ლაშა ბუღაძე, “კარიკატურისტი”. (რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.
ახალგაზრდა გამომძიებელი კოლეგებთან ერთად ერთი მეტად უცნაური საქმის გამოძიებას ცდილობს. საქმე მკვლელობებს ეხება, რომლებიც ქალაქში ერთიმეორის მიყოლებით გახშირდა – პოულობენ მინისტრის, ბანკირის, გენერლისა თუ რეჟისორის გვამებს, რომლებსაც, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთმანეთთან ის ჟურნალი აკავშირებთ, რომელშიც მათი კარიკატურები დაიხატა. ვისი ხელი ურევია მკვლელობებში – კარიკატურისტის, მანიაკის, ორივესი ერთად თუ ვინმე ან რამე შეუცნობელი ფაქტორის… ლაშა ბუღაძის ახალი რომანი, რომელიც ავტორისეული კარიკატურებითაა გაფორმებული, მკითხველს ბევრ უცნაურ, სასაცილო და საშიშ ამბავს გაუზიარებს.
ბათუ დანელია, “მერვე ბგერა” (ლექსები). თბ. “ინოვაცია”, “ეროვნული მწერლობა”, 2008.
ბათუ დანელია, “Mirabilis Vita” (ლექსები). თბ. “ეროვნული მწერლობა”, 2008.
ბათუ დანელია, “Mirabilis Vita” (ლექსები). თბ. “ეროვნული მწერლობა”, 2008.
ბათუ დანელიას ქართველი მკითხველი კარგა ხანია იცნობს პოეტური კრებულებით, “ქალაქი ფრთებქვეშ”, “წყნარი ქუჩა”, “ტიხარი”, “მარტოობის ზამთარი”, “მთვარის დღესასწაული”, “შეშლილი ვარსკვლავები”, რომლებსაც ამჯერად კიდევ ორი წიგნი შეემატა. “მერვე ბგერა” ადრეული ლექსების კიდევ ერთი, ახლებური გადანაწილება და თავმოყრაა, “Mirabilis Vita” კი რამდენიმე პოეტური ციკლისგან შედგება, სადაც ლექსები ავტორისეული თვალთახედვით საერთო ფორმობრივ-შინაარსობრივი ნიშნითაა დალაგებული.
დალილა ბედიანიძე, “ფიქრდიდობა”. (ლექსები). თბ. “სიესტა” 2008.
მინის ქილაში დამწყვდეული არსების ბრძოლა თავისუფლებისთვის, ქუჩებისა და გზების ნაპირებს შორის მოქცეული ადამიანის მცდელობა, გადააბიჯოს ბარიერებს, შეისუნთქოს მუსიკა ჰაერის მაგიერ, მიიღოს საკუთარი სხეული სულის სამოსად, იპოვოს მისასვლელი საკუთარ თავთან და მოერგოს გასაღებად თავისავე არსებას – ეს დალილა ბედიანიძის ლექსებია, რომლებიც პოეტმა კიდევ ერთ კრებულად შეკრა და მკითხველს “ფიქრდიდობის” სახელით უსახსოვრა. ავტორს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს პოეტური კრებულებით “წვეთები და ნამცეცები”, “კეთილი მგზავრობა”, “ნეტავ!”, “გამარჯობათ”.
ჰარუკი მურაკამი, “ნადირობა ცხვარზე”. (რომანი). მთარგმნელი ირაკლი ბერიაშვილი. რედაქტორი ლელა მაჩაბლიშვილი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.
რა ხდება მაშინ, როცა ადამიანის სხეულში მის ადამანურ ბუნებას ცხვრის შინაგანი სამყარო ენაცვლება, როგორია ახალგაზრდა კაცის ცხოვრება ახლებური თვალთახედვით და ამავედროს განუზომელი ძალებითა და შესაძლებლობებით, რომლებიც ერთი კონკრეტული მიზნისთვისაა განკუთვნილი, ან კი რა შეიძლება იყოს ეს მიზანი… რეალურისა და არარეალურის ზღვარზე, ნახევრადფანტასტიკურ გარემოში ვითარდება იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანი, რომელიც მისი ცნობილი “ვირთხის ტრილოგიის” ერთ-ერთი წიგნია. “ნადირობა ცხვარზე” ავტორის პირველი დიდი ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.
ელფრიდე იელინეკი, “საყვარლები”. (რომანი). მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი. რედაქტორი გიორგი დარსალია. თბ. “არეტე”, 2008.
რომანი ქალების შესახებ – ვინ არიან ისინი, როგორია სამყარო, სადაც ცხოვრობენ, რამდენად რეალურია გარემო, რომელსაც ისინი ეგუებიან; სიმბოლოები, რომლებიც მათს ყოველდღიურობაში, სამუშაო რეჟიმსა თუ პირად ცხოვრებაში იმალება. ავსტრიელი მწერლის, ელფრიდე იელინეკის გახმაურებულ რომანს ქართველი მკითხველი ახლა უკვე მშობლიურ ენაზე გაეცნობა. “საყვარლები” მწერლის ადრეულ შემოქმედებას მიეკუთვნება, ავტორი კი, რომლის შემოქმედებაც დღემდე არაერთ რომანსა და პიესას ითვლის, 2004 წელს შვედეთის აკადემიამ ნობელის პრემიით დააჯილდოვა.
“ლექსმცოდნეობა”, ანა კალანდაძის ხსოვნას (მასალები). რედაქტორი თამარ ბარბაქაძე. თბ. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა 2008.
2008 წლის გაზაფხულმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართული ლიტერატურის ისტორიაში – გარდაიცვალა ქართველი პოეტი, ანა კალანდაძე. სწორედ მისი ხსოვნას მიეძღვნა აკაკი ხინთიბიძის მიერ დაარსებული ქართული ლექსთმცოდნეობის საკითხების კრებულის გამოცემის ტრადიციის აღდგენა, რომელსაც მკვლევარმა 80-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი. თამარ ბარბაქაძე, გიორგი ლობჟანიძე, ლევან ბრეგაძე, თამარ ლომიძე, აპოლონ სილაგაძე, თამარ პაიჭაძე და სხვები კიდევ ერთხელ გაგვახსენებენ ანა კალანდაძის შემოქმედებას.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Facebook Comments Box