პროზა (თარგმანი)

ბენჟამენ კონსტანი – ა დ ო ლ ფ ი

(ნაწყვეტი)

“ელეონორ,-მივწერე ერთ დღეს,-ვერ წარმოიდგენთ, რარიგ ვიტანჯები. თქვენი სიახლოვეც და სიშორეც ერთნაირად უბედურებაა ჩემთვის. ოდეს გვერდით არ მეგულებით, უმიზნოდ დავეხეტები და არსებობის აუტანელი სიმძიმილი წელში მხრის. საზოგადეობა თავს მაბეზრებს, სიმარტოვე გულს მიოსებს. გულგრილი ადამიანები, რომლებიც არას უწყიან ჩემი განცდებისა, ცივი ცნობისმოყვარეობით, სიბრალულისგან დაცლილი გაოცებით შემომცქერიან, მესაუბრებიან ყოველივეზე, თქვენს სახელს ერთხელაც არ ახსენებენ და ჩემს გულს მომაკვდინებელ ტკივილს აყენებენ. ამიტომაც ყველას გავურბივარ. მარტოდ შთენილი, ამაოდ ვისუნთქავ ჰაერს, სულ მცირედ სულის მოსათქმელად მაინც. ღონემიხდილი ვეცემი, მსურს მიწამ პირი მიყოს და ქვესკნელს ჩამიტანოს. თავს ცივ ქვაზე ვდებ, რათა დავაცხრო ცეცხლი, რომელმაც ლამისაა დამწვას და დამბუგოს. მერე იმ გორაკისკენ მივლასლასებ, საიდანაც თქვენს სახლს შეიძლება ვკიდო თვალი. ცოტა ხნით იქ ვყოვნდები და სასოებით შევცქერი ამ მშვიდ სავანეს, სადაც თქვენთან ერთად ცხოვრება აროდეს მეღირსება. ადრე რომ შეგხვედროდით, ვინძლო, ახლა ჩემი იქნებოდით! ო, რა გზნებით ჩაგეკონებოდით თქვენ, ბუნების მიერ მხოლოდ ჩემთვის ამქვეყნად მოვლენილ არსებას, ნეტარებას ჩემი ნაწამები გულისა, რომელიც გეძებდათ და გპოვათ, მაგრამ ვაგლახ, რომ ესოდენ გვიან. როს ციებ-ცხელების მხურვალე ჟამი გადაივლის და დგება წამი თქვენი ხილვისა, გულათრთოლებული თქვენსკენ მოვეშურები. ვშიშობ, ვინმე შემხვედრმა არ გამიგოს გულისნადები, ვჩერდები, მერე ისევ აუჩქარებლად ვაგრძელებ გზას, ვაყოვნებ წუთს ბედნიერებისა, რომელსაც ამდენი საფრთხე ემუქრება და რომელსაც, ასე მგონია, წამი-წამზე დავკარგავ. ბედნიერებას არასრულს, შეშფოთებულს, აფორიაქებულს, რომელსაც დაღუპვას უქადის უბედურ შემთხვევა თუ შურიანი თვალები, ტირანული თავნებობა, თუ იქნებ, სულაც თქვენივე ნება. ზღურბლთან მოსული, კარებს ვაღებ და ძრწოლა მივლის, დამნაშავესავით შემოვდივარ და შეწყალებას ვთხოვ ყოველ საგანს, რასაც თვალს ვკიდებ, რადგან ყველა და ყოველი მტერი მგონია, მოშურნე მოსალოდნელი ნეტარების წუთებისა, ბედნიერებისა, რომელსაც ვინძლო, ვეღირსო. უმცირესი ხმაური მაკრთობს, ყოველი ფაჩუნი თავზარს მცემს, თვით საკუთარი ნაბიჯების ხმაც მაფრთხობს და მზად ვარ უკან გავბრუნდე. თქვენგან ხელის ერთ გაწვდენაზე ვარ და მაინც მეშინია, უცაბედი რამ დაბრკოლება არ ჩადგეს ჩვენს შორის. და, აი, როგორც იქნა, თქვენი ხილვა მეღირსა, შემოგცქერით და სულს ძალუმად ვითქვამ, გჭვრეტთ და ადგილზე ვქვავდები, ვითარცა სიკვდილს გარიდებული დევნილი, რომელმაც, რის ვაი-ვაგლახით მიაღწია მშვიდ ნავსაყუდელს. მაგრამ სწორედ იმ წუთს, როს მთელი ჩემი არსება თქვენსკენ მოილტვის, როს კაეშანმოცულ სულს ესოდენ სჭირდება მოსვენება, როს მსურს მუხლებზე დაგიდოთ თავი და თქვენს კალთას შეფარებულმა, ცრემლი ვღვარო, ვგრძნობ, რომ ახლაც ძალისხმევა და მცდელობა მჭირდება. ამაოდ ვეძიებ სიმშვიდეს და თავმინებებას, გულის გადაშლისთვის წამის მოხელთებაც ფუჭ ოცნებად მესახება,-თქვენს მზერას ვერსად გავურბივარ! მჭმუნვარე მეჩვენებით, იქნებ, ჩემი მღელვარება შეურაცხყოფად იგულვეთ? ვერ გამიგია, რად იკავებთ თავს, მას შემდეგ, რაც, ვგონებ სიყვარული გამიმხილეთ. დრო გარბის, სხვა საქმენი გიხმობენ,-თქვენ ხომ არასოდეს არაფერს ივიწყებთ, ამიტომ ბევრსაც არ ახანებთ, წუთსაც არ გამოიმეტებთ და თავიდან მიცილებთ. უცნობი ადამიანები გარს გვახვევიან და აღარ მაქვს უფლება მხოლოდ თქვენ გიცქიროთ. ვგრძნობ, შორს უნდა გადავიკარგო, რათა გავექცე თავსდატეხილ ეჭვებს და მე გტოვებთ, კიდევ მეტად გულდაოსებული და გონებაამღვრეული, ვინემ აქ მოსვლამდე ვიყავი. გშორდებით, რათა გადავიჩეხო იმ საზარელ სიმარტოვეში, რომელშიც ვფათურობ და მშველელსაც არსაიდან ველი, რომ წამით მაინც ვპოვო სულის სიმშვიდე.”

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box