ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ მარი ბექაურთან – „უნდა გახსოვდეს სიკვდილი, იმისთვის, რომ გახსოვდეს სიცოცხლე“

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია მარი ბექაური, მწერალი:

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

მე დავიბადე 1990 წელს და ჩემი ისტორიაც ისე დაიწყო, როგორც 1990 წელს – ჩემი ქვეყნის ისტორია.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

არ ვიცი. იმიტომ, რომ გარკვეულ მომენტებში ძალიან ნათლად დამინახავს რეალობის ილუზორულობა და სულ მაქვს დაშვება, რომ შესაძლოა, თავად ვცხოვრობდეთ „გამონაგონში“.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

სიკვდილის მომენტში მზადყოფნა სიკვდილისთვის – შესაბამისად, ისე სიცოცხლე და ცხოვრება, რომ მაქსიმალურ სულიერ სიმშვიდეს მივაღწიო.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

ჰოლდენ კოლფილდი.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

„მარია სტიუარტი“.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ეკატერინე მეორე.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

ბევრია და უცებ ვინც გამახსენდა, იმათ გეტყვით: ზვიაგინცევი, ლანთიმოსი, პოლ ტომას ანდერსონი, ძმები კოენები… ერთ ფილმს ვერაფრით ვერ გამოვყოფ.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ვან გოგი. ჩემთან ყველაზე ახლოსაა ის ერთდროული სითბო და სევდა, რაც მის ნახატებშია.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

ძალიან დრამატულ სიტუაციაშიც კი შეიძლება უცებ გვერდიდან დავინახო ეს სიტუაცია და გამეცინოს.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

არ ვიცი, ეს აკვიატებაა თუ ხასიათის თვისება, მაგრამ ჩემთვის სიტყვის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი რამდენჯერმე გატეხს სიტყვას – თუნდაც ეს ეხებოდეს მარტივ რაღაცას, ურთიერთობას ვწყვეტ, იქნება ეს საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

სიკვდილზე სულ ვფიქრობდი – მაინტერესებდა, მაშფოთებდა. 29 წლისამ სიკვდილი გავაცნობიერე… ახლა ხანდახან ვფიქრობ ხოლმე და თავს ვახსენებ, რომ მოვკვდები. ვფიქრობ, ეს აუცილებელია. უნდა გახსოვდეს სიკვდილი, იმისთვის, რომ გახსოვდეს სიცოცხლე.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

საკუთარი თავის და ზოგადად ადამიანის შეცნობა.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

გეორგიევსკის ტრაქტატს არ დავდებდი.

დიონისე თუ აპოლონი?

აპოლონი.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

„ვეფხისტყაოსანი.“

ადამიანი, ვისიც გშურთ

არ არსებობს ასეთი ადამიანი. ყველას თავისი გზა აქვს.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ადრე მართალი მეგონა ხოლმე ჩემი თავი.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ტარიელ ჭანტურია.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

რუსეთი.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

მიყვარხარ.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

არავითარ შემთხვევაში!

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„ღმერთო, მომეცი ძალა, შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია. მომეცი ნებისყოფა, შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია, და მომეცი გონი, გავარჩიო ერთი მეორისგან.“

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.“ – მთელი ბავშვობა ამას მიმეორებდა მამაჩემი და ვფიქრობ, დიდი როლი ითამაშა ჩემი თვითაღქმის ჩამოყალიბებაში, რადგან მიუხედავად გენდერული უთანასწორობის და სტერეოტიპებისა, შინაგანად არასდროს მქონია განცდა, რომ კაცი ჩემზე მეტია იმის გამო, რომ კაცია.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

ერთს ვერ გამოვყოფ.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ორი: ქართული, ინგლისური.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ხუან დიეგო ბოტოს პერსონაჟი სერიალიდან „კარგი საქციელი“.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

მარკესთან – ცხოვრებასა და მარტოობაზე.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

ჩემი შიშები ოჯახს და საყვარელ ადამიანებს უკავშირდება. თუმცა, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. არ მინდა, შიშს ძალა მივცე.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

რადგან ამ დროში გავჩნდი, ალბათ, ასეცაა საჭირო.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

მარკესის „მარტოობის ასი წელის“.

რომელია საუკეთესო დასასრული?

ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ენა. ჩემთვის ლიტერატურის ხარისხს ყოველთვის ენა განსაზღვრავდა. ენა ქმნის ტექსტის მუსიკას, დინებას, ემოციას, შთაბეჭდილებას…

პროცესი თუ შედეგი?

პროცესი.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

ყოველთვის სინდისით იმოქმედე.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

მარიამ, შენი აზრით, რა მოხდებოდა, უცებ ადამიანებმა გულწრფელად და დაწვრილებით რომ დაიწყონ პასუხის გაცემა კითხვაზე: „როგორ ხარ“?

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

„გველისმჭამელი“.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

კრიტიკის არსებობა აუცილებელია, მთლიანი პროცესის ნაწილია…

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

უამრავი წიგნია ასეთი.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

საკმარისად ვიკვლიე ჩემი ხასიათი, პიროვნული თავისებურებები და აზროვნების მოდელი და ამათგან გამომდინარე, ვფიქრობ, – თუ აღმოვჩნდები სიტუაციაში, სადაც მაიძულებენ, სინდისის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედო.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

ყოფნა, ერთიანობის განცდა… მე ამას მექანიკურად არ ვიმეორებ. განმიცდია მომენტებში და თუ რამეს შემიძლია ვუწოდო „სამოთხე“, ესაა.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ალბათ, მარკ ტვენის მოთხრობებს. ვიცინებდი მაინც.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

მოვივლი ოდესმე სამხრეთ ამერიკას?

წინა რესპონდენტის, ხვიჩა ყალაბეგაშვილის შეკითხვა: ეს ხომ არ იყო პრუსტის და ფოლკნერის სინტაქსით დაწერილი დამღლელი ტექსტი, რატომ დაგეზარა სრულად წაკითხვა?

არადა სრულად წავიკითხე.

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

როგორ ხარ? (სინამდვილეში)

© არილი

Facebook Comments Box