ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ პაატა ციკოლიასთან – „სამუდამოდ დაკარგვის ხელოვნება“

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია დრამატურგი პაატა ციკოლია

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

თქვენ არ იცით, რა კარგი ბავშვობა მქონდა – რომანტიკულ-პათეტიკური. თავი ყველაზე ძლიერი მეგონა. „დაე, მუდამ იყოს მზე!” ეწერა უდიდესი ასოებით ქალაქის უდიდესი სახლების კედლებზე. ყველგან ფრიალებდნენ წითელი დროშები და ხატვის გაკვეთილებზე ვხატავდი კოსმოსურ ხომალდებს.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

თუ ყველაფერი გამონაგონია, თუ ყველაფერი პირობითი კონსტრუქციაა, თუ ისაა რეალობა, რასაც ვსწავლობ და რასაც მასწავლიან და შესაბამისად, გამონაგონი უფროა, ვიდრე რეალობა, მაშინ როგორ ვსვამთ ამ კითხვას? და, ალბათ, იმასაც გააჩნია, რა გვინდა – სიფხიზლე თუ თრობა, შენება თუ ნგრევა, შრომა თუ დასვენება. ვინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ამ წყვილებიდან უმთავრესი მხოლოდ ერთია? ან იმის მტკიცებას ვინ დაიწყებს, რომ რეალობა ესმის და მისი ასახვა შეუძლია?

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

ალბათ, კომუნიკაციის შეუძლებლობის საკითხი. ასტროფიზიკაში, თურმე, არსებობს ზღვარი და ამ ზღვარს იქით ყველაფერი იმდენად შორსაა, რომ ჩვენამდე ვერასოდეს მოაღწევს ვერავითარი ინფორმაცია. მიკროსამყაროშიც იგივე პრობლემაა, არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც დაკვირვება შეუძლებელია, რადგან დაკვირვების აქტი ცვლის დაკვირვების საგანს. ადამიანურ ყოფაშიც არის ასეთი ზღვრები და ვფიქრობ, ისინი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე გვგონია. იქნებ ესაა ხელოვნების არსებობის საბაბიც და საბუთიც, რომ სინამდვილეში შეუძლებელია კომუნიკაცია. ამ დანაკლისით გამოწვეულ შფოთთან გამკლავების მცდელობაა ალბათ ხელოვნება. ვფიქრობ, ეს ინტერვიუც სამაგალითოა ამ თვალსაზრისით. საინტერესოა, ყველაზე მკაფიო მოპასუხე-რესპონდენტი თავად თუ იქნებოდა კმაყოფილი იმით, თუ როგორ იგებენ მკითხველები მის პასუხებს.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

ბოდიშს ვიხდი, არ ვიცნობ ლიტერატურას ისე კარგად, საყვარელი პერსონაჟებით რომ მოვიწონო თქვენს მკითხველთან თავი.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

ბოდიშს ვიხდი, არ ვიცნობ ლიტერატურის კანონს ისე კარგად, წაუკითხავი კლასიკით რომ ვიკეკლუცო თქვენს მკითხველთან.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

პერსონაჟს ზიზღის გამოწვევა პრინციპში არ შეუძლია. კომიკურია პერსონაჟის ზიზღი. პერსონაჟი ვერ გადაურჩება მკითხველის ქედმაღლობას. ზიზღი სასიამოვნო გრძნობა არ არის, შიშის და საფრთხის ფესვებზე დგას. ჰოდა, ალბათ, ჯერ გამოსაგონებელია ისეთი მედიუმი, რომლის ბუნებაც დაიტევს საფრთხის შემცველ ისეთ პერსონაჟს, რომელთან ურთიერთობასაც ექნება მკითხველის განადგურების პოტენციალი და რომელსაც გულწრფელად შეიზიზღებს აუდიტორია.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

ერთხელ დამისვეს იგივე კითხვა და მაშინ ლუკ ბესონის მეხუთე ელემენტი დავასახელე (ჩემი თაობისთვის ნაცნობი იქნება ეს ფილმი). გაიკვირვეს, მორიგ, ჩვენი კულტურული კონტექსტისთვის ჩვეულ მეტიჩრობას ელოდნენ, ალბათ. არადა, საყვარელი მე ასე მესმის – საყვარელი ისაა, რაზეც არასოდეს ამბობ უარს, რასაც სხვაზე ხშირად ჭამ, სვამ, ვისაც სხვაზე ხშირად ნახულობ, რისი მოხმარებაც უკვე ჩვევად გექცა. ჰოდა, მაშინ, როცა დროც მეტი მქონდა და თავს საყვარლობების ფუფუნებას ვაძლევდი და მაშინ, როცა ფილმს უნდა გადაჰყროდი სადმე, ასე ვერ დაუკვეთდი, როგორც ახლა, როცა გინდა და სადაც გინდა და რასაც გინდა, იმას რომ ნახავ, მაშინ ასეთი ფილმი სულ რამდენიმე იყო, რომელსაც თუკი გადავეყრებოდი სადმე, ბოლომდე შემომენახვებოდა ხოლმე. ჰოდა, მეც ასეთი დავასახელე. ახლა ასეთი ფილმი, მგონი, აღარ მაქვს, რაც ძალიან სევდიანია. ჭკუის სასწავლებელი ნაწარმოებები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთი ნაწარმოები იმ გაგებით საყვარელი, რაც ზევით აღვწერე, ვფიქრობ, ვერასოდეს გახდება.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ისევ საყვარელი? იწურება საყვარელი ნაწარმოებების დრო. არამხოლოდ კულტურული და ინდივიდუალური ზრდის ან გამოფიტვის შედეგად, არამედ, მგონი, ტექნოლოგიური განვითარების გამო. და ერთ მშვენიერ დღეს ზრდასრული ადამიანისთვის ბუნებრივი გადარჩევის გზით გადაშენდება ყველაფერი საყვარელი და იქნებ, თავად ეს ცნებაც. დარჩება მხოლოდ მანია, ტოტალურ ილუზიაში სამუდამოდ დაკარგვის ხელოვნება.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

ადამიანებს ვერ ვცნობ სახეზე, თუ განსხვავებულ გარემოში შემხვდა. შედეგად, ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა თავდაცვის ერთგვარი მექანიზმი, თავი უხილავი მგონია და მუდმივ მალვაში ვარ, უხერხულობას რომ დავაღწიო თავი. ბევრს ქედმაღალი ვგონივარ ამის გამო, უსალმო კაცი, მაგრამ სიმართლე ბევრად უფრო კომიკურია. მაპატიოს ყველამ, ვისაც სალამი დავუგვიანე.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

ცრურწმენები არ მაქვს. აკვიატებებიც, მგონი – არა. მანიები მაქვს. მავნე ჩვევები. 

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

ღმერთო, რა უცნაური კითხვაა. 

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

მე ქედმაღლობას ვებრძვი ჩემში. ვშიშობ, რომ ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვმარცხდები ამ ბრძოლაში. რატომ ვახსენე ახლა ეს? მიჭირს, არ მსიამოვნებს ასეთი კატეგორიებით ლაპარაკი – ჩემი საყვარელი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

ღმერთო, რა ძალიან მიჭირს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ამ კონკრეტულ ისტორიაში, რომელშიც ვცხოვრობ, ვერ ვახერხებ მონაწილეობას, არათუ ის მოვიჩვენო, სხვა დროში რას ვიზამდი და რას შევცვლიდი. მაპატიეთ!

დიონისე თუ აპოლონი?

აჰ, აი, ამ კითხვაზე პასუხი მგონი ზევით უკვე გავეცი, რეალობასა და გამონაგონზე რომ ვლაპარაკობდი. გააჩნია, რა გვინდა, თრობა თუ სიფხიზლე.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

რაც მართლა დავწერე, იმის ავტორი რომ ვარ, ეგეც მაკვირვებს.

ადამიანი, ვისიც გშურთ

ირაკლი ღარიბაშვილის მშურს.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ისევ „ყველაზე დიდი“… შეუძლებელია, რომელიმე ერთი და სხვაზე დიდი შეცდომა დაუშვა ადამიანმა. არ ვართ ადამიანები ასეთი ყოჩაღები, შეცდომებს პერიოდულად რომ ვუშვებდეთ მხოლოდ და მათში რამე წესრიგი და იერარქია გაირჩეოდეს. ხელების ფათურით ბნელში მოსიარულემ რა იცის, როდის დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

არ ვიქნები იმ პასუხით საინტერესო, რომელზე წვალებასაც მთხოვთ.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

ასეთი არ მაქვს.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

არც ასეთები მაქვს.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ისევ ბოდიში უნდა მოგიხადოთ, ვერც თანამედროვე ქართული ლიტერატურის კარგი ცოდნით დავიკვეხნი, საუკეთესოების დასახელებით რომ ვიკეკლუცო.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

არც ასეთი ფრაზა მაქვს.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

ასეთი ოდესღაც მქონდა და ჯანდაბას, გაგიმხელთ – „…ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა.“

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

საუკეთესო არაფერი არსებობს. დროა ასეთი იერარქიული პერსპექტივით აღარ გავარჩიოთ და დავამციროთ ხელოვნება.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

სამზე

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ახლა გილგამეშზე ვცდილობ მუშაობას და მანამ, სანამ ვმუშაობ, მინდა, შამჰათი მიზიდავდეს.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

თავი ხომ არ მოგვაბეზრეს საუბრებით მწერლებმა, მხატვრებმა, რეჟისორებმა, ეს უფრო მაფიქრებს.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

ის, რომ რაც მეგონა, ვიცოდი, თურმე არ მცოდნია და რაც მართლა მცოდნია, ისიც მალე დაკარგავს აქტუალობას.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

თუ სურვილზე მიდგა საქმე, იმ დროში, რომელშიც ამაზე მეტი ძალა მექნებოდა, ვიდრე ახლა მაქვს.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

იყო და არა იყო რა არის კარგი დასაწყისი.

რომელია საუკეთესო დასასრული?

აჰაჰაჰა, ქატო იქა, ფქვილი აქა არის კარგი დასასრული.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ენა უამბოდ მასტურბაციაა, რაც შესაძლოა ექსჰიბიციონისტი ავტორისთვის და ვუაიერისტი მკითხველისთვის ფრიად სახარბიელო დროსტარებაა. თუმცა, ამავდროულად, კარგი მთქმელიც ძალიან საჭიროა. ამის გარეშე ყველა ამბავი მოსაწყენია. 

პროცესი თუ შედეგი?

აზია ვართ თუ ევროპა? აქვს ცხოვრებას საზრისი თუ არ აქვს? ღირს ჩიტი ბრდღვნად თუ არ ღირს? თრობა თუ შენება? ქალაქი თუ ტყე?

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

არ დაარღვიო კარგი კონსტიტუცია.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

ეს კითხვებიც კი მეტისმეტია ჩემთვის, აქ რაზეც ვუპასუხებ.

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

არც ასეთი ამბავი მაქვს.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

სიამოვნებით გავაკრიტიკებდი ნებისმიერ კრიტიკოსს, მათ მოედანზე რომ არ მძულდეს თამაში. თუმცა, არა, ვტყუი. ალბათ მაინც ჯერ ისევ მაქვს კრიტიკის იმედი.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

მეხსიერება არ მივარგა.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ცოდვა გამხელილი ჯობს და ერთ პატარა ჯოჯოხეთად ეს ბლიცინტერვიუც მექცა.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

აჰაჰაჰა, აი, სამი კითხვა დამრჩა და აღგიწერთ.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ისედაც ასე ვარ, მგონი.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

აჰაჰაჰა! რატომ?

წინა რესპონდენტის, გიორგი მაისურაძის შეკითხვა: ქართული ლიტერატურის სკოლის პროგრამიდან ყველაზე ხშირად რომელი საზეპირო გახსენდებათ?

აკი გაგიმხილეთ, მეხსიერება არ მივარგა.

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

რას იზამთ, თუ ქართულმა ოცნებამ 2024 წლის არჩევნებზე ძალაუფლება შეინარჩუნა?

© არილი

Facebook Comments Box