ახალი ამბები,  კულტურა/ლიტ.თეორია

ბუკერის საერთაშორისო პრემია 2022

გიტანჯალი შრის „სიცოცხლითა და სიხარულით სავსე“ “ქვიშის სამარეს”, რომელიც ჰინდიდან დეიზი როკველმა თარგმნა, ბუკერის საერთაშორისო პრემია გადაეცა. რომანი ინდურ ენაზე დაწერილი პირველი წიგნია, რომელიც ჯერ ბუკერის გრძელ და მოკლე სიაში მოხვდა, დღეს კი პრემიაც მიენიჭა.

“ქვიშის სამარე” მოგვითხრობს 80 წლის ქალზე, რომელიც ცდილობს ქმრის გარდაცვალების ტკივილთან გამკლავებასა და ახალი საყრდენის საპოვნელად პაკისტანში მიემგზავრება. გზად საკუთარ ახალგაზრდობის წლებს იხსენებს და ხელახლა აფასებს, დედად, ქალიშვილად, ქალად და ფემინისტად ყოფნის მნიშვნელობას.

“წიგნი საოცარი ოსტატობით გვიყვება იდენტობის ძიების ამბავს და საუცხოოდ ხატავს ოჯახური ურთიერთობების დინამიკას,” (ვივ გროსოპი, მწერალი და კრიტიკოსი). “გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ყველაზე სასოწარკვეთილ წუთებში, სიკვდილის პირისპირაც კი, ესწრაფო სიცოცხლესა და მშვენიერებას,” (მერვ ემერი, ინგლისური ლიტერატურის პროფესორი).

რომანი იკვლევს საზღვრების მრავალშრიან პრობლემას – უპირდაპირდება როგორც გენდერულ თუ რელიგიურ შეზღუდვებს, ისე ქვეყნებსა და ენებს შორის აღმართულ კედლებს. მთარგმნელის, დეიზი როკველის თქმით კი, “ქვიშის სამარე” გიტანჯალი შრის სასიყვარულო წერილია, მშობლიური ენისადმი მიძღვნილი.

“რომ ჩამოვედი, გამაფრთხილეს – ლონდონია, ყველაფრისთვის უნდა იყო მზადო. შეიძლება იწვიმოს ან ითოვოს; შეიძლება, მოიღრუბლოს ან მზემ გამოანათოს, შეიძლება ბუკერიც მიიღო, ამიტომ მომზადებული მოდიო. ვცადე, მაგრამ, მგონი, არ გამომივიდა,” – გიტანჯალი შრის სამადლობელი სიტყვიდან.

“ქვიშის სამარე” პატარა გამომცემლობამ, Axis Press-მა გამოაქვეყნა, შესაბამისად, წიგნის გამარჯვებამ დამოუკიდებელი გამომცემლობების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. რაც შეეხება ავტორსა და მთარგმნელს, მათ საპრიზო თანხა – £ 50 000 გადაეცათ.

2022 წლის ბუკერის საერთაშორისო პრემიის მოკლე სიაში ასევე იყვნენ:

კლაუდია პინიეროს “ელენამ იცის” (Elena Knows by Claudia Piñeiro) – ესპანურენოვანი რომანი ავადმყოფი დედის მცდელობაზე ქალიშვილის მკვლელობის საიდუმლო ამოხსნას.

მიეკო კავაკამის “სამოთხე” (Heaven by Mieko Kawakami) – ჟიურის შეფასებით, “დაძაბული, კლაუსტროფობიული” იაპონური რომანი თანაკლასელთა ძალადობის მსხვერპლ 14 წლის ბიჭსა და გოგონაზე.

იუნ ფოსეს “ახალი სახელი: სეპტოლოგია VI-VII” (A New Name: Septology VI-VII by Jon Fosse) – ნორვეგიელი ავტორის რეფლექსია “ხელოვნების, სიკვდილისა და ღმერთის იდეაზე” ორეულთა, ასლესა და ასლეს, ცხოვრების შესახებ გვიყვება.

ბორა ჩანგის “დაწყევლილი ბაჭია” (Cursed Bunny by Bora Chung) – სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის მოთხრობათა კრებული. ავტორისეული დახასიათებით, “თანამედროვე კორეის ზღაპრები”, რომლებიც ცდილობს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბუდებული შიშებისა და ლტოლვების გაცოცხლებას.

და ბოლოს, ნობელის პრემიის ლაურეატის, ოლგა ტოკარჩუკის ისტორიული რომანი “წიგნები იაკობისა”, „დიდი მოგზაურობა შვიდ საზღვარზე, ხუთ ენასა და სამ დიდ რელიგიაში მცირეთა ჩაუთვლელად“.

© არილი

Facebook Comments Box