ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ თამთა მელაშვილთან – სად არიან დედები თქვენს ტექსტებში?

ფოტოს ავტორი: გურამ წიბახაშვილი

 

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია თამთა მელაშვილი, მწერალი:

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

სტანდარტულად: „მე, თამთა მელაშვილი დავიბადე…“

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

ორივე.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ:

ჩაგვრა.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

ბოლო დროს წაკითხულებიდან, ალბათ, ოტესა მოშფეგის ვესტა გული.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

და არც ვაპირებ – ძალიან ბევრი.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს.

ზიზღს ჩემში, მეტწილად, თანამედროვე პოლიტიკოსები იწვევენ.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

პაულა რეგუ. და ძალიან მომწონს როგორ ასათაურებს თავის ნახატებს. სრულიად მოულოდნელი სათაურებით, ვერასოდეს გამოვიცანი.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.

ავოკადოს კურკის მეშინია.

ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?

თვითმფრინავში ჯერ მარჯვენა ფეხს ვდგამ ხოლმე, მაგრამ ეგეც შეიძლება დამავიწყდეს.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

ხანდახან.

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

უფრო, ალბათ, არ მომწონს, ვიდრე არ მიყვარს და ასეთი ბევრია. არსიყვარული უფრო მძაფრი გრძნობაა და მათზე არ ვხარჯავ.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება:

ბავშვობაში ცეკვა იყო და ახლა ნამდვილად არ ვიცი. ალბათ, მოგზაურობა.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

როდაან ალ ღალიდის „სამი ზეწარი, ორი ჩიხოლი“ და კარგი იყო.

დიონისე თუ აპოლონი?

არცერთი.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

ხვარამზეს აქვს ლექსი ბრაზზე, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ სათაურს, მისი ავტორი ვიქნებოდი.

ადამიანი, ვისიც გშურთ.

ფადოს მომღერლების. მგონია, რომ სიმღერისას ის ამოაქვთ, რასაც მე ვერასოდეს ამოვიტან და რისგანაც ბოლომდე ვერასოდეს გავთავისუფლდები.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.

არ ვიცი და სურვილიც არ მაქვს ვიცოდე.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი.

ბევრად მეტი გვყავს, მხოლოდ სამის დასახელება გამიჭირდება.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.

რამეთუ.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები).

ბურბუშელა.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ქართული რომანი.

ერთი აუცილებლად „ვა, სოფელოა“, სხვა არ ვიცი.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„დარდი გაუშვი“

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

‘შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად“ – ალბათ, იმიტომ, რომ სკოლაში იძულებით სწავლებისას ძალდატანების გარეშე დამამახსოვრდა.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

არ ვიცი.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ქართულად და ინგლისურად. იშვიათად რუსულად. თუ შედარებითი მარტივი ტექსტია, გერმანულად და პორტუგალიურადაც შემიძლია.

ქალი / კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

ალბათ, უფრო მაინტერესებს, ვიდრე მიზიდავს. ელფრიდე იელინეკის პერსონაჟები არიან საინტერესო.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ერთხელ, ნორა იკსტენასთან ჩავწერე ინტერვიუ და მგონია, რომ საინტერესო გამოვიდა. მსგავსი საუბარი ბევრ ავტორთან მექნებოდა, მეტწილად მათთან, ვისი ტექსტებიც მომწონს. მაგალითად, სალვა ან-ნუაიმს ვესაუბრებოდი სიამოვნებით „თაფლის სამხილზე“.

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული.

ჯამეიკა კინკეიდის „დედაჩემის ავტობიოგრაფია“. სამჯერ მაქვს წაკითხული და სამივეჯერ ერთნაირად აღმაფრთოვანა.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

არ ვიცი, ალბათ, რომელშიც ვცხოვრობ.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

„გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში მყოფი“ ალბათ, ეს, რაც ასე უცებ გამახსენდა.

რომელია საუკეთესო დასარული?

არუნდატი როის „წვრილმანების ღმერთს“ აქვს ყველაზე სევდიანი და ლამაზი დასასრული.

ენა თუ ამბავი? რატომ?

უფრო ენა. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია როგორ ჰყვები, ვიდრე რას ჰყვები.

პროცესი თუ შედეგი?

პროცესი.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.

არ მაქვს მცნებები.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

„სად არიან დედები თქვენს ტექსტებში“?

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

ძალიან ბევრი.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

ძალიან საჭირო, მაგრამ ცოტა მოსაწყენი ხალხია.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

ბევრი. ძირითადად, ბავშვობაში წაკითხული კლასიკა.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ჯოჯოხეთი ერთადერთია – ომი.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ალბათ, „ვეფხისტყაოსანს“.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.

ვინ, სად და როგორი ვიქნებოდი, ემიგრაციაში რომ დავრჩენილიყავი.

© არილი

Facebook Comments Box