დრამატურგია

გელა ჩქვანავა – იატაკზე დაყრილი ფორთოხლებისა და ქურაზე შემოდგმულ ჩაიდნის ამბავი

gela 99735885

ქალი – ოცდაათ წლამდე ქერა ქალბატონი.

საყვარელი – იმავე ასაკის, ქალის საყვარელი, დოცენტი, ლექტორი.

ქმარი – ქალის კანონიერი მეუღლე, ორმოცდაათს გადაცილებული, ყოფილი პოლიციელი, თადარიგის პოლკოვნიკი.

მეზობელი – მეზობელი და იმ ბინის მეპატრონე, რომელსაც საყვარელი ქირაობს. ტანდაბალი, ზომიერად ფერხორციანი, მოვლილი ქალბატონი.

მისაღები ოთახი. ის შუაგულში დგას მრგვალი მაგიდა სკამებით.

მარცხნივ კიდევ ერთი მომცრო მაგიდაა, რომელზეც წიგნები და ქაღალდებია დახვავებული. ამავე მხარეს, ავანსცენასთან ორი კარიაპირველი, მაყურებლისკე ახლოს, ბინის შემოსასვლელში გადის, მეორე კისამზარეულოში.

მარჯვნივ დგას დიდი ძველებური კარადა კარზე სარკით. იქვე ასევე ძველებური დიდი დივანია. დივანსა და ავანსცენას შორის სააბაზანოს კარია. უკანა კედელზე მარჯვენა მხარეს ფანჯარაა. მარცხნივ კი კიდია დიდი, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი. მის წინ მაღალსაზურგიანი გორგოლაჭებიანი ტყავის სავარძელია.

მთელი წარმოდგენის მანძილზე ტელევიზორის ეკრანზე ჩანს სცენა მსახიობებთან ერთად – ტელევიზორს სიგნალი გადაეცემა კამერიდან, რომელიც დაყენებულია უკანა კედელზე, შუაში, სადღაც ჭერის სიახლოვეს, და მაყურებელს შეუძლია თვალი მიადევნოს პიესის გმირებს მაშინაც, როცა ისინი დარბაზისკენ ზურგით დგანან. ტელევიზორში ზოგჯერ ჩანს კადრები პირობითი ოთახებიდან – სამზარეულოდან, სააბაზანოდან და შემოსასვლელიდან.

 

შემოდის ქალი სავსე პარკებით, რომელთაც მაგიდაზე აწყობს, ხელჩანთას დივანზე მიაგდებს. მიდის ფანჯარასთან, აღებს. პარკები სამზარეულოში გააქვს. ბრუნდება, ჩერდება საწერ მაგიდასთან, თითქოს მისი მოწესრიგება გადაუწყვეტია, მაგრამ, ამასთანავე, ეშინია, რომ ამის გამო პატრონი გაუჯავრდებდა. მაგიდიდან იღებს საფერფლეს, მიდის დივანთან, ხელჩანთიდან იღებს სიგარეტის კოლოფს. დგება ფანჯარასთან, ეწევა, გარეთ იყურება. შემოდის საყვარელი იღლიაში ამოჩრილი პორტფელით, დაბნეულ შესცქერის ქალს.

საყვარელი: შემოსასვლელი კარი შემოღებული დამხვდა და ვიფიქრე, რომ ბინაში ქურდი შემოიპარა!

ქალი: ხელები მქონდა დაკავებული და, ეტყობა, ვერ მივკეტე როგორც საჭირო იყო. ეგრე შორიდან რომ შემომყურებ, არ გინდა მოხვიდე და გულში ჩამიკრა?!

საყვარელი მიდის ქალთან და ეხვევა. ქალი პორტფელს გამოგლეჯს და შორიდან დივანისკენ მოისვრის. ერთმანეთს ვნებიანად კოცნიან.

ქალი: რომ იცოდე, გუშინდელს მერე როგორ მომენატრე, ჩემო სიმპათიურო, ბერძნულპროფილიანო მამაკაცო. გმადლობ, რომ დროზე ადრე დაითხოვე ეგ შენი მოფარიკავეები და ჩემკენ გამოეშურე!

საყვარელი: ამ ახალი ვარცხნილობით თავიდან ვერც კი გიცანი.

ქალი: მინდოდა შენთვის სიურპრიზი გამეკეთებინა. არ მოგწონს?!

საყვარელი: პირიქით, ძალიანაც მომწონს – კლეოპატრას გავხარ.

ქალი: მე ხომ ქერად ვარ შეღებელი, კლეოპატრა კიდევ შავთმიანი იყო.

საყვარელი: აქამდე მეც ასე მეგონა, მაგრამ ახლა, როცა შენ გიყურებ, ამ საყოველთაოდ მიღებულ დოგმაში სერიოზული ეჭვი შემაქვს!

ქალი: მესიამოვნა, კლეოპატრა რომ დამიძახე, ეს აღმაგზნებს კიდეც!

საყვარელი: კ ლ ე ო პ ა ტ რ ა!

ქალი: იცი, სიზმარი ვნახე, თითქოს ამ სავარძელში…

საყვარელი: (აწყვეტინებს) სავარძელში, რა თქმა უნდა, შიშველი ქალი იჯდა. ნუ, ვთქვათ და, ჩემი კათედრის გამგის ქალიშვილი, რომელიც თავის დროზე პირველი ჩაეწერა ჩემ მიერ დაარსებულ მოფარიკავეთა საუნივერსიტეტო კლუბში და მან უტიფარი ღიმილით გითხრა, რომ ჩემი გული მთლიანად მას ეკუთვნის!.. რაპირაც ხომ არ მოგიქნია?!

ქალი: ვაფასებ შენს იუმორს, მაგრამ, სავარძელში ძაღლი იჯდა!

საყავრელი: ძაღლი?!

ქალი: ჰო, ძაღლი. ჩვეულებრივი ძაღლი!

საყვარელი: და რა შუაშია აქ ძაღლი?!

ქალი: აბა, რა გითხრა… ხომ იცი, რომ ძალიან მინდა ძაღლის ყოლა. მაგრამ, დასიზმრებული, იმაზე ორჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე მე ვისურვებდი.

საყვარელი: უცნაური სიზმარია!

ქალი: კიდევ მაკოცე, მეც დამავიწყე ეგ უცნაური სიზმარი და შენც დაივიწყე, რომ შენი კათედრის გამგის მოსულელო ქალიშვილზე ვიეჭვიანე, კარგი?

საყვარელი: როგორც შენ მიბრძანებ, ჩემო კლეოპატრა! (კოცნის) დამშვიდდი?

ქალი: მე ყოველთვის მშვიდადა ვარ, როცა გვერდით მყავხარ!.. შენ ახლა მხეცივით გეშიება.

საყვარელი: კიდევ უფრო უარესად, ჩემო კლეოპატრა!

ქალი: ვგიჟდები, როცა მშიერი ხარ. ახლა მე შენ კარგად გასადილებ!

საყვარელი ქალს ხელზე კოცნის, ის კი პასუხად საყვარლის ხელისგულს ლოყაზე მიიდებს და ნეტარი ღიმილით იღიმება. შემოდის ქმარი. კოჭლობს, ხელჯოხს ეყრდნობა. მას საყვარლები ვერ ამჩნევენ.

ქალი: (საყვარელს) მინდა, რომ მხოლოდ შენ გეკუთნვოდე, შენ და სხვას არავის… მინდა ვიღვიძებდე შუაღამეს, შენი სუნით ვძღებოდე და ისევ ვიძინებდე… წავიდეთ, რა, აქედან სადმე შორს, ძალიან შორს, სადაც ბედნიერები ვიქნებით!

საყვარელი: შენ დღეს სხვანაირი ხარ!

ქმარი: ხელი ხომ არ შეგიშალეთ?!

საყვარელი: ღმერთო ჩემო!

ქალი: ფუი, ეშმაკს!

სანამ გაოგნებული საყვარლები გონს მოდიან, ქმარი ბინას ათვალირებს.

ქმარი: ვარცხნილობაშეცვლილი ჩემი ცოლიც აქ არის, მისი ახალგაზრდა, პერსპექტიული დოცენტი – სტუდენტი გოგონების ბერძნულპროფილიანი რისხვა, შეთავსებით პროფესიონალი მოფარიკავეცა და თითქმის პროფესიონალი მოჭადრაკეც ამასთან ერთად – სახეზე გახლავთ, დიდი პლაზმური ტელევიზორიც თავის ტყავის სავარძლიანად კომპლექტში, პირდაპირ რომ ხვდება თვალს. მეღა ვაკლდი საერთო სურათს და აჰა, გეახელით კიდეც!.. სუფრა რატომ არა არის გაშლილი?!.. (ქალს) შენ ხომ აქ ამოსვლამდე პროდუქტებით დაიტვირთე?

ქალი: შენ რა, მითვალთვალებდი?!

ქმარი: აბა, რა, დაგავიწყდა რომ პოლიციელი ვარ?!

საყვარელი: მოდით, დავილაპარაკოთ!

ქმარი: კი ბატონო!

საყვარელი: ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს!

ქმარი: ყოჩაღ. ყოველი მამაკაცური საუბარი საყვარელსა და რქებდადგმულ ქმარს შორის სწორედ ასე იწყება. თუ არ იცით, გეტყვით, რომ საყვარლები ამის შემდეგ, როგორც წესი, ამბობენ, ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე გამოვიდაო. აბა, ჰე, ბრძანეთ, გელოდებით!

საყვარელს ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაქვს.

ქმარი: (მკაცრად) აქ არ მოსწიოთ!

საყვარელი: რა ბრძანეთ?!

ქმარი: ვერ ვიტან მაგარი თამბაქოს კვამლს. თუ მაინცდამაინც, შეგიძლიათ ჩემი ცოლის მენთოლიანი სიგარეტი გააბოლოთ. მაგას თითქმის შეჩვეული ვიყავი!

საყვარელი: მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემს ბინაში იმყოფებით!

ქმარი: ნაქირავებ ბინაში!

საყვარელი: ამას მნიშვნელობა არა აქვს – მოცემულ მომენტში აქაურობის ბატონ-პატრონი მე გახლავართ და ჩემთვის ბრძანებების მოცემა უადგილოდ მეჩვენება!

ქმარი: კი ბატონო, იყავით აქაურობის ბატონ-პატრონი, მაგრამ ცოლი ხომ ჩემია?!

საყვარელი: ენამოსწრებული ყოფილხართ!

ქალი: (საყვარელს) დამშვიდდი, გთხოვ!

ქმარი: წყალს ვერ დამალევინებთ? მაპატიეთ, მაგრამ ამ ბოლო დროს, როცა ვნერვიულობ, მომწყურდება ხოლმე. ნაცნობმა ექიმმა მითხრა, აუცილებლად შეამოწმებინე სისხლში შაქრის შემცველობაო, მაგრამ ჯერ არ შემიმოწმებია.

საყვარელი: ონკანი სამზარეულოშია, ჭიქაც იქვეა!

ქმარი: ჰოდა, გამიმასპინძლდით წყლით, თუ შეიძლება, მე ხომ სტუმარი ვარ?!

საყვარელი ორჭოფობს.

ქმარი: ნუ მომკლავთ წყურვილით, მომიტანეთ წყალი!

საყვარელი ქალს შეხედავს, შემდეგ სამზარეულოს კარისკენ მიემართება, იქ მისული შეჩერდება, ხან დაუპატიჟებელ სტუმარს უყურებს, ხან ქალს, თითქოს ვერაფრით დაუჯერებია, რომ ყოველივე ეს ცხადში ხდება და რომ თვითონ აპირებს საყვარლის ქმარს წყალი მიართვას. ბოლოს სამზარეულოში გადის, კარს ღიას ტოვებს. ტელევიზორიც დროებით სამზარეულოზე გადაერთვება – სანამ ქალი და ქმარი საუბრობენ, მაყურებელს შეუძლია თვალი მიადევნოს იმასაც, თუ როგორ ავსებს ჭიქას წყლით საყვარელი (ეკრანზე ყველა კადრი ზედა ხედიდან ჩანს – დაახლოებით ისე, როგორც ეს სათვალთვალო კამერების შემთხვევაშია). სცენაზე კი ქალი, საყვარლის წასვლის შემდეგ ფანჯარასთან მიდის, იღებს სიგარეტს, უკიდებს, აბოლებს.

ქმარი: შემოსასვლელში პლაფონი ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენ გვქონდა რემონტამდე.

ქალი: შენ ხომ არაფერი გამოგეპარება – ყველაფერს ამჩნევ!

ქმარი: ყველაფერს ვერა, მაგრამ მრავალწლიან პოლიციურ წრთობას თავისი გააქვს.

შემოდის საყვარელი სავსე ჭიქით ხელში. ტელევიზორში ისევ სცენა გამოჩნდება.

ქმარი: (საყვარელს) იცით, მამიდაჩემი გარკვეულწილად თქვენი კოლეგა იყო, ანუ პედაგოგი გახლდათ, ოღონდ სამეცნიერო ხარისხის გარეშე – სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას. დედაჩემის სიკვდილის შემდეგ ის მზრდიდა. ზოგიერთი მათემატიკური წესი ახლაც მახსოვს. აი, მაგალითად, „ესი უდრის პი ერ კვადრატს“!.. მომისმინეთ, რაღაც საეჭვოდ დიდხანს შეყოვნდით სამზარეულოში და, რამე ფხვნილი ხომ არ ჩამიყარეთ წყალში, ძილის მომგვრელი, ან სულაც შხამი?!.. ქიმიკოსი  ხართ რაც არ უნდა იყოს და შეიძლება ხელი წაგცდათ, ჰა?!

გაბრაზებული საყვარელი ჭიქას მაგიდაზე დებს, თვითონ კი ქალისკენ იხევს.

საყვარელი: გნებავთ დალიეთ, გნებავთ – არა!

ქმარი: ჯანი გავარდეს – დავლევ! (მაგიდასთან მიდის, სვამს წყალს და თავის ადგილს უბრუნდება).

საყვარელი: მოვითხოვ, რომ ეს ბინა დატოვოთ!

ქმარი: გული უნდა დაგწყვიტოთ, ჯერჯერობით ვერსად წავალ. დაახლოებით თქვენი ხნისა რომ ვიყავი, ოთხი წელი ვიმუშავე თქვენს მშობლიურ ქალაქში. მაშინ თქვენ პატარა იქნებოდით. თუ კარგად გავიკითხ-გამოვიკითხავთ, დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ნაცნობებიც აღმოგვაჩნდება.

საყვარელი: რა საერთო ნაცნობებზე ლაპარაკობთ – თქვენ რა, მანიაკი ხართ?!

ქმარი: არა, პოლიციის თადარიგის პოლკოვნიკი გახლავართ პერსონალური პენსიით. ამ სამიოდე წლის წინათ ბანდიტის ნასროლი ტყვია მუხლში მომხვდა და დამაკოჭლა. დაჭრისას დავეცი და სერიოზულად დავიზიანე ლოყაც, რის გამოც მომეკერა მეტსახელი, `ჟოფრეი~. ნაიარევი ლოყიდან დროთა განმავლობაში გაქრა, მაგრამ მეტსახელი შემრჩა. გაინტერესებთ, ვინ შემარქვა ასე?

ქალი: (ქმარს) იქნებ გეყოს?!

ქმარი: შემოსასვლელი კარი ღია რომ არ ყოფილიყო, ჩაფიქრებული მქონდა დამერეკა და თქვენგან ვინც პირველი გამოიხედავდა, იმისთვის შუბლი გამეხვრიტა, ან, თუ არ გააღებდით, საჭვრეტულიდან მესროლა – პირდაპირ თვალში მოგხვდებოდათ!

ქალი: შენ რა, მთვრალი ხარ?!

ქმარი: არა. ისე კი ჯობდა დამელია!

ქალი: მოხარულიც კი ვარ, რომ ჩვენს შორის ყველაფერი ასე უცებ მორჩა!

საყვარელი: (ქმარს) წადით ჩემი ბინიდან!

ქმარი: კიდევ ერთი ჭიქა წყალი მომიტანეთ, თუ შეიძლება!

საყვარელი: არ მოგიტანთ!

ქმარი: მომიტანეთ, ძალიან გთხოვთ!

ქალი სიგარეტს იატაკზე აგდებს, მაგიდიდან ჭიქას იღებს და სწრაფი ნაბიჯებით გადის სამზარეულოში.

ქმარი: შეიძლება სკამი ავიღო?

საყვარელი არაფერს პასუხობს. ტელევიზორში ისევ ჩანს, თუ როგორ ავსებს ქალი ჭიქას წყლით. პაუზის შემდეგ შემოდის ქალი, ჭიქას მაგიდაზე დგამს და უკან იხევს. ტელევიზორი კვლავ სცენაზე გადაერთვება.

ქმარი: (ქალს) გმადლობთ.

ქმარი მაგიდასთან მიდის, ჭიქას ნახევრამდე ცლის და უკან აბრუნებს, იღებს სკამს და თავის ამოჩემებულ ადგილზე ბრუნდება. ჯდება სკამზე.

ქალი: (საყვარელს) მაგას ჯიბეში პისტოლეტი ედება.

ქმარი: (ქალს) კი, აქა მაქვს. (საყვარელს) ნეტა თქვენი ხნისა ვიყო, მაშინ ნამდვილად არ დავიზარებდი ბებერი პოლკოვნიკის ახალგაზრდა ცოლის შეცდენას, ის კი არადა, მისგან საჩუქრად ტელევიზორსაც კი მივიღებდი!

საყვარელს უნდა რაღაცა თქვას, მაგრამ ქმარი ტუჩებზე საჩვენებელ თითს მიიდებს და აჩუმებს.

ქმარი: ვიცი, რომ თქვენ, ახალგაზრდა და პერსპექტიული მეცნიერი, ვინც დედაქალაქის უნივერსიტეტმა მოიწვია ლექციების წასაკითხად, შეურაცხყოფილი დარჩით ჩემი მეუღლის სიურპრიზის გამო. თქვენ შორის ამასთან დაკავშირებით სერიოზულ შეკამათებას ჰქონდა ადგილი, მზად იყავით ეს ტელევიზორი ფანჯრიდანაც კი გადაგეგდოთ. მაგრამ, საყვარელი, ლამის მუხლებზე დამდგარი, ან იქნებ მუხლებზე დამდგარიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შეგევედრათ ეს არ გაგეკეთებინათ. ისიც ვიცი, რომ ამ ტელევიზორს არც კი უყურებთ, პრინციპის გულისთვის კი არა, უბრალოდ ვერ იცლით საამისოდ. აქეთ სამეცნიერო ნაშრომებიო, იქით სამსახურიო, უნივერსიტეტის მოფარიკავეთა კლუბსაც ხომ უნდა მიხედოთ, ჭადრაკიც ხომ უნდა ეთამაშოთ საკუთარ თავს, პარტიები განიხილოთ! 

საყვარელი ისევ რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ ქმარი ისევ ტუჩზე თითის მიდებით აიძულებს გაჩუმდეს.

ქმარი: თქვენი საყვარელი ბოლო დროს სამსახურიდან ადრე მიდიოდა – უფროსი ხომ მისი თანაკლასელი და ბავშობის მეგობარია. ჰოდა, მოდიოდა აქ, ჯდებოდა ამ სავარძელში და თქვენს მოლოდინში უყურებდა ტელევიზორს. ეს მისთვის მთელი რიტუალი იყო, თქვენ კი ამის ნაკლებად გესმოდათ. ყველა ქალს აქვს საყვარლის მოლოდინის თავისი რიტუალი და ისინი, როგორც წესი, სწორედ იმათ სწყალობენ, ვისაც ამისი არ ესმით!.. საღამოობით კიდევ, ანუ მაშინ, როცა თქვენი საყვარელი ჩემთან გახლდათ სახლში, ძალიან მოენატრებოდით და ამის გამო ანერვიულდებოდა ხოლმე, ხელში პულტს დაიჭერდა და შეპყრობილივით დაიწყებდა არხიდან არხზე გადართვას, მე სულელი კიდევ ვერ ვხვდებოდი, თუ რაში იყო საქმე… დამავიწყდა მეთქვა, სახლში დაახლოებით ასეთი ტელევიზორი და სავარძელიც კი მაქვს!

საყვარელი: საკმარისია!

ქალი: (ქმარს) კარგა ხანი ვიცხოვრეთ მე და შენ ტყუილსა და სიცრუეში. ჰოდა, ეს ყველაფერი ბოლოს და ბოლოს უნდა დამთავრებულიყო!

ქმარი: (საყვარელს) ჩემს პირველ მეუღლეს იმისთვის, რომ ჩემთვის ეღალატა, იმდენი მიზეზი ჰქონდა, ყველას ვერც კი ჩამოვთვლი. უნდა გამოვტყდე, რომ ქარაფშუტა გახლდით და საწყალ ქალს მარტოს უწევდა ოჯახის მეტად მძიმე უღლის ზიდვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რატომღაც ნამუსს მინახავდა!

საყვარელი: მე რატომ მიყვებით ამას?!

ქმარი: სხვა არავინა მყავს აქ გული რომ გადავუშალო და აბა რა ვქნა?!.. ისე, რომ იცოდეთ, თქვენი საყვარელი, პირველ კლასში რომ იყო, უტელევიზოროდ დარჩა მთელი ერთი წლით – ძველი გაუფუჭდათ, ხოლო ახლისთვის  ვერაფრით მოუყარა ფულს თავი მისმა ქვრივმა დედამ. თქვენს საყვარელსაც თავისი საყვარელი `ძილი ნებისა, პატარებოს~ გარეშე უწევდა ყოფნა. ამ გადაცემას ის კედლის მეზობლებისგან ისმენდა, მაგრამ ყოველთვის ვერა. როცა ვერ ისმენდა, ძილის წინ თვითონ თხზავდა ზღაპრებს და თვითონვე უყვებოდა საკუთარ თავს მათ მაშინდელი ტელეწამყვანის ხმით. ახლა იმ ზღაპრებს მხოლოდ იმათ უყვება, ვინც განსაკუთრებით ეძვირფასება და ისევ ისევე უნდა, რომ საბავშვო გადაცემის წამყვანი იყოს.

საყვარელს ჯიბიდან კვლავ სიგარეტის კოლოფი ამოაქვს.

ქმარი: სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი, რომ ნიკოტინზე დამოკიდებული იყავით. თქვენ ხომ სპორტსაც მისდევთ – არ უნდა მოსწიოთ! ისე, ჩვენში რომ დარჩეს, ჩემმა ცოლმა ხომ არ მიგაჩვიათ სიგარეტს?

საყვარელი: არა, მანამდეც ვეწეოდი.

ქმარი: შეინახეთ ეგ სიგარეტი!

საყვარელი: თქვენ რა, მიბძანებთ?!

ქმარი: გიკრძალავთ!

საყვარელი: ესე იგი, მიკრძალავთ, არა?!

საყვარელი სიგარეტს უკიდებს, კვამლს დემონსტრაციულად უშვებს ჭერისკენ. ქმარ ჯიბიდან პისტოლეტ ამოღებ, გადატენის და საყვარელს უმიზნებს. ის იბნევა, მაგრამ მოჩვენებითი სიმშვიდის შენარჩუნებას მაინც ახერხებს.

ქალი: (საყვარელს) დააგდე სიგარეტი!

საყვარელი ისევ აფუილებს

ქალი: ახლავე დააგდე-მეთქი!

საყვარელი დანებებას არ აპირებს. მასთან მიდის ქალი, ხელიდან გამოგლეჯს სიგარეტს, მიდის ფანჯარასთან და საფერფლეში აგდებს.

ქალი: (ქმარს) შეინახე, თუ შეიძლება, ეგ პისტოლეტი!

ქმარი: როგორც იტყვი! (საყვარელს) ერთ გულწრფელ რჩევას მოგცემთ – გამოიჩინეთ ნებისყოფა და მოწევას შეეშვით, თუნდაც თქვენი საყვარელი სპორტის ხათრით.

საყვარელი: გმადლობთ რჩევისა და ზრუნვისთვის!

ქმარი პისტოლეტზე დამცველს ჩაკეტავს. ამ დროს შემოდის მეზობელიცელოფნის პარკი უჭირავს. პისტოლეტის დანახვაზე შეჰყვირებს, ხელიდან უვარდება პარკი, რომელიც იხევა, იატაკზე კი ფორთოხლები ცვივა.

ქმარი: ეს ვინღაა?!

მეზობელი: ამ ბინის მეპატრონე გახლავართ – გვერდით ვცხოვრობ. კარი ღია იყო და… (აღელვებული საუბარს ვერ აგრძელებს, სულს ითქვამს)

ქმარი: გასაგებია – კარი ღია იყო და იფიქრეთ, რომ ბინა გატეხეს.

მეზობელი: არა. იცით, ბატონი ახალგაზრდა დოცენტი ცოტათი დაბნეული ახალგაზრდაა და ვიფიქრე, კარი ღია ხომ არ დარჩა-მეთქი. აქ კიდევ დიდი პლაზმური ტელევიზორი დგას, შემოვა ვინმე და წაიღებს.

ქმარი: (ქალს) გილოცავ. ამ კორპუსში, თურმე ყველამ იცის, რომ ახალგაზრდა დოცენტს მისმა მხურვალე საყვარელმა დიდი პლაზმური ტელევიზორი უყიდა!

მეზობელი: მე წავალ, კარგით?

ქალი: მიბრძანდით – დროა უკვე!

მეზობელი: გმადლობთ.

ქალი შებრუნდება, წასვლას აპირებს.

ქმარი: ბარემ თქვენი ფორთოხლებიც გაიყოლეთ.

მეზობელი მზადაა ფორთოხლების გარეშეც წავიდეს, მაგრამ ქმარი დგება, მათ შეგროვებას იწყებს.

ქალი: (ქმარს) მასხარა ხარ!

ქმარი ფორთოხლის აკრეფას თავს ანებებს, სკამს უბრუნდებაცალ ხელში პისტოლეტი უჭირავს, მეორეში კი ორი თუ სამი ფორთოხლი.

ქმარი: (საყვარელს) როგორც კი გავიფიქრებ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა და რომ მე თითქმის ბედნიერი ვარ, მაშინ აუცილებლად რაღაც ცუდი უნდა მოხდეს და ამ თითქმის ბედნიერი კაცისგან აღარაფერი რჩება – მხოლოდ ჩლიქები და რქები, როგორც იტყვიან! (მეზობელს) ჩლიქები და რქები რომ ვახსენე, ეგ ისე ვთქვი, გადატანითი მნიშვნელობით, თორემ სინამდვილეში რქები აქამდე, დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს მქონია. ხომ გჯერათ რომ ასეა?

მეზობელი: დიახ, მჯერა.

ქმარი: (მეზობელს) გმადლობთ. (საყვარელს) როცა გაიგებ, რქებიანი ვყოფილვარო, მრისხანების შემდეგ გულში ისეთი სიცარიელე ისადგურებს ხოლმე, რომ ამისგან შეიძლება მოკვდე კიდეც. თუ არ მოკვდი, მოგინდება ილოცო, მერე აბაზანაში ჩაწვე და ცხელ წყალში ხსნად ყავასავით გაიხსნა ან უბრალოდ შუბლში ტყვია დაიხალო!

საყვარელი: არ მეგონა თუ მორწმუნე იყავით!

ქმარი: არცა ვარ, მაგრამ მაშინ კი ნამდვილად მომინდა მელოცა.

ქალი: (მეზობელს) წადით თუ მიდიხართ, ბოლოს და ბოლოს!

მეზობელი: ახლავე!

ქმარი: (მეზობელს) არა, კეთილი ინებეთ და დარჩით!

მეზობელი: მე მითხარით?

ქმარი: დიახ, თქვენ. მოდით, აი, იმ დივანზე დაბრძანდით, დარჩენილ ფორთოხლებს კი მოგვიანებით ავაგროვებთ.

ქმარი მეზობელს იატაკიდან აღებულ ფორთოხლებს უწვდის. მეზობელი ფორთოხლებს გამოართმევს და დივანზე ჯდება.

ქმარი: ნუ გეშინიათ, აქ არაფერი მოგივათ! (პისტოლეტს მარში გაიკვეხებს).

მეზობელი: იცით, მე სუსტი გული მაქვს… უფრო სწორად, გულზე მაქვს პრობლემები!

ქმარი: მაშინ წადით!.. თუმცა, არა, დარჩით, თუ შეიძლება. მალე დამთავრდება ყველაფერი და მერე ფორთოხლებსაც ავკრეფთ!

ქალი: როგორ თუ მალე დამთავრდება – შენ რა, ჩვენს მოკვლას აპირებ?!

ქმარი: ახლა უკვე აღარ – არ მინდა ქალბატონ მეზობელს დარჩენილი ცხოვრება კოშმარად ვუქციო!

ქალი: (ტირის) ხომ ვამბობდი, მასხარა ხარ-მეთქი?!

ქმარი: ნუ ტირიხარ!

ქალი: მეცოდები, ძალიან მეცოდები!.. მე ამას წრფელი გულით ვამბობ, თუ დამიჯერებ!

ქმარი: შენი სიბრალულიღა მაკლდა და ეგეცა მაქვს უკვე! (საყვარელს) გესმოდათ რა მითხრა, თქვენი საყვარელი აშკარად დამცინის!

საყვარელი: (ქმარს) თავი გამანებეთ! (ქალს) ნუ ტირიხარ და ცრემლები შეიმშრალე, გთხოვ! 

ქალი ტირილს წყვეტს, ცრემლებს იმშრალებს.

ქმარი: (საყვარელს) უყურე შენ, როგორ დაგიჯერათ, შემშურდა პირდაპირ!

საყვარელი: სოლიდური ასაკის კაცი ხართ და ბავშვივით კი იქცევით!

ქმარი: თქვენი საყვარელი გამოსვლას რომ მორჩება, ამ სიტყვებისთვის მოგთხოვთ!

საყვარელი: დაშინება სუსტთა ხვედრია!

ქალი: (ქმარს) ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ტკივილი მოგაყენე!

ქმარი: (საყვარელს) წუხს, რომ ასეთი ტკივილი მომაყენა!

ქალი: (ქმარს) თავი მეზიზღება იმისთვის, რომ გიღალატე და შენც მეზიზღები!

ქმარი: (საყვარელს) ქალებს ხომ ვერაფერს გაუგებ! (მეზობელს) თქვენთან ბოდიში!

მეზობელი: არაფრის!

ქალი: (ქმარს) შეიძლება მოვწიო?

ქმარი: მოსწიე!.. (საყვარელს) ეს თქვენ არ გეხებათ!

ქალი: (ისევ ატირდება) შენ პატიოსანი ადამიანი ხარ, სამართლიანიც და კიდევ, დაკონსერვებულ ზეთისხილს ყიდულობდი ხოლმე ჩემთვის, საწყალი დედაჩემისგანაც მოთმინებით ისმენდი ხოლმე მამაჩემზე მოყოლილ ერთსა და იმავე ისტორიებს, მაგრამ, მე მაინც არ მიყვარდი… უფრო სწორად, ვერაფრით შეგიყვარე!

ქმარი: რას იზამ, გულს ვერ უბრძანებ! (საყვარელს) თქვენ არაფერს დაამატებდით?!

საყვარელი: ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს!

ქმარი: მე სხვა რამეს გეკითხებით: თქვენ არ გეცოდებით?

ქალი ისევ ტირის, საყვარელი მხრებზე მოხვევს ხელს.

ქმარი: (მეზობელს) მოდით, ფორთოხლები ავკრიფოთ!

მეზობელი: არ მინდა მე ფორთოხლები!.. ქურაზე ბორში მაქვს დატოვებული!

ქმარი: არაფერია, ქმარი გამორთავს.

მეზობელი: მე ქმარი არა მყავს!

ქმარი: მაშინ სხვა ვინმე მიხედავს!

მეზობელი: ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილი ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობს. ასე რომ სახლში მარტო ვარ!.. ბატონ დოცენტს ჰკითხეთ, თუ გინდათ!

ქმარი: არ არის საჭირო, სიტყვაზე გენდობით!

ქალი: (საყვარელს მეზობელზე) ამის ძაღლმა ხომ ახლახანს წერილი წაიღო!

საყვარელი: ჰო, წაიღო!

მეზობელი: ნუ მოიხსენიებთ ჩემს საწყალ ძაღლს ასე დამცინავად!

ქალი: (საყვარელს) ტანად დიდი იყო, არა?

საყვარელი: არც ისე დიდი, თუმცა, არც პატარა ეთქმოდა, უფრო საშუალო. მაინც რატომ მეკითხები, შენს სიზმარს ხომ არ დაუკავშირე რამენაირად?

ქმარი: (ქალს) რა სიზმარზეა საუბარი?

ქალი: ეგ შენი საქმე არ არის!

ქმარი: (მეზობელს) ესე იგი, ქურაზე ბორში დატოვეთ და მაღაზიაში ჩახვედით?

მეზობელი: დიახ, ასე იყო!

ქმარი: მაღაზიიდან კი მხოლოდ ფორთოხლები ამოიტანეთ!

მეზობელი: დიახ, ბატონო!

ქმარი: ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უცებ ისე ძალიან მოგინდათ ფორთოხალი, რომ გადაწყვიტეთ დაგეტოვებინათ ბორში ჩართულ ქურაზე და მაღაზიაში ჩაგერბინათ. ახლა კი ამბობთ, რომ ფორთოხლები არ გინდათ. სად არის აქ ლოგიკა?!

ქალი: (ქმარს) თუ არ წახვალ, ფანჯრიდან გადავხტები!

ქმარი: გადახტომა ასე ადვილი რომ იყოს!.. სხვა თუ არაფერი, საყვარელი არ დაგანებებს! (ნერვიულად უკაკუნებს ხელჯოხს იატაკზე)

ქალი: ოღონდ, თუ ღმერთი გწამს, პისტოლეტს ნუ დააძრობ ისევ!

საყვარელი: (ქალს) სამზარეულოში გავიდეთ – ყავა მომიდუღე!

ქალი: (ხმადაბლა)  შენ უკვე ნერვიულობას იწყებ და აშკარად ადგილს ვერ პოულობ!

საყვარელი: (ხმამაღლა) არაფერსაც არ ვნერვიულობ!

ქალი: (ხმადაბლა) ჰოდა, მაშინ დამშვიდდი და თავი ხელში აიყვანე თუნდაც მტრის ჯინაზე, კარგი?

საყვარელი: (ხმადაბლა) კარგი.

ქალი: (ხმადაბლა) მიყვარხარ.

საყვარელი: (ხმადაბლა) მეც.

ქალი: (ხმადაბლა) ყოველთვის მიყვარდი, როცა არ გიცნობდი მაშინაც, იმიტომ, რომ ბავშვობიდანვე შეგიგრძნობდი წინასწარ და ვიცოდი რომ შეგხვდებოდი.

საყვარელი: (ხმამაღლა) მეც ეგრე ვიყავი. (საყვარელს ხელზე კოცნის).

მეზობელი: (ქმარს) გამიშვით, თუ შეიძლება, მე ხომ თქვენ გიცნობთ!

ქმარი: მართლა?

მეზობელი: მართლა. მე, ჩემი ქმარი და ის ტაქსისტი, რომელსაც იმ დროს მივყავდით, ერთ საქმეში მოწმეებად გავდიოდით, დაახლოებით თოთხმეტი-თხუთმეტი წლის წინათ. თქვენ მაშინ უბრალო გამომძიებელი იყავით.

ქმარი: რომელ საქმეზე?

მეზობელი: აი, ქალი რომ გაიტანა სატვირთო მანქანამ.

ქმარი: ვერ ვიხსენებ. კიდევ რამე დეტალი შემახსენეთ თუ შეიძლება.

მეზობელი: შემთხვევის ადგილზე, უფრო სწორად, გზის პირას საზამთრო იპოვეს, მაგრამ ვერაფრით დაადგინეს, ეს საზამთრო იმ სატვირთოდან ჩამოვარდა, რომელმაც ქალი გაიტანა, თუ სხვა მანქანიდან… ჰო, კიდევ – დაღუპული სტომატოლოგი გახლდათ… კიდევ ის, რომ საზამთრო მთელი იყო.

ქმარი: გამახსენდა.

მეზობელი: მაპატიეთ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, დამნაშავე იპოვეთ?

ქმარი: სამწუხაროდ ვერა!

მეზობელი: მე დღესაც მტკიცედ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ტაქსისტმა სატვირთოს ნომერი კარგად დაინახა, მაგრამ მოიტყუა, რომ თითქოს ვერ გაარჩია!

ქმარი: შეიძლება, არ გამოვრიცხავ.

მეზობელი: საცოდავი ქალი, ჩემს ხელებში დალია სული.

ქმარი: მახსოვს, მაშინ მითხარით, რომ სამ წუთში თითქმის მთლიანად გაჭაღარავდით… მოკლედ, ან თქვენ მითხარით, ან თქვენმა ქმარმა, შეიძლება სულაც ტაქსისტმა.

მეზობელი: მე გავჭაღარავდი, მაგრამ ახლა თმები შეღებილი მაქვს.

ქმარი: (ქალს) ამ ახალ ვარცხნილობაში კლეოპატრას გავხარ!

ქალი: (უყვირის) გაჩუმდი!.. არ შეიძლება რომ გაჩუმდე?!

ქმარი: (მეზობელს) ალბათ, არ გეცოდინებათ, რომ თქვენი მდგმურის საყვარლის მამაც თავის დროზე მანქანამ გაიტანა.

მეზობელი: მართლა?

ქმარი: თქვენი მდგმურის საყვარელი მაშინ სკოლაშიც არ დადიოდა, მაგრამ კარგად ახსოვს დაკრძალვის დღე და კიდევ ის, რომ საიდანღაც ყვავები მოფრინდნენ და დიდხანს ტრიალებდნენ სასაფლაოს თავზე. მას მერე, თუ ყვავი დაესიზმრება, იცის, რომ უსიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. ერთი დღით ადრე, სანამ ჩემს რქებზე გავიგებდი, ისევ ყვავი ნახა სიზმარში. დილით, ყავას რომ სვამდა მაშინ მითხრა. ვურჩიე, ავადმყოფობა მოემიზეზებინა და სახლში დარჩენილიყო. არ დამიჯერა, მაინც წავიდა სამსახურში და სწორად ამან დამაეჭვა. დასაეჭვებლად წინათაც იქცეოდა, მაგრამ მე არ ვეჭვდებოდი, მაშინ კი რატომღაც დავეჭვდი. საღამოს სახლში რომ დაბრუნდა, მხოლოდ მერე გაახსენდა, რომ იმ დღეს ცხონებული დედამისის დაბადების დღე იყო, არადა, მანამდე არასოდეს დავიწყნია!

ქალი: (ქმარს) ვერაფერს იტყვი – შერლოკ ჰოლმს ორი ხარ! (საყვარელს) წამო სამზარეულოში, ყავას მოგიდუღებ.

საყვარელი: გმადლობ, არ მინდა.

ქალი: როგორ თუ არ გინდა, წეღან ხომ შენ თვითონ მთხოვე?!

საყვარელი: ჰო, მაგრამ ახლა ჩემი სამზარეულოში გასვლა გაქცევას ემგავსება!

ქალი: ნუ სულელობ, გამომყევი!

საყვარელი: ვერა, ვერ გამოგყვები!

ქმარს ხელიდან ხელჯოხი უვარდება, აიღებს. თვალებს ხუჭავს.

ქალი: (ქმარს) ცუდად ხომ არა ხარ?

ქმარი არაფერს პასუხობს, ქალი კითხვას უმეორებს.

 

საყვარელი: (ქალს) გაანებე თავი!.. შენ რა, ნერვიულობ მის გამო?!

ქალი: არ მინდა რომ შენს ბინაში რამე მოუვიდეს. ნაქირავებია, მაგრამ მაინც…

საყვარელი: არაფერიც არ მოუვა!

მეზობელი: (საყვარელს) მართლა ცუდად ხომ არა ხართ?

ქმარი: კარგად რატომ უნდა ვიყო?!

მეზობელი: ეგეც მართალია!.. ვიცი, ახლა გეჩვენებათ, რომ ცხოვრება დამთავრდა, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს ასე არ არის.

ქმარი: ასე არ არის?

მეზობელი: ნამდვილად არ არის. ჩემი რჩევა იქნება – გაუშვით თქვენი ცოლი… ჰოდა, მეც გამიშვით აქედან!

ქმარი: (ქალს) ხედავ, თქვენს მხარესაა!.. (საყვარელს) გაგიჟდება კაცი – არადა, წესით, ჩემს მხარეს უნდა იყოს!

მეზობელი: ნუ გეწყინებათ, მაგრამ მე ჩემი აზრი მოგახსენეთ… უფრო სწორად, ის გითხარით, თუ როგორ მოვიქცეოდი პირადად მე, თქვენს ადგილას რომ ვყოფილიყავი!

ქმარი: ჩემს ადგილას ახლა ჩემი და თქვენი მტერი იყოს… სათნო ქალი იყო ჩემი სიდედრი. ბლინებს გამომიცხობდა ხოლმე. მისი დაკრძალვის შემდეგ, სახლში რომ დავბრუნდით, თქვენი მდგმურის საყვარელი გამომიტყდა, სასაფლაოზე ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ყვავები უნდა მოფრენილიყვნენ, ჰოდა, ასე რომ მომხდარიყო, ალბათ, გავგიჟდებოდიო. მერე მთელი ღამე ტიროდა, მხოლოდ დილისკენ დაწყნარდა. მანამდე, სანამ დედამისი მკვდარი ესვენა, ვერ ტიროდა – თითქოს ცრემლები დაუშრა. ჩემს დაჭრამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა – აცხონოს ღმერთმა. მე და შენ მონათესავე სულისანი ვართო, მეტყოდა. თქვენი მდგმურის მშობლიურ ქალაქში ოთხი წელი რომ ვიმუშავე, უკვე გითხარით?

მეზობელი: მე არა, ბატონ დოცენტს უთხარით!

ქმარი: სიმპათიური ქალაქი გახლდათ. ხალხი – კეთილი და ზრდილობიანი, კრიმინალი თითქმის არ ხდებოდა. სიჩუმე და სიწყნარე იყო ისეთი, გული მიჩუყდებოდა ხოლმე.

საყვარელი: (ქმარს) რომანტიკოსიც ბრძანებულხართ, ჩემო ბატონო!

ქმარი: მერედა ეს ცუდია?

ქალი: (საყვარელს) გაანებე, რა, თავი!

მეზობელი: (ქმარს, სიტუაცია რომ განმუხტოს) მეც ძალიან მიყვარს სიჩუმე და სიწყნარე.

ქმარი: მაშინ გამოდის, რომ ჩვენც მონათესავე სულისანი ვყოფილვართ.

მეზობელი: შეიძლება წავიდე?

ქმარი: კიდევ ის არის, რომ თქვენი მდგმურის საყვარელი და მე ორივენი ბავშვობიდანვე ობლები გახლდით. ის უმამოდ იზრდებოდა, მე კიდევ უდედოდ.

მეზობელი: მე წავალ, კარგით?

ქმარი: ორჯერ ვიყავით მინერალური წყლების კურორტზე, სადაც მან მამასთან ერთად ამ უკანასკნელის დაღუპვამდე ერთი თვით ადრე დაისვენა.

მეზობელი: მე წავედი.

ქმარი: წადით.

ქალი: არა, არ წახვიდეთ, დარჩით კიდევ ცოტა ხანს, თუ შეიძლება.

მეზობელი: კი მაგრამ, რატომ?

ქმარი: (მეზობელს) წადით.

ქალი: არა, დარჩით თუ შეიძლება, თორემ შეიძლება პოლკოვნიკს წამოუაროს და სული გაგვაფრთხობინოს… თქვენ კი არა, ჩვენ!

მეზობელი: თქვენ რა, ამას სერიოზულად ამბობთ?!

ქალი: კი, სერიოზულად ვამბობ!

საყვარელი: (ქალს, მეზობელზე) გაუშვი, წავიდეს!

ქალი: არა, არ გავუშებ!

საყვარელი: გაუშვი-მეთქი!

ქალი: არა-მეთქი და მორჩი ახლა!

მეზობელი: მე ხომ ქურაზე ბორში მიდგას!

ქმარი: (მეზობელს) ამ ხუთიოდე წლის წინ ამხანაგი დამეღუპა, ჰოდა, მის დაკრძალვაზე მეორე ამხანაგი დაიკარგა და ვეძებდით. ამ ძებნაში სტომატოლოგის საფლავს გადავეყარე შემთხვევით. როგორც კი შევხედე ფოტოს, მაშინვე ვიცანი ჯერ კიდევ შორიდან, იმიტომ, რომ მანამდე ცოტა ხნით ადრე მე ის სიზმარში ვნახე.

მეზობელი: მეც მესიზმრება ხოლმე დრო და დრო.

ქმარი: გვერდით მისი ქალიშვილის საფლავიც იყო. დედის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ გარდაცვლილიყო ჩვიდმეტი წლის ასაკში, თუ მეხსიერება არ მღალატობს. ამ ერთი შვილის გარდა, ცხონებულს, სხვა აღარავინ ჰყავდა.

მეზობელი: რა საშინელებაა, გამბურძგლა კიდეც. კიდევ კარგი, რომ შვილის სიკვდილს ვერ მოესწრო.

ქმარი: მეც ეგრე გავიფიქრე მაშინ და მომინდა გამეგო, თუ რისგან გარდაიცვალა საბრალო გოგო.

მეზობელი: გაიგეთ?

ქმარი: სამწუხაროდ, არა. სულ მავიწყდებოდა გამეკითხ-გამომეკითხა. ისე კი, მაშინ ისიც გავიფიქრე, რომ ყველა საფლავის ქვას უნდა აწერდნენ, რისგან დაიღუპა ესა თუ ის მიცვალებული, თუნდაც ორიოდ სიტყვით. სავალდებულო უნდა იყოს. ქმარმა თუ გაასაღა საყვარელი, ისიც უნდა ეწეროს, თუ პირდაპირ არა, მინიშნებით მაინც.

მეზობელი: ხუმრობთ?

ქმარი: მე თვითონ არ ვიცი, ამას სერიოზულად ვამბობ თუ ვხუმრობ და, აბა, თქვენ რა მოგახსენოთ?!

საყვარელი ჯიბიდან სიგარეტს იღებს და უკიდებს. ქმარს პისტოლეტი ამოაქვს.

საყვარელი: ან ახლავე მესვრით მაგ პისტოლეტიდან, ან მე პოლიციას ვიძახებ!

ქმარი: გაბედეთ და პოლიციის გამოძახებამდე სიგარეტი არ ჩააქროთ!

მეზობელი: ბიჭებო, არ გინდათ, გთხოვთ!

ქალი: (საყვარელს) ჩააქრე!

საყვარელი ყოყმანობს.

ქალი: ჩააქრე-მეთქი!

მეზობელი: შეიძლება წავიდე?

ქმარი: მე ნუ მეკითხებით, იმას ჰკითხეთ! (ქალზე მიუთითებს) ეგ არის აქ დე ფაქტო უფროსი!

ქალი საყვარელს სიგარეტს ართმევს, აქრობს, თვითონ კი თავისთვის ახალს უკიდებს. მეზობელი წასვლას აპირებს უყურებს ქალს, თითქოს მისგან ნებართვის აღება სურდეს. ქალი ღიზიანდება.

ქალი: (მეზობელს, ბრძანების ტონით) ნუ მიყურებთ!

მეზობელი: ნუ მიყვირით!

ქალი: თქვენ კიდევ, აქაოდა ამ ბინის ფაქტიური მფლობელი მე ვარო და, ბრძანებების გაცემას შეეშვით!

საყვარელი: არ იკამათოთ!

მეზობელი: (საყვარელს) თქვენ ადგილას საერთოდ არ ამოვიღებდი ხმას!

ქალი: რატომ ვითომ?!

მეზობელი: იმიტომ რომ ისედაც ჩუმადაა… ძირითადში!

ქმარი დგება, მიდის მაგიდასთან, სვამს წყალს.

ქმარი: (მეზობელს) მობილური ტელეფონი გაქვთ?

მეზობელი: დიახ, სახლში მაქვს. გინდათ მოგიტანოთ?

ქმარი: არა, გმადლობთ. (ქალს) შენ კიდევ შენს დოცენტთან ერთად არ გაბედო იქ დარეკვა, სადაც საჭირო არ არის, გაიგე?!

საყვარელი: მოდით რა, მოვრჩეთ ამ გულისამრევ კომედიას!

ქმარი: მოვრჩეთ – თქვენ როგორ ფინალს მთავაზობთ, ძალიან მაინტერესებს!

საყვარელი: მე არ მეხუმრება!

ქმარი: (ქალს) კიდევ ერთი ჭიქა წყალი მომიტანე, თუ შეიძლება!

ქალი: ისევ გწყურია?

ქმარი: ჰო.

ქალი: მაშინ შენ თვითონ მოიტანე, ან სულაც სამზარეულოში დალიე!

ქმარი: (მეზობელს) იმ შემთხვევისთვის, თუ გადაწყვეტთ ჩემს დაბრუნებამდე წახვიდეთ – კარგად ბრძანდებოდეთ!

მეზობელი: კარგად ბრძანდებოდეთ!

ქმარი: და კიდევ, გირჩევთ თქვენი ფორთოხლები აკრიფოთ და წაიღოთ!

ქმარი ჭიქით ხელში სამზარეულოში გადის. ტელევიზორში ჩანს, სანამ ჭიქას აავსებდეს, თუ როგორ კეტავს სარკმელს და ფანჯარას ყველა საკეტით.

მეზობელი ყოყმანობს, გონია, რომ უფორთოხლებოდ არ გაუშვებენ და ბოლოს გადაწყვეტს აკრიფოს ისინი.

საყვარელი: (ქალს) უნდა წახვიდე!

ქალი: რა?!

საყვარელი: უნდა წახვიდე, პოლკოვნიკს მე დაველაპარაკები!

ქალი: შენ რა, გაგიჟდი – კარგად ვიცი მაგის ხასიათი – ეგრევე გაგაგორებს. ჯობია შენ წახვიდე!

მეზობელი: შეიძლება უფორთოხლებოდ წავიდე?

საყვარელი: შეიძლება. ფორთოხლებს მერე დაგიბრუნებთ!

მეზობელი: გმადლობთ, არც მერე მინდა. მოდით, სამივემ მოვცოცხოთ აქედან?!

საყვარელი: სამივემ?!

მეზობელი: მე ისედაც მივდივარ, ბარემ თქვენც წამოდით, გაერიდეთ ცოდვას! (ქალს) წრფელი გულით გირჩევთ, შვილო, წამოდით ორივე, პოლიციის მოსვლამდე ჩემს ბინაში ჩავიკეტოთ, რკინის კარი აქვს!

საყვარელი: მე გაქცევას არ ვაპირებ!

მეზობელი: როცა ასეთ მდგომარეობაში ხართ, პირველ რიგში ქალზე უნდა იფიქროთ და მხოლოდ მერე საკუთარ თავმოყვარეობაზე!

საყვარელი: (მეზობელი გვერდით გაყავს) იცით რა, მოდით და თქვენ წაიყვანეთ ქალბატონი. მოიფიქრეთ რამე, გაიტყუეთ ბინიდან, მე კიდევ კარს შიგნიდან ჩავკეტავ, რომ დაბრუნება ვერ შეძლოს!

მეზობელი: მე მაგას არ ვიზამ, იმიტომ რომ, როგორც კი მარტოს გნახავთ, პოლკოვნიკი გაბრაზდება და აუცილებლად დაგხვრეტთ – რაც კი პისტოლეტში ტყვია აქვს, ყველას ერთად დაგახლით!

შემოდის ქმარი, წყლან ჭიქას მაგიდაზე დგამს. ტელევიზორი სცენაზე გადაერთვება.

ქმარი: წვიმას აპირებს!

ყველანი ფანჯარაში იყურებიან.

მეზობელი: სარეცხიც მაქვს გარეთ დატოვებული, გეფიცებით!

ქმარი: წვიმის წინ ნატყვიარი მუხლისთავი ამტკივდება ხოლმე.

მეზობელი: ჩემი ქმარიც ეგრე იყო.

ქმარი: იმასაც მუხლი ასტკივდებოდა ხოლმე?

მეზობელი: არა, ცერა თითი მარჯვენა ხელზე – ბავშვობაში მოიტეხა და მას მერე ზემგრძნობიარე სენსორივით უმუშავებდა, წინასწარ გრძნობდა ამინდის არევას.

ქმარი: ახლა სად არის თქვენი ქმარი?

მეზობელი: უკვე აღარ წერია ცოცხლებში!

ქმარი: მიიღეთ ჩემი თანაგრძნობა.

მეზობელი: რომ დაიღუპა მაშინ, უკვე დაშორებულები ვიყავით. წავიდა ჩემგან, იქირავა თავისთვის ბინა, სულ რაღაც ერთ თვეში, სააბაზანოში სველ მეტლახზე ფეხი აუცურდა, საფეთქელი უნიტაზს ჩამოჰკრა და იქვე დალია სული. სულელურად დაიღუპა და ამის გამო ისე შემეცოდა, ისე, რომ მეტი არ შეიძლება!  (საყვარელს) ისიც ცაცია იყო თქვენსავით.

ქმარი: (საყვარელს) თქვენ რა, ცაცია ხართ?

საყვარელი: თქვენ რა, არც აქამდე იცოდით და ვერც აქ შეამჩნიეთ ეს ამბავი?!

ქმარი: არა, არ ვიცოდი და ვერც ახლა შევამჩნიე!

საყვარელი: მდააა… ეს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურზე მეტიც კია!

ქმარი: გეთანხმებით, მაგრამ აღელვებული ვარ, ხომ გესმით!

მეზობელი: მართალია, ბორში დაბალ ცეცხლზე დავტოვე, მაგრამ მაინც ალბათ უკვე სულს ღაფავს.

ქმარი: ბორშს ამზადებდით თუ უკვე გაკეთებულს აცხელებდით?

მეზობელი: ვამზადებდი… (ქალს) მე წავალ, კარგით?

ქალი: წადით!

საყვარელი: წადით!

ქმარი: (მეზობელს) სანამ სამზარეულოში ვიყავი გასული, აქ, ალბათ, ყველამ ერთად მოილაპარაკეთ, რომ პოლიციაში დაგერეკათ, ჰოდა, თქვენც ახლა სწორედ ამისთვის ეშურებით წასვლას. ასე რომ ვერსად გაგიშვებთ!

მეზობელი: არაფერი მოგვილაპარაკია. შემიძლია დავიფიცო!

ქალი: ეგ რომ გვდომებოდა, შენს არყოფნაში პირდაპირ აქედან დავრეკავდით.

ქმარი: მე გავიგებდი.

ქალი: სააბაზანოში შევიდოდი და იქიდან დავრეკავდი!

ქმარი: იმასაც აუცილებლად გავიგებდი, თუ როგორ შეხვიდოდი სააბაზანოში.

ქალი: (საყვარელს) გვამოწმებს – უნდა გაიგოს, მართლა დავრეკეთ თუ არა. (მეზობელს) ძველთაძველი პოლიციური ხრიკია!

საყვარელი: მეც ეგრე გავიფიქრე.

ქმარი: (მეზობელს) აქ რომ შემოდიოდით, კარი დაკეტეთ?

მეზობელი: არა.

ქმარი: მაშინ წავალ და დავკეტავ, რომ არავინ შემოგვესწროს დამატებით – სიტუაცია ჩემსა და თქვენს მერე მესამე დაუპატიჟებელ სტუმარს უკვე ვეღარ აიტანს… სიტუაცია კი არადა, მოცემული რეალობა, როგორც მეცნიერები და ინტელიგენტები იტყვიან ხოლმე.

ქმარი შემოსასვლელში გადის. ეკრანზე ჩანს, თუ როგორ კეტავს ის კარს და რატომღაც საკეტსაც ათვალიერებს.

მეზობელი: როცა ქვაბიდან მთელი წყალი აორთქლდება, სამზარეულოს ხანძარი გაუჩნდება და ბოლოს მთელი ბინა ცეცხლის ალში გაეხვევა!.. ჰოდა, გაზღვევინებთ!

ქალი: რა ბრძანეთ?!

მეზობელი: ზარალს აგანაზღაურებინებთ, იმიტომ, რომ თქვენ გამო გავები ამ ხათაბალაში და ჩავიკეტე აქ, ამ ბინაში!

ქალი: (საყვარელს) ხედავ, როგორი თავხედია?!.. არა, ხედავ თუ არა?!..

საყვარელი: დამშვიდდი, ძვირფასო!

ქალი: შენ ამ დამშვიდდი და დაწყნარდის გარდა არაფერი იცი?!

საყვარელი: დაწყნარდი, გთხოვ!

შემოდის ქმარი. ტელევიზორი სცენაზე გადაერთვება.

მეზობელი: (ქმარს) როცა ქვაბში წყალი გამოშრება, ბინას ხანძარი გაუჩნდება!

ქმარი: არ გაუჩნდება და საერთოდ, მეეჭვება, რომ ქურაზე ბორში დატოვეთ.

მეზობელი: მე თქვენ ახლა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მომაყენეთ!

ქმარი: მაპატიეთ, მაგრამ თქვენ თავიდან ბრძანეთ, რომ გული გტკიოდათ.

მეზობელი: დიახ, მტკივა, მერე რა?!

ქმარი: ის რომ, არანაირად არ გავხართ გულით ავადმყოფს.

მეზობელი: როგორ ბედავთ?!

ქმარი: მაპატიეთ.

მეზობელი: გასაოცარია პირდაპირ: ჯერ შეურაცხყოფას მაყენებთ, მერე კი ისეთი სახით იხდით ბოდიშს, თითქოს ბილიარდს თამაშობდეთ!

ქმარი: რატომ მაინც და მაინც ბილიარდს?

მეზობელი: აი, ისევ დამცინით!

ქალი: ალბათ, ყველაფერი ფორთოხლების ბრალია!

ქმარი: რა თქვი?

ქალი: როდესაც ეს ფორთოხლები იატაკზე მიმოიფანტა, მაშინვე რატომღაც ბილიარდის ბურთულებს მივამსგავსე… აი, როცა მოთამაშე ჯოხის პირველი დარტყმით გაფანტავს ხოლმე მათ.

მეზობელი: (ქალს) თქვენც აბუჩად მიგდებთ, არა?!

ქალი: არა, გეფიცებით, სწორედ რომ ასე გავიფიქრე!

ქმარი: (მეზობელს) ბილიარდის თავგადაკლული მოთამაშე ვარ – განსაკუთრებით ეს ბოლო ნახევარი წელია.

მეზობელი: თქვენ ყველანი ერთნაირად არანორმალურები ბრძანდებით, რა ქმარი, რა ცოლი და რა ეს ვაჟბატონი დოცენტი. ჰოდა, ჯანდაბამდე გზა გქონიათ!

მეზობელი მტკიცე ნაბიჯებით მიემართება შემოსასვლელისკენ და გადის.  ტელევიზორში ჩანს, როგორ ცდილობს შემოსასვლელი კარის გაღებას, მაგრამ ამაოდ.

ქალი: (საყვარელს) ჩვენც წავიდეთ!

საყვარელი: გაქცევას მთავაზობ?!

ქალი: ხელი მომკიდე, ახლავე, ამ წამს!

ქალი თვითონ მიდის საყვარელთან და ხელს ჩასჭიდებს, ემოსასვლელისკენ იღებს გეზს, მაგრამ საყვარელი არ მიყვება. შემოდის მეზობელი. ტელევიზორში ცარიელი შემოსასვლელი ჩანს.

მეზობელი: კარი გასაღებითაა ჩაკეტილი და გააღეთ, თორემ მეტი აღარ შემიძლია. მეშინია მე აქ ყოფნის, ძალიან მეშინია!.. გემუდარებით, გამიღეთ კარი, თორემ სულ მგონია, რომ აქ ყვავები მოფრინდებიან, როგორც ამ ქალბატონის მამის საფლავზე!

ქალი: როგორ თუ კარი ჩაკეტილია?!.. ეს შენი ოინებია, არა, პოლკოვნიკო?!

ქმარი: არა, მე უბრალოდ მივკეტე და ურდულით გადავკეტე, მეტი არაფერი.

ქალი: ახლავე გააღე კარი!

მეზობელი: გააღეთ კარი და გამიშვით აქედან!

საყვარელი: გაგიჟდება კაცი!

საყვარელი შემოსასვლელში გადის. ტელევიზორში ჩანს, თუ როგორ აღებს ის კარს პირველივე ცდაზე და უკან ბრუნდება. ეკრანზე ისევ სცენა გამოჩნდება.

საყვარელი: სახელურს უნდოდა მაგრად დაქაჩვა, ეგ იყო და ეგ!

მეზობელი: სხვათა შორის, როცა ეს ბინა ჩაგაბარეთ, სახელური ნორმალურად მუშაობდა (წასლვას აპირებს).

ქმარი: (მეზობელს) ერთი წუთით მოიცადეთ, თუ შეიძლება!

მეზობელი: არავითარ შემთხვევაში!

ქმარი: (ბრძანების ტონით) სდექ!

მეზობელი ბრძანებას არ ემორჩილება, შემოსასვლელის კარისკენ მიდის. ქმარს პისტოლეტი ამოაქვს და ჭერს უმიზნებს, თითქოს უნდა გაისროლოს. ქალი ყურებზე ხელებს მიიდებს და თვალებს მოჭუტავს. ამის შემხედვარე მეზობელი ჩერდება და ქმრისკენ ტრიალდება. ეს უკანასკნელი პისტოლეტს დაუშვეს.

ქმარი: (ქალსა და საყვარელს) ორივემ ტელეფონები გამორთეთ და კარადაზე შემოდეთ!.. ჩქარა, გაინძერით თორემ დასაწყისისთვის ფეხებს დაგიხვრეტთ!

ქალი: (საყვარელს) მომეცი შენი ტელეფონი!

ქალი საყვარელს ტელეფონს წაართმევს, ჯიბიდან თავისას იღებს, ორივეს გამორთავს, კარადასთან სკამს მიიდგამს. ადის სკამზე, ტელეფონებს კარადაზე შემოდებს, ჩამოდის სკამიდან და მიდის საყვარელთან.

ქმარი: (საყვარელს) სკამი დააბრუნეთ ადგილზე!

საყვარელი ბრძანებ შესრულებ არ აპირებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამის გაკეთებას ქალი მოინდომებს, გადაწყვეტს თვითონ გაისარჯოს.

ქალი: (ქმარს) ძალიან ორიგინალური მეთოდია!

ქმარი: ვცდილობთ, როგორც შეგვიძლია!

ქალი: შეინახე ეგ ფიშტო, თუ შეიძლება!

მეზობელი შეტრიალდება და ისევ შემოსასვლელისკენ მიემართება. ქმარი პისტოლეტს ისევ ჭერს უმიზნებს. ქალი ისევ ხელებს მიიდებს ყურებზე. მისი შემხედვარე მეზობელი ისევ ქმრისკენ შეტრიალდება.

მეზობელი: გამიშვით რა, პოლკოვნიკო!

ქმარი: ჯერ არ შემიძლია!

მეზობელი: რის გაკეთებას აპირებთ?

ქმარი: თქვენ და ეს ვაჟბატონი ცოტა ხნით სამზარეულოში უნდა შებრძანდეთ, მინდა ცოლთან მარტო დავრჩე!

ქალი: მე უკვე აღარა ვარ შენი ცოლი!

ქმარი: მაინც ზედმეტი მოწმეების გარეშე უნდა გელაპარაკო.

საყვარელი: მე ამას ვერ დავუშვებ – მასთან მარტო ვერაფრით დაგტოვებთ!

ქმარი: მე მასთან, სანამ თქვენ აქ საკუთარ თავს ჭადრაკს ეთამაშებოდით, ყოველ ღამე მარტო ვრჩებოდი და არც ისე იშვიათად, არ დაგიმალავთ და, ქმრის მოვალეობას აღვასრულებდი. მართლა რომ გყვარებოდათ, ის ახლა თქვენი იქნებოდა და ღამღამობით თქვენი სუნით გაძღებოდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ ის არ გიყვართ!

საყვარელი: ძალიან უბადრუკად კი გამოიყურებით მაგ თქვენი დასკვნებით!

ქმარი: თქვენ ახლა გაჩუმდებით და იმას გააკეთებთ, რასაც გიბრძანებთ!

საყვარელი:  არც გავჩუმდები, არც თქვენ ბრძანებას შევასრულებ და არც მასთან დაგტოვებთ მარტო!

ქმარი: ხომ არ გეჩვენებათ, რომ ზედმეტს კისრულობთ?!

საყვარელი: არა, სულაც არ მეჩვენება ასე!

მეზობელი: არ იკამათოთ, გთხოვთ!

ქმარი შემოსასვლელისკენ მიდის, გადის. ეკრანზე ჩანს, თუ როგორ კეტავს ის კარს, შემდეგ კი ჯიბიდან ჯაყვას ამოიღებს და ცალ მუხლზე წაჩოქილი უჩხირკედელავებს საკეტს. საყვარელიც შემოსასვლელისკენ მიდის.

ქალი: არ გაბედო იქით წასვლა, ახლავე დაბრუნდი!

საყვარელი: მე მას კინწისკვრით გავაგდებ!

ქალი: (ბრძანების ტონით) სდექ!

საყვარელი ჩერდება. შემოდის ქმარი. ტელევიზორი სცენაზე გადაერთვება.

ქმარი: კარი ჩაკეტილია და უჩემოდ ვერავინ გააღებს.

ქალი: (მეზობელს) რაღაც მოწყობილობა აქვს საკეტებისთვის, ყველა ჯაყვაზე ამონტაჟებს – თავი ისევ მოქმედი ოპერმუშაკი ჰგონია.

ქმარი მიდის საყვარელთან, პისტოლეტს საფეთქელზე მიაბჯენს, მეორე ხელით უჯიკავებს, აიძულებს რამდენიმე ნაბიჯი გადადგას გვერდზე.

საყვარელი: ხელები გაწიეთ!

ქმარი: რას მელაპარაკებით! (ისევ ხელს კრავს).

საყვარელი: ხელები გაწიეთ-მეთქი!

ქმარი: რას მელაპარაკებით! (ისევ უჯიკავებს).

საყვარელი: დაიმოკლეთ, ბოლოს და ბოლოს, ხელები!

ქმარი: (უფრო მაგრად კრავს ხელს) რას მელაპარაკებით!

საყვარელი: მოგკლავთ!

ქმარი: თქვენ კი მომკლავთ, მაგრამ მე არ მოვკვდები!

ქმარი კიდევ ერთხელ კრავს ხელს საყვარელს და ამგვარად აიძულებს მას სააბაზანოს კარამდე მივიდეს, აღებს კარს, საყვარელს შიგ შეაგდებს, ხურავს კარს და მთელი ტანით აწვება. საყვარელი ცდილობს ტყვეობას თავი დააღწიოს და შიგნიდან კარს ეჯახება. ქმარს რამდენიმეჯერ შეაქანებს, მაგრამ ის არ ნებდება. კარის სახელურსა და იატაკს შორის თავის ხელჯოხს გადებს. საყვარლის შემოტევები უფრო საშიში ხდებახელჯოხმა შეიძლება ვერ გაუძლოს.

 

ქმარი: (მეზობელს) სკამი მომიტანეთ, თუ შეიძლება!

მეზობელს ქმართან სკამი მიაქვს. ის სკამ საზურგეს ხელჯოხის მაგივრად შეუყუდებს კარ სახელურს, ხელჯოხს ხელში იღებს, პისტოლეტს კი ქამარში გაირჭობს. ტელევიზორში ჩანს სააბაზანო ოთახი და საყვარელი, რომელიც დროებით მშვიდდება და კარს ყურს მიადებს, რათა გაიგოს, თუ რა ხდება მის იქით.

 

ქმარი: (მეზობელს) დიდი მადლობა.

მეზობელი: არაფრის. მეც უნდა ჩამკეტოთ სადმე?

ქმარი: არა, არ ჩაგკეტავთ. უბრალოდ, სამზარეულოში შებრძანდით სულ რამდენიმე წუთით და არ გაბედოთ ფანჯრის ან სარკმლის გაღება, თორემ სიგნალიზაცია ჩაირთვება და მე გავბრაზდები!

მეზობელი: რა სიგნალიზაცია?

ქმარი: მე რომ დავაყენე თქვენს მოსვლამდე.

მეზობელი: ეგეც კარგია, რომ საპირფარეშოში არ მისტუმრებთ!

ქმარი: სამზარეულოს კარს იქით პატარა დერეფანია, მერე კი უკვე სამზარეულოს ოთახი და სიგნალიზაციაზე რაც გითხარით, არ დაგავიწყდეთ!

მეზობელი: ის მაინც ვიცი, აქ სად რა არის – რაც არ უნდა იყოს, ამ ბინის ფაქტობრივი პატრონი გახლავართ. მე და ჩემი ქმარი, სანამ ის ბიზნესში წავიდოდა, ამ ბინაში ვცხოვრობდით. ფული რომ იშოვა, გვერდით სამოთახიანი იყიდა, სადაც ახლა მე ვარ. როცა გავიყარეთ, მოვილაპარაკეთ, რომ ეს ბინა მას ეკუთვნოდა. გაყიდვა უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო – დაიღუპა ცხონებული!

ქმარი: ღმერთმა აცხონოს.

ქალი: (ქმარს) ახლავე გამოუშვი ბატონი დოცენტი, თორემ საკუთარ ქმედებაზე პასუხს არ ვაგებ!

ქმარი: (მეზობელს) ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მე მიყურეთ, თუ შეიძლება!

მეზობელი: როგორც მეტყვით, თორემ ისევ გეგონებათ, რომ მე იმათ მხარესა ვარ, სინამდვილეში კი, მოცემულ მომენტში, კატეგორიულად ნეიტრალური გახლავართ!

ქმარი: ეგრეც უნდა იყო!

ქალი ბოლთას სცემს. ქმარი და მეზობელი მას შეჰყურებენ, თან საუბრობენ.

მეზობელი: წეღან არ მითქვამს – ჩემმა ქმარმა, მას შემდეგ რაც ფული იშოვა, ბილიარდის თამაშიც დაიწყო, როგორც ყველა სხვა ფულიანმა. თავის ახალგაზრდა საყვარელსაც ეთამაშებოდა რომელიღაც კლუბში!

ქმარი: აი, ხომ ხედავთ!

მეზობელი: თქვენ ხომ გულის სიღრმეში კეთილი ბრძანდებით!

ქმარი: გმადლობთ, რა თქმა უნდა. მას შემდეგ, რაც ბილიარდმა გამიტაცა, საყვარელი არ მყოლია, მხოლოდ ჩემს ცოლს ვეპატიჟებოდი ხოლმე კლუბში, მაგრამ ის არ მომყვებოდა.

ქალი: (ქმარს) მე შენ მოგკლავ!.. გეფიცები, მოგკლავ!

ქმარი: არ მოვკვდები. ბედი მაქვს ეგეთი!

ქალი: წინასწარ ნუ იკვეხნი!

მეზობელი: შვილიშვილები მომენატრა ძალიან და არ მინდა მათ უნახავად მოვკვდე!

ქმარი: არაც არავინ გაძალებთ!

მეზობელი: მართლა?

ქმარი: რა თქმა უნდა. შედით, თუ შეიძლება, სამზარეულოში. კარს, თქვენის ნებართვით, ბოლომდე არ მივხურავ, რომ სიგნალიზაციის ხმა უკეთ გავიგონო!

მეზობელი: სიგნალიზაციაზე იხუმრეთ, არა?

ქმარი პასუხისგან თავს იკავებს, მეზობელს სამზარეულოს კარამდე მიაცილებს, ხელზე კოცნის. მეზობელი სამზარეულოში შედის. ქმარი კარს ოდნავ გამოღებულს ტოვებს. ამ დროს სააბაზანოს კარს შიგნიდან რაღაც ძალიან მაგრად ეჯახებაეს საყვარელია, რომელიც ამჯერად კარს გამორბენით ეხლება. ტელევიზორშიც ჩნდება კადრი სააბაზანოდან – მაყურებელს შეუძლია თვალი მიადევნოს საყვარლის ქმედებებს.

 

ქმარი: (ქალს) უთხარი, რომ დაწყნარდეს!

ქალი სააბაზანოს კართან მიდის და აკაკუნებს. საყვარელი ყუჩდება. ტელევიზორში ჩანს, თუ როგორ მიადებს კარს ყურს, რის შემდეგაც ეკრანზე ისევ სცენა გამოჩნდება.

 

ქალი: ძვირფასო, დაწყნარდი, თუ შეიძლება, არაფერი იტკინო!

საყვარელი: (კარს იქიდან) როგორა ხარ, საყვარელო?

ქალი: კარგადა ვარ.

საყვარელი: შენ რა, მასთან მარტო დარჩენა გინდოდა?!

ქალი: რა სისულელეს ამბობ?!.. ცოტა მოითმინე, კარგი?

საყვარელი: ადვილი სათქმელია მოითმინე, როცა საკუთარ ბინაში ტყვედა ხარ!

ქალი: მიყვარხარ. დრო და დრო მოგიკაკუნებ კარზე.

 

ქალი კარზე აკაკუნებს, მიდის ფანჯარასთან, იღებს თავის სიგარეტს, უკიდებს.

 

ქალი: (ქმარს) გისმენ!  (ქმარი ჯერჯერობით არაფრის თქმას არ აპირებს). ერთი სული გაქვს, რომ ყველა ერთად მიგვახვრიტო, არა?!

ქმარი: მგონი, კი!

ქალი: მეზობელიც?

ქმარი: კარგი ქალი ჩანს – ქმრის ღალატი აქვს გადატანილი!

 

პაუზა.

 

ქალი: მიდი დაიწყე. თქვი, როგორ ამომიყვანე ჭაობიდან, როგორ ყიდულობდი ჩემთვის დაკონსერვებულ ზეთისხილს, როგორ დაგყავდი ზღვაზე და ცურვა ვერ მასწავლე, როგორ ვნახეთ ზედიზედ ორჯერ დელფინები, რომლებიც ბოლოს ძალიან ახლოს მოცურდნენ და იღიმებოდნენ თუ იცინოდნენ კიდეც!

ქმარი: (მაგიდასთან ახლოს, სკამზე, ჯდება). ისინი მართლა გვიღიმოდნენ.

ქალი: ვიცი, რომ ზნედაცემული ქალი ვარ, რადგან ჯერ კიდევ ქმრის ხელში სხვასთან გავაბი რომანი, მაგრამ მე ეს კაცი შემიყვარდა და შენგან წასვლას ვაპირებდი. ჩანთაც კი მქონდა გამზადებული.

ქმარი: რომელი ჩანთა, ყვითელი?

ქალი: შენ რა, ესეც იცოდი?!

ქმარი: არა. მე ხომ შენს ნივთებში არასოდეს ვიქექებოდი. უბრალოდ, როცა თქვი, რომ ჩანთა გქონდა გამზადებული, გავიფიქრე, რომ ყვითელზე ამბობდი.

ქალი: ხომ გესმის, რომ უკვე შეუძლებელია ყველაფრის თავიდან დაწყება?!

ქმარი: ჰო, შეუძლებელია.

ქალი: შენ ხომ ბევრ ქალს მოსწონხარ.

ქმარი: შეიძლება, მაგრამ მე არ მომწონს ისინი.

ქალი: შენ ამ ბინის პატრონსაც მოსწონხარ.

ქმარი: მასაც საყვარელი ადამიანისაგან ღალატის გადატანა მოუწია.

ქალი: ჰო, მაგრამ ახლა შენ მოსწონხარ.

ქმარი: არა, ის თავის მოღალატე ქმარს ვერ ივიწყებს და ვერც დაივიწყებს – ძველებურად უყვარს.

ქალი: (სიგარეტის ნამწვს საფერფლეში აგდებს და ახალს უკიდებს) მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ასეთი შეურაცხყოფა მოგაყენე!

ქმარი: ბევრს ეწევი.

ქალი: ჰო, დღეს ბევრს ვეწევი.

ქმარი: გამთენიისას ჩემი ძაღლი დამესიზმრა.

ქალი: ძაღლი?!

ქმარი: კი, ძაღლი, ბავშვობაში, სოფელში რომ მყავდა ბაბუაჩემთან, ჯულბარსი. ათის თუ ვიქნებოდი, როცა შემთხვევით მეზობელმა მონადირემ მოკლა – ტურაში აერია. ჯულბარსი იმ მონადირის მეძებარ ძაღლთან მეგობრობდა და ზოგჯერ მასთან ერთად მისდევდა სანადიროდ წასულ მეგობრის პატრონს. ორიოდ თვის შემდეგ კი ჯულბარსის მკვლელი ქალაქში მანქანამ გაიტანა. წინა დღით ფეხსაცმელების მაღაზიაში „ტუფლები“ იყიდა, სოფელში რომ ჩაიტანა, აღმოჩნდა, რომ უჭერდა. დილით ისევ ქალაქში დაბრუნდა, უნდოდა ერთი ზომით დიდში გადაეცვალა. ზედ მაღაზიის წინ დაიღუპა. წლების შემდეგ, როცა პირველად დავქორწინდი, მე და ჩემი ცოლი, სანამ ჩვენი არ ვიყიდეთ, ეს რომ არის, თითქმის ეგეთ ბინას ვქირაობდით იმ ფეხსაცმლების მაღაზიის გვერდით.

ქალი: შენ ეს ჩემთვის არასოდეს მოგიყოლია.

ქმარი: საშინელი სანახავი იყო, როცა ჯულბარსი მონადირე ძაღლისთვის მხარის აბმასა და ნადირის კვალზე დადგომას ცდილობდა – იმის გაკეთება უნდოდა, რისი ნიჭიცა და უნარიც ღმერთს მისთვის არ დაენათლებინა. ბაბუაჩემი ამბობდა, როგორც ადამიანებში გამოერევიან ხოლმე ბრიყვები, ტაკიმასხრები და ქარაფშუტები, ისეა ძაღლებში, ჯულბარსს ასაკთან ერთად ჭკუა არანაირად არ მოემატებაო. ძალიან მინდოდა, რომ ბაბუას ნათქვამი არ გამართლებულიყო, მაგრამ ჯულბარსმა სიმწიფის ასაკამდე ვერ მიატანა.

პაუზა.

 

ქმარი: იმ კორპუსში, სადაც მე და ჩემი პირველი ცოლი სულ ბოლოს ვქირაობდით საცხოვრებელს, ერთი რქებდადგმული კაცი ცხოვრობდა – მეუღლე დაუნდობლად ღალატობდა, ის კი არაფერს ეჭვობდა. ყველამ იცოდა ამის შესახებ, ბავშვებმაც კი, მან კი არა. ყველას ეცოდებოდა, ის კი დადიოდა ბედნიერი – ტიპიური მოსიყვარულე ქმარი, რომლისათვისაც მთავარია, რომ ოჯახი ჰყავდეს კარგად. გადიოდა წლები, მეუღლე ისევ ღალატობდა, ის კიდევ ისევ ბედნიერი იყო. მერე, როცა მე და ჩემი პირველი ცოლი იმ სახლიდან წამოვედით, ქალი სიმსივნით მოკვდა. ქმარი დიდხანს გლოვობდა, ცოლის საფლავზე ყვავილები მიჰქონდა. მეზობელ ქალებს რატომღაც ძალიან უნდოდათ, რომ მეორედ დაქორწინებულიყო და მისთვის საცოლის ძებნაში იყვნენ. იმან კიდევ სხვა არავინ გაიკარა, მარტოობაში გალია დარჩენილი დღეები. ისე კი, მე დიდ პატივს მცემდა, პოლიციელობაზე ვოცნებობდი ბავშვობაშიო, მეუბნებოდა.

ქმარი დგება, მაგიდისკენ გზაზე იატაკიდან ფორთოხალს იღებს, მას მაგიდაზე დებს, სვამს წყალს, ჭიქას ადგილზე აბრუნებს, ფორთოხალს კი ისევ ხელში იღებს, ფანჯარაში იყურება. ტელევიზორში ერთი წუთით გამოჩნდება სააბაზანო – იქ საყვარელი ყურით კარს მიკვრია. ერთი წუთის შემდეგ ეკრანზე სამზარეულოს კადრი გამოჩნდება – მეზობელი ბოლთას სცემს, ზოგჯერ ფანჯარასთან ჩერდება, თითქოს უნდა რომ გააღოს, მაგრამ ვერ ბედავს. ბოლოს ტელევიზორი სცენაზე გადაერთვება.

 

ქმარი: (ქალს) შენ რატომ არ გიყვარს ფორთოხალი – არც ამის ყიდვას დავიზარებდი!

ქალი: (ყვირილით) გეყოფა!

საყვარელი: (ხმა სააბაზანოდან) რა ხდება?!

ქალი: არაფერი არ ხდება! (მიდის კართან, აკაკუნებს) ყველაფერი რიგზეა!

საყვარელი: (შიგნიდან აკაკუნებს) მიყვარხარ!

ქალი: მეც მიყვარხარ!

ქმარი: მორზეს ენაზე ესაუბრებით ერთმანეთს?!

ქალი: ბრწყინვალე იუმორი გაქვს!

საყვარელი: რა თქვი, საყვარელო?

ქალი: არაფერი!.. (ქმარს) მეც დამესიზმრა ძაღლი.

ქმარი: ძაღლი დაგესიზმრა?

ქალი: გაგვიშვი და ჩვენ წავალთ.

ქმარი: ჩემი ქალიშვილი აპირებდა ჩემთვის თავისი საქმროს გაცნობას. უფრო სწორად, მე პირველმა გამოვთქვი ამის სურვილი. უარზე იყო, დღეს კი დამირეკა და მითხრა, რომ ის და მისი საქმრო კაფეში დასხდომას აპირებდნენ და რომ მეც მეპატიჟებოდნენ. ვუთხარი, რომ მიწვევას ვღებულობდი. ჩავედი ეზოში, გარაჟიდან მანქანა გამოვიყვანე თუ არა, საბურავი გასკდა. სათადარიგოც დაშვებული აღმოჩნდა. მინდოდა დამებერა, მაგრამ გადავიფიქრე. გამოვედი ქუჩაში, ჩავჯექი ტაქსიში და იმის მაგივრად, რომ კაფეში წავსულიყავი, შოფერს ვუთხარი, რომ იმ სალონამდე მივეყვანე, სადაც შენ მეგულებოდი. უფრო სწორად, ჩავიფიქრე, მოდი, ტაქსისტს სალონის სახელს ვეტყვი და თუ ეცოდინება სადაც არის, პირდაპირ იქ წავალ, თუ არა – ქალიშვილთან და სასიძოსთან-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ტაქსისტმა სალონი კარგად იცოდა. გზაზე ანეკდოტებს მიყვებოდა, მე კიდევ არ ვუსმენდი – მეშინოდა, რომ ერთი მათგანი მაინც აუცილებლად იქნებოდა მივლინებიდან მოულოდნელად დაბრუნებულ ქმარზე და მოღალატე ცოლზე, რომელიც საყვარელს კარადაში მალავს.. ჰო, მართლა, ამ კარადაში შენც ხომ არ გვიმალავ დამატებით კიდევ ვინმეს?

ქალი: როცა გაბრაზებული ხარ, ზოგჯერ იუმორი ძალიან გიბლაგვდება!.. მითხარი, თუ შეიძლება, ჩემმა სტილისტმა გამყიდა?

ქმარი: არა. იქ, სალონთან, ქუჩაში რომ ვიდექი და გიყურებდი, როგორ უყვებოდი შენს სტილისტსა და გვერდით მჯდომ კიდევ ერთ კლიენტს მის სტილისტთან ერთად რაღაც სახალისო ისტორიას და იცინოდი, რატომღაც სანადიროდ გამოსული ჯულბარსი მომაგონდა და ჩემი სიზმარიც გამახსენდა. მერე უცებ მივხვდი, რომ არც არასოდეს გყვარებივარ.

ქალი: ჩემმა უფროსმა გამყიდა?

ქმარი: არა. ახლაც, აქ რომ ვარ, ჯულბარსი მახსენდება – თავს ზედმეტად ვგრძნობ. როცა პოლიციაში დავიწყე მუშაობა, მაშინაც ჯულბარსი მაგონდებოდა პირველი თვეები – პოლიციელობა ხომ ჩემ მოწოდება არ იყო. იქ იმიტომ მივედი, რომ სხვაგან წასასვლელი არსად მქონდა.

ქალი: დავიღალე. ძალიან დავიღალე… ეტყობა, მართლა იწვიმებს, მე კი მინდოდა, რომ შენს ჯინაზე არ ეწვიმა!

 

ქალი მიდის სააბაზანოს კართან, უნდა, რომ სკამი მოაშოროს. მასთან გაჩნდება ქმარიც და ქალს ხელებს გაუკავებს. ქალი უძალიანდება და ბოლოს ერთ ხელს გაითავისუფლებს, რის შემდეგაც ცდილობს ქმარს სილა გააწნას, მაგრამ ის ასწრებს კვლავ დაეუფლოს მის ხელს.

 

საყვარელი: (კარს ქიდან) რა ხდება მანდ?!

ქმარი ქალს ხელს უშვებს. ეს უკანასკნელი გაჭირვებით ითქვამს სულს.

საყვარელი შიგნიდან კარზე აკაკუნებს.

 

ქალი: ყველაფერი რიგზეა, საყვარელო!

საპასუხოდ თვითონაც აკაკუნებს კარზე. ქმარი იცინის და ისიც აკაკუნებს. ქალი მას სილას გააწნავს.

 

საყვარელი: რა ხდება იქ, ბოლოს და ბოლოს?!

ქალი დაცხრება. ქმარი ხელს უშვებს და სააბაზანოს კარზე აკაკუნებს.

 

ქმარი: (ქალს) ჩვენ ყველანი ძალზე სერიოზულად ვუკაკუნებთ, ხომ იცი! (კიდევ ერთხელ აკაკუნებს) ბატონო დოცენტო, არ გინდათ ფორთოხალი მოგართვათ და პირი გაისველოთ?!

ქალი: (ქმარს) ვის დასცინი, შე არამაზადა?!

ქმარი ბრაზდება, ქალი უკან იხევს, ქმარი მისდევს. ქალი ფანჯრის რაფაზე შეხტება.

 

ქალი: არ მომეკარო, თორემ გადავხტები!

ქმარი: (ჩერდება) გადახტები, რო?

ქალი: გადავხტები, შენ კი დაგიჭერენ და ჩაგაყუდებენ.

ქმარი: არ დამიჭერენ.

ქალი: არც იოცნებო – დაგიჭერენ.

ქმარი: დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ ჩემს სიკვდილამდე ჩემი იქნებოდი. ის კი არადა, თავს იმის უფლებასაც ვაძლევდი, მეფიქრა, რომ თუ ჩემს შემდეგ სხვას დანებდებოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ უჩემობით წვეულ მარტოობასა და სულიერ სიცარიელეს როგორმე გამკლავებოდი – როგორც ეს იმ წიგნებშია, რომელსაც შენ კითხულობ ხოლმე.

ქალი: შენ აქ ჩვენ გვატერორებ, მძევლებად გყავართ, ხოლო ინდივიდუალური თავისუფლების აღკვეთა ჩვენს ქვეყანაში მკაცრად ისჯება.

ქმარი: (იცინის) ეს `ინდივიდუალური თავისუფლება~ მაინც საიდან მოიტანე, სულ არ გავხარ პოლიციელის ცოლს. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, თუ გაინტერესებს, ეს დაახლოებით ასე ჟღერს – ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რომელიც დაკავშირებული არ არის მის გატაცებასთან.

ქალი: ის როგორ ჟღერს რომ უკანონოდ შემოიჭერი ამ ბინაში და პისტოლეტით გვაშინებდი?!

ქმარი: როგორ დაამტკიცებთ, რომ გაშინებდით?

ქალი: მეზობელი დაგვიდასტურებს.

ქმარი: არ დაგიდასტურებს – ის მოღალატე მეორე ნახევრებს ვერ იტანს!

ქალი: დაადასტურებს – შენ ხომ მას მის საკუთარ ბორშთან და სარეცხთან არ უშვებ!

ქმარი: კარგი, ახლავე ვკითხოთ.

მიდის სამზარეულოს კართან, აღებს მას ბოლომდე და აკაკუნებს. სააბაზანო ოთახის კარიდანაც ისმის კაკუნიეს საყვარელია.

 

საყვარელი: რა ხდება, ძვირფასო?!

ქმარი მეორედ აკაკუნებს, ტრიალდება, მიდის სააბაზანოს კართან, რომელზეც შიგნიდან ისევ საყვარელი აკაკუნებს. იმავე მანერით კაკუნითვე პასუხობს ქმარი.

 

ქმარი: კოდალებივითა ვართ!

საყვარელი: რა თქვით?!

ქმარი: ჰეი, ჩემო ინდივიდუალურო ტყვეო, ხომ არ მოიწყინეთ მანდ და, ბოლოს და ბოლოს, ხომ არ მოგინდათ ფორთოხალი?! (იცინის) ან იქნებ ქალბატონი მეზობლისთვის გვეთხოვა, რომ საკუთარი ბორშით გაგიმასპინძლდეთ?!

სამზარეულოდან მეზობელი გამოდის.

 

ქმარი: (ქალს) აი, ისიც გამოჩნდა.

მეზობელი: (ქალს) თქვენ რა, მანდ დგომა გაიძულეს?!

ქალი: ხომ დაადასტურებთ, რომ პოლკოვნიკი ჩვენ და არა მარტო ჩვენ, არამედ თქვენც, პისტოლეტით გვატერორებდა?!

მეზობელი: ჩამოდით, თორემ ცუდად ვხდები! (პირჯვარს იწერს).

ქალი: ჩემს კითხვას უპასუხეთ, თუ შეიძლება!

მეზობელი: ჩვენს კორპუსში ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ მოხდა საშინელი ტრაგედია. პირველად, ერთი ღვთისნიერი პიროვნება დაგვეღუპა. სალმიანი კაცი იყო, მოღიმარი, უთოებსა და თმის საშროებებს შეუკეთებდა ხოლმე მეზობლებს უფასოდ. მაშინაც ფანჯარაში მინას სვამდა მეზობელ დედაბერთან, ცოლი კი სამსახურიდან ბრუნდებოდა, ქმარი რომ ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებული დაინახა, დაუძახა ქვემოდან და ხელიც დაუქნია. ამანაც დაუქნია ხელი, წონასწორობა დაკარგა და წავიდა ქვემოთკენ მეშვიდე სართულიდან პირდაპირ. მეორეჯერ კი უფრო დიდი საშინელება მოხდა, მეგობართან სტუმრად მოსულმა თორმეტი წლის ბიჭმა გადაწყვიტა აივნის მოაჯირზე შემომჯდარი მტრედი დაეჭირა და თავი ვერ შეიმაგრა. მშობლების ერთადერთი შვილი ყოფილიყო, დედამისი ათი წელი ვერ ორსულდებოდა და უცხოეთში მკურნალობის შემდეგ დაფეხმძიმდაო.

ქმარი: ეს რა საშინელ ისტორიებს ჰყვებით!

მეზობელი: ყველაფერს ისე მოვყევი, როგორც იყო!

ქმარი: თარსი კორპუსი ყოფილა.

მეზობელი: ნება მიეცით თქვენს ცოლს, რომ ჩამოვიდეს!

ქმარი: მე არც მიბრძანებია მანდ ასვლა.

მეზობელი: აბა, მაშინ რატომა დგას იქ?

ქმარი: გადავხტებიო, ამბობს.

მეზობელი: ხომ არ გაგიჟდით?! (ქალს) აბა, ახლავე ჩამოდით!.. ჩამოდით, მე თქვენ გელაპარაკებით! (ფანჯრისკენ მიდის).

ქალი: ახლოს არ მოხვიდეთ!

მეზობელი: დამშვიდდით, თქვენ შემოგევლეთ, გაიხედეთ, აბა, ერთი გარეთ, სიცოცხლე დუღს და გადმოდუღს, ყოველ დილით მზე ამოდის და გვათბობს, თქვენ კიდევ თავს იკლავთ, რომ საუკუნო უკუნმა მოგიცვათ, არ გრცხვენიათ მაინც?!

მეზობელი ფანჯარას უახლოვდება, ატირებულ ქალს ხელს გაუწვდის და თვითონაც გული უჩუყდება.

 

მეზობელი: მომენდე, შვილო, ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე!.. დიდი გოგო ხარ აწი და უნდა იცოდე, რომ არა ვართ ჩვენ, ქალები, ბედნიერებისათვის გაჩენილები, არა ვართ და რა გინდა ქნა?!.. ბედნიერები თუ არიან, კაცები არიან, სინსილა კი გაწყდა ამათი ერთ დღეს!.. მომკიდე, შვილო, ხელი, როგორც საკუთარი დედა ისე გთხოვ!

ქალი მეზობელს ხელს კიდებს. მეზობელი ხელზე ჩააფრინდება, მათთან მიიჭრება ქმარი, ქალს მეორე ხელზე დაქაჩავს. ისიც მის მკლავებში აღმოჩნდება.

 

ქალი: (ქმარს) ახლავე გამიშვი, არამზადავ!

მეზობელი: (ქმარს) ყოჩაღ, ძალიან კი ივარგეთ – აი, რას ნიშნავს პოლიციელი!

ქმარი: ეს თქვენ ყოჩაღ და მადლობა!

მეზობელი: შეიძლება წავიდე? ქურაზე ბორში მაქვს დატოვებული, თოკზე კიდევ სარეცხი!

ქმარი: მადლობა კიდევ ერთხელ, ახლა კი მიბრძანდით.

მეზობელი შემოსასვლელის კარისკენ მიემართება.

 

ქმარი: იქით არა, სამზარეულოში, თუ შეიძლება!

მეზობელი: სამზარეულოში?!.. კი მაგრამ, რატომ, თქვენ ხომ დამპირდით?!

ქმარი: მე არაფერს დაგპირებივართ. მიბრძანდით სამზარეულოში და კარს ბოლომდე ნუ მიიხურავთ, რომ სიგნალიზაციის ხმა უკეთ გავიგონო!

მეზობელი სამზარეულოს კართან მიდის. ამ დროს ქმარს ხელიდან უსხლტება ქალი, და რომ დაემალოს, სამზარეულოში შერბის, მაგრამ კარის მიკეტვას ვერ ასწრებსქმარი ფეხდაფეხ მისდევს. მეზობელი კარს აქეთ რჩება.

 

მეზობელი: (ქალის მისამართით) მანდ სიგნალიზაცია აყენია, არ გაბედოთ ფანჯრის გაღება და რაფაზე აძრომა!.. რა ყველა არანორმალური აქ შეიყარა?!

შემოსასვლელის კარისკენ მიდის. სააბაზანოს კარზე საყვარელი აკაკუნებს.

 

საყვარელი: (ხმა სააბაზანოდან) რა მოხდა?!

მეზობელი: არ უნდა დაგეჭირათ საქმე პოლიციელის ცოლთან – აი, ეს მოხდა, ჩემო კარგო მდგმურო!

საყვარელი: გამომიშვით აქედან, თორემ კარს ჩამოვიღებ!

მეზობელი: რაც გინდა ის ქენით, ოღონდ მერე ზარალი ამინაზღაურეთ!.. არ მცალია მე, ბორში მიდგას ქურაზე, სარეცხი მაქვს გაფენილი, თქვენ კიდევ გინდა ფანჯრიდან გადამხტარხართ და გინდა ამ კორპუსის სახურავიდან უპარაშუტოდ!

 

ტელევიზორში ჩანს, როგორ დაქრიან სამზარეულოში მაგიდის ირგვლივ ქმარი და ქალი. ქმარს ხელჯოხი უვარდება. მას მაშინათვე ქალი ეუფლება და ცდილობს მოფარიკავის მანერით მოიგერიოს ქმარი. ეს უკანასკნელი იცინის. ქალი ხელჯოხს ქმარს ესვრის, მაგრამ ააცილებს. ტელევიზორი ისევ სცენაზე გადაერთვება. სამზარეულოდან გამორბის ქალი, უკან ქმარი მისდევს. ეს უკანასკნელი ცდილობს ქალი დაიჭიროს ფეხზე გამოსდოს ხელჯოხის კაუჭი. დარბიან დიდი მაგიდის ირგვლივ.

ქმარი: (მეზობელს) აბა, ახლავე სამზარეულოში შებრძანდით!

მეზობელი: მე ხომ მეუღლე გადაგირჩინეთ, თქვენ კი ასე მექცევით!

ქმარი: სამზარეულოში-მეთქი!.. კარს ბოლომდე ნუ მიხურავთ!

მეზობელი: მე რა ჯანდაბად გინდივართ?!.. შემიძლია პატიოსანი სიტყვა მოგცეთ, რომ არავის დავურეკავ და საერთოდ, არავისთან კრინტი არ დამცდება!

ქმარი: უკანასკნელად გაფრთხილებთ – მიბრძანდით სამზარეულოში!

მეზობელი სამზარეულოში შედის. ქმარი და ქალი კვლავ მაგიდის ირგვლივ დარბიან. ბოლოს ქმარი ახერხებს ხელჯოხის კაუჭი ფეხზე გამოსდოს ქალს. ის დივანზე ეცემა. ქმარი ზემოდან მოექცევა, მის გახდას ცდილობს, ქალი უძალიანდება. საყვარელი სააბაზანოს კარზე აკაკუნებს გამუდმებით. ქალი საყვარლის პორტფელს ჩასცხებს მოძალადე ქმარს თავში. პორტფელიდან ქაღალდები ცვივა. ბოლოს ქალი ქმარს ლაჯებშუა მუხლისთავსაც ამოსცხებს. ქმარი უკან იხევს. გათავისუფლებული ქალი სააბაზანოს კარისკენ მიემართება. ქმარი ქალს ეწევა. მათ შორის ისევ ორთაბრძოლა იმართება. ეცემა მაგიდა. მაგიდის იქით აღმოჩნდებიან ქმარი და ქალიმხოლოდ მათი ფეხები ჩანს. ქმარი ზემოდანაა, ქალი წინააღმდეგობას უწევს. მათი უკეთ შეთვალიერება ტელევიზორის ეკრანზეა შესაძლებელი. საყვარელი გაშმაგებულიაის უკვე განწირულის გააფრთებით უტევს სააბაზანოს შიგნიდან კარს. სამზარეულოს კარს იქიდან მეზობლის თავი გამოჩნდება. გადაბრუნებული მაგიდის იქით ქმარსა და ქალს შორის ორთაბრძოლა გრძელდება. ჩანს, რომ ერთიც და მეორეც დაიღალნენ.

 

ქალი: (ხმა მაგიდის იქიდან) თავი გამანებე!

ქმარი: (ხმა მაგიდის იქიდან) არ გაგანებებ!

ქალი: თავი გამანებე-მეთქი, არარაობავ!

ქმარი: გაჩუმდი!

ქალი: მე შენი არ მეშინია, რქებიანო!

ისმის (ტელევიზორში კი ჩანს კიდეც ეს) სილის გაწვნის ხმა – ეს ქალია. სიჩუმე ისადგურებს. პაუზის შემდეგ ქმარი დგება, ისწორებს ტანსაცმელს, მიდის ფანჯარასთან. დგება ქალიც, ისიც ისწორებს ტანსაცმელს, ხელში პისტოლეტი უჭირავს, რომელსაც ქმარს უმიზნებს.

 

ქმარი: ტყუილად ცდილობ – შიგ ვაზნები არ დევს!

ქალი პისტოლეტს ძირს დაუშვებს, ამჩნევს მეზობელს.

 

ქალი: (მეზობელს) უხ, შე ვირთხავ!

უმიზნებს მეზობელს. ის კარს იქით იმალება. საყვარელი ახერხებს ტყვეობიდან თავის დაღწევას. შეძრწუნებული შეჰყურებს ხან ქალს და ხან ქმარს.

საყვარელი: რა ხდებოდა აქ?! 

ქალი ახლა მას უმიზნებს, შემდეგ ქმარს, ნერვულად იცინის. ქმარი მიდის ქალთან და პისტოლეტს აართმევს.

ქალი: პისტოლეტი დატენილი იყო, არა?!

ქმარი: ჰო, დატენილი იყო!

ქალი: ოხ, შე საზიზღარო!.. ყველაზე უკანასკნელი არამზადა ხარ და შენ აუცილებლად დაგაპატიმრებენ!

ქმართან მიდის საყვარელი და სილას აწნავს. ქმარი პასუხობს, თანაც ისე ძლიერად, რომ საყვარელი გვერდზე გადაქანდება და ინერციით დივანზე დაეხეთქება. ქმარს პისტოლეტი ამოაქვს 

ქალი: (ისტერიკულად) მიდი, მოკალი, ისიც მოკალი და მეც მომკალი, იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და გვინდა, რომ შენს ჯინაზე ერთად მოვკვდეთ, ხელი-ხელ ჩაკიდებულები.

სამზარეულოდან გამოდის მეზობელი. 

მეზობელი: არ გინდათ სროლები და სისხლი – არ გინდათ!

ქალი: ესეც მოკალი, ახლავე, მოკალი-მეთქი! ყველა მოკალი!

მეზობელი შემოსასვლელში გადის. გონზე მოსული საყვარელი მუშტების ქნევით ქმარს ეძგერება. ქმარი ყბაში მოსდებს, საყვარელი იატაკზე ეცემა.

საყვარელი: (იატაკზე ჯდება) ოხ, თქვე უკანასკნელო არამზადავ!

ქმარი: თქვენ კიდევ… ისა ხართ… რა ჰქვია მაგას…

საყვარელი: ჰო, თქვით, რა ვარ!

ქმარი: დამავიწყდა რა ჰქვია კონკრეტულად იმ წურბელას, ქალის ხარჯზე რომ ცხოვრობს!

საყვარელი: იცოდით კი საერთოდ?

ქმარი: წადით, თქვე წურბელავ თქვენა, უდღეურო აფერისტო, საყვარელს ტელევიზორი გამოსთხოვეთ, მერე კი თითქოს ფანჯრიდან აგდებდით!

ქალი: მე ის ტელევიზორი ჩემი საკუთარი ფულით ვიყიდე!

ქმარი: ჰო, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის!

ქალი: რას ჰქვია სურათს არ ცვლის – მას ჩემთვის ტელევიზორის ყიდვა არ უთხოვია!

ქმარი: ეგრევე დავიჯერე!

საყვარელი: (ქალს) დამშვიდდი, ძვირფასო, ხომ ხედავ, ასე იმიტომ ამბობს, რომ გაგაბარაზოს!

ბრუნდება მეზობელი.

მეზობელი: გამიშვით აქედან, ახლავე, დაუყოვნებლივ!

ქალი: რატომ გარბიხართ, გირჩევთ დარჩეთ – მერე მეზობლებს მოუყვებით ყველაფერს, რაც აქ ხდება და მოხდება და ერთბაშად მთელ კორპუსში დაფასებული და პოპულარული ქალბატონი გახდებით!

მეზობელი: (ქმარს) თქვენ აქ რაღაც თქვენს თამაშს თამაშობთ, არა?!

ქალი: (მეზობელს) გაჩუმდით, ბოლოს და ბოლოს!

მეზობელი: ნუ მიყვირით, თუ შეიძლება – არავის ეშინია თქვენი!

ქმარი პისტოლეტს ქამარში ირჭობს, იატაკიდან იღებს გატეხვას გადარჩენილ ჭიქას, გადის სამზარეულოში. ქალი საყვარელთან მიდის და ხელს გაუწვდის.

ქალი: ადექი, ძვირფასო!

საყვარელი დამოუკიდებლად დგება. ის და ქალი ერთმანეთის პირისპირ დგანან. უცებ ქალი სილას გააწნავს.

ქალი: (საყვარელს) იცი, მართლა მიყვარხარ, ისე, როგორც ჯერ არავინ მყვარებია!

მეზობელი: არანორმალურებო, წადი თქვენი!.. არანორმალურებო, წადით ჩემი ბინიდან!.. ახალვე წადით-მეთქი!

მეზობელი ისტერიკაში ვარდება, შეპყრობილივით აბაკუნებს ფეხებს.

ქალი საყვარლის წინ მუხლებზე დგება.

ქალი: მე ხომ შენთვის ტკივილის მეტი არაფერი მომაქვს. წადი ჩემგან, გაიქეცი, სანამ გვიან არ არის – მე ბოროტი და ზნედაცემული ქალი ვარ!.. მოდი, იცი რა, მართლა გადავხტები ფანჯრიდან. მერე შენ და პოლკოვნიკი მორიგეობით ივლით ჩემს საფლავზე და ყვავილებს მომიტანთ, როგორც ისევ და ისევ ამ წყეული პოლკოვნიკისა და მისი პირველი ცოლის ერთი მეზობელი!.. არც იმას, იმ პირველს უყვარდა პოლკოვნიკი, ზუსტად ვიცი, რომ არ უყვარდა. ნამუსს უნახავდა, სიყვარულზე და ეგეთებზე კი დიდი ბოდიში! მაგრამ საწყალმა ვერც სხვა იპოვა, ვის შეყვარებასაც შეძლებდა და ვისაც მთელი სულითა და გულით მოუმზადებდა ბორშს. ზუსტად ვიცი, რომ ვერ იპოვა, გესმის?! (ყვირის) გესმის თუ არა ეს შენ?!

მეზობელი: (ყვირილით) ყველა გაჩუმდეს. მე თქვენ ყველას გიბრძანებთ, რომ გაჩუმდეთ!.. გამიშვით აქედან, სადისტებო!

ის ისევ ფეხებს აბაკუნებს, თითქოს ადგილზე დარბისო. სამზარეულოდან ქმარი გამოდის წყლით სავსე ჭიქით ხელში, მიდის მეზობელთან და წყალს სახეში შეასხამს. ის მოულოდნელობისგან შეჰყვირებს და ჩერდება.

მეზობელი: ეს რა ქენით?!

ქმარი: დამშვიდდით – ძალიან გაცხარებული იყავით!

მეზობელი: კარგით, მე მშვიდად ვარ, ოღონდ მითხარით, თუ შეიძლება, თქვენ აქ ყველანი რაღაც თქვენს განსაკუთრებულ თამაშს თამაშობთ, არა?!

ქმარი: რა თამაშს?!

მეზობელი: აი, თქვენი ცოლი დოცენტის წინ მუხლებზე დგას და აპირებს ფეხებზე მოეხვიოს, რომ არსად არ გაუშვას, ხედავთ?! (ქალი საყვარელს ფეხებზე ეხვევა). ხომ ხედავთ?!.. არა, კეთილი ინებეთ და მიპასუხეთ, ხედავთ ამას თუ არა?!

ქმარი: რა გნებავთ?!

ქალი: არაფერი. უბრალოდ, მინდოდა გამეგო, ხედავთ ამას თუ არა.

ქმარს მეზობელთან სკამი მიაქვს.

ქმარი: აი, დაბრძანდით! (მეზობელი ჯდება). გინდათ, კიდევ მოგიტანთ წყალს?

მეზობელი: არა, გმადლობთ, მეყოფა!

ქმარი: დასალევი წყალი მაქვს მხედველობაში!

მეზობელი: თუ დასალევი იგულისხმეთ, მაშინ მომიტანეთ!

ქმარი: იქ, სამზარეულოში, მაგიდაზე პროდუქტებით სავსე ცელოფნის პარკები აწყვია. აღმოჩნდა, რომ ჩემს ცოლსაც უყიდია ფორთოხლები, ალბათ თავისი საყვარელისთვის. იცოდით, რომ თურმე თქვენს მდგმურსაც უყვარდა ეს ხილი?

მეზობელი: არა, საიდან უნდა მცოდნოდა ამ დამთხვეულ „პროფესორას“ რა უყვარდა და რა არა. თქვენს ცოლს რომ ყვარობდა, ეგ ვიცოდით მხოლოდ!

ქმარი: დოცენტია, ჯერ პროფესორი არ გამხდარა.

მეზობელი: აქაურები პროფესორას ეძახიან. გუშინ დილით, სახლიდან რომ გამოდიოდა, ჩიტმა დაასკლინტა მხარზე, ჰოდა, ასე თქვეს, ფულს იშოვისო.

ქმარი: ფულის არ ვიცი, მაგრამ კარგ ჩიტს კი დაიჭერს.

მეზობელი: რა გაქვთ მხედველობაში?

ქმარი: ალბათ, მინდოდა მეთქვა, კარგი ჩიტი უკვე დაიჭირა-მეთქი ჩემი ცოლის სახით. იცით რა, იატაკიდან დასვრილი ფორთოხლების აკრეფას გირჩევნიათ ჩემი ცოლის ნაყიდი წაიღოთ – გეკუთვნით და ალალი იყოს თქვენზე!

მეზობელი: არა, მე სხვისი არაფერი მინდა!

ქმარი: ყოჩაღ, სამართლიანი და პრინციპული ქალბატონი ბრძანებულხართ. ყველა რომ თქვენნაირი იყოს, სამყარო გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ნება მიბოძეთ ხელზე გეამბოროთ! (მეზობელს ხელზე კოცნის, შემდეგ ჭიქით სამზარეულოში გადის).

ქალი: (საყვარელს) სულზე უტკბესო!

საყვარელი: ადექი!

ქალი: (დგება) როცა ფანჯრის რაფაზე ვიდექი ჩემს სიგარეტს შემთხვევით ფეხი ვკარი და ისიც ძირს გადავარდა. მომეცი, თუ შეიძლება შენი.

საყვარელი გაუნძრევლად დგას. 

ქალი: მომეცი, გთხოვ!

საყვარელი ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს იღებს და ქალს უწვდის. ის კოლოფიდან ერთ ღერს ამოაძვრენს.

ქალი: ცეცხლი, თუ შეიძლება!

საყვარელს ჯიბიდან სანთებელა ამოაქვს და ქალს ცეცხლს აწვდის. ის სიგარეტს უკიდებს. შემოდის ქმარი, მეზობელთან ჭიქით წყალი მიაქვს. მეზობელი ცოტას მოსვამს და ჭიქას ქმარს უბრუნებს.

მეზობელი: რომელიღაც კინოში მგონია თავი!.. გეფიცებით, ყველაფერი ისეა, როგორც რომელიღაც კინოში, ოღონდ არ მახსოვს, რომელში!.. უი, ხო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა – დიდი მადლობა წყლისთვის!

ქმარი: არაფრის.

მეზობელი: კინოში კი არადა, ახლა თქვენ, რომ თქვით, „არაფრისო“, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ეს ყველაფერი ოდესღაც მოხდა, რომ ოდესღაც თქვენ სამზარეულოდან ჭიქით წყალი მომიტანეთ, მე მადლობა გადაგიხადეთ და თქვენ სწორედ ასე თქვით, „არაფრისო“ და სწორედ ასე შემომხედეთ თვალებში!

ქმარი: მართლა?

მეზობელი: ჰო, მართლა, გეფიცებით შვილიშვილებს!

ქმარი: ჰოდა, როგორ დამთავრდა მაშინ მთელი ეს ამბავი, ახლა აქ რომ ხდება?

მეზობელი: არ მახსოვს. ალბათ, ისე დამთავრდა, როგორც აქ დამთავრდება დღეს!

ქმარი: ძალიან კარგი!

მეზობელი: მაშინაც თითქოს ქვაბით ბორში მედგა ქურაზე და მე აქ ამის გამო ეკლებზე ვიჯექი… ის კი არადა, თითქოს სარეცხის გამოც ვიჯექი ეკლებზე!

ქმარი: ქვაბი, რომლითაც ბორში დგას ქურაზე, დიდია?

მეზობელი: უფრო სწორად, გინდათ მკითხოთ, ბევრია თუ არა წყალი ქვაბში, რომელიც ქურაზე დგას, არა?

ქმარი: დიახ!

მეზობელი: არა, სამწუხაროდ ბევრი არ არის!

ქმარი: გაზქურაზე დგას, თუ ელექტროქურაზე?

მეზობელი: სამწუხაროდ, გაზქურაზე.

ქმარი: რატომ სამწუხაროდ, გაზქურაზე თუ დგას, უკეთესია.

მეზობელი: რით არის უკეთესი?

ქმარი: არის.

მეზობელი: მართლა?

ქმარი: დიახ.

მეზობელი: შეიძლება ფანჯარასთან მივიდე?

ქმარი: რატომ?

მეზობელი: ამ ოთახს ჩემი სამზარეულო ესაზღვრება. მაღაზიაში წასვლის წინ სარკმელი გამოვაღე და თუ რამე, დამწვრის სუნი ხომ უნდა მომივიდეს?

ქმარი: ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ მხარეს იქროლებს ნიავი.

მეზობელი: ეგეც მართალია, მაგრამ ფანჯარაში მაინც გავყოფ თავს თუ შეიძლება.

ქმარი: ხომ არ იყვირებთ?

მეზობელი: არა, რას ამბობთ, თქვენი პისტოლეტი ხომ დატენილია!

ქმარი: არც გადახტომას მოინდომებთ?

მეზობელი: როგორ გეკადრებათ, სიცოცხლე ჯერ არ მომბეზრებია!

ქმარი: მაშინ მიბრძანდით.

მეზობელი: უაღრესად დიდი მადლობა. (მიდის ფანჯარასთან, გადაიხრება, ჰაერს ყნოსავს).

ქალი: (საყვარელს) მგონი მართლა აქვს ბორში ქურაზე დატოვებული.

საყვარელი: სანამ მე სააბაზანოში ვიყავი, აქ რა ხდებოდა?!

ქალი: რა გაქვს მხედველობაში?

საყვარელი: შენ მას დანებდი?!

ქალი:  (საყვარელს გაუსილაქებს). აი, შენ ამ სიტყვებისთვის!

საყვარელი: მართლა არ დანებებულხარ?!

ქალი: თეორიულადაც კი როგორ დაუშვი, რომ მე მას შენს ბინაში დავნებდებოდი – ფიქრადაც როგორ მომაყენე ასეთი შეურაცყოფა?!

საყვარელი: მართლა?

ქალი: შენ რა, ეჭვი გეპარება ჩემს ნათქვამში?!.. შემომხედე თვალებში და მიპასუხე კითხვაზე!

საყვარელი არაფერს ამბობს. ქალი მას კიდევ ერთ სილას აჭმევს.

საყვარელი გამეხებით გასცქერის ქმარს, რომელიც იატაკიდან თავის ხელჯოხს იღებსუნდა რომ მას თავს დაესხას. ქალი საყვარელს ეხვევა.

ქალი: არ წახვიდე ჩემგან!.. არასოდეს არ მიმატოვო!

მეზობელი:(ფანჯარას მოშორდება) ხალხო, სახლში გამიშვით!

 

მეზობელი შემოსასვლელში გადის. ტელევიზორში ცოტა ხნით ჩანს, თუ როგორ ლამობს ის შემოსასვლელი კარის გაღებას, მაგრამ არაფრი გამოსდის. 

ქალი: (საყვარელს) გამომყევი!

საყვარელი: სად?

ქალი: სადმე, თუნდაც სამზარეულოში!

საყვარელი: იქ რა გვინდა?!

ქალი: ის კი არადა, სააბაზანოშიც შეიძლება. ხომ გახსოვს, ჩვენ იქ რამდენიმეჯერ არც თუ ისეთი ცუდი სექსი გვქონდა!.. წავედით! (საყვარელს სააბაზანოსკენ ეწევა, მაგრამ ის არ მიჰყვება). მაშინ ისევ სამზარეულოში. ჩვენ იქ სექსი არ გვქონია. უფრო სწორად, გვქონდა, მაგრამ ბოლომდე ვერა – მოულოდნელად ჩაიდანმა მორთო სტვენა… და საერთოდ, ეს ჩაიდანი ყოველთვის უდროო დროს სტვენს ხოლმე – ფანჯრიდან უნდა გადავაგდო!

ქალი გეზს იცვლის, ისევე მთელი ძალით ექაჩება საყვარელს, მაგრამ ის არ მიჰყვება.

შემოსასვლელიდან გამოდის მეზობელი, ერთ ადგილას დგას, ფანჯარას მიშტერებია, შემდეგ კი იქითკენვე მიემართება.

ქალი: (საყვარელს) გააჩერე, თორემ, მგონი, ფანჯრის რაფაზე აპირებს აძრომას!

საყვარელი: (მეზობელს) შეჩერდით!

ქალი: ეგრე არა, მიდი და შენ თვითონ გააჩერე!

მეზობელი: (შედგება. საყვარელს) არ მომეკაროთ, თორემ ვიკივლებ!

საყვარელი: (მეზობელს) ფანჯარაზე სიგნალიზაცია აყენია.

მეზობელი: ხუმრობაც რომ არ გეხერხებათ!

მეზობელი ფანჯრისკენ სვლას აგრძელებს, საყვარელი მას გზას უღობავს. მეზობელი ცდილობს გვერდი აუაროს, მაგრამ საყვარელი ისევ წინ გადაუდგება. მეზობელი უკან ბრუნდება, გადის შემოსასვლელში. ქმარი ჭიქით ხელში სკამზე ჯდება. ისმის როგორ აბრახუნებს შემოსასვლელ კარებზე შიგნიდან მეზობელი.

ტელევიზორში რამდენიმე წამით გამოჩნდება მეზობლის ზემოთ აღწერილი ქმედება.

 

მეზობელი: (ისმის მისი ხმა) მიშველეეეთ!

ქალი: (ქმარს – ხმამაღლა ამბობს, რომ მეზობელმაც გაიგონოს) ის ახლა უფრო ხმამაღლა აყვირდება!

ქმარი: (ჭიქიდან წყალს სვამს) არა, არ იყვირებს, ის უკვე მორჩა გამოსვლას!

ქალი: არა, იყვირებს! (ხმამაღლა) ახლა ის ისე ხმამაღლა იყვირებს, რომ მთელ კორპუსს ფეხზე დააყენებს!

პაუზა.

 

ქალი: (ხმამაღლა, მეზობლის მისამართით) იყვირებთ თუ არა, ბოლოს და ბოლოს?!

შემოდის მეზობელი.

 

მეზობელი: (ქმარს) მე თქვენ უმორჩილესად გთხოვთ, გეხვეწებით, გემუდარებით!..

ქმარი: დამშვიდდით!

მეზობელი: რა გინდათ რომ ვქნა, რომ გამიშვათ?!.. გინდა მუხლებზე დავდგე თქვენი ცოლივით?!

ქმარი: არა, არ მინდა!

მეზობელი: მე მაინც დავდგები!

 

მეზობელი სააბაზანოს კართან მიდის და შიგ შედის.

 

ქალი: რის გაკეთებას აპირებს?

ქმარი: ტუალეტში უნდოდა.

ქალი: კარგი ერთი, გინდა თქვა, რომ უბრალოდ ფისი-ფისი უნდა ქნას?!

ქმარი: კი.

ქალი: შენ რა იცი?

ქმარი: ვიცი.

საყვარელი: მგონი, მართლაც ეგრეა.

ქალი: შენ რა იცი?

საყვარელი: ვიცი.

ყველანი სააბაზანოს კარს მისჩერებიან. იქიდან ისმის უნიტაზის ჩარეცხვის ხმა. სააბაზანოდან გამოდის მეზობელი.

 

მეზობელი: რა იყო, რას მომშტერებიხართ ყველანი ერთად?!

ქალი: უკვე შეხედვაც არ შეიძლება, ეს რა მკაცრი ვინმე ყოფილხართ!

მეზობელი: თქვენ კიდევ ზნედაცემული ბრძანდებით!

ქალი: რა თქვით?!

მეზობელი: ზნედაცემული ქალი ხართ!

ქალი: ეს უკვე მეტისმეტია!

ქალი მიდის მეზობელთან, უნდა თმებში სწვდეს, მაგრამ ის თავის დაძვრენას ახერხებს. მცირეოდენი შებრძოლების შემდეგ, ქალი საწადელს მაინც აღწევსმოულოდნელად მეზობელს თავიდან პარიკს ააგლეჯს.

 

ქალი: (შეცბუნებულია) უი, უკაცრავად!

მეზობელი მას სილას გააწნავს. ქალი უკვე სერიოზულად აპირებს შებრძოლებას, მაგრამ მასთან საყვარელი მიდის და გვერდზე გაჰყავს.

ქალი: მგონი, უკვე გავგიჟდი!

მეზობელი: ეს რამდენი ალიყური იყოს დღეს!

მიდის კარადასთან, სარკის წინ დემონსტრაციულად ირგებს პირიკს და თავს იწესრიგებს.

 

მეზობელი: (ქალს) მე თქვენ ამას არ გაპატიებთ!.. ეს პარიკი ჩემმა რძალმა მაჩუქა. ის, მართალია, უცხოელია, მაგრამ კეთილია. მანამ არ მომეშვა, სანამ ამ ძვირიანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სამკაულის ტარებაზე არ დამითანხმა.

ქალი: აი, კიდევ ერთ ტყუილში გამოგიჭირეთ!

მეზობელი: რა ტყუილში?!

ქალი: წეღან, თხუთმეტი წლის წინათ ავტოავარიის დროს დაღუპულ სტომატოლოგზე რომ ლაპარაკობდით, ასე თქვით, რომ ის ქალი ხელებში ჩაგაკვდათ!

მეზობელი: დიახ, ეგრე იყო. მერედა, რა არის აქ ტყუილი?!

ქალი: ისიც თქვთ, რომ მაშინ რაღაც სამ წუთში თითქმის მთლიანად გაჭაღარავდით!

მეზობელი: დიახაც, ასე იყო, მერე?!

ქალი: ჰოდა, მერე ჩემს ქმარს უთხარით, თმა შეღებილი მაქვსო, სინამდვილეში კი პარიკი გქონიათ!

მეზობელი: დიდი ამბავი, თუ პარიკი მახურავს, პარიკს შიგნით თმა ხომ შეღებილი მაქვს?!

ქალი სახეზე ხელებს იფარებს და ტირის. საყვარელი მის დამშვიდებას ცდილობს.

 

ქმარი: (მეზობელს) მე ახლა კარს გავაღებ და გაგიშვებთ!

მეზობელი: ქენით სიკეთე, თორემ ბოთლში დამწყვდეული ჯინივითა ვარ!.. და იცით კიდევ რა, თქვენს ყურადღებას მივაქცევდი იმ ფაქტს, რომ თქვენმა მეორე ნახევარმა ახლახან როგორც მეუღლე ისე მოგიხსენიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულის სიღრმეში, ანუ ქვეცნობიერად, ისევ ქმრად გაღიარებთ.

ქალი: ტყუილია – არ ვთვლი მაგას მე ქმრად!

მეზობელი: ეგრევე დაგიჯერეთ!

ქალი: ოხ, თქვე პროვოკატორო!

ქმარი: ნუ იკამათებთ, თუ შეიძლება.

 

ქმარი შემოსასვლელში გადის. მეზობელი აპირებს უკან მიჰყვეს, მაგრამ მასთან ქალი მიდის.

 

ქალი: იცით, დედაჩემიც ატარებდა პარიკს, უფრო სწორად, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოეგუნება რატომღაც პარიკის ტარება!

მეზობელი: გაიწით იქით, ნუ დამჩხავიხართ!

ქალი: მე ბოდიშის მოხდა მინდოდა – პარიკი რომ მოგძვრათ, დედაჩემი დამიდგა უცებ თვალწინ!.. არა, მე მართლა ვგიჟდები!

მეზობელი: თქვენ ისედაც გიჟი იყავით, ჩემო კარგო. გზიდან ჩამომეცალეთ!

ქალი: თქვენ თუ წახვალთ, პოლკოვნიკი, ალბათ, დაგვხვრეტს!.. მაგრამ არ იფიქროთ, თითქოს ბოდიში იმიტომ მოგიხადეთ, რომ დარჩენა უნდა მეთხოვა!

ისმის, ტელევიზორშიც ჩანს, როგორ აწვალებს შემოსასვლელ კარზე საკეტს ქმარი.

 

ქალი: ის ჩვენ დაგვხოცავს!.. აი, ნახავთ, ასე თუ არ იქნა!

ქალთან მიდის საყვარელი, უნდა, ის დააწყნაროს. ქალი მას თავიდან იშორებს

 

ქალი: მე ახლა კარადიდან ტელფონებს ჩამოვიღებ!

მეზობელი: არ გირჩევთ, თქვენი ქმარი ამას მაშინვე იგრძნობს!

ქალი მიდის ფანჯარასთან და რაფაზე ჩამოჯდება. მეზობელი შემოსასვლელის კარისკენ მიემართება, იქიდან ქმარი გამოდის.

 

მეზობელი: შემიძლია წავიდე?

ქმარი:  კარს ვერ ვაღებ, საკეტი არ მემორჩილება!

მეზობელი: გემუდარებით, მითხარით რომ ხუმრობთ!

ქალი: (ქმარს) მართლა ამბობ?

ქმარი: ჰო!

ქალი: (მეზობელს) ახალგაზრდობაში, როცა ოპერმუშაკი იყო, ბინაში შეპარულ ქურდებს კარს ჩაუკეტავდა ხოლმე გარედან, საკეტს ბლოკავდა რაღაც თავისი მეთოდით. ქურდი საქმეს რომ მორჩებოდა და კარს ვერ გააღებდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავარდებოდა, თუ ფანჯრებზე ცხაური იყო!

მეზობელი: (ქმარს) მართლა ეგრე შვრებოდით?

ქმარი: ჰო.

მეზობელი: მერე ახლა რა მოგივიდათ?!

ქმარი: ეტყობა, მართლა დავბერდი, თან საკეტიცაა მოშლილი!

მეზობელი: მერედა, იცით, რატომ არის საკეტი მოშლილი?

ქმარი: რატომ?

მეზობელი: იმიტომ რომ თქვენი ცოლი ყოველთვის კარგავდა გასაღებს და ხელოსნებს დუბლიკატს ამზადებინებდა. მაგ დუბლიკატებმა გააფუჭეს ეგ საკეტი!

ქმარი: მეც ეგრე ვიფიქრე – ის გასაღებების დაკარგვის დიდოსტატია. ვინ იცის, ჩვენი ბინის გასაღებიც რამდენჯერ დაკარგა. ერთხელ კიდევ, ცრუ ორსულობა რომ ჰქონდა, ქალაქგარეთ ვიყავით, ტბაზე გავისეირნეთ და მაშინ მანქანის გასაღების დაკარგვაც მოახერხა. ამიტომაც იყო, რომ ჩემს ოპერმუშაკობის დროინდელ მოდერნიზებულ ჯაყვებს მუდამ თან ვატარებდი!

მეზობელი: დაკარგავდა გასაღებს და მერე სადარბაზოსთან ყურყუტებდა, სიგარეტს ეწეოდა ნერვიულად. პროფესორას ბიძაშვილი ვარო, ამბობდა!

ქმარი: საყვარლები ეგრე ამბობენ ხოლმე.

მეზობელი: ერთხელ, ამ ბინაში ვცხოვრობდით მაშინ, ოღონდ შემოსასვლელი კარი სხვა იყო, ჩემს ქმარს გასაღები გაუტყდა – გატეხილი ნაწილი საკეტში ჩარჩა. ჰოდა, ნასვამი იყო, ოსტატს არ დაელოდა და კარი შემოგლიჯა.

ქმარი: მე, სამწუხაროდ, ფხიზელი ვარ!

მეზობელი: ჩამომეცალეთ გზიდან, პოლკოვნიკო! (მეზობელი შემოსასვლელში გადის).

ქმარი: (ქალს) შენ ისევ იქ აპირებ აძრომას?

ქალი: (ფანჯრის რაფაზე დგება) არ მომოეკარო!

ქმარი: არც ვაპირებ. მალე წვიმა დაიწყება.

ქალი: (საყვარელს ქმარზე) არ უყვარს წვიმა.

საყვარელი: ვის რაში აინტერესებს, რა უყვარს და რა არა. შენ კიდევ გეყო მანდ დგომა, ჩამოდი!

ქალი: შენ მაინც დამანებე თავი!

საყვარელი: (მკაცრად) ჩამოდი-მეთქი!

ქმარი სკამზე ჯდება. შემოდის მეზობელი.

 

მეზობელი: მეც მინდა ფანჯიდან გადახტომა!

მეზობელს საყვარელი გვერდზე გაჰყავს.

მეზობელი: იცით, უბრალოდ არ შემეძლო თქვენთვის არ მეთქვა… ეს ეჭვზე უფრო მეტია!

საყვარელი: რა არის ეჭვზე მეტი?!

მეზობელი: თქვენი საყვარელი და მისი ქმარი მანიაკები არიან და რაღაც თავიანთ თამაშს თამაშობენ!

საყვარელი: ამით რისი თქმა გინდათ?!

მეზობელი: იმისი, რომ აშკარად შეთანხმებულად მოქმედებენ. ადვილი შესაძლებელია, რომ ქალს თქვენისთანა საყვარელი კიდევ ჰყავს ორი, სამი ან მეტი და მათთან ყოფნისას ქმარი ვითომ შეუსწრებს და მერე ასეთსავე სპექტაკლს მართავენ, ახლა აქ რომ წარმოადგენენ!

საყვარელი: კი მაგრამ, რატომ?!

მეზობელი: ეგეთი მანია აქვთ. ადრენალინის განსაკუთრებული სახეობის ამბავია!

საყვარელი: მერე როგორ არის, იმ სპექტაკლებში თქვენისთანა მეზობლებიც გამოჩნდებიან ხოლმე?!.. როგორც ვხედავ, ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივით!

მეზობელი: მე ვალი მოვიხადე ერისა და ღვთის წინაშე და საქმის კურსში ჩაგაყენეთ. აწი თქვენ თვითონ განსაჯეთ – დოცენტი ხართ, რაც არ უნდა იყოს. მოკლედ, იფიქრეთ და თუ კარგად დაუკვირდებით, არ გაგიჭირდებათ შენიშნოთ, თუ რა დონეზე არიან შეთამაშებულები!

ქმარი: (მეზობელს და საყვარელს) შეიძლება გავიგო, რას ჩურჩულებთ მანდ?!

ქალი: ჰო, მართლა, რაც ჩურჩულებთ მანდ?!

საყვარელი: არც არაფერს!

ქალი: (საყვარელს) სიგარეტი მომეცი, ოღონდ ახლოს არ მოხვიდე!

საყვარელი: აბა, ისე როგორ მოგცე?!

ქალი: ისროლე.

მეზობელი: (ქმარს) თქვენ რა, ამ სპექტაკლის ბოლომდე ასე აპირებთ ჯდომას?!

ქმარი: რა გინდათ, რომ ვქნა?!

მეზობელი: როგორ თუ რა, ძალაყინი მაინც იშოვეთ და იმით გააღეთ კარი!

ქმარი: კარგით ერთი, აქ სად უნდა ვიშოვო ძალაყინი?!

მეზობელი: კეთილი ინებეთ და ფეხზე ადექით, როცა მანდილოსანი გელაპარაკებათ!

ქმარი დგება.

 

მეზობელი: აღზრდა რომ არ მიშლიდეს, ერთი კარგი სილით გაგიმასპინძლდებოდით და იცით, რატომ?

ქმარი: რატომ?

მეზობელი: იმიტომ, რომ მე თქვენ ყველანი მძულხართ და სათითაოდ ისე მიგაწვენდით მაგ თქვენი პისტოლეტით, რომ თვალსაც არ დავახამხამებდი!

ქმარი შემოსასვლელში გადის. ისმის, როგორ ეწვალება საკეტს. გარეთ ელავს, ისმის გრუხუნი.

 

მეზობელი: (ქალს) ხედავთ, წვიმა დაიწყო, აწი მაინც ჩამოქვეითდით!

გრუხუნი მატულობს. ქალი ფარნჯრიდან ჩამოდის, საყვარელს სიგარეტს ართმევს, უკიდებს. დივანზე ჯდება, ეწევა. შემოდის ქმარი.

 

ქმარი: (მეზობელს) შეგიძლიათ წახვიდეთ.

მეზობელი: მართლა?! (წასვლას აპირებს) ჩემი სარეცხი და ბორში!

ქმარი: ან, იცით რა, ხუთიოდე წუთი კიდევ დაიცადეთ, თუ შეიძლება. მხოლოდ ხუთი წუთი და მერე ერთად გავიდეთ აქედან!

მეზობელი: რატომ არ შეიძლება ბოლოს და ბოლოს, რომ გამიშვათ?!

ქმარი: ხუთი წუთი!

მეზობელი: არა, ბატონო, უნდა წავიდე, ხუთ წუთში ჩემი სარეცხი ხელმეორედ იქნება გასარეცხი!

ქმარი: თქვენ თუ წახვალთ, მე შეიძლება ესენი დავხვრიტო. თქვენ იმისთვის მჭირდებით, რომ ეს არ გავაკეთო!

მეზობელი: ხუმრობთ?!

ქმარი: არა, არ ვხუმრობ!

მეზობელი: სკამი მომიტანეთ, თავს ცუდად ვგრძნობ!

ქმარს მეზობელთან სკამი მიაქვს, ის ჯდება.

 

ქმარი: გინდათ დაგინიავოთ?

მეზობელი: მითხარით რა, ბოლოს და ბოლოს, რომ წეღან, როცა ამათ დახოცვაზე ლაპარაკობდით, უბრალოდ, უხეშად გაიხუმრეთ, თორემ ავდგები და წავალ!.. თან უკვე, მგონი, მართლა მტკივა გული – არ გეგონოთ ვსიმულიანტობდე!

ქმარი: რა მეხუმრება, თუ ღმერთი გწამთ!

მეზობელი: იცით, ჩემი ბიჭი დეტექტივებს კითხულობდა, პირდაპირ ნთქავდა. შეეძლო დილამდე ეკითხა და მერე ინსტიტუტში წასულიყო, ყველა ლექცია ჩაეკონსპექტებინა, დაბრუნებულიყო და ისევ ეკითხა გათენებამდე. ზოგჯერ თავი ასტკივდებოდა ბევრი კითხვისგან. თქვენც ეგრე გემართებოდათ?

ქმარი: მე რატომ?

მეზობელი: დეტექტივების კითხვისგან.

ქმარი: მე დეტექტივებს არ ვკითხულობდი.

მეზობელი: უი, ხო, მართლა, სულ მთლად გავუტიე მე საწყალმა – დეტექტივების კითხვა თქვენ რაში გენდომებოდათ, როცა თავად იყავით დექტექტივი.

ქმარი: ისე კი, დაჭრის შემდეგ თავი მართლა მტკივა ხოლმე.

მეზობელი: არ მიყვარს დაჭრები, სისხლი და უბედურება, მაგრამ მაინც ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ დაგჭრეს!

ქმარი: ჩვეულებრივად დამჭრეს!

ქალი: მე მოგიყვებით. იმას, ვინც პოლკოვნიკი დაჭრა, შეეძლო, რა თქმა უნდა, პირველივე გასროლით საიქიოს გაესტუმრებინა, მაგრამ უნდოდა, რომ გაეწვალებინა. ჰოდა, ამიტომაც ჯერ ფეხში მოარტყა, რომ მოსახვევამდე მირბენა არ შეძლებოდა, რომლის იქითაც მისი მანქანა იდგა – იმ მანქანაში კი მე ვიჯექი და კიდევ სათადარიგო მჭიდი იდო. მე მანქანის რადიოს ვუსმენდი და არც კი ვიცოდი, რომ ჩემგან ას მეტრში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. მოკლედ, იმას, ვინც ეს მუხლში დაჭრა, უნდოდა მსხვერპლისთვის თვალებში ჩაეხედა და მხოლოდ ამის შემდეგ მოეკლა, გაიგეთ?

მეზობელი: როგორც კინოებშია, არა?!

ქალი: ჰო, სწორედ ეგრე!..

მეზობელი: (საყვარელს) ცუდია, რომ ტელევიზორში კინოებს არ უყურებთ.

საყვარელი: მოგცლიათ ერთი!

მეზობელი: ახლა აქ რომ ხდება, ისიც კარგი საკინოვე მასალაა.

საყვარელი: გაანებეთ ამ კინოებს თავი და წიგნები იკითხეთ.

მეზობელი: გამომიჩნდა აქ ჭკუის დამრიგებელი! (ქალს) განაგრძეთ, გეთაყვა.

ქალი: მოკლედ, თეატრიდან მოვდიოდით, ამას, ანუ პოლკოვნიკზე ვამბობ, უცებ მოეფსა – სახლამდე ვერ მოვითმენო. იქვე კაფეც იყო და მაღაზიაც, მაგრამ ამან მაინცდამაინც პარკის ტუალეტში მოინდომა დაცლა. მეც მინდოდა, მაგრამ იმ სიცივეში დამეზარა, შინ მისვლამდე მოვითმენ–მეთქი. ეს წავიდა. კიდევ კარგი, მოფსა და უკან გზაზე გადაეყარა იმ ბანდიტს, რომელიც თავის დროზე ორჯერ გააგზავნა ციხეში. მესამედ ის რეციდივისტი უკვე სხვა პოლიციელმა დაიჭირა და ჩასვა, მაგრამ იმან ციხიდან გაქცევა მოახერხა და ძებნაში იყო. ამან მაშინვე იცნო იმ სიბნელეში. ეს მარტო იყო, ისინი – სამნი. დაიწყო სროლები. ამან ორი მაშინვე ჩამოიშორა, მაგრამ ტყვიები გაუთავდა. მე კიდევ, როგორც მოგახსენეთ, მანქანის რადიოში თეატრალურ კრიტიკოსს ვუსმენდი – ჩვენ რომ სპექტაკლიდან მოვდიოდით, სწორედ იმას განიხილავდა!

მეზობელი: მოიცათ, ჩამოიშორა რას ნიშნავს, მოკლა?!

ქალი: ლიკვიდირებას ეძახიან ამ ამბავს ესენი თავიანთ ენაზე!

მეზობელი: უი, ცუდადა ვარ!.. თუმცა, ისინი ხომ ბანდიტები იყვნენ?!

ქალი: კი, ბანდიტები იყვნენ!

მეზობელი: ბანდიტები თუ იყვნენ, ლიკვიდაცია არ აწყენდათ, მაგრამ მაინც მეცოდებიან!

ქალი:  მოკლედ, ის რეცედევისტი რომ თავზე დაადგა, თვალებში ჩახედა და პისტოლეტი შემართა, ამ დროს ესროლეს კიდეც თვითონ მას – საპატრულო ჯგუფი შეესწრო შემთხვევით ამ ამბავს!

მეზობელი: ღმერთო ჩემო!.. ჩემი შვილიც მომენატრა. ოღონდ, ის უკვე დეტექტივებს აღარ კითხულობს, როგორც ჩემმა რძალმა მითხრა!

საყვარელი სიგარეტს ამოიღებს, ეწევა. ქმარი უყურებს.

საყვარელი: (ქმარს) რაღაც უნდა გეთქვათ, არა?!

ქალი მიდის საყვარელთან, უნდა ხელიდან სიგარეტი გამოგლიჯოს, მაგრამ საყვარელი არ თმობს. მათ შორის ნამდვილი ორთაბრძოლა გაიმართება.

მეზობელი: (ქმარს, რომ მისი ყურადღება საკუთარ თავზე გადაიტანოს) ერთ დროს მეც ვეწეოდი სიგარეტს!

ქმარი: მართლა?

მეზობელი: ჰო, მართლა. მაშინ მე და ჩემი ქმარი შეყვარებულები ვიყავით. უფრო სწორად, ჩემს მომავალ ქმარს ჩემი თავი ჩემი წინა შეყვარებულისთვის ახალი წართმეული ჰქონდა!

ქმარი: მართლა?

მეზობელი: ჰო, მართლა. ჩემმა ქმარმა კარგა გვარიანად იბრძოლა, რათა ჩემი თავი ჩემი შეყვარებულისთვის წაერთმია… იცით, რას გეტყვით?!

ქმარი: რა უნდა მითხრათ?

მეზობელი: როგორც ჩემი ქმარი იტყოდა, ყველაფერს დაფიქრება და გაანალიზება უნდა. აი, მაგალითად, რამდენადაც მესმის, მაშინ, როცა თქვენ ვაზნები გამოგელიათ მჭიდში თუ პისტოლეტში… ეს ხომ ერთი და იგივეა?

ქმარი: კი.

მეზობელი: ესე იგი, მაშინ ცარიელი მჭიდით თუ პისტოლეტით კი დარჩით, მაგრამ ცოცხალიც დარჩით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასწაულმა გიხსნათ.

ქმარი: ჰო, შეიძლება ასეც ითქვას.

მეზობელი: თუ ასეა და, თუ მაშინ თქვენ ასპროცენტიანი სიკვდილისგან სასწაულმა გიხსნათ, რატომ გინდათ ახლა სხვები მოკლათ?!

ქმარი: შეგახსენებთ, რომ თქვენ თვითონ, არც ისე დიდი ხნის წინათ, ყველა ჩვენგანის დახოცვას აპირებდით ჩემი პისტოლეტიდან!

მეზობელი: ეს ისე, ცხელ გულზე წამომცდა!

ქმარი: მეც ცხელ გულზე ვარ. ისე, როგორც ჩემი ცოლი, ჩემს დარჩენილ ცხოვრებაში უკვე ვერავინ დამიძახებს ვერც „ჟოფრეის“, ვერც „მამილოს“ და ვერც „შერლოკ ჰოლმს ორს“.

მეზობელი: ხუთი წუთი უკვე გავიდა, თქვენ კიდევ პოლკოვნიკის სიტყვა მომეცით, რომ გამიშვებდით.

ქმარი: პოლკოვნიკის სიტყვა არ მომიცია, მაგრამ მალე გაგიშვებთ.

მეზობელი: ჰოდა, ძალიანაც კარგი. მეც გამიშვით და ესენიც.

ქმარი: ადამიანის დაყოლიების განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ!

მეზობელი: მოგცლიათ ერთი!

ქალი საყვარელს თითქმის ბოლომდე მოწეულ სიგარეტის ნამწვს ართმევს და ფანჯარაში მოისვრის. ამ დროს ისმის გრუხუნიც და ელავს.

ქმარი: (საყვარელს) აი, ხომ ხედავთ, ბუნებასაც კი გაუხარდა, რომ თქვენ სიგარეტი დათმეთ. ცოტაც და გესროდით.

საყვარელი: შეგიძლიათ ისედაც მესროლოთ, უსიგარეტოდ!

მეზობელი: გეყოთ, ბიჭებო!

საყვარელი სააბაზანოსკენ მიდის.

ქალი: სად მიდიხარ?

საყვარელი: სადაც მეფენიც თავისი ფეხით დაიარებიან!

ქალი: სიგარეტი დამიტოვე!

საყვარელი: არ დაგიტოვებ – ისედაც ბევრი მოსწიე!

ქალი: დამიტოვე-მეთქი!

საყვარელი ქალს სიგარეტს უტოვებს, თვითონ სააბაზანოში შედის. ქალი ფანჯარასთან მიდის, ეწევა.

მეზობელი: (ქალს) მეხმა არ დაგკრათ, გამოდით!

ქალი: რატომ, მეხმაც მოკლა ამ კორპუსში ვინმე ფანჯარასთან მდგომი?

მეზობელი: არა, მაგრამ მაინც გამოდით!

ქალი: ნუ წუხხართ, მეხი არ მეკარება!

მეზობელი: (ქმარს) ყავა ხომ არ გინდათ – შემიძლია მოგიდუღოთ აქვე, სამზარეულოში. ან, თუნდაც ჩემთან, სახლში.

ქმარი: ჩემი მეტოქე ყავას სვამს?!

მეზობელი: არ ვიცი. თქვენ ხომ სვამთ?

ქმარი: მე – არა. წინათ ვსვამდი, ახლა უკვე აღარ. როცა დამჭრეს და როცა ის, ვინც დამჭრა, ჩემთან მოვიდა, თვალებში ჩამხედა და თავში დამიმიზნა, იქ რაღაც გადამიტრიალდა. უფრო სწორად, ერთ წამში მთელი ჩემი ცხოვრება თვალწინ დამიდგა. ჰოდა, ის ერთი წამი რომ ჩამთავრდა, ტვინის რომელიღაც კარი, ფანჯრები და სარკმლები დაიკეტა, სხვები, ჩემთვის არასასურველები კი გაიღო. მას შემდეგ სიგარეტის კვამლსაც ვერ ვიტან, წინათ კი ზოგჯერ თვითონაც ვეწეოდი… მოკლედ, სხვა კაცი ვარ და ამ სხვა კაცს ზოგჯერ მეც ვერ ვცნობ!

სააბაზანოდან ისმის ჩარეცხვის ხმა. იქიდან საყვარელი გამოდის, ქალთან მიდის.

ქმარი: შიშის გამო კი არ გადამიტრიალდა ტვინი – უბრალოდ, რომელიღაც კარი, ფანჯრები და სარკმლები ჩაიკეტნენ და სხვები გაიღნენ.

მეზობელი: მესმის.

ქმარი: ის ჩაკეტილი კარი და ფანჯრები აწი აღარასოდეს გაიღება, აი, ამაშია საქმე!.. წინათ წვიმაც მიყვარდა, ახლა კი უკვე აღარ მიყვარს. ჩემი პირველი ცოლი რომ გავიცანი, მაშინაც წვიმდა!

მეზობელი: წვიმა კარგია, ჰაერს დაწმინდავს ხოლმე!

ქმარი: მას შემდეგ, რაც ჩემი მეორე ცოლი შევირთე, ყველაზე სანდო ქმარი ვიყავი დედამიწის ზურგზე. თუ პირველ ცოლს პირველივე შესაძლებლობაზე ვღალატობდი, ამ ქალბატონის შემდეგ ერთხელაც არ გამიხედია განზე.

მეზობელი: არც ისე ძალიან მიყვარს ბორში. საუკუნეა არ მომნდომებია, დღეს კი რატომღაც მომესურვილა. უფრო მომზადება მომინდა, ვიდრე მირთმევა. ასეც მემართება ხოლმე!

ქმარი ფანჯარასთან მიდის, გარეთ იყურება.

ქალი: (ქმარს) მგონი, შენი ძაღლი დამესიზმრა.

ქმარი: (ერთი წამით მოიხედავს ქალისკენ, შემდეგ ისევ გარეთ იყურება) ჩემი ძაღლი?

ქალი: ჰო, ჯულბარსი, ბაბუაშენის მონადირე მეზობელმა რომ მოგიკლა.

ქმარი: მართლა?

ქალი: ჰო. (საყვარელს), აბა, ჰე, წავიდეთ!

საყვარელი: სად უნდა წავიდეთ?

ქალი: ადექი, რომ გეუბნებიან!

საყვარელი დგება. ქალი საყვარელს ძალით მიათრევს შემოსასვლელისკენ. დგება მეზობელი და ისიც იქითკენ მიდის. ტელევიზორში ცარიელი შემოსასვლელი ჩანს.

ქმარი: (ბრძანების კილოთი) სდექ!

ქალი და საყვარელი ჩერდებიან. შეშინებული მეზობელი თავის წეღანდელ ადგილს უბრუნდება.

ქმარი: თუ წასვლა გინდოდათ, მაშინ უნდა წასულიყავით, როცა ფანჯარაში ვიყურებოდი, ახლა უკვე გვიანაა!

ქალი საყვარელს თავისი სხეულით გადაეფარება (ტელევიზორში ისევ ცარიელი შემოსასვლელი ჩანს).

ქალი: თუ ამის მოკვლა გინდა, მაშინ მეც მომკალი – სულ ერთია, მის გარეშე მაინც ვერ ვიცოცხლებ!

მეზობელი: (ფეხზე წამოხტება) არ გინდათ – თორემ ცუდად გავხდები!

ქმარი: (ქალს და საყვარელს) დასხედით!

მეზობელი: (ქალს და საყვარელს) დასხედით რომ გეუბნებიან, პოლკოვნიკი მჯდომარე ხალხს არ ესვრის, იმიტომ, რომ ის პოლკოვნიკია!

ქალი საყვარელთან ერთად დივანისკენ იქაჩება, მაგრამ ის არ მიყვება.

მეზობელი: (საყვარელს) დაჯექით, თორემ ვიყვირებ, ან უფრო უარესი, უკანასკნელ ხმაზე ვიკივლებ!

საყვარელი ისევ ჯიუტობს. მეზობელი დაბალ ხმაზე კივის.

ქმარი პისტოლეტს ამოიღებს. მეზობელი ჩუმდება. ქალი საყვარელს, როგორმე რომ დაიმორჩილოს, სილას გააწნავს, შემდეგ მიჰყავს დივანამდე და ორივენი სხდებიან.

ქმარი: (მეზობელს) თუ წინააღმდეგი არ იქნებით, წავიდეთ!

მეზობელი ჩუმადაავერ გადაუწყვეტია, წავიდეს თუ არა პისტოლეტმომარჯვებულ ქმართან ერთად.

ქმარი: (ქალს) როგორც გინდათ, მე კი წავედი.

პისტოლეტს ჯიბეში იდებს, მიდის შემოსასვლელისკენ. დგება მეზობელი, ისიც იქით მიემართება. კართან ქმარი შედგება, უნდა რომ გზა დაუთმოს მეზობელს.

მეზობელი: მხოლოდ თქვენს შემდეგ!

ქმარი: ეს მე უნდა მეთქვა.

მეზობელი: კატეგორიულად მხოლოდ თქვენს შემდეგ.

ქმარი: თქვენ რა, გეშინიათ, რომ შეიძლება ზურგში გესროლოთ?

მეზობელი: არა.  უბრალოდ, ვიფიქრე, რომ ჩემი გარეთ გატყუება გინდათ, რომ მერე იქ დამტოვოთ, თქვენ კი ამათთან თქვენი პისტოლეტით მარტო დარჩეთ!

ქმარი: კარგით ერთი, ეგ რომ მდომოდა, ხუთი წუთის წინ გაგიშვებდით და დავრჩებოდი ამათთან მარტო!

მეზობელი: ეგეც მართალია!

მეზობელი გადის. ტელევიზორში ჩანს, როგორ ელოდება ის ქმარს შემოსასვლელში

ქმარი: (საყვარელს) ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ოდესღაც ტელევიზორში მინახიხართ!

საყვარელი: ამ წელიწადნახევრის წინ ცენტრალური ტელევიზიით სიუჟეტი იყო ჩვენს მოფარიკავეთა კლუბზე და კადრში, მგონი, ყველაზე დიდხანს ვჩანდი.

ქმარი: ალბათ იმიტომ, რომ სხვებზე უფრო ფოტოგენური იყავით, მე კიდევ ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს. ეს ამბავი დედაქალაქში თქვენს გადამოსახლებამდე იყო?

საყვარელი: დიახ.

ქმარი: ყოჩაღი ჩანხართ, ხეირიანად ჩამოსულიც არ იყავით დედაქალაქში, რომ უკვე აქაური საყვარელი გაიჩინეთ!

ქმარი გადის. ტელევიზორში ჩანს, როგორ გადიან ის და მეზობელი ბინიდან, ისმის შემოსასვლელი კარის გაჯახუნების ხმაც. ქალი და საყვარელი დივანზე სხედან.

ქალი: სიგარეტი მომეცი.

საყვარელი: ბევრი ხომ არ იქნება?!

ქალი: მომეცი, თორემ მაღაზიაში წავალ.

საყვარელი: არსადაც არ წახვალ.

ქალი: წავალ, ვიყიდი სიგარტს და მოვალ იმის დასამტკიცებლად, რომ მაღაზიაში მართლა შემიძლია წავიდე სიგარეტის საყიდლად!

საყვარელი ჯიბიდან სიგარეტს იღებს, უკიდებს და ქალს უწვდის.

ქალი: წყალი მომიტანე, თუ შეიძლება და ეს ფორთოხლები მოაშორე აქედან – თუ გინდა ფანჯარაში გადაყარე!

საყვარელი დგება, მაგიდიდან ჭიქას იღებს და სამზარეულოში გადის. ტელევიზორი ცარიელი შემოსასვლელიდან სამზარეულოზე გადაერთვება – საყვარელი ჭიქას ავსებს. ეკრანზე ისევ სცენა გამოჩნდება. ქალი ერთი ღრმა ნაფაზის შემდეგ სიგარეტს აქრობს. შემოდის საყვარელი, ჭიქას ქალს უწვდის, მაგიდას და გადაბრუნებულ სკამებს წამოაყენებს და ფორთოხლების აგროვებას იწყებს.

ქალი: გაანებე მაგათ თავი, ჩემთან მოდი და მაკოცე!

საყვარელი ქალთან მიდის, ჯერ ხელზე კოცნის, შემდეგ კი ტუჩებში.

ქალი: წავიდეთ აქედან შორს, ძალიან შორს!

საყვარელი: ჰო, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გაექცევი!

ქალი: გეყოფა ფილოსოფოსობა!.. წვიმა კი ისევ ისეთია – უგულო, თითქოს ვიღაცამ აიძულა რომ წამოსულიყო. მე კი მინდა, რომ კოკისპირულად წვიმდეს!

საყვარელი: (აპირებს ფანჯარასთან მივიდეს, მაგრამ აღარ უშვებს)  წვიმამ იმატა, ფანჯარა უნდა დავკეტო, თორემ პარკეტი სველდება! (ცალი ხელით თავისთვის სიგარეტს იღებს და უკიდებს).

ქალი: ახლავე წავიდეთ. ავდგეთ და წავიდეთ!

პაუზა.

ქალი: რატომ არაფერს ამბობ?!

საყვარელი ისევ მდუმარედ ეწევა.

ქალი: ისევ ჩუმადა ხარ, არა?!

საყვარელი: დაწყნარდი, გთხოვ!

ქალი: ის რა, მართლა წავიდა?!

საყვარელი: არ ვიცი!

ქალი: ეტყობა, მართლა წავიდა!… წადი, კარი ჩაკეტე!

შემოსასვლელის კარიდან მეზობლის თავი გამოჩნდება.

მეზობელი: მარტო ხართ?.. (შემოდის) შემოსასვლელი კარი რატომ არ ჩაკეტეთ?

ქალი: თქვენი ბორში როგორაა?

მეზობელი: შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ სწორედ რომ დროზე მივუსწარი. წუთიც რომ დამეგვიანებინა, წყალი ამოშრებოდა და ქვაბი მიიწვავდა.

ქალი: რატომ არ უნდა დავიჯეროთ – გვჯერა.

მეზობელი: (მოულოდნელად შესძახებს) უი, დედა, ეს რა დამავიწყდა!

ქალი: სარეცხი, არა?

მეზობელი: თქვენ საიდან იცით?

ქალი: მივხვდი. ჩემი ქმარივით ფიქრების წაკითხვა დავიწყე… ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ისე კი, სიმართლე რომ ითქვას, ხშირად მეჩვენებოდა, რომ ის ჩემს ფიქრებს კითხულობდა. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ თურმე სულაც არ მეჩვენებოდა – სინამდვილეში, მართლა ასე ყოფილა. ცოდვა გამხელილი ჯობია და, მეგონა, რომ სარეცხთან დაკავშირებით მოიტყუეთ!

მეზობელი: რატომაა, რომ სულ იმის ცდაში ხართ, როგორმე შეურაცხყოფა მომაყენოთ?!

ქალი: გული მტკივაო, რომ თქვით, მაშინ ხომ მოიტყუეთ?!

მეზობელი: თქვენ, გენაცვალეთ, პისტოლეტს შეჩვეული ბრძანდებით, ერთი მე მკითხეთ, როგორ შემეშინდა იარაღიანი კაცის დანახვაზე – მართლა ამტკივდა გული!.. წავალ, სარეცხს ჩამოვიღებ… თუმცა, უკვე საშური არაფერია, მაინც ხელმეორედ მომიწევს მათი მანქანაში შეყრა.

ქალი: პოლკოვნიკი მართლა წავიდა?!

მეზობელი: ასე თქვა, ფეხით ჩავუყვები კიბეებსო და წასვლის წინ ხელზე მაკოცა.

ქალი: ეგეთები არ შეეშლება, გალანტური კაცია – გირჩევთ, ცოლად გაჰყვეთ. ისიც, თქვენი არ იყოს, ბორშს არც ისე სწყალობს, როიალზეც უკრავს – მათემატიკოსმა მამიდამ ასწავლა და, ლუდსაც შეგაჩვევთ. მეც შემაჩვია. კიდევ შეუძლია, თქვენდამი სიყვარულის დასტურად თქვენთან ერთად რამე სერიალს უყუროს ტელევიზორში და ფეხბურთზე მხოლოდ რეკლამების დროს გადართოს. ბოლოს კი თქვენს გასახარად გითხრათ, რომ `სავსებით ცხოვრებისეული ფილმი~ იყო. `სავსებით ცხოვრებისეული~ – მისი უმაღლესი შეფასებაა ფილმებისა და წიგნების მიმართაც.

მეზობელი: კარგით ერთი, რას ამბობთ, მე ხომ მასზე თუ ხუთით არა, ოთხი წლით უფროსი მაინც ვიქნები!

ქალი: მერე რა. თქვენ ხომ თქვენს ასაკზე გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებით, ის კი პირიქით – იმაზე ხუთი წლით მეტს მაინც აძლევენ, ვიდრე სინამდვილეშია. ნერვების დასაწყვეტი სამსახური ჰქონდა და იმის ბრალია.

მეზობელი: იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ის შეიძლება დაბრუნდეს.

ქალი: ჰოდა, ძალიანაც კარგი – დაბრუნდება და ცოლად გაჰყვებით.

მეზობელი: მე არ ვხუმრობ!

ქალი: არ დაბრუნდება. ის სამუდამოდ წავიდა – ჩემგან წავიდა, ჩვენი საერთო ცხოვრებიდან წავიდა!

ქალი დგება, კარადასთან სკამი მიაქვს და იქიდან ტელეფონები ჩამოაქვს. ელეფონებს რთავს, ერთს საყვარელს აწოდებს.

მეზობელი: კარგით, მეც წავედი.

უცებ ის ტელეფონი რეკავს, რომელიც საყვარელს უჭირავს.

საყვარელი: (ქალს) ეს შენი ტელეფონია, შეცდომით მე მომეცი.

ქალი: ვინ რეკავს?

საყვარელი: უცხო ნომერია.

ქალი: ეს ის არის.

ქალს უნდა თავისი ტელეფონი საერთოდ გამორთოს, მაგრამ ბოლოს უპასუხებს.

ქალი: (ტელეფონში) ალო!.. დიახ, ეს მე ვარ!.. გმადლობთ!.. ნახვამდის! (მობილურს დივანზე მიაგდებს) საწერი მაგიდა იყო.

მეზობელი: როგორ თუ საწერი მაგიდა იყო?!

ქალი: დიდი საწერი მაგიდა შევუკვეთე. მითხრეს, რომ უკვე მზადაა!

საყვარელი: მე ხომ აგიკრძალე ამის გაკეთება?!

ქალი: ამიკრძალე, მაგრამ მაინც შევუკვეთე. მინდოდა შენთან ერთად აქედან წავსულიყავი შორს, ძალიან შორს, მაგრამ მაინც შევუკვეთე. მიყვარს, როცა სახლში ოჯახური სითბო და სიმყუდროვე სუფევს. აბა, რა სიმყუდროვე უნდა იყოს უტელევიზოროდ და საწერი მაგიდის გარეშე, რომელთანაც შენთვის ძვირფასი ადამიანი იჯდება და თავის საყვარელ საქმეს გააკეთებს?!

მეზობელი: ჩემთან წავიდეთ, თორემ წეღანდებურად ისევ მგონია, რომ პოლკოვნიკი შეიძლება დაბრუნდეს.

ქალი: ასე იმიტომ გგონიათ, რომ გინდათ ასე იყოს. აღიარეთ, რომ მოგეწონათ!

მეზობელი: გეყოთ ბოლოს და ბოლოს, მე სერიოზულად ვამბობ!

ქალი: იმან შეიძლება სხვა ნებისმიერი რამე გააკეთოს, თუნდაც თავი მოიკლას, მაგრამ ჩემთან და აქ უკვე აღარასოდეს დაბრუნდება!

მეზობელი: რა თქვით _ თავი მოიკლას?!

ქალი ფეხზე წამოხტება, თავზე შემოიკრავს ხელს.

ქალი: ღმერთო ჩემო! (რეკავს თავისი ტელეფონიდან) არ იღებს!.. აიღე, პოლკოვნიკო, გთხოვ! (მეორედ რეკავს) აიღე, რომ გეუბნები!

მეზობელი: შეიძლება ქუჩაშია და მანქანების ხმაურში ზარის ხმა არ ესმის.

ქალი: შეუძლებელია, რომ ის ქუჩაში გავიდეს და ტელეფონი გულის ჯიბეში არ ჩაიდოს, რომ მისი ზარის ხმა უკეთ გაიგონოს. ეს მას რეფლექსად აქვს ქცეული! (რეკავს მესამედ, მაგრამ ისევ უშედეგოდ) (საყვარელს) შენი ტელეფონი მომეცი.

საყვარელი ქალს თავის ტელეფონს აძლევს.

საყვარელი: მას ჩემი ნომერი აუცილებლად ეცოდინება!

ქალი: გაჩუმდი! (რეკავს – ნერვიულობს, ადგილს ვერ პოულობს) ისევ არ პასუხობს!

მეზობელი: წერილი რომ გაუგზავნოთ? ყველაფერი თავიდან დავიწყოთ-თქო – იცრუეთ, ერთი სიტყვით, იმან რომ თავს არაფერი დამართოს, იმიტომ.

ქალი: მესიჯებს ვერ კითხულობს, ყველაფერი ისწავლა იმ თავის ახალ ტელეფონზე წერილის გახსნის გარდა!.. ღმერთო, რა ვქნა, რომ მან თავი არ მოიკლას?!

მეზობელი: ჩემი მობილურიდან ხომ არ დაგვერეკა – წავალ და ახლავე მოვიტან.

ქალი: აზრი არა აქვს. აქედან რომ გავიდა, ფანაჯარასთან რატომ არ მივედი, რომ მენახა, რომელ მხარეს წავიდა?!

მეზობელი: რომ გენახათ, უკან გაეკიდებოდით?

ქალი: აბა სხვა რა უნდა მექნა – ხომ უნდა გადავარჩინო თავის მოკვლას ადამიანი?! (ბოლთას სცემს).

მეზობელი: ჩაის დალევა მომინდა და ჩაიდანი შემოვდგი ქურაზე. ახლა, ალბათ, მთელი ძალით სტვენს. წავალ, გამოვრთავ და დავბრუნდები.

ქალი: მიდით.

მეზობელი გადის. ქალი ფანჯარასთან მიდისგარეთ, ქუჩაში იყურება.

საყვარელი: ძალიან საზიზღრად კი გამოვიდა ყველაფერი!

ქალი: აბა, შენ როგორ გინდოდა, ლანგრით მოერთმიათ საყვარელი ქალი, არა?!

საყვარელი: ვიცი, საყვარელი ქალისთვის მთელს ქვეყნიერებას ომი უნდა გაუმართო, შენს უკან ხიდებიც უნდა დაწვა დაუფიქრებლად, მაგრამ მაინც არადამიანურად გამოვიდა ყველაფერი, ძალიან სულმდაბლურად!

ქალი: გეყო წუწუნი!

საყვარელი: შენ ქალი ხარ, სიყვარულისთვის და ცდუნებისთვის შექმნილი არსება. თავის გასამართლებელი მიზეზიც გაქვს – ოცდახუთი წლით უფროსი ქმარი გყავდა. მე კიდევ სულმდაბალი გამოვდექი!

ქალი: სულმდაბლობა შენი ახლანდელი საქციელი უფროა – ნუ წუწუნებ, ბოლოს და ბოლოს!.. დღევანდელი დღე ჩვენი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოცდა იყო და ჩვენ ის ვერ ჩავაბარეთ… უფრო სწორად, შენ ვერ ჩააბარე! (უცებ დგება, იღებს ხელჩანთას და ჩქარი ნაბიჯებით მიემართება შემოსასვლელისკენ).

საყვარელი: სად მიდიხარ?

ქალი: სადაც არ უნდა წავიდე, თუ გიყვარვარ,  მომძებნი და დამიბრუნებ!

საყვარელი: ეგ რას ნიშნავს?!

ქალი: ესეც თავისებური გამოცდაა!

შემოდის აღელვებული მეზობელი.

მეზობელი: ის იქ არის!

ქალი: პოლკოვნიკი?

მეზობელი: ქვედა სართულზე, ბეტონის იატაკზე ზის და არაფერს ამბობს. ჩემს სიძესავითაა, დის ქმარივით, როცა თეთრი ციება ემართება და ეჩვენება, რომ პიანინოს თავიდან თვალი ჩაუკრა ბრინჯაოს პეგასმა, ჩემს გაწამებულ დაიკოს რომ ვაჩუქე დაბადების დღეზე!

ქალი: ღმერთო ჩემო!

მეზობელი: სახლში რომ მივედი, იქ ყველაფერი სწრაფად მოვაგვარე, ჩაიდანი გადავდგი, ავიღე ჩემი ტელეფონი და აქეთ წამოვედი – სარეცხის ჩამოხსნა ისევ დამავიწყდა და ბინიდან გამოსვლისას გამახსენდა, მაგრამ უკან უკვე აღარ მივბრუნებულვარ. ამ ბინის კარს რომ მოვუახლოვდი, ქვედა სართულიდან ტელეფონის ზარის ხმა მომესმა. ეგრევე გულმა ცუდი მიგრძნო, ჩავედი და ის ვნახე. ხელში ტელეფონი ეჭირა და ერთ წერტილს მიშტერებოდა. ხომ კარგადა ხართ-მეთქი, იმან გამორთული ტელეფონი ყურთან მიიდო და მიპასუხა, ჰო, ძვირფასო, კარგადა ვარო. მერე კიდევ ვკითხე, დახმარება ხომ არ გინდათ, რომ თქვენს ცოლთან დაგარეკინოთ-მეთქი. იმან ისევ ტელეფონი მიიდო ყურთან – მე შენთან უკვე აღარასოდეს დავრეკავ და არც შენს ზარებს ვუპასუხებ, ძვიფასოო, თქვა. წყალი ხომ არ მოგიტანოთ-მეთქი, რომ ვკითხე, აი, მაშინ დამყაბულდა მარტო, ოღონდ ისევ იმ თავის ტელეფონში თქვა, დიახ, ძვირფასო, თუ მომიტან, ძალიან დამავალებ, უფრო სწორად, სხვა ვინმეს გამოატანე, თუნდაც მეზობელსო, ჩემზე ბრძანა. მოკლედ, ამ შემთხვევაშიც ვითომ თქვენ გელაპარაკებოდათ!

ქალი: ღმერთო ჩემო!

მეზობელი: მანაც მომიტანა წყალი… მითხარით, მასაც, როგორც ჩემს სიძეს, გადაბმულად ლოთობის პერიოდები ჰქონდა?

ქალი: არა, დაჭრის შემდეგ საერთოდ არ სვამდა. (რეკავს თავისი ტელეფონიდან).

მეზობელი: მას ურეკავთ?

ქალი: გაჩუმდით ბოლოს და ბოლოს!

მეზობელი: მავრმა თავისი საქმე გააკეთა და აწი შეუძლია მიბრძანდეს – გაიგეს ჩემგან ყველაფერი რა და როგორ იყო და უკვე აღარა ვარ საჭირო! (ნაწყენი მეზობელი წასვლას აპირებს).

ქალი: თქვენი ფორთოხლები აკრიფეთ.

მეზობელი: იცით რა, ხელშეკრულებას ვაუქმებ – ბინა დამიცალეთ!

ქალი: დაგიცლით. ჩვენ მაინც სხვაგან ვაპირებდით გადასვლას!

მეზობელი: ძალიან კარგი!.. ესენი აქ იყოს და თქვენი ფორთოხლები მომეცით!

ქალი: რატომ ვითომ?

მეზობელი: იმიტომ, რომ თქვენები სუფთებია, ესენი კი მე თქვენს გამო დამიცვივდა იატაკზე!

ქალი: ისევ არ პასუხობს!

მეზობელი: ჩემი ტელეფონიდან დარეკეთ!

ქალი: ბარემ პირდაპირ მთხოვეთ მისი ტელეფონის ნომერი, რომ ხვალ-ზეგ გადაურეკოთ და შეხვედრა სთხოვოთ!

მეზობელი: თქვენისთანა კი არა ვარ!

ქალი: (საყვარელს) წავალ და დაველაპარაკები.

საყვარელი: მეც შენთან ერთად წამოვალ.

ქალი: შენმა გამოჩენამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს – აქ დარჩი. (კოცნის) პირობას გაძლევ, რომ მალე დავბრუნდები. (მეზობელს) აქ იყავით და თუ თქვენმა მდგმურმა ჩემი დადევნება მოინდომა, არ გაუშვათ!

მეზობელი: მე სახლში მივდივარ!

ქალი: ძალიან გთხოვთ, ახლა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარება! (მეზობლის დუმილი თანხმობას ნიშნავს). აბა, წავედი!

მეზობელი: თუ რამე, ტელეფონზე დარეკეთ.

ქალი: (საყვარელს) თუ რამე, მე შენ დაგირეკავ.

მეზობელი: (ქალს) წყალი წაუღეთ პოლკოვნიკს!

ქალი: სისულელეს ნუ ლაპარაკობთ!

ხელჩანთას დივანზე აგდებს და მიდის. საყვარელი სიგარეტს უკიდებს, ეწევა.

მეზობელი: ფორთოხლების აკრეფაში მომეხმარეთ, თუ შეიძლება!

საყვარელი: მოაწყინეთ უკვე ყველას თავი მაგ თქვენი ფორთოხლებით!

მეზობელი: ნუ უხეშობთ, უბრალოდ მინდოდა რამით დამეკავებინეთ, რომ დამშვიდებულიყავით და წასვლაზე აღარ გეფიქრათ!

საყვარელი: მაპატიეთ, თუ შეიძლება! (მეზობელს ხელზე კოცნის). ახლა კი წავალ!

მეზობელი: არსადაც არ წახვალთ! (გზას უღობავს) არ გაგიშვებთ. თუ საჭირო იქნება, თქვენი საყვარელი დაგირეკავთ!

საყვარელი: გამიშვით! (ისევ კოცნის მეზობელს ხელზე).

მეზობელი: ახლა რომ დავფიქრდი, მართლა დიდი ხანი გასულა, რაც ჩემთვის ხელზე არ უკოცნიათ… პოლკოვნიკმაც მაკოცა!

საყვარელი: ახლა კი გამიშვით, ლამაზო ქალბატონო!

მეზობელი: ახლა კი უკვე აშკარად მაამებლობთ, მართლაც რომ სიმპათიურო და ბერძნულპროფილიანო ბატონო მოფარიკავე ლექტორო!.. მოჭადრაკეც!..

ისმის გასროლის ხმა.

მეზობელი: ღმერთო ჩემო, რა იყო ეს?!

საყვარელი: მგონი, პოლკოვნიკმა გაისროლა!

საყვარელი გადის. აღელვებული მეზობელი სკამზე ჯდება, ჰაერი არ ყოფნის, ინიავებს.

მეზობელი: მუხლები მომეკვეთა!.. ვიცოდი, რომ მთელი ეს ამბავი გასროლით დამთავრდებოდა!.. ჩემი სამოთახიანის ყოფილ დიასახლისსაც ჰყავდა საყვარელი – სულს ლევდა, ისე უყვარდა, ღამეები არ ეძინა, ტელევიზორი კი არადა, მთელი მანქანა უყიდა თურმე, ქმრის მოწამვლაც უნდოდაო მაგ არაქალს!.. ღმერთო, ნუ შემშლი ჭკუიდან და ყველაფერი უსისხლოდ დაამთავრე!

მეზობელი პირჯვარს იწერს, დგება და გადის. ტელევიზორში ცარიელი შემოსასვლელი გამოჩნდება. ჩამოვარდნილ სიჩუმეში კიდევ ერთი გასროლის ხმა ისმის. გასროლის შემდეგ ტელევიზორი ისევ სცენაზე გადაერთვება. პაუზის შემდეგ შემორბის მეზობელი.

მეზობელი: (მოთქმით) მოკლეს, დოცენტი მოკლეს!.. ხელზე მკოცნიდა სულ რაღაც ხუთი წუთის წინ!.. ცოლი რომ დაინახა, პოლკოვნიკმა, თურმე თავის მოკვლა დააპირა, მაგრამ ამ ბოზმა მოასწრო და პისტოლეტზე ხელი აუკრა; მერე იარაღის წართმევაც დაუპირა, ოღონდ ძალა არ ეყო. ამასობაში დოცენტმაც მიუსწრო და საყვარელს ეხმარებოდა. პოლკოვნიკი კიდევ სულ იმას ცდილობდა, რომ პისტოლეტი ისევ საფეთქელთან მიეტანა. დოცენტს ვუთხარი, იარაღი დამცველზე დააყენეთ, რომ შემთხვევით არ გავარდეს-მეთქი. დამცველზე ის დაწყევლილი პისტოლეტი მანამდე იმ ჭიდაობა-ჭიდაობაში პოლკოვნიკის ცოლს დაეყენებინა ქმრის შეუმჩნევლად, ხოლო დოცენტს, ჩემი რჩევის შემდეგ, რომ ფიქრობდა, ჩავკეტე იარაღიო, პირიქით უქნია და უნებურად საბრძოლო მდგომარეობაში მოუყვანია!.. პოლკოვნიკმაც, დარწმუნებული ვარ, რომ შემთხვევით გაისროლა!.. თვალებში შეეტყო ეს ამბავი!.. ადამიანის თვალები, განსაკუთრებით კი მამაკაცისა, არასოდეს იტყუებიან, იმიტომ, რომ კაცები განსაკუთრებით უნიჭო მსახიობები არიან! (ისევ ინიავებს) მე ხომ, ჩემი ბიჭი რომ უყურებდა იმ კინოებიდან თუ ვიცოდი, რას ნიშნავს ეს დამცველი ცეცხლსასროლ იარაღებზე!.. მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ არავინ დაზიანებულიყო!.. (გულზე იკიდებს ხელს, ჯდება დივანზე) ამასობაში, მართლა ამტკივდა გული!.. ხომ უნდა იცოდეს მამაკაცმა, სამჯერ დაბნეული და დარტყმული დოცენტიც რომ იყოს, ისეთი ელემენტარული რამ, როგორიც პისტოლეტის დამცველია?!.. მომიტანოს ვინმემ ვალიდოლი, ან წყალი მაინც მომაწოდოს!..

შემორბის ქალი, მიდის სამზარეულოსკენ.

მეზობელი: სად მიდიხართ?

ქალი: სამზარეულოში, დიდი დანა მინდა, პოლკოვნიკი უნდა მოვკლა!.. აქ დაშნებიც იყო, მაგრამ დოცენტმა წაიღო და თავის მოსწავლეებს დაურიგა!.. ეგეთი კეთილი იყო – ძალიან კეთილი!

გადის სამზარეულოში. შემოსასვლელზე გადართულ ტელევიზორში ჩანს, თუ როგორ გამოჩნდება იქ ქმარი. ის შემოდის ოთახში პისტოლეტით ხელში, რობოტივით მოძრაობს – ამჯერად არ კოჭლობს. ტელევიზორი ისევ სცენაზე გადაერთვება.

ქმარი: სად არის ჩემი ცოლი?!

მეზობელი: არ ვიცი!

ქმარი: როგორ თუ არ იცით, ის ხომ აქეთ წამოვიდა?!

მეზობელი: აქ არ შემოსულა!

ქმარი: სააბაზანოში ხომ არ დაიმალა?

მეზობელი: არა. შემიძლია დაგიფიცოთ, რომ სამზარეულოში არ დამალულა!.. ნუ მესვრით. მე ხომ შვილიშვილები მომენატრნენ სიგიჟემდე და არ მინდა სიკვდილი!

ქმარი შეტრიალდება და გადის. სამზარეულოს კარში ქალი გამოჩნდება.

მეზობელი: აქ თქვენი ქმარი იყო და გეძებდათ!

ქალი: შენი ბრალია ყველაფერი, შე კანალიზაციის ვირთხავ, შენა!

ქალი გადაწყვეტს, მეზობელს გაუსწორდეს. ეს უკანასკნელი იატაკიდან რამდენიმე ფორთოხალს იღებს და ამგვარად თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადება. ტელევიზორში ჩანს, თუ როგორ შემოდის შემოსასვლელში ქმარი. ქალი შეტევაზე გადადის, მეზობელი ფორთოხლებს ესვრის. შემოდის ქმარი, კარიდან ორიოდ ნაბიჯის შემდეგ ჩერდება. კადრი ტელევიზორში თითქოს შემოსასვლელზე იყინება.

ქმარი: სასიყვარულო სამკუთხედში ჰიპოტენუზის კვადრატი კათეტების კვადრატების ჯამის ტოლია! (ქალს) მითხარი, ძვირფასო, წუხელ ღამით ყვავები ხომ არ გესიზმრა?!

ქალი: მკვლელო, დააგდე იარაღი!

ქმარი: მაპატიე, საყვარელო!.. მაპატიე და ღამე ნებისა უსურვე შენს მამილოს!

ქმარი პისტოლეტს საფეთქელთან მიიდებს, გაისვრის, იატაკზე ეცემა, კვდება.

ტელევიზორის ეკრანი ქრება. ორიოდ წამში ისევ აინთება და ანტენიდან გამორთულივით უგამოსახულებოდ მუშაობს, შიშინებს.

ქალი: პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ მიექანება უკვე შენი სული, პოლკოვნიკო! (მუხლებზე ეცემა და ამ მდგომარეობაში შემოსასვლელისკენ მიიწევს). შენთან მოვდივარ, ჩემო ძვირფასო მოფარიკავევ!

მეზობელი: ცუდად ხომ არა ხართ, წყალი ხომ არ მოგიტანოთ?

ქალი: უხ, შე კუდიანო, შენი ბრალია ეს ყველაფერი!

მუხლებზე მდგარი ქალი ისევ უკან შეტრიალდება, ქმრის სიახლოვეს დაგდებულ პისტოლეტთან `მიირბენს~ და მეზობელს უმიზნებს.

მეზობელი: მე მხოლოდ წყლის მოტანა მინდოდა თქვენთვის! (ისიც ეცემა მუხლებზე, ხელებს მაღლა წევს). არ გინდათ, უკვე მართლა მტკივა გული!

ქალი დგება, მიდის მეზობელთან, უნდა რომ ესროლოს, მაგრამ გამბედაობა ღალატობს. სახეზე ხელს აიფარებს და ტირის. მეზობელი უჩვეულო სიმარდეს ავლენს, ქალს პისტოლეტს გამოსტაცებს, დგება. ქალი, მოეგება რა გონს, ახლა უკვე უიარაღოდ იწევს შეიარაღებული მეზობელზე. ის უკან იხევს.

ქალი: აგკუწავ!

მეზობელი: დანა არა გაქვთ, დაგავიწყდათ სამზარეულოდან მისი გამოტანა!

ქალი: მაინც აგკუწავ!

მეზობელი: არ გინდათ, გთხოვთ!

ქალი ისევ მეზობლისკენ მიიწევს, ის კი ისევ უკან იხევს, სანამ ზურგით კარადას არ დაეჯახება. სწრაფად აღებს კარადის კარს, შედის შიგ და კეტავს კარს.

მეზობელი: (კარადიდან, ყვირილით) თავი დამანებეთ!

ქალი კარადის კარს აღებს, მეზობელს თავიდან პარიკს ააგლეჯს და უკან მოისვრის. მეზობელი თავში წაივლებს ხელებს, რა დროსაც პისტოლეტი უვარდება. იარაღს მაშინვე ქალი ეუფლება.

მეზობელი: პისტოლეტში ვაზნები არ არის, დამთავრდა!

ქალი: ახლავე შევამოწმებ!

მეზობელი: ოღონდ ჩემზე არ შეამოწმოთ, შვილიშვილები მომენატრნენ ძალიან!

ქალი სასხლეტს გამოჰკრავს, მაგრამ პისტოლეტი არ ისვრის. ქალი მის გადატენვას ლამობს, მაგრამ აკანკალებული ხელებით არაფერი გამოსდის.

ქალი: გაგიმართლა, ვირთხავ! (გატრიალდება და შემოსასვლელისკენ მიდის) მოვდივარ უკვე, ძვირფასო, მალე შენთან გავჩნდები! (შუა გზაზე ჩერდება, პისტოლეტს ქვასავით ესვრის კარადიდან გამოსულ მეზობელს, ააცილებს). უხ, შენი!.. ისევ გაუმართლა!.. დავცხრილავ ამ კუდიანს!

მეზობლისკენ მიდის. ის იატაკიდან პისტოლეტს აიღებს, კარადაში შეაგდებს, კარს კეტავს, თვითონ კარადის წინ დგასგადაუწყვეტია, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ქალი პისტოლეტამდე არ მიუშვას. ქალი შედგება. შემდეგ შეშლილი სახით სვლას განაგრძობს. შეშინებული მეზობელი კარადის კარს აღებს, იქიდან პისტოლეტი გამოაქვს და ქალს უმიზნებს. ის გზას აგრძელებს.

მეზობელი: არ მომეკაროთ!

ქალი: შიგ ვაზნები არ დევს, ბრიყვო!

მეზობელი სასხლეტს გამოსწევს არ გაისვრის. უცებ მეზობელი იარაღს გადატენის და ისევ ქალს უმიზნებს. ისმის გასროლის ხმა. ქალი მუცელზე იკიდებს ხელებს, ღონემიხდილი მუხლებზე ეცემა.

ქალი: მე რა, ვკვდები?!

მეზობელი: არ ვიცი, მე არაფერი ვიცი!.. კინოებში რომ იყო ისე გადავტენე ეს ოხერი!

ქალი ეცემა, კვდება. შეშინებული მეზობელი უცებ ფანჯარასთან მიირბენს, პისტოლეტს ქუჩაში გადაუძახებს. ქუჩიდან ისმის კიდევ ერთი გასროლის ხმა, რასაც იმავ წამს ჭექა-ქუხილის ხმაც ერთვის.

მეზობელი: (ქალს) ადექით თუ შეიძლება! (ცხედართან მიდის) გეყოთ თავის მომკვდარუნება, ადექით! (ბედავს და ფეხის წვერით ქალის ფეხს შეანძრევს). თქვენ რა, მართლა მოკვდით?!

მოულოდნელად ფორთოხლების აკრეფას იწყებს, მათ თავისი კაბის კალთაში აგროვებს. საქმეს რომ მორჩება, შემოსასვლელში შერბის. მაშინვე ბრუნდება, ფორთოხლებს დივანზე ყრის. მირბის სააბაზანოს კართან, მის სახელურებს კაბის კალთით წმენდს, შემდეგ წმენდს მაგიდაზე დადგმულ ჭიქასაც. ბრუნდება დივანთან, ფორთოხლებს ისევ კაბის კალთაში იყრის.

ქალი: მგონი ფორთოხლებზეც შეიძლება თითების ანაბეჭდები დარჩეს!..  ეს რა სულელი ვარ ღმერთო – სხვა კარსაც ხომ შევეხე მე უბედური?!

გამწარებული მორიგეობით შესცქერის სამზარეულოსა და შემოსასვლელის კარებს. ქალის ჯიბეში ტელეფონი იწყებს რეკვას. მეზობელი შეკრთება, მიდის შემოსასვლელის კარისკენ. რეკავს საყვარლის ტელეფონიც, რომელიც მაგიდაზე დევს. ამჯერად მეზობელი ადგილზე იყინება.

მეზობელი: ესენი რა, ერთმანეთს ურეკავენ?!

თითქოს მხოლოდ ახლა აცნობიერებს იმას, რომ მკვლელია. ისმის ადამიანების შორეული ხმაესენი სხვა მეზობლები არიან, რომლებმაც, როგორც იქნა, გაბედეს და გადაწყვიტეს გაიგონ, თუ რაშია საქმე. მეზობელმა არ იცის რა ქნას. ბოლოს ფორთოხლებს იატაკზე ყრის და მათ ისე დაჰყურებს, თითქოს პირველად ხედავდეს. ხმები ახლოვდება.

მეზობელი: (ხმადაბლა, თითქოს ტექსტის წარმოთქმაში ვარჯიშობსო) მიშველეთ, ხალხო, ამათ აქ ერთმანეთი დახოცეს!

ერთი წამით ჩაფიქრდება, შემდეგ თავზე ხელებს იტაცებსგააფრთებული მოიგლეჯს პარიკს დანერვულად კუჭავს მას.

მეზობელი: ჩემი თითის ანაბეჭდები, იქ, ქვემოთაც!.. ჯოჯოხეთშიც დამწვარხარ პოლკოვნიკო, შენი პისტოლეტითა და რქებით!.. ღმერთო, შენ მიშველე! (პირჯვარს იწერს). თუმცა, არა, წვიმა თითის ანაბეჭდებს წაშლის პისტოლეტზე (ყვირის) მიშველეთ, ხალხო, ამათ აქ ერთმანეთი დახოცეს, მე კიდევ პისტოლეტი ფანჯარაში გადავაგდე, ასე რომ, ნუ გეშინიათ, თამამად შემოდით!

იხურავს პარიკს. ბოლოს ნათქვამ ფრაზას ისევ იმეორებს. ტელევიზორში სცენა გამოჩნდება, ოღონდ ცარიელი – მეზობლისა და ცხედრების გარეშე. ცოტა ხნის შემდეგ ჩაქრება ტელევიზორის ეკრანი. ქრება შუქიც, იხურება ფარდა.

პაუზის შემდეგ ფარდა იხსნება.

ჩანს ისევ ის ოთახი და გარემო, რაც სპექტაკლის დასაწყისში იყო. ისევ ისე მუშაობს ტელევიზორი – იქ სცენა ჩანს იმავე რაკურსიდან, როგორც ეს წარმოდგენის დასაწყისში იყო, ოღონდ ზოგჯერ სიგნალი ქრება და მაშინ ტელევიზორი შიშინს იწყებს, ამჯერად გაცილებით უფრო ხმამაღლა. ისევ ისე (ი. ი.) შემოდის ქალი სავსე პარკებით, რომელთაც მაგიდაზე აწყობს, ხელჩანთას კი დივანზე აგდებს. (ი. ი.) მიდის ფანჯარასთან, აღებს. პარკები სამზარეულოში გააქვს. ბრუნდება, მიდის საწერ მაგიდასთან, თითქოს მისი მოწესრიგება გადაუწყვეტია, მაგრამ ამასთანავე ეშინია, რომ ამის გამო პატრონი გაუჯავრდებდა. მაგიდიდან იღებს საფერფლეს, მიდის დივანთან, ხელჩანთიდან იღებს სიგარეტის კოლოფს. (ი. ი.) დგება ფანჯარასთან, ეწევა, გარეთ იყურება. (ი. ი.) შემოდის გაფაციცებული საყვარელი იღლიაში ამოჩრილი პორტფელით, დაბნეულად შესცქერის ქალს.

საყვარელი: შემოსასვლელი კარი შემოღებული დამხვდა და ვიფიქრე, რომ ბინაში ქურდი შემოიპარა!

ქალი: ეტყობა, ვერ მივკეტე როგორც საჭირო იყო – ხელები მქონდა დაკავებული. ეგრე შორიდან რომ შემომყურებ, არ გინდა მოხვიდე და გულში ჩამიკრა?!

საყვარელი მიდის ქალთან და ეხვევა. ქალი პორტფელს გამოგლეჯს და შორიდან დივანისკენ მოისვრის. ერთმანეთს ვნებიანად კოცნიან.

ქალი: რომ იცოდე, გუშინდელს მერე როგორ მომენატრე. გმადლობთ, რომ დროზე ადრე დაითხოვე შენი მოფარიკავეები და ჩემკენ გამოეშურე!

საყვარელი: ამ ახალი ვარცხნილობით თავიდან ვერც კი გიცანი.

ქალი: მინდოდა შენთვის სიურპრიზი გამეკეთებინა. არ მოგწონს?!

საყვარელი: პირიქით, ძალიან მომწონს – კლეოპატრას გავხარ.

ქალი: მომწონს, რომ კლეოპატრას მეძახი, აღმაგზნებს!

საყვარელი: კ ლ ე ო პ ა ტ რ ა!

ქალი: იცი, სიზმარი ვნახე, თითქოს მე და შენ ამ ოთახში შემოვედით, ამ სავარძელში კი…

საყვარელი: (აწყვეტინებს) ამ სავარძელში კი შიშველი ქალი იჯდა, ვთქვათ და, ჩემი კათედრის გამგის ქალიშვილი, რომელმაც უტიფარი ღიმილით გითხრა, რომ ჩემი გული მთლიანად მას ეკუთვნის!.. რაპირაც ხომ არ მოგიქნია?

ქალი: ვაფასებ შენს იუმორს, მაგრამ, სავარძელში ძაღლი იჯდა!

საყვარელი: ძაღლი?!

ქალი: ჰო, ძაღლი. ჩვეულებრივი ძაღლი!

საყვარელი: და რა შუაშია აქ ძაღლი?

ქალი: არ ვიცი. შეიძლება იმ შუაშია, რომ მე თვითონ ძალიან მინდა ძაღლის ყოლა.

საყვარლები ისევ კოცნიან ერთმანეთს.

ქალი: შენ ახლა მხეცივით გეშიება.

საყვარელი: კიდევ უფრო უარესად, ჩემო კლეოპატრა!

ქალი: ვგიჟდები, როცა მშიერი ხარ. ახლა მე შენ კარგად გასადილებ!

საყვარელი ქალს ხელზე კოცნის, ის კი პასუხად საყვარლის ხელისგულს ლოყაზე მიიდებს და ნეტარი ღიმილით იღიმება. 

ქალი: (საყვარელს) მინდა, რომ მხოლოდ შენ გეკუთნვოდე, შენ და სხვას არავის… მინდა, ვიღვიძებდე შუაღამეს, შენი სუნით ვძღებოდე და ისევ ვიძინებდე… წავიდეთ, რა, აქედან სადმე შორს, ძალიან შორს, სადაც ბედნიერები ვიქნებით!

შემოდის მეზობელი – ხელში პარკი უჭირავს.

მეზობელი: ოი, უკაცრავად, უდროო დროს კი შემოგეჭერით, კარი იყო ღია და ვიფიქრე, ქურდი ხომ არ შემოიპარა-მეთქი.

ქალი: (საყვარელს) არც შენ დაგიკეტავს კარი?

საყვარელი: კარის დაკეტვა მახსოვდა კი არა და, ხომ გითხარი, მეც ქურდი მეგონა შემოპარული-მეთქი.

მეზობელი: კარგით, მე წავალ.

ქალი: დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

მეზობელი: არაფრის… იცით, ძალიან უხდებით ერთმანეთს, მინდა ბედნიერები იყოთ.

ქალი: გმადლობთ.

მეზობელი: ფორთოხალს დაგიტოვებთ, პირს გაისველებთ შიგადაშიგ (ეშმაკურად იღიმის).

ქალი: არა, გმადლობთ, მეც მოვიტანე ფორთოხალი.

მეზობელი: მაშინ, ნახვამდის – უნდა გავიქცე, ქურაზე ბორში მაქვს დატოვებული და, მგონი, ჩაიდნის გადადგმაც დამავიწყდა წამოსვლის წინ. კარს მე გავიკეტავ.

ქალი: ნახვამდის.

საყვარელი: კარგად ბრძანდებოდეთ.

მეზობელი გადის. შემოსასვლელზე გადართულ ტელევიზორში ჩანს, როგორ შეყოვნდება ის ბინაში შემოსასვლელ კართან, ოთახისკენ გამოიხედავს – თითქოს მიყურადება გადაუწყვეტიაო, მოულოდნელად კამერასაც შეხედავს რამდენიმე წამით, შემდეგ კი გატრიალდება და გადის, კარს კი დაპირებისამებრ, მიიკეტავს.

ქალი: (საყვარელს) მიდი რა, კარი ურდულზე ჩაკეტე.

საყვარელი გადის. ტელევიზორი სცენაზე გადაერთვება. საყვარელი ბრუნდება.

საყვარელი: კარი ურდულით ჩავკეტე, ვერავინ შემოვა!

ქალი: ძალიან კარგი. უი, რა გამახსენდა – შენი დიასახლისის ძაღლმა ხომ ახლახანს წერილი წაიღო?

საყვარელი: ჰო, წაიღო!

ქალი: ეგ შეჩვენებული, ყოველთვის ჩვენთვის შეუფერებელ დროს აყეფდებოდა ხოლმე – ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში, და რამდენიმეჯერ კარგი სექსი ჩაგვიფლავა!

საყვარელი: ჰო, მაგ მხრივ კი მართლა დავისვენეთ!

ქალი: იცი, ახლა რა გავიფიქრე – ეგ შენი დიასახლისი ხომ არ გვაყურადებს, როცა ერთმანეთს ვეფერებით?!

საყვარელი: კარგი ერთი, სერიოზული ქალია, სოლიდურ ასაკში!

ქალი: რა იცი, სერიოზულობისა და სოლიდურობის მიუხედავად, კედლები თხელია, ის კი უკაცოდ ცხოვრობს!

საყვარელი: და შენ მაგის ძაღლი ხომ არ დაგესიზმრა?

ქალი: არა, ეგ არ იყო!.. ჯანდაბას სიზმარი. აბა, ახლა, სამზარეულოსკენ ჰერი–ჰერი!.. განა არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე შენთვის უძვირფასესი მამაკაცის დაპურებაა?!

ქალი საყვარელს ხელს ჩასჭიდებს, სამზარეულოსკენ მიემართებიან.

კართან შედგებიან და ერთმანეთს კოცნიან. მოულოდნელად სამზარეულოდან ჩაიდნის სტვენის ხმა ისმის. ქალი დაფრთხება. 

ქალი: ან ჩაიდანს მოხსენი სასტვენი, ან მე თვითონ მოვისვრი მაგ ჩაიდანს ფანჯრიდან!

საყვარელი: ამ ახალ ვარცხნილობაში გაბრაზებაც გიხდება, ძვირფასო, მაგრამ ძაღლი მაინც რამ დაგასიზმრა?! 

ქალი და საყვარელი სამზარეულოში შედიან. ტელევიზორი სამზარეულოზე გადაერთვება, მაგრამ იქ აღარავინაა – ქურაზეც კი არ დგას ჩაიდანი. თანდათან ქრება შუქი. ბინდბუნდში ტელევიზორი ისევ ცარიელ სცენაზე გადაერთვება, ოღონდ ეკრანზე ისე ჩანს, თითქოს სცენაზე ქალი და საყვარელი არიან (რომლებიც სინამდვილეში იქ აღარ იმყოფებიან): ისინი ერთმანეთის პირისპირ დგანან; საყვარელი ქალს ხელზე კოცნის, ის კი პასუხად საყვარლის ხელს იღებს, ლოყასთან მიიდებს და სახეზე ნეტარი ღიმილი გადაეფინება (უკვე ნაცნობი სცენა); (ი. ი.) შემოდის ქმარი. რამდენიმე წამის შემდეგ, როცა ის რაღაცის თქმას დააპირებს, ეკრანიდან გამოსახულება ქრება და ტელევიზორი ხმამაღლა შიშინს იწყებს.

ეკრანი ქრება.ბოლომდე ქრება შუქიც.

ფ ა რ დ ა

Facebook Comments Box