ლიტერატურისმცოდნე გაგა ლომიძე თავისი ცხოვრების წიგნების შესახებ გვიყვება:
კითხვის პირველი მოგონება
კითხვა სკოლამდელ ასაკში მაინტერესებდა და ვსწავლობდი, რაც დასავლურ სამყაროში სრულიად ნორმალურია — იქ ბავშვებს ანბანს ბაღში ასწავლიან. ახლობლებს თავს ვაბეზრებდი შეკითხვებით, სანამ დავიმახსოვრებდი ასოებს, შემდეგ კი ავადსახსენებელი ე. წ. მოძრავი ანბანი მაჩუქეს, რომელიც იყო ერთგვარი ბლოკნოტი, სადაც ამოჭრილი ასოებით სიტყვების შედგენა შეიძლებოდა. ხშირად ჩემ მიერ შედგენილი სიტყვები და ტექსტები საკმაოდ უცენზურო იყო, რაც ახლობლების გაღიზიანებას იწვევდა.
წიგნებიდან მახსოვს მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სერია, რომლის, მგონი, ყველა ტომი მქონდა სახლში და ყველას დიდი ინტერესით ვკითხულობდი. განსაკუთრებით მიყვარდა იტალიური ზღაპრები, რადგან მათ მოულოდნელი, ხშირად არაპროგნოზირებადი და არა ჰეფიენდური ფინალი ჰქონდათ და დღემდე მომწონს, როცა წიგნის/ფილმის დასასრულს ვერ ამოვიცნობ ხოლმე. ერთ-ერთი ზღაპრის სათაური დღემდე მახსოვს — „ჩაძვერი ტომარაში!“. მერე იყო არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და რომლის ილუსტრაციებიც დღემდე მახსოვს — სხვა ილუსტრირებულ გამოცემებთან ერთად. ილუსტრაციები, სავარაუდოდ, ძალიან დიდ როლს ასრულებს ადამიანის ხედვის ჩამოყალიბებაზე.
ბავშვობის საყვარელი წიგნი
ზღაპრების შემდეგ ჩემს ამოჩემებად იქცა ანდერსენის ზღაპრები, განსაკუთრებით ძვირფასი იყო „პატარა სირინოზი“. შემდეგ ბერძნული მითების და ლეგენდების კრებულმა გამიტაცა, რომლის ილუსტრაციების ჩემეულ ვერსიებს ვხატავდი ხოლმე გამუდმებით. ამ კრებულში გამორჩეულად მიყვარდა მედეას და არგონავტების ამბავი და ორფეოსის და ევრიდიკეს ისტორია. მედეა დღემდე ჩემი საყვარელი პერსონაჟია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში (ოღონდ ევრიპიდეს ტრაგედიის ვერსიით).
წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა
ასე გამოკვეთილად არ მახსოვს, რომელმა წიგნმა შემცვალა. ცხადია, გარემოებებთან ერთად წიგნებიც შემცვლიდა, მაგრამ ეგ რომ ვიცოდე, კიდევ ბევრ სხვა შეკითხვასაც გავცემდი პასუხს. საერთოდ, ყველა ეპოქას და თაობას თავისი ე. წ. მოზარდების საკითხავი წიგნები აქვს. ცხადია, მეც ვიყავი ამ ნორმატიული გავლენის მსხვერპლი და ვკითხულობდი (ზოგჯერ არც თუ უსიამოვნოდ) რეკომენდებულ წიგნებს. მათ შორის იყო დიუმას „სამი მუშკეტერი“ თუ კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“. მუშკეტერების შესახებ წიგნში, ცხადია, ტექსტის მხოლოდ ერთი შრე იყო გასაგები მოზარდისთვის, დანარჩენი — პოლიტიკური და სხვა სახის კონტექსტი სრულიად გაუგებარი რჩებოდა. ამა თუ იმ ეპოქისთვის ნორმატიული წიგნებისთვის დამახასიათებელია ღირებულებათა გარკვეული სისტემის დამკვიდრება-განმტკიცება: როგორი უნდა იყოს ადამიანი, მამაკაცი, ქალი, რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს თითოეული მათგანი და ა. შ. და რაც უფრო ვშორდებოდი კონკრეტულად ჩემი ეპოქისთვის/თაობისთვის დამახასიათებელი/რეკომენდებული ტექსტების კითხვას, მით უფრო ნაკლებად ვრცელდებოდა ჩემზე ის ნორმატივები, რომლებსაც უნებლიეთ ეს ტექსტები თავს გვახვევდნენ.
მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა
შეხედულებების შეცვლა არ ვიცი რამდენად შეიძლება დაერქვას ამას, მაგრამ დიდი გავლენა ნამდვილად მოახდინა დოსტოევსკის პროზამ — რამდენიმე თვის განმავლობაში თითქმის ყველა მისი მნიშვნელოვანი ტექსტი წავიკითხე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო „თეთრი ღამეები“ და „დანაშაული და სასჯელი“. მახსოვს, მაშინ შეპყრობილი ვიყავი დოსტოევსკით, მაგრამ ახლა ბევრი თვალსაზრისით გამაღიზიანებელია ჩემთვის ეს მწერალი, განსაკუთრებით თავისი რუსულ-მართლმადიდებლური მესიანიზმით, რაც კომუნისტური ქვეყნების პრაქტიკას მაგონებს — წარუმატებლობით და დეჰუმანიზებულ მოჯადოებულ წრეში დატყვევებით. დოსტოევსკის მოჰყვა კაფკა, რემბო და ბორხესი, რომელთაგან ბოლო ორი დღემდე აქტუალურია ჩემთვის.
წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა
მახსოვს მოზარდობის პერიოდი, როცა არაფრის წაკითხვა არ მსიამოვნებდა. კითხვის თვალსაზრისით გარდატეხა მოახდინა გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების კრებულმა იმდენად, რომ თვითონაც მოვინდომე პროზის წერა — მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ ვიწრო წრეში დასრულდა ამ ტექსტების მიმოქცევის არეალი. მეორედ ეს სურვილი გამიჩნდა მაშინ, როცა კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილი“ წავიკითხე და აღვფრთოვანდი. ზუსტად იმ ასაკში ვიყავი, როცა ამ წიგნის ემოციურად დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო და მაშინაც შევეცადე მეწერა. ბოლოს წერა მომინდა ბუენოს-აირესში ყოფნისას, როცა იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის გარემო — ბუნებაც და ადამიანებიც, რომ ყოველი დღე პროზის წერის ამბიციისკენ მიბიძგებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ, უკვე თავისუფალი დროის უქონლობამ არ მომცა ამის საშუალება.
წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები
ყველაზე ხშირად ვუბრუნდები გალაკტიონ ტაბიძის პოეზიას. მახსოვს, ჩემი მეგობარი, ლიტერატურათმცოდნე გიორგი გაჩეჩილაძე მეუბნებოდა, ყოველდღე იკითხე გალაკტიონი და შეიძლება ისეთი რაღაც აღმოაჩინო, რაზეც მანამდე არც შენ გიფიქრია და არც სხვას შეუნიშნავსო. მართლაც, ამოუწურავია ასოციაციები და ინტერპრეტაციები გალაკტიონის შემთხვევაში. მეორე ავტორი, ალბათ, ბორხესია, რომელსაც პერიოდულად ვკითხულობ ხოლმე და ისიც ინსპირაციის წყაროა ჩემთვის.
წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები
ძირითადად, ავტორების უმრავლესობას აღარ ვუბრუნდები. გამონაკლისია კლასიკური ტექსტები, ისიც პროფესიული მიზნით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ უმეტესობას არც დავუბრუნდები, თუკი პროფესიულად არ დამჭირდა რომელიმე ტექსტი.
წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე
ჯერჯერობით ასეთი არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საკმაოდ იქნება და ეს დრო ჯერ წინაა.
პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ
ყველაზე მეტად, თუ რომელიმე პერსონაჟში მიპოვია საკუთარი თავი, ალბათ, დოსტოევსკის თავადი მიშკინია. არ ვიცი, რამდენად ობიექტურია ეს შთაბეჭდილება. ადრეულ 20-იან წლებში მეჩვენებოდა ასე. ახლა უფრო ნაკლებად.
ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს
ასეთი ცალსახა სიძულვილი არცერთის მიმართ არ მაქვს. ყოველთვის არის რაღაც, რაც შეიძლება მომეწონოს ამა თუ იმ ავტორში. მაგალითად, სრულიად გულგრილი ვარ ჰემინგუეის მიმართ, რომელიც ჩემს ბავშვობაში გაღმერთებული ჰყავდათ — იმდენად, რომ ფეხსაცმლის შემკეთებლის კინოვარსკვლავების სურათებით მორთულ კედელზე, უდავოდ, ერთი სურათი მაინც სიგარიანი ჰემინგუეის უნდა ყოფილიყო, ჩიბუხიანი სტალინის გამოსახულების გვერდით. შეიძლება ამ ფაქტის ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაცია გავაკეთოთ — დაწყებული იმით, რომ ჰემინგუეი გარკვეული თაობისთვის საბჭოთა სინამდვილეში თავისუფლების მედროშის სიმბოლო იყო, საბჭოთა ცენზურისთვის ჰემინგუეის მისაღებობის სხვადასხვა სპეკულაციის ჩათვლით. ამის მიუხედავად, მომწონს მისი რამდენიმე პატარა მოთხრობა — მაგალითად, „გორაკები, როგორც თეთრი სპილოები“, ან „ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება“.
წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე
ვერასოდეს დავასრულე ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ და არც ვაპირებ, რომ ოდესმე დავუბრუნდე. სხვა წიგნი არ მახსენდება.
ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე
იზაბელ ალიენდეს „სულების სახლი“ — ავტობიოგრაფიული რომანი ყოველდღიურობაში საოცრებების შესახებ, რომელიც ქართულად არ წამიკითხავს, მაგრამ იმდენად მიყვარს იზაბელ ალიენდე და მაგიური რეალიზმი, რომ მინდა მისი ქართული თარგმანიც მქონდეს.
წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ
უკიდურესი დაკავებულობის გამო წყვეტილად მიწევს წიგნების კითხვა. ახლა დავასრულე ახალგაზრდა ავტორის, გიორგი ტაბაღუას მოთხრობების არაჩვეულებრივი კრებული „19:53“. მსგავსი ჟანრის ქართული წიგნი ჯერ არ წამიკითხავს. ვისაც უყვარს ანიმეს ესთეტიკა, მისტიკა, ფანტასტიკა და სასპენსი, მათთვის ზედმიწევნით საინტერესო იქნება ამ ახალგაზრდა ავტორის ეს კრებული-თამაში — თამაში, რადგანაც წიგნი ერთი წაკითხვით მხატვრული სინამდვილეს ერთ ან ორ შრეზე გადის, მაგრამ აქაც, სამყაროს მსგავსად, მრავალი შრეა და მეორე წაკითხვისას მონათხრობი ამბების სულ ახალი ფენების აღმოჩენას იწყებთ. თან, საინტერესო ისაა, რომ მოთხრობები, რომელთა სათაურები უჩვეულოდ კრეატიულადაა სტრუქტურირებული, ლაღი ენითაა დაწერილი და თხრობის ბოლოს, პრაქტიკულად ყოველთვის, მკითხველის „მოლოდინის ჰორიზონტი“ არ ემთხვევა ტექსტის სინამდვილეს, რაც, ვფიქრობ, ავტორის უპირატესობაა. ამავე დროს, დაწყებული მაქვს ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი“. ამის შემდეგ კი რიგშია ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“, მარიკე ლუკას რეინეველდის „მძიმეა დღის ბოლო“ (დავით ღოლიჯაშვილის თარგმანი) და ჯენიფერ იგანის „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა“ (თამარ სუხიშვილის თარგმანი).
წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი
ვისურვებდი ლეონარდ კოენის რომანის „მშვენიერი ხელმოცარულების“ თარგმნას, რომელიც კანადაში პირველ პოსტმოდერნისტულ რომანად ითვლება და განსაკუთრებით საგულისხმოა თავისი ფორმით. ასევე, ვისურვებდი ბევრი ქართული ტექსტის უცხო ენებზე თარგმნას.
წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ
ზოგადად, ბავშვებს ვურჩევდი მითების და ლეგენდების კითხვას, სხვებს — ბორხესის, მარკესის, ალიენდეს და მთლიანად სამხრეთ ამერიკული ე. წ. „მაგიური რეალიზმისას“. როგორც ამბობენ, ევროპულსა და ლათინურ-ამერიკულ პერსპექტივას შორის განსხვავებაა: ევროპულში მაგიური არის ყოველდღიურობაში რაიმე განსხვავებულის შეჭრა, რუტინის რღვევა; ლათინურ-ამერიკულ კულტურაში მაგიურობა იმთავითვე ჩართულია მასში. ალეხო კარპენტიერი ამ მოვლენას ლიტერატურაში „საოცარ სინამდვილეს“ ეძახდა. აქ კარპენტიერი, უპირველესად, იმას გულისხმობდა, რომ სიტყვა „საოცარი“ არასწორად იყო განმარტებული და გაგებული და მას „საოცართან“ და „აღფრთოვანების გამომწვევ“ ფაქტორთან აკავშირებდნენ. კარპენტიერის თქმით, საოცარი არის ნორმის დარღვევა, უჩვეულო, არაჩვეულებრივი. თვით ლათინური ამერიკის სინამდვილეც საოცარია და აქედან მომდინარეობს მიმართულების სახელი.
© არილი