არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია პუბლიცისტი ბიძინა მაყაშვილი:
კითხვის პირველი მოგონება
თავიდან იყო სიტყვა, იმიტომ, რომ მაშინ კითხვა არ ვიცოდი და სხვები მიკითხავდნენ. ეს „სხვები“ ის სიტყვა არ არის, რასაც ეს შესანიშნავი ადამიანები იმსახურებენ. განსაკუთრებით ორი მათგანი მახსოვს – ბებიას ძმა ირაკლი და პაპიდა ვარო. თვალწინ მიდგას სურათი: ლოგინში ვწევარ, ფეხებთან ირაკლი ან ვარო სხედან და მიკითხავენ ქართულ ზღაპრებს. მე კი იმ მცირე პაუზასაც ვერ ვიტან, რაც ფურცლის გადაშლას სჭირდება, ჭიაყელასავით ვიკლაკნები და გავკივი – მერე, მერე!
ბავშვობის საყვარელი წიგნი
დიუმას „სამი მუშკეტერი“ ძალიან დიდხანს გამყვა. მეორე კლასში ვიყავი, როცა რომელიღაცა სახადი ავადმყოფობა შემეყარა. მაინცდამაინც არ მაწუხებდა და ლოგინში ჩემი გაჩერება პრობლემა იყო. პრობლემა მამამ ამ წიგნით გადაჭრა. ამას წინათ ფილმი რომ მოგეწონა, ის არის, ოღონდ ბევრად მეტი თავგადასავლებიაო. გადავირიე. არ ვიცი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ ერთი კლასელი მყავდა – ამ რომანს რომ ჩაათავებდა, მეორე დღეს თავიდან იწყებდა. მე ცოტა წინ წავიწიე და მარკ ტვენის ტომ სოიერს და ჰეკლებერი ფინს მივადექი. თავიდან უბრალოდ მომეწონა, წლების შემდეგ კი გავაცნობიერე, რომ ჰეკლებერი ფინი ძალიან დიდი იყო.
რაც შეეხება უშუალოდ საბავშვო გამოცემებს, ძალიან მიყვარდა მიუნჰაუზენი და ძალიან მწყინს, რომ აღარ მაქვს იმდროინდელი ილუსტრირებული გამოცემა.
პაპაჩემის ძმა 1927 წელს საფრანგეთში გაექცა ბოლშევიკებს და ჩემი მშობლები აქედან თანამედროვე ლიტერატურით ამარაგებდნენ. ასე რომ, ბავშვობაშივე აღმოვაჩინე ორი დიდი ქართველი მწერალი, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდები: რევაზ ინანიშვილი და ოთარ ჭილაძე.
წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა
ჩემი მოზარდობისას დაიწყეს მთარგმნელობითი ალმანახის, „ხომლის“ გამოცემა. სხვა რამეებთან ერთად, სწორედ ამ ალმანახის მეშვეობით მივაგენი ორ ისეთ ნაწარმოებს, რომლებიც ყველაზე ახლოს დგას ამ კითხვასთან: კამიუს „უცხო“ და ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“. ამ მწერლებმა გამაგებინეს, რომ ყველაზე ერთფეროვანი ცხოვრებაც კი უფრო დიდი თავგადასავალია, ვიდრე ყველა სათავგადასავლო რომანი ერთად. შეიძლება, ასაკის ბრალი იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს ნაწარმოებები ძალიან ზუსტად ასახავდნენ ყოფიერებას.
მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვალა
არ მეგონა, ტოლსტოის „ომი და მშვიდობის“ შემდეგ სხვა რომანი თუ მოახდენდა ჩემზე მსგავს შთაბეჭდილებას. ასეთი რამ კი ფოლკნერის ტრილოგია – „სოფელი“, „ქალაქი“ და „სახლი“ აღმოჩნდა. ვერ დავიჟინებ, შეხედულებები შემეცვალა-მეთქი, მაგრამ ჩემზე, როგორც აქტიურ მკითხველზე, ძლიერი ემოციური ზემოქმედება მოახდინა. დაწყებული ყოველდღიური ურთიერთობებიდან და ფართო ისტორიული კონტექსტით დამთავრებული, ვერ გამოვდივარ სნოუპსების სამყაროდან.
წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა
ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“. ადრეულ ბავშვობაში, როცა ლექსიკური მარაგის სიმდიდრით ვერ დავიკვეხნიდი, საკუთარი ემოციების გადმოსაცემად სიტყვებს ვიგონებდი. მოგვიანებით სიტყვების მეშვეობით რეალობიდან აბსურდში დაუძაბავად გადასვლა და მერე ისევ უკან დაბრუნებაც ბუნებრივად გამომდიოდა. მეტს არაფერს ვიტყვი, თორემ ვატყობ, რომ ვტრაბახობ. მოკლედ, ძალიან „ჩემი“ წიგნია, რომელიც ერთად აღებულ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ (და ქვევით რომ მომიხდება ხსენება) ნაწარმოებზე მეტად მიყვარს.
წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები
თითქმის ყველა წიგნს, რომელიც ჩემი სურვილით მაქვს წაკითხული, გარკვეული ფორმით და სიხშირით ვუბრუნდები ხოლმე, თუმცა დიკენსის რომანები, ჯეინ ოსტინის „სიამაყე და მცდარი აზრი“, ილფის და პეტროვის „12 სკამი“ და „ოქროს ვერძი“ და ჯერომ ჯერომის „სამნი ერთ ნავში“ ის ნაწარმოებებია, რომელთა გადაკითხვა ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. გარდა ამისა, მაქვს ერთი სისუსტე – იან ფლემინგის ნებისმიერი რომანი ჯეიმს ბონდის შესახებ.
წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები
დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ დოსტოევსკი ძალიან მეზარება. განსხვავებული მიზეზის გამო მაქვს ამოჩემებული გოლდინგის „ბუზთა მბრძანებელი“. ასეთი ჟურნალი იყო – Вокруг Света, იქ იბეჭდებოდა გაგრძელებებით. 14 წლის ვიყავი და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს კაცი ნობელის პრემიის ღირსი იყო. წლების შემდეგ, როცა მიიღო ეს ჯილდო, კიდევ ერთხელ წავიკითხე და ოდნავ გამიფერმკრთალდა ემოციები. ჰოდა, ამიტომ დღეს თავს ვიკავებ გადაკითხვისგან – მეშინია, კიდევ უფრო გულგრილი არ გავხდე მის მიმართ.
წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე
ასეთი წიგნი ბევრია, ამიტომ მხოლოდ ერთს, უკანასკნელს ვახსენებ. შარშან წავიკითხე ჰენრი ფილდინგის „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი“.
პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ
ცხადია, ბევრი ლიტერატურული პერსონაჟი მომწონდა, მაგრამ ჩემს თავს არავისთან ვაიგივებდი. ბავშვობიდანვე გაცნობიერებული მქონდა, რომ ისინი წარმოსახვითი გმირები იყვნენ და რეალობასთან რამდენი ჰქონდათ საერთო, მხოლოდ ავტორებმა იცოდნენ. მეორე მხრივ, იყო შემთხვევები, როცა სხვები მაიგივებდნენ პერსონაჟებთან, მაგალითად, ჰოლდენ კოლფილდთან. ეტყობა, რაღაც ასაკში მისი გავლენის ქვეშ მოვექეცი. მიუხედავად იმისა, რომ „თამაში ჭვავის ყანაში“ მომწონდა, სელინჯერი ჩემთვის უფრო „ცხრა მოთხრობის“ ავტორია.
ერთხელ ნაბოკოვის ცინცინატს შემადარეს, რომანიდან „მოწვევა დასასჯელად“. ისე მოხდა, რომ ეს რომანი დღემდე ვერ წავიკითხე, თუმცა მისი „საჩუქარი“ და “პნინი“ ძალიან მომწონს.
ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს
ორუელის „1984-მა“ ისე გამიცრუა იმედი, რომ მის „ცხოველთა ფერმას“ არც კი ვეკარები.
ასეთი წიგნების რიგშია ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“. ერთხელ გია დარსალიას მისი ქართული თარგმანი უნდა გამოეცა და მთხოვა, უკანა ყდისთვის ნახევარი გვერდი დამიწერეო. უარი ვუთხარი – მრცხვენია აღიარება, მაგრამ არ მომწონს-მეთქი. გიამ გაიკვირვა – დღეს მეორე ხარ, ვინც ასე მიპასუხაო. პირველი ზურაბ კიკნაძე აღმოჩნდა. იმ დღის მერე აღარ მრცხვენია.
ამ სიაში ორიოდე ქართველიც მყავს, მაგრამ არ დავასახელებ: შემხვდებიან მერე მათი შთამომავლები და – მამაჩემმა რა დაგიშავაო, პაპაჩემს რას ერჩიო, მიცვალებულზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერიო, რადგან მთაწმინდაზე არ არის დაკრძალულიო, აბა, ინგლისელი იყოსო, ეტყობა, გერმანელებმა არ იციან შენი აზრი, თორემ არ თარგმნიდნენო, ამ დროს შურიან კაცს არ ჰგავხარო და… არა მაქვს ამეების თავი.
წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე
ასეთი ბევრია და აქ არ ჩამოვთვლი, რადგან, დავიწყების გარდა, არაფერს იმსახურებენ.
ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე
ამ ბოლო ხანებში წიგნებს წყვილად ვყიდულობ. უკანასკნელი წყვილი ასეთია: ფოლკნერის „იგავი“ და ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი“.
წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ
ახლა ერთდროულად ორ წიგნს ვკითხულობ: მიშელ უელბეკის „მორჩილებას“ და აგათა კრისტის ავტობიოგრაფიას. ავტობიოგრაფიებს უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ინტერესით ვეტანები. ბევრად მეტ ინფორმაციას ვიღებ კონკრეტულ ეპოქაზე, სოციალურ ფენასა და კულტურულ ფონზე, ვიდრე ისტორიული ნაშრომებით.
წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი
ორიგინალში, ქართულის გარდა, რუსულად და ინგლისურად ვკითხულობ. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრია ისეთი წიგნი, რომელსაც სიამოვნებით წავიკითხავდი ქართულად.
რაღაცები კი მაქვს ნათარგმნი ინგლისურიდან, მაგრამ მიმაჩნია, რომ თარგმნა ჩემი საქმე არ არის. თარგმნისას ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ახლოს ვიყო ავტორის ტექსტთან, რაც თარგმნის ხარისხზე უარყოფითად აისახება. ამიტომ მხატვრულ ტექსტებს ვერიდები, დოკუმენტური პროზა და სახელმძღვანელოები უკეთ გამომდის.
ისე, სიყმაწვილეში კეროლის ელისიდან ლექსები ვთარგმნე, თუმცა არ მომეწონა, მაგრამ ამ კითხვას რომ ვუპასუხო, ვიტყვი – ვისურვებდი, მეთარგმნა „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“.
წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ
1989 წელს ჟურნალ Иностранная Литература-ში გამოქვეყნდა მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ნაწარმოები, ჯეიმს ჯოისის „ულისე“. მიუხედავად იმისა, რომ „ულისე“ ქართულადაც გვაქვს, იმ ჟურნალის თორმეტივე ნომერი დღემდე შენახული მაქვს იქ გამოქვეყნებული კომენტარებისა და ფოტოების გამო.
შეიძლება მათ შემოქმედებაში ჯოისის გავლენა ვერ იგრძნოთ, მაგრამ, იმედია, ოსტატობას დაუფასებთ თანამედროვე ბრიტანელებს: ნიკ ჰორნბის, ირვინ უელშს, უილიამ ბოიდს, პიტერ აკროიდს, ჯულიან ბარნსს, იეინ ბენკსს, იენ მაკიუენს…
დაბოლოს, რეზო ჭეიშვილის „მუსიკა ქარში“. ოღონდ არ მკითხოთ, რატომ. უბრალოდ, წაიკითხეთ.
© არილი