რატომ დაბრუნდიო?! მეკითხება მუსიკოსი. თითქოს არ იცოდეს, თუ რა არის ჩემი საქმე. ჩემი საქმე თხრაა! 43! 43 საფლავი სხვადასხვა დროსა და ადგილას. ამას მოითხოვს კალენდარი. აი, რატომ დავბრუნდი: კალენდრის ბრძანებით! მეტი სიზუსტისთვის-მეთქი!
ხელისგულები მეოფლება. ბარის ტარს ძლიერად ვუჭერ თითებს და მუსიკოსს ვთხოვ იმ ამბის მოყოლას შეუდგეს, რომელსაც დამპირდა. ამბავი მკვდრებზეა. და სად იქნება ის იმაზე კარგი მოსასმენი, ვიდრე სასაფლაოზე? ჰო და, აქ ვართ.
წლების წინათ ერთ უცნაურ კაცს გადავეყარეო, მეუბნება მუსიკოსი.
1.
წლების წინათ ერთ უცნაურ კაცს გადავეყარე, ეს ქორწილში მოხდა. ქორწილში ხომ ყოფილხარ? ძველს არ ვგულისხმობ: სეფებით, გადაკეტილი ქუჩით და მუზიკანტებით. უფრო თანამედროვეს. დაქირავებულ დარბაზში რამდენიმე ათეული მაგიდა დგას, მის ცენტრალურ ნაწილში ნეფე-პატარძლისთვის განკუთვნილი ადგილია, რომელსაც ბრჭყვიალა შუქი ეცემა. მის წინ – საცეკვაო სცენაა. ერთ-ერთ უკიდურეს კუთხეში მუსიკოსები სხედან და დინამიკებიდან ყურისწამღები ხმა ისმის. ეს იმიტომ, რომ არ გაგიმართლა და მაინცდამაინც მის წინ მდგომ მაგიდასთან აღმოჩნდი. შენ რა, მე არ გამიმართლა და იმ ქორწილში, სადაც უცნაური კაცი გავიცანი, სწორედ მსგავს ადგილას მოვხვდი. ვერაფერს ვიზამდი. თავს ისედაც უხერხულად ვგრნობდი ამდენ ხალხში და გადავწყვიტე დავმთვრალიყავი, რომ კომპლექსები მომხსნოდა. საბოლოოდ ზედმეტი მომივიდა. სულ ასე მემართება ხოლმე.
ვერ ვიტან ქორწილებს.
-სიძის მხრიდან ხარ? – ვიღაც თავზე დამადგა.
-ხო, სავალდებულო ჯარი ერთად მოვიხადეთ. თქვენ ვისი მხრიდან ბრძანდებით?
-ძნელი სათქმელია! – თქვა და თავი გააქნია – მარა რაღაც ამბავი უნდა მოგიყვე – სანამ თამადას მუსიკალური პაუზა ჰქონდა აღებული და უკვე არეული სუფრის დაშოშმინებას ცდილობდა, გადავწყვიტე გამერკვია, თუ რა უნდოდა ჩემგან ამ კაცს. ცეკვა მე არ ვიცოდი: მარტო ლაპარაკი, დალევა და მოწევა შემეძლო და შემეძლო ასევე მოსმენაც, მთვრალსაც მათ შორის და რაც ყველაზე მთავარია, მთვრალის. მოკლედ, ყველანაირი პირობა ჰქონდა ამ უცნობს შექმნილი, მთავარი იყო, რომ თავად აღმოჩენილიყო საინტერესო მთხრობელი.
-კიბატონო – ისევე მოულოდნელად დავეთანხმე, როგორ უცნაურადაც გაცნობიდან ძალიან მალე რაღაცა ამბის მოყოლა შემომთავაზა – ოღონდ აქ არა, გარეთ. თან სიგარეტი მოვწიოთ.
და გარეთ გამოვედით. რა საჭიროა ზედმეტი სიტყვები-მეთქი, გავიფიქრე, რატო უნდა ჩავეძიო-მეთქი მის საქციელს? არ მესმის, ადამიანური ურთიერთობების ნორმებს რატო გვიწესებენ საერთოდ ვიღაცეები, როცა ჩვენ შეგვიძლია ისინი გაცილებით ორიგინალურად წარვმართოთ. რა საჭიროა აქ წესები? 400-კაციან ქორწილში ვიღაცამ მაინცდამაინც მე ამომარჩია, წინაღობების მთელი წყება გამოიარა და მითხრა, რომ ამბავი უნდა მოეყოლა. მეც ავდექი და კიბატონო-მეთქი. იმიტომ, რომ ასეთ ხასიათზე ვარ. იმიტომ, რომ ხანდახან მეც მინდა განსხვავებულად ვიქცეოდე და კიდევ იმიტომ, რომ ბედისწერის მჯერა. ჰოდა:
აბა, გისმენ-მეთქი, ვუთხარი.
პირველი მთხრობელი
არეული ამბავია, ასე რომ, მე ვერ დავალაგებ. თავიდანვე არეული იყო, რთული დრო იყო და იმიტომ. მაგრამ თუ ძაან აირევი, შეგიძლია შემაწყვეტინო და რამე გამოსავალს ვიპოვით. მაშინ უხასიათობას პლანით შველოდნენ, პლანი კიდე დასავლეთში იცოდა მაგარი. ჩემს ახალგაზრდობაზე ვამბობ. მაგრამ ახლაც ეგრეა მგონი – უხასიათობის უფრო ეფექტური წამალი ჯერ არ გამოუგონიათ და, კაროჩე, ერთხელაც, ადგა ერთი კაი ტიპი და იმ მიზნით, რომ დედაქალაქური გალიაკი აღეკვეთა, ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე ააჭრა და მატარებლით თბილისში გაემგზავრა. იქ ბიძაშვილი ყავდა, მაშინ სკაიპი არ იყო, არც მობილური ტელეფონი და ასეთ პირობებში, კი იცი, ათასი კომიკური სიტუაცია შეიძლება წარმოიშვას. პლაცკარტის ვაგონში ვიღაც სამხედროებთან მოხვდა და ჯოკრის თამაშში გალია ნახევარი გზა, მეორე ნახევარი ეძინა, ექვს საათზე პრავადნიკის ხმამ წამოაგდო, თბილისში ვართ, აბა გაიღვიძეთო, სისხამ დილით ვაგონიდან ჩამოვიდა და როცა ბიძაშვილს სახლში მიადგა, აღმოაჩინა, რომ ის ზუსტად წინა ღამით წასულიყო იმ მიმართულებით, საიდანაც თვითონ ჩამოვიდა. ხოა კომიკური? მითუმეტეს, როცა იცი, რომ 2 წელი არ ენახათ ამ ბიძაშვილებს ერთმანეთი და მაინცდამაინც ერთსა და იმავე ღამეს გადაწყვტეს ერთმანეთის მონახულება. მაგრამ ჯერ სად ხარ, წინაა უფრო დიდი ბედისი ირონია, რადგან ჯერ არ მითქვამს, რომ ის, თბილისიდან ზუგდიდში ჩამოსული მეორე ბიძაშვილი მე ვიყავი. უბრალოდ, კიდევ ვერ გავთავისუფლდი კომპლექსისგან, რომელმაც ამ არეული ამბის წლების განმავლობაში საიდუმლოდ შენახვა გადამაწყვეტინა და უნებურად დავიწყე მოყოლა იქიდან, საიდანაც ის არ იწყება. ზუგდიდში ყველას მაგრად გაუხარდა ჩემი დანახვა და არც სადმე წასვლაზე მიფიქრია, ან ვინ მომცა მაგდენი დრო მოსაფიქრებლად, როგორც კი გაირკვა რა სიტუაციაში ამოვყავით თავი, მოყვა ამას სიცილი და ჩემი დაიმედება, რომ ამღამინდელ რეისს გამოყვებოდა უკანვე იმავე მატარებლით და კანონზომიერი იქნებოდა, თუ მე დილით მაგარ პახმელიაზე დავხვდებოდი. ბიძაჩემმა – ბეჟანამ იპოვა ეგ კანონზომიერება, თვალი ჩამიკრა, მაგარი ადესა მაქო. მაშინ საღამოთი შევუბეროთ-მეთქი, მარა ძაან გადადება გამოგვივა საქმის, ჯობია, სანამ დღის შუქიც არ გამოგვირთო შავანაძემ, საქმეს შევუდგეთო და შუადღის 2-დან დაწყებულ საქმეს ძალიან ფატალური შედეგით მოვრჩით, იმიტომ, რომ ფინიშის დრო უკვე ზუსტად აღარ მახსოვს. ქეიფის პროცესში ორი მეზობელი ბიჭი შემოგვიერთდა. როცა უკვე კარგად ვიყავი მთვრალი და ენა მებმოდა, ამ ბიჭებმა მეზობელ ეზოში გადამიპატიჟს და იქ პლანის ალაფურშეტი გამიშალეს. ერთადერთი ნაპასის ამორტყმა შევძელი, იმიტომ, რომ ბეჟანას ადესამ და ამ მოსაწევის კომბინაციამ გონება დამიბინდა, თვალები დავხუჭე და როცა გავახილე… უფრო სწორად, ვიცოდი სადაც ვიყავი – სასაფლაოზე. ეს ზუსტად ვიცოდი, მაგრამ ისე, როგორც სიზმრების უმეტესობაში, არ ვიცოდი, თუ საიდან მოდიოდა ეს ცოდნა. ერთ-ერთი მასპინძლის ცივ საფლავზე წამოკოტრიალებული როცა მოვედი აზრზე, ჩემი წუთის წინანდელი მოქმედებაც მას მერე გამახსენდა: ღობეზე აძრომის, იქიდან გადმოხტომის და აქ ჩამოვარდნის მომენტები და მივხვდი, რომ გონებით საკუთარ ქმედებებს ჩამოვრჩებოდი. ინერციას ვიყავი აყოლილი და დასაწყისი არ მახსოვდა. ამას არ შევუშინებივარ, ამიტომ, ნუ ელოდები ამ არეული ამბის დალაგებას. იყოს ისეთივე დაულაგებელი, როგორიც მე ვიყავი იმ დაწყევლილ ღამეს. მე უფრო იმან შემაშინა, რაზეც პირაღმა ვიწექი – მიწამ. ჩვეულებრივი მიწისგან განსხვავებით, ის ზურგს სხვანაირად მიციებდა. თითქოს უხსოვარმა ქარმა დაიწყო ამ მიწის სიღრმეში ტრიალი და თანდათან ძალას იკრებდა, რომ ერთბაშად ამოეხეთქა და თან ათასობით მიცვალებულში ჩავეტანე. ჩამწყდარი საფლავი გინახავს? მე მინახავს, ბავშვობაში. მას მერე რამდენიმე ნათესავი გარდამეცვალა, მაგრამ სასაფლაომდე არცერს მივყოლილვარ. ჰოდა, ახლა, ამდენი წლის მერე შიშის დაბადებიდან, რატომღაც პირაღმა ვაგდივარ ვიღაცის საფლავზე, ღამის 3 საათია ალბათ და უკუნი დგას, საიდანაც თითქოს ეშმაკები გეგმავენ ჩემ სულში შემოცოცებას. ან იქნებ სანამ ვერ ვხედავ, მოასწრეს ჩემში შემოსვლა და ამიტომაც ვწევარ ასე გაუნძრევლად, მაგათ ბნელ სურვილებს დამორჩილებული. არა – გავინძერი. გავინძერი, მარა ვარჩიე ეს ნელა გამეკეთებინა, წამოვდექი და მტვერი ჩამოვიბერტყე ტანსაცმელიდან, სასაფლაოს დაბალ მესერს ფეხი ფრთხილად გადავაბიჯე და საფლავებს შორის მიმავალ ფართო ბილიკზე გამოვედი. არაფერი უჩვეულო არ ხდებოდა, მე ვიყავი ერთადერთი ცოცხალი კაცი ზამთრის სასაფლაოზე და სიცივისგან მობუზული და მძინარე მიცვალებულების ფშვინვა მესმოდა. ვიცი უცნაურად ჟღერს, მარა ეს აზრი მაშინ და იქ დამებადა ზუსტად იმ მდინარებით, როგორითაც ახლა გადმოვეცი და რაც მთავარია, ამას არ შევუშინებივარ. გავიფიქრე, თუ რომელიმე მიცვალებული წამოდგა, ნაჯახით გამომეკიდა და ვერ გავასწარი, შევუტრიალდები და სანამ რამეს დამმართებს, ბოლოსდაბოლოს პირში მივახლი: „სულმნათი არისტოფანე ბაძაღუას შვილთაშვილი ვარ, სადღაც აქვეა დამარხული და უკან დაიხიე, თორემ პრობლემები შეგექმნება!“. იქნებ გაჭრას-მეთქი ჭირისუფლის სტატუსმა და ფრთხილად გადავდგი ნაბიჯი წინ. ეს სასაფლაოს ერთი კიდე იყო და გადავწყვიტე მანამდე მევლო, ვიდრე შიგნით ღრმად არ შევიდოდი, რომ ჩემ შიშზე ტრიუმფი საბოლოოდ მეზეიმა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მთვლემარე სამყარო სიზმარში მხედავდა, მე კიდე შემეძლო სიზმრის კონტროლი, მისი ისე წარმართვა, როგორც მომესურვებოდა. ეს მდგომარეობა მომწონდა და ფრთხილად ვადგამდი ნაბიჯებს, რომ არ გამეღვიძებინა, მიცვალებულები კი ფშვინვის აკომპანიმეტით მაცილებდნენ, მარა უცებ ისეთი უცნაური და აქაურობისთვის შეუსაბამო ხმა გავიგონე, რომ დამაეჭვა, ჩემდაუნებურად ხომ არ წამოვკარი-მეთქი რამეს ფეხი? არ ვიცი, თუმცა ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, ვითომ წამის წინ სამყარო ძილში შეირხა და პირველად შემაწუხა აზრმა, რომ მას ურჩხულის ფორმა ჰქონდა. ან იქნებ ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფი წუთი-წუთზე გაიღვიძებდა, ანდა, უფრო სწორად – ძილის იმ მომენტში იმყოფებოდა, როცა უკვე ხვდები სიზმარს და იცი, რო ცალი თვალის გახელითაც კი შეგიძლია მოსპო შენი ხილვა და გააქრო შენივე გამოგონილი პერსონაჟი. მისი გაღვიძება ჩემს უეჭველ დასასრულს მოასწავებდა. უკან მობრუნება და გაქცევა გადავწყვიტე, იმ მიზნით, რომ სამყაროს დავმალვოდი და ეს, სხვათაშორის, ადვილი მისია სულაც არაა, მარა მიზეზი მქონდა. რა ხმა გავიგონე? როგორ გგონია, ისეთი ადგილების ჩამონათვალი რომ შეადგინო, სადაც ღამის 3 საათზე ტელეფონი არ უნდა რეკავდეს, სასაფლაო რომელ პოზიციას დაიკავებდა? პირველს! აუცილებლად ჩემპიონი გახდებოდა. თან ამას ახლანდელ დროზე ვამბობ, მარა საკმარისია შეგახსენო, თუ რომელ დროზე გელაპარაკები და დარწმუნდები, რომ 90-იანების ზუგდიდის სასაფლაო ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი უადგილო ადგილი იყო ტელეფონის ზარის დასაფიქსირებლად. მე კი აშკარად მესმოდა, როგორ რეკავდა და ახლაც ყურებიდან არ ამომდის ეს შემზარავი ხმა. შემოვტრიალდი და გავიქეცი. არ ვიცოდი რა ხდებოდა, წინ ინერციით მივრბოდი და იმაზე არც ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა რამეს დავჯახებოდი, ამის რისკი არადა ძაანაც დიდი იყო, მარა უცებ სულ სხვა რაღაცა მოხდა. არაფერს დავჯახებივარ. არც არაფრისთვის გამომიკრავს ფეხი, უბრალოდ, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, გავფრინდი და სასტიკი ძალით დავენარცხე ძირს. მინდოდა უცებ წამოვმდგარიყავი, მარა არა. ვერა.. ჰოდა, როცა წამოვდექი, მაშინაც ძლივს გავიმართე წელში. ჩვეულებრივი ადგილი ეს არ იყო, ამას მგონი მანამდეც მივხვდი, სანამ ჰაერში მოვფრინავდი. ეს იმის აღმოჩენამ მაიძულა, რომ ტელეფონის ხმა, რომელსაც ასე უკანმოუხედავად გავურბოდი, უკვე აღარ ისმოდა. თითქოს უნდა გავეხარებინე ამ ამბავს, მარა რატომღაც წინათგრძნობამ მიკარნახა, რომ ნაადრევი ზეიმის დაწყება უჭკუობა იქნებოდა, სანამ არ გავარკვევდი რა მახეში ამოვყავი თავი. ფრთხილად გადავდგი ნაბიჯი წინ. საერთოდ არაფერი ჩანდა, ვგრძნობდი მარტო სიცივეს და სამყაროს მორიგ სიზმარს, რომელმაც რატომღაც არჩია ფაზა შეეცვალა. წინ მიწის კედელი გადამეღობა, ხელი გადავუსვი და როცა ვცადე მისი სიმაღლე შემემოწმებინა, ჩემს გონებაში 220 ვოლტიანი ლამპოჩკა აინთო. ეს დილეგი იყო, საპყრობილე…სხვის სიზმარში საკუთარი თავი დაგკარგვია? არა? ეს იმიტომ, რომ ვიღაცის საფლავში არ გამოფხიზლებულხარ ღამის 3 ან 4 საათზე. ვიღაცის გათხრილ სამარეში. კიდევ იმიტომ, რომ არ გიცდია გაგეხსენებინა, თუ როგორ მოხვდი აქ, რას აკეთებდი უახლოესი 2 საათის მანძილზე და კიდევ იმიტომ, რომ 20 წლის მერეც კი ამ შემთხვევიდან ამ ამბის დალაგებულად მოყოლა არ გიჭირს. ვცდილობ, მაგრამ არა, ვერა. ამიტომ ვიცი, რომ 2 საათის დაგვიანებით უნდა გითხრა სად ვიყავი მანამდე, სანამ საფლავში მოვხვდებოდი და ისიც ვიცი, რომ შენ თავს ბოლომდე აიძულებ მომისმინო, რადგან მთვრალი კაცის გესმის და ხათრს ვერ მიტეხავ. ორი საათის წინათ კი, მე ჯერ კიდევ ოთახში ვიყავი. ლოგინში ვიწექი, თავთან ლამფა მედგა, ფითილს ძალიან ქონდა დაწეული და როცა ავუწიე, სკამზე მიყრილი ტანსაცმელი დავინახე. ოთახი განათდა. აქ მანამდეც ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი, მარა ბიძაშვილის გარეშე არასდროს. იმ საწოლის გვერდით, რომელშიც ახლა ვიწექი, კიდე ერთი იდგა და ის ახლა ცარიელი იყო. ვცადე წინა დღიდან რამე გამეხსენებინა. არაფერი გამომივიდა, ფრაგმენტებად მიტრიალებდა ტვინში რაღაც ბუნდოვანი კადრები, ძილიდან გამოყოლილი სიზმრის განწყობა, რომელშიც ვითომ ის ბიჭები რომელიღაც ოჯახის დაყაჩაღებაზე და ტყუპი ბავშვის მკვლელობაზე მიყვებოდნენ, შავ ცხენზე ამხედრებული ბიძაჩემი ბეჟანა კიდე მხარს უბამდა და ვიღაცა მესაფლავეებს, მკვდრებს და იამკებს განსხვავებულში ახსენებდა. ლამფის შუქი თამაშობდა და კედლებზე ჩრდილებს ისე დაარბენინებდა, რომ ერთ მომენტში მომეჩვენა, თითქოს კინომექანიკოსის ძველ კაბინეტში ვიმყოფებოდი, ჩემი ცხოვრების კადრებით სავსე საცავში. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ლოგინიდან წამოვგებოდი, იატაკზე დაყრილ და ერთმანეთში გადახლართულ ლენტებში ბორიალი მომიწევდა, მერე კი უნდა ამომერჩია მათგან ორი ან სამი კინოფირი, რომ აღმედგინა რამდენიმე საათის წინ თავს გადამხდარი. საერთოდ, რომელი საათი იყო? კედლიდან ბაბუაჩემი, სულმნათი არისტოფანე და მისი მეუღლე, ბებიაჩემი – ნაზიბროლა ბაძაღუა დამცქეროდნენ. ისეთი სურათები იყო, ღამეებთან რომ მეტ სიახლოვეს იჩენენ, ვიდრე დღეებთან, თითქოს ამ ოთახში არსებულ სხვა ნებისმიერ საგანთან თუ ნივთთან შედარებით ჩრდილებს უფრო მეტად იზიდავდნენ და მგონი, საერთოდაც, იკვებებოდნენ მათით. ჰოდა, მთავარ საკითხსაც უკვე მოვადექი – მკვდრების შიშს, წყევლასავით განცდას, რომლისგანაც აგერ უკვე 45 წელია ვერ გავთავისუფლდი. მარა ის დღე სხვანაირი იყო, სიზმრებიც, რომლებშიც მკვდრები ამეკვიატნენ, ისტორიები, რომლებიც ერთმანეთში გადაიხლართნენ, რომელშიც თითო მიცვალებული მაინც მონაწილეობდა და ვიღაც მესაფლავეები, ბეჟანა რომ ახსენებდა სიზმარში. ვეღარ მოვისვენე, სიგარეტის მოწევა მომინდა და კურტკას გადავწვდი, ჯიბეში ხელი ჩავყავი და ვიგრძენი, რომ სიგარეტთან ერთად რაღაც ამომყვა, ამოვიღე და ქაღალდში გახვეული მოსაწევი შემრჩა. არ მახსოვდა როდის, ან რომელმა მომცა, თუმცა ამას არ შევუშინებივარ იმიტომ, რომ კიდე ბევრი რამე არ მახსოვდა იმ ღამიდან და ავდექი და ჩემი იმღამინდელი და მთავარი შიშის დასაძლევად ცხოვრებაში პირველად მოვწიე მარტომ. მიცვალებულებთან ვალსის ცეკვის სურვილი გაგჩენია? და უცებ, ამდენი ხნის მერე პირველად, გაუმართლებელ სისუსტედ და სისულელედ მომეჩვენა ჩემი მარადიული შიში. ლამფა ხელში ავიღე და არისტოფანესა და ნაზიბროლას სურათებს ნელა მივუახლოვდი. რა ჰქონდათ ახლა ამათ საშიში? ჩემ გვერდით მდგარი კარადის თაროები დამძიმებული იყო ძველი დამტვერილი ალბომებით, შავ-თეთრი ფოტოებით, რომლებზე აღბეჭდილი ადამიანების უმეტესობა ცოცხალი აღარც იყო, მეც პირველად ვათევდი ბიძაშვილის გარეშე ღამეს მარტო ამ ოთახში და ამდენი წლის მერე პირველად ვფიქრობდი იმაზე, რომ ყველაფერს, რაც ირგვლივ მეკრა, უფრო მეტი კავშირი მკვდრებთან ჰქონდა, ვიდრე ჩემთან, როგორც სიცოცხლის ერთადერთ ნიშანწყალთან ამ ოთახში. ყველა ნივთი მათ უხსოვარ და ბუნდოვან მოგონებას ინახავდა: შიფონერით დაწყებული, საკიდით, სარკით, ძველისძველი ხალიჩით და კედელზე დაკიდებული ჩონგურით დამთავრებული. და რატომ იყო ეს საშიში? მკვდრები ცოცხლებს არ გვდევნიან და მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივად კაი ხანია აღგვემატებიან, არმია არასდროს შეუკრავთ ჩვენზე გასალაშქრებლად – და ალბათ ზუსტად იმიტომ არსებობდა ეს ჩრდილმრავალი ოთახი, რომ ჩემი ცხოვრების 20 წლის თავზე უსაფრთხოების ზუსტად ეს კოდი გამეშიფრა. მიცვალებულებთან ვალსის ცეკვის სურვილი გაგჩენია-მეთქი? მარა ნაზიბროლა ბებია, როგორც ჩანს, არ აპირებდა თავისი ჩარჩოს დატოვებას და როგორც შევატყვე, ვერც სერიოზულ კავალერად აღიქვამდა თავის შვილთაშვილს ამ სიბნელეში. ერთი კია, ჯოკონდასავით ეცვლებოდა გამომეტყველება და ჩემი იმ ხელის, რომლითაც ლამფა მეჭირა ყველა მსუბუქ შერხევაზე ხან მიბღვერდა, ხანაც მიღიმოდა. ზუსტად ერთ-ერთი ასეთი შემობღვერის მომენტი გახდა იმის მიზეზი, რაც ჩემ იმღამინდელ მოგზაურობას დაედო საფუძვლად, იმიტომ, რომ მომეჩვენა, თითქოს ჩემი დიდი ბებია იმის გამო მსაყვედურობდა, რომ არ ვიცნობდი. ბაბუაჩემს სახეზე არაფერი ეტყობოდა – როგორც ნამდვილ მამაკაცებს შეეფერებათ, თავი ამაყად ეჭირა, მარა უეჭველია, რომ ეგეც ეთანხმებოდა მეუღლეს გულის სიღრმეში. და სად უნდა გამეცნო ბებიაჩემი იმაზე უკეთ, თუ არა სასაფლაოზე, რომელიც, როგორც მივხვდი და გავაანალიზე, ამ ოთახზე საშიში ადგილი არაფრით არ უნდა ყოფილიყო. დრო იყო, ამ წამით მესარგებლა და გადამელახა საკუთარი შიში. შემოვბრუნდი, ლამფა სკამზე დავდგი, ჩავიცვი და ბალკონზე გამოვედი. უიმედოდ ბნელოდა და ეზოში ჩამიჩუმი არ ისმოდა. კიბეები ჩამოვიარე და ჭიშკარს რომ მივუახლოვდი, უკან მოვიხედე, სახლს, საიდანაც ეს წუთი იყო გამოვედი, თვალები ჰქონდა დახუჭული და არცკი დაუნახავს, როგორ გამოვეპარე ბნელი ეზოდან. ჭიშკარი გამოვაღე და გარეთ გავედი, წინ თავდაჯერებული მივიწევდი და, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა წარმოდგენა თითქოს ჩემი მარშრუტის არცერთი დეტალი არ მრჩებოდა მხედველობიდან, მაინც არ მახსოვს იმ დაწყევლილ ღობეს როგორ მივადექი… ახლა კი აქ ვეგდე, ამ სიგიჟის შუაგულში და ძალიან მინდოდა თვალი ისევ გამეხილა, რომ სახლში გამღვიძებოდა. ხელი ჯიბისკენ წავიღე. რამდენიმე ჯიბის შემოწმება დამჭირდა იმისთვის, რომ ასანთისთვის მიმეგნო, ამოვიღე, მაგრამ პირველ ჯერზე არ აინთო. არც მეორედ გამიღიმა ბედმა. მესამე მცდელობამ გაამართლა, ხელი ავაფარე, რომ არ ჩამქრალიყო და მერე, როცა ასანთის ღერი კარგად აბრიალდა, დავინახე, თუ როგორ გადაიხსნა წყვდიადის ფარდა და იქიდან ეშმაკი გამომეცხადა სიგარეტით ხელში… არაფერს ვამეტებ. ბევრი არ მიფიქრია, საფლავიდან, საიდან ამოსვლაც რამდენიმე წუთის წინ შეუძლებელი იყო, სასწარფოდ ამოვფრინდი და ქარიშხალივით შევერიე წყვდიადს. ტელეფონი ისევ რეკავდა… და რაც შეეხება იმ ეშმაკის სახეს…
ანტრაქტი. ზუგდიდის სასაფლაო
სისხლს ვხედავდი, დანით გადახსნილ მუცელს, ერთმანეთში გადახლართულ ნაწლავებს, შეშლილ სახეებს და მათ, ვინც ითხოვდა შველას. ბუდიდან ამოვარდნილ თვალს, სხეულის დანაწევრებულ ნაწილებს, მძორის სუნისგან მოწამლულ ჰაერს ვსუნთქავდი. ცეცხლს ვხედავდი. რამდენიმე ლეშისმჭამელ ღორს…
მოთმინების ფიალა ამევსო-მეთქი, ვეუბნები მუსიკოსს. არ შემეძლო მათ წინააღმდეგ მარტოს, ღიად გამომეცხადებინა ომი. არ შემეძლო და ამიტომ მივმარეთე პარტიზანულ მეთოდს. მახეებს ვუგებდი. სატუსაღოებს ვიგონებდი. ვიცოდი, რომ ამათ, ყველას, ერთმანეთის სისხლით სავსე ტბებისკენ მიეჩქარებოდათ. რომ საკნებში გამოკეტვა სჭირდებოდათ. ისეთებში, საიდანაც გამავალი სარკმლებიდან ერთადერთ რამეს დაინახავდნენ. ცას. აი, რა მჭირდებოდა: ცაზე გამავალი სარკმლები! მეტი ვარსკვლავი, მზე, მთვარე. ყველაფერი, რაც იქ ეტევა. ყველაფერი, რაც მათ ბოღმიან მზერას სულამდე ჩაჰყვებოდა და მუსიკით აავსებდა. კოსმოსს ეს ძალა აქვს, ის არასოდეს ცდება, მაგრამ ისე, როგორც ყველა საქმეში, აქაც არსებობდა კრახის შანსი. შედეგად, ერთ-ერთ საფლავში ის კაცი ჩავარდა, ვისთვისაც ის არ ყოფილა განკუთვნილი. მაგრამ ეს ამბავი ამით არ დამთავრებულა, არა? – ვეკითხებიმუსიკოსს.
არაო, მეუბნება და მოყოლას აგრძელებს…
2.
იმ დღიდან კაი ხნის მერე, რაც ქორწილში უცნაურ კაცს გადავეყარე და ეს ამბავი მომიყვა, ვიღაცამ – მხედრიონის დროინდელი ამბავი უნდა მოგიყვეთო – გვითხრა, მხრიდან ჩამოხსნილი ტომარა ფეხით თავისკენ მისწია და ზედ ნელა დაჯდა. პლასტმასის ერთჯერადი ჭიქა ცერად ეჭირა, რომელიც ის-ის იყო არყით გავუვსე. პაუზის ხანგრძლივობით თუ ვიმსჯელებდი, ამბავი, რომლის შესახებაც გვამცნო და მოყოლას დაგვპირდა, მოკლე არ უნდა ყოფილიყო. არც ის ვიცოდი, რამდენად საინტერესო იქნებოდა. თუმცა, ჩემი აზრით, პროლოგზეც ბევრი რამ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული…
– ამბავი მოჩვენებებზეა…
ამას პროლოგი ჰქვია და ის არადამაიმედებელად დაიწყო; ვერცერთ ზრდასრულ მსმენელს მოჩვენებების არსებობაში ვერ დაარწმუნებ. მისი მსმენელები კი ზრდასრული ადამიანები ვიყავით. უნდა მივმხვდარიყავი, რომ ჩვენი შეხვედრა თავიდანვე განწირული იყო წარუმატებლობისთვის. ვსვამდით. მან გვთხოვა ერთი ჭიქა დამალევინეთო. ზურგზე ტომარა ჰქონდა მოგდებული, არცთუ მოხენილად ეცვა, ხელები უკანკალებდა და წინა კბილები აკლდა. უნდა მივმხვდარიყავით-მეთქი! ასეთები მარტო ლოთები არიან. და იქნება მივხვდით კიდეც, მაგრამ უარის თქმა გაგვიჭირდა. თოთხმეტიდან – ყველას.
ძალიან იშვიათად ხდებოდა ხოლმე, რომ ამდენი მოვგროვილიყავით. სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მიმოფანტული ძმაკაცები ერთმანეთს ათასში ერთხელ ვნახულობდით. იმ დღეს თოთხმეტმა მოვიყარეთ თავი, არყები, ლუდები და მისაყოლებლები მარკეტში ავიღეთ და „დადიანების ბაღში“ შემოვედით. ეს ბაღი ყველა ჩვენგანში ბავშვობისდროინდელ მოგონებებს აღძრავს. ბოლოს, როცა აქ ვიკრიბებოდით, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები გვერქვა და ასეთ კითხვასაც არავინ გვისვამდა:
– ღამით სასაფლაოებზე გიბოდიალიათ?
მაგრამ იმ დღეს ეს კაცი საშველს არ გვაყენებდა. პასუხის მოლოდინში ჩვენკენ იხედებოდა. ზოგიერთმა თავი დაუქნია. მერე ჭიქა პირველივე ახლომდგომისკენ გაიწვდინა და გამახსენდა, რომ ამქვეყნად ყველაფერი ერთჯერადი მძულდა. ჭიქის გარდა…
მეორე მთხრობელი
ცუდი ხალხი ახლაც არსებობს, მარა მაშინ… მაშინ კარგსაც ჰქონდა იმის იმედი, რომ ცუდი გახდებოდა. აბა სხვანაირად ვერ გადარჩებოდი, არ იყო სხვა შანსი და ბევრმაც ცუდი ბიჭობა გადაწყვიტა, მარა მაშინ მაგათ კაი ბიჭებს ეძახდენ, რატომღაც. მე სადღაც შუაში ვიყავი სულ გაჩხერილი. ვეღარ გამეგო რა ჯობდა – კაი კაცობა და გადარჩენის სულ პატარა შანსი, თუ ცუდი ბიჭობა – ანუ კაი ბიჭობა, ძველი გაგებით. ეგეთი დაბნეული საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მარტო მე არ ვყოფილვარ – ვალიკოც იყო, სახლში ჩარხი ედგა და ვეხმარებოდი, მასალას ვახერხინებდი. ვიღაცა კლიენტი გამოჩნდებოდა, ათასში ერთი და 5 საათში დასამუშავებელ მასალას 5 დღე ვუნდებოდით. შუქის ამბავში გვიჭირდა. ერთი პერიოდი რაღაცა უბედური გრაფიკი დააწესეს – ღამის პირველ საათზე მოდიოდა დენი 1 საათით. წყალი არ გაუვიდოდა, 2 საათზე ვიცოდით რომ გამორთავდნენ და რასაც მოვასწრებდით, მოკლედ, ეგ იყო. მაგ სიჩქარეს ვალიკომ ცერა თითი მიაყოლა, მე – საჩვენებელი. მარა ეგ რა იყო იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდებოდა – ხალხს თავებს აჭრიდნენ. მე და ვალიკომ კიდე ეგ ამბები კარგად ვიცოდით და, თავის დაკარგვას თითების დაკარგვა გვერჩია, მარა ერთ დღეს ისეთი უცნაურობა გადამხდა თავს, რომ ალბათ ჯობდა, თავი საერთოდ არ მდგმოდა მხრებზე. ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის, დაბნელებამდე მივადექი ვალიკოს, ჰოდა, დამხვდა ესეც – პირდაპირ სტანოკზე გაეშალა სუფრა – ოტკა, აჯიკა, პური, კომბოსტოს მჟავე. ვურჩიე, ეგ ჩარხი შტეპსელიდან მაინც გამორთე-მეთქი, მარა ფეხებზე დაიკიდა, მაინც არ მოვა შუქი პირველ საათამდეო. ახლა ვალიკო ცოცხალი აღარ არი და ხშირად მიფიქრია, მაშინ რომ უცებ დენი მოვარდნილიყო, მოულოდნელობისგან გააგდებინებდა ჭიქას იმ ხელიდან, რომლითაც ხერხს ეყრდნობოდა? არა მგონია – ისე იყო ამ დალოცვილზე შეყვარებული, რომ მოასწრებდა ალბათ მარცხენა ხელის შენაცვლებას. ასეა თუ ისე, არც ვალიკოს ხელის მტევანს დამუქრებია იმ ღამით არაფერი და, რა თქმა უნდა, არც ჭიქა გაუგდია ხელიდან… მარა არც დენი მოსულა… საერთოდ. ხომ ვთქვი, სხვანაირი ღამე იყო-მეთქი და ეს მერე გავიაზრე, მერე, როცა ყველა იმ შემთხვევას მივაქციე ყურადღება, რაც თავს გადამხდა და დამშვიდებულმა შევაფასე. 2 საათზე წამოვედი. ვალიკომ ლამპით ხელში გამომაცილა ჭიშკრამდე და გზა დამილოცა. სხვა დროსაც ეგრე აკეთებდა, მაგრამ იმ ღამით რატომღაც ძალა დაკარგეს მისმა ჯადონსურმა სიტყვებმა. მგონი ლამპაც ისე მადლიანად აღარ პარპალებდა როგორც ადრე და მოკლედ, უშუქო, ჩაბნელებულ ქუჩას დავადექი. ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმის, კანაოს ნაპირს მივუყვები და ფრთხილად მივირწევი იმ სიბნელეში. ისეთი უკუნია, რო ქუჩების ზედმიწევნითი ცოდნა თუ დაგეხმარება მარტო გზის გაგნებაში. აქაურობას კიდე მე ხუთი თითივით ვიცნობ – მთვარის ნამიოკები არაფერში მჭირდება, პირიქით, მიხარია კიდეც რო ასე ღრმადაა ჩაძირული ღრუბლებში და სხვისთვისაც ისეთივე შეუმჩნეველი ვარ, როგორც ახლა ჩემთვის არიან სხვები. იმ დღეებში ქალაქში მხედრიონი დათარეშობდა – ვიღაცეებს სახლები გადაუწვეს, ვიღაცეები გააუპატიურეს, ვიღაცეები კი უბრალოდ დახოცეს. სრული საშინელება, ბიჭებო. ჰოდა, გვყავდა მე და ვალიკოსაც ერთი მეზობელი, რომელიც კაი ხანი არ მოსდიოდათ მხედრიონელებს თვალში თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. იმ კაცს ცოლი და 2 ტყუპი ბიჭი ყავდა, მივარდნენ და ცოლ-შვილთან ერთად დახოცეს, მარტო ერთი ბავშვიღა გადარჩა ცოცხალი. მერე ამბობდნენ, ბიჭები არაფერ შუაში არ იყვნენ, საპასუხო ცეცხლი გაუხსნა იმ კაცმა და დაცხრილვისას ბრმა ტყვიამ იმსხვერპლაო. ეს არ ვიცი, მარა ზუსტად რაც ვიცი ისაა, რომ მარტო ერთი გადარჩა. მეორე დღეს ხალხმა ბავშვების ქალაქიდან გარიდება დაიწყო, როგორც ძველ დროში ხდებოდა, მტრის შემოსევისას რო იცოდნენ ხოლმე – აი, ზუსტად ეგრე. რამდენიმედღიანი გლოვა მოყვა ამ ამბავს, მარა რაღაცნაირი, ჩუმი. იმიტომ ვამბობ ამას, რომ მინახავს არაერთი გლოვა სხვა დროსაც და სხვა ვითარებაშიც. მინახავს არაერთი ქელეხი. იმ ჭირისუფალს კი ეშინოდა. მაშინ დავაკვირდი და ვისწავლე, რომ ყველაზე დიდი უბედურება ბედნიერების უფლების წართმევა კი არ არის, არა, ამას შედარებით ადვილად გადაიტან ადამიანი, ყველაზე დიდი სისასტიკე საკუთარ უბედურებაზე ტირილის უფლების ჩამოთმევაა. იმათ კიდე, როგორც გითხარით, ეშინოდათ და ჩუმად ტიროდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი არ ყოფილა. სამი დღეც არ იყო ამ ამბიდან გასული, რომ ქალაქში ვინმე „მესაფლავე“ გამოჩნდა. ვიცი, რომ ეს სახელი ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ შევეცდები ავხსნა. ხო გინახავთ პულივიზატორებით შენობებზე გაკეთებული წარწერები? „მშია“, „ვერ დამაბამენ“, „ცა სავსეა ვარსკვლავებით“ და სხვა ბევრი. ყველას თავისი შინაარსი, ან სათქმელი აქვს, ან არც აქვს და მკითხველი აძლევს მერე შინაარსს, როგორც იქნებ მე ვაძლევ ახლა. რომელიმემ იცით, ვინაა მათი ავტორი? ჰოდა, ზუსტად ამის თქმა მინდა. „მესაფლავეც“ ეგეთი კაცი იყო, რომელსაც თითქოს რაღაც სათქმელი მიქონდა დანარჩენებისთვის, მარა რომლის ვინაობაც არავინ იცოდა. სათქმელი კიდე წლების მერე გავშიფერე, ასაკის და გამოცდილების მატებასთან ერთად, მარა უფრო გასაგები რომ გავხადო ეს ამბავი, ისევ ჩემი იმღამინდელი თავგადასავლის მოყოლას გავაგრძელებ. გზად სასაფლაო უნდა გამევლო. ქუჩაში სიარულზე უფრო უსაფრთხოდ სასაფლაოდან გადაჭრისას ვგრძნობდი თავს. სულ ასე ვიქცეოდი ხოლმე და იმ ღამით გეგმას რა შემაცვლევინებდა. ჰოდა, გადავძვერი შემოკავებული სასაფლაოს ღობეზე და დავადექი გზას ნაცნობი მკვდრების გავლით. საერთოდ, მკვდრებს ერთი კაი თვისება აქვთ, ბოლომდე გისმენენ და მგონი პირველი არ ვარ ვინც ეს შეამჩნია. თუ სწორად მახსოვს, რომელიღაც კინოში მაქვს მოსმენილი, მარა მე კიდე მეტის თქმაც შემიძლია და ზუსტად ვიცი, რომ არცერთ კინოში არ გამიგონია ამაზე ვინმეს ელაპარაკოს. აი რა: მკვდრები არამარტო ბოლომდე გისმენენ, საკუთარ აზრსაც არ გეუბნებიან, არიან ჩუმად და ეს კიდევ უფრო მაგარი თვისებაა. ისინი არჩევანში არ გზღუდავენ, რჩევებს არ გაძლევენ და არ გაბნევენ. ერთადერთი, ვისაც შეუძლია მოგისმინოს და აზრი არ გითხრას, მკვდარია. ჰოდა, მოკლედ, გადავძვერი თუ არა ამ ღობეზე, პირველი, ვისაც გამოველაპარაკე, თამაზ ეხვაია იყო. ვერ ვხედავდი ცხონებულს, ბნელოდა, მარა ხომ გითხარით, რომ მაგ პერიმეტრზე ყველა ვიცოდი ვინ სად იყო დამარხული და ხელი ავუწიე, მე ვარ, არ შეგეშინდეს პავლოვიჩ-მეთქი. პავლოვიჩიც ვერ მხედავდა – ჩვენ ორიდან, არცერთი არ ვიყავით მომგებიან პოზიციაში და ეს მაძლევდა ზუსტად ძალას. მერე, მის საფლავს რო გავცდი, წინ ნაზიბროლა ბაძაღუას საფლავი დავლანდე, ისევ ქმრის, ცხონებული არისტოფანეს გვერდით იწვა, როგორც ეს პატიოსან მკვდარ ქალებს შეშვენით. აცივდა ცოტა მარა თქვენ რაღა გიჭირთ, ერთად ხართ-მეთქი, გადავულაპარაკე ამათ და ეშმაკურად თვალი ჩავუკარი, ახლა ვიფიქრე, ამათ გვერდზე რომ საფლავია, პანტიკო ჯოლოგუასი, დიდ მუხამდე არმისული, იმას მოვუყვები-მეთქი თავისი გარეწარი შვილიშვილის ამბავს, ლაკატკით შეიარაღებული ბაყაყებს რო მუსრს ავლებდა კანაოებში და… ჩავვარდი. არაფერს ვამატებ, ბიჭებო, სადღაც, ვიღაცის გათხრილ სამარეში ამოვყავი პირდაპირ თავი. ყოველ შემთხვევაში, პირველი ჭკვიანური აზრი, რაც დამებადა ეს იყო. ხო, აბა სხვა რა უნდა მეფიქრა ჩემ სიტუაციაში? სასაფლაოებზე რისთვის თხრიან მიწას? ტკივილისაგან გაბუჟებულ მხარს და გასიებულ ცხვირს ერთდროულად ვიზელდი. დამიჯერეთ, ხუმრობა საქმე არ არი, როცა წინ მიმავალს მოულოდნელად მიწა გეცლება ფეხქვეშ. როგორც კი წამოდგომა შევძელი, რა თქმა უნდა, იქიდან ამოძრომა ვცადე. აი, აქ კი შემიქანდა გული და მივხვდი, რომ ეს საფლავი არ იყო. არა. საფლავზე გაცილებით უარესი, რადგან საფლავის სიღრმე სტანდარტულს იშვიათად ცდება. ეს კი სატუსაღო იყო, გაურკვეველი სიღრმის და გაუგებარი ფორმის, რომელსაც უამრავი საფლავი ერტყა გარს. ცერებზე ავიწიე, მარა მიწის ზედაპირს ვერ მივწვდი, მერე ავხტი კიდეც, მარა ამ საქმიდანაც რო არაფერი გამოვიდა, კედლებზე აცოცება ვცადე, მოსაბღაუჭებლად ვეძებდი ნებისმიერი სიგრძის ფესვს, მცენარეს, მარა ყველაფერი ხელიდან მეცლებოდა. მოვტრიალდი და ჩემ სატუსაღოს წრე დავარტყი. არაფერი საიმედო არ შეინიშნებოდა. გაოგნებული გავჩერდი და ისევ ზემოთ ყურება დავიწყე. სიბნელე, რომელიც იქ დავტოვე, მონაგონი იყო იმ წყვდიადთან შედარებით, რომელიც ახლა, ამ რაღაც ორმოში გამოკეტილს მერტყა გარს. სად ჯანდაბაში ვიყავი? მშველელის იმედი არ უნდა მქონოდა, მკვდრების გარდა აქ ისედაც არავინ არ იყო და ესენიც მარტო მოსმენაში ვარგოდნენ. პირველად ვინატრე მგონი იმ დღეს ცხოვრებაში, რომ მკვდრებს ენა ამოედგათ. თამაზ ეხვაიას იმედი მქონდა, თორე პანტიკო ჯოლოგუა, მიუხედავად იმისა რო ჩემგან ყველაზე ახლოს იწვა, თავის შემწუხებელი არ იყო. ეს ცოცხალი და მკვდარი ხო, მითუმეტეს.მაშინ დავფიქრდი სერიოზულად მანამდეც ბევრჯერ ყურმოკრულ „მესაფლავის“ ლეგენდებზე. რას არ ყვებოდნენ მასზე – რომ თავისნაირ შეშლილებთან ერთად მუშაობდა და ამიტომ ასწრებდა ამდენის ამოთხრას, რომ მისი მიზანი ისედაც შეშინებული ხალხის კიდევ უფრო დაშინება იყო, მაგრამ რამდენი ვერსიაც არ უნდა გაჩენილიყო, ვგრძნობდი, არცერთი არ იყო სანდო. ამაზე მანამდე არც მიფიქრია. არა. მარტო იმ ღამით, საფლავში ჩავარდნილი მივხვდი რაღაც ისეთს, რაზეც სხვაგან, სულ რომ ათი სიცოცხლე გამეტარებინა დედამიწის ზურგზე, ვერაფრით დავფიქრდებოდი.რისთვის გავჩნდი? საიდან მოვედი, ან მივდიოდი, იმიტომ, რომ აქედან, უცნაურად მოჩანდა ყველაფერი. ქარის მოტანილი ხმები მესმოდა, იმაზე ღრმად ვიყავი მიწაში, ვიდრე ცხონებული პანტიკო, ან ნებისმიერი მკვდარი ამ სასაფლაოზე, ვიდექი და გაშტერებული ავცქეროდი ბნელ ცას ჩემ ზემოთ, საიდანაც რამდენიმე ვარსკვლავიღა დამნათებდა. ბედის ირონია იყო, რომ ბარით და ლაფატკით მოხეტიალე მარტოსულმა გიჟმა გამაჩერა და მაიძულა ბნელი ცისთვის ამეხედა, საფლავების სიღრმიდან დამენახა ჩემი თავი და პირველად სიცოცხლეში, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს შიშველი ვიდექი სამყაროს წინაშე. ცისთვის თვალმოუშორებლად დავიხიე უკან, ზურგით ცივი საფლავის კიდეს მივეყრდენი და ნელა ჩავცურდი ქვემოთ. რამდენიმე ხანი ასე ვიყავი, სრულ სიჩუმეში, სანამ მოულოდნელმა, განგაშის ზარივით ხმამ არ გამომაფხიზლა… ყური მივუგდე, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ. შორიახლოდან ჩემკენ მომავალი ნაბიჯების ხმა მოისმოდა. მომეჩვენა, რომ ჩვეულებრივზე ჩქარა მოძრაობდა ვიღაც. ალბათ მორბოდა. შეშინებულმა ცას ავხედე, ისევ ისეთი, უმთვარო ღამე იყო და ვარსკვლავები არაფერს მეუბნებოდნენ. ვიღაც თუ რაღაც სულ უფრო მიახლოვდებოდა. ფრთხილად, ისე, რომ არ წამოვმდგარვარ, საფლავის უახლოესი კუთხისკენ მივიჩოჩე და ხელების ფათურს მოვყევი, რომ პატარა ქვა მაინც მეპოვა თავის დასაცავად. ვერაფერი ვნახე და ცივ მიწაში ღრმად ჩავასე თითები. ხელისგულები ფხვიერი მიწით ამოვივსე, ალბათ არაფერს მშველოდა, მაგრამ იმ მომენტში საღად ვერ ვაზროვნებდი. გულში ვითვლიდი: ერთი… ორი… სამი… რაღაც მიახლოვდებოდა. რაღაც, თავსდასატეხი განსაცდელი. საფრთხე. სმენა ნერვიულობამ დამიგუდა, მაგრამ მაინც გავარჩიე ჩემი სამარის თავთან როგორ გაიშრიალა რაღაცამ და… ბახ… ჩამოვარდა. ზუსტად იმ კუთხის პირდაპირ, სადაც მე ვიყავი შეყუჟული, რაღაცა მძიმედ დაეცა. ენაჩავარდნილი მივაჩერდი სილუეტს. გარშემორტყმულ სიბნელეს ჩემი თვალები უკვე საკმაოდ შეჩვეოდა, მაგრამ მაინც ძნელი იყო გარჩევა, რა ჩამოვარდა ჩემ ცხვირწინ. რა იყო, საგანი? ავ სულს, ეშმაკს და მითუმეტეს, ცოცხალ კაცს, ნამდვილად საგანი მერჩივნა, მძიმე, რომელსაც მოძრაობა არ შეეძლო და რომელსაც საუკეთესო შემთხვევაში ზემოთ ასვლაში გამოვიყენებდი. მაგრამ საგნებს ხომ ფეხები არ აქვთ, არ დარბიან, არ იგინებიან და… ეშმაკმა დაწყევლოს ჩემი გაჩენის დღე… წამოდგომას არ ცდილობენ. სუნთქვაშეკრული ვაკვირდებოდი როგორ ითრევდა ტანს, როგორ უჭირდა და მაინც, როგორ ცდილობდა წამომჯდარიყო. მერე კვნესისმაგვარი ხმა გავიგონე. სილუეტს ჩემსავით ორი ხელი ჰქონდა და მხრებს ისრესდა. მერე ხმამაღლა შეუკურთხა რაღაცას, თუ ვიღაცას, მძიმედ წამოიმართა და ორ ფეხზე დადგა. პირველი, რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ ავ სულთან არ მქონდა საქმე, ამისთვის ზედმეტად საცოდავად გამოიყურებოდა, მაგრამ მთავარ პრობლემას იმაში ვხედავდი, რომ სახე არ უჩანდა. არც იმაზე მქონდა წარმოდგენა, თუ რა განზრახვა ედო გულში. არ დავძრულვარ. სუნთქვითაც კი ხმადაბლა ვსუნთქავდი, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ საცოდავად მიცემდა გული. სილუეტი თავის ტრიალს მოჰყვა, ალბათ სიბნელეს მიუჩვეველ თვალებს აცეცებდა და იმაში გარკვევას ცდილობდა, თუ სად აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ, საცოდავად ამოიგმინა და კეფისკენ წაიღო ხელი. ალბათ კისერს ისრესდა, არ ვიცი. ამას რომ მორჩა, მძიმედ შეტრიალდა ჩემგან ზურგით და საფლავის კიდე მოსინჯა. მივხვდი, მისი სიმაღლის შემოწმებას ცდილობდა, ისე, როგოც ცოტა ხნის წინ მე. მერე ჯიბეში აფათურა ხელები და ერთი ხანობა შიგნით იქექებოდა. რაღაცას ეძებდა. „სად წავიღე?“ – გავიგონე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ადამიანი იყო. ცოტა ხანს იმოწმებდა ჯიბეებს და ბოლოს, როგორც იქნა მიაგნო სასურველ ნივთს. ხელი ამოწია თუ არა, ნაცნობი ჩხაკუნის ხმა გავიგონე და ყველაფერს მივხვდი. ჩემ სტუმარს ხელში ასანთის კოლოფი ეჭირა. ვიგრძენი, რომ ეს ახალ ფაზაში გადასვლის ნიშანი იყო. ჩვენი ნაცნობობა ადრე თუ გვიან უნდა შემდგარიყო, კი. ამას ვხვდებოდი. სულ რომ არ გვქონოდა არანაირი სურვილი ურთიერთობის, ადრე თუ გვიან, მაინც აუცილებლად მოგვიწევდა. მაგრამ იყო რაღაც, რაც მაწუხებდა და საგონებელში მაგდებდა. ეს იმით გამოწვეული შიში იყო, შევძლებდი თუ არა გამოსალაპარაკებლად სწორი დროის შერჩევას. მე მასთან შედარებით უპირატესობა მქონდა – ვიცოდი მისი არსებობა, მას კი – არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა ჩემზე. არ იცოდა, რომ თბილი სახლებისგან რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებულ საფლავში, მარტო არ იყო. ჯერ კიდევ უკუნი სიბნელით გარშემორტმული, დაბნეული აცეცებდა თვალებს და სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა. ხელში შეთამაშებული სპიჩკის კოლოფიდან აპირებდა ღერის ამოტანას, რომ გაეკრა და ბნელი სატუსაღო გაენათებინა. და აი, აქ დამებადა პირველი დიდებული აზრი. გამახსენდა, რომ კურტკის შიდა ჯიბეში პაპიროსის დანესტილი კოლოფი მეგდო, ორი, თუ სამი ღერი „ასტრით“, მაგრამ ის არ მქონდა, რაც ჩემსავით გზააბნეულ და მოულოდნელ სტუმარს. ცეცხლი. მე ცეცხლი მჭირდებოდა, რომ პაპიროსი მომეწია და ჩამეკლა უიმედობისგან გულში ჩაღვრილი დარდი. მასაც მოვაწევინებდი. მერე მივიყუჟებოდით ჩვენთვის, ჩუმად, ძალიან ჩუმად საფლავის კუთხეებში და ჩვენ თავს ზემოთ მოქცეული ცის თვალიერებით გავირთობდით თავს, რადგან ჯერ კიდევ დარწმუნებული ვიყავი, რომ აქაურობა, სამყაროს შესაფასებლად გამოგონილი საუკეთესო ადგილი იყო. საბოლოოდ განმიმტკიცდა ის აზრი, რომ ერთმანეთს ვჭირდებოდით და ჩვენი შეხვედრა შემთხვევით არ მომხდარა, თავად სამყარო ჩაერია ჩვენს ბედისწერაში და ის სპიჩკით მოამარაგა, მე კი – პაპიროსით. ფრთხილად, უხმაუროდ წამოვიწიე. კაცს პირველმა გაჩხაკუნებამ უმტყუნა. უფილტრო პაპიროსის ღერი თითებში მოვიქციე და მისკენ ნაბიჯი გადავდგი. ხელმეორედ გავიგონე სპიჩკის გაკვრის ხმა, რომელსაც შედეგი ისევ არ მოჰყოლია. კაცმა შეიგინა, კოლოფიდან მორიგი ღერი ამოიღო და მესამედ სცადა. ჩხაკ… ნაპერწკლებიდან წარმოქმნილმა პაწაწინა ცეცხლის ალმა, მისი სახე გაანათა. შიში ეწერა. სიბნელიდან გამოვედი, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი, „ასტრის“ ღერი კბილებში მოვიქციე და ვთქვი:
– ბოდიში, ძმაო. პაპიროსზე ხომ ვერ…
* * *
– იქ, იმ საფლავში ყოფნისას იყო ერთი მომენტი, როცა სამყაროს წინაშე თავი ჩვილად ვიგრძენი. თითქოს იმ სურათს ვუყურებდი, რომელიც კაცობრიობის გაჩენის პირველივე დღეს დაგვიხატა დედა-ბუნებამ და რომლისგანაც იქამდე ზურგშექცევით ვიდექი იმიტომ, რომ მქონდა არჩევანი. მაშინ კი, მოჯადოებულებივით გამაშეშა ვიღაცამ მის წინ და მიმახვედრა, რომ თვალების დახუჭვის ძალაც აღარ მქონდა. არ ვიცი, რამდენ ხანს მჭირდა ეს რაღაც, მაგრამ რაღაც მომენტში გამოფხიზლებულმა აღმოვაჩინე, რომ ორივე ხელი წინ მქონდა გაშვერილი და ვლოცულობდი. ჩემთვის ვბუტბუტებდი, ჩემივე გამოგონილ სიტყვებს, რომელსაც ვერცერთ წიგნში, ბიბლიაში, ყურანსა, თუ ლოცვათა სქელ კრებულებში ვერ ამოიკითხავთ. არც რომელიმე იქიდან გადმოყოლილ ღმერთს შევსთხოვდი რამეს. პირველყოფილივით, ვარსკვლავებს მივმართავდი და იმ მთვარეს, რომელიც სქელ ღრუბელს ამოფარებული ჯერ კიდევ არ ჩანდა. გამოქვაბულის ადამიანივით ვლოცულობდი. ეს იმ უცნობის გამოჩენამდე, მერე კი, როცა ის შეშინებული კაცი გაფრინდა, გაქრა თუ ღამის წყვდიადს შეერწყა, დავჯექი და გათენებამდე ვიცინე. იმ საფლავში ყველაფერი იყო. სევდაც, სიცილიც, პაპიროსიც და ამჯერად უკვე ჩემი სტუმრის ხელიდან გაგდებული სპიჩკაც. მინდა იმ ღამის დამპროექტებელი დავლოცო…
ზუგდიდის სასაფლაო. ეპილოგი
ზუსტად ასე თქვა: დამპროექტებელიო? და შემიძლია ეს ჩემს სადღეგრძელოდაც მივიღო? კარგია, რომ ეს ამბავი გვირგვინად გამოდგება, თორემ ძალიან, ძალიან მოწყენილი ვიყავი. ისე, როგორც ყანას მოსავალი, საქმესაც შედეგი სჭირდება. ამისთვის კი უნდა იმოქმედო. როგორც ფეხბურთელისთვის ფეხბურთის თამაშია საქმე, მშენებლისთვის – შენება, პოეტისთვის – ლექსის წერა,ზუსტად ისეა ჩემი საქმეც თხრა-მეთქი – ვეუბნები მუსიკოსს. და დამიჯერე, საქმეები რადგან ძალიან ხშირად ერევათ ერთმანეთში, გული მიგრძნობს, რომ ვიღაც თვითმარქვია მწერალი ერთ დღესაც ეცდება ეს ამბავი მოთხრობად მოგვიყვეს.
და მაშინ დიდია შანსი, რომ მკითხველებს იმედები გაუცრუვდეთ, არა?..
© არილი