პოეზია

ბესიკ ხარანაული -ამისთვისა ხარ…


1.

ჯერ დილა არ გათენებულა და უკვე მეასედ ვამბობ: – მოგიტყან!..

რა გაუმაძღრობაა!

 

ღმერთო, შენ, კურთხეული ხარ!

აეს ნერვებისგან აჩრდილივით კაცი,

ხანდაზმულის ნებივრობით სკამზე მიდებული,

მაინც ცოდვაში ვარ.

 

თუ სიბერე მომეც, ულაყზე რაღას მსვამ!

 

ყოველი ყლუპი სირცხვილად მიჯდება –

ჩემი თავის წინ.

რა უნდა ემოციებს კაცის გარეთ,

ამ ღობის იქით.

ემოცია ხელოვნებაა, სერიოზულობა…

მიჰყვები და რაა ბოლოში?

– გულისგატეხვა, რომ გამოტოვე:

 

ადამიანი  ამოცანა არის ქროლვაში,

ამისთვისა ხარ.

 

ბოროტება უნდა გაიპიროვნო, უნდა თქვა: – მე ვარ,

ამისთვისა ხარ!

 

მოისმენ მუსიკას, ნახავ პეიზაჟს, ქალს, ბავშვს, ბუნებას,

დაიძინებ, გაიღვიძებ…

ამისთვისა ხარ.

 

შენს თავს ბევრს მოსთხოვ, მაგრამ ვერ შეძლებ,

– ჩაერევა ცხოვრება, იფიქრებ, – იქნებ გულში გავამხილე,

გულს აღარ ენდობი.

ამისთვისა ხარ.

 

ქალს შეიყვარებ, ეცდები ეჩვენო ძაან მშვენიერი,

მაგრამ მას ეს არ დააინტერესებს,

ის სხვას ეძებს შენში, სხვაზე გაკვირდება.

შენ გრძობ, მაგრამ არ გინდა გაწბილება,

– ძნელია ბუნების გადატრიალება,

საშინელებაა,

რომ ქალს არ ენდობი.

ამისთვისა ხარ…

 

რაც გინდა თქვა, თუნდ შენს უჩინში,

მაინც ქალია იმის მომსმენი.

სჩანს, მიწაც მდედრია. მარმარილოც ქალისთვისაა,

ნიავიც. ვარდიც – მარტო ქალისთვის…

კაცი შენთვის ჯერ არ შობილა.

 

– მე მომეკედლე, სახელსაც იშოვი

და ნაპწკენებიც ტრაკზე სულ გექნება.

ადამიანების მომქცევი ვარ, უჭირველად ვაქცევ ადამიანად.

ხომ იცი, კაცი თავის შექმნილს გაეჯიბრება.

 

ჯერ არ დაგრეხილა იმსიგრძე თოკი, ქალი რომ დააბას.

შენ კი სააბრაშუმე ძაფიდან უგრეხ კვლავ ბაწარს.

 

თუ არ ითამაშებ, მაშინ იწრიალებ.

 

შენი თავისგან გაქცეული, მთვრალი რომ ეგდე,

ფეხებს რომ მოწყინდათ ხვეწნით სიარული,

მანქანები გცდებოდნენ, ფხიზლები გცდებოდნენ,

მთვრალი არ გაგცდა,

არ მოერიდა, რომ ტალახით კი არ იყავ დასვრილი,

არამედ სისხლით,

– ამის შემდეგ შენ ენდობი მხოლოდ შემთხვევას,

სიკეთესაც მხოლოდ შემთხვევას ართმევ.

ამისთვისა ხარ.

 

ტალახი მოსცილდება სამოსელს,

საკუთარი საქციელი კაცს არ მოსცილდება

 

მარტო წუთის შემკობა შეგვიძლია.

ამისთვისა ხარ.

 

შენ არ გინდა, რომ კარგი შეგერქვას,

რომ ცუდისგან ეს განგასხვავებდეს,

ამისთვისა ხარ.

 

შენ გინდა, კარგი გააკეთო,

მაგრამ გრძნობ, რომ ხელოვნების მოთხოვნას ასრულებ.

შენ არ გინდა, რაშიც ეჭვი არ არის,

შენ არ გინდა შესრულებული…

ამისთვისა ხარ.

 

ლუკმა ნახევრამდეა მხოლოდ მართალი

და შემკრთალი ნერწყვი მიტომ არ მოგყვება,

ამისთვისა ხარ.

 

საგნებს ნუ გაუფრთხილდები, სცადე არ დაგამშვენონ,

უხილავით იჭენე, საფარველი გედოს.

ათასი წამალი გაქვს გადაყლაპული,

მხოლოდ მწარე შეგერგო.

ამისთვისა ხარ…

 

სიტკბო არ ეძებო, გემო დაიყვერე,

ამისთვისა ხარ.

 

სარკეს ნუ შეხედავ წასვლის წინ გზაზე –

გარედან კაცი არ ილესება.

თუმცა არის ერთი გარდუვალობა, –

ღირსეული რომ არ დაფასდეს,

მაგრამ ესეც თავმოწონებაა.

 

შიგნით ყველა მშვენიერია,

არ კმარობენ და გარეთ გამოაქვთ,

არ იციან იქ რა იქნება.

 

უღელივით გაწუხებს მიწა,

კაცი იბადება, ცხოვრობს და კვდება,

ამისთვისა ხარ.

 

ცოტა ყური რომ მოუძაბრო, ჯავრში მჯდარის ხმას გაიგონებ,

– რა ვაკეთეო? –

ადამიანი ამოცანა არის ქროლვაში.

                   

ახალგაზრდობა მკრეხელია! ასეც უნდა იყოს,

უნდა იჯდეს მთვარის ძირში,

გადაშლილი ჰქონდეს ფურცელი

და იმღერდეს ერთ ძველ სიმღერას –

 

“ამ ნაწერით ძველ ნაწერებს დაერხა,

ამ სახეთი ძველ აფიშას აეხა…”

 

ესაა – ახალი.

 

იდეალური იქნებოდა, რომ მოხუციც იყოს მკრეხელი,

– ამისთვისა ხარ.

 

არც ელვა იქნება შენს შემდეგ და აღარც მიწისძვრა.

შენს შემდეგ დიდი ანგარიში ატყდება..

 

ცოდვილია ადამიანი და ეს არის მისი ღირსება.

რომ ჩამოუარო და ცოდვათა გამო აწმინდო მიწა,

გაშიშვლდება დედამიწა და მარტოღა ღმერთი იქნება.

მოუწევს შემოდგომის გრძელ ღამეში ტალიკანად ველზე თენება.

 

რამე რომ იცოდე, კარგი იქნებოდა?

 

მოხუცისთვის მთავარია სიცოცხლე,

ბიოგრაფია მისთვის

– სედატიურია.

 

სიკვდილს ყელის გამოწევა არა სჭირდება,

ამისთვისა ხარ…

 

ეს მიწაა შენი, სხვა არაფერი,

ამისთვისა ხარ,

 

სადაც ჩურჩულიც კი ხმაგამყივარია,

ამისთვისა ხარ…

 

ეს მიწაა შენი,

სადაც ქვაც კი სასთუმალია,

ამისთვისა ხარ…

 

სადაც მოუვლელობა არის ქვაკუთხედი

და სიცოცხლე მასზედ ყვავილობს,

სადაც საფლავები მოუვლელია, – დედაშენისაც,

და სადაც შენც დაიმარხები.

და იქნებით ორივენი მოუვლელები,

ქარი, წვიმა, თოვლი რომ გაკოპიტებდათ –

ის უნდა აღსრულდეს…

ამისთვისა ხარ.

 

დედაშენი რომ იყოს ცოცხალი,

კუბოში მილს ჩამოგიდგავდა, რომ მზის სხივი ჩამომძვრალიყო.

მაგრამ ეხლა სხვა დროა და სხვა ხალხი გმარხავს.

 

დასაბამიდან ადამიანი ორარსებაა,

– ვინ უთხრა, რომ ბოროტი არ არის?

– ვინ უთხრა, რომ კეთილია?

 

როგორ დავბრუნდეთ ადამის და ევას ხარისხში?

ადამიანის ხარისხში როგორ დავბრუნდეთ?

წარსული მაშინ არის, როცა მოიკითხავ,

მაგრამ მითხარი,

ის მატლიც განა ღმერთის სათვალავშია?

ამისთვისა ხარ.

 

რაც მწირია მიწა, მით კლდეა მასზე აღმოცენებული

და რას ნიშნავს სიტყვა – “მოკვდავი?”

– ვინც ითხოვს სიკვდილს,

რომ იქიდან გამოიხედოს.

 

რადგან ცოცხალმა რა უნდა თქვას საკუთარ თავზე,

რომ არა კვდება

და სულ ცოცხლობს ასე მწყურვალი.

 

ამიტომ კითხულობს, – რა უნდა ვაკეთო?

ჩამოთვლის და ჩამონათვალში სული არ იქნება.

– სული არ არის ადამიანის!

დაასკვნის მოკვდავი.

 

– რა ვაკეთეო? – იკითხავს კვლავ, სულამომავალი,

ჩამოუთვლიან და ჩამონათვალში სული არ იქნება.

წავა მოკვდავი და სხვაგან მოძებნის.

ამისთვისა ხარ…

 

 

2.

დაე, ყველა შედგეს მთაზე ანდა გორაზე,

დაე, ყველამ ხელთ იპყრას ბუკი ანდა საყვირი,

რას დაიძახებენ?

– ძველმოდურსა და დრომოჭმულსა,

რაღა თქმა უნდა.

 

შენ კი შეიპყარ ხის ჩამონათალი ნაფოტი

იორმდინარეში,

გაარაწკუნე რიყის შავ-თეთრი კლავიშებზე, რომ შეიმართოს,

შედგექი ზედ და დავედრე ქვეყანას –

ისმინონ ნაფოტზე ამხედრებული რაინდის სიტყვები,

რადგან:

 

სიმცირიდან ვიშვით, დრომოჭმულო ძველმოდურებო

და მწარე სულის აირმა აგვზიდა, ვინც კი აამაღლა –

მთაზე მაღლაც, ცაზე მაღლაც,

სამყაროში, ნაფოტზე მაღლაც, –

რადგან უუმცირესის პირმშოა სამყაროც,

როგორც მეც, თვითონ!

 

მხდალი იქ თამამობს, სადაც გარანტირებული აქვს მშვიდობა.

 

ბედნიერი ვარ,

რომ  მე ძიძა არ მყოლია

და საკუთარ დედას ვღიჯნიდი,

ვიდრე არ გავაშრე ბოლო სიტყვებამდე:

– ყველაფერი ძველმოდურია,

ყველაფერი არის დრომოჭმული,

– აემ ბავშვით ახალი იწყება!

 

ამბობენ – სამშობლო! – დრომოჭმულია,

ამბობენ – სიკეთე! – არის ძველმოდური.

 

ყველა რუკა, რაც ხალხს წინ უდევს,

დრომოჭმულია,

ყველა ხაზი – ძველსისხლიანი.

ხატვაც კი – ხატვა როა, არის ძველმოდური,

წერაც კი – წერა როა, არის დრომოჭმული.

ფაბულა, სიუჟეტი, თავგადასავალი,

სიტყვაკაზმულობა, სტილი, მაკარონი…

ახალიც კი ძველმოდურია,

ყველა სიტყვაც არის დრომოჭმული.

 

რადგან, წერა საქმე როდია, როგორც ადრე იყო,

წერა არის დიდი უსაქმობა

და ორივე მიუღწეველი –

ვერც წერით გახვალ ბოლოში და ვერც უსაქმობით…

 

მამალი ფარშში ვერ დაიყივლებს,

ვერც ძროხა დაიზმუვლებს შემწვარ კატლეტში…

 

თავის დაკვრა, მოკითხვა, სახელს ვერ შეგძენს…

წერის მონა ვერ გახდება თავისუფალი,

ვერც უსაქმობის მონა აიშვებს,

რადგან საქმე არის – ჩაქუჩი ლურსმანზე

და დანა ყელში, –

რაც მიიღწევა და, არც ძველმოდურია და არც დრომოჭმული…

 

ამბავი რომ დაძველდება ნაწერი ხდება და აღარ იკარგება.

ასე არის დროვნილი კაციც:

თუმც ამომშრალია, რაც მასში ცხარე ამბები ესხა,

მაგრამ ნამშრალევშიც ის სული ტრიალებს,

რაც იდგა სავსეში.

ამიტომაც უნდა წერო თავ-ბოლო წვეტიანი წინადადებებით,

რომ იმათაც წაჰკრა, ვისთვისაც ძველი სასურველია

და იმათაც, ვისთვისაც დრომოჭმული არის სანატრელი.

 

იყო ძაფი უსუსური, რითაც ცას ვეკიდე.

 

კაცმა თუ არ გაიხსენა თავის ასაკი, სულ ახალია!

 

როგორც დაიყივლოს მამალმა ფარშში,

როგორც დაიზმუვლოს ძროხამ კატლეტში…

– ყველაფერი ძველმოდურია,

ყველაფერი არის დრომოჭმული.

 

ღიმილი, მაგიდასთან ჯდომა, წელში გამართვა,

პატრიოტი, პატიოსანი…

ყველაფერი არის დრომოჭმული, –

 

სიყვარულიც ძველმოდურია.

 

გადააგდეთ რუკა, რომელიც წინ გედოთ,

რომელმაც გათრიათ და გკლათ და გხოცათ,

აიღეთ ჩემი აბდაუბდის რუკა,

იხილეთ, საუკუნე რომ ეტევა წამში

და  საუკუნეც წუწნეთ კამფეტივით.

 

ყველაფერი დრომოჭმულია,

ყველაფერი არის ძველმოდური.

 

ადამიანმა მრავალგზის თავი დაიმცირა,

რითიც რომ იცხოვრა,

რითიც რომ იარა,

სუყველა ჩაძაღლდა

ვინც რუკაზე თითს ატარებდა,

ვინც ხაზავდა ისრებს გამდინარ სისხლით…

 

დაე, ძველ რუკას დააფსას ყველამ –

ცოცხალმა, მკვდარმა, კაცმა, ქალმა,

ძაღლმან, კატამან…

ყველანი ჩაცვივდნენ უჩინარ ფართში:

აქვე როა, სადაც რომ სამივე ფართია, –

მეოთხე ფართი – იმ სამის ბათილად.

 

სასოწარკვეთა საინტერესოა,

თუ მუმლზე ზიხარ და სამყაროში ხარ,

დრომოჭმულია ტაშის დაკვრა,

რადგან სიცოცხლის მერე სიკვდილია –

თამაშის პატივად.

 

მოაზროვნეებს არაფერი გაუკეთებიათ,

მარტო თავი თუ შეინახეს.

მომავლისთვის დაიხარჯნენ უნიფხოები,

ისე, რომ, არც გაეგონათ სიბრძნის სახელი.

 

გალამაზება რომ დასჭირდა ქვეყნიერებას —

ჭლექიანებმა შექმნეს სიყვარული,

რომელიც შეუძლებელია ჯანსაღ პირობებში.

– ადამიანი მაშინ არის ადამიანი, როცა ვინმე უყვარს!

– კი, ენას ამდიდრებს…

ამისთვისა ხარ!

 

ნაწილისთვის საჭიროა ყველა ღირსება,

რომ მთელი ცხონდეს, –

როგორც ნატეხშია მჭადის ყველა გემო.

ამისთვისა ხარ…

 

კარგი როგორ იქნება კაცი,

როცა ცუდით არის შემკული!

 

სწავლე სიკვდილი,  შეყვარე სიკვდილი,

აქციე სიკვდილი ზეიმად.

ამისთვისა ხარ.

 

აჰა, თაროებზე ეწყო ყველა დრომოჭმული,

აჰა, ყველა ძველმოდური კედლებზე ეყუდა.

წამოხვედი და ზურგსუკან კარი მიუკეტე.

 

მიდიოდი შენი აბდაუბდის რუკით,

საუკუნეს წუწნიდი აღმდგარი გემოთი,

წამს კი აგუნდავებდი საუკუნედ,

რომ ზვავი გესროლა..

ღიმილი კი რატომღაც ვეღარ მოიშორე,

უნდა იარო და ეძებო უკეთესი…

 

შვილს რომ დაძახება მოუნდება,

რაღა შვილია,

ქვეყანას, ხალხს რომ მოუწოდებ

– ვკვდები, ძმებო, ვერ მიშველითო?

რაღა სიცოცხლეა…

 

ყველაფერი – დრომოჭმულია,

ყველაფერი არის ძველმოდური.

© არილი

Facebook Comments Box