პროზა

ბესო ხვედელიძე – ჩაკეტილი

ეს კლაუსტროფობიული შარი ალექსას მოქოქილია: ალექსამ შთაბერა მაცოცხლებელი სული და გაამატერიალურა. მისი იყო ინიციატივა, იქითკენ გაფრენის სურვილი და გზის მართვის სადავე. ამ კინოს მთავარი რეჟისორიც იმთავითვე ის აღმოჩნდა, ხოლო მთავარი შემსრულებელი კი აგერ – მე. სიზმარს ჰგავდა ყველაფერი, თან წინასწარ ჩაწყობილ კინო-სიზმარს!.. რომ ვიხსენებ, ისიც კი მგონია ხოლმე, რომ ეს ყველაფერი ჩემი მოგონილია, მაგრამ ასე მხოლოდ წამიერად მგონია, იმიტომ, რომ სინამდვილეში მართლა ისე იყო ყველაფერი, როგორც ვყვები… ალექსა რომ არა, რა ჯანდაბა მინდოდა მინსკში?.. ისე, ფირმა ტურისტად, ასე თბილისიდან როგორც ჩანდა, კიდევ არა უშავდა, ანუ რომელ წარბებგაერთიანებულ კავკაზოიდს მე ვგავარ, პრობლემები შემქმნოდა გარეთ, იქაურ ქუჩასა თუ გამზირზე… თან ყოველმხრივ გადარეულ ალექსასთან ერთად სულ სხვა წინასწარშეჟღენთილი სიანცე იქნებოდა – ერთგვარი ცხოვრებისეული გამოცდა-გაკვეთილ-თავგადასავალივით… სულ ასე არ იყო, რო?

იდგა 2011. როგორც კი მსხვილი ფულადი პრემია მარგუნეს წერაში და ხელში თანხა ქეშად დამაჭერინეს, ადრე რომ იცოდა, ზუსტად ისე – გამომყენებელი ვამპირ-წურბელასავით შემომაჯდა კისერზე:

– თბილისში რა გინდა ამხელა მაყუთით, იუსუფ?! დიდი-დიდი, ლილოს ბაზრობაზე, ოთხი წყვილი თურქული ტუფლი იყიდო!..

– პირდაპირობა არა სძაგს უფალსა!

– რა ბირდაბირობა, ტოტო?

– ანუ პირდაპირ შობე, რა ჯანდაბა გინდა? რა ლილოდან მივლი?!

– რა და: წამო რა, მაგ ფულით ბელარუსში, ორი კვირით, ბესლან… ან მეტით! სადამდეც გვეყოფა! მაგ მაყუთით არც გამდიდრდები და ვერც კბილებს ჩაისვამ, ამიტომ სჯობს ისევ ბოლომდე გააფრინო და ერთიანად შეირგო ჭუჭყიან კუპიურათა ზემაგიური მადლი! თან ვაშლატამა ნაშებშიც გავიშლიგინებთ!

– ეროვნული ტყემალი და ქლიავი ამოვიდა ყელში?

– ჭანჭურიც! თან შენ იმ შენს ძველ რადიაციულ რომანს დაასრულებ…

– ეგ მე უფრო ვიცი – რას, სად და როდის დავასრულებ!..

– ბიჯო, მუტაცია დაიწყო თან იქ! არ გეყურება?!

– მერე, შიში არ არი, ალექს?

– რა შიში, სოზარ! მიგელაც იქაა!

– მიგელა ვინღა ჩემის კირაკოზია?

– ძველი, თახსირი კადრია, ადგილობრივი!.. ბაითი აქვს ქალაქის ცენტრში. მგონი ოროთახიანი. კონტაქტები – ოხრად. თან იცის, რა სადაა? ფულიც არ დაგვეხარჯება ბევრი… კაცია – პოლიტეკონომია! ერთი-ორი კვირა ისე დაგვიტოვებს! დავალებულია ჩემგან.  ერთხელ მაგარ ცემა-ტყეპას ავარიდე თბილისში… ბევრს კი ყბედობს, მაგრამ დაბალი დონის არტ-სირია, სამაგიეროდ, ყველას იცნობს… კოხტადაც დავიხმართ, რაშიც საჭირო იქნება!

– მიგელ-გაბრიელიღა გვაკლდა ამ ტანჯულ ხალხს! უმაგისოდ ვერა?

-იქაა და… თან თანხის ეკონომიაა! არ გესმის? თან შენც დაწერ, სვემიონ, იმ შენ რამეებს! მე არ შეგიშლი ხელს მელნის ხარჯვაში.

– და ეს ბელარუსი რა ამოჩემებაა?

აქ ალექსა მხოლოდ ორიოდ წამით ჩაფიქრდა და მერე ცალი თვალის მოჭუტვით ამომხედა.

– რუსეთში არ გვიშვებენ…

– მერე რა? ქვეყანა დაილია?

– რუსულის მეტი არცერთი ენა არ ვიცი, ჟორიკ! გიტლერ კაპუტ ვიცი კიდე და ობლადი ობლადა!

– ბელარუსული უნდა ვისწავლოთ სასწრაფოდ!

– ბელარუსებიც სუ გამორუსდნენ, არკადი! სომხურად ვიცი კიდევ – „ფუფ ტურ არარატ!“… რა ვაკეთო სხვაგან?! სირივით ვიარო, ფოტოები ვიღო და არქიტექტურაზე ვანძრიო? მაგარი მახატია ეგეთები, შურა! თან მიგელა დაგვხვდება. უცებ გავაგებინებ! თეთრი, შოლტივით გოგოები მომენატრა. აქ ვიღაც ბანძი შახტიორები ჩამოდიან სულ… და თან… – შეყოვნდა აქ ალექსა.

– რა თან?

– მუტანტი გყავს გაჟიმული, ვარლამ?

– მუტანტი-შმუტანტი არ ვიცი მე…

– შანსი გაქვს!.. საქსოფონზეც უკრავს… სევდიანებს!

– ვინა, მუტანტი?

– მუტანტი კი არა, მიგელა, შეჩემა!

* * *

ჩავფრინდით თუ არა, ალექსამ ტყავები ამოისხა, ყურში ვერცხლისფერი საყურე გაირჭო და თავზე ხინკალა ქუდი მოირგო. მე ისეც არა მიჭირდა – წითელ ველვეტოვან ქურთუკში, ცისფერი ჯინსებით და თავზე თოვლივით ქათქათა `ნიკოლსონით~ პრინციპულ, მიზანდასახულ და პედანტ სკანდინავს ჩამოვგავდი, ჩემი აზრით.

– ვიღაც წესიერ დანიელს გავხარ, პრებენ! – შემომხედა ალექსამ ცერად, აეროპორტიდან ცენტრისკენ მიმავალ გზაზე.

– დანიელ დეფოს?

– ძაანაც ნუ აგივარდება!..

– შენ კიდევ ცხოვრებაზე გაბოროტებულ ბერძენს…

– იცოდე, ყველაფერს ვიმახსოვრებ, აკირა!

– და მერე რატომ დადიან დანიელი და ბერძენი მინსკში ერთად?

ალექსა დაფიქრდა. მერე ვირეშმაკულად გამომხედა.

– ალბათ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომეო: ოლიმპიაკოსი-ბრონდბიუ! ზავია წინასწარი. იქამდე ერთად ვიბარიგებთ იაკუბ კოლასის მოედანზე ზანგებში. თამაშის მერე ვიჩხუბებთ!

– არ ვარგა!

– რა არ ვარგა, მალხაზ?

– ჯერ ერთი, რომ მინსკში ლიგის ფინალი სიზმარია! მეორეც კიდევ – გაჭირდა სხვანაირი ფინალი?

– ვინ მოიგებს რო?

– პენალტებით – `ბრონდბიუ~.

* * *

იმავ საღამოს მივაკითხეთ და რაღაცნაირი, იოლად წასაკითხი ყალბი ხალისით მიგვიღო ალექსას იმ ძველმა ნაცნობმა, აშკარად მხოლოდ დიპლომით რეჟისორმა,  თავისთან, არადა, ხელში საქსოფონით კი გამოგვეგება და ტუში  ჩაბერა.

ალექსამ ზღურბლზევე მოწიწებით წარუდგინა ჩემი თავი:

-უკვე ცნობილი და მაინც პერსპექტიული ქართველი მწერალი!.. წინა ინკარნაციებში: ატლანტიდის მოლუსკი, კოღო ცეცე, ელდარის ნაძვი, ბასილ ეზოსმოძღვარი, ბედრჟიხ სმეტანა, კამილ კორო, იულიუს ფუჩიკი, სტალინის მამინაცვალი, მაშალა ახმედოვი… გავაგრძელო?

– შთამბეჭდავია, მაგრამ მე არ მწამს რეინკარნაციების და ეგეთი მეტაფიზიკური მისტიკოსობების! – ცივად ჩამომართვა სველი ხელი მიგელ დაბნეულმა. – მე ათეისტი ვარ და მე მჯერა იმის, რასაც ვხედავ, ვეხები, მესმის, ვაგემოვნებ და… მეხუთე შემახსენე, ალექს? – გადახედა ალექსას.

– კოკაინს ჯერ არ იყნოსავ, მიგელიტო?.. – დააგვირგვინა ალექსამ მხიარულად.

– ეგ რეინკარნაციას არ გამორიცხავს, პატივცემულო! – ჯიუტად დავიცავი ინკარნაცია.

შევედით ბინაში და დავსხედით. ცოტა ხანს სიჩუმე იდგა ბუზის გაფრენის გარეშე. მერე ალექსამ მიგელას რაღაცნაირი, შეთქმული, კრიმინალური ღიმილით გახედა.

– ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს?

– ოთახი ორი კოიკით და ყველაფრით, ოღონდ აბაზანა-ტუალეტი საერთოა და აქეთაა…

– დაასხი მაშინ, მიგელ! – შეაგულიანა იქვე ალექსამ მიგელა და მანაც სამზარეულოდან სასტუმრო ოთახში სამლიტრიანი „სმირნოვი“ გამოიტანა. ჩვენც ამოვლაგდით ქართული ნუგბარ-სპირტიანობებით და, შესაბამისად, მყის მოიქოქა ალკოჰოლიზმისა და ყირაზე დგომის გრანდიოზული კვირეული, რომელმაც, სინამდვილეში, ორ კვირაზე მეტხანს გასტანა.

სახელმწიფო გათბობით გაცხელებულ ბინაში წელზევით შიშვლები და ქვემოთ საცურაო ტრუსებში დილიდან დაღამებამდე ვუსხედით დაბალ ტაბლას და ნაირ-ნაირი ჭურჭლიდან შლეგებივით ვნთქავდით მაღალგრადუსიან ალკოჰოლს. თან მიგელა საქსოფონზე ხანგამოშვებით უკრავდა ყველაფერს ძველს – ციგნურებიდან დაწყებული – უახლეს-ბლატნოებით დამთავრებული. არ დაგვიტოვებია ბინაში ლარნაკი და საფერფლე, სამარილე და ყავადანი, საიდანაც არ დაგველია და არ არსებობდა მალე ბინაში სკამი, რომელზე შემდგარებსაც არ შეგვესვა სასულიერო სადღეგრძელოები. ვიღაც უცხოებიც მიმოდიოდნენ ძღვენებით, ძირითადად ლამაზი, მოკლეკაბიანი გოგოები, მაგრამ არ მახსოვს კარგად არც გოგოები და არც ძღვენთა რაობა… კარგად კი არა, საერთოდ არაფერი არ მახსოვს. ერთი მახსოვს სახელი მიშელი, ბევრჯერ რო მეორდებოდა და მეც „ბიტლზების“ „მიშელის“ ღიღინის ხასიათზე მოვდიოდი ხოლმე თვალებდაელმებული… უფრო ის მახსოვს, რომ ამ ყველაფერს ზღვარი და ბოლო არ უჩანდა არცერთი მიმართულებით. ვერც მიგელას გასვლითმა ექსპედიციებმა დაგვაოკა ორი გურჯი ყურუმსაღი:

სინამდვილეში მიშელი (მალე აიხსნა ჯადო-კროსვორდი – მიგელას მიგელას თურმე მარტო ალექსა ეძახდა, შესაბამისად – მეც) რაღაც შავ-თეთრ ნაზ ბუნდოვანობას იღებდა ადგილობრივ „ბელარუსფილმში“, ერთმანეთში ჰქონდა გადაზელილი მითოსი, ეროსი, რელიგიური მისტერიები, კომუნიზმი, პოლიტიკა – და ეს ყველაფერი გულისგამაწვრილებელი პათეტიკური ყიჟინით… კვირაში ერთხელ გვეძახდა ასე მწარედ გამობიჟვინებულებს კინოსტუდიაში და ნაწყვეტებს გვანახებდა. ყოველ სცენას სქოლიოსავით კომენტარებით გვიხსნიდა, ხელების არტისტული ქნევით, თუ რისი თქმა სურდა მისით და რას გულისხმობდა. ეგეთი ყოვლად გაუგებარი ბოდვითი მთქნარება რა ყაიდის ადამიანს შეიძლებოდა მოსვლოდა თავში – ვერაფრით ვხვდებოდი.

– კაცი-სკოლიოზი! – შეარქვა ალექსამ მიგელას.

მიგელა საერთოდ გაგნებაში არ იყო, რისი გადაღება სურდა, საკუთრივ სცენარს გადაღების დროს, ხელდახელ იგონებდა და შორსმჭვრეტელის იერით წამდაუწუმ ცვლიდა. ჰოდა, დაატორღიალებდა მერე აქეთ-იქით გადამღებ ჯგუფს და მათ შორის ჩვენც, ძირითადად რაღაც მიმონგრეულ, მიტოვებულ და ვადაგასულ, ანუ ავარიულ ქალაქგარე შენობებში.

– მიგელ, რას აწვები ამ სქოლიოებით, ახსენი ერთი! – ვეღარ მოვუთმინე მორიგი უაზრო ნაწყვეტის ყურების შემდეგ და ბახუსის ოხშივარი ნატანჯი ამირანივით  მივაორთქლე.

– სადა? – ყანა იყო გაუმარგლავი და იუმორნაკლული. იგივ წარმატებით შეეძლო მაცას დარდიმანდი მცხობელი გამოსულიყო, მაგრამ – არა და არა!

– არა! კინო – ეს სულ სხვა პრივატული ინტიმია! დიახ! კინო ჩემი ავთენტური სამყაროა! – უყვარდა მიგელას გაპრანჭვა.

ალექსა, ამის გაგონებაზე, უჩუმრად მასტურბირების იმიტაციას აკეთებდა მარჯვენა ხელით, დასამშვიდებლად თვალს განდობილივით მიკრავდა. მოკლედ, მიგელა ჩემს თვალში იმ ყოვლად ძონძი ჟე-კლასის ძალად-რეჟისორების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ფილმისთვის სცენარის დაწერა მეასეხარისხოვან საქმედ რომ მიაჩნიათ, ანუ ამ პირკეთილ სამუშაოს მუდამ თავად თაობენ. შესაბამისად, ყველა მათი ნაცოდვილარი უნიჭობა, როგორც წესი, გადაღების შემდეგ სადღაც საკუჭნაოთა საკუჭნაოს სულ ბოლო თაროზე ნახულობს სამუდამო სავანეს და მისი ერთხელ ნახვის სურვილიც კი აღარავის უჩნდება, ავტორის თამადობით.

– ხომ გენიალურია? – ცმუკავდა სამონტაჟო ეკრანთან მჯდომი მიგელა და კიდევ უფრო იბერებოდა. – არა, რა! ვიცი, რა! ვიცი ეს საქმე და სხვა რა ვქნა?.. რაჰათლუხუმის ბიზნესში ხომ არ წავალ?..

სულ ცოტა დაგვაკლდა, შიშველი ხელებით რომ არ დავახრჩვეთ.

* * *

კარგად შეგაზაფხულებულზე, ჩვენი დუეტის ზეაქტიურობით გადამწვარმა და ფერმიხდილმა მიგელამ, თავად მომიჩხრიკა ცალკე ბინა შორ რაიონში. წამითაც არ მიფიქრია, რომ თავიდან მიშორებდნენ ან ჩვენს (ჩემი და ალექსას) თავდადებულ ტანდემს შლიდნენ. მარტო ყოფნა უკვე მეც საშინლად მენატრებოდა… ჰოდა, გაზაფხულის ერთ უახლოეს მზიან შაბათს, მიგელა ალექსასთან პადრუჩკით მიმყვა საქირავებელი ბინის სანახავად. ოროთახიანი, უმზეო სადგომი მეოთხე სართულზე დაგვიხვდა – ლოჯით.

– მასებისთვის ნაკლებად ცნობილი მწერალი საქართველოდან!.. – ასე თამამად გააცნო ჩემი თავი ბინის მეპატრონე დედაკაცს მიგელამ. – ჩვენი რეაქტორის აფეთქებაზე წერს სამგანზომილებიან, რადიაციულ რომანს…

– მუტაციაზე ხომ, ალფრედ? – ჩააკვეხა ალექსამ ჩემთან შეკრულის ხმით.

– ალფრედი გქვიათ? – აიტაცა მაშინვე დედაკაცმა.

– არა, ბესარიონი!

– აბა, ალფრედიო?

– ალექსი ბავშვობიდან ნობელს ელის ჩემგან!

– მე – ვალია ვარ!

ვალია იქნებოდა ასე სამოცამდე. თავიდან საზიზღარი ეჭვის თვალით კი მიყურებდა, ასე სმისგან სახედასიებულს, მაგრამ წინასწარ გადახდილმა მსხვილმა ქირამ უცებ დაამშვიდა და ბინის გასაღებიც ნაყიდი მტრის სახით გამომიწოდა.

– მე რაიონში გავდივარ ამ უქმეებზე!.. თუ რამე პრობლემა შეიქნა – აგერ ჩემი ტელეფონის ნომერი!.. იმედია, ბევრს არ სვამთ და სახლში არ ეწევით… დებოშებსაც არ აწყობთ!

– ქალბატონო, მე და მკაცრი ვეგანური დიეტა უღვიძლესი ნათესავები ვართ! – შევცინე თვალებში მხიარულად. – თან სქელი რომანი მაქვს დასამთავრებელი!.. საწერია უამრავი ქართულად! რა მედებოშება? ძირითადად სახლში ვიქნები გამოკეტილი. ამ ქალაქში პირველად ვარ და ამ ორი პიროვნების იქით საერთოდ არავის ვიცნობ!

– მეორე გასაღები მე მაქვს! გაგაკონტროლებთ, იცოდეთ! – დამანახა ვალია-დედაკაცმა ბინის გასაღების დუბლიკატი და კარი მკაცრად გაიჯახუნა.

– ბურთი და მოედანი შენზეა გადმოფორმებული, პარმენ! – დამკრა მხარზე ხელი ალექსამ.

– ისევ ოლიმპიაკოსი-ბრონდბიუ? – თვალის მოჭუტვით გავხედე მე.

– ჩვენ დღეს რამდენიმე დღით ვგაზავთ, ბეს… ივან კუპალას ტბებთან! – ჩაეჩარა აქ მიგელა.

– ივანე მომიკითხეთ ტბებიანად! – ვთქვი მე. – ანკესები ხომ მიგაქვთ?

– რა ანკესები?.. კინო-გადაღებები გვაქვს დაგეგმილი.

– ხომ აქაჩავ უჩვენობას, ტობიას? – წამელაზღანდარა იქვე ალექსა. – ორი სხმარტლივით მუტანტი მიგვყავს, ხოლო ჩვენ კინო-კამერით ვიხატებით!

– სხმარტლი რა გაგებაა?

– სხმარტალებენ ორგაზმისას! ეროტიკები უნდა გავჩარხოთ სველი! შეიძლება – მეტიც! შენ აქ იყავი, დუგლას! წერე. ბინა გაქვს! გარეთაც იტასავე, ფულიც გაქვს! მუქ ზანგებს არ გაეკარო, კუკლას შემოგტენიან. სხვა არაფრის მოგერიდოს! დავაი, კოტე! იტოგში, არ მოიწყინო! ჩამოვალთ, მოგაკითხავთ მუტანტებითურთ!

* * *

საწერ მაგიდაზე თაბახის ფურცლები არეულად ეწყო… იქვე ნაირფერი კალმისტრებიც იყო მიყრილი. მერე წიგნების ბოძი ასვეტილიყო, ერთმანეთზე უსწორმასწოროდ დალაგებული სხვადასხვა სისქის საკითხავით. სამოსი დიქტის კარადაში ისვენებდა: შეკიდებულიც და შელაგებულიც, ანუ დავლაგდი ჩემებურად და ჩემ გემოზე. დიდი დროც არ დამჭირვებია. მერე შარვალი ჩავიძვრე, ფეხები რეზინის ფლოსტებში გავყავი, პირსახოცი მხარზე არხეინად მოვიგდე, გზად კბილის ჩოთქ-პასტაც გავიყოლე და აბაზანისკენ წავედი. იქ შესულმა კარი ხმაურით მოვიკეტე, ნივთები დავალაგე, ონკანი გავაღე და კანოესავით ნიჟარაში დედიშობილად ჩავდექ. აქაური წყალი ისეთივე ცხელი და რბილი იყო, როგორიც მიგელასთან. კანი ქაფქაფა წვეთებს იოლად ისხლეტდა. კაი გემრიელად გავირეცხე. გავმშრალდი. კბილებიც გამოვიხეხე. აბაზანაში მდგარი გაუმჭვირვალი ორთქლი გაჭირვებით იწრიტებოდა საჰაერო მილიდან. იქ ალბათ ჰაერში ზავდებოდა და მერე სულაც ქარდებოდა. ნოტიო პირსახოცი კისერზე ჩამოვიკიდე, კარის სახელური ჩამოვწიე და მივაწექი. მახლას!

კარი არ გაიღო.

ხელმეორედ ჩამოვწიე სახელური. ისევ მივაწექი – მაინც ვერაფერი.

მთელ ტანში გამაზრიალა.

ისევ ჩამოვწიე სახელური – უკვე ფრთხილად, ძალიან ნელა. ლამის მოწიწებით… მაინც არაფერი გამოვიდა. კარი ჯიუტად ჩაკეტილი იყო და არაფრისდიდებით არ იღებოდა.

აქ ტანის ზრიალმა თავისკენ აინაცვლა.

პირსახოცი იქვე მივაგდე და მუხლებზე დავარდნილი კლიტეს დავაკვირდი. ვერაფერს ვარჩევდი. საკუთრივ კარი მყარი ხის მასალისგან შეეკრა პატრონგაციებულ დამმზადებელს – სქელი და ტყვიაგაუმტარივით იყო. სახელურს დავეჯაჯგურე. მერე რამდენჯერმე მივაბაგუნე… დარტყმის ხმა ყრუდ და ბრმად გადიოდა და ისიც მხოლოდ ბინაში, სადაც არავინ იყო. ისევ დავეჯაჯგურე სახელურს. მაინც სულ ვერაფერი – აშკარად უიმედოდ ვიყავი გამოკეტილი აბაზანაში, ნოტიო პირსახოცის, კბილის ჩოთქ-პასტის, რეზინის ფლოსტების, ქაღალდის რულონის და სარეცხი საპნის ნაჭრის ამარა. დანარჩენი ყველაფერი კარს მიღმა იყო დარჩენილი. უნიტაზს თავი დავახურე, ზედ ფეხებით დავდექ და საჰაერო მილს ავძახე:

– აეეეეეეეეეეეეეეეეე!!!! ლუკაშენკოოოო!!!

ხმა მაშინვე უნიათოდ მიიკარგა მილის ვიწრობიდან სადღაც ცის მიმართულებით. მერე აბაზანის კაფელოვან კედლებს დავუშინე მუშტები. ეს ბაგუნი არ ვიცი, სადმე თუ გადიოდა, მაგრამ ფაქტია, რომ არავინ გამომხმაურებია. გაზაფხული იდგა. ისეც გაკრეფილი იყო მოსახლეობა ამ შაბათ-კვირას დედაქალაქიდან – ვის რა უნდა გაეგო ცარიელ ბინებში. ვინმე მორაგბესავით მხრითაც ვეძგერე რამდენჯერმე კარს, თუმცა ძვრაც ვერ ვუქენი. მერე მეორე მხრითაც მოვსინჯე. გამოსაქანებელი ადგილი მომცრო კი იყო, მაგრამ ვხვდებოდი, რომ უფრო დიდი ფართის შემთხვევაშიც ჩემ ფეხებს  გავხდებოდი. უილაჯოდ მხრებჩამოყრილი უნიტაზზე ჩამოვჯექი და რაციონალურ ვარაუდებში წავედი.

ალექსა და მიგელა კიდევ რამდენიმე დღე არ იქნებიან. რა გადაღებებიო? ვინ ივანეო! ეს ქალი სად წავიდა? ეს დღეები სოფელშიო?! ბელარუსო ღმერთო! იქნებ მხრით ან წიხლით გამამტვრევინო… მაგრამ რომ არ იმტვრევა ეს ზე-სირობა, რა ვუყო? არა, აქ მართლა არავინ მოვა! სამი-ოთხი დღე არავინ დარეკავს, არათუ მოვა… დამტოვეს საკუთარი თავის იმედად! აი, ყველაფრის თავი! ზუსტად ესაა სწორედ თავი და თავი! ბელარუსის დედაქალაქის ნაქირავები ბინის ტუალეტში დატყვევებული საქართველოს მოქალაქე ითხოვს გადაუდებელ დახმარებას!!! ლუკაშენკო ხარ თუ ვინც ხართ გარეთ, უფროსობა! რა ბინებს აშენებთ? რად უნდა ვანა-ტუალეტს ბრონირებული კარი მინსკში?! რა ვუყო? რა გაჭედა ეგეთი! გადატრიალდი, შენი დედაც!.. რამე რკინა მაინც ეგდოს… ვინტებს დავხსნიდი… ეს რა შარში ვარ, უფალო! ჩემი კაი!

* * *

სიზმრები უფრო ცხადები გახდნენ… უფრო ზუსტად კი, არც ვიცი, რა დავარქვა იმას, რასაც ვხედავ. თვალებს რომ ვხუჭავ, მაშინვე, წამის მეასედში, სულ რაღაც ნაირ-ნაირ სიტუაციებში ვყოფ თავს.

პირველი თვალისხუჭვისას, როგორც ვიღაც მაღალმა და ხმელმა მამაკაცმა, შევაღე მაღალი, თეთრი კარი და ვრცელ, მაღალჭერიან ოთახში აღმოვჩნდი. შორეულ კედელთან მდგარ სანათიან მაგიდას ორნი უსხდნენ, წინ დაჭრილი პური და ძეხვი, აგრეთვე თეფშ-დანა-ჩანგალი ეწყოთ. კარის ჭრიალზე ჩემკენ გამოიხედეს და გველურად გაიღიმეს. მერე ერთ-ერთმა შინაურულად დამიყვირა:

– რა წესია ამდენი დაგვიანება, არიონჩიკ?!. გავწყდით შენს ლოდინში! ასეთი რა ჩავარდი იმ შენ უბორნიაში?!

ეგრევე ძირს დავიხედე და მაშინღა გავიაზრე, რომ ხელში თოკის ჩანთა მეჭირა, რომლიდანაც არყის სამ გაუხსნელ ბოთლს ამოეყო თავი. უცებ ამ ყველაფრის ისე გულწრფელად შემეშინდა, რომ უკან გადავქანდი, ოთახიდან ნაბიჯი გამოვდგი, ზღურბლს სწრაფად გამოვცდი, ის თეთრი, მაღალი კარი გამოვიკეტე და თვალი გავახილე.

ისევ კანოესავით აბაზანის ნიჟარაში ვეგდე ობოლი ნიჩაბივით. 

* * *

კბილის სალათისფერ პასტას ოთხად დაკეცილი ტუალეტის რულონის ნაჭერს ზემოდან ვუსვამ, ძლივს ვღეჭავ, გაჭირვებით ვყლაპავ და ხვრეპით ვაყოლებ ონკანიდან ცხელ წყალს. პირში სუ კევის გემო მაქვს სამაგიეროდ. მძინავს აბაზანაში, მის ფარდა-ცელოფანში გახვეულს.

მეორე დღის საღამომდე თითქმის მთლიანად შემომეჭამა ტუალეტის ქაღალდი. ისეც მესამედი რულონი იყო მხოლოდ თავიდანვე. თან ისეთი ხარისხის – წყალს რომ დაასხამ და მაშინვე დნება თოვლივით. თხელი ანუ.

სხეული მომისუსტდა, გონებაც აცა-ბაცად მუშაობს. ხანდახან, ბოლო იმედად, ისიც მგონია, რომ უბრალოდ ჩემივე  ჰალუცინაციაში ვარ და ოდესმე თავისით გამოვალ… ვფსამ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად, კუჭშიც გავდივარ ალაგ-ალაგ, მაგრამ რათ გინდა – მესამე დღე სრულდება, რაც ასე უპატრონოდ და მართლა ობლად ვარ გამოკეტილი. დაუძლურებული ძლივს ვდგები ნიჟარიდან ფეხზე. მეშინია, უცებ კოორდინაცია არ დავკარგო და ავსრიალდე. შესაჭმელიც აღარაფერია. პირსახოცის ხაოს მოგლეჯაც კი ვცადე ჩემი დარჩენილი 22 კბილით, მაგრამ არ გამომივიდა. ასეთ საქმეს 33 კბილიც არ ეყოფა. რა ვქნა? წყალი კი მაქვს  თქრიალით: ცივიც და ცხელიც! შხაპს ვივლებ და უძლურ მუშტს ისევ კაფელს ვურტყამ. მერე აბაზანაში ვეშვები და შხაპის ქვეშ თვალს ვხუჭავ. ვცდილობ, ძილისკენ წავიდე.

იქ ამჯერად უკვე ძონძებში გახვეული წვეროსანი ინდო-ბერიკაცი ვარ და ვიღაც შავგვრემანი პრინცი მოღუნული ხმლით მიქნევს ხმალს. სხლაპ!!! და მერე ყვირის:

– მამააააა!!!

მაშინვე გულგახეთქილი ვიხილები. თავი ადგილზეა. ნიჟარიდან უნიტაზისკენ ძლივს გადავდივარ, ვჯდები და ფიქრების კორიანტელში ვეხვევი. უნდა ვივარჯიშო. მაინც რამდენ ხანს გავქაჩავ წყლის ამარა? აი, ხომ დიეტობენ ასე ცნობილი ადამიანები, თუ შიმშილობენ?.. უნდა გავინძრე და გავცოცხლდე. უნიტაზზე მჯდომს რული მერევა, მაგრამ ადამიანური ძილისკენ მაინც ვერაფრით ვიდრიკები – დახუჭულ თვალებში უკვე სადღაც, ვრცელ ყვავილებიან მდელოში ვგდივარ გულაღმა ხელებგაშლილი და ხელისგულებიდან შინდის წვენი მდის. ირგვლივ ჭრიჭინები ჭრიჭინებენ რაღაცას ჭ-ზე. არადა, თან ვიცი, რომ უნიტაზზე ვზივარ და თან მდელოზეც რომ ვარ, ანუ ორივე ერთდროულად რომაა, ეგეც ვიცი. ისევ ორმაგი სტანდარტები და ორმაგი ხაფანგი.

ალექსა და მიგელა მინიმუმ მეორედ მოსვლამდე არ მოვლენ. რომც მოვიდნენ – რა ხეირი?.. დარეკავენ, დააკაკუნებენ და წავლენ. იფიქრებენ, სადმეა წაჩანჩალებულიო. ანუ სანამ მე არ გავალ კონტაქტზე, დამიკიდებენ. იფიქრებენ, რომ უმაგათოდაც მშვენივრადა ვარ. უნდა დავუდარაჯდე. თვალებს ვახელ, ყვავილებიანი მდელოდან ისევ აქ ვყოფ თავს. უნიტაზზე მჯდომი შვლის ნუკრივით სევდიანად ავყურებ კარის ოქროსფერ სახელურს. მერე წყალს ღილაკზე დაჭერით ხმაურით ვრეცხავ. არ ვიცი, მერამდენე დღეა აბაზანაში ვარ გამოკეტილი. ხაზები არ გამიკეთებია კედელზე. დამავიწყდა. ასე უიმედოდ. სულ მარტო. უცხო ქალაქში. სხვა ქვეყანაში. ლუკაშენკო, მიდი, ძმურად, გააღე შენი ქვეყნის ერთ-ერთი კარი! სიმსიმ! ფეხზე ამდგარს ციცინათელებივით მანათობელი რომბები დამიდიან თვალებში. სარკეს ვუახლოვდები. მაგრად გავმხდარვარ… სამი დღე ცარიელ წყალზე ასე ძალადობრივად ყოფნა – საზარელი სასჯელია. ისევ თავს ვითვალიერებ. აღარც მახსოვს, როგორი ვიყავი. ალბათ, უფრო სავსე და ფერხორციანი. ასეთი რომ დავბრუნდე თბილისში, კარს არ გამიღებს ბებიაჩემი – გლაზოკიდან მეტყვის: ბესიკო ბელორუსიაშია, შვილიკო! – ლოყებს ხომ არ გამოვბერავ ან ღიპს, რო მიცნოს?.. რო გავალ გარეთ აქედან – ყოველდღე ერთი სუფრა სალა და პილმენები უნდა ვჭამო. და იქნებ ბინის პატრონი ადრე მოვიდეს… მეორე გასაღები ხომ დამანახა?.. გაგაკონტროლებო!.. კარზე ნაზად ვაბაგუნებ თავს. მერე ძირს მძიმედ ვეშვები და ხორკლიანი მეტლახის უჯრედებს ზიზღით დავყურებ. ისინი პასუხად თითქოს მოძრაობას იწყებენ და ერთმანეთში ირევიან…

* * *

რინგო გამოკეტილობის მესამე დღის საღამოს გავიცანი. რინგო მე დავარქვი, „ბიტლზების“ პახმელიაზე, დაშვებული საცეცების და ნაღვლიანი მზერის გამო. ისე – ტანმორჩილი ტარაკანია – შავი და ბუსუსებიანი. ალაგ ციმციმებს კიდეც. ნიჟარის უკნიდან გამომძვრალმა ადგილი შინაურივით მოათვალიერა, საცეცები ფრთხილად მიმოაშვირა ანტენებივით და კარს დაბლა ჭრილში გაძვრა. მაშინვე კარს ვეცი და დავეჯაჯგურე.

– აეეე! მიშველეეეთ!!! ალექს! მიშელ, შე ბელარუსო პიდარასტო! წიოწია ვალია! მთავრობა!!! მილიცია!!! – ვიღრიალე, თუკი ამას ღრიალი ერქვა. ვინ უნდა მომშველებოდა? ბინაში მხოლოდ მე და რინგო ვიყავით და ალბათ იქით ბუზებიც, და კიდევ რაღაც უჩინარი მწერები და მღოღავებიც. პირადად მე, აქ, რინგოს გარდა, არავინ შემომფეთებია. თავზე ხელისგულები სასოწარკვეთილმა შემოვიჭდე და ღაწვზე ცრემლი ჩამომიგორდა. რინგო, ჩემდა ბედად და რომელიღაც უფლის ნებით, მალევე გამოჩნდა. უკან შემომძვრალმა ისევ მოსინჯა სივრცე საცეცებით და ის იყო, ნიჟარისკენ აძრომა დააპირა, რომ ჩემს ხელისგულში აღმოჩნდა. მაშინვე კბილის ჩოთქისთვის განკუთვნილ პლასტმასის გამჭვირვალე ქილაში ჩავაგდე და ქილას რეზინის ფლოსტი დავახურე. „ეს მარტო არ იქნება!..“ – გამიელვა იმედიანად და ოდნავ ხასიათმორბილებულმა რინგოს ქილაში რამდენიმე წვეთი სუფთა წყალი ჩავუსხი. ის წვეთებს მოუსინჯავად და ხარბად დაეწაფა. მალევე შეისრუტა. მერე საცეცები აამოძრავა და ქილის კედლებს მიადო. „სხვებიც მოვლენ…“ – ვიგუმანე მალევე და ნიჟარის უკან ხელი მოვაფათურე. სინესტე შემხვდა. დახურულ უნიტაზზე გადავჯექი და ისე დაველოდე. იქამდე გავიხსენე, თუ როგორ იხმობდნენ ადამიანები ძაღლებს, კატებს, ქათმებს. მწუ-მწუ, ფის-ფის, წიავ-წიავით რომ ვერავის ვერაფერი გავაგონე, ენა სასაზე ავიჭირე და „ცს“-ს მაგვარი ბგერა გამოვეცი. ეს იყო და ევრიკა – სხვა ტარაკნებიც გამოჩნდნენ – წესით, ამის ახლობლები. სამნი იყვნენ. საცეცებს ფრთხილად ამოძრავებდნენ და სივრცეს სწავლობდნენ. ალბათ შინმიუსვლელ რინგოს ეძებდნენ. ალბათ მეც შემნიშნეს. ერთი-ორი-სამი… რინგოს ავხედე. ის ქილაში ამოძრავებდა საცეცებს და აშკარად შველას ითხოვდა. უკვე ჩემი ჯერი იყო.

სულ მალე ყველანი რინგოს გვერდით ეყარნენ პლასტმასის ქილაში. უცებ გამოუყვანეს წირვა წყლის წვეთებს. ქილას ხანდახან ვხდიდი ფლოსტს, რომ სასუნთქი ჰაერი მიმეცა შიგნით მომწყვდეული ტარაკნებისათვის. „ცს“ კიდევ – ტარაკნების დაძახება ყოფილა.

ისე, ტარაკანი თუ იჭმება?.. როცა არაფერია, ალბათ საკუთარი თავიც იჭმება. ფლოსტების ღრღნაზე უნდა გადავიდე. მოკაუჩუკო რეზინია. ძნელად იჭერს კბილი. ოდნავ თუ მოაფხვნი. მეტი აბაზანაში არაფერია. კიდევ, ცელოფნის ტენტი-ჩამოსაფარებელია… მოიცა, შენამდეც მოვალ, ჩემო საბანო!

ქილაში მომწყვდეული ტარაკნები დავიზეპირე. რინგოს გარდა, სამნი არიან. ოთხივე ერთი ჯიშის თუ ჯურისაა, ოღონდ, როგორც ჩემთვის ჩინელები ან კორეელები, ზუსტად ეგრე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ძალიან თუ დაუკვირდები ადამიანი, სხვაობა კია მაინც. ფერები გრადაციებშია. ერთი წაუყავისფრებს, მეორე მთლად ზანგურადაა  გადახრილი. საცეცები ყველას ბევრი აქვს. მათით არიან აკრული ქილის შიდა კედელზე. დროგამოშვებით წყალს ვუწვეთებ. ჯერ საცეცებით ამოწმებენ. მერე უახლოვდებიან წვეთს. ვხედავ, როგორ აირეკლებიან წვეთში სათითაოდ. კბილებით უკვე ფლოსტის ყუას ვღრღნი და ისე შევყურებ. ნელ-ნელა ვიმახსოვრებ და გამოვარჩევ… ნელ-ნელა ვატყობ, რომ ყოველი მათგანი იშვიათი პიროვნული თვისებითაა შემკული. ქილაში მომწყვდევის რიგითობის მიხედვით, მე მათ სახელები მივეცი:

რინგო, ჯონი, პოლი, ჯორჯი…

რინგო სხვებზე სხარტია. ჯონი და პოლი ტყუპებივით, ანუ ჩაის ორი კოვზივით  გვანან ერთმანეთს. ორივე – ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერი. ჯორჯი – უბრალოდ ლამაზი გენიოსია! ჩაწვეთებულ წყალს ძაან მალე აქრობენ. წყალი მაინც გვაქვს ოხრად მეც და მათაც… გენაცვალე, ლუკაშენკო, წყალკანალში! რა უნდა ვქნა?.. აღარც მეძინება… შიმშილისგან სუ აჩმა-ხინკალ-ხაჭაპურები მელანდება აქა-იქ და ყურიც უცხო ხმებით მევსება. რა ხდება? ან ეს რა მესმის?.. ბოლო ძალებით მივაყურადე. ტარაკნები თითქოს ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. უფრო რომ მივაყურადე, მივხვდი, რომ ეს სიმღერა იყო:

Here come ol’ flat-top he come grooving up slowly

He got ju-ju eyeballs he’s one holy roller

He got hair down to his knee

Got to be a joker he just do what he please

He wear no shoeshine he got toe-jam football

He got monkey finger he shoot coca-cola

He say “I know you, you know me”

One thing I can tell you is you got to be free

Come together right now over me 

(Beatles. Come together)

– თქვენ ხომ არ უბერავთ?! – ავღელდი აქ ძალიან პატრიოტულად. – ჯორჯიან ფუტბოლიკა სადაა?! ან შუშანიკა?! თავიდან იმღერეთ წესიერად!

და იმათაც დამიჯერეს.

ჭკუიდან ვიშლებოდი. მით უმეტეს, რომ მალე კიდევ ერთი ტარაკანი გამოჩნდა. ისიც რაღაცას თუ ვიღაცას ეძებდა, ისე ჯვარედინად აცეცებდა საცეცებს. დაჭერილი ქილაში ჩავუგდე ლეგენდარულ ოთხეულს, ის კიდევ საცეცებით მაშინვე ყელში ეძგერა ჯონს და არ დაინდო. სხვა რა გზა იყო – იქვე მარკად მოინათლა. ჩეპმენად.

* * *

მეოთხე დღეს რაღაც ხმა იყო შემოსასვლელიდან. აღარ მჯეროდა აღარც ღმერთის, არც ეშმაკის, არც მსოფლიო კატაკლიზმების და მასონების! ბინის კარის გაღების ხმა! ვიღაც ფეხაკრეფით შემოვიდა, ისე, რომ კარი არ მიუკეტავს. ჯერ დიდ ოთახში გავიდა… მერე სამზარეულოში. სმენა ისე დამიმხეცდა – საჰაერო მილიდან იშვიათი, დარადიაციებული ჩიტი რო გადაიფრენდა, იმის ფრთების ფათქუნი მესმოდა. აგერ მოდის! ეს თუ შენ ხარ – ჩემი ვალია, მე შენ თანამეცხედრედ გაგიხადო, წმინდა ვალიავ!

აბაზანის კარი სახელურის ერთი ჩამოწევით გაიღო. მართლაც – ვალიას ხელში ჩემი ნაწერებიდან ერთ-ერთი თაბახის ფურცელი გაკვირვებული ანგელოზივით ეჭირა.

ერთიანად შემხტარს და ეგრევე გახევებულს რა დახვდა შიგნით?

სანახევროდ შეჭმული ფლოსტითა და ხელში ტარაკნებიანი ქილით, გასავათებამდე გამხდარი და შეშლილისმზერიანი შიშველი მდგმური, რომელიც ვალიას მუხლებზე უჩოქებს და ხელს სთხოვს…

– ეს რა არი?! აქ რა ხდება?! ო, ბოჟე! – მომესმა ნისლეულიდან მისი წივილნარევი კითხვა და მაშინვე ტარაკნებიან-ფლოსტიანად გავითიშე.

* * *

აზრზე რომ მოვედი, იმავე ნაქირავებში, გახამებულ საწოლში ვიწექი. სასთუმალთან ალექსა მეჯდა მამა ტერეზივით.

– მობრუნდი, კიაზო? – შემეკითხა უდარდელად.

– საიდან?.. რა ხდება?

– რა მიიღე ეგეთი, შე ლეღვო? პატრონმა ისტერიკაში დარეკა…

– სად?

– კიდევ კაი, ახალი ჩამოსულები ვიყავით. მილიციის გამოძახებას აპირებდა… სუ გააფრინე?!

– ალექს!.. თქვენ რო წახვედით…

– ჩუ!.. და კრინტი!.. გადავდივართ აქედან!.. ქალმა – მომაშორეთ თავიდან ეგ მანიაკი- ნარკომანიო! მწერალი კი არა – ზის და რაღაც იეროგლიფები გამოყავს ფურცლებზეო!

– რაო?

– ეტყობა, შენი ქართულად ნაჯღაბნი მოხვდა თვალში!

– ო, ენავ ჩემო, ქართულო ენავ!

– აეცვი!

– ალექს, ოთხი დღე ტუალეტში ვიყავი ჩაკეტილი! რა ნარკომანი?

– გითხარი მე შენ, მუქი ზანგებისგან არაფერი იყიდო-მეთქი!

– ვინ მუქი ზანგები? რატომ არ გჯერა?

– ტარაკნები რად გინდოდა?!

– ეგენი, რავი… იქნებ შემეჭამა!..

– ტარაკნები?

– ჰო!

– შეგეჭამა?!

– ყველაფერი გადავძოვე… რეზინის ფლოსტი ვერ მოვღეჭე კარგად! კარმაც გაჭედა, ალექს! სქელი იყო. ვერ გამოვამტვრიე… ოთხი დღე შიგნით ვიყავი… ტუალეტის ქაღალდს ვჭამდი.

– დავიჯერებ, კი! აეცვი-მეთქი!

– ტარაკნები რა უყავი?

– დასასვენებლად გავუშვი ესენტუკებში.

„გადარჩებოდნენ“, – გავიფიქრე ჩემთვის. – ის ქალი სადაა?

– დღეს თორმეტამდე უნდა დავუცალოთ ბინა. გასაღებს ტილოს ქვეშ დავუტოვებთ. რამდენ კითხვას სვამ? ადე! წავედით!

– მუტანტები?

– სარკეში ჩაიხედე-მეთქი!

და ჩვენც წავედით ზლაზვნით. წავედით და ისევ მიშელ-მიგელას შევუსახლდით. უკვე – საქართველოში დაბრუნებამდე. თეთრ რუსთა შარიანმა დედაქალაქის ცენტრმა ki ისევ ძველებურად ჩაგვიკრა გულში აღდგენილი დუეტი – დალევა, ამბავი, წრიალი.

მე და ალექსა გარეთ თუ გავდიოდით, დავქროდით ძირითადად მეტროთი. ალექსა ადგილობრივ რძისფერ გოგოებს თვალს უკრავდა და თავისი „ობლადი-ობლადათი“ უტიფრად, თუმცა მათთვის არაგამაღიზიანებლად კერავდა. მე ყველაფრისმცოდნე ფარისეველივით ვიღიმებოდი და ნელა ვაფახურებდი გაკვამლულ თვალებს.

მილიცია ჩვენკენ თითქმის არ იყურებოდა. ერთს შეგვავლებდნენ პაგონებიან მზერას ირიბად და მაშინვე უხერხული შმუშნით იმზირებოდნენ სადღაც, კიდევ უფრო განზე, ანუ ისე ფერადად ვიყავით გაზმანულები, ეჭვადაც არავინ იღებდა ჩვენს კავკასიელობას, არადა, სულ პანტა-პუნტით, ჩვენ თვალწინ აჩერებდნენ, საბუთებს უმოწმებდნენ, ხვეტდნენ, ყრიდნენ, იჭერდნენ შავგვრემან და მუქსამოსიან მგზავრებს. იყო მერე დიდი ხვეწნა-მუდარა, პასპორტების ფრიალი, გაქაჩვები და ვაი-უშველებელი.

ჩვენ სულ სხვა სუნი აგვდიოდა:

ალექსას საყურე მფარველობდა, მე – `ბრონდბიუ~.

ჩემი ოთხდღიანი გამოკეტვის, ანუ სააბაზანოში ჩარჩენის მაინც არავის სჯეროდა და ჩემს მონაყოლს ცალყბად კი არა, სულაც ყბების გარეშე უსმენდნენ, უფრო ხშირად კი საერთოდ არ უსმენდნენ. მერე მეც მომბეზრდა ეს ლაყაფი და ფეხებზე დავიკიდე… მაინც ხომ დაწვრილებით მახსოვდა ყველაფერი… თან ისე, რომ აქედან ვერასდროს ვეღარაფერი ვეღარ წაშლიდა.

მიგელას იმ დებილმა კინომ რომელიღაც ევროპულ ფესტივალზე გრან-პრი მოხსნა და პრემია მიიღო. ალექსა საქართველოში ჩამოსვლისთანავე კიდევ ერთხელ დაუბრუნდა თავის მეცხრედ გაშორებულ ცოლ ლინას.

ბოლოს რომ დარეკა, კიდევ ერთხელ შევეცადე, შემეხსენებინა ჩემი ბელორუსული ოთხდღიანი ტყვეობის ამბავი. იმან ისევ აბუჩად ამიგდოსავით და კიდევ უარესიც – იმიტომ, რომ ისეთი მკითხა, საერთოდ უკანასკნელ გონებასუსტ ტარაკნად მაქცია:

– კაი. მაგრამ თუ ვერ გამოდიოდი, წყალი რატომ არ ჩაუშვი ქვემოთ?

ტარაკნებს იმის მერე სულ სხვანაირად აღვიქვამ, ვუყურებ და ვექცევი. რაღაცნაირად – ახლობლები გახდნენ ჩემთვის. სხვანაირად ახლობლები. აი, ძალიან ჩემებზე ჩემები. მე ვიყო „ბიტლზების“ პროდიუსერი.

© არილი

Facebook Comments Box