პოეზია (თარგმანი)

გიორგი ეკიზაშვილი – პარიზის "ცხელი ზაფხული" და ამბოხებული პოეზია

პირველად პარიზში 1968 წლის ივნისში ჩავედი. ახლაც თვალწინ მიდგას: სორბონის ყრუდ ჩარაზული კარები, ფასადზე ოთხი ვეებერთელა სურათი; მარცხნიდან მარჯვნივ, – მაო ძე დუნი, ლენინი, ტროცკი, ჩე გევარა… აყრილი ასფალტი, კედლებთან დახორავებული რკინის ნაჭრები და ქვები, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ახალგაზრდული ხელების სითბო (ქვა პროლეტარიატის და… პაციფისტების იარაღია), დამწვარი მანქანის ჩონჩხი, – შეხსენება ახლახან გარდასულ დღეთა სიმხურვალისა, წაბლის ხეების, მლოცველის ხელებივით ცისკენ აღმართული ფესვები, კაფეების ჩალეწილი ფანჯრები, ტერასების დამტვრეული მაგიდები, პოლიციის შავი მანქანები გისოსებიანი ფანჯრებით და ლათინურ უბანს შეუვალ მესერად შემოვლებული შავებში, არა, ბნელ სამოსში გამოწყობილი “სიმშვიდის მცველები”, თითებში ილუზიონისტის სიმარჯვით ათამაშებული ხელკეტები და, რაც მთავარია, უამრავი სახე სენ-ჟერმენზე და “ბულმიშზე” (სენ მიშელის ბულვარი)… სახეები, ან სულ მთლად ყმაწვილური ან უკვე ასაკში შესული და ყველა სახე ერთ სახედ ქცეული: გადატანილი შიშით და გიჟური აღტკინებით გადიდებული, გამოღამებული თვალები… გუშინდელის გახსენება, დღევანდელი შფოთი და ხვალინდელი ბუნდოვანება… რა იყო ის, რაც იყო? რა არის ის, რაც არის? რა იქნება ის, რაც იქნება? ან კი იქნება? შეიძლება თავიდან დაწყება? ან თუ შეიძლება, საიდან, რომელი დღიდან, რომელი საათიდან? როდის ჩაბრუნდება ბოთლში, იქიდან გაუფრთხილებლად, ერთბაშად ამოვარდნილი ამბოხის სული? სული ნგრევის, მსხვრევის, არსების სიღრმიდან ამოხეთქილი “გვეყო, აღარ გვსურს!” ბევრს არ ესმოდა რა “ეყო”, ან რა “აღარ სურს”. მაგრამ ყვიროდნენ, ქვებს ისროდნენ, ვიღაცას ეძებდნენ, ყველაფერში დამნაშავეს, თითით მისანიშნებელს, რომ ეთქვათ “აი, ეს არის, ეცით, არ გაუშვათ!” მტერი იყო ერთი, არა არსება, არამედ იდეა, – წინა თაობა, მამების და ბიძების თაობა… თაობა ჭკუის დამრიგებელთა, საკუთარი მოწესრიგებული ცხოვრებით (მაგალითად რომ დაუსახია შთამომავლებისათვის), კეთილმოწყობილი ბინით, თეთრი ავეჯით, თეთრად ქათქათა ცოლით, თეთრსაყელოიანი შვილებით, პირად ბიბლიოთეკაში ლამაზყდიანი, ფურცელგაუჭრელი წიგნებით. ტელევიზორის წინ კი, პატარა მაგიდაზე, ყუათიანი ვახშამი და იქვე ოქროს ძაფით ნაქარგი, ფეხებისთვის ესოდენ მოსახერხებელი ფლოსტები… ძირს ყოველივე ეს (მახსენდებოდა პატარა გავროშის სიმღერა “ყველაფერი რუსოს ბრალია, ყველაფერი ვოლტერის ბრალია”). უარი ყოველივე “კლასიკურს” და “კლასიკოსებს”, უარი კონფორმისტულ ფილოსოფიას და “საამოდ სასმენ”, ლამაზი რითმებით მოჩუქურთმებულ პოეზიას (მხოლოდ ლოტრეამონი, მხოლოდ რემბო), თვლემის მომგვრელ პროზას (გაუმარჯოს ალენ რობ-გრიეს და ჟორჟ ბატაის!) – retro, Satana! (განვედ, სატანავ!) ძირს ომები და კაცის კვლა, დიდება სიყვარულს და ყვავილებს! – აი, დღის ლოზუნგი… ვიხსენებ ახალგაზრდობის კოლონას… კოლონის თავში ჟან-პოლ სარტრი მაოს “წითელი წიგნაკით” ხელში და ჩამესმის ჩახლეჩილი ხმით ნამღერი ბორის ვიანის სიმღერა: “გეყო სიცილი ელვირა, პარიზი მხეცებით აივსო…” უარი პოლიტიკას და “პოლიტიკანებს”, უარი კულტურას და ცივილიზაციას, უფროსი თაობის ბოროტი ნებით შერყვნილს და შელანძღულს. ძველის ნანგრევებზე ახალი უნდა აშენდეს? რა და როდის? პასუხი ჯერ არავინ იცის, შენებისთვის ჯერ ადრეა, ახლა ნგრევის დროა… ფრანსუაზ საგანის “ოქროს ახალგაზრდობა” ფანჯრებდაგმანულ მდიდრულ დარბაზებში იჯდა და დღევანდელს, არსებულს ებღაუჭებოდა, დანარჩენები ქუჩაში მუშტებაღმართული იდგნენ და შორეულ ჰორიზონტებს გასცქეროდნენ…
ჩემთვის, მაშინ და ახლაც, პარიზის ქუჩების მარადიული პროზის იმწუთიერი პოეზია იყო, სტიქიური, მოზვირთებული… აქამდე დაოკებული, მაცდურად თვინიერი წყლის ვრცელმა სივრცემ ჯებირები გაარღვია და “მზის ქალაქის” კოხტა სახლებს წალეკვით დაემუქრა… ეს ლექსები იმ ნიაღვრის ზვირთებია, იმ დღეთა მუხტითაა დატვირთული… დიახ, ასფალტიდან ამოზიდული, ხანძრის სუნით გაჟღენთილი და მაინც პოეზია (ერთმანეთში არეული პოპ-მუსიკა, ქუჩის ხმაური, სექსი და ნარკოტიკი), პოეზია – ადამიანური განცდის, ტკივილის და აფორიაქებული სულის ჭეშმარიტი ხატი…
…დროდადრო აუცილებელია ასეც წერო…

ოლივიე პერელე

ხმაური
ბალახის ხმაური
ღამის სიბნელეში

ბალახი რომელსაც
შენი ნაფეხურების სურნელი ასდის

ბალახის ხმაური ჩემი მაგიდის ნათურის ქვეშ
ბალახის ხმაური ფურცელზე…

შავად წითელი ღვინო…
შავად წითელი ღვინო…

ბალახის ხმაური ენის ქვეშ
ბალახის ხმაური ბალახების ქვეშ……
სიკვდილი ღეჭავს მარცვლებს

– მესმის როგორ მირბიხარ
მესმის როგორ მორბიხარ
ფეხშიშველი
შუშის ნამსხვრევების საფლავზე
ორფეოსი 2200

ვეფხვები და ლომები
აღარ განირთხმებიან შენს ფერხთით
რადგან აღარ იქნებიან
ვეფხვები და ლომები

წელში აღარ მოიხრებიან ტყეები
და შენ ფეხით გათელავ მკვდარი ჩიტების ფრთებს
მდინარეები გადმოარწყევენ ზვირთებს
შავ ბალღამს ტბებს და ზღვებს
ტალღებს და ამოყირავებულ თევზებს
ჯოჯოხეთი?
შენ ყოველდღე ჯოჯოხეთში ჩახვალ
რკინის და მინის თანამედროვე ჯოჯოხეთი
თვალებს ამოგწვავს……
ევრიდიკე? ტელეფონით გამოძახებული მეძავი
გიჟური ძაბვის მავთულების გაუგონარ წივილში…
გაბმული ზარი, ბრძანება, აურზაური.
პროკლამაციები. რეკლამები: ამძუვნებული ძუკნა
ცერბერები, რომლებსაც ვერაფრით დაუკავშირდები.
ყურმილის ხრიალი, სირენების კივილი
სასტვენების გნიასი: გოგონას ვეღარაფერს გააგონებ…
ვეღარაფერს გააგონებ.

პიერ ტილმანი

იმ ღამით ჩვენ დავტოვეთ ქალაქის ბარები და ქუჩები
რათა გვეზეიმა გარიჟრაჟი გორაკებს შორის…
შენ დაიჩოქე და პირში აიღე
ნაძვებს შორის ვიდექი… თენდებოდა…

* * *

ეს არყოფნაა ჩემი ტერიტორია
რომელიც შარდით და ნერწყვით შემოვსაზღვრე
აი აქ ამ უკაცრიელ ალაგს
შემიძლია მიყვარდეს,
ვიბრძოლო,
გავიმარჯვო,
დავმარცხდე
სწორედ აქ სადაც სხივები ფარულად, ფეხაკრეფით მოდიან
სირცხვილისა და შიშის ნიჩაბით
გავითხარე ჩემი სორო…

ეტიენ როდა-ჟილი

* * *

ეს ინგლისური ლაბადა
რომელიც მამგვანებს
თითქმის მივიწყებული ქვეყნის
ბებერ ელჩს.

ეს ინგლისური ლაბადა
რომელსაც შემოვატარე
პარკები ძველი ქალაქებისა
სადაც სულის მოსათქმელად ჩავდიოდი.

სწორედ აქ შემხვდი
სევდიანს თუმც კი გარიდებულს
ყველა მებაჟეს და ყველა უხამსს
და ლამაზი უბნების ხორცდახარბებულ ნაგაზებს.

ეს კონტინენტალური ღიმილი
ჩემოდნის მაგივრობას მიწევს
რომელშიც ვჩურთავ ჩემს საგანძურს
რაიც ვინ იცის როდის ვინ მიწილადა.
ეს ინგლისური ლაბადა
რომელიც მამგვანებს
თითქმის მივიწყებული ქვეყნის
ბებერ ელჩს.

ბერნარ მაზო

ხეტიალი

დიდხანს დავეხეტებოდით
მოგონებათა სურნელებში
ცეცხლოვან მზერაში ჩაკარგულები
და ხელისგულზე გვედო
დაუწერელი ბავშვობის
მყიფე სინაზე.

ცხოვრება

უნდა ითქვას
რომ ცხოვრება არც ისე ადვილია
უნდა ითქვას
რომ დილის სიშიშვლეში
საგნების სიმძიმე აუტანელი ხდება
მაგრამ უნდა გააგრძელო
უნდა იყო
სიცოცხლის უკანასკნელ ზღვარამდე.

ალენ დე კასტრი

ნიუ-იორკი ათასსახოვანი ქალაქი
მომხიბვლელი და მომნუსხველი
მყისიერად იმედის გამაცრუებელი
სინათლისა და სიბნელის ქალაქი
შენს ხეშეშ ჭუჭყიან კანში
ჩემი გულის ძგერას ვგრძნობ
ტრანზისტორების ხმაურში
მე ხოტბას ვასხამ შენს სიმხურვალეს
რათა უკეთ გავექცე შენს სიცივეს
განზომილებებიდან განზომილებებში
ავდივარ და ჩამოვდივარ
დასავლეთიდან აღმოსავლეთით
ჩრდილოეთიდან სამხრეთით
მე აღმოვაჩენ ახალ სახეებს
ჩაძინებულ ქუჩებს ოხშივარი ასდის
და ისმის გაღვიძებული ადამიანების ხორხოცი
ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელების
ფერადი მანქანები აღმა-დაღმა დაქრიან
მე მიყვარს შენი ჯოჯოხეთური ხმაური
მძულს შენი რასიზმი
ვაშინგტონ სკვერიდან
ამოიჭრება სიმღერები
წითელი თეთრი შავი ყვითელი
რიტმი ადამიანებს ამეგობრებს
კიდევ უფრო შორს უნდა წახვიდე
მეგობრობა მუდმივი ზეიმი არ არის
ცათამბჯენების წვერით დაღარულ ცაზე
ინტერნაციონალური სიყვარულის თვითმფრინავები დაფრინავენ
ყოველი მხრიდან მოეშურებიან
სამყაროს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ადამიანები
ადამიანური ძმობის მოსაპოვებლად
U.S.A. დაივიწყე ომები და დოლარები
გახსენი გული
და
შენ აღმოაჩენ
ადამიანს
სიცოცხლის უდაბნოში.

ნიუ-იორკი (1969)

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box