ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ჯიმშერ რეხვიაშვილთან – ფორმით აპოლონური, შინაარსით დიონოისური

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ჯიმშერ რეხვიაშვილი, მწერალი და რეპორტიორი:

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

ჩემთვის რომ ეკითხათ, სხვა დროს ან სულ სხვა ქვეყანაში დავიბადებოდი, მაგრამ…

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

მგონი, ვენედიქტ ეროფეევზე იკითხა გრიგორი პომერანცმა, ასე ცხოვრობს თუ გამონაგონიაო და როცა პასუხი მოისმინა, რაღაც თქვა ორმაგ ტანჯვაზე. გამონაგონის გარეშე არ არსებობს ლიტერატურა, თუნდაც რეალურ მოვლენებს აღწერდეს. მგონი, იდეალურია ჩვენი პრეზიდენტის ფორმულის („ხალხთან ოღონდ ცოტა ზემოდან“) პერიფრაზი: რეალობა ოღონდ ცოტა გვერდიდან.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.

როგორ შეუძლია ადამიანს, ხელი არ ჩაიქნიოს, არ გატყდეს? საიდან იღებს ძალას? როგორ აკეთებს არჩევანს, რა როლი აქვს გარემოს, კულტურას, შემთხვევითობას?

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

იაკობ ჰაიმი იურეკ ბეკერის „მატყუარა იაკობიდან“. დიდი რამეა, როცა უძალო, უუფლებო, სიკვდილის ყოველწამიერი საფრთხის წინაშე მდგომიც სხვებზე ფიქრობ, სხვების იმედი ხარ, ადამიანად რჩები..

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

არ ვიცი, როგორ ვიმართლებ თავს, იმ ქვეყნად მარსელ პრუსტს თუ გადავეყარე. იმედია, არ ჩამეკითხება, ჩემი დაკარგული დროის ძიებაში წაკითხული გაქვსო?

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

შორს რომ არ წავიდეთ, იოსებ სტალინი, რომელმაც ადამიანების, ერებისა და ქვეყნების მკვლელობა აქცია სამსახურად და უგულო სტატისტიკად. პუტინიც სტალინის კარიკატურაა. უფრო ზუსტად ქოსა, უულვაშო სტალინია. იმედი ვიქონიოთ, რომ კარიკატურადვე დარჩება და ულვაში არ გაეზრდება.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

უილიამ ბლეიკი, რომელიც საგნებსა და ადამიანებს კი არა, მათ შინაარსებს, მათ სულებს ხატავდა. ნახეთ მისი „ისააკ ნიუტონი“ და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.

ყველა რიცხვში ვცდილობ ვიპოვო რამე კანონზომიერება. მაგალითად ჩემი მობილურის ნომერი შედგება მხოლოდ კენტი რიცხვებისგან, ამასთან გამოყენებულია ყველა კენტი ციფრი: 1,3, 5, 7,9

ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?

ცრურწმენები არ მაქვს, მაგრამ ზოგიერთი ცრურწმენისთვის გამიწევია ანგარიში, მაგალითად, თუ ჩაცმულ პერანგზე აწყვეტილ ღილს მაკერებდა დედა, თავზე აუცილებლად დამადებდა ძაფის ნაწყვეტს, ბედი არ დაგეკეროსო. მაშინაც ბევრს ვიცინოდი და ახლაც მეცინება, რომ მახსენებდა.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

სიკვდილზე პირველი თავზარდამცემი ფიქრების მოგერიების შემდეგ უმეტესობა ჩვენგანი ისე იქცევა, როგორც „ცუდი სტუდენტი“: არ ვმეცადინეობთ ყველადღე იმის იმედად, რომ სემესტრის  ბოლოს, გამოცდამდე ერთ-ორი დღით ადრე რაღაცას ვიზამთ. ცხადია, სიკვდილი სულ მუდამ გვიტრიალებს თავში, წასვლისა და შიშებთან გამკლავების რაღაც სცენარებიც გვაქვს, მაგრამ ზუსტად არაფერი ვიცით… „ნუ, რაღაცას ვიზამთ“, – ამის იმედად ვართ.

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

არავინ მახსენდება, მაგრამ თუ რომელიმე წიგნი გვერდზე გადამიდია, ასეთ დროს სულ მიფიქრია, რომ პრობლემა უფრო ჩემშია, ვიდრე „აღიარებულ მწერალში“..

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.

მიყვარს ძველ, ბუკინისტურ წიგნებში ქექვა. სწორედ ამ სიყვარულის შედეგად მაქვს ძველი თბილისის ისტორიისა და ყოფის შესახებ დაწერილი წიგნების კარგი კოლექცია. პრინციპში, თბილისის და მტკვრის კვლევაც გატაცებაში შეიძლება გავატაროთ.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

პერ ლაგერკვისტის „ჯუჯა“. ისე მოხდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინა დღეს ჩამოვიღე თაროდან. პრინციპში, ერთ დღეში წასაკითხი პატარა წიგნია, მაგრამ ისეთ დღეში ვიყავი ამ ომის გამო, რომ თითქმის მთელი თვე მოვანდომე.

დიონისე თუ აპოლონი?

ალბათ ორივე რაღაც პროპორციით. ჩვენი, კვანტური სამყარო ამის შესაძლებლობას იძლევა. სოცრელიზმის მამებსაც შეგვიძლია დავესესხოთ. ფორმით ეროვნული, შინაარსით სოციალისტურიო, ამბობდნენ ისინი. ჩვენც ვთქვათ: „ფორმით აპოლონური, შინაარსით დიონოისური“ ან პირიქით.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

ბევრი ნაწარმოების ავტორობას ვისურვებდი, მაგრამ პირველი ნაწარმოები, რომელზეც გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, რატომ მე არ ვარ ამ ტექსტის ავტორი-მეთქი, იყო კამილო ხოსე სელას „პასკუალე დუარტეს ოჯახი“. ახლაც თვალწინ მიდგას  ოქროს ძაფი რომ ჩამოსდის ცხვირიდან ზეთის ამფორიდან ამოყვანილი ბავშვის გვამს .

ადამიანი, ვისიც გშურთ.

ყველა დიდი ფიზიკოსისა და მათემატიკოსის მშურს. ნებისმიერი ჩვენგანი, ვისაც მეტ-ნაკლებად რთული ამოცანები ამოუხსნია თუნდაც სკოლაში, იოლად წარმოიდგენს, რას  გრძნობდნენ ისინი ბუნების მანამდე უცნობი კანონებისა თუ კანონზომიერებების აღმოჩენისას.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.

ალბათ, საბჭოთა ჯარში წასვლა. შემეძლო რაღაც გზებით თავი ამერიდებინა, მაგრამ არ დავუჯერე ჭკვიან ხალხს, რამაც შემდეგ არჩეული პროფესიის შეცვლამდეც კი მიმიყვანა, ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი.

სამზე მეტს ჩამოვთვლი, ოღონდ სახელებს: ლელა, ზვიადი, შოთა, გიორგი, ეკა. ბესიკი, რეზო, ლია, თემური. ცალკე გამოვყოფ ნუგზარ ზაზანაშვილს, რომელიც გამორჩეულად მიყვარს როგორც პოეტი და რომლის გარდაცვალებამ ძალიან მატკინა გული.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.

შეურაცხმყოფელი, ყანყრატო, მწვრთნელი

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

მზიური, იალქანი, თავისუფლება, ცისარტყელა

დაასახელეთ 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ქართული რომანი.

მოდი¸რომანისტებს ვიტყვი: აკა მორჩილაძე, ზაზა ბურჭულაძე, ზურაბ ქარუმიძე, ლაშა ბუღაძე

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„კაცია ადამიანი?! – ფსევდო-ერისკაცების არნახული მოზღვავების ფონზე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა-შეხსენება.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი“, „თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენების“, „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ –  ფაქტობრივად საქრთველოს ეროვნული  უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაა.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

მიჭირს თქმა. უფრო იოლად დავასახელებ პოეტს: რუსთაველის შემდეგ, დავით გურამიშვილი ან გალაკტიონი.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ქართულად და რუსულად

ქალი / კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

იერონიმუს კარლ ფრიდრიხ ფონ მიუნჰაუზენი, ქვემოსაქსონელი ბარონი და როტმისტრი, რომელიც სეტყვისგან – მთვარიდან ჩამოცვენილი ყურძნის მარცვლებისგან საუკეთესო ღვინოს აყენებდა.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ქართველებიდან ვანო მაჩაბელთან, მიხეილ ჯავახიშვილთან, დავით კლდიაშვილთან… ვისაუბრებდი რა, მოვუსმენდი როგორ წერდნენ, რატომ წერდნენ. მიხეილს „საქმეს გავურჩევდი“, როგორ ვერ უშველა თავს, როგორ არ წავიდა, როგორ ჩაუგდო თავი საჯიჯგნად ბოლშევიკებს.

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული.

დავით კლდიაშვილის ყველა მოთხრობა, გაბრიაძის „შერეკილები“, შექსპირის რამდენიმე პიესა (ჰამლეტი, იულიუს კეისარი); გოგოლის მოთხრობები…

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

ალბათ XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როცა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი ძალას იკრებდა და  დიდი იყო მომავლის იმედი; როცა განათლებას ეშურებოდა ყველა ფენის ქალი და კაცი, როცა მოგზაურობა მასობრივად ხელმისაწვდომი ხდებოდა.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

– ტომ!

პასუხი არ არის.

რომელია საუკეთესო დასარული?

„ურემზე თითებით ნაძერწი მოღუნული სანთელი ანათებდა, უსასრულობაში კანკალით რაღაცას ეძებდა…“ –  ასეთი საოცარი დასასრული გაუკეთა რეზო გაბრიაძემ თავისი „შერეკილების“ ბოლო გამოცემებს.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ენა მეტია ამბავზე. კარგი ენა საკმარისია ლიტერატურის შესაქმნელად, კარგი ამბავი კი არ არის საკმარისი. იდეალურია, თუ ორივე მაღალი დონისაა, როგორც „სამანიშვილის დედინაცვალშია“.

პროცესი თუ შედეგი?

პროცესი, მაგრამ გარკვეული შედეგით. მწერლობაში უშედეგო პროცესის ტრფიალს, მგონი,  გრაფომანია ჰქვია.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.

არევინ არის არევინზე ნაკლები!

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

„გავიდა ცხოვრების უმეტესი ნაწილი, რაღას ელოდები?“ – ამ კითხვით შემეძლო თავსატეხი გამეჩინა, მაგრამ  დავზოგავდი და არაპროფესიონალურად დავუსვამდი ე.წ. დახურულ კითხვას, რომელზეც რესპონდენტს, როგორც წესი, მოკლე, ერთსიტყვიანი პასუხი შეიძლება ჰქონდეს. „როგორ ფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, ამართლდება შოთა რუსთაველის აფორიზმი, ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია?“

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

არ წავიკითხე „ომი და მშვიდობის“ ბოლო ნაწილი, სადაც ტოლსტოის ფაქტობრივად ვრცელი ესე აქვს ჩართული ისტორიის შესახებ.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

ლიტერატურის კრიტიკოსის შრომა ასე წარმომიდგენია: როგორც ექიმი წინასწარი სელექციის გარეშე ელოდება პაციენტს, ასევე კრიტიკოსი თავის „სეოპერაციო მაგიდაზე“ უნდა იღებდეს ყველა ახალ ტექსტს. არაფერს ვამბობ კრიტიკოსის პროფესიონალიზმსა და ინტელექტუალური სინდისის აუცილებლობაზე. ერთი სიტყვით, ექიმებივით საჭირო ხალხია.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

აღარ მახსოვს ბავშვობაში წაკითხული მაინ-რიდებისა და ჟიულ ვერნების უმეტესი ნაწილი. “საიდუმლო კუნძულიც” გამონაკლისია მხოლოდ იმის გამო, რომ უფროს შვილს წავუკითხე ერთ-ერთ არდადეგებზე.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

უწიგნო, უტექსტო სამყარო, სადაც კალამი არ წერს, სადაც ცარცი კვალს არ ტოვებს დაფაზე.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

რაც უფრო იოლად დავისწავლით, მით უფრო მალე მოგვყირჭდება და შესაბამისად მოყირჭებულის კითხვა იქნებოდა ყველაზე დიდი ტანჯვა. ამიტომ უნდა შევარჩიოთ დიდი და რთული ტექსტი თავისი განმარტებებით. ასეთი შეიძლება იყოს: ძველი აღთქმა, ულისე, ილიადა, ღვთაებრივი კომედია.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.

ვლადიმირ სოროკინის „ოპრიჩნიკის დღეში“ აღწერილი ამბები მაღალი სიზუსტით ახდა: რუსეთში წვავენ წიგნებს, ეკლესია და უშიშროება შერწყმულია და ერთად ებრძვის თავისუფლებას, ევროპისგან იზოლირებულია დიდი კედლით და ა.შ. საინტერესოა, ახდება თუ არა 2021 წელს გამოცემულ ახალ რომანში („დოქტორ გარინ“) აღწერილი ამბები ანუ დაიშლება თუ არა რუსეთის იმპერია და როდის?

© არილი

Facebook Comments Box