ზაზა ბურჭულაძე, ხსნადი კაფკა, რჩეული მოთხრობები, თბ, 2010, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
იმის მიუხედავად, მოსწონთ თუ არა, ლიტერატურის კრიტიკოსთა უმეტესობა ზაზა ბურჭულაძის ნიჭს ფარულად თუ აშკარად მაინც აღიარებს. იგი ძირითადად კარგად მომზადებული მკითხველისთვის წერს, მათთვის, ვისაც კულტურური და ლიტერატურული სივრცეები საფუძვლიანად აქვს ათვისებული, თუმცა ჰქონდა შემოქმედებითი “მასოვკის” პერიოდიც (კარგი გაგებით), რომლის მაგალითადაც გამოდგება “წერილი დედას,” ტექსტი, რომელშიც ის ყველაზე მეტადაა მთხრობელი. წინამდებარე კრებულში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მცირე რომანები და მოთხრობები შევიდა, რომელთაც ავტორს პოპულარობა მოუტანა. “სიმფსონები,” “წერილი დედას,” “ხსნადი კაფკა,” Passive attack, “ფონოგრამა” და “შვიდი ბრძენი” – აი, ის ოპუსები, რომელთაც მკითხველი კიდევ ერთხელ გაეცნობა, ამჯერად, ერთ წიგნად თავმოყრილს.
“15 საუკეთესო ქართული მოთხრობა 2009” სარექდაქციო კოლეგია: ბაკურ სულაკაური, ლელა ცისკარიშვილი, თბ. 2010, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
უკვე ტრადიციადქცეული კრებული “15 საუკეთესო ქართული მოთხრობა” წელს მეშვიდედ გამოდის. მისი გადაშლა საკმარისია, რათა წარმოდგენა შეგექმნათ, როგორი იყო კონკრეტული წლის ლიტერატურული მოსავალი. მართალია, ამ ტიპის გამოცემებს ყოველთვის ახლავს ეჭვი შერჩევის კრიტერიუმების ობიექტურობასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც შემდგენლები, ბაკურ სულაკაური და ლელა ცისკარიშვილი აღნიშნავენ, წინამორბედთა მსგავსად, “არც ამას აქვს პრეტენზია, რომ ეს შერჩევა ობიექტურია. ჩვენ ვეცადეთ, გამოქვეყნებულ მოთხრობებს შორის საუკეთესოები შეგვერჩია და საინტერესო და მრავალფეროვანი კრებული შეგვედგინა” – წერენ ისინი. გამოცემაში თავმოყრილია გასული წლის პერიოდულ პრესაში, ინტერნეტსა და სხვადასხვა კრებულში განთავსებული ნაწარმოებები. ძველ, უკვე “ტრადიციულ” ბინადრებთან ერთად (ლაშა ბუღაძე, ბესო ხვედელიძე, გელა ჩქვანავა) მკითხველი შედარებით ახალ სახეებსაც გაიცნობს (ნინო ტეფნაძე, თამთა მელაშვილი, მარიამ ბექაური). არიან “შუალედური” ავტორებიც, რომელთა ნაწერები უკვე რამდენიმე წელია ფიგურირებს 15 საუკეთესო ქართულ მოთხრობას შორის (თეა თოფურია, გურამ მეგრელიშვილი, დათო გაბუნია). წარმოდგენილთაგან გამომცემლობა ყოველ წელიწადს “წლის საუკეთესო მოთხრობას” ირჩევს და ავტორს სპეციალური პრემიებით აჯილდოებს. თუმცა შეგიძლიათ გამომცემელთა არჩევანს არ დაელოდოთ და თავად გამოავლინოთ წლის საუკეთესო მოთხრობის თქვენთვის სასურველი კანდიდატი.
ერეკლე დეისაძე, “საიდუმლო სირობა”, მოთხრობები, თბ, 2010, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
“ერეკლე დეისაძის სადებიუტო კრებული ახალგაზრდული პროტესტის კლასიკური მაგალითია. ეს პროვოკაციული წიგნი პრობლემატიკით ქართული სივრცის კუთვნილებაა, არსით კი მსოფლიო ლიტერატურულ პროცესს ეხმიანება – თხრობის ორიგინალურობით, მეტატექსტური თამაშებითა და ირონიული ტროპებით, ეპატაჟით გაჯერებული “საიდუმლო სირობა” ნამდვილ პოსტმოდერნისტულ კრებულად შეიძლება ჩაითვალოს” – ვკითხულობთ კრებულის ანოტაციაში წიგნზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვერ გეტყვით, რატომ აირჩია ავტორმა თავის დამკვიდრების ასეთი გზა, მაგრამ რელიგიური და ზნეობრივი ეპატაჟით ცნობადობის გარკვეულ დონეს მან საზოგადოებაში უკვე მიაღწია.
ბასა ჯანიკაშვილი, “დიქტატურა”, რადიოპიესა, პიესა თბ, 2009, სიესტა.
მოქალაქე, რომელიც არჩადენილი დანაშაულისთვის ითხოვს სასჯელს; მოსამართლე, რომელმაც თავადაც არ იცის, რატომ უშვებს ხალხს ციხეში; “კანონმორჩილი” პროკურორი, რომელსაც მიაჩნია, რომ ჯერ შიშია საჭირო და შემდეგ სამართალი; ჟურნალისტი, რომელსაც თავი სამთავრობო პლაკატი და დიქტატურის პროპაგანდისტი ჰგონია; დამლაგებელი ლამარა და ბუზი, რომელიც ყველაზე ჯანსაღად მოაზროვნე პერსონაჟია ბასა ჯანიკაშვილის ამ ნახევრადაბსურდულ პიესაში. აბსურდის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს ჯერარჩადენილი დანაშაულის ეშინიათ და მზად არიან, საკუთარი ფეხით გამოცხადდნენ უფალ პროკურორთან, რათა ამ უკანასკნელმა მიახვედროს, რაშია კონკრეტული პიროვნება დამნაშავე. ქვეყანაში ტოტალური შიშის სინდრომია გამეფებული, ყველას უსმენენ და უთვალთვალებენ, გამოსავალი კი არსად ჩანს, თვით ნებაყოფილობით პატიმრობაშიც კი.
გიგი თევზაძე, “უცნობი წიგნები ქართველებისთვის”, “უცნობი წიგნები საქართველოდან უცხოელებისთვის”, რედაქტორი თამარ გავაშელიშვილი, თბ. 2010, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გიგი თევზაძის ეს ორი ოპუსი ლიტერატურული მისტიფიკაციების მოყვარულთ დააინტერესებს. ფორმითა და შინაარსით მსგავსი ორი წიგნიდან ერთი ქართველი მკითხველისთვისაა განკუთვნილი, მეორე – უცხოელისთვის. თითოეულში 20 ესეა შესული, ესეები არარსებული წიგნების შესახებ, რომელთაც ავტორი პირობითად “უცნობ წიგნებს” უწოდებს.
“ეს ის წიგნებია, რომლებიც მინდოდა წამეკითხა, მაგრამ აქამდე ვერცერთ მათგანს ვერ გადავეყარე ჩემს კითხვით ბიოგრაფიაში. დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე ათეულ წელიწადს რომ მეძებნა, აუცილებლად აღმოვაჩენდი სამყაროს, სახელმწიფოს, ერს, რომლის ლიტერატურასაც ამ წიგნებიდან ზოგიერთი ანდა ოცივე ეუთვნის. რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ ამ წიგნთაგან ზოგი არავის არასდროს დაუწერია. ამიტომ, გადავწყვიტე, ამ (ზოგიერთი) დაუწერელი წიგნისთვის არსებობის შანსი მიმეცა” – წერს ავტორი ერთ-ერთი ოპუსის შესავალში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტები სხვადასხვა ენობრივ და კულტურულ სივრცეს ასახავს, ურთიერთციტირებით, ალუზიებითა და გავლენით მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.
“დამაკვირდი”, აფორიზმები, შემდგენელი ალ. სიგუა თბ, 2010 რეპრინტი მომზადებულია გამომცემლობა “სიესტასა” და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით.
“ყოველი წუთი თავისუფალი დროისა ადამიანმა სწავლას უნდა მოახმაროს” – ამბობს უდიდესი ჩინელი სწავლული და რეფორმატორი, კონფუცი. ამ პატარა წიგნის დევიზად თავისუფლად შეიძლება მისი სიტყვების გამოყენება. ყოველთვის, როდესაც გამოგიჩნდებათ თავისუფალი წუთი, გადაშალეთ ეს მშვენიერი კრებული და დააკვირდით ბრძენ ადამიანთა აზრებს, რომელთაც კაცობრიობის ცხოვრებასა და ცნობიერებაზე მოახდინეს ზეგავლენა. ისინი სხვადასხვა დროსა თუ ეპოქაში მოღვაწეობდნენ და სიბრძნის სიყვარული აერთიანებდათ. ეს თვისება თუ ნიჭი ზოგს შინაგადან ჰქონდა, ზოგმა გამოცდილებით შეიძინა, ზოგიერთისთვის კი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ლამაზი სიტყვები გახლდათ, რომელთა ცხოვრებაში განხორციელებასაც დიდი დაფიქრება და ძალისხმევა სჭირდებოდა. მსოფლიო კლასიკოსთა აფორიზმები პირველად 1948 წელს დაიბეჭდა. ეს იყო ალექსანდრე სიგუას მიერ “ივერიიდან” ამოკრებილი ციტატების კრებული, რომელიც იმ პერიოდში 10 ათასიანი ტირაჟით გამოიცა. ვერ გეტყვით, რა რაოდენობით დაიბეჭდა ამჟამად მისი ხელახალი გამოცემა, ერთი კი ცხადია, ეს წიგნი ყველა ქართულ ოჯახს დაამშვენებდა.
ორჰან ფამუქი, “მე წითელი მქვია,” რომანი, მთარგმნელი ლია ჩლაიძე, რედაქტორი თეა ქიტოშვილი თბ, 2010 “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.
საკულტო თურქი მწერლის ასევე საკულტო წიგნის წაკითხვა უკვე ქართულად არის შესაძლებელი. “თურქი ეკოს”, ორჰან ფამუქის “მე წითელი მქვია” 1998 წელს გამოჩნდა წიგნის თაროებზე და სამ კვირაში 85 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. იგი 30-მდე ენაზეა თარგმნილი და XVI საუკუნის თურქეთს ასახავს. მოქმედება 1591 წლის თოვლიან სტამბოლში ვითარდება. ჯერ სამეფო კარის მხატვრის, შემდეგ კი მხატვართუხუცესის მკვლელობის ამბავს სხვადასხვა პერსონაჟი გვიამბობს. მათ შორის არიან თავად მკვლელი, მოკლული, მათი ნათესავ-მეგობრები, ძაღლები, ხეები და ნახატებიც კი. კონკრეტული სიუჟეტის ფონზე ავტორი აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების შეჯახებაზე მოგვითხრობს. ერთმანეთს ორი მხატვარი ებრძვის: ერთი – დასავლეთში განათლებამიღებული, ახალი იდეებით აღსავსე და მეორე – ტრადიციული სკოლის მიმდევარი. სწორედ მათი შემოქმედებითი დაპირისპირებაა მკვლელობის მიზეზი, მკვლელობის, რომელიც წითელ ზოლად გასდევს მთელს რომანს. ორჰან ფამუქი 1952 წელს სტამბოლში დაიბადა. მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული გახლდათ და შვილს შესანიშნავი განათლება მისცა. მიუხედავად მშობლების სურვილისა, მიეღო საინჟინრო განათლება, ორჰანმა მწერლობა არჩია. 1978 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟები,” რომელიც სულ ახლახან ითარგმნა ქართულად. ამას მოჰყვა “თეთრი ციხესიმაგრე”, “შავი წიგნი” და ა.შ. XX საუკუნის დასაწყისში თურქების მიერ სომხებისა და ქურთების გენოციდის აღიარების გამო ფამუქს სამშობლოში დიდი პრობლემები შეექმნა. 2006 წელს მას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს.
ანა გავალდა, “მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც”, მთარგმნელი ნანა იაშვილი, რედაქტორი რუსუდან გორგაძე, თბ, 2010 ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
ანა გავალდა თანამედროვე ფრანგი მწერალია, რომელმაც უკვე მოიპოვა პოპულარობა სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. 40 წლის ქალბატონის სამწერლო კარიერა 1999 წელს დაიწყო და პირველივე ჯერზე ერთ-ერთი პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა. მას შემდეგ არაერთ კონურსში მონაწილეობდა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო RTL, სადაც მისი ნოველების კრებულმა “მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც” გრანპრი დაიმსახურა. ეს წიგნი საფრანგეთში ბესტსელერი გახდა და მალე 27 ენაზე გამოვიდა. ანა გავალდა რამდენიმე რომანის ავტორიც არის, მათ შორისაა “უბრალოდ ერთად,” “მე ის მიყვარდა,” “მაგარი გამქცევი” და სხვ. მისი ნაწარმოებები ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ნოველების კრებული, რომელმაც ფრანგ მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა, ახლა ქართველი მკითხველის წინაშეა. რაზე წერს ანა გავალდა? ადამიანურ ურთიერთობებზე, სევდაზე, ოცნებებზე… ერთი შეხედვით, ამ პატარა ნოველებში განსაკუთრებული არაფერია: მის გმირებს ისევე სტკივათ, უხარიათ, განიცდიან და იტანჯებიან, როგორც ბევრ სხვას, თუმცა ავტორი ახერხებს ჩაგითრიოს თითეული მათგანის ცხოვრებაში და გაგაზიარებინოს პერსონაჟის ბედი. თანაგანცდა – ალბათ ეს
არის ანა გავალდას შემოქმედების საიდუმლო გასაღები, რითაც ასე იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკითხველს.
როალდ დალი, “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”, მთარგმნელი მედეა მგალობლიშვილი, რედაქტორი თამარ გავაშელიშვილი, თბ, 2010 ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
დამეთანხმეთ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიოცნებიათ შოკოლადის ქარხანაში სტუმრობაზე. ყველა ბავშვისა და უამრავი ზრდასრულის ოცნება რეალობად როალდ დალის ამ მშვენიერ წიგნში იქცევა. პატარა ღარიბი ბიჭუნა, ჩარლი ბაკეტი ბედნიერი შემთხვევის წყალობით აღმოჩნდება ერთ-ერთი იღბლიანი ბილეთის მფლობელი, რომელიც მას ტკბილეულის ჯადოქრის, ვილი ვონკას შოკოლადის ქარხანაში უგემრიელეს მოგზაურობას ჰპირდება. ათასგვარი საღეჭი რეზინის ვეება მანქანები, გამოსაგონებელი ოთახები, მარადიული კანფეტები, თბილი შოკოლადის მდინარეები, შუშხუნა ამაფრიალებელი სასმელები, ოთხკუთხა ტკბილეული, მრგვალი რომ გეჩვენება, ძროხები, რომლებიც შოკოლადს იწველიან, მარწყვისწვნიანი წყლის რევოლვერები, უჩინმაჩინი შოკოლადის ფილები, შოკოლადის ტელევიზია და უამრავი სხვა გემრიელი გასართობი, რომელზეც მსოფლიოში ნებისმიერი ბავშვი იოცნებებდა.
ამ ყველაფერს თავად ვილი ვონკა იგონებს და პატარა მხიარულ არსებებთან, უუმპა-ლუმპებთან ერთად თავის საოცარ ქარხანაში ასხამს ხორცს. მასთან სტუმრობა თქვენც შეგიძლიათ თუ ამ მშვენიერ წიგნს გადაფურცლავთ.
იუსტაინ გორდერ, “ბაყაყთა ციხე-კოშკი,” მთარგმნელი დათო აკრიანი, თბ, 2009 ნექტარი.
ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, იუსტაინ გორდერის წიგნებს სიამოვნებით კითხულობენ მთელს მსოფლიოში. მისი რამდენიმე წიგნი უკვე ითარგმნა ქართულად, მათ შორის, “ფორთოხლის გოგონა” და “სოფის სამყარო.” ამჯერად დავით აკრიანის მიერ თარგმნილ “ბაყაყთა ციხე-კოშკს” გთავაზობთ. გორდერის ეს პატარა რომანი ერთი შეხედვით, მოზარდებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა არც მათი მშობლებისთვის იქნება უინტერესო. გრეგორი გრიინი, იგივე გრეგორი პეგორი პატარა ბიჭია, რომელსაც მშობლები ხანდახან “პატარა პრინცსაც” ეძახიან. ერთ მთვარიან ღამეს, გაყინულ თოვლში სეირნობისას ტყის ანგელოზს, იუმპინს გადაეყარა, რომელმაც იგი თბილ-თბილ ბლინებსა და მარწყვის ჯემზე დაპატიჟა. მოგვიანებით თავკომბალების საჭერად წასული ჯადოსნური ამბის თანამონაწილე გახდა: გრეგორის კოცნის შემდეგ ერთ ჩვეულებრივ ბაყაყს ჯადო აეხსნა და ნამდვილ უფლისწულად გადაიქცა. პრინცი გარამონდის, გულდაკარგული მეფის, მოჯადოებული დედოფლის, პრინცესა ავრორასა სხვა ზღაპრული პერსონაჟების ამბებს, რომლებიც სიზმარსა თუ ცხადში დაკარგულ გრეგორის გადახდა, ამ წიგნიდან შეიტყობთ.
კნუტ ჰამსუნი, “შიმშილი,” რომანი, რედაქტორი გიორგი დარსალია, თბ, 2010, არეტე
ცნობილ ნორვეგიელ მწერალს, კნუტ ჰამსუნს (1859-1952) ჩვენში “მისტერიებით” და “მიწის მადლით” უფრო იცნობენ. ამ უკანასკნელისთვის ავტორს ნობელის პრემია (1920) მიანიჭეს. “შიმშილი”(1890) გაცილებით ადრეული პერიოდის ნაწარმოებია, პირველი რომანი, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა. ეს ოპუსი ნორვეგიულ ლიტერატურაში ერთგვარი თემატური და სტილური გადატრიალების მომასწავებელი იყო. იგი ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და უკიდურესად მგრძნობიარე სამყაროს მქონე ადამიანის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგან ცხოვრებას ასახავს. გასული საუკუნის დასაწყისში ჰამსუნმა საქართველოში იმოგზაურა და აქაურობით აღტაცებულმა ჩვენს სამშობლოს ზღაპრული ქვეყანა უწოდა. მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა, თანამემამულეებმა ფაშისტური რეჟიმის აშკარა მხარდაჭერა არ აპატიეს და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაასამართლეს კიდეც. ციხეს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ უკვე ხნიერი იყო. მისი ნაწერები სრულად მწერლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა.
გილგამეშიანი, ძველი შუამდინარული ეპოსი, მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე, თბ, 2009, მემკვიდრეობა
1872 წელს სტამბის ყოფილმა მუშაკმა, ჯორჯ სმითმა კაცობრიობის ისტორიაში უძველესი ლიტერატურული ძეგლი – “გილგამეშიანი” აღმოაჩინა. ბრიტანეთის მუზეუმში ნაპოვნი დაფა, რომელზეც წარღვნის შესახებ იყო მოთხრობილი, არც მეტი, არც ნაკლები – პირველი საგმირო ეპოსის მცირე ნაწილი გახლდათ.
ურუქელი მეფის, გილგამეშის საგმირო ამბები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი 12 დაფის, ანუ ნაწილისგან შედგება და გმირის ცხოვრების ცალკეულ ეპიზოდებს გვიამბობს. ქართულ ენაზე ეს ტექსტი პირველად ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, მიხაკო წერეთელმა თარგმნა, შემდეგ კი ზურაბ კიკნაძემ. მის მიერ 1984 წელს შესრულებული მხატვრული თარგმანი ბოლო დრომდე ეპოსის ყველაზე სრულყოფილ ქართულენოვან ვერსიას წარმოადგენდა, თუმცა წინამდებარე გამოცემა კიდევ უფრო შევსებული და გადამუშავებულია. ძირითადად იმეორებს 1984 წლის თარგმანს, მაგრამ ჩამატებულია ცალკეული ეპიზოდები, რომელიც ტექსტს დედანთან კიდევ უფრო აახლოებს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“