ინტერვიუ

ბლიცი მკითხველთან – თათია კობიძე – „ყოველთვის ავტორის მხარეს ყოფნა მირჩევია”

გასული წლის თებერვალში არილმა ახალი რუბრიკა დაიწყო – ბლიცინტერვიუ ავტორებთან. ერთი წლის შემდეგ კი ბლიცინტერვიუს სტუმრები არა მარტო პოეტები, დრამატურგები, პროზაიკოსები, მთარგმნელები თუ გამომცემლები, არამედ არილის ერთგული მკითხველებიც იქნებიან.

დღეიდან ყოველთვიურად გამოქვეყნდება ინტერვიუები, რომლებშიც მკითხველების პერსპექტივას გავეცნობით, წავიკითხავთ მათ შეხედულებებს ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაზე, საყვარელ ავტორებსა და ტექსტებზე და არამხოლოდ.

რუბრიკის პირველი სტუმარი მედიამკვლევარი, მკითხველი თათია კობიძეა.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

თუკი გამონაგონი ამბავიც ისევეა დაწერილი, რომ რეალურივით განვიცადო, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, მკითხველისთვის? კარგი ტექსტის წერისას იმხელა გზას გადის ავტორი, შეიძლება რეალურ ამბავზე მეტადაც განიცადოს წიგნში მომხდარი. შესაბამისად, მკითხველისთვის აღარ არის საინტერესო, ნამდვილად მოხდა თუ არა ესა თუ ის მოვლენა.

თემა, პრობლემა, რომელიც ტექსტებში ყველაზე მეტად გაინტერესებთ

ადამიანების კათარსისი, ცვლილებები. რა გზას გადიან ადამიანები ძირეულ ცვლილებებამდე და საკუთარ თავთან დარჩენისას, როცა არავისი მოტყუება აღარ სჭირდებათ, ვინ არიან.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი ქართულ ლიტერატურაში

ზოგადად, კარგებად და ცუდებად დაყოფა არ მიყვარს, მუდმივად მეცვლება შეხედულებები, ბოლო დროს „სამოსელი პირველიდან“ ტერეზაზე მეფიქრება ძალიან ბევრი.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

„დანაშაული და სასჯელი“. ასე მგონია, ჯერ წაკითხვისთვის მზად არ ვარ და ყოველთვის გვერდზე ვდებ.

თქვენი, როგორც მკითხველის, ყველაზე დიდი გატაცება

გმირების სხვადასხვა რაკურსიდან დანახვა. ხანდახან წიგნებს დასასრულებს ვუცვლი გონებაში და წარმოვიდგენ, მე რომ ვწერდე, როგორ დავამთავრებდი.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პროზაიკოსი

აკა მორჩილაძე, არჩილ ქიქოძე, ზაირა არსენიშვილი. ეს უკანასკნელი, შესაძლოა, მთლად თანამედროვედ არ ითვლება, მაგრამ რადგანაც ბოლო წლებში თავიდან აღმოვაჩინეთ და გავიცანით, სამეულში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

პირველი თავზე ხელის აღება ჭირს, თორემ მერე იმდენს მოვაწერდი ხელს… ზეიდი სმითის მშურს, 25 წლისაც არ იყო, „თეთრი კბილები“ რომ დაწერა და ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას – ამ პატარა გოგომ როგორ მოახერხა?

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ზვიად რატიანი, ბესიკ ხარანაული, გიორგი ლობჟანიძე.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

გემრიელობა.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

მშვენიერია, შესანიშნავია, სცადე.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

„ვა, სოფელო“, „სანტა ესპერანსა“, „შაშვი, შაშვი, მაყვალი“. თამთა მელაშვილმა ქალის ახლებური მონოლოგი შემოგვთავაზა და ცალკეული წვრილმანების მიუხედავად, განსაკუთრებულ ხმად დარჩება ეს რომანი ქართულ ლიტერატურაში.

თემა, რომელიც ლიტერატურაში თქვენთვის უინტერესოა

პოლიტკორექტულობის გამო ხელოვნურად ჩაკვეხებული ყველა თემა უინტერესოა. თუმცა, მანდაც მწერლის ოსტატობაზეა დამოკიდებული ბევრი რამე.

როგორც მკითხველს, რაიმე უცნაურობა თუ გახასიათებთ?

ბევრ წიგნს ვკითხულობ ერთდროულად. დილა შეიძლება მსუბუქი, ფარფატა ლექსებით დავიწყო და ღამე ომზე მძიმე ტექსტით დავასრულო. იმდენად ვიჭრები კითხვისას ნაწარმოებში, ერთ წიგნში რომ თავით გადავეშვა, შეიძლება, ემოციისგან გული გამისკდეს. ამიტომ ერთდროულად რამდენიმე წიგნს ვკითხულობ.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„ცადე, არ იყო ისეთი ადამიანი, როგორიც იყავ. არც ერთ საქმეს იმდენი ძალა არ სჭირდება, რამდენიც გაბედვა. ცადე კარგად ყოფნა“. ბესიკ ხარანაულის ეს ფრაზა  ხშირად მიტრიალებს თავში.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

ავთანდილის ანდერძი. ერთგულება, თავგანწირვა, სიმამაცე, ღირსება, პრინციპულობა – ყველაფერი ჩანს ამ სტრიქონებში და მუსიკალურადაც ძალიან ლამაზია. სკოლაში ამას ვერ ვხვდებოდი. მერე უნივერსიტეტში მეტყველების დასახვეწად გვაკითხებდნენ და იქაც სავარჯიშოდ აღვიქვამდი. „ვეფხისტყაოსანს“ სერიოზულად მაშინ შევხედე, როცა დავალებად აღარ მქონდა.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

რომელსაც წაიკითხავ და იტყვი, ნეტავ, ახლა გული არ გამისკდეს ემოციისგანო.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ძირითადად, ქართულად ვკითხულობ. თუ დამჭირდა, რუსულად, გერმანულად და ინგლისურადაც, მაგრამ რადგანაც ფიქრით ქართულად ვფიქრობ, მხატვრული ლიტერატურის საკითხავად მშობლიურ ენას ვამჯობინებ.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

არ მყავს ამოჩემებული პერსონაჟები. დროდადრო ვუბრუნდები სხვადასხვა გმირს, მაგრამ ერთის ან რამდენიმეს დასახელება გამიჭირდება. ხვალ რომ იგივე კითხვა დამისვათ, შეიძლება სხვა პასუხი გაგცეთ.

ქართველი მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ძალიან ბევრ მწერალთან ვისაუბრებდი, აკა მორჩილაძესთან, თამთა მელაშვილთან, ნინო ხარატიშვილთან, ანა კორძაია-სამადაშვილთან… წერის ნიუანსები მაინტერესებს და, ძირითადად, ამ თემის გარშემო დავუსვამდი კითხვებს. მერე ერთმანეთს შევადარებდი, ვინ როგორ წერს. რადგანაც პირველი პროფესიით ჟურნალისტი ვარ, სტატია-პორტრეტებსაც სიამოვნებით გავაკეთებდი რამდენიმე მწერალზე. თუ ახლოს მიგიშვეს, მწერლები საინტერესოები არიან.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

საუკეთესო ხმამაღალი შეფასებაა, მაგრამ ტომ სოიერის დასაწყისი მახსენდება, ყოველდღიურობაში ხშირად ვიყენებ:

„– ტომ!

პასუხი არ არის.

– ტომ!

პასუხი არ არის.

– რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!

მოხუცმა ცხვირზე ჩამოწია სათვალე და სათვალის ზემოდან მოათვალიერა მთელი ოთახი, მერე შუბლზე აიწია და ახლა სათვალის ქვემოდან მიიხედ-მოიხედა. სათვალეში თითქმის არასოდეს იყურებოდა, როცა ეძებდა ისეთ პაწაწკინტელა ნივთს, როგორიც, მაგალითად, ერთი ციცქნა ბიჭია. ეს სათვალე მისი სიამაყე იყო და უფრო სილამაზისათვის იკეთებდა; იქიდან დანახვა ისევე შეიძლებოდა, როგორც ქოთნის სარქველიდან. ერთ წამს მოხუცი დაიბნა, შემდეგ კი არცთუ გაჯავრებით, მაგრამ იმდენად ხმამაღლა, რომ ოთახის ავეჯს გაეგონა, თქვა:

– დაიცა, ერთი ხელში ჩამივარდე…“ – გადასარევია, არა?!

რომელია საუკეთესო დასასრული?

არ მახსენდება. საუკეთესო დასასრულის კითხვისას თვალები ცრემლებით მაქვს სავსე და გული ამოვარდნას, ალბათ, ამიტომაც ვერ ვიხსენებ ახლა, უცებ. 

ენა თუ ამბავი? რატომ?

ენა – კარგად მოყოლილი ნებისმიერი ამბავი საინტერესოა. თუ მთხრობელი არ ვარგა, ამბავიც იკარგება.

რა არის, თქვენი აზრით, მკითხველის პირველი მცნება?

იკითხე სიამოვნებისთვის.

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ყველაზე მკაფიო ლიტერატურული მოგონება ჯეინ ეარის წითელ ოთახში ჩაკეტვა იყო. მახსოვს, იმდენი ვიტირე, დავიღალე და წიგნჩახუტებულს ჩამეძინა. 6 წლისამ წავიკითხე და თან ხმამაღლაც ვერ ვტიროდი, რადგან წიგნი მოპარული მქონდა.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

კრიტიკა აუცილებელია. საქართველოში დღეს ყველა ერთმანეთს აქებს, კრიტიკას პირად შეურაცხყოფად იღებენ. ამ პირობებში გაზრდა ძნელია. კრიტიკას რომ საქმიანად აქცევდნენ ყურადღებას მწერლები, გაცილებით ცოცხალი პროცესი გვექნებოდა.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ცუდი მეხსიერება მაქვს და შინაარსი ხშირად მავიწყდება. პროცესით ვიღებ სიამოვნებას და ხშირად ერთ ნაწარმოებს დეტალების გასახსენებლად რამდენჯერმე ვკითხულობ.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ზემოთ „ვეფხისტყაოსანი“ ვახსენეთ და რატომაც არა? ისე, „ულისეა“ ჩემი ბოლო დროის სასჯელი. ვკითხულობ, ვკითხულობ და ჯერ ვერ ჩავედი ბოლომდე.

რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა

ცოცხალი, ხანდახან ერთფეროვანი, კრიტიკის სიმწირით გამორჩეული, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ პროცესი მიდის. მერე ნელ-ნელა დაიწრიტება.

რომელია, თქვენი აზრით, არილის საუკეთესო ნომერი?

ამ კითხვაზე პირველი დავით წერედიანისადმი მიძღვნილი, საიუბილეო ნომერი მახსენდება.

ყველაზე დასამახსოვრებელი ყდა არილის რომელ ნომერს ჰქონდა?

„არილი“ პირველად ბიბლიოთეკაში ვნახე. შექსპირის სონეტების კრებული იყო ახალი გამოცემული და მის გადასაწერად დავდიოდი. მთელი წიგნი ხელით გადავწერე კუბოკრულ ბლოკნოტში. მაშინ ალბათ მერვე ან მეცხრე კლასში ვიქნებოდი. ბიბლიოთეკის მაგიდაზე იდო „არილი“, კონვერტი ეხატა ყდას. სანამ ჩემს წიგნს გამომიტანდნენ, ამ ყდამ მიიქცია ყურადღება და გადავფურცლე. ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, მაინც ეგ იყო.

ბოლოს რა წაიკითხეთ ჩვენს ჟურნალში?

ჰემინგუეის ჩანაწერები წავიკითხე გუშინ საღამოს.

ხომ არ გახსენდებათ რომელიმე ავტორი, რომელიც პირველად არილში აღმოაჩინეთ?

ბოლოს ანი ერნოს გავეცანი „არილიდან“. ნობელი ისე აიღო, წარმოდგენაც არ მქონდა ამ ავტორზე.

როგორ გგონიათ, კარგი მკითხველი ხართ?

ცოტა ხნის წინ რომელიღაც ჩემი მეგობარი წერდა, დედაჩემი ცუდი მასწავლებელი იყო, ორიანის დაწერა არ უყვარდაო. მგონი, მეც ცუდი მკითხველი ვარ მაგ გაგებით – არ მიყვარს წიგნებზე ცუდის თქმა, ყოველთვის ავტორის მხარეს ყოფნა მირჩევია.

© არილი

Facebook Comments Box