ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ლუკა ბაქანიძესთან – სიკვდილებისგან შევდგები ძირითადად

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ლუკა ბაქანიძე, ჟურნალისტი, პოეტი, მწერალი:

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

მოვაშორებდი დოკუმენტურ იერს და სიმშრალეს. მხატვრულად, უფრო. უტიფრადაც, რატომაც არა. ამიტომ არის, რო ვაკანსიაზე ჩემს გაგზავნილ სივის არასდროს მოჰყვება ხოლმე პასუხი 🙂

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

მგონი, გამონაგონის გასაღება რეალობად, ბუნებრივად და ორგანულად, უნდა იყოს ჰაი ლეველის მწერლური ოსტატობა. მაგრამ ამისთვის საჭიროა რეალობის, დროის სულის ზედმიწევნით აღქმა და ცოდნა. მხოლოდ რეალობის ასახვა ჟურნალისტების საქმეა.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.

ნებისმიერი პრობლემა შეიძლება გადაიქცეს თემად. არ მაქვს განსაზღვრული რადიუსი ტექსტების შინაარსისა. თუმცა, განსაკუთრებით ბუნებრივად და მძაფრად, ემოციური სიმართლით, ალბათ სოციალურ თემებზე მეწერება. ისე, ზოგადად, მოზარდებზე, ცხოველებზე და უფულო ადამიანებზე მიყვარს წერა 🙂

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

ბევრი. შეიძლება მწერალს და ტექსტს ვერ ვიტანდე, მაგრამ მისი რომელიმე პერსონაჟი მომწონდეს ძალიან. არ მიყვარს ჰიუგო, მაგრამ მოხიბლული ვარ ჰომოს და ურსუსის ტანდემით. საერთოდ, ძირითადად კლასიკურ ლიტერატურაში უფრო გვხდებიან მონუმენტური, მკვეთრად გამოკვეთილი და დასამახსოვრებელი პერსები. თანამედროვე პროზა უფრო ქაოტურია. რომელიმე ერთ პერსონაჟზე კონცენტრირების და მისი დამახსოვრების საშუალებას არ გაძლევს ნაწერის მედინობა და ეს ნორმაა – ასეთია თანამედროვე ტექსტის სპეციფიკა. ისე, ყველაზე მეტად მიყვარს და სულ მახსოვს საბავშვო ლიტერატურის პერსონაჟები: პეპი, ჩორვენი და ა.შ.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

კლასიკური ლიტერატურიდან არა მგონია გამომრჩენოდეს რაიმე მნიშვნელოვანი ტექსტი. ან, თუ გამომრჩა, არც ისე ბევრი, ალბათ. უფრო, ანტიკური ლიტერატურის არცოდნას მივტირი ეს ბოლო ხანები. უამრავი მნიშვნელოვანი ავტორი არ ვიცი, სამწუხაროდ, და ახლა ვივსებ ამ დანაკლისს, რადგან, ალღო მეუბნება, რო ანტიკური ლიტერატურის საფანელი, ბალასტი, უკიდურესად მნიშვნელოვანი რამაა მწერლის ზრდისა და განვითარებისთვის.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

არცერთი. რადგან უკანასკნელ ნაძირალასაც შემიძლია გავუგო და მაქსიმუმ, შემეცოდოს. მაგრამ ეს ჩემს კაცთმოყვარეობაზე არ მეტყველებს – შემხვედრიან და ვიცი ადამიანები, რომელთაც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დავუშვებდი შუბლში ტყვიას და მერე კრავივით უცოდველი დავიძინებდი. მაგრამ ზიზღის მომენტი ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხულია ჩემს შემთხვევაში.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

მხატვრობაში და ჯაზში არ ვარ კომპეტენტური, სამწუხაროდ და ჩემდა სამარცხვინოდ. ვიცი, რო ორივე დიდებული რამეა, მაგრამ ჯაზი არაა ჩემი მუსიკა და ნახატსაც ალღოთი თუ მივუხვდები, რო ღმერთისდარი ადამიანი დგას მისი შექმნის მიღმა… გოგენის ფერებს შეუძლიათ განმაცდევინონ ერთგვარი სულიერი, და პრინციპში, ფიზიკური ერექციაც. გუდიაშვილის ნახატებიც მომწონს, თუმცა თავად მხატვარზე ბევრი რამ ვიცი და სულაც არ მხიბლავს მისი პიროვნება… მოკლედ, მხატვრობაზე ლაპარაკს, მირჩევნია რომელიმე კარგ ნახატს ვუყურო ჩემთვის ჩუმად, და არავინ მკითხოს აზრი მის შესახებ 🙂

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.

ზედმიწევნით კარგად ვიცნობ საკუთარ თავს და მგონი, რაიმე უცნაური თვისება არ უნდა მებადოს, თუმცა, ბევრს მიაჩნია უცნაურ თვისებად, რომ, მაგალითად, ფხიზელზეც კი, მამალი გიჟივით შემიძლია ველაპარაკო ძაღლს, მცენარეს, მონოლოგები მივუძღვნა მდინარეს, და ასე შემდეგ. საკმაოდ პოეტური ნატურა გამოვდექი მოკლედ, ჩემდა ჭირად. პოეტად ყოფნა კი 21 საუკუნეში – ჯოჯოხეთია.

ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?

როგორც ჭეშმარიტი მეთევზეს, კი, მჯერა… გამაჩნია ჩემი წესები, რიტუალები. მჯერა შავი კატის გადარბენის, მარილის დაბნევის, ჭინკების, ჯადოქრების… მაგრამ ესე ყოველი არც მბოჭავს, არც რაიმე სულიერ ბარიერებს მიქმნის სამყაროსთან, გარემოსთან ურთიერთობაში – სწორედ რომ პირიქით. ასე რომ, სისულელეა თუ არა, სასარგებლოა ჩემთვის, ალბათ, ასეთი მსოფლხედვა, ასე გადაწყვიტა გონებამ 🙂 არ მოიწყენს მოკლედ ჩემთან ადამიანი.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

კი, ხანდახან. ფხიზელზე მშვიდად ვფიქრობ და ბრძნული აზრები მომდის. არაფხიზელზე – მეშინია და ვფორიაქობ. საკუთარ სიკვდილზე ვამბობ. სხვების სიკვდილზე, ჩემს მიერ განცდილზე, არამარტო ვფიქრობ, თან დავატარებ სულ. სიკვდილებისგან შევდგები ძირითადად, ასე ვთქვათ, ხატოვნად და კოხტად 🙂

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

ძალიან არ მიყვარს – ხმამაღალი ნათქვამია. უბრალოდ, შემიძლია კარგი ნაწერის აღქმა, გამაჩნია საამისო ალღო, და ვიცი, რო ბევრი, ჩვენში და არა მარტო ჩვენში აღიარებული „გენიოსი“ ავტორი, საუკეთესო შემთხვევაში, საშუალო მწერლურ რანგს განეკუთვნება. არა მგონია ჩამოთვლა ღირდეს, ჩემი კოლეგები, თუ მათი სულები რო არ გავანაწყენო.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.

თევზაობა. გატაცებაზე ბევრად მეტია ალბათ. ცხოვრების წესი. მსოფლხედვა. ჩემი პიროვნების – ვერ ვიტან ამ სიტყვას მაგრამ სხვა სინონიმი უცებ ვერ მოვძებნე ტვინში – განმსაზღვრელი პირველი მოცემულობა მეთევზეა და მერე სხვა დანარჩენი თამაშობანი – მწერლობა იქნება ეს თუ ჟურნალისტობა, ბლოგერობა.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

ერსკინ კოლდუელის მოთხრობები წავიკითხე, წმინდად პრაგმატული მიზნით: მომეჩვენა, რო ამჟამად სამუშაო ტექსტში მომეძალა ინტელექტუალიზმი, და დამაკლდა სილაღე. ხოდა, შესაბამისი ლიტერატურის კითხვა სწრაფად მაბრუნებს ხოლმე ფორმაში, როგორც პრაქტიკამ აჩვენა. მარკ ტვენსაც მივყოფ ხელს და გავაგრძელებ მუშაობას, როგორც ჯერ არს 🙂

დიონისე თუ აპოლონი?

ალბათ, დიონისური საწყისები მეტი მაქვს. საკმაოდ გოთფერანი სულის პატრონი ვარ საიმისოდ, აპოლონი რომ ვიყო. თან დალევა მიყვარს მაგრად.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

სიამოვნებით მოვაწერდი ხელს მარკესის პატრიარქის შემოდგომას. ან ფოლკნერის – სული რომ ამომდიოდას. უფრო თანამედროვე ავტორებში, შეიძლება, დროდადრო სარამაგუობა ვინატრო.

ადამიანი, ვისიც გშურთ.

სადღაც ნათქვამი მაქვს და აქაც გავიმეორებ, ძალიან მშურს წყლისპირას, ზღვისპირას მცხოვრები ადამიანების. განსაკუთრებით, სადმე, წყნარ მხარეში. სკანდინავიაში, იაპონიაში, ტაილანდში.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.

დაშვებულ შეცდომებს რაც შეეხება, რამდენიმე მათგანი უმძიმესია და არ ვაპირებ მათ გასაჯაროებას. თუმცა, ხშირად მაქვს შეგრძნება, რომ რაც გავაკეთე, ჯობდა სხვანაირად გამეკეთებინა, ან მეთქვა. ზედმეტად იმპულსური და ემოციური მასტი ვარ,ალბათ, ყოვლად შეუცნობელი ინსტინქტური რეფლექსიებით, განსაკუთრებით არაფხიზლობის ჟამს.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი.

პოეტებს რაც შეეხება: პირველ რიგში ბესიკ ხარანაულს დავასახელებ. ალბათ, ერთადერთი იმ იშვიათ პოეტთაგანია, რომელიც თვალდათვალ იზრდება, როგორც პოეტი, და ყველაზე არაპროგნოზირებადი და საინტერესოა, როგორც პოეტი. სწორედ ესაა ნაღდი პოეტობა. იგივე სქილები აღმოვაჩინე ახლახან ახალგაზრდა ავტორის, პაატა შამუგიას ლექსებშიც, რომელიც, სიმართლე ვთქვა, არ მომწონდა მაინცდამაინც. კარგი ექსპერიმენტატორია და ისიც, ხარანაულის არ იყოს, თვალდათვალ იზრდება. განვითარებადობა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა ხელოვნებაში. როცა არ ჩერდები შემოქმედებითად ერთ ადგილზე. არ კონსერვდები. არ იყინები. და ბევრია ასე თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. შესანიშნავი ავტორები, მაგრამ უძალო, საიმისოდ, რომ იარონ, კიდევ წინ წავიდნენ. რამდენიმეს კიდევ დავასახელებდი და ვიტყოდი მათზე, მაგრამ ბლიც ინტერვიუ აღარ გამოვა. ისე კი, განსაკუთრებით, დებიუტანტებზე ვარ ხოლმე ჩასაფრებული. მათ ვგულშემატკივრობ, მიყვარს და ვეხმარები, როგორც შემიძლია. მათზე ლაპარაკი უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია და ვლაპარაკობ კიდეც, როგორც შემიძლია.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.

ყველა სიტყვას პატივს ვცემ კარგად შეკრულ წინადადებაში, შინაარსში. გამოსადეგი სიტყვა პატივისცემის ღირსია ჭეშმარიტად, და არ არსებობს გამოუსადეგარი ენობრივი წარმონაქმნი კარგი მწერლის ხელში.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები).

აქაც წინამდებარე პასუხს გავცემდი, პრინციპში. შეიძლება, უბრალოდ, ჟღერადობით მსიამოვნებდეს ან არ მსიამოვნებდეს ზოგიერთი სიტყვა და ასეთი ბევრია.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ქართული რომანი.

სამი ცოტაა. თამთა მელაშვილის „გათვლას“ დავასახელებდი. ასევე, ივა ფეზუაშვილის „ბუნკერს“. აკა მორჩილაძის მადათოვის ტრილოგია მიყვარს ძალიან, და აქვე, მოკრძალებით და სიამაყითაც შემოგაჩეჩებდით ჩემს რომან „მესამე ნაპირს“ : მისი დაწერიდან კი არის გასული უკვე იმდენი წელი, რომ აბსოლუტური ობიექტურობით და მშვიდად, როგორც მკითხველმა და როგორ ლიტერატორმა, ვაღიარო ის ერთერთ საუკეთესო ლიტერატურულ კომპოზიციად, რომანად, რაც კი 21 საუკუნის საქართველოში დაწერილა. თუმცა, ასევე ვცნობ მის უამრავ დეტალურ ხინჯს და ძალიან სუსტ სტარტს, რამაც, ალბათ, განაპირობა რომ ბევრმა შეიძლება დაწყებისთანავე მიანება ან მიანებოს თავი… აი, ასე.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„იქნება ვეფხის დედაი, უფრო მწარედა სტირისა“  ეს სტრიქონი ქართული პოეზიის შედევრისა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა ჩემთვის. უამრავ რაიმეს იტევს… თუმცა ზოგიერთი ბანალური ციტატაც კარგად მაქვს გათავისებული და ვცნობ მათ უტყუარობას, როგორებიცაა – დრო ყველაფრის მკურნალია. და დრო ჭეშმარიტად ყველაფრის მკურნალი გამოდგა. ასევე – რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს, და მართლაც გაძლიერებს ის, რაც არ გკლავს.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

ვეფხისტყაოსნიდან რაიმე ამოჩემებული საყვარელი სტრიქონი არ მაქვს. ზოგადად, ვცნობ მის სიდიადეს და პატივს ვცემ და აღვიქვამ მის უზარმაზარ მნიშვნელობას. თუმცა, სიყვარულით არ მიყვარს, და არც არაფერი მახსოვს ზეპირად, როსკიპო ბოზო დიაცოს გარდა.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

საუკეთესო ქართული ლექსია, ლექსი ვეფხისა და მოყმისა, ჩემი აზრით.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ორ ენაზე შემიძლია კითხვა – ქართულად და რუსულად.

ქალი / კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

პერსონაჟებზე ვთქვი უკვე, მაგრამ კონკრეტულ მიზიდულობაზე თუა ლაპარაკი, და კერძოდ სექსუალურ მიზიდულობაზე, სიამოვნებით გავჟიმავდი სარამაგუს პერსონაჟს – სიკვდილს. ასევე ბუკოვსკის პერსონაჟ ქალებს. ასევე, შევიყვარებდი ლინდგრენის პერსონაჟს – მალინ მელკერსონს. და სულიერად, მარად ჰეკლბერი ფინად დავშთები, რა თქმა უნდა. სტერილური ხალხის მოძულე მოხეტიალე ბავშვად, სანამ  ძალი და ღონე მომცემს ხეტიალის და გადაკარგვის საშუალებას, რაც არ უნდა სასაცილოდ მოვჩანდე.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

მწერალთან საუბარს რაც შეეხება, სიამოვნებით ვისაუბრებდი ჰემინგუეისთან თევზაობის შესახებ. მის დიდებულ მოთხრობებზე არ ამოვიღებდი ხმას, რადგან არ მიყვარს ლიტერატურაზე ლაპარაკი, მით უფრო – მწერლებთან.

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული.

საბავშვო ლიტერატურას ვუბრუნდები ხშირად, და შესაბამისად უამრავჯერ მაქვს წაკითხული ლინდგრენი, ტვენი, ვესტლი, და ასე შემდეგ. უფრო სერიოზული მწერლობიდან, როგორც წესი, ორიოდე გადაკითხვა მყოფნის, რო ის ავიღო რაც  მესაჭიროება და დავიმახსოვრო. და მერე იშვიათად მივუბრუნდები ისევ.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

რო წავიოცნებო, ან შორეულ მომავალში, ან  ძველ დროში ვიცხოვრებდი სიამოვნებით. მოცემული თანამედროვე ცხოვრებისეული სტანდარტები არ მყოფნის, არც მომწონს  და მასევდიანებს. თუმცა, პროფესიულად რო მივუდგე, ალბათ იდეალურ დროს და ადგილას ვცხოვრობ, სამუშაოდ, როგორც მწერალი.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

მარკესის „გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას“ აქვს დიდებული სტარტი. კიდევ ბევრ წიგნს, მაგრამ ეს გამახსენდა ახლა.

რომელია საუკეთესო დასარული?

დასასრულებს რაც შეეხება, კლასიკურ ლიტერატურაში უფრო გხვდება შეკრული კომპოზიციები, კარგად იცოდნენ წიგნის დამთავრება, დამპლებმა. თანამედროვე ლიტერატურას, პრინციპში, დასასრული, როგორც ასეთი, არც სჭირდება. მთავარია, მოსახერხებელ ადგილას გაწყვიტო სათქმელი. ამასაც დიდი ოსტატობა უნდა სხვათა შორის. მაგრამ, პირადად მე, დიკენსისეული დასასრულები უფრო მომწონს, როცა, წიგნის დახურვისას ვეღარც წარმოიდგენ თუ კი რაიმე შეიძლება კიდევ მოხდეს. აქ მაგალითად მოვიყვანე დიკენსი, როგორც ავტორი, არ შედის ჩემს საყვარელ მწერლებში.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ამბისთვის საჭიროა ენა. ენამ, სტილმა, შეიძლება ყოვლად ბანალური ამბავი აქციოს შედევრად. ისევე როგორც სტილის ფასია კაპიკი, ამბის, ანუ ერთგვარი ბრძოლის ველის, ასპარეზის გარეშე, გამოუყენებლად. ცუდად მოყოლილი ამბის ფასი კი ნულია. და ამბავში არ ვგულისხმობ კონკრეტულ ფაბულას, დაწყებულ, განვითარებულ და დასრულებულ შინაარსობრივ მოცემულობას – ნებისმიერ ფრაზეოლოგიას, სიტყვათწყობას ვგულისხმობ, რასაც შეიძლება წერდეს მწერალი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს სათქმელი და სათქმელის გადმოცემის ნიჭი – ეს გახლავთ ლიტერატურა.

პროცესი თუ შედეგი?

პროცესი უკვე შეიცავს თავისთავში შედეგს. პროცესი – უკვე შედეგია, გარკვეულწილად. და ამ მედინობის სასრული, მთლიანი კომპოზიციის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ფლობს მწერალი პროცესს. და რაც უფრო კარგად ფლობს და ვირტუოზია თავისის საქმის, მით უფრო „ცოცხალია“ მის მიერ შექმნილი ორგანიზმიც, ტექსტის სახით. პროცესიც და შედეგიც ერთგვარი მშობიარობის ტოლფასია. როცა დასასრულს ნაყოფი იწყებს სუნთქვას. ესე არს მწერლობა ჩემი, საყვარელი.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.

არა იწამო დანარჩენი 10 ცნების, რამეთუ ადამიანი – ადამიანია, და ვერავითარი წესი და ცნება ვერ განსაზღვრავს მისი ცოდვილობის ხარისხს, საკუთარი სინდისის გარდა.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

გახლავართ კიდეც პროფესიით ჟურნალისტი, მაგრამ სიამოვნებით დავუსვამდი ლუკა ბაქანიძეს ფრიად არაპროფესიულ, მაგრამ მნიშვნელოვან კითხვას – „რომელ დასალევს ინებებთ, ბატონო ლუკა ? გადავირბენდი აქვე, მაღაზიაში…“

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

ბევრი წიგნი მაქვს მიტოვებული შუაგზაზე, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ბოლოს მივატოვე ჰოფმანის „კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია“ გამეღუნა ტვინი.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

კარგი აზრის ვარ, და ვმეგობრობ ბევრთან, მაგრამ ვისურვებდი, მეტი ყურადღება დაეთმოთ ახალგაზრდა, დებიუტანტი ავტორებისთვის. განსაკუთრებით ახალგაზრდა კრიტიკოსებზე ვდარდობ ხოლმე, როცა მათ ცხვირწინ გამოძვრება ჯურღმულებიდან ახალი მწერალი, მათივე თანატოლი, ჯერ შეუბუმბლავი, ვისთვისაც ჰაერივით მნიშვნელოვანია სიტყვის შეწევნა, და ესენი კი მოსდგებიან და ლიტერატურის პატრიარქებზე წერენ გაუთავებლად კრიტიკულ წერილებს, რომლებზეც ალბათ ათასჯერ და ათიათასჯერ დაწერილა უკვე და კიი, გავიგეთ, ვიცნობთ, ვიცით, დიდი მადლობა, მაგრამ მიხედეთ, ახალგაზრდობას, თქვენი კვნესამე. იოლია იმაზე წერა, რაც ისედაც ნათელია და გადაღეჭილი. წერეთ, ბატონებო და ქალბატონებო, ლიტერატურულ ექსპერიმენტებზე, ძიებებზე, მცდელობებზე, თუნდაც არც ისე ხარისხიანზე – ეს ბევრად მნიშვნელოვანი საქმეა, ჩემი აზრით, და მათი პროფესიის დიდებული გამართლებაც. აი, რაში მაინტერესებს აბა იმის შვიდასი წლის იუბილე და მიძღვნილი დითირამბები, ან ამის მეოთხმოცე დაბადების დღე და ქებათაქება შესაბამისი, როცა, უამრავი, კარგი, ნიჭიერი, ნაღდი ახალგაზრდა მწერალი ხლაფორთობს თავისთვის და მათ შესახებ სამეგობრო წრემ თუ იცის. ამისთვის უნდა არსებობდეს პროფესია კრიტიკოსი, მე თუ მკითხავ.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

ასე ზუსტად ვერ ჩამოვთვლი. თუ შინაარსი არ მახსოვს, მაშასადამე არც წიგნი და ავტორი მახსოვს.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ვინაიდან გაქანებული კლაუსტროფობი ვარ, ალბათ, ჩაკეტილ ოთახში, სივრცის გარეშე არსებობა. ასევე ვერ ავიტან თევზაობის გარეშე ყოფნას. უსიგარეტობას. უალკოჰოლობას. უსექსობას. მოკლედ, ძალიან იოლია ჩემთვის ჯოჯოხეთის მოწყობა. სხვა დანარჩენ უბედურებას, მათ შორის აპოკალიფსსაც, შემიძლია შევხვდე ფილოსოფიური სიმშვიდით.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

მსგავსი ვითარება ალბათ გამარეკინებდა, მაგრამ თუ არჩევაა, სერვანტესის დონ კიხოტს ვიკითხავდი უფრო.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.

გაუძლებს თუ არა ჩემი ანკესის 5 ნომერი წნული დიდ ქარიყლაპიას.

© არილი

Facebook Comments Box