ეკა ცხადაძე
“მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება”
გიორგი ეკიზაშვილი. ლექსები და თარგმანები. თბ., “სანი”, 2002.
მისი შემოქმედების ნაკლებად ცნობილ მხარეს ორიგინალური პოეტური ტექსტები წარმოგვიდგენს, რომლის სახელწოდებაა – “მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება”. ლექსებისა და თარგმანების კრებული ზაზა ბერიშვილის მიერ გამოიცა 2002 წელს გამომცემლობა “სანში”.
თანამედროვე ქართული ინტელექტუალური პოეზიის ამ ნიმუშებში ძალიან მაღალია გულწრფელობის ხარისხი. თუმც ეს მხოლოდ ერთ-ერთი ღირსებაა, რომელიც ყოველმხრივ უკომპლექსო და ღია ხასიათის შედეგად მიიღწევა. გიორგი ეკიზაშვილი პირად ტკივილებს და განცდებს იმ სიმშვიდით გვაწვდის, რომელიც უმალ ფიქრის სურვილს იწვევს, ვიდრე უბრალოდ თანაგრძნობას. მარადიული მედიტაციების ტკბილ-მწარე ნიუანსები ფილოსოფიური მრწამსის ჩამოყალიბებას აიოლებს. ფრაზებში ჩნდება განსხვავებული ინტონაციები, განწყობილებანიც ასევე იცვლებიან და შესაფერის სიტყვიერ ხორცშესხმას იძენენ. სიზმრისეული ჩვენებები ცხადში “დუჟმომდგარ” ბრბოსთან გამკლავებას აიოლებს და ძალას მატებს.
გიორგი ეკიზაშვილის გულწრფელობა მოჩვენებითი არ არის, ამას მისი პოეტური ტექსტები იმდენად ააშკარავებენ, რომ ავტორის სხვა ღირსებები უნებლიეთ მეორე პლანზე ინაცვლებს: “მე ის კაცი ვარ ვის არაფრის არა აქვს დარდი / მე ის კაცი ვარ ვინც ატარებს ათასის სევდას / მე ის კაცი ვარ ვინც სიზმრებში ხედავს ტრამალებს / რომელსაც უნდა სხვებთან ყოფნა და არის მარტო”.
უდარდელობა გარეგნული ფაქტორია, ცოტა უფრო ღრმად ჩახედვისას “ათასთა სევდას” იოლად შევნიშნავთ და “ჯოგს” მოწყვეტილი მარტოკაცის სადარდელსაც. ადრე გურამ ასათიანი სიწრფელეზე მისთვის ჩვეული მახვილგონივრული პარადოქსულობით წერდა: “თუმცა სიწრფელის მოთხოვნილება ყოველთვის როდი წარმოადგენს ზნეობრივი სიწმინდის შედეგს. ყველაზე გულახდილ აღიარებებს ის ჯარისკაცები წერდნენ სიბერის ჟამს, რომელთაც სიცოცხლე ფარისევლობაში გაატარეს”. არ ვიცი რამდენად შეეფერება ეს დაკვირვება ჩვენი წერილის ობიექტს, მაგრამ მან ყველაზე კარგად უწყის, როგორი მომგებიანია უშუალობა და გულწრფელობა მხატვრულ შემოქმედებაში.
შესანიშნავია, როცა პიროვნებას არ ეშინია, ბოლომდე შეიცნოს საკუთარი ხასიათი და კიდევ უფრო შესანიშნავია, როცა ამგვარი ქმედების სიწრფელეში მკითხველსაც არწმუნებს. როცა გიორგი ეკიზაშვილი საკუთარ ბავშვობაზე, პირველი შთაბეჭდილებების სიძლიერეზე წერს – მყისიერად იწვევს თანაგრძნობას და ნდობას.
ცვალებადობას და დროის მდინარებას ბევრი მოგონების გაცამტვერება მოჰყვება; ბუნდოვანდება ზღვის სუნი და ბათუმის კონტურებიც; მხოლოდ ზღვასთან გულითად მიახლებული მეზღვაურები არ ავიწყდება პოეტს. მხოლოდ მეზღვაურმა “იცის” ზღვის სტიქია, ზღვაც ცნობს თავის შვილს. თუნდაც “საკუთარი ბავშვობა დამპალი ტოტივით” მოიკვეთო, პირველი შეცნობისა და აღმოჩენის გამოძახილი სიჭარმაგეშიც ფასეულია.
გვიან, როცა უკვე თავად ხდები “მეზღვაური”, ხოლო ზღვა შენთვის სიტყვის სტიქიონია – სწორედ აქ გამოცდი ბავშვობის შთაბეჭდილების სიმართლეს. გიორგი ეკიზაშვილი ქართული და ფრანგული ენების სტიქიონს ებრძვის. გამუდმებული ცდუნების დაძლევას ცდილობს, რომელიც განსაკუთრებით ქართულს ახასიათებს – ასევე მუდამ ცდილობს მშობლიური ენის “მოჩუქურთმებულობისაკენ” მიდრეკილობას სძლიოს, “ხმის გაქცევა” აირიდოს. ამ მხრივ ორმაგი დატვირთვა აქვს მის მცდელობას – ჯერ საკუთარ ტექსტებში “ბელკანტოსავით” აღვირი უნდა ამოსდოს ქართულის “მაცდურობას” და სხვათა ქმნილებებსაც უნდა უპოვოს შესაფერი ენობრივი გარსი.
გიორგი ეკიზაშვილი “ხმის გაქცევას” უპატიებელ უგემოვნობად, უმწიფარობად მიიჩნევს. ჩახუჭუჭებულ-აღმოსავლური მანერა უცხოა მისთვის. იგი ევროპული ყაიდის შემოქმედია და ამას მისი ცხოვრებისა თუ შემოქმედების სტილიც ადასტურებს.
სისადავით და ირონიით გაჯერებულია ერთი ეპიზოდი, სადაც კაცი და კატა უყურებენ ერთმანეთს. თითოეული თავისთვის ფიქრობს, “ნეტავ რას მიყურებს?” კაცის განცდები გასაგებია ჩვენთვის, მაგრამ ხომ საინტერესოა, კატა რას ფიქრობს? აი, სწორედ ამას გვამცნობს გიორგი ეკიზაშვილი: “კატას ძაღლი მირჩევნია” / ვამბობ მე ჩემთვის / “სულელი” / ამბობს კატა თავისთვის / მე და კატამ ერთმანეთი შევაფასეთ”.
გიიომ აპოლინერისეული სასვენი ნიშნების უგულებელყოფა ხშირ შემთხვევაში გაზიარებულია. ეს კიდევ ერთი დასტურია ფრანგული პოეზიისადმი ქართველი შემოქმედების დამოკიდებულების. ახლა შეიძლება ჰერაკლიტესაც გაუსწორო ცნობილი დაკვირვება: “ერთსა და იმავე მდინარეში (ისევე როგორც ყოველივე იგივეში) ორჯერ შეხვალ, მაგრამ ორივეჯერ სხვადასხვა”.
პოეზიაშიც და ცხადშიც კატისგან დაწუნებული “ადამიამუნები” საბრალონი და მიუსაფარნი არიან. დღისით სიარულს ერიდებიან, რადგან მზის შუქი ულმობლად ამხელს “სინამდვილეს”. სულ სხვაა ღამე, ნიკტის საუფლო: “ღამით კი… / მთვარის შუქი და ვარსკვლავების ციმციმი / აღვიძებს იმას, რაც ადამიანებს ცოტათი მაინც / მაღლა ეზიდება / და რისი წარმოჩენაც დღისით რცხვენიათ…”
“მაგარი” ეწოდება ტექსტს, სადაც პედანტური სიზუსტით აღწერილია ერთი ვითომც მაგარი ტიპის დილის ტუალეტი, ყველა ძვირადღირებული და მშვენიერი ატრიბუტიკით… დასკვნითი ნაწილი აბსოლუტურად განსხვავდება აღწერილი სასიამოვნო პერიპეტიებისაგან, იგი ერთგვარად ბანალური და ტრაფარეტულიც კია და შინაგანი მესგან ვერგაქცევას გვიდასტურებს: “ერთი სიტყვით … ძალიან კარგად ხვდები რა დამპალი ხარ”. “მაგარი” სინამდვილეში არის “დამპალი” და ეს “სიდამპლე” გამომზეურებულია “გაუცხოების მეთოდის” გამოყენებით.
“მაგარი” რაღაცით “ბუდენბროკების” ერთ გმირს ჰგავს, გამუდმებით რომ კოხტავდებოდა და ბოლოს წუმპეში აღესრულა. ძალიან შორეული ასოციაციაა, მაგრამ “მაგარი” გიორგი ეკიზაშვილმა აშკარად ტალახისათვის გასწირა.
“მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება” სადა და მკაფიო ქართულის ნიმუშია, ამ კრებულმა “ცოტა-ცოტა” ყველაფერი დაიტია, ოჯახის კაცის პედანტური მზრუნველობიდან მარად მოუწყობელი ხელოვანის იჭვებამდე. გალაღებას სევდა და სინანული ენაცვლება, კმაყოფილებას ეჭვი და ირონია. გიორგი ეკიზაშვილმა შეძლო დისტანცია შეენარჩუნებინა და ერთი წამით უცხო თვალით შეეხედა საკუთარი პოეტობისათვის. “წერილი საიქიოდან” ყველაზე სასიამოვნო, თბილი და იუმორით შეფერილი ტექსტია, მკითხველის გულს იგი ალუზიებითაც მოიგებს. სასიამოვნოდ დაგრჩებათ დავით წერედიანის შეუდარებელი ვიიონის ანდერძის რიტმის მინიშნებაც და მრავალწერტილში მიმალული გალაკტიონიც: “ჩემო გიორგი, გულით გილოცავ, / დაგიწერია, მითხრეს, ლექსები / ერთი თხოვნა მაქვს, არ შემარცხვინო, / სტრიქონებს მე ნუ დამესესხები / მეყოფა, რაც კი წვალება ვნახე, / თანამოძმეთა გამოისობით / გუშინ სამოთხე მოვინახულე / ჩემი გერები ყრიან ასობით. / ბევრი ესტუმრა პოეტთა ნადიმს, / მაგრამ აღარ ჰყავთ ამფიტრიონი, / მოკითხვას გითვლით ლექსების მწერალთ, / პატივიმცემით ………”
ამ დახვეწილი ირონიის, ჩაქირქილების შემდგომ მხოლოდ ისინი იგრძნობენ თავს არხეინად, ვინც ლექსებს არ წერს. მთელი რეალური და მიღმური სამყარო გამთლიანებულია, აფასებს და აკრიტიკებს ერთიმეორეს. ზოგჯერ სამოთხეს ესტუმრება დიდი პოეტი და თავისი პოეზიის მძარცველებს ასობით შენიშნავს იქ. დღევანდელ შემოქმედთ იქიდანაც აკრთობთ თავიანთი ამქრის დიდი ოსტატები, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად “ლექსის მწერალი ხშირდება”…
უკვე დიდი ხანია, უბრალო მოკვდავებს პროზაიკოსებიც და პოეტებიც გვცდიან. ადგენენ უკვალავ კომბინაციას, რებუსებით ფუთავენ სიუჟეტებს, გამოაჭიატებენ მინიშნებებს და თავად ტექსტებს მიღმა გვაკვირდებიან (შეიძლებოდა დაგვეწერა: ქირქილებენ ან დაგვცინიან). ჩვენ ისღა დაგვრჩენია, სერიოზული სახით გამოვთქვათ “მიუკერძოებელი” შეფასებები და იხტიბარი არ გავიტეხოთ, რათა ხმამაღლა არავინ გაიმეოროს მარადქართული საკითხავი კრიტიკაზე, ლიტერატურათმცოდნეობასა და ა.შ.
არსებობენ კითხვები, რომლებიც პასუხებს არ საჭიროებენ. ფილოსოფოსები და მწერლები კითხვებს გვისვამენ, უფრო არხეინი და ყოფიერებას შეგუებულნი დაუფიქრებლად ატარებენ მათთვის მინიჭებულ დროს და არხეინად მიდიან მარადისობაში. სისხლსავსე ცხოვრების ორომტრიალში “ბედნიერებსღა” არ აინტერესებთ: “რა არის სიკვდილი? ზესკნელ-ქვესკნელი? ჯოჯოხეთია თუ სამოთხე? ზოგი ადის და ზოგი ჩადის? ან სად ადიან ან სად ჩადიან ან კი სად არის შუალედი რომლის მაღლა იწყება ზემოთ რომლის დაბლა ამბობენ ქვემოთ”…
გიორგი ეკიზაშვილის პოეზია, ორიგინალურიც და ნათარგმნიც, ჩვენი თანამედროვე მწერლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მასში მრავალფეროვანი განცდები, მრავალრიცხოვანი პრობლემებია წარმოჩენილი და მდიდარი ბუნების ინდივიდის დაკვირვებებია მოწოდებული. “მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება” თანაბრად საინტერესოა როგორც ქართული, ისე ფრანგული პოეზიით დაინტერესებულთათვის, რადგან გვაძლევს გიორგი ეკიზაშვილის შემოქმედების ახალ-ახალი მხარეების გაცნობის საშუალებას. თარგმანებში წარმოდგენილია: არტურ რემბო, გიიომ აპოლონერი, ეჟენ გილვიკი, ივ ბონფუა, რემონ კენო, ჟაკ პრევერი, რენე შარი, ანდრე ფრენო, ალენ ბოსკე.
ლექსებისა და თარგმანების კრებული “მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება” 2002 წლის წიგნების ბაზრობაზე “საუკეთესო პოეტურ კრებულად” იყო სახელდებული. ჩვენც სწორედ ამგვარი პათოსით წარმოგიდგინეთ იგი.
© “წიგნები – 24 საათი”