პროზა

გია გაბრიჩიძე – მოთხრობა

თავიდან სათაურად “ლურჯი რვეულის ჩანაწერები”
მინდოდა დამერქმია
(თუ არ ვცდები, რომელიღაც ნაწარმოებს ჰქვია მსგავსი სახელი),
შემდეგ “მანეკენი” ვიფიქრე
(მგონი ასეთიც უნდა იყოს).
ვერ გადავწყვიტე და ამიტომ არჩევანი თქვენთვის მომინდვია. როგორც გენებოთ, ისე მოიხსენიეთ, რადგანაც
ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია რა ერქმევა.
უბრალოდ ცოტა მეუხერხულება ასეთი დიდი სათაური რომ გამოვიდა
(არა უშავს, უარესებიც ხდება)

დასავლეთ ევროპაში კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ, “კაი შეკრული” “ოპელ-ვექტრა” ვიყიდე და სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. რადგანაც იქ საერთოდ არავინ არ მელოდებოდა გარაჟში მდგომი, “ექიმის და პედაგოგის ნაქონი” “06” მარკის, თეთრი ჟიგულისა და ცარიელი სახლის გარდა, ამიტომ ვარჩიე ჯერ სასომხეთში ჩავსულიყავი და ზემოთ ნახსენები, 1995 წლის გამოშვება, წითელი ფერის “ოპელ-ვექტრა”, თბილისთან შედარებით გაცილებით უფრო ძვირად გამეყიდა (500 აშშ დოლარი, ჩემი ჯიბის პატრონისთვის, “გაცილებით უფრო ძვირი” თანხაა).
თბილისში ღამის 12 საათისთვის შემოვედი. არც დაღლილობას ვგრძნობდი და არც მშიოდა (დაბა სურამში საკმაოდ გემრიელად გეახელით). ამიტომ სახლში აღარ შევიარე, მაგრამ მცირე სენტიმენტალურმა გრძნობებმა მაინც “დამრია ხელი” და “ნაბერეჟნით” პირდაპირ ერევნისკენ წასვლის ნაცვლად, ჭავჭავაძის გამზირზე ჩავლა გადავწყვიტე.
უჩვეულო სიჩუმე იდგა ქალაქში. არც ისე გვიანი იყო, მაგრამ ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ამ უცნაურ “მოვლენაზე” დაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ მოულოდნელად საჭე მარცხნივ გამექცა, დავამუხრუჭე და მანქანიდან გადმოვედი. წინა მარცხენა საბურავი დაშვებულიყო.
მანქანა ბორდიურთან მივაგორე, საბურავი სწრაფად გამოვცვალე, ერთხელ კიდევ გავხედე ცარიელ გამზირს და ის ის იყო, მანქანაში ჩაჯდომას და წასვლას ვაპირებდი, რომ ტანსაცმელების მაღაზიის ვიტრინასთან დაგდებული ლურჯი რვეული დავინახე.
ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ რატომ ავიღე ის რვეული. არასოდეს არ ამიღია ქუჩაში დაგდებული რვეული და დარწმუნებული ვარ, ადამიანთა უმრავლესობაც ასე იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიფიქრე და ახლაც ხშირად ვფიქრობ ჩემს ამ საქციელზე, პასუხი ჯერ ვერ ვიპოვე და ალბათ ვერც ვერასოდეს ვიპოვი.
მოკლედ, ის რვეული ავიღე, წინა სავარძელზე დავაგდე და სასომხეთისკენ წავედი.
ერევნის ავტომანქანების ბაზრობაზე სადღაც დილის 6 საათისთვის ჩავედი. მანქანა გარე განათების ბოძის ქვეშ გავაჩერე, სავარძლის საზურგე გადავწიე და მივწექი. რვეული მაშინვე თვალში მომხვდა. ავიღე და საკმაოდ “კარგად კითხვადი” კალიგრაფიით გავსებული ფურცლები გადავშალე.
ყოველგვარი კომენტარის გარეშე, სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ ჩემს მიერ, ჭავჭავაძის გამზირზე, ტანსაცმელების მაღაზიის წინ, ღამის 12 საათზე ნაპოვნ ლურჯ რვეულში დაწერილ ტექსტს.

* * * * * * * * *

“ერთი წუთითაც არ იფიქრო ძვირფასო მკითხველო, რომ მორიგ ფუტურისტულ, ავანგარდისტულ, ან თუნდაც სიურეალისტურ ნაწარმოებთან გქონდეს საქმე და მე, მისი ავტორი, გარდატეხის ასაკის მქონე ქალიშვილების, ან ბალზაკის ასაკის მქონე ქალბატონების ლიტერატურულ კერპად ვაპირებდე გახდომას.
არც მოდელ-მანეკენის (ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არც სქესს, არც ეროვნებას და მით უმეტეს კანის ფერს) დაძაბული, ინტრიგებითა და სხვადასხვა სახის დაპირისპირებებით აღსავსე ბობოქარი ცხოვრების გადმოცემას არ ვაპირებ.
არა და არა!
არაფერი მსგავსი.
არ ვაპირებ რამდენიმე მიზეზის გამო და ამ მიზეზებსაც ახლავე მოგახსენებთ.
ჯერ ერთი ძალიან ცუდად ვერკვევი ისეთ ტერმინებში, როგორებიცაა სიურეალიზმი, აბსტრაქციონიზმი, კოლაბორაციონიზმი ან თუნდაც ნეოფაშიზმი. არა, მთლად წყალწაღებულიც არ ვარ და ვიცი, რომ მაიაკოვსკი რაღაც პერიოდი ფუტურისტი იყო, სალვადორ დალი სიურეალისტი, ხოლო ჩემი შორეული ნათესავი კი ნეობოლშევიკია. პირველი ორის შესახებ წამიკითხავს, ნათესავმა კი თვითონ მითხრა, როცა შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს (ნავთლუღის ბაზარში, თუ ვიღაცის პანაშვიდზე აღარ მახსოვს).
მოკლედ რომ ვთქვა, მხოლოდ ასეთი “ზედაპირული” ცოდნა გამაჩნია და არც ვაპირებ ძალიან ჩაღრმავებას, რადგანაც მართალი გითხრათ მეზარება და მეორეც — თუ რამე მომეწონა, ნამდვილად სულერთია ჩემთვის იმპრესიონიზმს მიეკუთვნება ის, თუ სოცრეალიზმს.
რაც შეეხებათ მანეკენებს (აი იმათ, Fashion TV-ზე რომ დადიან აქეთ-იქეთ), აქ საქმე გაცილებით უფრო მარტივადაა.
მე არასოდეს არ ვყოფილვარ არც “პაკაზზე”, არც დეფილეზე და არც “მომავალი სეზონის კოლექციის წარდგენაზე”.
არა, იმიტომ კი არ ვყოფილვარ, რომ ეგეთი ღონისძიებები არ მომწონს, უბრალოდ არც ერთ მოდელიორს, მანეკენს და საერთოდ მოდის სამყაროს არც ერთ წარმომადგენელს არ ვიცნობ.
ამ საკმაოდ მარტივი მიზეზის გამო, არამც თუ მანეკენთა ცხოვრების ფარულ მხარეებზე, ყველაზე დაბალი დონის ჩვენების მოსაწვევზეც არ მიმიწვდება ხელი.
მაშ ასე, დროა ამბავს დავუბრუნდე, რათა ჩემს ცხოვრებაში მომხდარი დიდი ცვლილება თანმიმდევრობით გადმოგცეთ.
ახლა რომ ვუფიქრდები, ე.წ. “პეპლის ეფექტი” ერთ-ერთი ყველაზე ჭეშმარიტი ეფექტია, ყველა ეფექტებს შორის და ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე აქსიომა კაცობრიობის ცხოვრებაში. შეიძლება ცოტა სითამამეში ჩამეთვალოს, ამ ამბის დასაწყისად ცნობილი ფრაზა “კლეოპატრას ცოტა გრძელი ცხვირი რომ ჰქონოდა, დღეს სამყარო სულ სხვაგვარი იქნებოდაო”, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ჩემი მეზობლის დაწინაურებით დაიწყო.
დიახ! ჩემი მეზობელი დააწინაურეს!
არა, მინისტრად ნამდვილად არ დაუწინაურებიათ, არც მინისტრის მოადგილედ და არც რომელიმე სამმართველოს უფროსად. ის უბრალოდ ერთ-ერთ ბაზრობაზე განთავსებული პოკერ-კლუბის დაცვიდან, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ტანსაცმლის ახლადგახსნილი მაღაზიის დაცვაში გადაიყვანეს.
ჩემი მეზობელი ერთ-ერთი კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელი გახლდათ.
აი ისეთი დაცვის სამსახურის, რომელიღაც უცხოური მტაცებელი ცხოველების სახელი რომ ჰქვიათ. უცხოური იმიტომ, რომ მტაცებლებიდან საქართველოში მარტო ტურა, მელია, მგელი და კავკასიური ჯიშის მურა დათვი ბინადრობს (ერთი ლეოპარდიც ყოფილა, მაგრამ ლეოპარდი არ ითვლება). მელია და ტურა, სახელწოდებისთვის არ ვარგა, მგელი გაცვეთილია (ან ბანალური. თქვენ რომელიც მოგწონთ, ის სიტყვა წაიკითხეთ), ჰოდა “კავკასიურ მურა დათვს” ხომ არ დაარქმევ ფირმას?
ეს ჩემი მეზობელი ერთ-ერთ ეგეთ სამსახურში მუშაობდა და როგორც ზემოთ ავღნიშნე, ერთ-ერთი ბაზრობის ტერიტორიაზე ჩადგმულ პოკერ-კლუბს წელიწადნახევრის განმავლობაში იცავდა. მცირე ხელფასი ჰქონდა, ფორმაც ეცვა და ოპერატორ გოგონასაც ეარშიყებოდა.
რომ გითხრათ, მზე და მთვარე ამოსდიოდა იმ გოგონაზეო, ტყუილი იქნება, მაგრამ ყოველ სამ დღეში ერთხელ, მთელი 24 საათი 22 წლის გოგონასთან რომ ხარ 18,5 კვ/მ ოთახში, როგორ უნდა გაგიძლოს გულმა, რომ ერთი-ორი ქათინაური არ უთხრა?
ასეთ ურთიერთობას ფსიქოლოგები “სამსახურეობრივ რომანს” უწოდებენ და კვლევის საკმაოდ საინტერესო მასალასაც წარმოადგენს, მაგრამ ეს ამბავი არც ჩემმა მეზობელმა და მითუმეტეს არც იმ გოგონამ არ იცოდნენ.
მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ როცა ჩემი მეზობლის “არშიყს” დავაკვირდი (ერთი-ორჯერ ვიყავი მისული იმ პოკერ-კლუბში, მაგრამ არ მათამაშეს), რატომღაც ჩავთვალე, რომ “მისი ქმედება, “კლუბის სტუმართა” წინაშე, საკუთარი უპირატესობის გამოვლენის გრძნობით იყო განპირობებული, ვიდრე იმ გოგონას ჰაბიტუსით. ამ დასკვნის გაკეთების უფლებას ის ფაქტი მაძლევს, რომ ჩემს მეზობელს იმ გოგონას მიმართ გრძნობების “გადმოფრქვევა” სწორედ მაშინ ეწყებოდა, როცა კლუბი ხალხით იყო სავსე, ან ვინმე ისეთი მოთამაშე შემოდიოდა, რომელიც ჩვეულებრივი მოთამაშეებისგან განსხვავებით, უფრო “ქალაქურად” გამოიყურებოდა. გოგონას ასეთ დროს თვალები უჟუჟუნდებოდა (მიუხედავად იმისა, ეტყოდა ის “ქალაქურად გამოწყობილი” რაიმე ქათინაურს, თუ არა), რაც ჩემს მეზობელში “განგაშის სიგნალს” რთავდა, ხოლო ამ ყველაფერზე რეაქციას ყავის დალევის სურვილით გამოხატავდა.
ეს ჩემი მეზობელი მორიგეობის დამთავრების შემდეგ კარგად გამოიძინებდა და საღამოს ცხრის ნახევარზე 2,60 ლარიანი არყით, 2,50 ლარიანი ძეხვით, 5 კვერცხითა და შოთის პურით ხელდამშვენებული ჩემთან მოდიოდა. ნახევარ საათში სუფრის გაწყობას და პირველი ჭიქის დალევას ვასწრებდით, შემდეგ კი სადღეგრძელოებს “კურიერის” სიუჟეტების შესაბამისად ვსვამდით.
პრინციპში სადღეგრძელოებს მარტო ის ამბობდა, მე უსიტყვოდ ვსვამდი და ტელევიზორიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე მის მიერ გაკეთებულ კომენტარებს, რომლებიც ნებისმიერ პოლიტოლოგს ფანტასტიკურად მოეჩვენებოდა, თავის დაქნევითა და ფრაზით — “უყურე შენ ამ უნამუსოებს”, ვეთანხმებოდი.
არ ვიცი, 2,60 ლარიანი არყის ბრალი იყო, თუ იმისი, რომ “კურიერის” მაინცადამაინც არ მჯეროდა, მაგრამ, ბოლო სადღეგრძელოს წინ, გულწრფელად ვიყავი დარწმუნებული, რომ მედვედევის ცოლის დას, მოსკოვში “მოსაპარად” ჩასული ქართველი ბიჭი უყვარდა და მასთან ყველასგან მალულად იყოფდა სარეცელს, ხოლო სარკოზის ბიძაშვილი კი იმ ბაზრობის ყიდვას აპირებდა, სადაც ზემოთ ნახსენები პოკერ-კლუბი იყო ჩადგმული.
ერთხელ ჩემმა მეზობელმა, ჩვენს “შეკრებაზე”, ოპერატორი გოგონებიც მოიყვანა (სხვა პოკერ კლუბიდან), რომელთაგან ერთი სულ სადღაც რეკავდა, ვიღაცეებთან რაღაც საკითხებს არკვევდა, არც ჭამდა, არც სვამდა და როგორც იქნა წავიდა. მეორე კი ჯერ დათვრა, შემდეგ მრავალმნიშვნელოვნად მომეხუტა (ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა. ეს ფაქტი ჩემმა მეზობელმაც დამიდასტურა) და მერე წავიდა.
ერთ მშვენიერ დღეს, ღამის პირველ საათზე (ცოტა კონტექსტში არ ჯდება, “ერთ მშვენიერ დღეს, ღამის პირველ საათზე”, მაგრამ ასე ამბობენ და რა ვქნა. ისე დროის გადმოწევაც შემეძლო, პრინციპში თქვენ რას გაიგებდით, მაგრამ რადგან დავწერე, აღარ შევცვლი), ჩემი მეზობელი შავ პიჯაკში, ცისფერ პერანგში, მუქ ლურჯ ჰალსტუხში და ლაქის ფეხსაცმელებში გამოწყობილი მოვიდა. თან მოზრდილი პარკი და ორი საკმაოდ სიმპათიური გოგონა მოიყოლა.
პარკის შიგთავსი და გოგონები ადრინდელისგან ძალიან განსხვავდებოდნენ (2,60 ლარიანი არყის ნაცვლად 14 ლარიანი კონიაკი (ფასი ეწერა), 2,50 ლარიანი ძეხვის ნაცვლად “ვიჩინა” (ფასი არ ვიცი, რადგანაც არ ეწერა), 5 კვერცხის ნაცვლად 10. პელმენი, არაჟანი, 1,5 კგ “ივერია სოსისი”, მდოგვი, ხსნადი ყავა და 2 კოლოფი წვენი).
გოგონებიც არსად არ რეკავდნენ, მხიარულად საუბრობდნენ ჩვენთან და თქვენ წარმოიდგინეთ, იცეკვეს კიდეც.
ყველაზე საოცარი (და ჩემთვის სასიამოვნო) ამ სტუმრობაში კი ის იყო, რომ ჩემმა მეზობელმა თავის მაღაზიაში სამსახური მიშოვა (არა, ის მაღაზია მისი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ამასაც ასე ამბობენ. თუმცა რას გასწავლით, რა თქვენ არ იცით როგორც ამბობენ?).
რა უნდა მეკეთებინა არ დაუკონკრეტებია, უბრალოდ მითხრა, რომ ხელფასი 400 ლარი მექნებოდა და თვითონ მეპატრონე ამიხსნიდა ჩემს ფუნქციებს.
მეორე დღეს, სადღაც 12 საათისთვის გოგონებთან ერთად სახლიდან გამოვედი და აღთქმული 400 ლარიანი ხელფასისკენ წავედი.
4 საათი იქნებოდა, როცა მაღაზიის მეპატრონე, სავარაუდოდ 28-42 წლის ახალგაზრდა, ლამაზი და ძალიან ფრანგული ნაკვთების მქონე ქალბატონი მოვიდა. მას თან აღმოსავლური ნაკვთების მქონე სავარაუდოდ 22-24 წლის გოგონა ახლდა, რომელსაც ძალიან მკაცრი სახე და საშუალო ზომის ლურჯი ბლოკნოტი ჰქონდა. მეპატრონემ ამათვალ-ჩამათვალიერა (იმ გოგონამაც, ოღონდ უფრო მკაცრად და შემფასებლურად) და ჩემი ფუნქციები ამიხსნა.
როგორც აღმოჩნდა, ეს “მაღაზია დედამიწაზე არსებულ ბუტიკებს შორის, ყველაზე პროგრესული ბუტიკი უნდა გამხდარიყო” და ამის გამო მან (მაღაზიის მეპატრონემ), “გენიალურ იდეას მიაგნო”.
ჩვეულებრივი პლასტმასის მანეკენები, ცოცხალი მანეკენებით უნდა შეცვლილიყო, მაგრამ “რადგანაც ამ ქალაქში არ მოიძებნება ისეთი მანეკენი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შეძლებს ვიტრინაში გაუნძრევლად დგომას”, მან (ანუ მაღაზიის მეპატრონემ) გადაწყვიტა “ქუჩიდან აეყვანა ხალხი” და ამით “ახალი სიტყვა ეთქვა როგორც ბუტიკების ბიზნესში, ასევე მანეკენების ფუნქციების გაზრდაში”.
ჩემს შენიშვნაზე, რომ “ქუჩიდან მოყვანილ ხალხსაც” გაუჭირდება ერთ ადგილას მთელი დღის განმავლობაში გაუნძრევლად დგომა, მან ცოტა ხნით თვალები ჭერს მიაპყრო (ამ დროს ლურჯი ფერის ბლოკნოტის მქონე გოგონა სავარძელში შესწორდა და თითქმის დაუფარავი მრისხანებით შემომხედა) და მოულოდნელად აღტაცებულმა განაცხადა, რომ ეს კიდევ უფრო უკეთესია, რადგანაც ის გააკეთებს აბსოლუტურად განსხვავებულ ვიტრინას და ეს “ექშენ” იქნება.
სასწრაფოდ გადამიხადეს ავანსი და სამი დღის შემდეგ დამიბარეს (რაც ფრიად გვესიამოვნა მეც, ჩემს მეზობელს და იმ ორ გოგონასაც, რომლებიც წინა ღამით გვსტუმრობდნენ და როგორც აღმოჩნდა ამ მაღაზიაში მუშაობდნენ).
სამი დღის შემდეგ “ახალი, რევოლუციური იდეების მქონე ბუტიკის პრეზენტაცია” გაიმართა (ყოველ შემთხვევაში ასე იუწყებოდა პრესა, რომლის წარმომადგენლებიც საკმაოდ მრავლად იყვნენ პრეზენტაციაზე).
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი მოვალეობა გაფართოებულ ვიტრინაში დგომით, ხანდახან სიარულით და თეთრი ფერის მაგიდასთან ჩამოჯდომით განისაზღვრა. შესვენების დროს ჩემთვის მოჰქონდათ იქვე საცხობში ნაყიდი იმერული ხაჭაპური და რძიანი ყავა, რომლებიც “ეტიკეტის სრული დაცვით” უნდა “მიმერთვა” (ეს მეპატრონის სიტყვებია).
პირველი ერთი კვირა ძალიან გამიჭირდა. უბრალოდ არ ვიცოდი საით გამეხედა და სასიარულო მანძილიც საკმაოდ მცირე იყო. განსაკუთრებით ძნელი იყო დუმილი. მე ხომ მანეკენი ვიყავი და როგორც მოგეხსენებათ, მანეკენები არ ლაპარაკობენ (ან ვისთან უნდა მელაპარაკა, მაგიდის და სკამის დადგმის შემდეგ, მეორე მანეკენის ადგილი აღარ დარჩა), მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე. დავიწყე გამვლელებზე დაკვირვება, უფრო სწორად ჯერ ცქერა, ხოლო სადღაც სამი თვის შემდეგ უკვე ვაკვირდებოდი მათ.
თავდაპირველად ხალხი ცოტა არ იყოს ფრთხებოდა. აბა წარმოიდგინეთ როგორია, როცა ტანსაცმელების მაღაზიის ვიტრინასთან დგახარ, ცალი თვალით პროსპექტს გაჰყურებ, რათა ავტობუსის მოსვლა არ გამოგეპაროს, ცალი თვალით კი ვიტრინაში დალაგებულ ათასგვარ აქსესუარს ათვალიერებ (გუნებაში ირგებ კიდეც) და ამ დროს მანეკენი, რომელიც მარჯვენა ხელაწეული და ყელმოღერებული იდგა, უცებ მიდის, მაგიდასთან ჯდება და კვლავ “მანეკენურ” პოზაში შეშდება.
შეკივლების და მითუმეტეს ჩუმი გინების ხმა ვიტრინის ბრონირებული შუშების მიღმა ვერ აღწევდა, მაგრამ “დამთვალიერებლების” სახის გამომეტყველებით ვხვდებოდი მათს გრძნობებს. ერთი ხანობა, ძლივს ვიკავებდი თავს, რომ არ გამცინებოდა, შემდეგ მივეჩვიე.
ხალხი მანეკენებს ფაქტობრივად არ უყურებს, მათ უფრო აქსესუარები აინტერესებთ. მიზეზს ოდნავ მოგვიანებით მივხვდი. ის, რაც მანეკენს აცვია, “დამთვალიერებელს” არ აინტერესებს, რადგანაც: 1. უმრავლესობა ტანსაცმლის მყიდველი არ არის (ზოგს არ შეუძლია, ხოლო ვისაც შეუძლია, ის საზღვარგარეთ “იმოსება” (ფრაზა ქართული ჟურნალებიდან)). 2. ვიტრინის იატაკზე დალაგებული აქსესუარები გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია (საჩუქრადაც გამოდგება). 3. რატომღაც ჰგონიათ, რომ მანეკენს “ბრაკი” აცვია. 4. შურთ ჩაცმული მანეკენის აღნაგობის.
ნელ-ნელა ხალხიც მომეჩვია (ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები დადიოდნენ მაღაზიასთან), თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვებიც კი აღარ იშვერდნენ თითებს ჩემი მიმართულებით და აღარ იცინოდნენ ჩემი გადაადგილების დროს.
ასეთმა უყურადღებობამ ცხადია ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა, დაახლოებით ორი კვირა ნაწყენიც კი ვიყავი “დამთვალიერებლებზე” და ვცდილობდი მოულოდნელი შერხევით მაინც გამომეწვია მათში რაღაც რეაქცია, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ხალხს უკვე არამც თუ მე, ვიტრინაში დალაგებული ნივთებიც აღარ აინტერესებდა.
მხოლოდ ერთი გოგონა დადიოდა კიდევ რამდენიმე კვირა, გაჩერებაზე მდგარ რომელიღაც ბანკის სარეკლამო ბილბორდს მიეყრდნობოდა და სევდიანი თვალებით დიდხანს მიყურებდა.
გოგონა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა, რადგანაც მუდამ ავტობუსიდან ჩამოდიოდა. ცოტა ხანს იდგა, მიყურებდა და მერე ისევ ავტობუსს მიჰყვებოდა. შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ის მხოლოდ ჩემს სანახავად მოდიოდა.
არადა საკმაოდ უცნაურად გამოჩნდა. ხანდახან მიკვირს კიდეც, თუ რატომ მივაქციე ყურადღება, მე ხომ ისედაც უამრავი საქმე მქონდა. ალბათ იმის ბრალი იყო, რომ გაზაფხული დგებოდა და ქუჩაში შედარებით მეტი ხალისი ტრიალებდა. გაჩერებასთან მდგარ, ორ ნაწილად გაყოფილ (თუ ამოსულ) ხეს, უკვე შეჰპარვოდა კვირტები (როგორი რომანტიზმია მანეკენის პირობაზე? აბა თქვენ რა გეგონათ!). ჰოდა სადილის დროს, როცა “გურულ” ხაჭაპურს გეახლებოდით (“იმერული” ყელში მქონდა ამოსული, “ლობიანი” კი საერთოდ არ მიყვარს), გოგონა დავინახე, ის იმ ორად გაყოფილ (თუ ამოსულ) ხესთან იდგა და სურათს იღებდა. უცებ შემომხედა. ერთხანს მიყურა, შემდეგ ჩაცინება დააპირა, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა და მოულოდნელად სახეზე ჩემს მიმართ სიბრალული გამოეხატა. გამიკვირდა და ალბათ ამ გაკვირვების გამო დამამახსოვრდა.
ერთ დღეს კი ჩვეულებრივად მოვიდა, ოღონდ უფრო დიდ ხანს მიყურებდა. შემდეგ ამოიოხრა, ცრემლი მოიწმინდა და ავტობუს გაჰყვა. გაჰყვა და მის შემდეგ აღარ გამოჩენილა. უბრალოდ გაქრა.
შემეძლო ცოტა ხანს კიდევ მეფიქრა იმ გოგონაზე, მაგრამ სულ მალე ძალიან უცნაური ამბები დაიწყო ჩემს გარშემო და მეც თითქმის სრულიად გადამავიწყდა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ საწყობის ერთ-ერთი მუშა, ხელფასის აღების შემდეგ მეორე სართულის კიბეებზე ჩამოსვლისას დაგორდა და ძალიან ცუდად დაეცა. დაცვის ბიჭებმა ის მუშა სასწრაფოდ ჩაიყვანეს საწყობში. თითქოსდა ამ ამბავში უცნაური არაფერია, მაგრამ ყურადღება ერთ ფაქტს მივაქციე: მუშა არც ყვიროდა, არც ტიროდა, არც იგინებოდა და ბიჭების მოსვლამდე ისე იწვა, თითქოს არაფერი არ მომხდარაო. ეგეც არაა გასაკვირი, მაგრამ ძალიან უცნაურ პოზაში კი იწვა. ფეხი ისე ჰქონდა ამობრუნებული, რომ მუხლით ყურს ეხებოდა და ის ფეხი მოხრილი კი არ ჰქონდა, არამედ გაშლილი. ტანმოვარჯიშეები რომ აკეთებენ შპაგატს კედელთან, ზუსტად ისე. ხელიც ზურგს უკან ჰქონდა ამობრუნებული. მე ალბათ ტკივილისგან გავგიჟდებოდი. ის კი იწვა და “ნეტარი სახით” იღიმებოდა.
ეს კიდევ არაფერი, შეიძლება კაცს ეფიქრა ცირკის ყოფილი მსახიობია ან იოგიო (იოგებმა იციან ეგეთი “ნეტარი ღიმილი”), მაგრამ მერე ვიფიქრე, თუ იოგი იყო, თავისით რატომ არ ადგა? და თუ იოგი არ იყო, მაშინ რატომ არ ყვიროდა?
როცა ამ ამბავს ვაანალიზებდი, ქუჩას ვუყურებდი და მოულოდნელად შევამჩნიე, რომ ავტობუსები, მსუბუქი მანქანები და თქვენ წარმოიდგინეთ ველოსიპედებიც კი ისე მოძრაობდნენ, რომ ბორბლები არ ბრუნავდა.
ძალიან გამიკვირდა ეს აღმოჩენა. თითქოს გზა დადიოდა და ისინი მასზე იყვნენ დამაგრებულნი.
ეგ კი არა, ქუჩაში მოსიარულე ხალხიც საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. ყველანი რაღაცნაირად სარგადაყლაპულებივით დადიოდნენ და მოძრაობებიც მკვეთრი ჰქონდათ. თავის მობრუნების შემდეგ, დაახლოებით ხუთი წუთი იდგნენ გაშეშებულნი და საკმაოდ მძიმედ უბრუნდებოდნენ ჩვეულებრივ პოზას.
შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ყველა ჩემი თანამშრომელი (იმ დამფასოებელი გოგონადან დაწყებული, რომელთან ერთადაც ჩემი პირველი ხელფასი “დავასველე”, ქალბატონი “მეპატრონით” დამთავრებული), ყველანი მაღაზიაში ცხოვრობდნენ.
თანამშრომლები კი არა, თურმე მეც მაღაზიაში ვცხოვრობდი. სახლში აღარ მივდიოდი და მაინცადამაინც არ მშიოდა. “მაინცადამაინც არ მშიოდა” კი არა, საერთოდ არ მშიოდა. არც წყალს ვსვამდი და არც მეძინა. რაღა დაგიმალოთ და ტუალეტშიც ძალიან იშვიათად დავდიოდი (რატომ დავდიოდი, ნამდვილად ვერ ვიხსენებ).
ერთი პირობა, ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, რაიმე ეპიდემია, ან ვირუსი ხომ არ შემოიჭრა ქალაქშიო და ჩემი ვიტრინის კუთხეში დადგმული ტელევიზორის ყურება დავიწყე, იქნებ საინფორმაციო გამოშვებებში ეთქვათ რამე.
არაფერი მსგავსი. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ წამყვანები ზუსტად ისე უცნაურად ისხდნენ, როგორც ჩვენი მოლარე (გაშეშებული) და ტექსტს საერთოდ არ ამბობდნენ. თავიდან ამ ჩემი დაკვირვებების ვინმესთვის გაზიარება დავაპირე, მაგრამ მალევე გადავიფიქრე (რადგანაც ჯერ ერთი ლაპარაკი მეზარებოდა და მეორეც: აბა რა უნდა მეთქვა? ყველანი ძალიან უცნაურები ხართო? თუ ვართო! არა, არავისთვის ამის თქმა ნამდვილად არ ღირდა).
რამდენიმე დღის შემდეგ დავმშვიდდი. დავმშვიდდი, რადგანაც ვფიქრობ, რომ რახან ასე ხდება, ესე იგი ასეც უნდა ხდებოდეს.
ახლა კი წერას ვწყვეტ.
ჯერ ერთი, ლაპარაკის არ იყოს, წერაც მეზარება და მეორეც, ამ ბოლო დროს, მრგვალი ასოების მოხაზვა მიჭირს, კუთხოვანი გამომდის რატომღაც. ისე კიდევ მინდოდა ერთი-ორი სიტყვა იმ გოგონაზე დამეწერა, რომელიც გაქრა, მაგრამ > > > -/ ] \ —————
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box