ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ შოთა იათაშვილთან: არ მოცდე!

ფოტოს ავტორი: ივა ფეზუაშვილი

 

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია შოთა იათაშვილი, პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი:

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

შოთა იმიტომ დამარქვეს, რომ შოთა რუსთაველის იუბილეს დღეებში დავიბადე.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

როცა რეალობას ასახავს, მაშინაც კი გამონაგონით ფასდება მწერალი.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.

ადამიანი, რომელიც ცდილობს გაერკვეს, როგორაა სამყარო მოწყობილი, აშენებული. ანუ ის, რაც ჩემი რომანის, “დამწყების” თემაა. დავამთავრე ეს რომანი  წელიწადნახევრის წინ, მაგრამ ცნობიერებით ისევ მაგ თემაში ვარ.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

თავადი მიშკინი.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

რომელი ვთქვა? კაი, თომას მანის “იოსები და ძმანი მისნი” იყოს.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ბევრნი არიან და აბა როგორ გამოვარჩიო? არასასიამოვნოა საზიზღრების ერთმანეთთან შედარება.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ბავშვობიდან გოგენი მიყვარდა. მაჯადოებდა. ახლაც მახსოვს, “ერმიტაჟში”, გოგენის ოთახში რომ მოვხვდი, ის განცდა. ფეხები მომეკვეთა, ცენტრში მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ვიჯექი ასე, მონუსხული მთელი საათი. ხანდახან მივტრიალდებოდი ხოლმე სხვა კედლისკენ, მივაჩერდებოდი, მერე ისევ შევიცვლიდი მზერის მიმართულებას, ვბზრიალებდი ნელა, გაშეშებული…

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.

მე თვითონ  ვერაფერი გავიხსენე, მერე ოჯახის წევრებს ვკითხე და ვერც მათ მითხრეს რამე საინტერესო. ეტყობა ასეთი უსახური ტიპაჟი ვარ, უცნაური თვისებების გარეშე.

ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?

ცრურწმენები ნამდვილად არა, აკვიატებაზე კი, სახლში რომ ვიკითხე, ყველას ერთი რამ გაახსენდა, მაგრამ აქ არ დამაწერინეს, ტეხავსო.

როგორ სიკვდილს ისურვებდით?

ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი ბინიდან გამოსული, მეოთხე სართულიდან ჩემებური უცნაური ხტუნვით ვეშვები ხოლმე კიბეზე. ასაკი მემატება და მემატება, მაგრამ კიბეზე ჩასვლის ამ მანერას ვერანაირად ვერ ვიშორებ. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ თუ დავბერდი, მაინც ასე გავაგრძელებ სასაცილოდ ხტუნვას საფეხურებზე და ერთხელაც კისერს მოვიტეხ საბოლოოდ. ჰოდა იყოს, დავილეწო კიბეებზე მოხტუნავე და მოვკვდე ეგრე!

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

სულ ისტორიულ რომანებს რომ წერენ ან ომის ბატალურ სცენებს აღწერენ, ისინი. იმიტომ, რომ ჩემი აზრით ასეთი ტექსტები მწერლობის მთავარ არსს არ ემსახურება, უფრო სხვა მიზნით და იდეოლოგიური დაკვეთით იქმნება.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.

ალბათ ჭადრაკი.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

ახლა ერთდროულად ვკითხულობ მინდია არაბულის „ყოველი ამბის დასასრულს“, მაგდა კალანდაძის „მეორე ოთახს“, ნიკა ჯორჯანელის “ნეტფლიქსს”, ტომ პეროტას „ნარჩენებს“, ჯეიმს ბალარდის „შეჯახებას“, კოლსონ უაითჰედის  “მიწისქვეშა რკინიგზას”, ჯენიფერ იგანის „დაუნდობელი არამზადების სტუმრობას“, პრიმო ლევის „პერიოდულ სისტემას“. თუ კიდევ რამე არ გამომრჩა… და დიდი ხანია ასე ვარ. თან 10 წიგნიდან 2-3-ს თუ ვამთავრებ ხოლმე საუკეთესო შემთხვევაში. ბოლო წიგნი მალხაზ ხარბედიას „წიგნის ნადიმები“ დავასრულე და „ინდიგოსთვის“ რეცენზიაც დავწერე. შეთანხმება მაქვს მათთან, რომ თვეში ორჯერ რეცენზიები უნდა დავუწერო და ამიტომ მიუხედავად მოუცლელობისა, ისევ წიგნების კითხვის აქტიურ ფაზაში გადავედი.

დიონისე თუ აპოლონი?

მგონია, რომ მაინც აპოლონურია ჩემი ტექსტები, თუმცა კი სულ დიონისესკენ მიმიწევს გული და მექაჩება.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

სვიფტის “გულივერის მოგზაურობის”.

ადამიანი, ვისიც გშურთ.

მართლა არ მშურს ადამიანების, გეფიცებით, რადგან თუ სამართლიანად აქვთ რაღაც, ეგ განცდა არ მიჩნდება, და თუ უსამართლოდ – მითუმეტეს.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.

ეგ ყველამ თავისთვის უნდა შეინახოს, ან მღვდელს უთხრას, ანდა ფსიქოთერაპევტს, თუ რომელიმესთან დადის.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი.

ძალიან რთულია ეგრე, რადგან სამი ძალიან ცოტაა. მაშინ სხვადასხვა თაობებიდან ავიღებ: ბესიკ ხარანაული, დავით ჩიხლაძე და პაატა შამუგია.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.

გათავდა.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

ჩაირიცხა. ცაც კარგი სიტყვაა, კოცნაც, ლექსიც, და რა ვიცი, ბევრია კარგი სიტყვა, მაგრამ ჩაირიცხა ჯობია.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ქართული რომანი.

ბევრი ვიფიქრე მაგრამ ასე გამორჩევა გამიჭირდა. ალბათ იმიტომ, რომ ამ პერიოდის რომანს აკლია მასშტაბურობა, აი, ისეთი, მეოცე საუკუნის ტექსტების შერჩევისას რომ იტყოდი “დათა თუთაშხიას” ან ჭილაძის რომელიმე რომანს. თუმცა “გოდორი” 21-ე საუკუნეში დაიწერა, მაგრამ ეს ხომ დიდი მწერლის ძველი ესთეტიკაა, ოდნავ განახლებული, მაგრამ კარგად ნაცნობი, და აქ ჯობია, ახალი ესთეტიკის ტექსტები დავასახელოთ. ისე “ძველებიდან” გურამ დოჩანაშვილმაც ძალიან ბევრი წერა ახალ ეპოქაში, მაგრამ მგონი ჯერ ვერავინ გაარკვია, რა, და ნაირა გელაშვილმაც დადო ორი მასშტაბური რომანი. “ახლებიდან” კი კონკრეტულ ტექსტებზე კი არა, უფრო ფიგურებზე ვფიქრობ, რადგან ტექსტების გამოყოფა მიჭირს. ყველაზე მასშტაბური ფიგურები კი ჩემი აზრით აკა მორჩილაძე და ზურაბ ქარუმიძე არიან. მესამე – ალბათ ზაზა ბურჭულაძე, თუმცა პრეტენზიები მაქვს მისი ხელწერისადმი. შეიძლებოდა ლაშა ბუღაძე ყოფილიყო მესამე, მეტად რომ მაკმაყოფილებდეს ენასთან მისი მუშაობის ხარისხი. კიდევ ალეკო შუღლაძე თავისი ბოლო ორი რომანით, განსაკუთრებით “გადამალვით”. ჰო, ირაკლი სამსონაძეც, თუმცა მისი ხელწერა მაინც მეოცე საუკუნიდანაა წამოსული. მოკლედ დავიბენი. ათი წელი მაცადეთ და იქნებ თანდათან ჩამოვყალიბდე და ეს ახალი ქართული პროზაც ჩამოყალიბდეს მეტად.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

Все будет! – ამ ფრაზას ვეუბნებოდი მთელი ცხოვრება დედაჩემს და ოპტიმიზმის გამომხატველი იყო იგი ჩემთვის. “ყველაფერი იქნება” არა, ასე, რუსულად ვეუბნებოდი, რაღაც კარგად ჟღერდა და სხარტად.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

“იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია”. იმიტომ, რომ ხელის თუ ტვინის განძრევისკენ, მოქმედებისკენ მოწოდებაა, ძველი ეპოქიდან წამოსული, მაშინ როცა ძალიან ხშირად პირიქით იყო ყველაფერი: ადამიანებს მოუწოდებდნენ, სამყაროს და ბედისწერას ყოფილიყვნენ მინდობილები.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

“მერანი”.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ქართულად და რუსულად. პოეზიას ინგლისურადაც ხანდახან, თუმცა მიჭირს.

ქალი / კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

ავტობიოგრაფიული პერსონაჟი ჰენრი მილერის “ტროპიკებიდან”. ვიქნებოდი ცოტა ხანი მაინც!

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ბორხესთან. იმიტომ რომ მგონი ყველაზე ბრძენი მწერალი იყო. რაზეც  მოუნდებოდა, იმის შესახებ. მე ძირითადად მოვუსმენდი.

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული.

უფრო პოეზიაა ეგ, რამდენიმეჯერ რომ კითხულობ, ანდა სულაც ბევრჯერ. პროზიდან პლატონოვის გადაკითხვა მიყვარს. ბავშვობაში რამდენიმეჯერ წავიკითხე “სალამურას თავგადასავალი”. “მარტოობის ასი წელიწადი” ორჯერ წავიკითხე, რაც ზუსტად მახსენდება.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

მეოცე საუკუნის დასაწყისში – ცვლილებების, ავანგარდის ეპოქაში.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

“Фома Пухов не одарен чувствительностью: он на гробе жены вареную колбасу резал, проголодавшись вследствие отсутствия хозяйки.” და მერეც მაგრად გრძელდება. “Сокровенный человек” პლატონოვის.

რომელია საუკეთესო დასარული?

ჭირი იქა, ლხინი – აქა,

ქატო იქა, ფქვილი – აქა.

ენა თუ ამბავი? რატომ?

შესაფერისი ენა თუ ვერ მოუნახე, ვერ ივარგებს ის მოყოლილი ამბავი, რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს, შთამბეჭდავი ენით კი უფერული ამბებიც გემრიელად მოიყოლება.

პროცესი თუ შედეგი?

თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელია, სასიამოვნო პროცესიც კი შხამდება, ამიტომ შედეგი.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.

არ მოცდე!

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

ბევრი, მაგრამ სანიმუშოდ “ანა კარენინას” დავასახელებდი. მეჯლისებზე კაბების აღწერებმა დამაგდო და შევეშვი.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

მე თვითონ ვეჭიდები ხოლმე ასე თუ ისე მაგ საქმეს, ამიტომ ვიცი, რა რთულია და მთელი გულით მათ მხარეს ვდგავარ, თუკი წრფელები არიან და ფარული და ბოროტი მიზნებით არ წერენ ხოლმე.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

ბევრია. სადღაც 2015-იდან 2018 წლამდე რადიო თავისუფლებაში კვირაში ერთხელ სიუჟეტს ვაკეთებდი ახალ წიგნებზე. სამ წელიწადში სადღაც 150 წიგნზე დავწერე. ძალიან გამომფიტა ამან და  თავშიც სრული დომხალი მქონდა. ახლა ხანდახან ჩემს დაწერილს ვკითხულობ და იმით ვიხსენებ ხოლმე წაკითხული წიგნების შინაარსს.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

უგემოვნო და ამავე დროს ამბიციურ ადამიანებთან ერთად ცხოვრება.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ალბათ რომელიმე ძალიან დიდი და ძალიან კარგად შედგენილი პოეტური ანთოლოგია აჯობებდა. ბოლო-ბოლო მაგის კითხვაც რომ მომწყინდებოდა, მერე დაზეპირებაზე გადავიდოდი, მაგით მაინც გავირთობდი თავს. თუმცა  არ მეხერხება ეს დაზეპირება, ჩემი ლექსებიც კი ვერ დავიზუთხე ვერასდროს და ეგ გართობა შეიძლება ტანჯვად ქცეულიყო… ამიტომ არა, არ მინდა ეგ. კარგი სამეცნიერო ენციკლოპედია მირჩევნია. მაქედან მაინც უფრო მეტს გავიგებდი.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.

რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე.

 

© არილი

Facebook Comments Box