თვალის წილ თვალი ჩემო დაო,
გზების წილ გზები,
გზებზე სიტყვები:
დაფენილი, ნაჩუქარი, ნასროლ-ნარჩენი,
როგორც ქვევრში ჩაძახებული,
ან გაკვეთილზე დაზუთხული,
ბევრჯერ თქმით მნიშვნელობას რომ კარგავენ
და თოკზე გაფენილი სარეცხივით ფრიალებენ.
ჩვენ შეგვიძლია დავჭრათ პური,
ქაღალდი, შეშა,
მაგრამ გზებს და სიტყვებს ვერ დავჭრით,
ქალაქის გზას ქალაქამდე უნდა მივყვეთ და
სიტყვა “რძე”-ც სრულად უნდა წარმოვთქვათ,
თუკი მისი მოსმენა გვინდა…
სიტყვის წილ სიტყვა, ჩემო დაო,
ვალის წილ ვალი,
დაკისრებული, დაგროვილი, დამღადქცეული,
როგორც ხალი ინდუსი ქალის წარბებს შორის,
ან ტახტრევანი აქლემის ზურგზე,
გარდაცვლილთა სახელები – ლოცვის წიგნაკში,
რომლებიც თუნდაც არ ვახსენოთ, დავიზაროთ და გამოვტოვოთ,
არც არაფერს მოითხოვენ.
მაგრამ ხსნა ვერ იქნება დავიწყება,
ან შვილიშვილზე გადაბარება,
ვიდრე არსებობს სიტყვა “ჩემი”,
იარსებებს “ჩემი ქალაქიც”,
“ჩემი გზები”, “ჩემი ვალი”, “ჩემი სიტყვები”
დასაბრუნებელად,
დასაფარად,
მოსავლელად,
ამოსათქმელად.
***
მანამდე და მერეც,
როცა უცხო მიწების ენას ვსწავლობდით,
ფუღუროში ხავსს ვაფენდით და
კაკლის პირველ ნაჭუჭებს ვყრიდით,
როცა ვამბობდით,
თვალების ახვევა მხოლოდ დროებითი სიბრმავეა,
სამაგიეროდ, გაქცევას შევძლებთ,
როცა ვამბობდით,
შეჭრილი თმა ისევ გაიზრდება და
ნუ დაგვენანება გასაყიდად ოქროს ნაწნავი,
როცა ერთმანეთს ხელს ვუშვებიდით, იმის იმედით,
რომ დედამიწა მრგვალია
და რამდენადაც დავშორდებით,
იმდენადვე დავახლოვდებით,
მანამდე და მერეც,
როცა დავეთანხმეთ, დაეწვათ ხიდები,
და ვისაც გადასვლა უნდოდა, გადაეცურა,
ჩვენ კი დავმალეთ,
რომ ხიდის მშენებლები ვიყავით
და ცურვის სწავლებას მივყევით ხელი…
მანამდეც და მერეც,
როცა ჩვენი სხეულები პლასტმასის ტორსებზე გადავცვალეთ,
რადგან ვფიქრობდით, ხორცი მძიმეა
და ფრენისას დაგვაბრკოლებდა,
მანამდე და მერეც,
ის (მიზეზი) არასოდეს გაგვხსენებია,
თორემ არ შეგვეშინდებოდა (დავისჯებოდით) ასე,
ალბათ…
სხვები
სიმართლე რა არის –
გალიაში მოხტუნავე თუთიყუში?
ნაოჭებად ქცეული დედაჩემი?
მანქანებით ჩახერგილი ეზო?
ნაგვის ბუნკერში თავჩაყოფილი მათხოვრები?
მაგრამ მე არც ერთი მათგანი არ მაღელვებს –
არც თუთიყუშის მარტოობა,
არც დედაჩემის სიბერე,
არც დიზელის კვამლში მოთამაშე ბავშვები,
არც მშიერი მათხოვრები.
ეს მათი სიმართლეა,
მათი სახელების გასწვრივ აღნიშნულია სიტყვა “სხვები”.
შენ ჩემი სიმართლე მითხარი,
ყვავის ტუზი აგურის ცხრიანთან რას აღნიშნავს და
გულის დამა ჯვრის მეფესთან თუ დაწყვილდება.
ვის აინტერესებს ჩემი კომუნალური გადასახადები?
ერთნახევარჯერ მომატებული წონა?
როგორ ვახერხებ სუნთქვას სექსის დროს?
ანდა სავარძლებს შალითები ხომ არ გაუცვდა?
ამ გრაფაში, როგორც იაფფასიან რესტორნის მენიუში,
საეჭვო და საჭოჭმანო ჩანაწერებია,
რომელსაც მხოლოდ მეპატრონე ადევნებს თვალყურს.
მათ გასწვრივ აღნიშნულია სიტყვა “სხვისი”.
და ეს ბალანსი არასოდეს დაირღვევა,
თუნდაც მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩეთ პირისპირ.
ჰოდა, უბრალოდ გააგრძელე სიმართლის თქმა:
რას გულისხმობს სამი ტუზი და გულის ვალეტი?
***
წითელი ვაშლი გაგორდა და
გზაც გაიშალა,
მე შენი ზღაპრის პერსონაჟი ვარ,
ახალი გზების უძველესი, მცირე ნაწილი…
წითელი კაბა მაცვია
და მხარზეც წითელი პეპელა მაზის
საკეკლუცოდ, სამშვენისად, საარავისოდ…
მივდევ ვაშლს და სულ უფრო შორს მივყვები ზღაპარს,
წყაროს ძებნას და წყაროსპირას მოდარაჯე გველეშაპის კბილს რომ მაბარებს
ბედნიერი დასასრულის გადასარჩენად.
მივდევ ვაშლს და საკუთარი ჭორით დაწნულ გზასა და ბილიკს,
ვიდრე აქეთ დარჩენილი ფქვილის კიდობანს თავს ავხდიდე
და ბედისკვერებს გამოვაცხობდე,
ვიდრე ჭალაში მომაკვდავ ჩიტს თავს წავაცლიდე,
საპატარძლო ჩახოხბილის გასაკეთებლად…
…წითელი ვაშლი გაგორდა და
დედა მაღვიძებს,
წიგნებს მიწვდის და
სკოლაში მიშვებს…
***
მე გიწოდებ ჩემს რომს
და წამოვალ ყველა გზით და ბილიკით შენსკენ,
გადმოვალ ყველა გალავანზე,
შემოვაღებ ყველა კარიბჭეს,
რომ ასი და მეტი წლის მერეც,
სიცხისა და სიცივის მერეც,
სიძულვილის და ტრფობის მერეც,
ვაჩნდე შენს სხეულს შემოდგომის ნამზეურვით…
გიწოდებ ჩემს რომს,
გიგალობებ,
დაფნით შეგამკობ,
დავდგები ხიდად შენს ქუჩებზე,
რომ შენმა წყლებმა ჩემს თაღებქვეშ მშვიდად იდინონ,
რომ შენი ხსოვნის თეთრმა მტრედებმა
დაიბუდონ ჩემს გამოწვდილ ხელისგულებში,
ჩაიძინონ, გამოიზამთრონ.
გიწოდებ ჩემს რომს,
გავხდები შენი დედა-მგელი,
მოგიძებნი რემს და რომულუსს,
გამოვკვებავ წარსულს და აწმყოს,
რომ მარტოსული ჩემი წანწალი
მაპატიონ ზამთრის ტყეებმა,
რომ სისხლის წილ მივუზღო სისხლით,
რაც კი აქამდე მიძებნია, მიღვრია, მისვამს.
გიწოდებ ჩემს რომს,
შემოგესევი,
შეგეჩვევი,
შემეშინდება
დაგწვავ…
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“