ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ნანა აკობიძესთან – „არც დიდი დარდი რომ იცის, მაგრამ არც მთლად უდარდელია“

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ნანა აკობიძე, მედიამკვლევარი, მწერალი

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

მე ვარ ნანა აკობიძე – არამც და არამც აკობაძე, აკობია ან იაკობიძე! და დავიბადე სახლში. მეხუთე გოგო. დაბადებამდე ორჯერ სცადა დედაჩემმა აბორტი. პირველ შემთხვევაში – სხვა ქალაქში გაგზავნეს, ნაყოფი დიდიაო. მეორე შემთხვევაში, იმ სხვა ქალაქში მისულს პასპორტი სახლში დარჩა და უარით გამოუშვეს. ამშობიარა კარის მეზობელმა კატუშამ, რომელმაც მოგვიანებით მითხრა, რომ საშინლად მახინჯი დავიბადე, მაგრამ მამაჩემმა – გატყუებენ, მამა, სინამდვილეში ულამაზესი იყავი მაშინაც და ახლაცო. სულ ეს იყო. დანარჩენი ფსიქოლოგების საქმეა (და ცოტათი – ჩემიც).

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

დიპლომირებულ პროფესიაში  (ჟურნალისტიკა) – რეალობის და მწერლობაში ორივე, სამივე და მეტიც. როცა ორივე ამ ხელობაში ერთდროულად ხარ, დურგალივით ბევრი ჯიბე უნდა გქონდეს მიკერებული: ამ ჯიბეში საჟურნალისტე ლურსმნებს ჩაიყრი, იმ ჯიბეში – სამწერლო ხრახნებს, ჭანჭიკებს… ყურებს უკანაც ორ ფანქარს გაირჭობ – სხვადასხვა ფერისას. პირველი მეორეს ეხმარება – „საკვებით“ ამარაგებს. თუმცა ამავე დროს ფიტავს და ავიწროებს – ცოტა ადგილს უტოვებს საარსებოდ. ისე, კაცმა რომ თქვას, დღეს რაღა უნდა გამოიგონო – ლამისაა, ფანტასტიკის ჟანრიც კი გაქრა – ყველაფერი ამბავია, ყველაფერი არსებობს და ხდება ან მოხდება.   

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

პანდემიამდე  ერთ პროექტზე მომიხდა მუშაობა და „ნიუ იორკ თაიმსის“ რედაქციაში მოგვიწყვეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ამ პროექტზე მომუშავე ჯგუფს.  ძირითადად, ჩვენი ქვეყნის ირგვლივ სვამდნენ კითხვებს – მედიაგარემო, მედიაბიზნესი, სიტყვის თავისუფლება და ა. შ. მეტ-ნაკლებად გვქონდა სათქმელ-მოსაყოლი. მოულოდნელად ერთმა იკითხა: რას ფიქრობენ თქვენს ქვეყანაში გლობალურ დათბობაზე? ეს იყო ბრძოლის ველზე ლაჩრულად დაცემა: არაფერი, სრულიად არაფერი მქონდა საპასუხო. რას ფიქრობენ ჩემს ქვეყანაში გლობალურდათბობაზე – კაი, თუ ძმა ხარ!!! გულში ვიფიქრე, ლოკალური პრობლემების მთა გვიდგას. ვინ მიგიშვებს გლობალურამდე!

ზოგადად ამ დროში და კონკრეტულად ამ ადგილზე (მეტ-ნაკლებად ყველგან, მაგრამ მე აქ ვცხოვრობ) ასაღელვებელი იმდენია, ადრენალინი არ გამოგელევა. ზედ დამატებული უკრაინის ომი. კოვიდის მერე ადრენალინის აუტანლობა დამიდგინდა, რომელიც ალერგიის სახით ვლინდება  და ძალიან ვცდილობ, თავი მოვიყრუო. ანაფილაქსიური შოკი ან ინსულტი ნამდვილად არაა კარგი ეპილოგი.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

ბევრი. დოსტოევსკი, მაგალითად, საერთოდ არ მაქვს წაკითხული. ეს შეგნებულად რომ მომსვლოდა, ჩემს თავს შევაქებდი: ძალიან სასიამოვნო ამბავია, რაღაცას რომ მოიტოვებ, გადადებ „შავი დღისთვის“ . მაგრამ მე ასეთი თავშენახულიც არ ვარ, რომ ამაზე წინასწარ მეზრუნა – უბრალოდ, ასე გამოვიდა და ეს კარგია. ისედაც იმდენი რამე მაქვს ამ დრომდე „ამოხარჯული“ .

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

რახან უკვე ისტორიულია, რას მიშლის? იყოს, „ირბინოს“ თავისთვის. რაღაც რომ მეზიზღება, გაჭყლეტა მინდება და ისტორიულ პერსონაჟს ხომ ვერ გავჭყლეტ?

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

კინოს საყოველთაო ღმერთების გარდა, ამ ეტაპზე დევიდ ლინჩი, ვერნერ ჰერცოგი, კენ ლოუჩი მყარად იკავებენ პოზიციებს ჩემი საყვარელი რეჟისორების სიაში. ჩვენებიდან ლანა ღოღობერიძე აუცილებლად, ადამიანი, რომელიც კი არ ბერდება,  უფრო და უფრო ვარგდება. ბოლო წლებში „ვყვარობდი“ რუს რეჟისორს ანდრეი ზვიაგინცევსაც, ფილმებისთვის „უსიყვარულო“ და „ლევიათანი“. ამ ფილმების შინაარსებმა და აქცენტებმა გამიჩინა იმედი, რომ ეპოქა იცვლება, რომ ყველაზე უიმედო ადგილიდან და მდგომარეობიდან შეიძლება დაიწყონ ადამიანებმა  გამოსავლის ძებნა. პანდემიისას ზვიაგინცევს კოვიდი დაემართა მძიმე ფორმით და  გერმანიის კლინიკაში რუსეთის მმართველმა ელიტამ დაუფინანსა მკურნალობა. ამ შინაარსმა დამაბნია და დროებით გადამიფარა მისი ფილმების შინაარსები. ჩემი „ტრფობა წამებულიც“ მისდამი ჯერჯერობით ამ წერტილზე გაჩერდა.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ვან გოგი მიყვარს. თავის დროზე ირვინგ სტოუნის ბიოგრაფიულმა წიგნმა „წყურვილი სიცოცხლისა“ მხატვართან ერთად პერსონაჟი ვან გოგიც სამუდამოდ შემაყვარა და ვეღარ „ჩავაჩოჩე“ საყვარელი მხატვრების სიის სათავიდან. ოღონდ ვან გოგის ხსენებაზე, პირველ რიგში, ჩახჩახა მზე და მზესუმზირები კი არა, მისი „კარტოფილის მჭამელები“ მიდგება თვალწინ. სხვათა შორის, ძველქართულად „მიმწუხრი სერობა“ ჰქვია თურმე ვახშამს და ზუსტად ეს „მიმწუხრი“ ასოციაცია მოაქვს ამ სურათს ჩემთვის.  

უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.

ხალხმრავლობას და ხმაურს ვერ ვიტან. ვიკარგები. ერთმა აუტისტმა ბიჭმა ასე  აღწერა თავისი მდგომარეობა საზოგადოებაში ყოფნისას: წარმოიდგინეთ, რომ უცებ აგიღეს და ტოკიოს ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე ჩამოგსვესო. დაახლოებით იმავეს ვგრძნობ ხალხში ყოფნისას. არ მიკვლევია, შემთხვევით, მეც ხომ არ მაქვს აუტისტური სპექტრის დარღვევა. უფრო მორცხვი და დაბნეული ვარ და შევეჩვიე ამ მდგომარეობას. შესაძლოა, წერაც ამან დამაწყებინა.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

ადგილის ამოჩემება ვიცი. განსაკუთრებით – სასადილო მაგიდასთან. თუ სწორედ იმ სკამზე და იმ მხარეს არ ვზივარ, სადაც ერთხელ უკვე ვიჯექი, ვერ შევჭამ. ასევე: თუ სხვაგან ვრჩები, ვერ დავიძინებ საწოლზე, რომელსაც იმ მხარეს არ უდგას თავი, საითკენაც სახლში – ჩემს საწოლს. მარტივად ვაგვარებ – საწოლს სასურველი მიმართულებით ვატრიალებ. ზოგჯერ, როცა საჭირო კედელი დაკავებულია, ოთახის ცენტრშიც ვხვდები ჩემი საწოლიანად, მაგრამ მთავარია, რომ თავი მაქვს „ჩემს“ მხარეს.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

კი. ბევრს. ოღონდ ამ ეტაპზე – კონკრეტულ სიკვდილზე და ჩაკეტილ კარზე ერთდროულად. მამა მომიკვდა, მარტო იყო და სიკვდილის წინ კარები ჩაკეტა.   ამაზე ვფიქრობ ხშირად. გამოცნობას ვცდილობ – რატომ? 

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

ჯერ არ აღმომიჩენია ისეთი რამ, რაზეც ვიტყოდი: „გატაცებული ვარ!“ და არც არავის გავუტაცებივარ. ძირითადად, რაც მჭირდება, იმის კეთებით ვარ „გატაცებული“. დილით ვფიქრობდი, რომ მეფუტკრეობა საინტერესო საქმეა და ვნახოთ, შეიძლება, გამიტაცოს კიდეც. ელექტროშედუღება მინდა, ვისწავლო, მაგრამ ესეც  -საჭიროებისთვის. რელაქსაციისთვის რასაც გააკეთებ, ისიც არაა გატაცება. ერთ სატელევიზიო სერიალს ვუყურებ შვილებთან ერთად (ტრადიცია გვაქვს ძილის წინ)და 5 სეზონი (5 წელი!) რასაც იღებდნენ, ერთ კვირაში მინდა, მოვრჩე. გამიტაცა? რა ვიცი – სულსწრაფობა უფრო. 

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

1918-1921 წლებში, საქართველოს უნიკალური სამწლიანი ისტორიის ნაწილი ვიქნებოდი. ამ ისტორიას შევცვლიდი – თუ კვერთხსაც „მაძლევთ“ ხელში.   

დიონისე თუ აპოლონი?

დიონისე არაა ჩემი „ტიპი“, არ ვარ წრეგადასული ლხინის მხარეს. აპოლონი კი ჩემიც  მყავს, პერსონალური, დაკარგული მგზავრების ღმერთი: პატარა ვიყავი და დედაჩემმა თხების მოსაძებნად გამიშვა  უფროს დასთან ერთად სახლთან ახლოს, გორაკებზე. ერთი თხა ვიპოვეთ და ჩემმა დამ თოკით მიმაბა ამ თხაზე, აქ დამელოდეთ, სანამ მეორეს მოვძებნიო. ცხადია, თხა არ დაელოდა და გაიქცა, გამიყოლა მეც და გორაკებზე მათრია. უდავო დასახიჩრებისგან და შესაძლოა, სიკვდილისგანაც გადამარჩინა კაცმა, რომელსაც აპოლონი ერქვა. დიდი ერუდიციის და ინტელექტის მქონე, ნათელი მასწავლებელი იყო, 55 წელი ასწავლიდა სკოლაში გერმანულს. დაბრმავდა და წამოვიდა. მალევე გარდაიცვალა.   

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

კომერციულად წარმატებული ნაწარმოების, მაგალითად, „ჰარი პოტერის“ ან რამე მსგავსის ავტორად ყოფნას ვისურვებდი – რატომ არა. ალბათ ძალიან კარგი შეგრძნებაა, წერაში რომ მილიონებს გიხდიან. ადრე ერთი წიგნი დავწერე, არამხატვრული – კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებული სასარგებლო წესები და რეკომენდაციები და ამ სფეროში ბიზნეს-ინტერესების მქონე ტიპს მივყიდე ავტორობა. სახლში მაქვს ეს წიგნი – ავტოგრაფით მაჩუქა, ყდაზე თავისი გვარ-სახელით და ფოტოთი. ეს შემთხვევა თქვენი შეკითხვის „ანტიდოტია“, უბრალოდ,  გასხვისებული ტექსტები გამახსენა და სფიჩრაითერის სევდაც მოიყოლა.

ადამიანი, ვისიც გშურთ

ყველასი, ვინც მორცხვი არაა. მე იმდენად მორცხვი ადამიანი ვარ, საკუთარი სიმორცხვისაც მრცხვენია. 

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

სიზარმაცე. ამაზე დიდი მტერი არ მყავს და რომ არ ვკლავ, ესაა ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ბესიკი, ხარანაული და სხვები.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

მოღვაწეობს. ისე იხმარება, ისეთი მისამართებით, ფონეტიკურადაც შემძულდა. 

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

ანაწყოლ. მამაჩემის სიტყვაა. ოდნავ-ს ნიშნავს. რომ გარდაიცვალა, სასწრაფოდ ვორდის ფაილი გავხსენი და მისი სიტყვების და გამონათქვამების ჩაწერა დავიწყე – შემეშინდა, არ დამვიწყებოდა. ალეში – ეს დედაჩემი სიტყვაა, ისეთ ადამიანზე  ამბობდა, არც დიდი დარდი რომ იცის, მაგრამ არც მთლად უდარდელია – სადღაც შუაში. ჩემსავით.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“ (თუმცა, მგონია, რომ ეს მეოცე საუკუნეა, უბრალოდ, ზაირა ძალიან გვიან აღმოვაჩინეთ), ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები“, „თამთა გელაშვილის „გათვლა“.  სამივე ამ რომანს პირადად ჩემზე მცირე ვულკანის ეფექტის გამო ვასახელებ.  

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

 „ერთი აყვავება ნეხვიც აყვავდება“. დედაჩემის ფრაზაა. ბრძნულია და მრავალგზის გამოცდილი. ბოლო პერიოდში ხშირად ვფიქრობ ჩემი მშობლების ფრაზებით და მეტყველებისას ხშირად ვგრძნობ, რომ მათებურ სინტაქსს ვიყენებ, ფრაზეოლოგიზმებს.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

მოდით, საუკეთესოზე მსჯელობისას ისევ „ვეფხისტყაოსანთან“ გავჩერდეთ. უბრალოდ, დავამატოთ: „ყველა დროის.“ 

რამდენ ენაზე კითხულობთ?

გამჩენს რომ არ ვიწყევლი, ისე – მხოლოდ ქართულად.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

ავთანდილის ანდერძი მიყვარს, ოდეს გაიპარა. თავიდან ბოლომდე საოცარი ტექსტია, ტრაქტატია.

“მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,

შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები:

მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.“

შემდეგ: 

  “რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად,

მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად;“

ხომ თითქოს წინა პათოსის გაგრძელებასავითაა, მაგრამ ნახეთ:  სულ კი ნუ გაანიავებო – “რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს“ – ის გაეციო, გაცემაშიც ზომიერებაა საჭიროო. იმდენს ნუ გასცემ, რომ შენ თვითონ დაგლახაკდეო. ცოტას ვხუმრობ ახლა, მაგრამ, მეორე მხრივ, სულაც არ ვხუმრობ. სიბრძნეა.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

მარკესის პოლკოვნიკი (რომელსაც არავინ სწერს) და ჰემინგუეის მოხუცი (მოხუცი და ზღვა). ასეთი კაცები მიყვარს. ჯიუტი, კერკეტი, მარადიული ბიჭები.

სხვათა შორის, ქალებიც მაგრები ჰყავს ჰემინგუეის, ფეხისწვერებზე რომ გინდა აიწიო და უყურო, ხელზე კოცნა რომ მოგინდება, ისეთები.

ზაირა არსენიშვილის მაკა მახსენდება, „ვა, სოფელო“-დან –  ასევე ჯიუტი, იდუმალი, ხასიათიანი ტიპია, იშვიათი ოსტატობით დახატული. აქვე: აუცილებლად წასაკითხი რომანია და თუ ვინმეს ამ დრომდე არ წაგიკითხავთ, კარგია – წინ გაქვთ დიდ ზაირასთან შეხვედრის სიხარული.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

კარგად იყვნენ, შორს იყვნენ – არ მიყვარს მწერლებთან საუბარი. მათი ტექსტების კითხვა მირჩევნია. სიმართლე გითხრათ, როგორც ჟურნალისტი, უამრავ მწერალს შევხვედრილვარ და დღემდე არ ვიცი, რა არის ყველაზე კარგი კითხვა, რაც მწერალს  უნდა დაუსვა. ისე, პირველი მწერალი, ვისთანაც ინტერვიუ მქონდა, შოთა იყო, იათაშვილი, 25 ან მეტი წლის წინ. დამწყები ჟურნალისტი ვიყავი. შოთა, ქრონოფაგებთან ერთად – უკვე პოპულარული პოეტი. დაბეჭდვამდე, წასაკითხად რომ მივუტანე, რაღაცაზე გაბრაზდა და თავზე არ გადამახია, მაგრამ გადახია ეს ინტერვიუ. ალბათ საუბრისას სხვა რამე თქვა, მე სულ სხვა დავწერე და გადავრიე. იქვე დავზავდით, გავასწორეთ და დაიბეჭდა მერე. ამასწინათ გავახსენე და გაგიჟდა: ეს რა მიქნიაო. არადა, კარგი ქნა: მშვენიერი გაკვეთილი ჩამიტარა.

იყო ასეთი პოეტი 90-იანებში – ბადრი გუგუშვილი. კარგი გამარჯობით ვიცნობდი. თავი ჩამოიხრჩო. შესაძლებელი რომ იყოს, მას დავუსვამდი რამდენიმე კითხვას. მათ შორის: „იქაც? იქაც ირონიულია ყველაფერი?“  

თქვენი ყველაზე დიდი შიში.

რომ ვერ მოვასწრო დაბარება/ჩამოწერა, რა როგორ გაკეთდეს ჩემ შემდეგ. და რომ ვაითუ, ჩემს შვილებს ტვინი გადაუტრიალდეთ და ანდერძიდან კრემაციის პუნქტი არ შემისრულონ (მკვდარიც რომ ვღელავ – საშველი აღარაა). რაც ჩემზეა დამოკიდებული, იმის ვერმოსწრების შიში მაქვს. რაც უჩემოდ მოხდება – იმის შიში აბსურდია.  

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

არაა ცუდი დრო. საინტერესო დროში ვცხოვრობთ – ჩინურმა წყევლამ გვიწია. 

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

„გაივლის დრო და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი  აურელიანო ბუენდია …“ საუკეთესოა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მარადიული კია.

რომელია საუკეთესო დასასრული?

ისევ მარკესთან. მოთხრობაში  „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ პოლკოვნიკის და მისი ცოლის დიალოგი ასე მთავრდება:  

„ – ხვალ რა ვჭამოთ?

  • ნეხვი“.

 ენა თუ ამბავი? რატომ?

კარგი ენით  გადმოცემული შინაარსი. სხვანაირად „ლაპარაკს პლიუს ლაპარაკი, მათ შორის კარგად ლაპარაკი, მაინც უდრის ლაპარაკს“.  სხვათა შორის, ეს „სიბრძნე“ ფოთის ერთ-ერთ ყოფილ მერს ეკუთვნის, ცოტა ოდიოზური ტიპი იყო შევარდნაძის დროს, ახლა აღარაა ცოცხალი. დარწმუნებული ვარ, პირველი ადამიანი ვარ, ვინც ის პატიოსანი კაცი იციტირა – აგერ, მისი გარდაცვალებიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ. სხვათა შორის, ამასწინათ ლექსო დორეულმა თქვა ინტერვიუში,  რომ თანამედროვე სამყაროში ენა ციტირების სისტემად იქცა. ბარემ აქაც ისევ ლექსოს ვიციტირებ: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ენის, პერსონალური სინტაქსის პოვნის საკითხი.“ ჩემთვისაც. მაგრამ ეს შინაარსს, ამბავს არ ხდის მეორეხარისხოვანს.

პროცესი თუ შედეგი?

ორივე. ბოდიში მაქსიმალიზმისთვის. არადა, ტრენდულია მხოლოდ პროცესით ტკბობაზე აპელირება. რისთვისაც დავიწყე, იქამდე თუ არ მიმიყვანა – აზრი? ჩემი და ამბობს ჩემზე: ამას საჭმლის კეთების პროცესში არ უნდა უყურო, გემრიელი კი გამოსდის და რას დაეძებო. კარგი რამეა გემრიელი შედეგი. 

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

ის, რომ პირველი ათი მცნება მხოლოდ პროლოგია და ყველა დანარჩენიც არა-თი იწყება.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

რატომ არასოდეს გაგიკეთებია საკუთარ თავთან ბლიც-ინტერვიუ? არ ყოფილა უინტერესო.

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ერთ იტალიელ მწერალ ქალს, რომელსაც ორი პატარა შვილი ჰყავდა და მესამეზე იყო ფეხმძიმედ, კიბო დაუდგინდა. ექიმებმა ნაყოფის მოშორება ურჩიეს, რომ სასწრაფოდ ქიმიოთერაპია დაეწყო. ქალმა უარი თქვა მკურნალობაზე – არ მინდა, ნაყოფს ვავნოო. გააჩინა და ერთ თვეში დაიღუპა. გოგონა დაიბადა, რომელიც ახლა 18 წლისაა და ბედის უცნაური განგებით, ხშირად დადის ჩემთან, ჩემი შვილის მეგობარია. ამ ამბავზე ვფიქრობ ბევრს. იმ ქალის არჩევანზე, რომელსაც სასწორზე ედო: ან მომავალი მესამე შვილი, ან გახანგრძლივებული სიცოცხლე, შესაძლოა, სრული განკურნებითაც. მან პირველი აირჩია. ამ არჩევანს ვუტრიალებ – რაციონალიზმის და ემოციური ინსტინქტის პროექციებიდან და ჯერჯერობით ვერ მოვძებნე გასაღები.  

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე.

ცოტანი არიან  – მეტი გვჭირდება. ამ საკითხშიც „ცოტ-ცოტა ყველაფერი“ გვჭირს; ყველა მწერალი/პოეტი „ცოტ-ცოტა“ კრიტიკოსიცაა. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. თვითკრიტიკულობა ცალსახად კარგია, ლიტერატურის კრიტიკოსად კი, ალბათ,  სამწერლო ამბიციისგან დაცლილი, დისტანცირებული ტიპი სჯობს –  „ინტერესთა კონფლიქტის“ გამოსარიცხად. შეიძლება, ერთი მეორეს არ უშლის ხელს. არ ვიცი. თვითონ უკეთესად იციან. მე არასოდეს დამიჭერია ერთდროულად ორი კურდღელი. პრინციპში, არც ერთი.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

ამ წუთას, მაგალითად, გონებას ვძაბავ და საერთოდ ვერ ვიხსენებ, ჰარუკი მურაკამის „ნორვეგიული ტყე“ რაზეა. არადა, მახსოვს, რომ წაკითხვას ვურჩევდი სხვებსაც და წიგნსაც ვთხოვნიდი. ასაკში რომ შედიხარ, და მე წარმატებით ვუახლოვდები 50-ს,  მეხსიერება გიქვეითდება (სტატისტიკაა – ეიჯიზმი არაფერ შუაშია). ყველა ასაკს თავისი „სათვალე“ აქვს და შინაარსიც სხვადასხვანაირად გამოგაქვს. თან ზოგ დალოცვილ მწერალს გამოსდის, რომ ყოველ ჯერზე ახლებურად წაგაკითხოს თავი. რაღაც დროის მერე წაკითხულის თავიდან წაკითხვას რომ დაიწყებ – ესა ნამდვილი კითხვის პროცესი. ერთ ზაფხულს, ჩემდა გასაოცრად, არ დამეზარა და რაც წავიკითხე (ელფრიდე იელინეკის ხათრით, მთელი ავსტრიული ლიტერატურა მქონდა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი) შინაარსების ჩანიშვნა დავიწყე მოკლე ტექსტებად: ასეთი კარგი არაფერი გამიკეთებია!  წაკითხულის მშვენიერი კატალოგიზება გამომივიდა, შინაარსების „საწყობი“.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ისეთი დარღვევა ტვინში, როცა ნააზრევს ვერ გადმოსცემ ვერც ზეპირად და ვერც – წერილობით. როცა წვალებით ამბობ იმას, რასაც სინამდვილეში არ გულისხმობ. ანუ სიტყვები რომ შენს უკითხავად იცვლიან მნიშვნელობას. დედაჩემს სჭირს ახლა და მიწევს ამ ჯოჯოხეთთან შეხება. 

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

სადმე, სითბოში, სიმწვანეში, თავზესაყრელი დრო, ჯანი და ფული რომ მქონდეს –  სამოგზაუროდ, საჩხირკედელაოდ, ყოველდღიური სიამეებისთვის და ბევრი კატის გამოსაკვებად. მგონი, საშუალო სტატისტიკური ევროპელი პენსიონერის სიბერე დავხატე სამოთხის ნაცვლად.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

თუ სასჯელად იქნებოდა, მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს წიგნს ავირჩევდი (რომელიც ჯერ არ მაქვს)  – მეხსიერებას მაინც გავავარჯიშებდი, თავიდან გავივლიდი, პარალელურ ვერსიებს შევქმნიდი…

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

რატომ დაკეტა მამაჩემმა სიკვდილის წინ კარები? მეტაფორული აზროვნების კაცი იყო, შორიდან უყვარდა ამბის მოყოლა – გადაუხვევ-გადმოუხვევდა თხრობისას, რომ ადვილად ვერ გამოგეცნო ფინალი. „აბა, თუ მიხვდები“ – რამდენჯერმე ჩაგეკითხებოდა.  ვფიქრობ, რაღაც მინიშნება დაგვიტოვა.   

წინა რესპონდენტის, პაატა ციკოლიას შეკითხვა: რას იზამთ, თუ ქართულმა ოცნებამ 2024 წლის არჩევნებზე ძალაუფლება შეინარჩუნა?

მნიშვნელოვანი არაა, მერე რას ვიზამ, თუ ისე მოხდა, როგორც კითხვაშია. მნიშვნელოვანია, იქამდე დარჩენილ ძალიან მოკლე დროში რას ვიზამ(თ), რომ ამ ქვეყანაში არ გაგრძელდეს ორი, სამი და განუსაზღვრელი ვადით ხელისუფლებაში ყოფნის მახინჯი ტრადიცია. 

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?              

რომელი ხარ?

© არილი

Facebook Comments Box