ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
კუბის ეგრეთწოდებული კულტურული რენესანსის დეგრადაცია დაიწყო მაშინ, როდესაც ვირხილიო პინიერამ ჩამოიარა ტრაპი ჩეხეთის თვითმფრინავისა, რომელმაც ის ბრიუსელიდან (პრაღის გავლით) ჩამოიყვანა. ვირხილიო მსუბუქად მოდიოდა და ტროპიკული პეპელასავით ფარფატებდა, მაგრამ უეცრად კონტროლიორს გაუსხლტა, მუხლებზე დაეცა და დაიხარა, რათა კუბის წითელ მიწას მთხვეოდა, მაგრამ, ამის ნაცვლად, მხოლოდ ახლახან დასხმულ რუსულ ასფალტზე გააწკლაპუნა ტუჩები. თუმცა, ყოველივე ეს, ფაქტობრივად მაშინ კი არ დაიწყო, არამედ – რამდენიმე თვის წინ, როდესაც “ლუნესი”[1] – გაზეთ “რევოლუციის” ლიტერატურული დამატება, რომლის ერთ-ერთი მთავარი თანამშრომელიც ვირხილიო პინიერა გახლდათ, აკრძალეს და სამუდამოდ დახურეს. უფრო ზუსტად კი, ეს დაიწყო მაშინ, როდესაც ცენზურამ აკრძალა სრულიად უწყინარი შინაარსის მქონე დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღებაც “ორშაბათმა” დააფინანსა. არსებითად, ეს იყო დასასრულის დასაწყისი. მაგრამ ჯობია, დავიწყოთ იმ პერიოდით, როდესაც დიქტატორი ბატისტა კუბიდან გაიქცა და ძალაუფლება ხელთ ჩაიგდო ე.წ. “26 ივლისის მოძრაობამ ” – რევოლუციის, მისი მარტვილებისა და კუბის ღარიბი მოსახლეობის სახელით.
მოდით, ერთხელ და სამუდამოდ ვაღიაროთ: მართალია, რევოლუციამდე ჰავანაში მეტი საროსკიპო იყო, ვიდრე – გამომცემლობა, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე ნიუ-იორკის შესახებ, სადაც, ბროდვეიზე გასეირნებისას, მეტ მეძავს ნახავთ, ვიდრე – მწერალს, და მეტ სუტენიორს, ვიდრე – ლიტერატურულ აგენტს, მათი რაოდენობრივი გათანაბრება კი მოსალოდნელი არაა. თუკი ასეთია მეტროპოლია, წარმოიდგინეთ, როგორი უნდა ყოფილიყო კოლონიები. ჰავანა კი კონტინენტთან ყველაზე ახლომდებარე სამხრეთამერიკული ქალაქი იყო (თუ არ ჩავთვლით ტიხუანას, რომელსაც შეურაცხყოფას არ მივაყენებ და ქალაქს არ ვუწოდებ). 1960 წლამდე ჰავანაში, უმეტესად, სახელმძღვანელოთა გამომცემლობები არსებობდა. დანარჩენი მარჯვე ტიპოგრაფები – ერთგვარი ჟიგოლოები – მხოლოდ ანგარების კარნახით ეწეოდნენ საგამომცემლო საქმიანობას. თვით მე-20 საუკუნის ესპანურენოვანი პოეზიის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი ხოსე ლესამა ლიმა უსიტყვოდ, სიამოვნებითაც კი თანამშრომლობდა მათთან. ლესამას მდიდარი მეგობრები აფინანსებდნენ ისეთი შედევრების გამოცემას, როგორებიცაა, მაგალითად, “ჩემი მტერი – ექო” (1941), “მალული თავგადასავლები” (1945) და “აღბეჭდილობა” (1949). ხუან რამონ ხიმენესმა – ესპანელმა პოეტმა, რომელმაც სამოქალაქო ომის დროს სამშობლო დატოვა, 1956 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, უცნაური რამ თქვა ახალგაზრდა ლესამას პოეზიის შესახებ: თუკი ლესამას სურს თავისი ლექსების გამოქვეყნება, მან (ან მისმა მეცენატებმა) შესაბამისი თანხა უნდა გადაიხადონო. ეს იყო ნამდვილი ლიტერატურული ძალმომრეობა: ან ფული, ან დუმილი. ლესამას, ისევე, როგორც კუბელ მწერალთა უმრავლესობას, დუმილს სიკვდილი ერჩივნა. რა თქმა უნდა, იმხანად არსებობდა ნამდვილი გამომცემლობები, და ერთზე მეტიც (ისევე, როგორც ახლანდელ კუბაზე), რომლებიც მთავრობის დირექტივებით ხელმძღვანელობდნენ და პარტიულ პროპაგანდას ეწეოდნენ. ამჟამად ასეთია ეროვნული გამომცემლობა, სადაც (მოგვიანებით) ალეხო კარპენტიერის თაოსნობით გამოიცა “მობი დიკის” 100 000 (ოდნავ შეკვეცილი) ეგზემპლარი. კუბელმა რედაქტორებმა შესწორებები შეიტანეს მელვილის რომანში. ტექსტში იპოვით ისმაელს, ქვიქეგს, კაპიტან აქაბს, მღვდელ მეპლსაც კი, მაგრამ ღმერთი არც ერთხელ არაა მოხსენიებული. რევოლუციამდე რამდენიმე გამომცემლობა ემსახურებოდა არსებულ მთავრობას, ნებისმიერ მთავრობას, თვით საზღვარგარეთულსაც კი. ისინი აქვეყნებდნენ ვენესუელელ ავტორთა ძვირად ღირებულ და მდიდრულად გაფორმებულ წიგნებს, რომელთა ღირებულებას ანაზღაურებდა თვით ვენესუელა – ქვეყანა, სადაც ყოველთვის ბევრი ნავთობი, მაგრამ ცოტა მელანი იყო.
მაგრამ ახალგაზრდა რესპუბლიკას, კუბელ კლასიკოსთა მდიდრული გამოცემების გარდა, სხვა კულტურული მიღწევებიც ჰქონდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ კუბა იყო ესპანეთის უკანასკნელი კოლონია ამერიკაში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს მოხდა მხოლოდ 1902 წელს და ამის შემდეგ ეს პატარა კუნძული 1958 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ექვემდებარებოდა. ამასთან, ეს კავშირები მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათისა იყო. ამერიკა რეალურად არავითარ ზეგავლენას არ ახდენდა კუბის კულტურულ ცხოვრებაზე, რომელიც ევროპაზე (განსაკუთრებით – საფრანგეთსა და ესპანეთზე) იყო ორიენტირებული. კუბელ მწერალთა უმრავლესობა კარგად ფლობდა ფრანგულ ენას, ინგლისური კი ძალზე ცოტამ თუ იცოდა. კუბაზე (ისევე, როგორც ამჟამად – ინგლისში) ფართო პოპულარობით სარგებლობდა მხოლოდ ჰოლივუდის ფილმები. ის შესანიშნავი მიღწევები, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიე, იყო მხატვრობის, არქიტექტურის, თეატრის და, რა თქმა უნდა, კუბის ხალხური მუსიკის მონაპოვარი. ყოველივე ეს კუნძულზე ამჟამად ისევე გაქრა, როგორც კუბური ლამანტინი, რომლის მიერ გამოცემულ ბგერებს გაიგონებთ ყველგან – პარიზიდან პარანამდე.
ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ კუბის ლიტერატურა ერთ-ერთი ყველაზე ძველია ამერიკაში. რა თქმა უნდა, ის ისეთი ძველი არაა, როგორიც – ინგლისური, მაგრამ კუბელი პოეტები წერდნენ და აქვეყნებდნენ თავიანთ ნაწარმოებებს ჯერ კიდევ მანამ, სანამ კუნძული ახალი ინგლისის ამერიკულ კოლონიად იქცეოდა. გადმოცემების თანახმად, პირველი კუბელი პოეტი გახლდათ ესპანელი სილვესტრე დე ბალბოა, რომელიც კუნძულზე დასახლდა და ეპიკურ პოემებს წერდა. 1605 წელს გამოქვეყნებული “მოთმინების სარკე” გრძელი პოემაა, რომელიც ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დავიწყებული იყო, 1834 წელს კი (დაახლოებით იმავე დროს, როდესაც ხოსე მარია დე ერედიამ – ფრანგი პოეტის, ერედიას ბიძაშვილმა – შატობრიანის პროზის ზეგავლენით დაწერა პირველი რომანტიკული ლექსი მე-19 საუკუნის ესპანურენოვან ლიტერატურაში – “ოდა ნიაგარას”) ხელახლა აღმოაჩინეს. მე-19 საუკუნეში ემიგრაციაში – ესპანეთსა და ნიუ-იორკში – შეიქმნა ხოსე მარტის ბრწყინვალე პროზა. მარტი, შესაძლოა, მე-19 საუკუნის ესპანელ მწერალთა შორის საუკეთესოა. 1880 წელს სირილო ვილიავერდემ ემიგრაციაში, ნიუ-იორკში შექმნა რომანი “სესილია ვალდესი”. მეორეხარისხოვან პოეტთა გარდა, მე-19 საუკუნის კუბაზე მოღვაწეობდა დიდი პოეტი-სიმბოლისტი ხულიან დელ კაზალი, რომელიც, რუბენ დარიოს შემდეგ, მოდერნიზმის უდიდესი წარმომადგენელია. ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს პატარა “მ”-ით დაწყებული modernismo და ინგლისური მოდერნიზმი, რომელიც გვიანდელი ლიტერატურული მიმდინარეობაა. “modernismo” იყო მიმდინარეობა პოეზიაში, რომელიც ჩამოყალიბდა ლათინურ ამერიკაში ფრანგი სიმბოლისტების ზეგავლენით: ცნობილია გენიალური რუბენ დარიოს (ნიკარაგუელი პოეტის, რომელიც გედებს უმღერდა ესპანეთში) ლექსები, რომლებმაც შეძრა ესპანურენოვანი სამყარო. მარტი, თვითონაც პოეტი, “modernismo”-ს წინამორბედი იყო, მაგრამ საერთო არაფერი ჰქონია სიმბოლიზმთან – მათ შორის, არც ფრანგულთან. ამ მართლაც ორიგინალური პოეტის სახელი, სამწუხაროდ, ამჟამად ცნობილია მხოლოდ ლექსით, რომელიც პიტ სიგერმა გამოიყენა სიმღერისთვის “გუანტანამერა”. ვანესა რედგრეივის მითითებით, ხოსე მარტი, რომელიც 1895 წელს ბრძოლის ველზე დაიღუპა, კომანდანტე ფიდელ კასტროს ახლო მეგობარი გახლდათ. რა თქმა უნდა, ანაქრონიზმებით ოპერირება ქალბატონი რედგრეივის ღირსებაა, მაგრამ ამჯერად მან დაადასტურა, რაოდენ ანაქრონისტული შეიძლება იყოს პოეტისთვის მეგობრობა კომანდანტე კასტროსთან.
1971 წელს, კულტურის მოღვაწეთა ავადსახენებელი ყრილობის დროს, ფიდელ კასტრომ შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ რევოლუციამდე ჰავანაში მხოლოდ ერთი თეატრი არსებობდა. მან, რა თქმა უნდა, იცრუა. ინგლისელი მკითხველი, ალბათ, იფიქრებდა, რომ კასტრო ზრუნავდა კულტურაზე. სინამდვილეში კი ფიდელ კასტროს არასოდეს შეუწუხებია თავი თეატრის, ლიტერატურის ან თვით კედლის მხატვრობის შესახებ ზრუნვით. ის ზრუნავდა მხოლოს ძალაუფლებისა და მისი იარაღის – პროპაგანდის შესახებ. ცნობილია, აგრეთვე, რომ კასტრომ ერთხელ დაასახელა ბეკეტი, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ეთქვა: პიესაში “გოდოს მოლოდინში” გამოაშკარავებულია კაპიტალისტური სამყაროს უბადრუკობა, რომლისგანაც კუბა ვიხსენითო. გოდოს წყალობით.
ჯერ კიდევ 1959 წელს ინგლისელმა ისტორიკოსმა ჰიუ ტომასმა აღიარა, რომ კუბა ერთ-ერთი იშვიათი ტროპიკული ქვეყანაა, რომელმაც საკუთარი კულტურა შექმნა. მან, აგრეთვე, შენიშნა, რომ ფიდელ კასტრომ ძალაუფლება ხელთ ჩაიგდო არა პარტიზანული ომის, არამედ – ტელევიზიის წყალობით. კასტრომ ისევე გამოიყენა ტელევიზია ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, როგორც ადოლფ ჰიტლერმა – რადიომაუწყებლობა ოცდაათიანი წლების გერმანიაში. 1960 წელს კუბაზე მეტი ტელეარხი იყო, ვიდრე იტალიაში, რაც ბევრს გააოცებს. 1969 წელს ჰოლივუდში ვეწვიე ერთ ცნობილ და მდიდარ კინორეჟისორს, რომელმაც გამომკითხა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები კუბაზე. ეს იყო ვიეტნამის ომის წლები. ამერიკელები ახლა ისევე აზროვნებდნენ, როგორც დიდი ხნის წინ, ოცდაათიან წლებში, როდესაც სტალინს ცივილიზაციის მხსნელად მიიჩნევდნენ. ამ ლიბერალური კინორეჟისორის სტუმრებს შორის იმყოფებოდა კარგად ცნობილი ავსტრიელი (ამჟამად გარდაცვლილი) ფილოსოფოსი, რომელიც 1937 წლის შემდეგ ნაცისტური გერმანიიდან გაიქცა. ისიც და კინორეჟისორიც ებრაელები გახლდნენ. ებრაელი იყო კინორეჟისორის მშვენიერი ცოლიც. მას შემდეგ რაც მოისმინეს ჩემი მონათხრობი კუბაზე მიმდინარე შემზარავი მოვლენების შესახებ, პოპულარულმა ფილოსოფოსმა მკითხა: “კი მაგრამ, განა დოქტორმა კასტრომ მნიშვნელოვნად არ გააუმჯობესა ჯანდაცვისა და განათლების მდგომარეობა კუნძულზე?” ეს კითხვა მრავალ სხვა ენაზეც დაუსვამთ ჩემთვის და ამჯერადაც ისეთივე პასუხი გავეცი, როგორც ყოველთვის: “მუსოლინის ინიციატივით იტალიაში მატარებლები პირველად ამოძრავდნენ განრიგის მიხედვით; ჰიტლერმა არა მარტო გზები გაიყვანა, არამედ მისი ძალისხმევით გერმანიამ თავი დააღწია ეკონომიკურსა და მორალურ ჭაობს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდა ჩემი საყვარელი ბაბუა ჩემსავე მშობლიურ ქალაქში, აღმოსავლეთ კუბაზე. ეს იყო მეორე მსოფლიო ომამდე. სასაცილოა, რომ ჩემი გულუბრყვილო ბაბუა ნაცისტი იყო და ვეგეტარიანელი გახდა, როდესაც შეიტყო, რომ ჰიტლერი ხორცს არ ეკარებოდა. კიდევ უფრო სასაცილოა, რომ ფიდელ კასტრო დაიბადა ოცდაათიოდე მილის მანძილზე ჩვენი ქალაქიდან, სწორედ იმ დროს, როდესაც მე გავჩნდი. შესაძლოა, ის იცნობდა ბაბუაჩემს და მის შეხედულებებს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბაბუაჩემი განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ ჰიტლერი არ მომკვდარა (ეს, ბაბუაჩემის აზრით, ამერიკელთა მონაჩმახი იყო) და უცდიდა მომენტს, როდესაც კვლავ ხელთ ჩაიგდებდა ძალაუფლებას. მაგრამ დადგა დღე, როდესაც ბაბუაჩემმა დაიჯერა, რომ ჰიტლერი ცოცხალი აღარ იყო. ის აღარასოდეს ახსენებდა ფიურერს. ფიდელ კასტროს გამარჯვების შემდეგ ბაბუაჩემი ფიდელისტი გახდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნდა, რომ კასტრო ტიპური ულმობელი ტირანი გახლდათ. როგორც ხედავთ, ბაბუაჩემი მტკიცედ უჭერდა მხარს ტოტალიტარიზმს. ის, აგრეთვე, მეცნიერი იყო”. საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეული პროფესორი, რომელიც ახლა ჰოლივუდში მარქსისტულ დიალექტიკას ასწავლიდა, მიხვდა, რომ ლაპარაკი დავასრულე, როდესაც ჰეგელის bon mot შევახსენე: “საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით განხორციელების (რაც არ მომხდარა) შემთხვევაშიც კი, რა სარგებლობას მოუტანს მილიონობით ადამიანს წერა-კითხვის დაუფლება, თუკი მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს, რა უნდა წაიკითხონ მათ პრუსიაში ან რუსეთში?” ან კიდევ – კუბაზე?.
ინგლისელმა მემარჯვენეებმა არაფერი იციან კუბის შესახებ (“მითხარით, – მკითხა ერთმა ინტელექტუალმა კონსერვატორმა, – “არსებობს თუ არა აზრის გამოთქმის თავისუფლება კუბაზე?”), მაგრამ, დამიჯერეთ, ინგლისელი მემარცხენე ჯენტლმენები ასეთსავე სულელურ შეკითხვებს მისვამენ, რომლებშიც პოლიტიკური გულუბრყვილობა და იდეოლოგიური უმეცრება გამოსჭვივის. ისინი ხშირად მეკითხებიან, როგორ ფუნქციონირებს “სამიზდატი” ჰავანაში და რას საქმიანობენ კუბელი დისიდენტები. მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ “სამიზდატი” სამოციანი წლების ტიპურად საბჭოთა ფენომენია და ამჟამად მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ახლანდელი საბჭოთა მთავრობა მას არ კრძალავს. იგივე შეიძლება ითქვს საბჭოთა დისიდენტების, ხრუშჩოვის “შვილიშვილებისა” ან ბრეჟნევის “შვილების” შესახებ, რომლებსაც ნება დართეს, ემიგრაციაში წასულიყვნენ ევროპასა და ამერიკაში, მაშინ, როდესაც სტალინი მაშინვე გააციმბირებდა. არიან თუ არა დისიდენტები აღმოსავლეთ გერმანიაში ან ბულგარეთში? არ არიან, უბრალოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნების კომუნისტური მთავრობები თავს უფლებას არ აძლევენ, დისიდენტები იყოლიონ. იმ ჩეხ მწერლებს, რომლებიც არ ემორჩილებიან კომუნისტების მოთხოვნებს, აპატიმრებენ. არიან თუ არა დისიდენტები ალბანეთში? რა თქმა უნდა, არა. სამწუხაროდ, კუბა ლათინური ამერიკის ალბანეთად იქცა, რაც შემზარავი ოქსიმორონია, მაგრამ ეს უცხოეთში ცოტამ თუ იცის – პოლიტიკური ჯოჯოხეთი უცხოელთა უმეცრების ქვაფენილითაა მოგებული. ჰოლოკოსტის შესახებ სრული ინფორმაცია მხოლოდ ომის შემდეგ გახდა ცნობილი. გულაგების შესახებ მარტოოდენ სტალინის სიკვდილის შემდეგ შევიტყვეთ. კასტროს მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებები ცნობილი გახდება მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ. მაშინ ყველა შეიტყობს იმ რეჟიმის ჭეშმარიტ არსს, რომლის სათავეშიც დგას უსაზღვროდ ცბიერი და გაიძვერა კაცი, ძალაუფლებისმოყვარე ეგოისტი და მანიაკი, რომელიც ამინის წვეროსანი თეთრკანიანი ორეულია. შემთხვევითი არაა, რომ ის კუბის მთავარსარდალია, პარტიის გენერალური მდივანი და მუდმივი პრეზიდენტი. კასტროს, აგრეთვე, მოსწონს, როდესაც დოქტორს უწოდებენ, თუმცა, არსებითად, სხვა არაფერია (კვლავ ამინის მსგავსად), თუ არა უნიჭო მსახიობი, რომელიც მაკბეტის როლს თამაშობს ამერიკის მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე.
მაგრამ როდესაც 1959 წლის იანვარში ფიდელ კასტრო პირველად შევიდა ჰავანაში ვეება ქრისტეს მსგავსად (ასე წერდა – სიყვარულით – სევერო სარდუი პარიზში), ზოგიერთი ჩვენგანი მას ახალგაზრდა წვეროსან კანონდამრღვევად მიიჩნევდა, რომელიც ისტორიის ნისლიდან მოგვევლინა. მაგრამ კანონდამრღვევი კანონმორჩილად არ ქცეულა. ის თვითონ აღასრულებდა კანონს: მესია ყოველთვის ატარებდა იარაღს თეძოზე. როდესაც კასტრო ბატისტას შეენაცვლა, კუბაზე ცხოვრობდა სამი შესანიშნავი ხანდაზმული მწერალი: ორი პოეტი და ერთი ბელეტრისტი. ისინი ფრანგული ლიტერატურის მძლავრ გავლენას განიცდიდნენ. ამ წმინდა (და ბიწიერ) სამებას შეადგენდნენ ხოსე ლესამა ლიმა (1910-1976), ნიკოლას გილიენი (1902 -1989) და ვირხილიო პინიერა (1912-1979). ლესამა და გილიენი პოეტები იყვნენ – პირველი მათგანი პოპულარული და პოპულისტიც კი, მეორე – არაპოპულარული და ჰერმეტული. მოგვიანებით ლესამამ ყველა გააკვირვა იმით, რომ 1966 წელს გამოაქვეყნა თავისი შედევრი “სამოთხე”. ამ რომანმა, რომელიც აღსარებაცაა და მოგონებაც, სკანდალური წარმატება მოიპოვა კუბაზე, რადგან პედერასტიის სცენებს შეიცავს. ვირხილიო პინიერა იყო ნოველისტი, რომანისტი და დრამატურგი – ზოგჯერ, პოეტიც. მულატი ნიკოლას გილიენი, რომელიც ოციან წლებში წერდა “ზანგურ პოეზიას”, ლორკას გავლენას განიცდიდა. მოგვიანებით, ოცდაათიან წლებში, ის წერდა ეგრეთ წოდებულ სოციალურ პოეზიას და, თავისდა საუბედუროდ, კუბის კომუნისტური პარტიის წევრიც გახდა. გილიენს ჭეშმარიტად პოეტური ნიჭი ჰქონდა. არსებითად, სეზარ ვალეხოსა და პაბლო ნერუდასთან ერთად, ის ლათინური ამერიკის ყველაზე სახელგანთქმული პოეტი გახლდათ და რამდენჯერმე იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე.
კუბის ლიტერატურის მეოთხე თვალსაჩინო წარმომადგენელი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა პარიზში, სანამ ნაცისტებმა არ აიძულეს, საფრანგეთი დაეტოვებინა. მას ალეხო კარპენტიერი (1904-1980) ერქვა. კარპენტიერი ჰავანაში დაიბადა, მამა ფრანგი ჰყავდა, დედა კი – რუსი. თავიდან არქიტექტურას სწავლობდა, მაგრამ სწავლა არ დაუმთავრებია. უყვარდა poesia negra, შესანიშნავი მუსიკათმცოდნე იყო და, ბოლოს, ლიტერატურულ შემოქმედებას მიჰყო ხელი. ეს მოხდა მხოლოდ 1946 წელს, როდესაც კარპენტიერი ვენესუელაში გადავიდა და თავისი მართლაც საინტერესო რომანების წერა დაიწყო. კარპენტიერსა და კუბას რაღაც სპეციფიკური სჭირდათ: კარპენტიერს უყვარდა კუბა, მაგრამ კუბას არ უყვარდა ის. ჰავანაში კარპენტიერი მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, საზღვარგარეთ კი ბრწყინვალე რომანებს წერდა. პარიზში ლიბრეტოც შეთხზა ედგარ ვარეზის ოპერისთვის. ამის შემდეგ ძალზე თავდაჯერებული გახდა, ვარეზის ყაიდაზე. 1940 წელს ის კუბის რადიოში ჟურნალისტად მუშაობდა, ხოლო ორმოციანი წლების ბოლოს და ორმოცდაათიან წლებში – ვენესუელაში – თავისი საუკეთესო ნაწარმოებები დაწერა. იმ დროისთვის კარპენტიერი ვენესუელის მოქალაქე იყო. სამწუხაროდ, კარპენტიერმა იქ მოაწყო ინტერნაციონალური მუსიკის ფესტივალიც, რომელიც ბატისტას ვენესუელელმა ორეულმა, პერეს ხიმენესმა დააფინანსა. კუბაზე სამუდამოდ დაბრუნებული (მას შემდეგ რაც რევოლუციური მთავრობის პოზიციები გამყარდა) კარპენტიერი ჩინოვნიკად (ქალაქის ერთადერთი გამომცემლობის მენეჯერად) მუშაობდა. მოგვიანებით მწერალი გაგზავნეს პარიზში (მისი დამსახურების სანაცვლოდ), სადაც მეჩვიდმეტე რაიონში ცხოვრობდა. იქ კარპენტიერს არც ერთი რომანი აღარ შეუქმნია – თუმცა გამოაქვეყნა, სულ ცოტა, ხუთი წიგნი, რომელთა გარეკანზე “რომანი” ეწერა.
კარპენტიერი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ესწრაფვოდა ორი მიზნის განხორციელებას: რომანის წერის ხელოვნების დაუფლებას და ნობელის პრიზის მოპოვებას, რამაც ბოლოს იმსხვერპლა ის. როგორც ფრანგები ამბობენ “ადამიანი ყველაზე სწრაფად კვდება მაშინ, როდესაც იძულებულია, ემსახუროს ქვეყანას”. საწყალი კარპენტიერი ოცი წლის განმავლობაში ემსახურებოდა იმას, რისიც არ სწამდა. ბოლოს, როდესაც კიბოთი კვდებოდა, ყოველ დილას წერდა, შემდეგ საუზმობდა, ზოგჯერ კი სადილობდა გამოჩენილ ფრანგ მწერლებთან ერთად, გარდა სარტრისა, რომელიც ქირდავდა მას, როგორც ორი ბატონის მსახურს. ამ პერიოდში კარპენტიერი მხატვრული თვალსაზრისით ძალზე მდარე, თუმცა კი სავსებით “სწორი” პოლიტიკური მიზანდასახულების მქონე წიგნებს წერდა, რათა ჰავანისთვის ესიამოვნებინა და პარიზში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონოდა. ნობელის პრემია არ მიუღია. სიკვდილმა დაასწრო.
ასეთები იყვნენ კუბის ლიტერატურის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები, როდესაც თავის ჩამპალ კბილებამდე შეიარაღებული ფიდელ კასტრო მთებიდან ჩამოვიდა (იმხანად ის დაგლეჯილ მომწვანო ტანსაცმელს ატარებდა, ახლა კი გენერლის უნიფორმა აცვია და ქათქათა კბილები აქვს ჩასმული). ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენელთაგან, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და კუბელებად დარჩნენ, დავასახელებ ბალერინა ალისია ალონსოს, მხატვარ ვილფრედო ლამს და ორ თვალსაჩინო მუსიკოსს – ამადეო როლდანს და ალეხანდრო გარსია კატურლას. ვფიქრობ, ისინი ბევრად უფრო ნიჭიერი კომპოზიტორები იყვნენ, ვიდრე – ბრაზილიელი ვილალობოსი და მექსიკელი კარლოს ჩავესი. ორივე ძალიან ადრე გარდაიცვალა. საზღვარგარეთ მათ არ იცნობდნენ, თუ არ ჩავთვლით ისეთ recherché[2] მუსიკალურ წრეებს, როგორებიცაა ნადია ბულანჟეს ირგვლივ გაერთიანებულ მუსიკოსთა ჯგუფი პარიზში და ჯონ კეიჯის ეპიგონები ყველგან. როლდანი, რომელიც, ასევე, შესანიშნავი დირიჟორი გახლდათ, 39 წლის ასაკში კანის კიბოთი გარდაიცვალა. სახე იმდენად ჰქონდა დამახინჯებული, რომ ბოლო კონცერტებზე იძულებული იყო, შავი აბრეშუმის ნიღბით ასულიყო დირიჟორის პოდიუმზე. კატურლა, პროვინციელი ადვოკატი, რომელიც მუსიკას იმ წუთებშიც თხზავდა, როდესაც მოსამართლის სავარძელში იჯდა, მოკლა თავდებით გათავისუფლებულმა ქურდმა, რომელსაც კატურლამ წინა დღეს განაჩენი გამოუტანა. ბედის ირონიით, ეს ქურდი ამნისტიით არ გაათავისუფლეს და ციხეში მოკვდა – არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსამართლის სიცოცხლე შეიწირა, არამედ იმის გამოც, რომ დიდი კატურლა მოკლა.
ქალბატონი ალონსო “ამერიკის საბალეტო თეატრის” პრიმა-ბალერინა გახლდათ ამ დასის ჩამოყალიბების დღიდან, რაც ორმოციანი წლების დასაწყისში მოხდა. როდესაც ალონსომ გადაწყვიტა კუბაზე დაბრუნებულიყო და შეექმნა კუბის ეროვნული ბალეტი, ის დააფინანსა ადგილობრივმა ლუდსახარშმა ქარხანამ, მოგვიანებით კი – ბატისტას მთავრობამ, რომლის აზრით, სახელგანთქმული ბალერინა კარგ რეკლამას გაუწევდა ბატისტას (თუმცა დიქტატორს სძაგდა ბალეტი). მოგვიანებით ბალერინა რევოლუციამ “იშვილა”. სამოცდაათი წლის ალონსო აქამდე ცეკვავს. იმ ხელოვანთა შორის, რომლებიც ზემოთ ვახსენე, მხოლოდ ალონსომ მიიღო სწავლა-განათლება შეერთებულ შტატებში და მიეკუთვნებოდა ცეკვის ამერიკულ სკოლას. ამჟამად მისი საბალეტო დასი ცეკვავს à la russe [3] – თავისი პრიმა-ბალერინასგან განსხვავებით. შესაძლოა, ზოგიერთმა ფრანსის პიკაბია ან ანაის ნინი კუბელებად არ მიიჩნიოს. ისინი, უბრალოდ, დაიბადნენ კუბაზე, მაგრამ გაიზარდნენ საფრანგეთში, სადაც სახელი გაითქვეს – როგორიც უნდა ყოფილიყო ეს სახელი. ისეთივე კუბელები იყვნენ, როგორც ჟოზე მარია ერედია, რომელიც საუკუნის დასაწყისში ოცნებობდა მშობლიური სანტიაგო დე კუბას მარჯნის რიფების, ლაჟვარდოვანი ზღვებისა და მწვანე ბორცვების შესახებ, მაგრამ ყოველივე ამის შესახებ ალექსანდრიული ლექსით წერდა პარიზში. იტალო კალვინოც ჰავანის მახლობელ სოფელში დაიბადა, მაგრამ რომში გაიზარდა. ამასთან, არიან შესანიშნავი მწერლები, რომლებიც კუბაზე დაიბადნენ და აქვე ცხოვრობდნენ, იმ მხატვრების მსგავსად, რომლებმაც ორმოციან წლებში ფერწერის ადგილობრივი სკოლა შექმნეს და რომელთა ნამუშევრებსაც მთელი მსოფლიოს მუზეუმებში იხილავთ. ერთ-ერთი მათგანია ფიდელიო პონსე დე ლეონი – იმ ესპანელი კონკისტადორის შთამომავალი, რომელმაც უკვდავების წყაროს ძებნისას ფლორიდა აღმოაჩინა. ის 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. პონსეს ერთ-ერთი საუკეთესო ნახატი ჰკიდია კედელზე კოხტა ბინისა ნიუ-იორკში, რომელიც ფიგურირებს ჰიჩკოკის ცნობილ ტრილერში “თოკი”. მხატვარს, რომელიც განუწყვეტლივ ეკითხებოდა მეგობრებსა და მტრებს, “ნუთუ პარიზში მართლა მიცნობენ?”, არასოდეს უნახავს ეს ფილმი. ის ტუბერკულოზით დაავადდა, სიღარიბეში გარდაიცვალა და ვერ მოესწრო იმ დროს (1948 წელს), როდესაც ჰავანაში “თოკი” აჩვენეს.
რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი კუბელი მოღვაწე გახლდათ ხოსე რაულ კაპაბლანკა, რომელსაც “ჭადრაკის მანქანასაც” უწოდებდნენ. ბევრის აზრით, კაპაბლანკა მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეა. ის მე-19 საუკუნის ბოლოს დაიბადა ჰავანაში და აქვე გარდაიცვალა 1941 წელს. განა ვინმე წარმოიდგენდა, რომ კასტროს რეჟიმი კაპაბლანკას – ამ ცოცხალ ლეგენდას – საკუთარ კაპიტალად აქცევდა? მას ეთაყვანებოდნენ და ფილმებს იღებდნენ მის შესახებ. კაპაბლანკას მოკლე ტრიუმფალური ცხოვრება ის მასალაა, რომელიც გამოყენებულ იქნა პროპაგანდისთვის. ოცი წლის შემდეგ თვით ჩე გევარა იგლოვდა კაპაბლანკას სიკვდილს. შეშლილი კოპელიას როლში[4] გადაღებული ალისია ალონსოს თორმეტი ფოტოსურათი, წარწერითურთ, ალბათ, იმდენად ღირებული არ იყო კომუნისტური კუბისთვის.
არ დამვიწყნია – ან კი როგორ უნდა დამვიწყნოდა – უამრავი მეორეხარისხოვანი პოეტი, ასევე – უხეირო პოეტები, ამაზრზენი პოეტები და უთვალავი ძალზე თავდაჯერებული და უნიჭო ნოველისტი, რომლებიც წარმატებით გამოსცემდნენ თავიანთ თხზულებებს. 1959 წელს “რევოლუციის” (ეს გაზეთი არალეგალურად გამოდიოდა 1956 წლიდან) რედაქტორმა კარლოს ფრანკიმ (რომელმაც იმხანად შექმნა რევოლუციური მინისტრთა კაბინეტი – და ჩვენი ოთხი თუ ხუთი მინისტრი სწორედ მას უნდა უმადლოდეს თავიანთ თანამდებობას და არა ფიდელ კასტროს) გადაწყვიტა, რომ გაზეთს ლიტერატურული დამატება უნდა დართვოდა. ასე დაიბადა “ლუნესი” – ზოგჯერ გულუბრყვილო ბავშვი, ზოგჯერ – სატანა, ბოლოს კი – განტევების ვაცი. 1949 წლიდან ჟურნალისტურ საქმიანობას ვეწეოდი, 1954 წლიდან კინოკრიტიკას მივყავი ხელი და გახლდით მთავარი რედაქტორი “პამფლეტებისა”, რომელსაც პოპულარობის მიხედვით მეორე ადგილი ეკავა კუბასა და კარიბებზე. “ლუნესის” რედაქტორად დამნიშნეს და ეს იყო თითქმის ფატალური შეცდომა, რომელიც აისახა ჩემი ყველა თანამშრომლის ბედზე.
“რევოლუციის” ხმა თავდაპირველად “26 ივლისის მოძრაობის” იატაკქვეშეთიდან გაისმოდა. ამ ორგანიზაციამ გაცილებით უფრო არსებითი როლი შეასრულა ფიდელ კასტროს კარიერაში, ვიდრე – უბადრუკმა პარტიზანულმა ომმა. შემდგომში უკვე ოფიციალურად გამოცემული “რევოლუცია” იქცა ძალზე გავლენიან გაზეთად, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი იყო ხელისუფლებისა და, ზოგადად, კუბის პოლიტიკური ცხოვრების ყველა საიდუმლო. უფრო მეტიც, ის ძალზე დიდი ტირაჟით გამოიცემოდა კუბაში – იმ იმხანად შვიდმილიონიან ქვეყანაში. ყოველივე ამით ისარგებლა “ლუნესმაც”, პირველმა ლიტერატურულმა ჟურნალმა ლათინურ ამერიკასა და ესპანეთში, რომლის ტირაჟი თითქმის 200 000 ეგზემპლარს აღწევდა. “ლუნესი” ძალზე საინტერესო იყო – და არა მარტო ლიტერატურული თვალსაზრისით.
ჩემი, როგორც რედაქტორის პირველი შეცდომა იყო ის, რომ მოვინდომე პოლიტიკური ცოცხით გამეხვეტა კუბის ლიტერატურული თავლა. ამას ინკვიზიცია და მწერალთა ტერორი უწოდეს. ჟურნალმა, რომელსაც უნდა გაემართლებინა მთავრობის ნდობა და ხელი შეეწყო “26 ივლისის მოძრაობის” პოლიტიკური პრესტიჟისთვის, მართლაც რომ გააცამტვერა – ან დავიწყებას მისცა – ბევრი მწერალი. ჩვენი კატეხიზმო იყო სიურრეალისტური კრედო, ესთეტიკა კი ტროცკისტული პოლიტიკის იდეებით საზრდოობდა. მათი ნაზავი უხეირო მეტაფორას წააგავდა, მაგრამ მაგარი სასმელივით გვათრობდა. მაქსიმალური ძალის პოზიციიდან ვაკრიტიკებდით იმ მწერლებს, რომლებსაც საპატიო ადგილი ეკავათ ჩვენს ლიტერატურაში. ასე მოვექეცით, მაგალითად, ლესამა ლიმას, უბრალოდ, იმიტომ, რომ მის ლექსებში იგრძნობოდა გონგორას და მალარმეს “ძირგამომპალი” იდეოლოგიების ზეგავლენა, რომლებიც ამჟამად ჰავანაში კათოლიციზმის ერთგვარ სახესხვაობას დაედო საფუძვლად. ჩვენ, ფაქტობრივად, ვცდილობდით გაგვენადგურებინა ლესამა, როგორც პიროვნება. ამავე დროს ჟურნალი ხოტბას ასხამდა და ვერგილიუსს ადარებდა ლესამას თაობის მწერალს – ვირხილიო პინიერას. ღატაკი პინიერა, რომელიც ყოველთვის პარია იყო საკუთარ სამშობლოში, ჩვენს თვალში უსაყვარლესი მამის სიმბოლოდ იქცა. მეორე შეცდომა. მართალია, პინიერა შესანიშნავი ნოველისტი გახლდათ, რომლის ნაწარმოებები ბორხესმა თავის ანთოლოგიაში შეიტანა, ასევე – გენიალური დრამატურგი (მან დაწერა პიესა აბსურდის თეატრის სტილში მაშინ, როდესაც იონესკოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დადგმული “მელოტი პრიმადონა” , ხოლო ბეკეტს არ ჰქონდა დაწერილი “გოდოს მოლოდინში”) და კარგი პოეტი, მაგრამ ვირხილიო, თავისი ერთ-ერთი რომანის გმირის მსგავსად, პედერასტი გახლდათ. ეს კუბელი კოქტო ცნობილი იყო არა მარტო თავისი პიესებით, არამედ – თავისი საყვარლებითაც. პარიზში ამის შესახებ მხოლოდ იჭორავებდნენ, მაგრამ რევოლუციურ ჰავანაში ითვლებოდა, რომ პედერასტები აქ არ უნდა გაეჭაჭანებინათ. მესამე ცოდვა: “ლუნესის” ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანთაგან თითოეული თავისებურად აღიქვამდა რევოლუციას: სიურრეალისტი ემიგრანტი პოეტი ბარაგანო ჰავანაში დაბრუნდა პარიზიდან, სადაც თვით ანდრე ბრეტონთან მეგობრობდა. ის ჩვენი ნებიერა გახლდათ; ებერტო პადილია დაბრუნდა ემიგრაციიდან (ნიუ-იორკიდან) და მსუბუქ, მაგრამ სარკასტულ ლექსებს წერდა; პადილია გავლენიანი პოეტი იყო “ლუნესში”. ბარაგანოც და პადილიაც ემტერებოდნენ ძველ თაობას, რომლის უმრავლესობა, ისევე, როგორც ლესამა, ბატისტას დროს და მანამდეც სახელმწიფო სამსახურში იმყოფებოდა; კალვერტ კეისი, რომელიც, მისი ამერიკული წარმომავლობის მიუხედავად, არა მარტო კუბელი, არამედ ნამდვილი habanero[5]-ც გახლდათ, დახვეწილ ჰომოსექსუალურ პროზას წერდა, თანაც მულატი საყვარელი ჰყავდა; ანტონ არუფატი პინიერას მოწაფე იყო – და არა მარტო დრამატურგიაში; პაბლო არმანდო ფერნანდესს, უნიჭო პოეტს, მაგრამ ძალიან კარგ დიპლომატს, შეეძლო ეხსნა ჩვენი ჟურნალი ნებისმიერი კრიტიკული თავდასხმისგან. ის ჩვენი პაწაწინა წმ. სებასტიანი, მოძრავი სამიზნე იყო. ფერნანდესი ჯერ კიდევ კუბაზე ცხოვრობს, ჯერ კიდევ დიპლომატია, მაგრამ პოეტი აღარაა – არც უხეირო და არც არავითარი; ოსკარ ჰურტადო, ასევე, ნიუ-იორკიდან დაბრუნდა კუბაზე. ეს გოლიათური აღნაგობის, სპილოს მსგავსი, ძალზე სიტყვაძუნწი პოეტი გარდაიცვალა ღარიბთა თავშესაფარში, სადაც დიდხანს იტანჯებოდა ტვინის ანევრიზმისგან. “ლუნესს” თვალყურს ადევნებდნენ უშიშროების სამსახური, კონტრდაზვერვის სამსახური და პოლიცია. თუმცა მწეველი ვიყავი, მშვიდობის ჩიბუხი არ მომიწევია მათთან, რადგან იმხანად მხოლოდ სიგარებს ვეწეოდი. როგორც ხედავთ, მე ვიყავი კაპიტანი გემისა, რომელიც დაკომპლექტებული იყო მანიაკალურ პედერასტთა ჯგუფით (ცოტაც მოიცადეთ და ნახავთ, რატომ შეასრულა ამ ფაქტმა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ ჟურნალი დახურეს), ანუ “რჩეული უმცირესობით”, როგორც ჩე გევარა გვიწოდებდა, ხოლო კაპიტანმა (ალბათ, მიოპიის გამო) გვიან, გვიან შეამჩნია ავისმომასწავებელი სიგნალები. არსებითად, ძალზე გვიან, მაშინ, როდესაც დავეჯახეთ იმას, რაც, უბრალოდ, პატარა ტალღა გვეგონა, მაგრამ სინამდვილეში ტოტალიტარული აისბერგის წვერი გახლდათ. “ლუნესს” ტიტანიკი უნდა რქმეოდა, რადგან ძალიან მალე აღმოვჩნდით ღრმა, ყინულოვან წყალში. სანამ ჩავიძირებოდით, მივხვდი, რომ ვცდილობდით, შემეცნებადი და, მაშასადამე, საარსებოდ ვარგისი გაგვეხადა რევოლუცია. ორივე ამოცანა განუხორციელებელი აღმოჩნდა.
მაგრამ თავდაპირველად “ლუნესის” პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა. მალე შევქმენით გამომცემლობა, რომელმაც პირველად გამოსცა წიგნი “პოეზია. ყოფიერების რევოლუცია”, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე, მისმა ავტორმა, ხოსე ბარაგანომ (იმხანად პარიზელმა სიურრეალისტმა) წიგნს დაარქვა “ყოფიერება – არარაა”. 1960 წელს ლექსების ამ კრებულში ასახული იყო წინამორბედი ოცი წლის ყველა სიურრეალისტური ფორმულა, მაგრამ ახლა უმღერდა რევოლუციისა და სიკვდილისთვის ყოფიერებას. თუმცა, ახლა, არარას ნაცვლად, ყველაფერს სთავაზობდა მკითხველს. ოპორტუნიზმო, პოეზია უნდა გერქვას შენ. დაგვითმეს, აგრეთვე, ერთი საათი (მაქსიმალური დრო) ტელევიზიაში, მემარცხენეთა არხზე. ჩამოვაყალიბეთ ჩამწერი კომპანიაც. ჩვენი გამომცემლობა ერთადერთი დამოუკიდებელი მემარცხენე გამომცემლობა იყო კუბაზე, ყველაფერი დანარჩენი უკვე ნაციონალიზებული გახლდათ. მაგრამ ამ კერძო გამომცემლობას არავითარი პრივილეგია არ ჰქონდა. ის, ფაქტობრივად, ისეთივე ავბედითი იყო, როგორც – კვამლის სიგნალი პარიზში, აპაშების რაიონში. სწორედ იმ დროს დავუშვი შეცდომა, რომელსაც საბოლოოდ ბედნიერი დასასრული ჰქონდა: დავეხმარე ჩემს ძმას, საბას, დაესრულებინა დოკუმენტური ფილმი, რომელსაც კინემატოგრაფისტ ორლანდო ხიმენესთან ერთად იღებდა. ფილმის სახელწოდებად (გარკვეული მიზეზების გამო) მათ შეარჩიეს P.M.[6], ეს სახელწოდება გულისხმობდა, რომ უნდა გადაეღოთ ღამის ჰავანა: კამერა გვიჩვენებდა პატარა კაფეებს, ბარებსა და ლუდხანებს, რომლებსაც სტუმრობდნენ ჩვეულებრივ ადამიანები, ჩვეულებრივი კუბელები – მუშები, მაწანწალები, ყველა სქესისა და რასის მოცეკვავეები. მომეწონა ჩანაფიქრი, რადგან ეგრეთ წოდებული თავისუფალი კინო ახალი ხილი იყო კინემატოგრაფიაში და კუბაზე მას პრაქტიკულად არ იცნობდნენ. ამიტომ ყმაწვილებს გარკვეული თანხა მივეცი, რომელიც საჭირო იყო დოკუმენტური ფილმის მონტაჟისთვის, ორი-სამი ასლის დასაბეჭდად და სახელწოდების მოსაფიქრებლად. ყოველივე ამის შესახებ კინოინსტიტუტისთვის – ესე იგი, ბიუროკრატიული აპარატისთვის – არაფერი შეგვიტყობინებია, მაგრამ არავისთვის არაფერი დაგვიმალავს. “ლუნესმა” მოიპოვა საგანგებო უფლება, ეჩვენებინა ფილმი თავის ტელეპროგრამაში, როგორც კი ის მზად იქნებოდა. ფილმი დაუბრკოლებლად ვაჩვენეთ. ჩვენს ტელევიზიაში არავითარი ცენზურა არ არსებობდა. ისევე, როგორც ჟურნალში, საკუთარი თავის ბატონ-პატრონები ვიყავით. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ რევოლუციის გაზეთის გამომცემლები ვიყავით და ხალხის თვალსაზრისს გამოვხატავდით. მაგრამ, ბუნებრივია, სანახაობას მაყურებლები სჭირდება და კინემატოგრაფისტებს სურდათ ეჩვენებინათ თავიანთი პატარა ფილმი ცოცხალი აუდიტორიისთვის. ძველი ჰავანის ორი თუ სამი კინოთეატრი ჯერ კიდევ არ იყო ნაციონალიზებული და ერთ-ერთ მათგანში დოკუმენტურ ფილმებს აჩვენებდნენ. კინოთეატრის მეპატრონე დათანხმდა, ეჩვენებინა ფილმი. ამის შემდეგ ნებართვა უნდა აგვეღო კონტროლის კომისიისგან, რათა ფილმი საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა. ეს კომისია ცენზურის ქვეგანყოფილება იყო, რომელიც ბატისტას დროსაც არსებობდა და ბატისტას დამხობის შემდეგაც – აქ შეიძლებოდა გენახათ “მატარებლის გაქურდვა” და ედისონის “კოცნა”. წარსულში ცენზურის სამსახურმა ერთადერთი რამ შეძლო – ცოტათი შეკვეცა შიშველი უკანალებისა და ძუძუების მაჩვენებელი კადრები ფრანგულ ფილმებში, რომლებიც პორნოფილმები არ იყო, მაგრამ იმხანად “ჰარდკორად” მიიჩნეოდა. ახლა თვით ეს სამსახური ექვემდებარებოდა კინემატოგრაფიის ინსტიტუტს – სახელმწიფო მონოპოლიას, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს, რაც ფილმებს ეხებოდა. კუბის კინოინსტიტუტი ფლობს ყველა თეატრს – და კამერით მომენტალური ფოტოსურათების გადაღებაც რომ გინდოდეთ, ფირის შესაძენად მას უნდა მიაკითხოთ. რაც არსებითია, კინოინსტიტუტი მტრობდა “ლუნესს”, რომელსაც დეკადენტურ, ბურჟუაზიულ, ავანგარდისტულს და (რაც ყველაზე საშიში ეპითეტია კომუნისტური მეტსახელების კატალოგში) კოსმოპოლიტურ ჟურნალს უწოდებდა. ჩვენ კი მათ უმეცარ, უბადრუკ ბიუროკრატებად მივიჩნევდით. კინოინსტიტუტის დირექტორი ალფრედო გევარა (არ ენათესავებოდა ჩე გევარას) ყველაზე უარესი კომუნისტური კომისარი იყო, რომელსაც კი საქმე ჰქონია ფილმებთან (სტალინის კრეატურის, შუმიაცკის გარდა). კინოინსტიტუტში P.M-.ის მიტანა ისეთივე გულუბრყვილო და გაბედული ნაბიჯი იყო, როგორც, მაგალითად, წითელქუდას მგლის ხახაში რომ შეეყო თავი. მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაგვედგა. რამდენიმე ხნის შემდეგ “რევოლუცია” მოკვდა, შემდეგ კი კვლავ გაცოცხლდა “გრანმას” სახელწოდებით – და, რა თქმა უნდა, მაშინვე დაგვიკრაჭუნა თავისი დიდი კბილები. მიუხედავად ამისა, არ მოველოდით, რომ ასე მწარედ გვიკბენდა. კონტროლის კომისიამ არა მარტო არ მოიწონა P.M., არამედ აკრძალა კიდეც ფილმი, რომელიც, მისი აზრით, კონტრრევოლუციური, საშიში და უზნეო იყო. უფრო მეტიც, კომისიის თანამშრომლებმა ფილმის ასლი ცენზურის სამსახურში გაგზავნეს. ამას ვეღარ მოვინელებდით, თუნდ საფაღარათო საშუალება დაგველია. მოსალოდნელი იყო მწვავე კონფლიქტი კინოინსტიტუტთან, რომელიც ხელჩართული ბრძოლით უნდა დამთავრებულიყო. ფილმი აკრძალეს 1961 წლის ივნისში, იმ პერიოდში, რომლისთვისაც შეგვეძლო დაგვერქმია ინტერვალი ორ ომს შორის. იმავე წლის აპრილს “ღორების ყურეში” გადმოსხდა საზღვაო დესანტი, რომელიც 48 საათში იქნა უვნებელყოფილი. ფიდელ კასტრომ სასწრაფოდ გამოაცხადა კუბა სოციალისტურ რესპუბლიკად. ეს იყო ხელსაყრელი პერიოდი კომუნისტური პარტიისთვის (ამჟამად ეს პარტია გაერთიანებულია “26 ივლისის მოძრაობის” ნაშთებთან და რევოლუციური დირექტორიის აჩრდილთან ერთადერთ პარტიაში, სახელწოდებით Organizaciones Revolucionarias Integradas[7]). კულტურის კომიტეტმა გადაწყვიტა მოეწყო მწერალთა ყრილობა ჰავანაში და მოეწვია რამდენიმე უცხოელი ცნობილი მწერალიც, მაგალითად, ნატალი საროტი, რომელიც სიმპათიით იყო განწყობილი რევოლუციის, მაგრამ არა – კომუნისტების მიმართ. “ლუნესი” კი აქტიურად აგროვებდა ხელმოწერებს P.M.-ის სეკვესტრირების წინააღმდეგ. ყოველივე ამას უფრო მნიშვნელოვანი შედეგები უნდა მოჰყოლოდა, იმ შემთხვევაში, თუკი კომუნისტური ყრილობა ჩატარდებოდა.
როდესაც კულტურის კომიტეტში მივედით, მისი წევრები დაფრთხნენ და გვთხოვეს, თუ შეიძლება, მანიფესტად არ გადააქციოთ განცხადება კინოინსტიტუტის წინააღმდეგ და საჯაროდ არ გამოაქვეყნოთო. თავის მხრივ, ისინი დაგვპირდნენ, რომ ყრილობას გადაავადებდნენ და ჩვენს ბინძურ თეთრეულს აქვე კი არ გარეცხავდნენ, არამედ – ყველა ფრაქციის შეხვედრაზე, რომელსაც დაესწრებოდა ფიდელ კასტრო და თითქმის მთელი მთავრობა. ეს იყო ამ მზაკვარი ადამიანების მიერ დაგებული მახე. მათ მოსთხოვეს ყველა ინტელექტუალს, მონაწილეობა მიეღოთ ამ შეხვედრებში. შეხვედრები სამი კვირის განმავლობაში ტარდებოდა ყოველ პარასკევს, ეროვნული ბიბლიოთეკის ვრცელ დარბაზში, ბატისტას მიერ აგებულ ხელოვნების სასახლეში, რომელსაც რევოლუცია დაეპატრონა. პირველი შეხვედრის დღე საბედისწერო იყო. ტრიბუნაზე იდგნენ ფიდელ კასტრო, პრეზიდენტი დორტიკოსი (მოგვიანებით გადაყენებული), განათლების მინისტრი, მისი ცოლი ჰაიდე სანტამარია (“ამერიკის სახლის” ხელმძღვანელი, რომელმაც მოგვიანებით თავი მოიკლა), კარლოს რაფაელ როდრიგესი – იმხანად გავლენიანი კომუნისტური ლიდერი, მისი ყოფილი ცოლი ედიტ გარსია ბუჩაკა (იმხანად კომუნისტური კულტურული აპარატის ხელმძღვანელი, რომელსაც მოგვიანებით თხუთმეტწლიანი საშინაო პატიმრობა მიესაჯა), კულტურის საბჭოს ხელმძღვანელი ვისენტინა ანტუნა, რომელიც ბუჩაკას პოლიტიკური ხიბლით იყო მონუსხული, ალფრედო გევარა, – არა ჩე გევარა, არამედ ტროპიკული მაკიაველი, რომელიც რჩევებს აძლევდა არა მარტო პრინცს, არამედ – მეფესაც; აგრეთვე – განტევების ვაცები და კრავები, რომლებიც ხახაში ჩაუყარეს ლომებს: “რევოლუციის” რედაქტორს, კარლოს ფრანკის და მე, როგორც “ლუნესის” რედაქტორს.
პრეზიდენტმა დორტიკოსმა (იმჟამად მას ეგონა, რომ პრეზიდენტი იყო) გახსნა შეხვედრა, რომელიც სასამართლოდ უნდა ქცეულიყო და რიხიანად გამოაცხადა, რომ შეკრებილთაგან თითოეულს შეეძლო გამოსულიყო და თავისუფლად გამოეთქვა თავისი აზრი. არავინ გამოვიდა. პოლიტიკური ძალაუფლების ამგვარი არსენალის ხილვამ ჩვენ, ფაქტობრივად, შეგვაკრთო და დაგვამუნჯა. უეცრად წამოდგა თაგვისფერთმიანი კაცი, რომელიც ჰომოსექსუალს წააგავდა და მთრთოლვარე ხმით განაცხადა, რომ სიტყვით გამოსვლა სურდა. ეს იყო ვირხილიო პინიერა. მან აღიარა, რომ ძალიან ეშინოდა, პანიკურ მდგომარეობაშიც კი იყო, შემდეგ კი დასძინა, ვფიქრობ, ამ შიშს გავუმკლავდებიო. ისე გამოიყურებოდა, თითქოს რევოლუციამ დააფრთხო, თუმცა, აშკარად გულისხმობდა მხოლოდ ამდენი ეგრეთ წოდებული ინტელექტუალის ხილვას. შესაძლოა, აგრეთვე, რომ ის გულისხმობდა შიშს, რომელსაც სტალინი ან კასტრო ერქვა. ვირხილიოს მეტი არაფერი უთქვამს და თავის ადგილას დაბრუნდა. არავის ჰქონდა უფლება, ადგილიდან ელაპარაკა: იმისთვის, რათა გელაპარაკათ (როგორც პრეზიდენტმა დორტიკოსმა ღრიალით გამოაცხადა თავის გამოსვლაში) უნდა მისულიყავით მიკროფონთან ავანსცენაზე და მიტრიალებულიყავით დამსწრე საზოგადოებისკენ, ისე, რომ ზურგი არ შეგექციათ კასტროსთვის. მომდევნო გამომსვლელნი ბორძიკით ლაპარაკობდნენ, ისე, როგორც, ჩვეულებრივ, მეტყველებდა კალვერტ კეისი.
უეცრად ყველა (განსასჯელები, პროკურორი, ნაფიცი მსაჯულები, მოსამართლე და მოწმეები) მიხვდა, რომ ესწრებოდნენ სასამართლოს, რომელსაც არა მარტო “ლუნესის”, არამედ P.M.-ისა და, საერთოდ, კუბის კულტურის ბედი უნდა გადაეწყვიტა. ეს იყო კაფკა კუბაზე, პრაღა – ჰავანაში. აქ შეკრებილთა შორის ჩვენი ჟურნალის მოსისხლე მტრები შევნიშნე – და ზოგიერთს საამისო მიზეზიც ჰქონდა. მაგალითად, ერთმა მსუქანმა ქალბატონმა მოგვიტანა რამდენიმე სონეტი, რომლებიც ამგვარი სათაურით გამოვაქვეყნეთ: “ფაშფაშა ქალბატონის სონეტები”. დანტისტი, რომელიც ჩემულობდა, რომ დანტეს უტოლდებოდა ნიჭით და რომლის რომანიც დავიწუნეთ, ტრიბუნიდან გვწყევლიდა, პრივილეგირებულ მკვლელებსა და მარქსისტულ მაფიას გვიწოდებდა. ამ გამოსვლის სანაცვლოდ მან საწადელი აისრულა – ის (ერთგვარი მანუგეშებელი პრიზის სახით) ელჩად დანიშნეს ვატიკანში. ნიშანდობლივია, რომ თვით ფიდელ კასტრომ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. იმან, რომ თეძოზე აღარ ეკიდა თავისი განუშორებელი ცხრამილიმეტრიანი ბრაუნინგი, მომაგონა გებელსის სიტყვები: “საკმარისია, გავიგონო სიტყვა “კულტურა”, რომ მყისვე პისტოლეტს ვტაცებ ხოლმე ხელს”. იმ დღეს კასტრომ წარმოთქვა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიტყვა, ცნობილი არა იმის გამო, რომ რვა საათს გაგრძელდა, არამედ იმიტომ, რომ სხარტი და მიზანმიმართული იყო პირველად მას შემდეგ, რაც ის კუბის პრემიერ-მინისტრი გახდა. კასტროს გამოსვლა ამჟამად ცნობილია სახელწოდებით “სიტყვა ინტელექტუალების მიმართ”. ამ გამოსვლის რეზიუმეს კასტროს მომხრეები მიიჩნევენ რევოლუციური რიტორიკის საუკეთესო ნიმუშად, რომელიც მართლაც რომ სტალინისტურ კრედოს გამოხატავს: “რევოლუცია ჩვენთვის ყველაფერია, – გრგვინავდა ის, ათასი ზევსის მსგავსად, – სიკვდილი რევოლუციის მოწინააღმდეგეებს”. ყველამ ტაში დაუკრა, ზოგიერთმა – გულწრფელადაც. მაგრამ მე ასე არ მოვქცეულვარ. კარგად ვხვდებოდი, რასაც გულისხმობდა ის თავის ლოზუნგში. ეს იყო განაჩენი ვერდიქტის გარეშე.
ამ შეხვედრის შედეგად კინოინსტიტუტმა დაუბრუნა P.M.-ის წართმეული ასლი რეჟისორებს, მაგრამ ცენზურამ აკრძალა ფილმის ჩვენება. “ლუნესიც” დახურეს და ამის მიზეზად საგაზეთო ქაღალდის დეფიციტი მოიმიზეზეს. შემდეგ გამოდიოდა სამი პერიოდული ლიტერატურული გამოცემა: მწერალთა კავშირის ყოველთვიური ჟურნალი “Union Review”, რომელიც კომუნისტური კულტურის საკითხებს აშუქებდა; მწერალთა კავშირის ყოველკვირეული გაზეთი “Gaceta de Cuba”, რომელიც ისე ჰგავდა “ლუნესს”, როგორც აბელი – კაენს; და კულტურის საბჭოს ილუსტრირებული ჟურნალი, რომელიც ძალზე ცდილობდა, “ტატლერს” დამსგავსებოდა, მაგრამ მისი მკრთალი აჩრდილი გახლდათ. მე კი ახალშექმნილი მწერალთა კავშირის ერთ-ერთ (შვიდიდან) ვიცე-პრეზიდენტად დამნიშნეს, ასე რომ, ბედის უკმაყოფილო არ უნდა ვყოფილიყავი. არც ვიყავი. არც არასოდეს ვყოფილვარ. უნდა გითხრათ, რომ ერთი წლის წინ საბჭოთა კავშირში ვიმოგზაურე და შევიტყვე, რა ბედი ეწია ყველა მწერალს, რომლებმაც გაბედეს და სტალინის პოლიტიკით უკმაყოფილება გამოთქვეს, თუნდაც sotto voce[8]-თი. სტალინის ტროპიკული ორეული, თუნდაც წვეროსანი, შეიძლებოდა ტროპიკულად მომაკვდინებელი ყოფილიყო.
ბრიუსელიდან დაბრუნებულმა (პრაღის გავლით) ვირხილიო პინიერამ სწორედ იმხანად ვერ შეძლო, მთხვეოდა კუბის მიწას. მან რამდენიმე ხნის შემდეგ, ადრიან დილით დამირეკა. თავდაპირველად გამიკვირდა, შემდეგ კი გავოგნდი, რადგან ვირხილიო მირეკავდა იმ კონცხზე მდებარე საპყრობილიდან, სადაც ცხოვრობდა. მან მითხრა, იმიტომ დამაპატიმრეს, რომ პასიური “პ.” ვარო. მივხვდი: ვირხილიო გულისხმობდა “პ”-ს, მაგრამ არა პინიერას ან პოეტს, არამედ – პედერასტს. წინა ღამით ჰავანაში პოლიციის საგანგებო რაზმმა დააპატიმრა ყველა, ვინც მეძავს, სუტენიორს ან პედერასტს[9] წააგავდა. პოლიციის ამ ოპერაციას ეწოდა სამი “პ”-ს ღამე. მაგრამ იმ დროს ვირხილიო შორს იმყოფებოდა და თავის საწოლში ეძინა (მისი რწმენით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადრე უნდა დაეძინა და საწოლიდან ადრიან დილას ამდგარიყო). მაშ, როგორ მოხვდა ის საპყრობილეში?
კუბის მთავრობას სძულდა პედერასტები. ხუთი წლის შემდეგ მათ საკონცენტრაციო ბანაკებიც კი გამართეს ჰომოსექსუალებისთვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც კულტურის სფეროსთან ჰქონდა კავშირი. 1971 წელს კულტურისა და განათლების მუშაკთა ყრილობაზე ითქვა, რომ ჰომოსექსუალებს (რომელთაც ამჟამად “სოციალური პათოლოგიით დაავადებულთ” უწოდებენ) არ უნდა დაეკავებინათ ისეთი თანამდებობები, რომლებიც მათ კუბელი ჭაბუკების გარყვნის შესაძლებლობას მისცემდა (რა დააშავეს კუბელმა ბავშვებმა?).
რატომ აიჩემეს ეს “პათოლოგიური” გადახრა? ფიდელ კასტროს შესახებ ამბობენ (მაგალითად, შეერთებულ შტატებში მცხოვრები პედერასტები): mucho macho[10]. მეორე მხრივ, ჩე გევარა ჰომოსექსუალებს ავადმყოფებად მიიჩნევდა, რომლებმაც გზა უნდა დაუთმონ ჯანსაღ “ახალ მამაკაცებს”, კომუნისტური კუბის ჭეშმარიტ შვილებს. ბედის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ მეორე გევარა (ალფრედო) ცნობილი პედერასტი იყო, რომელსაც ფიდელის ღვიძლი ძმა, რაულ კასტრო მფარველობდა. ჩე გევარას სახელით ახლა თავს იწონებს ტანსაცმლის მაღაზია კენსინგტონში. “ახალი მამაკაცი” ჰქვია ჯინსის ნაირსახეობას, რომელიც ერთნაირად გამოსადეგია ბიჭებისა და გოგონებისთვის, მაშინ, როდესაც კუბის საზოგადოებრივ ადგილებში ვიწრო შარვლების ტარება აკრძალულია. ნიუ-იორკში “კასტრო” აღნიშნავს მამაკაცს, რომელსაც განსხვავებული ორიენტაცია აქვს და რომელსაც გორ ვიდალი ახლა “ბისექსუალს” უწოდებს. ბოლოს, ჰომოსექსუალთა სამყაროს ცენტრი სან-ფრანცისკოშია და კასტრო-სტრიტის სახელწოდებითაა ცნობილი. ეს ჰომოსექსუალთა შურისძიების გამოხატულებაა.
პედერასტმა პინიერამ თავი დააღწია საპყრობილეს ედით ბუჩაკას ჩარევის შედეგად, არა გულმოწყალების, არამედ – პოლიტიკური მოსაზრებების გავლენით. ბუჩაკამ იცოდა, რა უსიამოვნო შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჰომოსექსუალი მწერლის დაპატიმრებას. მას წაკითხული ჰქონდა ოსკარ უაილდი და ახსოვდა სტრიქონები:
რედინგის მახლობლად საპყრობილეა,
მასთან კი – სამარცხვინო თხრილი.
ბუჩაკა არასწორად წარმოთქვამდა სიტყვა “რედინგს”, მაგრამ ზეპირად იცოდა ბალადა. “ლუნესის” – ამ “სამარცხვინო თხრილის” დახურვის შემდეგ ჟურნალის ჰომოსექსუალ თანამშრომელთა უმრავლესობამ (კალვერტ კეისიმ, ანტონ არუფატმა და ჩემმა მთავარმა რედაქტორმა პაბლო არმანდო ფერნანდესმა) “ამერიკის სახლში”, ჰაიდე სანტამარიასთან გადაინაცვლა. ეს საინტერესო და წინააღმდეგობრივი პიროვნება (რომელიც შინაგანმა და პოლიტიკურმა კონფლიქტებმა გასულ წელს თვითმკვლელობამდე მიიყვანა) ჭეშმარიტი ფიდელისტი იყო – ერთადერთი ქალი, რომელიც 1953 წელს მონაწილეობდა იერიშში მონკადას ყაზარმებზე, სადაც მისი ძმა და რძალი წამების შედეგად დაიღუპნენ. ჰაიდე იძულებული იყო, ეცქირა მათი წამებისთვის. 1956 წლიდან ის კასტროს პარტიზანთა შორის მთებში იმყოფებოდა. მისივე თქმით, “უყვარდა კულტურა”, მაგრამ აღიარებდა, რომ გაუნათლებელი გლეხი ქალი გახლდათ. პირველი აღიარება – გაუნათლებლობის შესახებ – სიმართლე იყო, მეორე კი – არა. ჰაიდე შეძლებული პროვინციული ბურჟუაზიული ოჯახის შთამომავალი გახლდათ. კუბის პროვინციებში მდიდრები ძალზე გავლენიანნი იყვნენ, მაგრამ შეიძლებოდა, წერა-კითხვა არ სცოდნოდათ. ერთხელ ჰაიდემ არც თუ ისე ხმადაბლა მითხრა: “როგორი გაუთლელი გლეხის ქალი ვარ! ყოველთვის მეგონა, რომ მარქსი და ენგელსი ერთი ფილოსოფოსი იყო, ისეთი, როგორიც, მაგალითად, ორტეგა ი გასეტია”. კიდევ უფრო საინტერესო იყო ჰაიდე სანტამარიას აღსარებები, როდესაც ის კუბაზე დაბრუნდა რუსეთში თავისი პირველი მოგზაურობის შემდეგ და სიხარულით გამოაცხადა: “მოსკოვში ეკატერინა ფურცევას შევხვდი. ხომ იცით, კულტურის მინისტრია. ლამაზი ქალია (მართლაც ასეთი იყო) და ძალიან თავაზიანი (ჰაიდე თავაზიანი არ გახლდათ). იცი, რა მითხრა? მინისტრმა ფურცევამ ამიხსნა, როგორც ქალმა ქალს, ამხანაგმა ამხანაგს, თუ რა დაემართათ იმ მწერლებსა და მხატვრებს, რომლებიც სტალინის ეპოქაში დახოცეს – და რატომ უნდა დაეხოცათ. მათ ვერ დახვრეტდნენ იმის გამო, რომ ისინი ჰერმეტული პოეტები, ბურჟუაზიული რომანისტები და აბსტრაქციონისტი მხატვრები იყვნენ. სინამდვილეში ისინი დახვრიტეს იმის გამო, რომ ნაცისტთა მზვერავები გახლდნენ და არა კულტურის მოღვაწეები. წარმოგიდგენია? ჰიტლერის აგენტები იყვნენ ყველანი! ისინი უნდა გაენადგურებინათ, გესმის? მე მესმის”. ო, როგორი გულუბრყვილო და საშიში რევოლუციონერი ქალი იყო ჰაიდე! რუსეთიდან მონაბერმა ცივმა ქარმა ამათრთოლა.
მიუხედავად ამისა, ჰაიდეს ხელშეწყობით და არუფატის მცდელობების წყალობით “რევისტა კასა”[11] იქცა საუკეთესო ლიტერატურულ ჟურნალად ლათინურ ამერიკაში ბორხესისა და ვიქტორია ოკამპოს “Sur”-ის შემდეგ. მაგრამ მალე ანტონმა გამოაქვეყნა ახალგაზრდა დრამატურგის, ხოსე ტრიანას (რომელიც ახლახან დააპატიმრეს საფრანგეთში) პედერასტული ლექსი, რომელშიც საკმაოდ ბუნდოვნად იყო საუბარი ჰომოსექსუალური ჩვევების შესახებ. ჰაიდე სანტამარიამ არაფერი იცოდა ჰომოსექსუალური სიყვარულის შესახებ – მისი აზრით, ჰეტეროსექსუალობა სავსებით ბუნებრივი და რევოლუციონერთა შესაბამისი ორიენტაცია გახლდათ. მაგრამ ის აიძულეს, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა არუფატი, რადგან შურიანმა გრაფომანმა რობერტო რეტამარმა, რომელიც უწინ კულტურის ატაშეს თანამდებობაზე მუშაობდა პარიზში, პირადად შეატყობინა პრეზიდენტ დორტიკოსს, რაოდენ ამაზრზენ დანაშაულს სჩადიოდა არუფატი ბუნებისა და კუბის რევოლუციური ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, არუფატი თანამდებობიდან მოხსნეს, რეტამარი კი (ისე, როგორც ხდება ხოლმე ნებისმიერ საბჭოთა სოციალისტურ რომანში), “რევისტა კასას” რედაქტორად დანიშნეს. არუფატს ისიც კი დასდეს ბრალად, რომ მან ალენ გინზბერგი მოიწვია კუბაზე. გინზბერგი ნიუ-იორკელი კომუნისტი იყო, მაგრამ რადგანაც ჰომოსექსუალი გახლდათ, ჰავანისთვის არასასურველ სტუმრად იქნა მიჩნეული. გარდა ამისა, კუბაზე ყოფნის პერიოდში გინზბერგმა გააოგნა კუბელები რამდენიმე სკანდალური განცხადებით, მაგალითად, იმის შესახებ, რომ ფიდელ კასტროს – ამ ულაყს (კუბაზე კასტროს მეტსახელად El Caballo-ს, ანუ ცხენს უწოდებდნენ), ამ წარმოსადეგ რევოლუციონერ ვაჟკაცს, მრავალი მამაკაცის მსგავსად, ჰომოსექსუალური მიდრეკილებები უნდა გამოევლინა თავისი ხანგრძლივი ცხოვრების ზოგიერთ პერიოდში. მაგრამ გინზბერგი ამითაც არ დაკმაყოფილდა და საჯაროდ აღიარა, რომ ჩე გევარას ძალზე გემრიელ ლუკმად მიიჩნევდა და ნატრობდა, რაც შეიძლება სწრაფად ჩაეგორებინა თავის ლოგინში. ამ განცხადებამ აღაშფოთა კასტროს კუბა. გინზბერგი მეორე დილასვე თვითმფრინავში ჩასვეს და პრაღაში გაგზავნეს, სადაც შეეძლო ჩეხი პარტნიორი ეპოვა.
ამასობაში, კიდევ ერთი მანუგეშებელი პრიზის სახით (“ლუნესის” დახურვის შემდეგ უმუშევარი ვიყავი, თუმცა მწერალთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გახლდით) კულტურის ატაშედ დამნიშნეს ბრიუსელში. სწორედ იქ შევიტყვე ყველაფერი რეტამარის მაქინაციებისა და ჰაიდეს ჟურნალიდან არუფატის გაძევების შესახებ. ვიცოდი, რომ არსებობდა UMAP-ი, საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებიც შენიღბული იყო მათი აბრევიატურით Units for Military Help to Agricultural Production. მოკრძალებულმა, თვინიერმა კალვერ კეისიმ გაბედა ეთქვა ერთი მემარცხენე მექსიკელი მწერლისთვის – პოლიტიკური ტურისტისთვის – რომ კუბაზე არსებობდა ჰომოსექსუალთა ბანაკები, რომლებიც საზაფხულო დასასვენებელი ბანაკები როდი გახლდათ. ეს საიდუმლო კალვერტმა თავისი “ცისფერი” მეგობრისგან შეიტყო. მომდევნო დილას მექსიკელმა აცნობა ჰაიდე სანტამარიას, რომ ერთი კონტრრევოლუციონერი “ამერიკის სახლისთვის” ძალზე სახიფათო ჭორებს ავრცელებდა. მექსიკელმა ჩურჩულით გაანდო ქალს, რომ ეს იყო გრინგო, გვარად კეისი. კალვერტს სასტიკი საყვედური გამოუცხადეს და უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაიყვანეს, მაგრამ სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ.
როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა, კუბაზე დავბრუნდი. ჰავანა ჯოჯოხეთად მომეჩვენა. ვირხილიო ისე გამოიყურებოდა, თითქოს დაბეჩავებული შინაბერას როლს ასრულებდა თავის ერთ-ერთ პიესაში. ლესამა ყოველ ღამე, სიბნელეში, მალულად წერდა თავის “სამოთხეს”, რასაც არავის უმხელდა, ცოლსაც კი. ყოველთვის მოხერხებულობით გამოირჩეოდა – ერთდროულად ულისეც იყო და პენელოპეც. გოლიათი ურტადო ახლა უფრო დაჩიავებულიყო, ვიდრე – ტანმორჩილი ვირხილიო, რომელსაც სუნთქვისაც კი ეშინოდა. მხოლოდ არუფატი არ ყრიდა ფარ-ხმალს, ბაძავდა ალენ გინზბერგს, რომელსაც რეალურად არასოდეს შეხვედრია და სურდა შეეკრიბა თავზეხელაღებული ჰომოსექსუალების ბრბო, რომელიც დროშებითა და ტრანსპარანტებით მივიდოდა პრეზიდენტ დორტიკოსის სასახლესთან და მანიფესტაციას გამართავდა. ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, ისეთივე, როგორიც მოხდა 1957 წელს, როდესაც კამიკაძემ იერიში მიიტანა ბატისტას სასახლეზე. ვირხილიო ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ მეგობრისთვის უარი ეთქმევინებინა ამ განზრახვაზე და აღუწერდა, თუ რა ბედი მოელოდა პედერასტ მწერალს, თუ რევოლუციონერთა რისხვას გამოიწვევდა. ბიჭო, ეს ბანდიტები, უბრალოდ, აგკუწავენო, ეუბნებოდა. ბოლოს არუფატი მიხვდა ჭეშმარიტებას (ვირხილიო ამის ოსტატი იყო) და იმის ნაცვლად, რომ სასახლის წინ დემონსტრაცია მოეწყო, თავის ოთახში ჩაიკეტა და პიესის წერას შეუდგა. ამ ნაწარმოების სიუჟეტი ნასესხები იყო ესქილეს ტრაგედიიდან “შვიდნი თებეს წინააღმდეგ”, ოღონდ არუფატის ქმნილებაში შავწვერა ზევსი რამდენიმე საათის განმავლობაში ესპანურად გრგვინავდა ოლიმპოდან. ჯერ კიდევ პროვოკაციულად განწყობილ არუფატს სურდა დაერქმია პიესისთვის “Death to the Infidel”. მაშინ ვირხილიომ გაიხსენა ციტატა ვირგილიუსიდან: “Facilis descensus Averni“[12]… მე კი ნიანგის ცრემლებს ვღვრიდი. გადაწყვეტილი მქონდა, დამეტოვებინა კუბა. საკმარისად ბევრი რამ ვიხილე, გავიგონე და ვიფიქრე. არავისთვის მითქვამს, რომ სამუდამოდ მივემგზავრებოდი, მაგრამ ასე გადავწყვიტე.
პადილიამ სიხარულით მაცნობა, რომ ჩემს რომანს – “სამი სევდიანი ვეფხვი” – ესპანეთში 1965 წლის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მიანიჭეს. მეორე პრემიით დააჯილდოეს ლისანდრო ოტერის “ურბინოს ვნება”, რომლის ავტორი ჩემი თანაკურსელი იყო ჟურნალისტიკის სკოლაში. მტკიცე ანტიკომუნისტი გახლდათ. მაგრამ შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ღიპიან ჩინოვნიკად იქცა. ოდესღაც ოტერო პადილიას მეგობარი იყო, რომელიც მას “მშვენიერ ოტეროს” და სხვა მეტსახელებსაც უწოდებდა, თანაც ტრაბახობდა, რომ ეარშიყებოდა მის ცოლს, ულამაზეს ქალს, რომელიც უწინ ჰავანის არისტოკრატიულ წრეებს მიეკუთვნებოდა, ახლა კი ჰაიდე სანტამარიას მარჯვენა ხელი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ლამაზი გახლდათ. მან იცოდა, როგორ წარმოითქმებოდა გვარი “ენგელსი” და შეეძლო გაერჩია “კარლ მარქსი” “გრაუჩო მარქსისგან”[13]; ყურადღებას იქცევდა თავისი მშვენიერი თეთრი ხელებითა და კიდევ უფრო გრძელი ფრჩხილებით. დახვეწილი მანერები ჰქონდა. გასაგებია, რატომ მოეწონა ეს ქალი ოტეროს, მაგრამ რით მოხიბლა ის მაიმახმა ოტერომ? – კითხულობდა პადილია. “ურბინოს ვნება” ჰავანაში 1967 წელს გამოქვეყნდა და როდესაც ოტერომ სახელი გაითქვა, ახლა “El Caiman Barbudo“[14]-ში, რომელიც რუსული “კროკოდილის” ადგილობრივი ექო გახლდათ, ითხოვდნენ საქებარ რეცენზიებს. პადილიამ ამ ჟურნალში გაგზავნა სტატია, რომელშიც აკრიტიკებდა ოტეროს თხზულებას და ხოტბას ასხამდა ესპანეთში იმხანად გამოქვეყნებულ ჩემს რომანს. “სკანდალური სტატიაა!”, “ცილისწამებაა!”, გაჰყვიროდნენ “წვეროსან ნიანგში”. რა თქმა უნდა, წვეროსანმა ნიანგმა იარაღზე იტაცა ხელი, რადგან პადილიამ გაბედა შეექო მდარე წიგნი კონტრრევოლუციონერისა, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობდა ლონდონში და დააკნინა იმ ბრწყინვალე რომანის უდიდესი ღირსებები, რომლის ავტორი, ამხანაგი ოტერო, კუბაზე ცხოვრობს (და ბატისტას ზეობის დროსაც ცხოვრობდა – ჩემი შენიშვნა). პადილიას მოეპყრნენ კომუნისტური დიალექტიკის შესაბამისად: ვინც პარტიის წევრს არ აქებს, ის პარტიის მტერია. მაგრამ პადილია, თუმცა სიურრეალისტი არ გახლდათ, პოეტს დაშნისა და მოსასხამის რაინდად მიიჩნევდა, მის სიტყვებს კი – ფარულ იარაღად. კომუნისტურ ქვეყანაში, რომელიც ცხოვრობს და კვდება დირექტივების მიხედვით, სიტყვიერი ბრძოლა იგივე ბრძოლაა, ოღონდ – სპეციფიკური იარაღით. კომუნისტების აზრით, დუმილი კლასობრივი მტრის უკანასკნელი თავშესაფარია, სკეპტიციზმი კი – საშიში გადახრა მარჯვნივ. დუმილმა (და არა მდუმარე თანხმობამ) გადაარჩინა ბორის პასტერნაკი. გულწრფელობამ ან წინდაუხედაობამ დაღუპა ოსიპ მანდელშტამი. პადილიამ, რომელიც მოსკოვში ნაცხოვრები იყო, არჩია, ერთდროულად ორივე პოეტის გზას დასდგომოდა: ეგონა, რომ შეძლებდა თავის ლექსებში ფიდელ კასტროს გაქილიკებას და, მანდელშტამისგან განსხვავებით, ყოველგვარი საფრთხისგან დაცული იქნებოდა, ან, პასტერნაკისა და სტალინის საუბრის მსგავსად, იმასლაათებდა ფიდელ კასტროსთან ტელეფონით, როგორც კუბური ლიტერატურის I’enfant prodigue [15]. პრემიერ-მინისტრი, რომელიც კეთილი და შემწყნარებელი მამის როლს ითამაშებდა, ოდენ დატუქსავდა რევოლუციის ამ ჭირვეულ შვილს და შეცდომების გამოსწორების გზებს მიუთითებდა.
პადილია პასტერნაკი არ იყო და არც კასტრო გახლდათ სტალინი. “პადილიას საქმე” კუბაში, მთელ ესპანურენოვან სამყაროში და მის საზღვრებს გარეთ გახმაურდა. მაგრამ ტოტალიტარული აზროვნება არასოდეს ცდილობს მისდიოს იმას, რასაც ბურჟუაზიულ სამართლიანობას უწოდებს: ფიდელ კასტრო განათლებით იურისტი იყო და ასეთივე იყო დოქტორი გებელსი. 1968 წელს პადილიას მწერალთა კავშირის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე მიანიჭეს პრემია პოეზიაში და ის საერთაშორისო ჟიურიმ დაააჯილდოვა. ჟიურის წევრთა შორის იყო ჯ.მ. კოენი – ინგლისელი კრიტიკოსი, ესპანური ლიტერატურის ანთოლოგიის მთარგმნელი და შემდგენელი, რომელიც შემდგომ დაუკავშირდა კუბის კულტურულ გარემოს. პადილიას წიგნს ერქვა “თამაშგარე მდგომარეობა” და თვით ეს სახელწოდებაც კი ანათემა იყო მწერალთა კავშირის ზოგიერთი წევრის, განსაკუთრებით კი, მისი პრეზიდენტის, ძველი კომუნისტის, პოეტ ნიკოლას გილიენის მიმართ, რომელიც ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა ჟიურიზე და შეეცვალა მისი თვალსაზრისი პადილიას წიგნის შესახებ. მწერალთა კავშირის წევრთა აზრით, პადილიას ლექსები აშკარად კონტრრევოლუციური იყო. 1971 წლის აპრილში კომუნისტურ კუბაში ებერტო პადილია დააპატიმრეს à la Russe: საკუთარ სახლში, ადრიან დილით, მალულად. საბედნიეროდ, საერთაშორისო სკანდალი ატყდა და პადილიამ საპყრობილეში მხოლოდ ერთი თვე დაჰყო. ფიდელ კასტროს გაეგზავნა ღია წერილი, რომელსაც – უცნაურია – ხელი მოაწერეს მემარცხენე მწერლებმა: ჟან-პოლ სარტრმა და სიმონა დე ბოვუარმა, იტალო კალვინომ, მარგერიტ დიურასმა, ჰანს მაგნუს ენცენსბერგერმა, ხუან გოიტისოლომ, ანდრე პიერ დე მანდიარგუმ, ალენ ჟუფრუამ, ჯოის მენსოურმა, ალბერტო მორავიამ, ოქტავიო პასმა და სხვებმა, რომლებსაც პადილიას სახელის სწორად წარმოთქმაც კი არ შეეძლოთ, არათუ – მისი ლექსების კითხვა. ეს იყო შემთხვევა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ “თვალი თვალის წილ”. ევროპელი და სამხრეთამერიკელი ინტელექტუალები კარგა ხანია, იმედგაცრუებულნი იყვნენ კუბის რევოლუციით და ფიდელ კასტროსაც მობეზრდა, რომ მის საქმეებში სხვები ერეოდნენ. ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობდა, რომ უცხოელი მწერლები და კუბელი დიქტატორი ერთმანეთისთვის სრულიად უსარგებლონი იყვნენ. იყო მომენტი, როდესაც პოეტს თითქოს სასიკვდილო საფრთხე ელოდა, მაგრამ ფიდელ კასტროს – სტალინის კიდევ უფრო ცბიერი ორეულის – ბრძანებით პადილია გაათავისუფლეს, თუმცა, მანამდე მოსთხოვეს, რომ მწერალთა კავშირის წევრთა წინაშე ბოდიში მოეხადა.
ებერტო პადილიამ სამუდამოდ დატოვა კუბა. პოეტის ნიჭის ამერიკელი თაყვანისმცემლები მივიდნენ სენატორ ედვარდ კენედისთან, რათა მას ეშუამდგომლა ფიდელ კასტროსთან. სენატორმა კენედიმ ეს თხოვნა შეასრულა და 24 საათის შემდეგ პადილიას ნება დართეს, დაეტოვებინა კუბა და თვითმფრინავის ორი ბილეთიც მისცეს. ის ჰყვებოდა, ფიდელი გულთბილად დამემშვიდობაო. პადილია მიიწვიეს კასტროს ერთ-ერთ სასახლეში, ჰავანაში. ხელის ჩამორთმევის შემდეგ კასტრომ უთხრა სტუმარს, რომ შეიტყო, თითქოს ამ უკანასკნელს კუბის დატოვება სურდა. კასტრომ ეშმაკურად დააკვესა თვალები და იკითხა: “ეს მართალია?”. შემდეგ კი დასძინა: “იცოდეთ, რომ ეს თქვენი ქვეყანაა და მარად ასეთად დარჩება. კუბელები თქვენი თანამემამულეები არიან. შეგიძლიათ ახლა გაემგზავროთ და როდესაც დაბრუნებას მოინდომებთ, არავითარი დაბრკოლება არ შეგხვდებათ. თქვენი სახლი უცვლელად დაგხვდებათ. არც ერთ აგურს და არც ერთ წიგნს ხელს არავინ ახლებს. მინდა, რომ ეს იცოდეთ”. შემდეგ დიქტატორი დაემშვიდობა პოეტს და თამაშიდან გაათავისუფლა.
ავსტრიელი ფილოსოფოსი და ინგლისელი კონსერვატორი, დარწმუნებული ვარ, ერთ ხმაში წაიღიღინებდნენ, აი, ხომ ხედავთ, ეს კაცი მართლაც ზრუნავს პოეტების შესახებო. ასევე მოექცა ავგუსტუსი ოვიდიუსს, სტალინი კი – ძალზე ბევრ პოეტს. პადილიამ სწორი ნაბიჯი გადადგა: მან სწრაფად და უსიტყვოდ დატოვა თავისი სახლი და ქვეყანა. 1933 წელს იოზეფ გებელსმა ნახა ფრიც ლანგის ფილმი ნიბელუნგების შესახებ. გებელსმა იცოდა, რომ ფრიც ლანგი ერთ-ერთი უდიდესი არაებრაელი კინორეჟისორი იყო გერმანიაში და ამიტომაც მიიწვია ის. თავის უზარმაზარ კაბინეტში გებელსმა უთხრა ლანგს, რომ, ფიურერთან შეთანხმებით, სურდა ხელი შეეწყო გერმანული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის. ფრიც ლანგმა მონოკლი გაიკეთა, გებელსს თვალებში შეხედა და სთხოვა, რომ ბატონ დოქტორს მისთვის ნება დაერთო, ერთი ღამის განმავლობაში მოეფიქრებინა პასუხი. კაბინეტიდან გასვლისას ლანგს არ დავიწყნია, ქუსლები ერთმანეთზე გაეტკაცუნებინა. მეორე დილას ლანგმა ფარულად დატოვა გერმანია და პირველივე მატარებლით პარიზს გაემგზავრა. კინორეჟისორის მსგავსად, პადილიამ გაითვალისწინა აქსიომა შავი ჭირის შესახებ, რომელიც მაკიაველის მეგობარმა, ფრანჩესკო გვიჩარდინიმ ასე ჩამოაყალიბა: “ტირანისგან, ისევე, როგორც შავი ჭირისგან თავის დახსნის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს: უნდა გაიქცე შეძლებისდაგვარად სწრაფად და შეძლებისდაგვარად შორს”.
ერთმა ამერიკელმა გამომცემელმა მოინდომა კუბელი მწერლების ანთოლოგიის გამოქვეყნება და რჩევისთვის მომმართა. საიდუმლოდ გავანდე რამდენიმე გვარი და დავძინე, რომ ანთოლოგიაში აუცილებლად უნდა შეეტანა კუბაზე დარჩენილ მწერალთა ქმნილებებიც. ხუთი მწერალი დავასახელე. ეს იყო გასულ წელს. ამ წლის დასაწყისში გამომცემელი კვლავ მეწვია და მკითხა: “რამდენი მნიშვნელოვანი მწერალი ცხოვრობს ახლა კუბაზე?” თავი ბუკმეკერად ვიგრძენი, მაგრამ სიმართლე უნდა მეთქვა: ვირხილიო პინერა და ალეხო კარპენტიერი გარდაიცვალნენ, ედმუნდო დესნოესი, რეინალდო არენასი და ბენიტეს როხასი შეერთებულ შტატებში გადასახლდნენ, ხოსე ტრიანა საფრანგეთში ცხოვრობს. კუბაზე დარჩა მხოლოდ ერთი მწერალი, რომელსაც საერთაშორისო რეპუტაცია აქვს. ესაა ნიკოლას გილიენი. არის, აგრეთვე, დაახლოებით ხუთი მეორეხარისხოვანი პოეტი, რომელთა სახელების წარმოთქმაც გაგიჭირდებათ-მეთქი. “არც ისე ბევრია, არა?” მითხრა მან და დაიღრიჯა ან, შესაძლოა, გაიღიმა. იძულებული ვიყავი, დავთანხმებოდი. მართლაც, არც ისე ბევრია.
ალეხო კარპენტიერი პარიზში აღესრულა, რაზეც ოცნებობდა, მაგრამ ისეთი სიკვდილით არ მომკვდარა, როგორც სურდა. გულის შეტევით უეცრად გარდაცვალების ბედნიერება წილად არ ხვდა. ყელის კიბოთი დაავადდა. ღამით გაეღვიძა, სისხლდენა დაეწყო და საკუთარ სისხლში ჩაიხრჩო. მისი ნეშტი კუბაზე გადაასვენეს და იქ დაკრძალეს. ფიდელ კასტრომ გაგზავნა გვირგვინი წარწერით: “დიდ სახალხო მწერალს”. ეს სიცრუე იყო. ჭეშმარიტად სახალხო მწერალი, რომელიც კუბაზე დარჩა – ვირხილიო პინიერა – განსხვავებულ ვითარებაში გარდაიცვალა. ვირხილიო არც სწრაფად და არც იოლად არ მომკვდარა. ის იმყოფებოდა თავის პატარა ბინაში (ჰავანაში), როდესაც შეუძლოდ გახდა. როგორღაც მოახერხა ტელეფონით სასწრაფო დახმარებაში დარეკვა, მაგრამ სასწრაფო დახმარების მანქანას სამი საათი დასჭირდა მოსასვლელად, რადგან, თავდაპირველად, აუცილებელი საბუთები უნდა გაეფორმებინათ. როდესაც ექიმები მოვიდნენ, მათ ვირხილიო ქუჩაში იპოვეს. უკვე გარდაცვლილიყო. ალეხო კარპენტიერი, რომელიც გულის შეტევით გარდაცვალებას ნატრობდა, ოთხმოცი წლის ასაკში აღესრულა. ვირხილიო პინიერა, რომელიც არავითარ გულის შეტევებზე არ ფიქრობდა, 68 წლისა გახლდათ. კარპენტიერი სახელმწიფომ დიდი ზარ-ზეიმით დაკრძალა. ვირხილიოს დაკრძალვა თითქოს მის მიერვე დაწერილი აბსურდის პიესის მიხედვით მოხდა. გავრცელდა ჭორი (სოციალისტურ ქვეყნებში ჭორები სწრაფად ვრცელდება, პარტიაში მიმდინარე ამბები კი ძალზე დიდი ხნის შემდეგ ხდება ცნობილი, მაგრამ ყოველთვის სარწმუნოა), რომ ვირხილიო მოკვდა. ის მოკრძალებულ funeraria-ში[16] უნდა დაესვენებინათ. შეგროვდა მწერალთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, აგრეთვე – პინიერას ძველი მეგობრები და ახალგაზრდა მწერლები, რომლებიც ჰომოსექსუალებს ჰგავდნენ – რაც სიმართლეს შეესაბამებოდა. ვირხილიო მათი ჭეშმარიტი მოძღვარი იყო, მათი მენტორი, მათი მწვრთნელი gai savoir-ში [17]. დარბაზი უამრავი ყვავილით იყო გადაჭედილი და, წარმოიდგინეთ, თვით მწერალთა კავშირმაც კი გამოგზავნა გვირგვინი, ოღონდ – წარწერის გარეშე.
ყველაფერი მზად იყო ცხედრის დასაკრძალავად, მაგრამ თვით ცხედარი არსად ჩანდა. ზოგიერთმა გაიხსენა, რომ ის გვიან ღამით აქ ესვენა. როგორც ჩანს, ადრიან დილას გააქრეს. როდესაც ვირხილიოს მეგობრები დაფაცურდნენ და გაიკითხ-გამოიკითხეს, მათ განუმარტეს, რომ ცხედარს განმეორებითი აუტოპსია სჭირდებოდა. სინამდვილეში, მას ისევე სჭირდებოდა განმეორებითი აუტოპსია, როგორც – თავის გახვრეტა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ვირხილიო გულის შეტევით დაიღუპა. ცხედრის გაუჩინარების რეალური მიზეზი კი იყო ის, რომ მთავრობას ეშინოდა, სამგლოვიარო პროცესიის მსვლელობისას რაიმე არეულობა არ მომხდარიყო. ვირხილიოს მეგობრებმა გვამი პროზექტურიდან გამოისყიდეს და კატაფალკზე დაასვენეს. იმის ნაცვლად, რომ კატაფალკს ნელა ემოძრავა (ტრადიციულად, ჰავანაში დამკრძალავი ბიუროები სასაფლაოსთან ახლოსაა განლაგებული), მძღოლმა, მწერალთა კავშირის (ან მთავრობის) მიერ გაცემული ბრძანების შესაბამისად, ისე გააქროლა ავტომანქანა, თითქოს ლე-მანის ავტორბოლაში მონაწილეობდა, რათა პროცესია უკან მოეტოვებინა. მაგრამ ვირხილიოს მოწაფეები და მიმდევრები, კუბელი ჰომოსექსუალების ახალი სკოლის წარმომადგენლები, ავტომანქანებით, ველოსიპედებით და სირბილითაც კი დაედევნენ კატაფალკს და მოთქვამდნენ: “საწყალი მაესტრო! მოიტაცეს, მაგრამ მისი სული ჩვენთანაა! Virgilio vive!“
მაგრამ ვირხილიო პინიერა ისეთივე მკვდარი იყო, როგორც კარში ჩარჭობილი ლურსმანი და მისი ნეშტი ჯერ კიდევ განისვენებს (ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია) კოლონის სასაფლაოზე, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკების ყველაზე დიდებული სასაფლაოა, კიდევ უფრო დიდი, ვიდრე – რეკოლეტას სახელგანთქმული სასაფლაო ბუენოის აირესში (შემთხვევითი არაა, რომ ბორხესი ნატრობს, იქ დაკრძალონ). ვინაიდან რეჟიმს ვიცნობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვირხილიოს დაკრძალავდნენ არა პატრიოტთა პანთეონში, არამედ ღატაკთა სასაფლაოზე, – თუმცა, წესით, სოციალისტურ ქვეყანაში ღატაკთა სასაფლაოები არ უნდა იყოს. ყველა მკვდარი სოციალისტი ერთნაირადაა დაკრძალული, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უფრო ღრმად ჩამარხეს. კარგია, რომ ისინი აღარ შეაწუხებენ ვირხილიოს მის უკანასკნელ განსასვენებელ ადგილას.
პინიერას ქმნილებები მარად იცოცხლებს და გაგვახალისებს. მაწუხებს ის, თუ რა ბედი ეწევა ვირხილიოს თხზულებათა მთელ კორპუსს. მითხრეს, რომ ის მალე გამოქვეყნდება კუბაზე და ხელახლა არასოდეს დაიბეჭდება. ის, რასაც არ გამოაქვეყნებენ, გარკვეული ხნით დარჩება ვირხილიოს ბინაში, რომლის კარი სახელმწიფო უშიშროების უწიგნურმა აგენტებმა დაბეჭდეს – უცნაურია, რომ ისინი ესოდენ უცნაურად დაინტერესებულნი არიან მწერლებითა და მათი ნაწარმოებებით. ამ ბინაში შევლენ ახალი მზრუნველი პატრონები, რომლებიც ყველაფერს გადაქექავენ, მოძებნიან ყველა დოკუმენტს – ვირხილიოს ლიტერატურულ ანდერძსა და თეატრალურ ანდერძს – ყველაფერს მუყაოს ყუთებში ჩააწყობენ და სახელმწიფო უშიშროების შენობის სარდაფში, საიდუმლო განყოფილებაში შეინახავენ. ამ ადგილს კუბელი ლიტერატორები, რომლებსაც “არაჯანსაღი” (პოლიტიკური, ესთეტიკური, სექსუალური) მიდრეკილებები აქვთ, “ციმბირს” უწოდებენ. წინამდებარე გრძელსა და აბნეულ ესეში შევეცადე მეჩვენებინა ყველაფერი – სარდაფიც, სახელმწიფო უშიშროების შენობაც, ჰავანაც და მთლიანად კუბაც – როგორც ტროპიკული ციმბირი.
ზოგჯერ მიკვირს, რატომ სურდა ვირხილიოს, მთხვეოდა კუბის მიწას?
© London Review of Books
Vol. 3 No. 10 · 4 June 1981
© არილი
[1] ორშაბათი (ესპ.)
[2] დახვეწილ (ფრანგ.)
[3] რუსულ ყაიდაზე (ფრანგ.)
[4] როგორც ჩანს, ინფანტე აქ ჟიზელს გულისხმობდა (მთარგმ. შენიშვნა).
[5] ჰავანელი (ესპ.)
[6] დრო შუადღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე.
[7] ინტეგრირებული რევოლუციური ორგანიზაციები.
[8] ხმადაბლა (იტალ.)
[9] prostituta, proxeneta, pederasta (ესპ.)
[10] ძალზე მამაკაცური (ესპ.)
[11] საშინაო ჟურნალი (ესპ.)
[12] ჯოჯოხეთში შთასვლა (ლათ.)
[13] ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი (1890-1977).
[14] “წვეროსან ნიანგში” (ესპ.)
[15] უძღები შვილი (ფრანგ.)
[16] დამკრძალავ ბიუროში (ესპ.)
[17] ხალისიან მეცნიერებაში (ფრანგ.)