კაი ხანია ვერაზე არ გამივლია.
კინოს სახლი. რიგი ტაქსების.
დაცხა. ადი ჯავახიშვილზე.
ხე დაასრულე, მიეცი ფორმა ინტენსიური,
თვალისმომჭრელი შემაწუხებლად.
ასე მძიმედ. ასე იოლად.
ამობეჭდე ლექსი. ამოღერღე სიტყვა.
შარვალი ალისფერი. ქურთუკი ყვითელი.
დავინახე მჯდომი სკამზე ჩარკვიანი ირაკლი.
ინტერვიუ აიღო, დაწერა წერილი
რადიოგოგომ ლელა ჯიყაშვილმა კვირის პალიტრისთვის,
,,მე წავალ, ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ”.
სად არ გვიხეტიალია.
ამდენი კამათი. ამდენი ემოცია.
რამდენი ბოთლი, რამდენი ოვაცია?
კეპი. ლაბადა. პორტრეტი პოეტის.
თავს გადახოტრილს დიდხანს ათოვდა,
წავიდა თვითონ, სინათლე დატოვა.
მზედაკრული
მაშხალა ჯოჯოხეთის, გარუჯული, ჯიბეგატენილი,
წარბშეტრუსული, გადმოიზლაზნა ჯიპიდან,
შეაშრა სიფათზე ღიმილი კრეტინის.
კილო შაბლონური, სიტყვა გაცვეთილი.
მტერი მოსაშთობი, დანა გალესილი.
შენ რომ ჭკუა არ დაგიშლის, მე ფეხები ვერ მომჭამო.
ვარ სამოთხეში, გარგარი გობზე აწყვია ჭიანი.
ქვას ააგდებს, თავს შეუშვერს დეპუტატი უდღეური.
მწვერვალი ფარისევლობის – მუტანტი, გალსტუკით დაბადებული.
ნაღდად მაქვს უზურში დაბრედვა თქვენი.
ქალი – აჯილღა, კაცი – დელიბაში.
გამოსავალი რაშია? – გაყრაში.
ცხრის ნახევარი
არსებამ ხრონცმა პორტფელის ქნევით
კომუნისტის რედაქციის თაღს ჩაუქროლა.
კისერი-მორგვი. ტანი-კომოდი. ოფლი შეიმშრალა.
ივნისი ვერაზე – მისწრებაა.
ქალი შავოსანი სიგარეტს აბოლებს.
კოლოფი ყვითელი საფირმო ნიშნით.
დამქაში გააწბილა. გაასწორა მიწასთან.
სიარულს ზემელზე ვინღა დამიშლის?
გლიჯა ნაფაზი, გადახალისდა.
თვალი მოჰკრა გოგონას საჭესთან.
სათხოვარი მაქვს, ერთი ტკივილგამაყუჩებელი.
პრერიები მშრალი. ორთქმავალი. იმღერა ღირსეულად.
არ აკლია მხნეობა. გაზრდილია ლაღად.
გავიდა სცენიდან ძველბიჭურად.
კულისებში არიფმა მოსაწევი უბოძა.
დარჩი ქესატად. დადგა სეზონი მკვდარი.
– არის სიახლე რამე?
– ცხრის ნახევარი.
ქალი შავოსანი ჟურნალ-გაზეთებს ჰყიდის, აფუილებს სიგარეტს.
კიროვის ბაღში ლოთმა ბიჭებმა ჭიქა მესამე ჩაცეცხლეს.
კენტი
შეავლე თვალი არეს.
თხემი. კონტური. კვამლი.
უშფოთველობა. ცხოვრება მშვიდი.
გამონაბოლქვი. სიმღერა წყნარი.
მოგყვება ჯანი.
მოგყვება ფიქრი.
მოგყვება ჯავრი.
კაპიკად არ ღირს მოთრეული ყურით
სტრიქონი უღიმღამო.
თხემი. კონტური. კვამლი.
უშფოთველობა. სიკვდილი მშვიდი.
გამონაბოლქვი. სიმღერა წყნარი.
კოლოფი კენტის, ხონჩა, ბანანი.
26 მაისი
ოცდაექვსი ვარდობისთვე,
შტრაიკბრეხერი მწყაზარი.
ოცდაექვსი ვარდობისთვე,
შაითან ბაზარი.
ოცდაექვსი ვარდობისთვე,
იწვიმებს უთუოდ.
ოცდაექვსი ვარდობისთვე,
საქმე უსარფო.
* * *
სვეს ვისკი ჯიმ ბიმი, ბელენტაინსი.
მაისის თვეში, მაისაია მამუკამ,
ხათუნა კერესელიძემ, მირზაშვილმა ნატომ.
დაგვათენდა თავზე, ქეიფი ლეგალური,
ყველი შვეიცარული, პური თალხი.
ძველია ხალხი.
ზარი
დამყვა ურჩობა.
გაისმა ზარი.
მეყარა თავზე საქმე.
გაცრუვდა იმედი.
ოცნება ახდა.
ბედნიერი ვარ,
აქ რომ ხარ.
სიტყვა
დახამხამებაში თვალის
გამოტყვრება აზრი.
შემორტყმულია ალყა.
გარღვეულია გზები.
სეტყვა. რვეული. ივნისის ოთხი.
შემოვიარე ხოხვით
ქვეყანა ყვავილების.
პაუზა
კრიზისი ჟანრის. სათვალე. ჩაი აჰმადი.
მოსაღამოვდა. უჟანგბადობა. პაუზა.
ჟანგმოდებული. ლოდინი სტუმრის.
კაბინა ლიფტის. ბოყინი შახტის.
ითვლის სატრაპი წამებს.
იცვლის მტარვალი ქალებს.
მითი
შუილი მდინარის. შარიშური, დაჭკნება ვარდი.
ედემი. გოლგოთა. მუშმულა. ბალი.
მითი გაქრება. ჩიტის რძე. ნაფაზი.
კალამი უხმარი, ფიქრი ნახმარი.
გამოიდარა.
დრო გაგყავს. აგვარებ საკითხებს მწვავეს.
ციფერბლატს დავხედე. ნომერი ავკრიფე.
ბელეტრისტი იყო გინდა, მაგრამ პოეტი გახდი.
ლამბაქი
ლამბაქი. ნასუფრალი. მარმელადი შოკოლადში.
კიტრი გათლილი. ქაღალდი ვერცხლის.
ყველი დაჭრილი. კოლოფი კენტის.
მზერა გამჭოლი. ჩრდილი კედელზე.
ნატურმორტი. ყივილი მამლის. ელექტროხერხი.
რას ჩააშტერდი? – წარწერას გამაფრთხილებელს.
თამბაქოს შემადგენლობაში შედის ნიკოტინი…
ფინჯანი. ვარდები. საღამოვდება.
ნამცეცი. დანა პირგალესილი. ბინდი.
ანარეკლი ეკრანზე ტელევიზორის. გაწვიმდა.
მოვშალე ზღუდე, გავაშავე თეთრი, მწვანე გავალურჯე.
ქალი-მზესუმზირა დავიმარტოხელე.
მკათათვე
არაყი კაქტუსის. მარილი. ჟიტანი უფილტრო. იერი თარსი.
ბებუთს ქამარში გაიჩრის. დაამთქნარებს. ხელს ჩაიქნევს.
ქალაქელ ღლავებს უშვებს და იჭერს.
ჩათლახი ბედს ეწევა. ოღრაში ჩაიღიმებს.
ვეტერანი უკბილო აცმაცუნებს ტუჩებს,
უსტარი სატრფიალო ჯიბეში ჩაიკუჭა.
ტკაცუნი კასტანიეტების მიჰყვება საქსოფონს,
ბოგანო მთვრალი ასფალტზე ბუქნაობს.
ფეხებს შეაწყობს მაგიდაზე ყოფილი დიპლომატი.
ჩამოხსნა პორტრეტი, აბსტრაქციით ჩაანაცვლა.
თარგმნის ჩინებულად, თომარობს ინგლისურად,
გაურბის რეალობას, უჩივის ჯანმრთელობას,
ლირიკოსი გახდა…
დამწვრის სუნი. ქარი ორპირი.
ქალი ერთგული, დედაჩემი, სახელოსნოში შემოდის.
გოგი ჩარკვიანს
პაპიროსი ოცი ღერი კოლოფში აწყვია მიჯრით.
ყაზბეგის ფონზე ჯიგიტი ბედაურს მიაჯირითებს.
აყირავეს. დააყუდეს. წიგნი სატრფიალო. ბუშტი ვარდისფერი.
აგურს გახვეულს გაზეთში გლიჯა ფეხი.
პოეტი. დახლზე სასმელი მწარე, სირჩა.
ფრაზებს სახიერს დავთარში ვიწერ.
გამზირი მზიანი. ჭადრები. მტვერი.
გასტრონომი. სასადილო. ღვინო არც თუ ურიგო.
,,გახსოვს მთვრალი ყმაწვილი, შეუცვლელო ზემელო?”
ძილისპირული
თვითნება, მსუნაგი. კისკისებს, ბედს ემდურის.
მოხსნის პირს გუდას, წაიღებს ყურთასმენას.
იფარავს მეგობრებს, დიეტას ვერ იცავს.
ნესტარი ბზიკის, ქმნილება ჭორფლიანი.
ეშმაკი. უშუალო. ლამაზი. ჯიგრიანი.
ქათქათა თოვლივით, მარჯვე ქორივით.
ბრძენი მოგვივით, ზოგჯერ სევდიანი.
გოგონა ლეჩხუმელი – ნესტან ჩარკვიანი.
მოგზაურობა
ჟილეტი განუყრელი. ღვინისფერი.
ავდარი დროდადრო უჩმახებს სახსრებს.
ქალი ვერელი. ვულგარული.
რომანი ბულვარული. მიღწევა საწადელი.
შენ ძმაო, მაგრად გიცხოვრია.
შექცევა ზურგის. მოქცევა ურცხვის. სასაცილოა.
ნავი ერთადგილიანი. ჯამბაზი მრისხანე.
– წამოხვალ ლონდონში? – ჰაჯან?
უბანი მყუდრო, მიუსაფარი. შევუდგი ტაშტები წვეთებს.
სიგარა მონტეკრისტო. ჰავანა. კუბა.
ბრუნავს ბორბალი პობედის.
დაბრუნდა წარსულში.
გაუვიდა ლანდი, რახტი შერჩა. შეუღრინა, გადაიხარხარა.
ყვავი-მტრედი. სახელოსნო-კიდობანი.
მონაჭორი. მონაგონი. ინციდენტი სავალალო.
სათვალის გასაწმენდი ტილო, კალმები,
ზრახვები მრავალგვარი, ამყვები?
კაბინა ლიფტის ვიღაცამ გამოიძახა.
ავდარი დროდადრო ჩაგრავს ადამიანს.
დღეს მოსალოდნელია თავსხმა.
ჭექა-ქუხილი
მხვდა წილად გოგოგვირილა.
სურათებს დღის შუქზე ვფენ.
გაგვითამამდა წვიმა. შემომეჩვიე შენ.
ნესტი. ნესტარი ბზიკის.
სახურავიდან წვეთს.
ელჭექი.
გოგოგვირილამ ქილა შეუდგა ჭერს.
მოვარჯიშე
გოგოგვირილამ გეზი ვარკეთილისკენ აიღო.
ნაცნობთან ძველთან, პარიკმახერთან,
თმის გასაკრეჭად და შესაღებად.
– ნუ მზღუდავ! მეტრო. ჟურნალი.
ხმა ნაბიჯების სახურავიდან.
სტვენა ფრინველის – მორზეს ანბანი.
ჯიბგირი. ცბიერი. მატრაბაზი.
ვიღაცამ მითხრა, ციხეში მოკლესო,
გამოხდა ხანი, ვერაზე ვნახე.
გენიოსი. სათვალე ლურჯი, მრგვალი.
ბაკენბარდი. სიმღერა მძლავრი.
სახიფათო. მოვარჯიშე. აიწონა, დაიწონა. დაინახა.
დააკვირდა: გაზრდილი აზიზად. თომარი სიაფანდი.
დედის დედა მიაგინა. გაჯი ჩამოყრილი მოგავა.
მოიშალა ლოთობა. გაველურდა.
გოგოგვირილამ პირი ვერისკენ იბრუნა.
ნოტაბენე
სიგარეტი. ნამწვი ოთხი. ბოთლი შავი. გამილოთდი?
ჭიქა თეთრი. ბზინვა დანის. ანარეკლი. გავმელოტდი.
დაუღლელი. სიტყვაძუნწი. ენამარჯვე.
გარშემორტყმულს ფშატით სამით აკვირდები ქოხმახს წითელს.
ამოზიდავ კვიპაროსებს ცისფერ ფონზე მასტიხინით.
რა გაცინებს? დაწერ ლაქებს მწვანეს ფუნჯით.
მონახაზი. ფრაზა მკვეთრი. წვეთი ყავის.
ნოტაბენე, მიაქციე ყურადღება კაცს, რომ ობლად დადის.
დავიდარაბა
ჟამთააღმწერელი. ჟესტი ხულიგნური.
ზარს გაიგონებს. ყურმილს აიღებს.
ენას უკიდებს ამფსონი, მოლაპარაკე ხატოვნად.
რამდენი წელი გავიდა ლოთობა, დავიდარაბა.
ერთი ხანობა იღვაწა ჯეელმა გაბედულმა,
შემდეგ კი სადღაც გაუჩინარდა.
პირში სპირტი ჩაიგუბა. გადარაზა დარაბა.
იუმორი ყავლგასული. დრომოჭმული ანდაზა.
ამნეზია, დეპრესია…
ბრძოლა ყაიმით დამთავრდა.
ზორაყი
შარვალი კუბოკრული. კაცი-ზორაყი.
ძეგლი რუსთაველის. დღეა დარიანი.
გამვლელი უღიმღამო, ქედმაღალი.
წყარო. ლომები. პიედესტალი.
ბიტლზებს უსმინა. მოატყუა თვალი.
სუბტროპიკული ზონა. ქოლგები ზოლიანი.
სწორუპოვარი გუნდი. ეპოქა მიმზიდველი.
პერსონამ დამღიანმა თამბაქო დაიბევა.
გამზირი პლეხანოვის. საკონდიტრო.
სილაღე. ოპტიმიზმი. რომანტიკა.
მოტოციკლი სათადარიგო საბურავით.
მებუფეტემ დახლქვეშ თუმანი გადაღუნა.
როლინგ სტოუნზს უსმინა. მოიტყუა თავი.
ლიანდაგს მიღმა ტალღა, გლისერი.
სპიდოლა. ფლოსტები. მალაყს გადავიდა.
პერსონამ დამღიანმა სიგარეტს მოუკიდა.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“