თარგმანი

ბრეტ ისტონ ელისი – ჩემი ცხოვრების წიგნები

კითხვის პირველი მოგონება

ჯანეტ სებრინგ ლოურის წიგნი პატარა ზანტი ლეკვი, გუსტავ ტენგრენის ილუსტრაციებით. ოთხი ან ხუთი წლის ვიქნებოდი, ალბათ, და დედაჩემთან ერთად ვკითხულობდი მშობლების საძინებელში. დღესაც მახსოვს ის ნახატები და მათი გახსენება თითქოს უკან, უხიფათო ბავშვობაში მაბრუნებს.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

სტივენ კინგის სალიმს-ლოტი. ბავშვობაში ბევრ ჰორორს, სამეცნიერო ფანტასტიკასა და ფენტეზის ვკითხულობდი. მაშინ სრულიად რეალისტურ და ნაცნობ სამყაროში დასახლებული ვამპირების შესახებ კითხვა განსაკუთრებით შემაშინებელი იყო ჩემთვის და სულ ვუბრუნდებოდი და ვუბრუნდებოდი.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

ერნესტ ჰემინგუეის აღმოხდების მზე. ინგლისურის გაკვეთილზე უნდა გვემსჯელა მასზე და წინა ღამით წავიკითხე. მერე, მაშინვე – კიდევ ერთხელ. მთელი ღამის გათენების შემდეგ, რომანის შესაძლებლობები გავაცნობიერე და გაქრა ბავშვობის წიგნებთან დასაბრუნებელი გზაც. გარდამტეხი გამოცდილება იყო.

მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვალა

The New Yorker-ის კინოკრიტიკოსი პოლინ კელი. მან ჩამომაშორა ჩემი ახალგაზრდობის უღიმღამო სამყაროს და მიჩვენა, რომ შეიძლება მდარე და პოპულარული რამეც იყოს სიცოცხლით სავსე ხელოვნება და არაფერია სამარცხვინო იმაში, თუ მოგწონს.

წიგნი, რომელმაც მწერლობის სურვილი გამიჩინა

Slouching Towards Bethlehem, ჯოან დიდიონის ესეების კრებული, რომლის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რა პოტენციალი ჰქონდა წინადადებას. ეს იყო წიგნი, რომლის წყალობით აღმოვაჩინე, რამდენად მნიშვნელოვანია სტილი და ხმა – მეტიც, სტილი და ხმა თვითონაა მნიშვნელობა.

მწერალი, რომელსაც დავუბრუნდი

ჩარლზ დიკენსი, რომლის წიგნებსაც მაშინ ვსწავლობდი, ძალიან პატარა რომ ვიყავი – ვინ აძლევს 12 წლის ბავშვს დევიდ კოპერფილდს? სხვა მტკივნეული გამოცდილებებიც მაკავშირებს მასთან, თინეიჯერობის პერიოდიდან. 40 წლის დავუბრუნდი დიკენსს და მოხიბლული დავრჩი მისი იმ დიდებული ნაწარმოების სიღრმითა და ორიგინალურობით, რომელიც თან ძალიან კარგადაც იკითხებოდა.

წიგნი, რომელსაც ვუბრუნდები

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანს დიდი გეტსბი, დაახლოებით ათ წელიწადში ერთხელ ვუბრუნდები, მას შემდეგ, რაც პირველად წავიკითხე სკოლაში. ყოველ ჯერზე განსხვავებული ჩანს და გამუდმებით ამტკიცებს, რომ მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ამერიკული რომანია.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

ბევრი წიგნი იყო ასეთი, მაგრამ მათ შორის ყველაზე აღსანიშნავი ედით უორტონის  სიხარულის სახლია. წარმოდგენა არ მაქვს, აქამდე რატომ არ წავიკითხე. მგონი ყველამ, ვისაც კი ვიცნობ, ათწლეულების წინ წაიკითხა, მე კი მხოლოდ ახლა, 50 წელს გადაცილებულმა აღმოვაჩინე.

წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ

ე. ლ დოქტოროუს მსოფლიო გამოფენა 1985 წელს ვიყიდე და მაშინ ვიპოვე, როცა დედაჩემის სახლში ბიბლიოთეკას ვალაგებდი – ის იმ იშვიათ სქელყდიან წიგნთაგანია, რომლებიც რატომღაც არ დაზიანდა. ასევე ვკითხულობ კვენტინ ტარანტინოს კინო სპეკულაციას. ფილმებზე დაწერილ წიგნთან ასეთი ინტიმური კავშირი არასოდეს მიგრძნია – ერთი ასაკის ვართ და ჩვენი ბავშვობის, კინოსთან დაკავშირებული გამოცდილებები თითქმის იდენტურია.

ჩემი კომფორტული საკითხავი

დევიდ ტომსონის კინოს ახალი ბიოგრაფიული ლექსიკონი. ნებისმიერ გვერდზე შემიძლია გადავშალო და სრულიად ჩავიძირო მასში. პირველად როცა წავიკითხე, ძალიან შემეცნებითი იყო. მისი მრავალჯერ წაკითხვა კი – ან მისი ნაწილების – ნამდვილი სიამოვნებაა. მის შეხედულებებს ფილმებზე, რეჟისორებსა და მსახიობებზე ხშირად არ ვეთანხმები, მაგრამ ყოველთვის ინფორმაციული და საოცრად ჩამთრევია.

© არილი

Facebook Comments Box