ვარსკვლავი
ღამეში შენ აგირჩიე; ოქრო-ვაშლი ხარ ხილად.
მიყვარს, რომ დილა იქნება. დარს რომ აპირებს დილა.
ღამეა, მერე როგორი, ღამე ჩუმი და ნაზი.
ვარსკვლავო, შენ ხარ ღამის და დილის გამყოფი ხაზი.
ვარსკვლავო, ჩემო ვარსკვლავო, რა ახლოსა ხარ თითქო.
ვისთვის და რისთვის ანათებ? ვისზე და რაზე ფიქრობ?
ცხოვრობდა ერთი პოეტი… ის ხომ არა ხარ ნეტა?
შენც იმასავით ჩურჩულებ… ხმამაღლა ვერც შენ ბედავ.
უყვარდა ერთი გოგონა, სიცოცხლე ერქვა იმას,
მიწაზე ისე ბრწყინავდა, ახლა რომ ცაში ბრწყინავს.
მიყვარხარ, ჩემო ვარსკვლავო, რა ვქნა და შენზე ვფიქრობ:
ამაღამ ხომ არ მიგყავარ? სარეცელს ხომ არ მიყოფ?
ბევრი რამ ახლავს ამ ღამეს. ბევრი რამ გახლავს ვარსკვლავს.
მოდი შევთანხმდეთ: უთქმელი ბევრად ჯობია ნათქვამს.
ტრიოლეტი
დაღლილ-დაქანცულს მენატრება უსიზმრო ძილი,
როცა წყვდიადი სინათლეზე უფრო სწრაფია.
მსურს გაღვიძება ნეტარების უსაქმო დილით,
ცხადისგან დაღლილს მენატრება უსიზმრო ძილი.
ყოველ ღამეში ხიდი არის, ძაფივით წვრილი,
ის არ გავს ამ ცხადს; არც კლდეა და არც წარაფია.
დაღლილ-დაქანცულს მენატრება უსიზმრო ძილი,
როცა წყვდიადი სინათლეზე უფრო სწრაფია.
ტრიოლეტი XXXIII
მე მიფიქრია ჩემ ბიჭზე და ვიცი, რომ მიყვარს,
ვიცი, ჩემ თავზე უფრო მეტად მიყვარს ეს ბიჭი.
ჯერ პატარაა, ვერ იფარებს სახეზე ნიღაბს.
მე მიფიქრია ჩემ ბიჭზე და ვიცი, რომ მიყვარს.
გული დასჭირდეს? არც ვიფიქრებ, ნამდვილად დიდხანს.
მაგრამ თვალყური? ყოველ წუთას? – აი რა მიჭირს.
მე მიფიქრია ჩემ ბიჭზე და ვიცი, რომ მიყვარს,
ვიცი, ჩემ თავზე უფრო მეტად მიყვარს ეს ბიჭი.
ტრიოლეტი XXIII
მე ვთვლემდი… უცებ ახლობელი სუნთქვა ვიგრძენი –
ქარმა ლეღვის ხე უცნაურად ააწრიალა.
სულ არ მახსოვდა ინდოეთის ძველი სიბრძნენი.
მე ვთვლემდი… უცებ ახლობელი სუნთქვა ვიგრძენი
და მითხრა დედამ: ეს ლეღვის ხე, ასე ძირძველი
მამაშენისთვის დაურგავსო ვიღაც წინაპარს.
მე ვთვლემდი… უცებ ახლობელი სუნთქვა ვიგრძენი –
ქარმა ლეღვის ხე უცნაურად ააწრიალა.
ტრიოლეტი XXXX
ბერძნულ თეატრს გავს ამ ღამეში ჩემი სოფელი;
ცაში ათასი ვარსკვლავია, სულში – სინდისი.
თუ დღე და ღამე არის მთელი წუთისოფელი,
ცაში ათასი ვარსკვლავია, სულში – სინდისი.
მთავარი გმირი თუმცა მე ვარ, მეფისტოფელი
თავჩაქინდრული გაეცალა ჩვენ სახლს ბინდის წინ.
ბერძნულ თეატრს გავს ამ ღამეში ჩემი სოფელი;
ცაში ათასი ვარსკვლავია, სულში – სინდისი.
© ”არილი”