ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ პაატა შამუგიასთან – „კიდევ უფრო აჩქარებული დრო“

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

“ჰაერი ისე დახუთულია,

მხრებზე მაწვება მძიმე სვეტივით…

მე ვარ პოეტი ქერათმიანი,

ცოტა სულელი, მაგრამ კეთილი”.
მიყვარს აპოლინერის ეს ლექსი გეგეჭკორის თარგმანში. ოღონდ ის მეორე პირშია დაწერილი. ავტობიოგრაფიის დასაწყისადაც გამოდგება და ეპიტაფიადაც წავა, რო რამე.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
ბორის ვიანი წერს “დღეთა ქაფის” წინასიტყვაობაში, ეს სავსებით ნამდვილი ამბავია, რაკი თავიდან ბოლომდე მე მოვიგონეო. მწერლის ხელში ერთიც და მეორეც მიზეზია და არა მიზანი.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ
ამწუთას მაღელვებს ის, რომ ასეთი საკვანძო მსოფლიო მოვლენების ფონზე ბოროტი პარაზიტები გვმართავენ და ქვეყანას თავზე გვამხობენ.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

იოჰან ნაგელი, აღაზა, მარტინ იდენი, ნაცარქექია, დონ-კიხოტი, რენდელ პატრიკ მაკმერფი… მაგრამ ნაგელი მაინც ყველაზე მეტად მიზიდავს, მოუხელთებლობის გამო, ალბათ.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

რა ჩამოთვლის?! როგორც მამარდაშვილი იტყოდა, წიგნების რაოდენობა არ შეესაბამება ჩვენი აქტების დასაშვებ რაოდენობას.  

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ისტორიისადმი ფრიგიდული ვარ. ეგ გრძნობა უფრო ცოცხალ ადამიანებს სხვა ცოცხალი ადამიანების მიმართ ახასიათებთ, ასე მგონია.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

მუდმივად იცვლება ჩემს თავში ეს სია. ერთი, რაც უცვლელია, არის „ცისფერი მთები ანუ ტიანშანი”. რატომაც არა.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ესეც სულ იცვლება.  ბოლო შთაბეჭდილება მაკა ბატიაშვილის ნახატებმა შემიქმნა. მომნუსხველი სახეები აქვს.  

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

მიწისძვრას ვგრძნობ ნახევარი საათით ადრე.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

პრინციპში, წინა კითხვის პასუხიც გამოდგებოდა აქ.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

ვწერ კიდეც.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.
პროგრამირება. თუმცა გატაცება არ ეთქმის, თითქმის ათი წელია ვაკეთებ ვებსაიტებს.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

ალბათ, უფრო ლიტერატურული კუთხიდან დავინტერესდებოდი და მეოცე საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთში დავიბადებოდი. და ეგრევე უცვლელად დავტოვებდი ყველაფერს.

დიონისე თუ აპოლონი?

მე ჩემში ვგრძნობ ამ ორივე საწყისის სინთეზს.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

„შუაღამის კატეხიზმო”

ადამიანი, ვისიც გშურთ
ჩემთვის აბსოლუტურად უცხოა ეს გრძნობა.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა
ასეთ რამეზე მხოლობით რიცხვში ვერ ვისაუბრებ.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
ამ კითხვაზე დაახლოებით ასჯერ მაინც გამიცია პასუხი და ასივეჯერ სხვადასხვა სამეული გამომიყვია. იმწამიერი განწყობით ვხელმძღვანელობ, როგორც წესი. ახლა გეტყვით ამ თვეში გადაკითხული პოეტური კრებულებიდან ფავორიტ სამეულს: ზაზა კოშკაძე, დათო ქარდავა, ნინი ელიაშვილი.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

სიტყვებს ვუფრთხილდები და ვცდილობ, არ გამოვარჩიო.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)
როგორც გითხარით, სიტყვებს ვუფრთხილდები.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
აქაც ზუსტად ისეა, როგორც პოეზიაში. ამიტომ აქაც ბოლოს წაკითხულ ფავორიტებს გამოვყოფ: ზაზა ბურჭულაძის „ჩემი სიმღერა”, ლაშა ბუღაძის „საქართველოს სახელით”, ივა ფეზუაშვილის „მასკარაფონე”.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
“ზღვა კოვზით დაილევაო”. აღვირახსნილად იმედისმომცემი ფრაზაა. 

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?
“გველნი გაშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რა-შენდა.”

ტროპული აზროვნება უფრო შორს ვერ წავა.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
ბევრი სხვადასხვა ლექსი შეიძლება ამას იმსახურებდეს. გალაკტიონის ათობით ლექსი თუნდაც. „შემოდგომა” უმანკო ჩასახების მამათა სავანეში” – ახლა ეს ამოხტა გონებაში. უფრო აქეთ ხარანაულის “წიგნი ამბა ბესარიონისა”, ჯავახაძის “კლასიკოსობანა”, სტურუას “პლატონის მოტივებზე”… რაც არ გვიჭირს, ლექსია.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ინგლისურად, რუსულად, ქართულად, მეგრულად.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
პრინციპში, ამაზე ზევითაც გავეცი პასუხი. აღაზა არის მრავალშრიანი და საინტერესო პერსონაჟი, კაცებიდან – იოჰან ნაგელი.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
ჯემალ ქარჩხაძესთან ვილაპარაკებდი კეფით დაცემამდე. ნებისმიერ თემაზე, რასაც თვითონ შემომთავაზებდა. ასეთი მასშტაბის მწერალი ნებისმიერი ქვეყნის ლიტერატურას მოუხდებოდა.

თქვენი ყველაზე დიდი შიში
ბევრი რამის, მათ შორის, თვითონ შიშის შიშიც მაქვს, რასაც სამედიცინო ენაზე პოეტურად ჟღერადი სახელი – ფობოფობია ჰქვია. 

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

ნაკლებად საინტერესოში.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
ქართული ზღაპრებისა – იყო და არა იყო რა.

რომელია საუკეთესო დასასრული?
მარკესის “პოლკოვნიკს არავინ სწერს”, მთელი დრამაა ჩატეული მაგ დასასრულში, ცოლს რომ პასუხობს კითხვაზე “რა ვჭამოთ?”:

პოლკოვნიკს მთელი სამოცდათხუთმეტი წლის სიცოცხლე დასჭირდა, ამ წუთამდე რომ მიეღწია, სამაგიეროდ თავი უძლეველად იგრძნო, როცა მოკლედ და მკაფიოდ უპასუხა: მძღნერი.”

ენა თუ ამბავი? რატომ?
ენის ამბავი. ყოველ შემთხვევაში, პოეზია ენის ამბავია.

პროცესი თუ შედეგი?
ოდეს ყოფილ არს აქამომდე, შედეგი მოგვეთუალნოს პროცესის გარეშე?!

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

არა იპროჭო.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

ვინ ხარ?

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ
ყველაზე დასამახსოვრებელი არა, მაგრამ ყველაზე სახასიათო ნამდვილად არის დიუმას თბილისში ჩამოსვლის ამბავი. წაუყვანიათ ეს მსოფლიო ბესტსელერების ავტორი წიგნის მაღაზიაში. მეპატრონეს თავი ზედმეტად გამოუდია და სულ დიუმებით მოუფენია იქაურობა, ლამის ჭერზეც კი დიუმას წიგნები კიდებულა. რა თქმა უნდა, გაჰკვირვებია დიუმას და უკითხავს, რატომ იყო მაღაზიაში მარტო მისი წიგნები. მეპატრონეც ბოლოსდაბოლოს მიმხვდარა, ზედმეტი რომ მოუვიდა და თავის დაძვრენა უცდია: სხვების წიგნები გაიყიდა, ბატონო დიუმაო.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე
ლიტერატურას ჰაერივით სჭირდება, თუმცა ჰაერი ზოგჯერ შეიძლება დაბინძურებულიც იყოს.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ბავშვობაში „უთავო მხედარი” მიყვარდა. ახლა საერთოდ არ მახსოვს, რა ხდება ამ წიგნში. სხვაც ბევრი იქნება.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
კიდევ უფრო აჩქარებული დრო.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

შენელებული დრო.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
ნებისმიერი წიგნი მომბეზრდებოდა მთელი ცხოვრება საკითხავად.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

ვინ ვარ?

წინა რესპონდენტის, ეკა ქევანიშვილის შეკითხვა: რომ არ წერდეთ, სათქმელს რა გზით გვეტყოდით?

სიმღერ-სიმღერით.

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

ვინ ხარ?

© არილი

Facebook Comments Box