„ბუტერბროდი ჭვავის პურით“ ბუკოვსკის მეოთხე რომანია, რომელიც პირველად 1982 წელს გამოიცა. წიგნი ავტობიოგრაფიული პერსონაჟის, ჰენრი ჩინასკის ბავშვობისა და მოზარდობის შესახებაა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებსა და განცდებზე მოგვითხრობს.
ეს წიგნიც, მწერლის სხვა წიგნების მსგავსად, სევდითა და იუმორითაა სავსე და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონფორმიზმის პერიოდში ბუკოვსკი წერდა გარიყულებზე, ეგოისტებზე, შეშლილებზე, მარტოსულებზე – ისეთ ადამიანებზე, რომელთა შემჩნევა არავის სურდა და იმ თემებზე, რომლებიც სხვებს აშინებდა, მისთვის კი აქტუალური იყო: ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის – როგორია მამის გავლენა შვილის ცხოვრებაზე, როგორ ცდილობს იგი მამის ავტორიტეტთან დაპირისპირებას (ერთ-ერთ ინტერვიუში მამამისის სიმკაცრეზე ჰყვება და ამბობს: „მამაჩემი ლიტერატურის კარგი მასწავლებელი იყო: მან მასწავლა ტკივილის მნიშვნელობა – ტკივილის მიზეზის გარეშე“ და ხაზს უსვამს, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღზრდის ასეთ ფორმას ბავშვის მომავალზე), ამერიკული ოცნების მითი, ეკონომიკური პრობლემები, ყალბი სოციალური ღირებულებები (ჰენრი ამჩნევს, რომ საზოგადოებრივ მორალსა და მის პერსონალ გამოცდილებებს შორის დიდი კავშირი არაა და საზოგადოება, რომელიც თავისუფლებასა და თანასწორობაზე ლაპარაკობს, სინამდვილეში, ძალაუფლებით ტკბება, მხოლოდ მატერიალურს ანიჭებს მნიშვნელობას და სხვა ყველაფერს გულგრილად ეკიდება), ინდივიდი სისტემის წინააღმდეგ (ჰენრის ანტაგონიზმი ტექსტში აშკარაა) და ლიტერატურის გარდამსახველი ძალა. ჩინასკი ნელ-ნელა, ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო იზოლირდება სხვა ადამიანებისგან და საკუთარ ადგილს ადგილობრივ ბიბლიოთეკაში, ფიქციის სამყაროში პოულობს. ჰემინგუეი, დოსტოევსკი და სხვანი თავისი ცხოვრების უფრო ღრმად გაანალიზების, თავისი გამოცდილებების ჩარჩოში მოქცევის საშუალებას აძლევენ. რთულ დროს მხატვრული ლიტერატურა შთააგონებს და არწმუნებს, რომ წერა თავადაც უნდა სცადოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინასკი პატივმოყვარედ შეიძლება მოგვეჩვენოს, რიგ ეპიზოდებში მაინც ახერხებს და ამ ყველაფრის შესახებ მოურიდებელი გულწრფელობით ჰყვება. ტექსტში ასახულია ჩინასკის შინაგანი ბრძოლაც, წინააღმდეგობრიობა, სირთულეები, რომლებსაც ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში გადის.
ცნობილია, რომ ჩარლზ ბუკოვსკი თავადაც წინააღმდეგობრივი ადამიანი იყო, რასაც მისი ინტერვიუებიც მოწმობს. ერთ-ერთ მათგანში იგი იმ სიძულვილზე საუბრობს, რომელსაც გამუდმებით გრძნობდა ადამიანებისგან:
„ვიცი, რომ მათ ვძულვარ. მე ვგრძნობ მათ სიძულვილს და ეს კარგია. ეს ამტკიცებს, რომ რაღაცას ვაკეთებ. თუმცა, ცხადია, თუ ყველა შემიძულებს, ჩემი წიგნები არ გაიყიდება. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ვძულვარ, ჩემს წიგნებს ყიდულობენ. შემიძლია, წარმოვიდგინო, რას ფიქრობენ ისინი ამ დროს: „კარგი, ეს კაცი მძულს და მინდა ვნახო, რა დაწერა“.
ბუკოვსკის ისინიც აღიზიანებდა, ვინც პირიქით, აღმერთებდა მის შემოქმედებას: „მათ გარდა, ვისაც სძულხარ, მათაც უნდა გაუმკლავდე, ვისაც უყვარხარ. „ო, რა დიდებული ხარ, ბუკოვსკი. შენ იხსენი ჩემი ცხოვრება! ოჰ, ბუკოვსკი! ოჰ, ბუკოვსკი!“ – ავად მხდის ასეთი ხალხი“.
ინტერვიუებში საუბრობდა იმის შესახებაც, თუ რატომ წერდა: „არ მინდა სამყაროს გადარჩენა, არ მინდა, უკეთესი ადგილი გახდეს. უბრალოდ, მასში ცხოვრება და იმაზე საუბარი მინდა, რაც ხდება“; „მე მხოლოდ აღვწერ საგნებს, მათ ახსნას არ ვცდილობ. მხოლოდ ის მაწუხებს, რაც ვიცი“ და განმარტავდა სიტყვებისადმი თავის უჩვეულო დამოკიდებულებას: „იცით, ხშირად ვამბობ ისეთ რამეებს, რასაც სინამდვილეში არ ვფიქრობ. არ მიგაჩნიათ, რომ მოსაწყენია, თქვა ყველაფერი ისე, როგორც არის? არ მინდა უბრალოდ ვთქვა – ოჰ, დიახ, ეს კარგია, ეს ჩინებულია. ასე ლაპარაკი თავს პოლიტიკოსად მაგრძნობინებს. ხანდახან ისეთ რამეს ვამბობ, რასაც სინამდვილეში არ ვგულისხმობ, ხანდახან ვგულისხმობ კიდეც. ზოგჯერ ასეც ვწერ. ასე რომ, ყველაფერი ზუსტად ისე არ მიიღოთ, როგორც ვწერ, იმიტომ, რომ ასე არაა“.
ბუკოვსკი არც მწერლების კრიტიკას ერიდებოდა და ამბობდა, ისინი მხოლოდ მაშინ იქცევიან ადამიანებად, როცა საბეჭდ მანქანასთან სხდებიან, მაშინ ისიც კი შეუძლიათ, კარგები და განსაკუთრებულები გახდნენო. სხვა დროს, მისი აზრით, თუკი თავიანთ საბეჭდ მანქანებს ჩამოვაშორებთ, მწერლები სულელებად იქცევიან, თუმცა თავად გამონაკლისია, რადგან მწერალი გვიან გახდა, მანამ კი ბევრი პროფესია გამოიცვალა, რაც საკუთარი თავის შენარჩუნებაში, „ნორმალურ“ და „ადამიანურ“ ადამიანად დარჩენაში დაეხმარა, განსხვავებით იმ მწერლებისგან, რომლებსაც აკრიტიკებს.
აქედან გამომდინარე, როგორც ჰენრი ჩინასკის, ისე მისი ავტორის მიმართ მკითხველების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. იოლი არც იმის გარკვევაა, როგორები არიან ისინი სინამდვილეში.
„ბუტერბროდი ჭვავის პურით“, რომელიც ზაალ ჩხეიძემ თარგმნა და მწერალთა სახლის მხარდაჭერითაა გამოცემული, კიდევ ერთია შანსია მათთან შესახვედრად და მათ გასაცნობად. შანსი, რომელიც მკითხველებმა უნდა გამოიყენონ.
© არილი