ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ნოდარ ლადარიასთან – “ზიზღი არაპროფესიული გრძნობაა”

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ნოდარ ლადარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

იყო და არა იყო რა…

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

განსხვავებას ვერ ვხედავ.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

სიყვარულისადმი ინტერესის დაკარგვა.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

ნეკროფილია არ მჭირს.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

ასეთი ბევრია. ყველაზე მტკივნეულს დავასახელებ: „ღვთაებრივი კომედია“.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ზიზღი არაპროფესიული გრძნობაა.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

დავით რონდელის „დაკარგული სამოთხე“ — საქართველოს ყველაზე ადეკვატური ასახვა კინემატოგრაფში.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ვერმეერი — კედელში ჩარჭობილი ლურსმნისთვის.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

ჩემი თვისებები ჩემთვის უცნაური არ არის. მაშინ ჩემი არ იქნებოდა.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

არა.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

კი. მაინტერესებს.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

ფოტოგრაფია.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

ისედაც ვმონაწილეობ ყველა ისტორიულ მოვლენაში, რომელშიც მინდა. ყოველი სიახლის აღმოჩენა ცვლილებაა.

დიონისე თუ აპოლონი?

არტემიდე.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

ბიბლიის.

ადამიანი, ვისიც გშურთ

ყველა, ვისაც სიმღერა ეხერხება.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ჯერ კიდევ წინაა.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

სამი საუკეთესო სანტექნიკოსი მაინტერესებს, თორემ ყველა ხევსური ისედაც დანტეა.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

„გახლავთ“ — ყველა ფორმაში.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

ის, რომელსაც მე თვითონ ვიგონებ — მნიშვნელობა არ გააჩნიათ. ვერ გავიმეორებ, რადგანაც შესაბამის ურთიერთობაში არ ვართ.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ჩემი დაწერილიც კი აღარ მახსოვს, სხვისებიდან კი არცერთი არ წამიკითხავს ბოლომდე.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„მომწყინდა!“ — როცა ახლოს მესმის, მოქმედებას ვიწყებ.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„მოშაირე არა ჰქვიან“ — ვის მიმართაც არ გამოიყენებ, თითქმის გარანტირებულად ზედ აკვდება.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

„მერანი“.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ქართული, რუსული, იტალიური, ინგლისური, ფრანგული, ესპანური (ხარისხის კლების მიხედვით).

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

იაკოპო ბელბო.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

მწერლებმა წერონ. ისე კი ბევრს ვიცნობ პირადად და არავისი საქმე არაა, რაზე ვსაუბრობთ.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

ინტერესის გაქრობა.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

ისედაც ვცხოვრობ იქ, სადაც მინდა. ხან როდის და ხანაც როდის.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

„ბერეშით ბარა ელოჰიმ…“ — დაბადება.

რომელია საუკეთესო დასასრული?

 „ასე რომ, ხელი გავმართე და წავატანე fille de chambre… — — —“ — ლორენს სტერნი, „სანტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში“.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ბარემ ის მკითხეთ, დედა თუ მამა!..

პროცესი თუ შედეგი?

ბავშვების კეთებისას — პროცესი, ომისა — შედეგი.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

„დაიკიდე წინა ათი“.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

— იმე, შეკითხვა არა, ისა კიდე! მაგასთან საქმეს როგორ დავიჭერ!

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ხუცესს ჰყავდა ერთი ძაღლი,
ის მას უყვარდა.
მან შეჭამა ცოტა ხორცი,
იგი მან მოკლა.
საფლავი გაუთხარა
და ზედ დააწერა, რა —
ხუცესს ჰყავდა… და ა. შ.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

მე მხოლოდ არსებულ საგნებზე ვფიქრობ.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ასეთებისა არც სათაური მახსოვს.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ჯოჯოხეთი პერსონალური არ არსებობს.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

მოულოდნელობა.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ჯერ მე თვითონ დავწერ.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

როგორი ამინდი იქნება ხვალ?

© არილი

Facebook Comments Box