ინტერვიუ

ბლიცი მკითხველთან – გიორგი მაჭარაშვილი – “შემობრუნების წერტილის ძიება”

გასული წლის თებერვალში არილმა ახალი რუბრიკა დაიწყო – ბლიცინტერვიუ ავტორებთან. ერთი წლის შემდეგ კი ბლიცინტერვიუს სტუმრები არა მარტო პოეტები, დრამატურგები, პროზაიკოსები, მთარგმნელები თუ გამომცემლები, არამედ არილის ერთგული მკითხველებიც იქნებიან.

ამჯერად რუბრიკის სტუმარია გიორგი მაჭარაშვილი:

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

გამონაგონი

თემა, პრობლემა, რომელიც ტექსტებში ყველაზე მეტად გაინტერესებთ

შემობრუნების წერტილის ძიება და მასთან დაკავშირებული შემთხვევითობა. ყოველთვის მაინტერესებს ამ ორის დროითი მიმართება ერთმანეთთან.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი ქართულ ლიტერატურაში

ალუდა ქეთელაური და აღაზა.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

პირველივე, რაც მახსენდება – ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობაა“.

თქვენი, როგორც მკითხველის, ყველაზე დიდი გატაცება

ჰაიკუების აღმოჩენა. ცოტა რამაა იმაზე მომხიბლავი, ვიდრე ეს პატარა ლექსები. თუკი შემდგომ მისი თარგმნაც გამოგივა, ხომ საერთოდ ბრწყინვალე ამბავია.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პროზაიკოსი

აკა მორჩილაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი და არჩილ ქიქოძე.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

გოეთეს „ფაუსტი“, განსაკუთრებით მისი ენობრივი თავისებურების გამო, ოღონდ იმ დაშვებით, რომ წინ მექნებოდა მისი დაწერის შესაძლებლობა. ეს ისეთი ნაწარმოებია, რომელსაც რამდენჯერაც არ უნდა დაუბრუნდე – ყოველ ჯერზე სრულიად ახალი პასაჟი მიიქცევს შენს ყურადღებას. საერთოდაც, რთულად წარმოსადგენია, ერთხელ წაკითხვის შემდეგ, ოდესმე კიდევ არ მიგაბრუნოს უკან ამ ტექსტმა.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ტარიელ ჭანტურია.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

„მონა-მორჩილი“, „პრაქტიკაში დავნერგოთ“. არ მესმის ამ სიტყვების ხიბლი რა არის.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

შესაძლებლობა, ჭეშმარიტება, პარადოქსი.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

აკა მორჩილაძის „Obole”, „სანტა ესპერანსა“. ანა კორძაია-სამადაშვილის „ზინკა ადამიანი“.

თემა, რომელიც ლიტერატურაში თქვენთვის უინტერესოა

ძირითადად აღმოსავლური ფილოსოფიის საკითხები. ეს არ არის ის ლიტერატურა, რომელსაც ყოველ დღე წავიკითხავდი, თუმცა სრულებით არ მინდა იმის თქმა, რომ მათ ღირებულება არ გააჩნიათ.

როგორც მკითხველს, რაიმე უცნაურობა თუ გახასიათებთ?

თუკი კონკრეტული ნაწარმოები მომეწონება, შემდგომ ხშირად იმ ავტორის დეტალურ შესწავლას ვიწყებ, რაც გამოიხატება მისი წერილების, დღიურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნარკვევების წაკითხვაში. ჩემს ინტერესს ამ დროს მისი პიროვნება წარმოადგენს და ის გარემოებები, რომლებმაც იგი კონკრეტული რომანის/ლექსის/მოთხრობის დაწერამდე მიიყვანა. ამ ძიების დროს ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი აღმომიჩენია, ამიტომ, უცნაურობა არ ვიცი, მაგრამ კარგი გასართობია ნამდვილად.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი, მეორედ და ნამდვილად.”

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

“სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს,

მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;

მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,

განსწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

სრულად ვეთანხმები ყოველ სიტყვას. რაზეც მთელ რომანებს აგებენ მწერლები, აი, ამ სტრიქონებშია მოცემული. ნამდვილად დიდი ოსტატობა სჭირდება ამას.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

დავით წერედიანის „ძველი წარწერები“. ყოველ მიბრუნებაზე მაოცებს ის ოსტატობა, რომლითაც ეს ლექსია დაწერილი.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

სამზე, თუმცა მეოთხეც დაემატება იმედია.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ცალსახად, ელენ ოლენსკა. წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა „უმანკოების ხანა“ წაიკითხო და ეს ქალი შემდგომ შენი მეხსიერებიდან წაიშალოს.

ქართველი მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ცოცხალთაგან ანა კორძაია-სამადაშვილთან. მასზე საინტერესო მთხრობელი არც ისე ბევრი მეგულება. ანას ყოფითი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ამბების მოყოლაც კი განსაკუთრებულად გამოსდის. თემას რაც შეეხება, ბევრი იქნებოდა ასეთი. დასაწყისისთვის ბობ დილანიც გამოდგებოდა.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

თავისებურად მიყვარს რობერტ გრეივზის „მე, კლაუდიუსის“ დასაწყისი. ამავეს თქმა შემიძლია ფ. ს. ფიცჯერალდის „დიდ გეტსბიზე“. ეს უკანასკნელი შეიძლება ისტორიაში საუკეთესო დასაწყისი არ არის, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად მახსოვს.

რომელია საუკეთესო დასასრული?

ორი მახსენდება: უილიამ ფოლკნერის „აგვისტოს ნათელი“ და თომას მანის „ჯადოსნური მთა“. ორივე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტექსტია, დიდებული დასასრულის ჩათვლით.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ენა, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული ყველაზე საინტერესო ამბის ბედი.

რა არის, თქვენი აზრით, მკითხველის პირველი მცნება?

კიდევ ერთხელ დაფიქრდე, სანამ რაიმე აზრს გამოთქვამ. თუკი მას საგნისთვის მნიშვნელობის მინიჭება არ შეუძლია, მაშინ საერთოდ თქმადაც არ ღირს.

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

პასკალ მერსიეს „ღამის მატარებელი ლისაბონისკენ“. კლასიკური ისტორიაა იმის შესახებ, როგორ შეიძლება, ერთმა შემთხვევამ და რამდენიმე სიტყვამ მთლიანად თავდაყირა დააყენოს შენი ცხოვრება. ეს რომანი აჩვენებს, რომ ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა ერთობლიობა ცვალებად აზრთა, რომლებიც შემდგომ გარკვეულ ფორმას იღებენ და ჩვენს ყოველდღიურობას განაპირობებენ, მანამ, სანამ შემთხვევითობის ძალით მზერას საპირისპირო მიმართულებით არ მივაქცევთ.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

იმისთვის, რომ ლიტერატურა განვითარდეს, აუცილებელია, კრიტიკა დაიწეროს, თანაც შეულამაზებლად. ლიტერატურის კრიტიკოსებმა დაუნდობელი სიმართლე უნდა გადმოსცენ იმის შესახებ, რასაც განიხილავენ. ამ მხრივ, მგონია, რომ მათი როლი განუზომელი მნიშვნელობისაა, ვინაიდან ხანდახან ამ სფეროს სინდისის სადარაჯოზე მათ მეტი შეიძლება არავინ აღმოჩნდეს.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ნებისმიერი დეტექტივი. წაკითხვიდან რამდენიმე კვირაში სრულებით არაფერი მახსოვს, გარდა ფინალის კითხვისას აღძრული ემოციებისა. ის შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი ნაწარმოების მიზანი ჩემთვის თავად „პროცესში მყოფობაა“ და არა „შედეგი“. ამიტომ მათ დავიწყებას მარტივად ვეგუები ხოლმე.

ყველაზე ცუდი წიგნი, რომელიც წაგიკითხავთ

ცუდი წიგნი არ არის, მაგრამ მე არ მიყვარს: „კლდის პირზე ჭვავის ყანაში.“ ალბათ, სელინჯერის მიმართ დიდი უსამართლობაა მისი აქ დასახელება, როცა ზოგიერთი თანამედროვე ქართველი ავტორის ბევრად ცუდი რომანებიც წამიკითხავს, თუმცა იყოს, როგორცაა.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“. ყოველ დღე შემახსენებს, რომ „აქ და ახლაა“ საჭირო მოქმედება და არა ხვალ ან კიდევ უფრო შორეულ მომავალში.

ახლა რას კითხულობთ?

მარგარეტ იურსენარი „ადრიანეს მოგონებები“

რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა

დიდი პოტენციალის მქონე, ჯერაც ჩანასახის მდგომარეობაში, აუცილებელი ევოლუციის შემყურე.

რომელია, თქვენი აზრით, არილის საუკეთესო ნომერი?

ნომერი ბორხესის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არილის ნომრები მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ეს განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გამოდგა.

ყველაზე დასამახსოვრებელი ყდა არილის რომელ ნომერს ჰქონდა?

ორი მახსენდება: ერთის ყდაზე ავრელიუსია გამოსახული (2019 წლის #5 ნომერი), მეორე კი ალფრედ ჟარის „იუბიუ მეფეს“ ეხმიანება (2019 წლის #8 ნომერი).

ბოლოს რა წაიკითხეთ ჩვენს ჟურნალში?

მარგარეტ ეტვუდის „ქვრივები“ (2023 წლის მეორე ნომერში დაიბეჭდა). თამარ ლომიძის ბრწყინვალე თარგმანია, როგორც ყოველთვის.

ხომ არ გახსენდებათ რომელიმე ავტორი, რომელიც პირველად არილში აღმოაჩინეთ?

ასეთი ბევრია, განსაკუთრებით non-fiction მიმართულებით. მაგალითად, ერთ-ერთი, ვინც მახსენდება, ჰიტო შტაიერლია (თინათინ ხომერიკის ძალიან კარგი თარგმანი). არილში აღმოვაჩინე, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატი, ოლგა ტოკარჩუკიც.

როგორ გგონიათ, კარგი მკითხველი ხართ?

გუშინდელზე უკეთესი და ხვალინდელზე უარესი.

© არილი

Facebook Comments Box