. შემზარავია იმის აღმოჩენაც, რომ წლების წინ უკვალოდ გამქრალი დედა ანას გამოსაკვებად გაყიდული თირკმელის ოპერაციას შეეწირა.
ზაზა ბურჭულაძე, ფონოგრამა (მოთხრობები). თბ. “სიესტა”, 2008.
ზაზა ბურჭულაძემ თანამედროვე ქართულ რეალობაში უკვე დაიმკვირა სკანდალური მწერლის იმიჯი. “სიმფსონები,” “მინერალური ჯაზი,” “ხსნადი კაფკა”, “სახარება ვირისა…”,მისი თითოეული ახალი ნაწარმოები საზოგადოებრივი განსჯის საგანი ხდება. ზაზა ბურჭულაძეს ლანძღავენ ან ადიდებენ, თუმცა, ინტერესი მის მიმართ ყოველთვის დიდია. ცოტა ხნის წინ მსახიობის ამპლუაშიც მოგვევლინა და დათო ჯანელიძის “ჯაყოს ხიზნებში” თეიმურაზ ხევისთავის როლი ითამაშა. კრებულში სამი ახალი მოთხრობაა, რომლებიც ბოლო დროს გამოქვეყნდა ლიტერატურულ პერიოდიკაში: “ფონოგრამა”, “შვიდი ბრძენი” და passive attack. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს ზოგმა შედევრიც კი უწოდა. შედევრობის რა მოგახსენოთ, ხომ იცით, ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგსაც მღვდლის ცოლი, თუმცა, ფაქტია, რომ ზაზა ბურჭულაძე ნიჭიერი და გამორჩეული ავტორია. მისი ნაწარმოებების დაგემოვნებას ინტელექტის გარკვეული მარაგი სჭირდება. სტრიქონებს შორის კითხვაც უნდა შეგეძლოთ, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი ზედაპირზე არ დევს და აუცილებელად მოგიწევთ ჩაყვინთვა. მაშ ასე, მოთხრობები მათთვის, ვისაც ჩაყვინთვის არ ეშინია.
მაკა მიქელაძე. წეროს ჯვარი, თბ. “სიესტა”, 2008.
მაკა მიქელაძე მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორია, მათ შორისაა “ფლეში,” “ბარათი,” “ნარჩენი მოვლენები.” გარდა ამისა, ბესო ხვედელიძესთან ერთად დაწერა ექსპერიმენტული რომანი “იხვის ტოლმა,” სადაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ექიმი-ფსიქიატრის სახე შექმნა. მაკა მიქელაძე პროფესიით ფსიქოლოგია და ეს ფაქტორი ძალიან ეხმარება პერსონაჟთა პორტრეტების ძერწვაში. მისი მოთხრობები ადამიანებისადმი თანაგრძნობითაა გამსჭვალული და შენც გაიძულებს თითოეული მათგანის ტკივილი და სიხარული გაზიარო. პროზაული კრებული “წეროს ჯვარი” ბოლო წლების პერიოდიკაში გამოქვეყნებული მოთხრობებით აიკინძა. რა ფერისაა საავადმყოფოს სევდიანი სინაზის სინათლე, რა ვნებები ამოძრავებს ახალგაზრდა მწერალ ქალს, როგორია მკვლელობა იტალიურად და რა ჯვარს ატარებს წერო, ამ კრებულიდან შეიტყობთ.
შარლ ბოდლერი, “სევდა და იდეალი”, ფრანგულიდან თარგმნა, წინათქმა და კომენტარები დაურთო მერაბ მიქელაძემ, რედაქტორი ბერნარ უტიე, დიზაინი, მაია სუმბაძე. თბ. “GAMS პრინტი”, 2008.
“პოეზია არის ის, რაც ყველაზე მეტად ნამდვილია – ჭეშმარიტება, რომელიც სამყაროს მიღმა დგას” – ასე ფიქრობდა შარლ ბოდლერი და მთელი ცხოვრება ამ ჭეშმარიტების ძიებას შესწირა. მართალია, თანამედროვეებმა ვერ დააფასეს მისი ნოვატორული, მძაფრი შეგრძნებებით გაჯერებული და ექსპერსიული პოეზია, თუმცა, გენიოსების ხვედრი, როგორც ამბობენ, ასეთია. 1861 წელს პარიზის ოპერის თეატრში ხომ ვაგნერსაც დაუსტვინეს. თუმცა, ყველას თავისი ბედისწერა აქვს. ვაგნერს უსტვენდნენ, ბოდლერს კი ასამართლებდნენ. “მეამბოხე” პოეტის ქმნილებები ორჯერ წარდგა ძლიერთა ამა ქვეყნისათა სამსჯავროზე: 1857 წელს გამოიცა “ბოროტების ყვავილები.” წიგნს მორალურ და რელიგიურ უპატივცემულობაში დასდეს ბრალი და ავტორს სოლიდური ფულადი ჯარიმა დააკისრეს. 1868-ში კი ლილის სასამართლომ “ბოროტების ყვავილების” ბოლო ქვეთავის სრულად განადგურება მოითხოვა. დევნის, ცენზურისა და მძიმე ცხოვრების მიუხედავად, ბოდლერს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მის ქმნილებებს აუცილებლად დააფასებდნენ. ამის დასტურია წინამდებარე გამოცემაც, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ, ორიგინალების თანხლებით გადაიკითხოს ფრანგული პოეზიის მეფის ქმნილებები.
რეიმონ კენო, “ქალი არ უნდა გაანებივრო”, ფრანგულიდან თარგმნა მაია ქაცანაშვილმა. თბ. “ააფ-მენეჯმენტი”, 2008.
XX საუკუნის ფრანგი მწერლის, პოეტისა და ესეისტის, რაიმონ კენოს პირველი რომანი 1933 წელს გამოქვეყნდა, თუმცა, წარმატებული მხოლოდ 1942 წელს გამოცემული “ჩემი მეგობარი პიერო” აღმოჩნდა. ნამდვილი აღიარება მწერალს 1947-ში, “სტილისტური სავარჯიშოები”-ს გამოსვლის შემდეგ ერგო. ეს იყო ენობრივი ვარიაციები ერთსა და იმავე თემაზე, რომელთა შექმნაც კენოს ბახის ნაწარმოებებმა შთააგონა. ლიტერატურის გარდა, კენო სერიოზულად იყო გატაცებული მათემატიკით და თავის შემოქმედებაში მოახერხა კიდეც ამ ორი საპირისპირო პოლუსის შერწყმა. ლექსების კრებული “ასი ათასი მილიარდი ლექსი” მკითხველს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სონეტის სასურველი კომბინაციით უთვალავი ახალი ლექსი შექმნას. რომანი “ქალი არ უნდა გაანებივრო” – 1947 წელს დაიწერა მიშელ პრეისა და სალი მარას ფსევდონიმით. მისი სახელწოდება, ცოტა არ იყოს, პროვოკაციულია და შესაძლოა, ქალთა უფლებების დამცველთა რისხვაც დაიმსახუროს, სინამდვილეში, ეს არის ერთი ამბოხის ისტორია, შეზავებული ეროტიკითა და შავი იუმორით.
პოლ ოსტერი, “ნიუ-იორკული ტრილოგია”, ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2008.
თანამედროვე ამერიკელი მწერალი, პოლ ოსტერი იმ მცირერიცხოვან ავტორთა შორისაა, რომელთაც ერთნაირად სწყალობენ მკითხველებიც და კრიტიკოსებიც, მის წიგნებს კი მაღაზიის თაროებიდან იპარავენ.
ბრუკლინში, ოსტერის სახლთან, ხშირად იკრიბებიან მასთან შეხვედრის მსურველები, რადგან დიდი ალბათობაა, ფეხით მოსეირნე მწერალს გადაეყარონ. საინტერესოა ისიც, რომ ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში ცნობილი ამერიკელი მწერალი საბეჭდი მანქანის ერთგული რჩება. “ნიუ-იორკული ტრილოგია” ოსტერის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, რომელიც ოცი წლის წინათ დაიწერა (რომანები 1985, 1986 და 1987 წლებში გამოიცა) და ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია ლიტერატურულ სამყაროში. რა არ უწოდეს მას: “რომანი-ექსპერიმენტი”, “რომანი თავსატეხი”, “პოსტმოდერნისტული დეტექტივი”… ავტორი მკითხველს სიუჟეტის თანამონაწილედ ხდის და უსასრულო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. XX საუკუნის 80-იანი წლებისთვის ეს საინტერესო სიახლე იყო. ტრილოგიის სამი ნაწილი – “შუშის ქალაქი,” “აჩრდილები” და “დაკეტილი ოთახი”, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი რომანებია, მაგრამ სიუჟეტური პარალელები, განმეორებადი ლიტერატურული სახეები და სიგიჟის ზღვარზე მყოფი პერსონაჟები მეტაფიზიკურ სამყაროს ქმნის, რომლის ცენტრიც ნიუ-იორკია.
ირმა რატიანი “ჟანრის თეორია”, თბ. “ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2009.
რა არის ლიტერატურული ჟანრი? რის საფუძველზე შეიძლება მისი დეფინიცია? როგორია ჟანრის მიმართება არსებულ კულტურულ გარემოსთან? ამ და ბევრ სხვა კითხვებზე პასუხს ირმა რატიანის სამეცნიერო ნაშრომში იხილავთ, რომელიც პირველ რიგში, ლიტერატურის თეორეტიკოსებს დააინტერესებს. ჟანრთა კლასიფიკაციაზე დავა ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იწყება და დღემდე გრძელდება. ავტორის მიზანია იმ ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციების გამოკვეთა, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ჟანრის, როგორც ლიტერატურული ფენომენის განსაზღვრებისა და ინტერპრეტაციის საქმეში. ნაშრომში მიმოხილულია ჟანრის თეორიის სხვადასხვა მოდელი, მათ შორის, ანტიკური, რენესანსული, ნეოკლასიკური, რომანტიზმის ეპოქის, პოსტრომანტიკული და თანამედროვე. ჟანრის თეორიის წარმოშობის და განვითარების გარდა, ნაშრომი ამკვიდრებს ფართო და აქტუალურ ტერმინოლოგიურ აპარატსაც.
რეზო ესაძე “კინორეჟისურის შესახებ”.
ამ წიგნს თავფურცელს კი აწერია, სახელმძღვანელოაო, მაგრამ, ვეჭვობ, რეზო ესაძის ნააზრევი სახელმძღვანელოს კლასიკურ ჩარჩოებში ჯდებოდეს. ეს უფრო გასეირნებაა რთულ და საინტერესო სამყაროში, რომელსაც კინემატოგრაფი ჰქვია. აკი თავადაც წერს, დიდხანს ვიფიქრე და დავასკვენი, რომ კინოსახელმძღვანელოს დაწერა მართლაც შეუძლებელი ყოფილაო. ამიტომ ადგა და ნაფიქრალი ქაღალდზე გადაიტანა. “მაპატიე, რომ გთავაზობ ფიქრებს კინოს შესახებ, მასში თავის დაკარგვისა და პოვნის ვნებააშლილი სურვილით,” – უბოდიშებს ავტორი მკითხველს შესავალში, თუმცა, საბოდიშო ნამდვილად არაფერი აქვს. ეს საინტერესო გამოცემა დამწყებ რეჟისორთათვის ალბათ სამაგიდო წიგნად იქცევა. კინემატოგრაფი საგნებისა და სივრცეების ხელოვნებაა, ხელოვნებაში კი, როგორც რეზო ესაძე წერს, “არ არსებობს ცუდი და კარგი საგანი. ცუდი და კარგი სიტყვა. არსებობს ცუდი და კარგი მთქმელი. ცუდი და კარგი გამკეთებელი. თქვენი ვალია: საგანს, სიტყვას თავისი ადგილი მოუნახოთ, ისევე, როგორც თავის ნაწარმოებში ამას აკეთებს კარგი მწერალი, პოეტი, მხატვარი და ა.შ.” წიგნში დეტალურად არის განხილული კინემატოგრაფის, კამერასთან მუშაობის, კინოენის, კინოჟანრების, მონტაჟის, სცენარზე მუშაობის ძირითადი მიმართულებები და უამრავი სხვა საინტერესო დეტალი, რომლის ცოდნაც ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის წყალივით აუცილებელია.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“