პროზა

გიორგი კეკელიძე – ორი თავგადასავალი – ფრაგმენტი რომანიდან

kekelidze---34

კოჭლი კაცი

ჩემი და ოთხი წლის იყო, დილით მუცელი რომ ასტკივდა და საღამოს, სანამ საავადმყოფოდან დააბრუნებდნენ, სოფელში, მამიდაჩემთან წამიყვანეს. ნინო ამსტერდამში გაფრინდა, – მითხრა ღიმილით დედაჩემმა. სად არის ამსტერდამი? – ვიკითხე მე. იქით, შორს, ევროპაში. აღარ მიკითხავს ევროპაზე. ალბათ უკეთესი ადგილია. ნინოს სულ უფრო მეტად ეფერებოდნენ. უკეთეს შოკოლადს აძლევდნენ და ახლა ხომ ხედავთ? იქაც გაუშვეს. თან რამხელა სურათები დაკიდეს სახლში. და რა ატირებს ხოლმე ჩუმად ფანჯრისკენ შებრუნებულ დედაჩემს? რა თქმა უნდა, იმასაც ამსტერდამში უნდა. მე ხომ ისედაც არ ვუყვარდი არავის, რაც ნინო გაჩნდა. ახლა ალბათ ძალით მეფერებიან, რომ ამსტერდამში წასვლა არ მოვითხოვო. არც მოვითხოვ, თქვენ წადით ყველანი!  ასე მგონია, როცა ქუჩაში ვთამაშობდით, გაღმა უბნის ბავშვებში მოკლე შარვლით და წითელი წინდებით, წითელლოყებიანივე სიკვდილი იდგა და აქედან დაძახებულზე: ვისი სული გსურს? ის სიცილით იძახდა რომელიმე ჩვენგანის სახელს. ნინო! ელენე! გოგი! მაკა! ბოლოს მეღა დავრჩი. ვაჟიკია და კოჭლი ზურია. შენზე უარესი რამეც არსებობს, სიკვდილო, თუნდაც ეგ შარვალი ჭრელად შეღებო და ცხვირზე კლოუნის ბურთი დაიმაგრო! დედაჩემის ის ღიმილი შენზე საზარელია. იქ რომ ყოფილიყავი, ვიცი, შიშით შენვე წახვიდოდი ამსტერდამში.

გზაზე რომ მოვაბიჯებდი, ხმამაღლა ვყვიროდი: მე შენი არ მეშინია, სიკვდილო! აქეთ გეშინოდეს ჩემი! აქეთ გეშინოდეს! სიკვდილის რა გითხრათ და შინ  ვაჟიკია დამხვდა და რომ შემხედა – შეეშინდა. კერასინკასთან იჯდა. ეწეოდა. რაია, რა სახე გაქ?! – უცებ მკითხა. მოვუყევი. ისე, როგორც მთვრალთუხუცესს ეკადრება. არითმეტიკა. გაკვეთილი მერვე. მიმატება-გამოკლება. ამბების. საბოლოოდ, გაიგო, რაც მოხდა. კასეტების საქმე. თუ სწორედ მახსოვს, არ მირწყევია, უბრალოდ ვთხოვე, რომ ლამპა არ ჩაექრო და გადავბრუნდი. კედელზე, სადაც შპალერი გადასცლოდა, გაზეთ „კომუნისტიდან“ ამონაჭრები მიეწებებინათ. „ჩვენი სოფლის თვალი, ყოფილი ფიზკულტურელი მურთაზ თაბაგარია. მურთაზმა, ჯერ კიდევ წინა ხუთწლედში ისახელა თავი, მაგრამ სანიმუშო ამხანაგის წლევანდელი გამრჯეობა, მართლაც რომ უშურველ ქებას იმსახურებს. დიდება მის მარჯვე ხელებს! თორმეტი ტონა მანდარინი ხუმრობა საქმე როდია? სწორედ ამაზე ამბობდა პოეტი…“ და ჩამეძინა.

დილით პირშიმჟავაჩასხმულივით ავდექი. კაცმა რომ თქვას, ჯერ არსად მეჩქარებოდა. არც მწევარი მომდევდა, მაგრამ ხომ იცით მეორე ანდაზა. ჩვეულებაზე. სარკეში ჩავიხედე. რა ემართებათ ამ ძველ სარკეებს? რაღაც ჟანგივით ეპარებათ გვერდიდან. ალბათ მაგათი ჭაღარაა. სამი დღის წყლით კბილის გამოხეხვა არაა მოსაწონი საქმე. თან ისედაც მეზარება. სულ მეზარებოდა. იქ, ლანჩხუთში დედა მაძალებდა. აქ, თბილისში ვაჟიკიას საკუთარი კარიესი გაჭირვებოდა. მოკლედ. ენით მწიფე ღრძილები მოვისინჯე და გადმოვაფურთხე. სისხლს ტკბილი გემო აქვს. შენსასაც და სხვისასაც – თუ დაღვრა გადაწყვიტე.

–                ფული ყველას უნდა. მით უფრო, ჩვენს დაუფასებელ დროში, – მეფო ცდილობდა ინტელიგენტურად ელაპარაკა. სამი თაობის მაფიოზის შვილივით, ახლახან რომ დაბრუნდა სორბონიდან და უკვე კლანის საქმეების გადაბარებას ცდილობს. უხდებოდა კიდეც, თვითონაც ხომ პროფესორების ოჯახიდან იყო.

–                ეგ არი. ჩვენს დროში ფულს სწავლით ვერ იშოვი. თუმცა ჭკუა და შრომა საჭიროა. გათვლები. ჩასაფრება. ნაკლები მსხვერპლი, მეტი მოგება, – ეს ისევ მეფოა. მას რისკიანი, მაგრამ დიდებული გეგმა აქვს. უნდა, რომ ფიზიკის ინსტიტუტის ქვემდგომი თანამშრომლებისგან ის ბანდა ჩამოაყალიბოს, რომელიც სანატრელ მილიონს მოიტანს. შეიძლება ხვალ არა, ერთ ან ორ წელიწადში. მაგრამ მილიონი სულ მილიონია, თუნდაც – ასანთის ღერი. საუბარი კი მწვანე ფულს ეხებოდა. ფული შეიძლება ბინძური და ბნელია, მაგრამ განზრახვა ნათელი გახლდათ – ფიზიკის ინსტიტუტის შკოლნიკა თანამშრომლებზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა. ვის ეცალა მაშინდელ მილიციაში ასეთი ეჭვიანობის სცენებისთვის – თეატრი ხომ არ იყო. მაგრამ მაინც. ამ გეგმის აღსრულება მე დამევალა. დავთანხმდი. სიმართლე ითქვას, ბევრი არ მიფიქრია. უფრო სწორად, ბევრი მიფიქრია ასეთ ამბებზე. რობინ ჰუდობა სულ მინდოდა. და აჰა, აღსრულდა! სქემა ასეთ მომავალს გვიქადდა: მეფო მოგვამარაგებდა საწყისი თანხით, იარაღით და გასატანი ბინების სიით. ეს სია ყველაზე რთულად შესადგენი ამბავი გახლდათ, სხვა საძმოების არეალი არ უნდა გადაკვეთილიყო. გამოცდილ ინკასატორს არ ექნებოდა ეგრე აღნუსხული ყველა სახლის კარი, როგორც რომ მეფოს. სად მეტი ოქრო იდო, სად ფიროსმანი, სად გუდიაშვილი, სად ჭურჭელი და სად ერეკლე და სად ჩემი ხმალი? უზრდელივით იქცევით! ჩამონათვალს მაწყვეტინებთ! და თან ამას მე მეკითხებით?! ხმამაღლა დაგცინებდით, მაგრამ ვერ გაიგონებთ. დიახ. ნიჭიერი ხალხი ყველაფერში ნიჭიერია. ამასაც შევძლებ! რომ მოვინდომო, მედელინის და კალის ბარონებს შევარიგებ, ორი უბნის გასაძარცვი არხების კონტროლი კი არა. და რობინ ჰუდი? რობინ ჰუდი რა შუაშია? ეგ ხომ მდიდრებს ართმევდა. ჩვენც მდიდრებს წავართმევთ. და ღარიბებს აძლევდა? განა იყო ვაჟიკიაზე და ჩემზე ღარიბი ვინმე ამ ქალაქში?!

ვაჟიკია ფიზიკოსად არ დაბადებულა, მაგრამ ფიზიკის ინსტიტუტის მარჯვენა ფლიგელის დაცვად მუშაობას არც სჭირდებოდა მსგავსი უნარები. სულ რაღაც 20 მანეთია ხელფასი. ისიც, ამ ბოლოს ბოროტი მშობლის მოყოლილ ზღაპარს ჰგავს თოვლის პაპაზე. გზაში იყინება. ბევრი ვიჩალიჩე და მოვაწყვე. დირექტორი მენდობოდა და იმდენად დიდსულოვნად, რომ ოდესმე, საქართველო როცა დიდი იქნებოდა, საკუთარ ადგილს მიწინასწარმეტყველებდა. რიჟა პირველი ფლიგელის დაცვაა. სხვა დანარჩენები ასისტენტები არიან. ბატონი ჰამლეტის ამბავი ადრევე მოგიყევით. ქალბატონ ლალას საქმის შემდეგ ცოტა კი დაიზაფრა, მაგრამ როგორც ეფრემ-ვერდი გვასწავლის, ზაფრას ზაფრანას ნაყენზე უფრო, სხვა უარესი ზაფრის მოლოდინი შველის. ჩვენთან კი ეგეთი წესი დაითქვა – საძმოდან გამსვლელს შუბლში სორო ელოდა. მაშინ ასეთი სოროები ხშირად ითხრებოდა, მგონი თაგვი არ იყო ამდენი.

ქალბატონ ლალას კივილმა უფრო კარგად გამაგონა – ფართო ასპარეზზე გასვლის დრო დამდგარიყო. დედაჩემს ავსტრიელების ეს სტიპენდიაც კი უკვირდა და ახარებდა, მაგრამ სად უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ხელფასი. თან სტუდენტობისასვე. ვუნდერკინდი ვიქნებოდი. ასეთ ასაკში ამხელა კონკურენციის დაძლევა სოფლელი ბიჭისთვის. რას ამბობ? კოჭებშივე მეტყობოდა? კოჭებს გამაგრება უნდა, თორემ თუ ფეხები გაგეზარდა და შენ ისევ ისე – კოჭებში გეტყობა – წაიქცევი. სულ ნიჭიერი კომპოზიტორი და პოეტი იქნები. ნეკროლოგზე უარესად იკითხება ხოლმე: დღეს ჩვენს ღვაწლმოსილ, ნიჭიერ მწერალ ლონგინოზ ესებუას 55 წელი შეუსრულდა. პროზაიკოსის იუბილე მშობლიურ სკოლაში აღნიშნეს და ასე შემდეგ. მოკლედ, მეცნიერ-თანამშრომლობა მინდა. ამისთვის დიდი ნაშრომი მაქვს ჯერ დასაწერი და მერე დასაცავი. გამარჯობა, მეფო!

–         რამე უფრო მსხვილზე ხომ არ გვეფიქრა?

–         ჯერ შარია. ბევრი არ ხართ… თუ ვართ. არ გაგიტყდეს, პროსტა ჯერ შენი ფიზიკოსი სასტავის გაიგივება მიჭირს, თორე ერთნი ვართ.

–                ასე ძნელია, ცხოვრება მოკლეა, – სულ მეკიდა, ვის ვისთან აიგივებდა მეფო. პატივს ვცემდი, როგორც გზაზე დამყენებელს – ცუდად არ გამიგოთ. მაგრამ მეტი ფული მინდოდა.

–                აქ ყველაფერი დაკავებულია. ძაან სტროგად. პროსტა ნეპრიატნია. უნდა დაეჯახო. ან ერთი გაფუჭდება ან მეორე. ტყუილი სისხლია. რეგიონები უნდა მოვსინჯოთ. რას იტყვი, გენიოსო?

გარდაბანი ახლოსაა. ჩვენი დევიატი საათ-ნახევარში შეყოფს ცხვირს, თუ გზაზე რეიდები არ არის. ქალაქის ზურგში, აყროლებული, მოგრძო შენობა დგას. ქათმის ფერმა. იშვიათად, ქათამზე უფრო რამე მძულდეს – გინდა საჭმელად, გინდა ცოცხლად. ახლა საქმე მოითხოვს. ფირუზ სულაბერიძე ჩვენი სულიერი ძმაა. რუსთაველი. ის მიგვყვა.

–         დირექტორი აქ არის?

–         ტი კტო, ბრატუხა?

აზერბაიჯანელია. ალბათ აქ მუშაობს. მე ვუთხარი, რომ თბილისიდან გამოგვაგზავნეს და საჩქარო საქმე გვაქვს. ინკუბატორშიაო. შევედით. გამარჯობა. იმან პასუხად კბილები გამოაჩინა. ორი ოქროსი ჰქონდა. სტაჟიორები რომ ვყოფილიყავით, დავაძრობდით და არმენას მივყიდდით, მაგრამ ნაშრომის წერა უკვე დაწყებული გვქონდა.

–         ერთ პატარა საქმეზე ვართ.

–         მე ყველაფერი გაიასნებული მაქვს. ყველგან მოგვარებული მაქვს.

–         რა?

–         ემვედე მკრიშავს და ნოსა იცით? ვსესაიუზნი.

–         მერე სამი იყოს.

–         რა სამი?

–         სამი კრიშა ვიქნებით.

–         ვის ებაზრებით, იცით?

–         გივი ჭეიშვილს.

–         მერე?

–         რა მერე?

–         თქვენ, ბიძიებო, შიგ ხომ არ გაქვთ?

–         დამშვიდდით, ბატონო გივი. არ გვინდა უსიამოვნება.

ბატონ გივის ავუხსენი, რომ საკითხი გაცილებით დელიკატურია, ვიდრე ამას წარსული გამოცდილება კარნახობდა. ახლა მხოლოდ კანონიერი ქურდი და მილიციის უფროსი არ მეფობდა დროსთან ერთად. საძმოებისთვისაც გაჩნდა ტახტზე ადგილი.

–                ჩვენ კომფორტულ გარიგებას გთავაზობთ. თვეში ორიათასი მანეთი და სხვა დანარჩენი არ შეგაწუხებს. ეგ კი არა, დაჟე ქურდებთანაც მოგიგვარებთ. არ გინდა ნოსა.

გივის სახეზე გაბრაზება დაეტყო, ორი თვალი მრისხანედ უელავდა, მაგრამ მესამე თვალით ვაჟიკიას შარვალში უკან გარჭობილ რევოლვერს ხედავდა. საკუთარი, სავარაუდოდ, სეიფში ედო. სეიფი კი ახლოს არ ჩანდა.

–         კარგი. თბილისში დავილაპარაკოთ.

რა პრობლემაა, ბატონო გივი. აუცილებლად დავილაპარაკებთ თბილისში. ქუთაისში. ზუგდიდში. სოხუმში. და სადაც გნებავთ. ოღონდ ახლა 1000 მანეთი უნდა მოგვცე. წინასწარ. მესამე თვალმა ისევ ანიშნა და გივიმ გვითხრა:

–         ახლა, ხელზე ექვსასი მაქვს მარტო.

იყოს ექვსასი, ბატონო გივი. იყოს. აქედან და რუსთავამდე თხუთმეტი წუთის ამბავია. იქ ფირუზას ცალკე ბაითი აქვს ნაქირავები. როგორც დიქტორები ამბობენ – კონსპირაციული. წამალიც იქ იხარშება, ვნებაც – გულში და გეგმები – თავში. ნაშები. ნაშები ჩქარა! მე ლიანა მომეწონა. იქვე, მეორე კორპუსში ცხოვრობდა. რვასართულიანის ერთოთახიანში. მერვეზე. ძვალმსხვილი იყო – დიდი, ზეთიანი ძუძუებით და კუდუსუნთან, როგორც აღმოჩნდა, ბლომად თმა-ბეწვით. როცა მოვწიე, მეგონა, რომ ეს ძუძუები გაუმრავლდა და მთელ ტანზე მოისხა. უცებ ბეწვის ამბავიც მიემატა და ვუთხარი: „ღორო, მომე ჯაგარი“. მაგრად გამარტყა. მაგრამ სიცილით. მეორედ სექსი აღარ შემეძლო. ორმოცდაათ მანეთს გაჩუქებ-მეთქი. ბოზი ხომ არ გგონივარო. ისე-მეთქი, უბრალოდ. შენ რა პროფესიის კაცი ხარო? თანამშრომელი. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. გაიცინა. დღეს ლექტორები ვერცხლის კოვზებს ყიდიანო. მეც გამეცინა. კიდევ მოვწიე. კიდევ. არაყიც დავაყოლე. უკვე ვიძინებდი, ჭერს ავხედე და ჩემთვისვე მოულოდნელად ჩავილაპარაკე: თუ საიდუმლოს შენახვა შეგიძლია, გეტყვი, საიდან მაქვს ეს ფული.

ადრე, როცა ვწვებოდი, შუქს ჯერ ერთი ხელით ვაქრობდი. მერე ვრთავდი და მეორეთი. ბოლოს ორივეთი ერთად, რომ არცერთი არ დაჩაგრულიყო. ძნელია ახირებულობა. დროს გართმევს. ძილის წინ ჭერს, მეზობლის ფანჯრებიდან შემოსული განათების წყალობით ვუყურებდი. თხელ ფიცრებში წვიმას გამოეჟონა. ამ დროს წვიმა ცნობილი მხატვარია. მისი ტილოები ყველა სახლში ეკიდა გურიაში. ჩემთან, ჭერზე ციყვი და კატა უყურებდნენ ერთმანეთს. შორს ცალხელა კაცი მიდიოდა. იმ კაცს ვუყვებოდი ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოებებს: თუ როგორ მძულდა მშობლები. ისინი წითელი რეიტუზის ჩაცმას მაიძულებდნენ, რომელიც მეგონა ჭიანჭველებით იყო გატენილი. კანზე შეხებისას ნამდვილად ასეთი შეგრძნება მქონდა. ჩურჩულით ვეუბნებოდი, რომ ნონას ყვითელი ტრუსი ეცვა, ველოსიპედიდან რომ ჩამოდიოდა, კაბა სკამში გაეჭედა და დავინახე. ძალიან შემრცხვა, მაგრამ თან რაღაც უცნაური ვიგრძენი. იმ კოჭლმა კაცმა ალბათ იცოდა, რაც. თუმცა პასუხს არ მცემდა. მაგრამ მთავარ საიდუმლოებებს ხომ მომხდარის მერე, თავსაც ვუმალავთ. საერთოდ, ერთ-ერთი დაუჯერებელი და სასაცილო სიტყვა, რაც კაცობრიობას მოუგონია – მესაიდუმლეა. ჩვენ ყველა საკუთარი დიდი საიდუმლოებების მძევლები ვართ და მხოლოდ სიკვდილთან გვათავისუფლებენ. ისიც, არავინ იცის, რა პირობით, რადგან სიკვდილის ამბებს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ ვერავინ ჰყვება. ჩვენი მეგობრები, ახლო და უახლოესი, ზედაპირულ ამბებს იგებენ და შეიძლება გაუთქმელად ინახავენ კიდეც. მაგრამ რა მცირე და კომიკურია ეს მონათხრობები მთავარ მოვლენებთან შედარებით. მაპატიე, ცალფეხა კაცო ჭერზე, და თქვენც მაპატიეთ. მე ადამიანი ვარ. მე ჩემი საიდუმლოებების მხოლოდ მცირე, გამორიყულ ნაწილს გიყვებით.

პანგეას ნაფლეთები

ოდესღაც სამყაროში დიდი აფეთქება მოხდა. ამას მოჰყვა ნუკლეოსინთეზის ერა, ბირთვული ერა, შვიდი მილიარდი წლის წინ კი მზე და მისი სისტემა იშვა. მერე დედამიწაზე ხმელეთი და წყალი გაჩნდა. იყო ერთადერთი კონტინენტი – პანგეა. როგორც ყველაფერი, ბოლოს ისიც დაიშალა და ფილებად დაიყო. მე ერთ-ერთ ფილაზე ვდგავარ. ევრაზიულ ფილაზე. აქ შეიძლება ადრე ცეცხლი ენთო ან ოკეანე ლივლივებდა. ახლა ნახევარუდაბნოა. ეს ქვები, ქვიშა, მეჩხერი, მტვრით გაყინული ბუჩქები, ათასწლეულებია, ოდნავადაც არ იცვლებიან. გარემო ისეთივე სასტიკი, მშვიდი და გულგრილია, როგორიც მანამდე იყო, სანამ ადამიანები საერთოდ გაჩნდებოდნენ. ის საერთოდ არ გვიმჩნევს. ახლაც, როცა მუხლებზე ვდგავარ და თავზე სანადირო თოფი მაქვს მობჯენილი, ამ მთებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ. იმ ვარსკვლავებს ხომ – მით უმეტეს, და ზეახალ ვარსკვლავებს – საერთოდ. სამყარო აჩქარებით ფართოვდება, მე კი ხელები შეკრული მაქვს. კოსმოსი ყრუა – მან არ იცის, რომ არსებობს ოცნებები, სიყვარული, შური, ტკივილი, სიხარული. ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა, შეუმჩნეველი წერტილების თვითონ წერტილივით დედამიწაზე. მილიარდობით უზარმაზარ პლანეტას, თავზე რომ დამნათის და თუნდაც აი, ამას, მუხლებით რომ დავყრდნობივარ, არ შეუძლია ჩემი გულისცემა ესმოდეს. ის წარბსაც არ შეიხრის ახლა და არც მაშინ შეიხრიდა, უცებ, ღრმა წარსულში, მეზოზოურ ერაში რომ გავჩნდე იმავე პოზაში, ბოქსიტების და ფოსფორიტების საბადოების ზურგზე, უკან ბებერი გივი ჭეიშვილის ნაცვლად კბილებდაკრეჭილი დინოზავრი მედგას და ღრიალებდეს: სად არის ჩემი კვერცხი! პრინციპში, გივიც იმავეს ბღაოდა – კვერცხებს ითხოვდა. კვერცხებიდან მიღებულ ფულს. ყაჩაღებზე ყოჩაღი აღმოჩნდა. რუსთავში მომაგნო, რა გასაკვირია და, როცა გამაღვიძა, ლიანა აღარ ჩანდა. შეიძლება იქვე იდგა, ფარდას ამოფარებული. მე ვერ დავინახე. ბატონმა გივიმ და კიდევ ორმა დაუდგენელმა პირმა იარაღის მუქარით გამიტაცეს. თუ როგორც იტყოდა კრიმინალური ქრონიკა. ახლა ქათამთუხუცესი მაგინებს და მოკვლას მიპირებს. მუქარები ხშირად ფუჭია. ნამდვილი მკვლელები იშვიათად იმუქრებიან. მაგრამ რა იცი. როგორც ლანჩხუთში იტყვიან, მარცხი ელანძეა. ელანძე, ანუ უცებ და მოულოდნელად, ბატონებო.

მალე, როცა ჯოჯოხეთში მოვხვდები, თუ ეშმაკების საკრებულოში ჩემი წამების საკითხი იმის მიხედვით განიხილება, რასაც დედამიწურ ცხოვრებაში გავურბოდი, უპირველეს სასჯელად ლანჩხუთის საკრებულოს უკან რომ ჩეჩმაა, იქ მოტყუებით შესვლა და კარის ჩაკეტვა გამოდგება. გრძელი წინადადებაა, მაგრამ, როგორც გვპირდებიან, არც ტანჯვა იქნება მოკლე. თუმცა, ჯერ ახალგაზრდა ვარ. პერსპექტიული. დრო არის. კიდევ მოვასწრებ ცოდვების ჩადენას. ჩემი სული ისე დამძიმდება, ცეცხლის სამეფომდე მის მითრევას დემონების ლეგიონის გამოხმობა დასჭირდება. შესაბამისად, განაჩენი დაწესდება გაცილებით მწარე: სიკვდილის მერე, თვალის სამუდამო გახელისას, ბოტანიკურ ბაღში აღმოვჩნდები. 1990 წელი. ნოემბრის ღამეშერჩენილი შუადღე. მგონი ჩვიდმეტი. ქარი გულს ურევს მაძღარ ამინდს და სადაცაა, წვიმა მხრებზე ბრმა მტრედივით კენკვას დამიწყებს. ძაღლები დარბიან. გაქუცული, მუნიანი ძაღლები. ბუჩქები მათი შარდის სუნით ყარს. ბილიკები განავლითაა დანაღმული. მხოლოდ ძაღლების არა, ადამიანების განავლით. აი, იქ „კალენდულა. გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და პარფიუმერიაში“-ს ნაცვლად უნდა ეწეროს: „განავალში გავლა გარდაუვალია“. მით უფრო, თუ ხანდახან მაღლა იყურები. მცენარეები მცონარედ ირხევიან ქარის დაძახილზე. პასუხი ეზარებათ. ცალ ფეხსაცმელში წყალი შემივიდა, ნინო მინდოდა გამეცინებინა და დიდ გუბეზე გადახტომა ვცადე. ნინო წინ მიდიოდა. უცებ შემოტრიალდა და მითხრა: „მეზარება ესეთი სცენები. ვაი-ვუი და სვეჩა გარელა ნა სტალე. რაღაცები მთავრდება რა, სადღაც წყდება. მერე მობრუნება აღარ გამოდის. ხო იცი. მოდი, დავემშვიდობოთ ერთმანეთს“. მე მინდა, ათასი სიტყვა ერთად ვთქვა: რატომ, ვინმე შეგიყვარდა, რამე დავაშავე, გუშინწინ ხომ გიყვარდი, შენ გოგო ალაოდ ხო არა ხარ, მე ისევ მეყვარები და სხვანი, მაგრამ მხოლოდ მოახლოებული ძაღლისთვის ფეხის მირტყმას ვახერხებ. სველ ფეხსაცმელზე ბეწვები შემრჩა. დავხედე. თვალი გამიშტერდა. „ჰა, გადამეხვიე ეხლა და წავედი“. თავი ავწიე და ისეთი სიმშვიდით ვუპასუხე, მთელი წელი მიკვირდა: „არა. წადი. არ შემიძლია დამშვიდობება. არავის დავმშვიდობებივარ. არასდროს“. მართალი ვიყავი. ყველაფერს გავივლი ცხოვრებაში, ოღონდ დამშვიდობება გამომატოვებინა. მხოლოდ ეს არა, ნებისმიერი სახის დამშვიდობება. მირჩევნია, აღარასდროს ვნახო, ვიცოდე, რომ სადღაც მატარებელმა გადაუარა, ხევში ჩავარდა და ჭიაყელების სუფრაზე ცოცხლად ლპება, ვიდრე „მშვიდობით“ და მსგავსი ფრაზების კულტურული ინკვიზიცია მოვაწყო. როცა ჯოჯოხეთში მოვხვდები, სატანა აუცილებლად ერთ ადგილს მიმაყინავს, თვალი ტალახიან ფეხსაცმელს მიკრულ ბეწვებზე მექნება დაყრდნობილი და ყურში ნინოს ხმა ისისინებს: „ჰა, გადამეხვიე ეხლა და წავედი“. ჰოდა, ვერ ვიტან ამ დამშვიდობებებს, მაგრამ ახლა მომინდა ნია მენახა. მენახა და მეთქვა: იმ ახვრებს იქ შევხვდები, ნია, და იქ წავართმევ იმ კასეტას. შენც ხომ ამოხვალ ოდესმე და მე დაგელოდები. ერთად ვუყუროთ. აი, ასეთი სულელური რამ. მაგრამ მომინდა.

–         ეს კასეტა ცარიელია, ბატონო გივი!

მეგონა, მაცილები დამცინოდნენ.

–                როცა გეტყვით, ჩართეთ და ჩაწერეთ. მე არ ვიცი, – იყო კვერცხთმეუფის პასუხი.

უკან მოვიხედე. გივი სულ არ ჰგავდა მოღრიალე ფერმის უფროსს. მანქანას მიყრდნობოდა და შესამჩნევად იღიმოდა. მისმა მონამ ვიდეოკამერა მომიშვირა. გივიმ თოფი.

–                ახლა შენ წამოხვალ რესტორანში. იქ ცოტას დავლევთ, მერე სრულიად ბუნებრივი ხმით, ძალდაუტანებლად იტყვი, რომ მეფო ნაბოზარი და პედერასტია. რომ მილიციის კაცი ხარ და მალე გაძაგრავთ იმ გოთვერანს. მერე პირჯვარს გადაიწერ და ღმერთს დაიფიცებ, რომ ამას გააკეთებ.

–         და?

–                და მერე, ეს კასეტა მე მექნება, – თქვა გივიმ, – და შენ დღეიდან ჩემი კაცი ხდები. სხვა შემთხვევაში, სახელსაც დაკარგავ და სიცოცხლესაც, ბიჯო.

სიკვდილი საშინელია. ეს ყველამ ვიცით. მაგრამ მისი ყველაზე ცუდი მხარე ის არის, რომ შანსს აღარ გულისხმობს. აი, სიცოცხლე კი სულ სხვა საქმეა. იქ შეგიძლია გზაზე ჩაისვარო და სახლში სუფთა მიხვიდე. ერთხელ, პირველ კლასში ვიყავი და სწორედ ასე მოვიქეცი. უმწიფარმა ტყემალმა ფაღარათი მომწია – შინ რომ გამოვრბოდი, რა დასამალია და, თავი ვეღარ შევიკავე. ძალიან მრცხვენოდა. მდინარესთან მივედი, მაკანკალებდა, მაგრამ მაინც ვიბანავე და შარვალი გავრეცხე. საღამომდე იქ ვიყავი, სანამ გაშრებოდა. მთელი ოჯახი მეძებდა. რომ მივედი, მაგრად მომცხეს. ძილამდე სიცხემაც ამიწია, მაგრამ სახეზე ბედნიერება მეწერა – არავინ იცოდა ჩემი სირცხვილის შესახებ. სუფთა ვიყავი.

სხვა სახლი

სიბერე სიკვდილის არსებობის გამართლებაა. სიცოცხლისგან დაღლა ამართლებს. ამიტომაც მიყვარს მოხუცები – მათი თვალები გულგრილია სიკვდილის მიმართ –  ისე ელიან, როგორც მეოთხე კარაქიან პურს ყველაზე პუტკუნა ბავშვები ბაგაში, სადილისას. ალბათ არის წელიწადი, როცა შენ ამას გრძნობ. სამოცდახუთი? სამოცდაცამეტი? ოთხმოცდახუთი? არ ვიცი. არასდროს ვყოფილვარ ოთხმოცდახუთის. მინდა კი. რადგან ახლა სიკვდილი გაუგებარი ამბავია. მხოლოდ შიშს და ტკივილს ვიგრძნობ. მე კი სიხარულის სურვილი მკლავს. იმედია, ყველა ტყვია ამცდება და ღრმად მოვხუცდები. ისე, როგორც ბებიაჩემი. ერთხელ, როცა ავად გახდა, მაღლა აიხედა და ღიმილით თქვა: „რა უჭირს მერე, ჩემს ლელიკუნას ვნახავ იქინე“. ბებიაჩემს უხაროდა სიკვდილი. შეიძლება სხვა დროსაც გაგიხარდეს, მაგრამ მაშინ იძულებას უფრო ჰგავს. აი, სიბერისას ბუნებრივია ეს სიხარული. ამიტომაც მგონია სიკვდილის გამართლება.

გივის დედ-მამა გარდაბნის ბოლოს ცხოვრობდა. შეიძლება ითქვას – აზერბაიჯანის და ოთხმოცდაათის საზღვართან. ოთხმოცდაათი წლის. სიბერეზე ჩემი ფიქრი ამადაც გაგანდეთ. იქ ერთი კვირა უნდა მეცხოვრა. მოსამსახურე არ ჰყავდათ, შესაბამისად ჭუჭყი მეტი ჰქონდათ, ვიდრე სიცოცხლის დარჩენილი წლები. ქათამთგამრიგე გივიმ შესაშური სცენა დადგა, თითქოს მისი ცოლის ნათესავი ვიყავი და დროებით თავს შევაფარებდი, ასე იყო საჭირო. „ასე არის საჭირო“ – მაშინ მაგიურ სიტყვებს უდრიდა – პატიოსან ხალხს ბევრი კითხვით თავი აღარ შეუწუხებია. გივი შვიდ დღეში მოვა. ერევანში აქვს საქმე.

ქალმა კარადა გამოაღო და თეთრეული გამოიღო.

–         არ გინდათ, ნუ გააუთოებთ. მიჩვეული ვარ დაჭმუჭნულში წოლას.

მერე ჩაქრა და საღამოს, სად იყო და სად არა, შუქი ისევ მოვიდა.

–         ვჭამოთ.

ისინი ცოტას ლაპარაკობდნენ. უფრო მეტს ჭამდნენ. სუფრაზე არაყი იდგა. გრძელი, ბოლოს გედივით მოღუნულყელიანი ბოთლით. არავინ აპირებდა დალევას. ისე. შემწვარი კარტოფილი. კომბოსტოს ვარდისფერი მჟავე. მსუქან ნაჭრებად პური. უფრო თხლად – ყველი. მგონი ცხვრის არა – სუნი ვერ ვიგრძენი.

ჩაი არ დაულევიათ.

მალე მოვრჩით.

აუ, მიდი რა, თავში ჩაარტყი, – მთხოვდა მამაჩემი. ციმციმებდა და გაჩერდებოდა. მერე ისევ. მაშინ მივეჩვიე ხელის ქნევას – გვერდიდან, ზევიდან. რას ვლაპარაკობ?
საქმე ის გახლავთ, რომ მხოლოდ დინოზავრები არ გადაშენებულან. ახლა ზუსტად ვიცი – შეიძლება ფერებიც გადაშენდნენ – მაგალითად, რომელიმე საბჭოთა, უკვე ცემისგან დაღლილი ტელევიზორის გამოსახულება. ამ ფერის მსგავსი – სიმწიფესთან ახლომოსულ და ვარდისფერ პამიდვრებს აქვთ, ქარისგან ნაადრევად დაცვენილებს სახლში რომ შემოიტანენ და მზიან რაფაზე შემოაწყობენ. მაგრამ ზუსტად ვინ გაიმეორებს ამ ფერს? ვეღარავინ. აღარავინ.

ჰოდა, ჩართეს. შემეცნებითი გადაცემა მიიზლაზნებოდა საბჭოთა საქართველოში ნარკომანიის და პროსტიტუციის მომძლავრებაზე. 1990 წელი იდგა. კაცმა რომ თქვას, რაღა საბჭოთა კავშირი, მაგრამ მაინც. კაცი, დიდი, მართკუთხედი სათვალით და მრავალკუთხედი თავით, დანანებით ამბობდა: „თბილისში, კერძო ბინებში შეინიშნება უზნეო ახალგაზრდების ხშირი თავყრილობა. ეს მოვლენა ჩვენი დედაქალაქის ბნელ და დასაძრახ, მაგრამ როგორც ვხედავთ, პოპულარულ  მხარედ იქცა. ეგრეთ წოდებული უბნის ყოჩები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ამ ჭაობში ჩაითრიონ ჯერაც ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდობა. სამწუხაროდ, ხშირად ამას ვერც მშობლები უშლიან ხელს. პარტია გმობს, პარტიას აქვს გეგმა, პარტია აუცილებლად წელში გადატეხს“ და რაღაც განწირული ფრაზები. უკვე განწირული. ბოლოს ერთი ქალი აჩვენეს. გამომძიებლის პასუხად, ძლივს შესამჩნევად მოჰყვა: „ზესტაფონიდან ჩემმა დეიდაშვილმა წამომიყვანა. მითხრა, რომ სახლში სილამაზის სალონს ხსნიდა…“

მე ვიცნობდი ამ ქალებს. ქალებს, ტანზე დამწვარი რეზინის მომწარო სუნი რომ ასდიოდათ, როცა იხდიდნენ. ასეთი სუნი სხვისი ოფლის შეშრობისას იბადება. საკუთარ ოფლს ურევენ და ასე. სოფელში ჭუჭყიან ბავშვებსაც აქვთ, უცებ წვიმით როცა სველდებიან და შენთან ერთად, ძველი სახლის დაკენკილ სახურავს ეფარებიან – სანამ გადაიღებს. მე ვიცნობდი ამ ქალებს. საბანს სწევდნენ და ყოველ მორიგ კაცთან ისე წვებოდნენ, როგორც ქრონიკულად მწოლიარე ავადმყოფი მიუშვერს დაღლილ ვენას შვიდ საათში მეხუთე გადასხმის ნემსს. 40 მანეთი. „მასკვა“. პუმები – ეს სტუმარ კაცებს. მუქზედიან, მსუქან და გამხდარ კაცებს. ხოლო ქალებს – ფეხებზე დაბერილი კაპილარები, გაბრაზებული კაპილარები, იქვე, წვივებთან რომ იკარგებოდნენ, როგორც შემთხვევით დაღვრილი წყალი მზეჩაქცეულ, მშიერ უდაბნოში. არავინ იცის, სად მიდიოდა ეს დინება. სად ახრჩობდა თავის სიბრაზეს. ამ ქალებს არასდროს უთქვამთ, რომ არ გაუმართლათ, რომ წუხელ მთელი ღამე ტიროდნენ და ამის ექოა თვალების სიწითლე, რომ უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდნენ, რომ ფულს აგროვებდნენ ევროპაში გასაქცევად, რომ ნორმალურ სამსახურს ეძებდნენ, თუნდაც იაფი ანაზღაურებით. აი, ბოზობით რომ დღეში აკეთებდნენ, იმდენით თვეში. ეს არასდროს უთქვამთ. მიუწვდომელი გულგრილობით აკეთებდნენ საკუთარ საქმეს, ცინიკურად ეწეოდნენ და საღამომდე უსიზმროდ ეძინათ. მაშინებდა ასეთი გულწრფელობა. დღემდე მაშინებს. მე ვიცნობდი ამ ქალებს, ყველაზე საშიშ და ნამდვილ ქალებს. მერე სადღაც გაქრნენ, საკუთარი კაპილარებივით. ასეთი ქალები სკოლის ძველ, გამოსაშვებ ფოტოებში, ყოველთვის მეორე რიგში, შეძლებისდაგვარად მარცხნივ დგანან. თუ არ გჯერათ, გადაქექეთ ალბომები; ნუ დაფრთხებით, ვაითუ თქვენ იდგეთ.

მაგრამ ახლა სხვა რამეს უფრო ფიქრობთ და გგონიათ, რომ სულელი გახლავართ – უღონო მოხუცების მძევალი ვარ და გაქცევაზე არ ვფიქრობ.

პასუხად მინდა მოგახსენოთ – საკუთარი სიკვდილის ორი სასურველი სცენა მაქვს. ორივე განსხვავებულ ადგილას. ფრანგული კინოს მოყვარულებს არცერთი არ მოეწონებათ.

პირველი:  ზაფხულის შუა. შუა აზია. იურტა. ირგვლივ მხოლოდ ცხენის სუნია და სიცხის სუნი. ცხენის ცხელი რძე შემოაქვს თურქმენ ქალს. თურქმენი ქალი გადის. ასე მგონია, რძეში მზეა. შეიძლება კვერცხია და მეშლება. სისხლი მისველებს – იღლიებს, კეფას, ხელებს. შეიძლება ოფლია და მეშლება. ვსვამ რძეს. თუ დავლევ, თუ დავცლი თასს – მოვრჩები. ვსვამ, პირში ვიგუბებ და ნელა ვყლაპავ – თვალებში რომ დილის წითელი ხაზებია, ეგ ნაპრალებად იქცევა და ორთქლი შემდის. ვსვამ, არ მთავრდება რძე, არ იცლება თასი. ასე გრძელდება სამუდამოდ.

მეორე: თოვლი. დიდი და ჰორიზონტის წამშლელი. ყინვა. დაბალჭერიანი სახლი, გაკვამლული თეთრი კედლებით და ოთახის ცენტრში გამორთული ტელევიზორით. ცოლად ყველაზე ლამაზი ჩუქჩა მყავს. ის დილით გავიდა მეზობელ ქალაქში, აფთიაქიდან წამლების მოსატანად. ლოგინიდან ვდგები, კარს ვაღებ და იქვე ვეცემი. თავს წამოვწევ. ვხედავ: ბავშვი უზარმაზარი ირმის ფიტულს გუნდებს ესვრის. მინდა დავუძახო – ძალა არ მყოფნის. კაცმა რომ თქვას, უკვე აღარც მინდა. ირმის ფიტულს გრძელი, ბევრტოტიანი რქები აქვს. ერთზე გაზის გადასახადის ქვითარია წამოცმული. გუნდა ხან ხვდება ამ ფურცელს. ხან არა. შემთრევი ამბავია. გასართობი. ასე გრძელდება სამუდამოდ.

ჰოდა, ჩემო გულუბრყვილო მეგობრებო, გივი შიშივით ოხერია. ეზოში მეორე სახლი დგას. უფრო პატარა. შიგნით ორი ავტომატიანი კაცი და ერთი ნაგაზი მეგულება. ნამდვილად არ მინდა, ორივე გეგმა ჩამიფლავდეს და აქ მივიძინო მარადიულად. დროებით მიძინება ჯობს. ნორიკოს ბებიას საბანს ვთხოვ, თორემ მარტო ზეწარი რას მეყოფა. მცივანა ვარ.

ღრუბელი ცაზე

სიზმარი სადღაც დილის ოთხს საათსა და ოც წუთზე დაიწყო. მონაწილეობდნენ – ელი, ჩემი კლასელი. სკოლის დარაჯი – გოჩა. რუსულის მასწავლებელი – ალა. სპეციალური მოწვევით საიქიოდან – გეოგრაფიის მასწავლებელი ნიკოლოზი. მასობრივ სცენაში – მთელი კლასი. იშვიათად მინახავს ამაზე საშინელი სიზმარი. ელი სიკვდილით უნდა დაგვესაჯა ცარცის გადაყლაპვის გამო და წილის ყრისას, მე შემხვდა ჯალათის როლი. ყველაზე მშვიდი სახე ბატონ ნიკოლოზს ჰქონდა – ბოლო-ბოლო ერთხელ უკვე გარდაიცვალა. გოჩამ მითხრა, ყელთან რაღაც ძარღვი გადის და დანა პირდაპირ იქ დაარტყიო. ოფლი მჭამდა. ელი გაღიმებული მიყურებდა და თვალები ისე ჭინკურად უელავდა, როგორც მაშინ, ავტობუსიდან რომ გამომხედა. ვიყვირე: ვერა, ვერ მოვკლავ! ვერა! რატომ? – მკითხა მკაცრად ქალბატონმა ალამ, – ლაჩარი ხარ? გინდა რეიტუზი ჩაგაცვა? რეიტუზი! განა არსებობდა ამაზე უარესი სასჯელი? ამაკანკალა. ყელში სიტყვები მომაწვა და ამომიწვა. ყველაფერი მიხურდა. თქვი! თქვი! თქვი! დანა დავაგდე. წელში ძლივს გავიმართე, თვალები დავხუჭე და განწირული ხმით დავიყვირე: მე ელი მიყვარს, მასწ! არასდროს მეგონა, თუ ოდესმე ამას ვიტყოდი. ის ბიჭები გმირები მეგონა, დიდ დასვენებაზე რომ ჰყვებოდნენ, გოგოს სიყვარული ავუხსენიო. ვთქვი და გამეღვიძა. საშიშ სიზმრებს სულ ღელის წყალს ვეუბნებოდი ხოლმე. ვატანდი. ეს არ მითქვამს. მინდოდა ამხდარიყო და იმიტომ.

ძველ სიზმარს გიყვებით. ბავშვობისას. გივის სახლში რა დამესიზმრა, აღარ მახსოვს. ფრთხილად ავდექი. შესამჩნევად ციოდა. თუ ოდესმე სოფელს ან სოფლისმაგვარ ქალაქს ნოემბერში შემორჩენილხართ, ზამთრის პროლოგი ასეთია – ხის სახლის კედლები დაზეპირებულ მზის სუნს ისე იმეორებენ, როგორც მომაკვდავი ნაკარნახევ ლოცვას – ჩურჩული სუსტდება და ბოლოს ქრება. ფანჯრები საღამომდე ყვითლდებიან ფოთლებივით, შორიდან თუ უყურებ, ასე გგონია, ქარი დაბერავს და მოწყვეტს. სულერთია – ნათურა აყვითლებს თუ ლამფა. ყოველი ორი ეზოდან ერთში ხერხით გაღმა მამა დგას, გამოღმა – თოთხმეტი-თხუთმეტი წლის შვილი. ქალები სქელ, ნაქსოვ კაბებს იბრუნებენ, კაბების ბოლოს აუცილებლად შეამჩნევთ შემხმარ ტალახს. გეყოლებათ მეზობელი, რომელიც უსათუოდ გადაგკოცნით, თუნდაც მეოთხედ შეგხვდეთ და პირში ყოველთვის კარალიოკის და არყის სუნი ექნება. როცა დაღამდება, ცეცხლი როცა დაინთება და ჩაქრება, დაწოლამდე, სულ დადგება ერთი მდუმარე, სამყაროს გარინდების წუთი, ამ წუთს ვიღაცის ყრუ ჩახველება დაასრულებს ქუჩიდან. ის ვიღაც დაბარებულივით გამოდის ამ დროს. რომ არ გამოვიდეს, ნოემბერი აღარ დადგება.

ეზოში ერთი იდგა.

–         სალამ ბრატ! უტრო დობროე!

–         ქართველი ვარ, – მითხრა სიცილით და სიგარეტი გამომიწოდა.

მთაზე უკვე თოვლია. ნაადრევად მოთოვა. იცვლება ბუნება. „კოსმოსს“ ეწევი? ვა, გურული ხარ? მე იმერელი. ჭიათურიდან. მარგანეცი კიდევაა? აბა, რა ვიცი. ჩემი საქმე ავტომატია. ჩემიც.

მოთელვა გავლილია.

–         გინდა ცოტა გავიაროთ, ასე დაიბრიდები სახლში ტო…

–         ის?

–         ვინა?

–         ის, მეორე.

–         იმას ძინავს. ტიპს ხლაპუშკები რო შეტენო ყურში, ვერ გააღვიძებ.

სოსო დასავლურად აღარ უქცევდა. მილიციის ბუშლატა ეცვა, პაგონაგლეჯილი და მხრებზე ძაფებშერჩენილი. წვერიც ასე ჰქონდა, ძაფებივით. მეჩხერი.

–         საით წავიდეთ?

–         რავი, რა. გავიაროთ. უკან სოფელში. ეკლესია არი ახალგახსნილი. გივიმ აღადგენინა. სანთელი დავანთოთ, რამე.

 

ბებიაჩემი მორწმუნე იყო. ძილის წინ ჩუმად ლოცულობდა, სწრაფად და ძალიან გაურკვევლად. ხელები დახრილი ჰქონდა და მხრები ოდნავ აწურული. სახე დაძაბული და ჯიუტი, ძალიან ჯიუტი. თითქოს თვალებში უყურებდა ღმერთს. უყურებდა და ლოცვის დასასრულისას, ხმამაღლა და გარკვევით ეუბნებოდა: ღმერთო, ლელაიე სამოთხეში მუახვედრე იცოდე და რომ მუალ, დამახვედრე მაქანე კარგათ.
სოფლის მღვდელი შუა ხნის კაცი გახლდათ. მამაჩემის ბიძაშვილი, პატიოსანი და ამასთან უნდა აღინიშნოს: ერთობ ხუმარა. ჩვენს სოფელში ტაძარი რომ აღადგინეს, ბებია ლამის იქ გადასახლდა. ლელას დაბადების დღესაც იქ იყო. ტიროდა. ღელავდა. შესაწირში არყიანი ბოთლი იდგა. მივიდა. ერთი ჭიქა მორცხვად დაისხა. დალია. მეორეც. შეიძლება მესამეც. შეთვრა. ღვთისმშობლის ხატთან მივიდა და უთხრა: შენ გამიგებ უფრო მალე, დედის ამბები უკეთ იცი, ჰოდა, სანამ მუალ, ლელაიეს სათხუარი უკვე ნათქვამი მაქვს შენი შვილიზა და კითხეო და კიდოო, რაცხა მავიწყდებაო, ჰო, იგიო, აქანე ჩემს დარჩენილ შვილებს უკეთესი სამსახური უშონო ეგებაო.
მღვდელი ამბიონში ყოფილა. გახუმრება გადაწყვიტა და რაღაც გამოსძახა დაბოხებული, ვითომ მამაზეციერის ხმით. რაღაც ისეთი – მგონი, არაყი რომ დალიე, არ გაპატიებო. ბებია შეცბა. სულ ერთი წამით. სახე უცებვე გაუმკაცრდა. თხელი ტუჩები გაუჯიუტდა. თავი ასწია და წამოიძახა: მაცალე, ერთი წუთი, კაცო, დედაშენს ველაპარაკებიო.
მე მგონია, თუ ვინმეს ღმერთთან საუბარი შეუძლია, ასეთი გულწრფელი და ჯიუტი უნდა იყოს. ღმერთიც ალბათ მხოლოდ ბებიაჩემივით ადამიანებს ელაპარაკება. ამიტომაც არ გვსმენია არც მე და არც სოსოს მისი ხმა.

მაინც მივდიოდით. ამინდს აჟრჟოლებდა. ჩრდილოეთით ნავთისფერი ღრუბელი იზმორებოდა. ის იზმორებოდა მაინც. ოდნავ დასავლეთით უფრო დიდი ღრუბელი კი გაუნძრევლად იწვა. უფრო დიდი და შავი. წვიმას ველოდით. თუმცა ნაბიჯებს ეს არ დასტყობია. ნელა და მწყობრად მივდიოდით. ტაძარიც მალე გამოჩნდა. დაკეტილი. ეზოში ცემენტის ტომრები ეყარა. ერთი ახალი ნიჩაბი. სიგარეტის კოლოფები.

–         სამი კრუგი უნდა დავარტყათ.

მეორე წრისას წამოწვიმა, მაგრამ სოსოს არც შეუმჩნევია. არც მე – ბოლო-ბოლო ტყვე ვიყავი.

–         პატარა გოგო მყავს და ცოლი. მგონი სამი თვეა ბავშვი არ მინახავს. შენ გყავს შვილი?

–         არა.

–         აზრზე არა ხარ…

–         რისი?

–         ცხოვრების.

–         რატო?

–         ცხოვრება არი შვილი.

–         აჰა, ალბათ.

უკან გზაზე უფრო ნელა მოვდიოდით. რაღაც ელექტროგამანაწილებლები რომაა, გ.კ. აწერია წითლად, იქ შეჩერდა, თვალებში ჩამხედა და მითხრა:

–         შენ ვაჟკაცი ბიჭი ჩანხარ, უნდა დამეხმარო.

–         რაში?

–         მაყუთი გინდა? ბევრი მაყუთი?

–         რა ბაზარია.

–         ჰოდა, გექნება.

–         როგორ?

შესანიშნავად ვიცოდი, რომ ცხოვრების სინონიმი სამართლიანობა არასდროს ყოფილა. რომ სინდისი მაიმუნების თვალის ასახვევად მოიგონა ადამიანმა, მათთვის საკუთარი უპარატესობების დასამტკიცებლად. და სხვა ბევრი თავის და სხვისი გასამართლებელი ამბები. ამიტომაც ადვილად დავთანხმდი სოსოს გეგმას. გივის სადმე საზღვრისპირა მიტოვებულ ბოსელში დავმარხავდით. მერე ბოსელს ცეცხლს წავუკიდებდით და შეიძლება ხელებიც გაგვეთბო. მერე გივის ფერმაში იმ საიდუმლო ოთახში მომლოდინე სეიფს გავაღებდით – მე ხუთი ათას დოლარს მივიღებდი, სოსო და რეზიკო დანარჩენს, გაცილებით მეტს. ისინი ცოლ-შვილით რუსეთში გაიწეოდნენ, მე – სადაც მინდოდა.

ცაზე ორი ღრუბელი შეერთდა. წვიმამაც იმატა. წითელი ტალახი საშინელია, ფეხსაცმელს ძნელად შორდება. დაილოცა სისხლი – ერთი ჭიქა წყალი ჰყოფნის. უსაპნოდ.

ჟანგი

მოდი, ვნახოთ თაგვი, რამ შეჭამა თაგვი;
მიველ ვნახე თაგვი, კატამ ჭამა თაგვი.
კატამ თაგვი, თაგვმა მიწა
მიწამ ჟანგი, ჟანგმა თოფი
თოფმა მგელი, მგელმა თხა
თხამ ვენახი შეჭამა.  

ხალხური

ეზოში შევედით თუ არა, უჩა გამოვიდა, სოსოს შუბლში მშვიდად დაუმიზნა და ესროლა. სისხლი სახეზე შემესხა. მეორე ჭახანი რომ მომწვდა, მეგონა ჩემი ტვინიც ბალახს ძოვდა. თურმე საკონტროლო ტყვია ყოფილა – სოსოს სულის სხეულის ტყვეობიდან საბოლოოდ გამოსახსნელად. მესამე ზევით ისროლა. ალბათ იმავე სულის ეშმაკებთან გასაცილებლად. თუ მათი ქვაბი ქვევითაა. აბა, რა ვიცი. ვღელავ.

დეიჩოქე, ბუჯოუ!

სიკვდილის კი მეშინია, მაგრამ ასე მგონია: უკვდავება ყველაზე  საშინელ სასჯელად შეიძლება იქცეს. სხვანაირად ღმერთი არ მიაბამდა იმ პალოზე ამირანს. ადამიანისთვის წამებაა ნახევარღმერთად ყოფნა – უკვდავება, ოღონდ შემორჩენილი მეხსიერებით, ჯოჯოხეთია. სამოთხეში ალბათ აღარავინ გვახსოვს. რომ გვახსოვდეს, მონატრება დაგვტანჯავდა. ჰოდა, მაშინ ვიფიქრე, თუ ასე უნდა გაგრძელდეს, უმჯობესია, ერთხელ ძლიერ შემეშინდეს და მოვკვდე, ვიდრე ნელ შიშზე ვშიშინებდე.

– მესროლე! მაგრად მკიდია!

– დეიჩოქე, ბუჯოუ, ტვინს მიგასხმეიებ მაქანა!

– ჰოდა, მიდი!

– რაი?

– მესროლე-მეთქი, შე სირიკო!

– შენ რეიზა უნდა გესროლო, ბუჯო. შენ ჩემი პაძელნიკი გახთები. თბილისში გამახოდიებ. შენ რას გერჩი, კაცო, ადეი ახლა, ადეი, დამამარხიე აი ნაბოზარი სამე.

– შევალ, სახეს დავიბან.

– შეი და ტყულა რამეს ჩალიჩი არ გაბედო, ბუჯო, შემოწმებული მაქ იქინე ყოლიფერი. პროსტა შეი და ერთი კანისტრა წყალი გამოაყოლე ხელს.

ოთახში, მაგიდასთან გივის მშობლები ისხდნენ. გამაღიზიანებლად მშვიდი სახით ჭამდნენ და ჩაის ხვრეპდნენ. პირს დავიბან! – ვთქვი გამომწვევად. ველოდი, როდის მკითხავდნენ – რა მოხდა? თქვენც არ მომიკვდეთ.

– საპონი შკაფზე დევს, სარკის ქვეშ.

– მადლობა.

სისხლი, სოსოს სიცოცხლის ჩემს სხეულზე ჩაბღაუჭებული ნაწილი, ახლა სახელდახელო კანალიზაციაში წყალთან ერთად მიედინებოდა. უცებ გავიმშრალე და ოთახში პურის ნატეხის ასაღებად შევედით.

–                    ტყის პირას არ დამარხოთ. ღორი მოჩიჩქნის. ღრმად შეიტანეთ და ტოტები დააყარეთ, – სხვათაშორის ჩაილაპარაკა ბერიკაცმა და ენით ტუჩები მოიწმინდა.

გამოვედი.

ოდესმე გითხრიათ საფლავი მაშინ, როცა მკვდარი იქვე აგდია? მაგას სჯობს ათიათასი ხე დარგო, ან უარესი – პამიდვრის ნერგი. და მერე სარებზე ააკონო. შუადღისას – მზეში. ნუ გამახსენებთ. ნურც მაგას და ნურც სასუქის მოყრას. ყანაში. სიმინდზე. ზღვასთან ახლოს. იქ ვიღაც ტიპები ქოლგას ეფარებიან და საზამთროს ჭამენ. აქ შენ და მამაშენი სიმინდის ძირებში რაღაც თეთრს მარცვლებს ყრით – ხელს და გულს ერთად გიწვავს ეს საქმე, დამწყები პოეტივით რომ ვთქვათ. მაგრამ საფლავის ამოთხრა მაინც სხვა გალაქტიკაა. იქით ბუზებს აფრთხობ, აქეთ ქვებს ყრი, სიგარეტის მოწევა გინდება, გადაფურთხება, მოშარდვა და ათასი წვრილმანი საქმე. თუმცა ამ პროცესის მთავარი სისასტიკე დუმილია. თითქოს დაუწერელი და გარდაუვალი კანონი – თხრით და ხმას არ იღებთ. თხრით და ხმას არ იღებთ.

ტოტები რომ მოვაყარეთ, შორიდან ძახილი მოგვესმა.

–        ვინაა ნეტე, რო ბღავა? – იკითხა უჩამ.

–        გივის ხმას არ ჰგავს?

–        მაი არ უნდა ჩამოთრეულიყო ჯერე!

–        ვაჰ!

–        რაის ვაჰ?

–        შენც არ გევასება გივი?

–        რეიზა უნდა მეუასებოდეს მაი ნაბოზარი, რამე კაი მიქნა?

–        აბა რა ვიცი, ხო მუშაობ მაგასთან?

–        მეიცა ერწამა!

უჩა ჩაფიქრდა.

–        გივის სეიფი აქ ფერმაში, მაგარი მაყუთი მოაყუჩა იქანა.

–        ჰო?

–        მერე რაი, ბუჯო, და მეორეს ამოთხრაც მოგვიწევს თუ ჭკუიანად მევიქცევით, მაგი ჩაგორავდება.

ძახილი ძლიერდებოდა.

–        მოიცა. ცოტა ფრთხილად. შეიძლება ავტომატითაა. შეიძლება ვინმე ახლავს.

უჩა თვალებით დამეთანხმა. უჩას ფული სჭირდებოდა. ვერ მოვასწარი მეკითხა რისთვის. თუმცა ამას რა კითხვა უნდა. ერთი რაც ზუსტად ვიცოდი – უჩასაც და სოსოსაც აზრადაც არ მოსვლიათ იმ მანეთების თუ დოლარების ვინმესთვის გაყოფა. მე კი ძალიან არ მინდოდა ქათმების სკლინტებში დამარხვა ზევიდან პატარა აბრით – კვერცხი: 20 კაპიკი. ინდაურის კვერცხი – 40 კაპიკი.

–        ჰოდა, შენ ხო იცი აქაურობის მუღამები? რამე შემაღლებული ადგილი არაა, აი, მთელი ტყე და დაჟე ნაპირიც რომ ჩანდეს?

–        კია აქანა ერთი გორივით რაცხა.

–        ჰოდა, დავაი, წავედით.

–        წევეით.

გივის ავტომატი არ ეკიდა. მგონი დიდ სახლში არც შესულა, თორემ მშობლები ეტყოდნენ რამეს. საერთოდაც, ნასვამი ჩანდა. სახეს ვერ ვხედავით გარკვევით, მაგრამ ნაბიჯებზე ეტყობოდა.

–        ჩევეით, დავბრიდავ!

როცა ორი დაგვინახა, გივი მიხვდა და გაჩერდა. მეგონა, გვეტყოდა, ბიჭებო, არ გინდათ, ბიჭებო, ფული მაქვს, ბიჭებო, ბიჭებო. ჰერიო, ბიჭებო! ჰერიო! ის კი იმაზე მშვიდი ჩანდა, ვიდრე ფილმებში ავღანეთში ჩასული დაკუნთული ამერიკელი რიგითები არიან, როცა მათ გადასარჩენად ვერტალიოტები მოფრინდებიან.

–        შევბრუნდები და ისე მესროლეთ.

და შეტრიალდა.

უჩა დაიბნა. არ ვიცი, რამის შეეშინდა თუ სინდისის საკითხებზე მოულოდნელი დაფიქრების საქმე იყო.

–        ბუჯოუ, მიი, შენ ესროლე. გამომართვი აი თოფი. ხომ იცი სროლა?

რა თქმა უნდა, უჩა. ვიცი სროლა. რა უნდა სროლას – დაუმიზნებ, სასხლეტს გამოკრავ და ოდნავ მხარი შეგიტოკდება. სროლა ვიცი, მაგრამ მთლად ასეთი სულელიც თუ იყავი, ეგ არ ვიცოდი. სოსოს სული ჯერ კიდევ ტყის თავზე ტრიალებს, მარტო წასვლა ეზარება. გივი მაინც უფროსია, არ მგონია, მასთან ერთად გზაში კარგად იგრძნოს თავი – თქვენ უკეთ ილაპარაკებთ.

უჩაც ტყეში დავმარხეთ.

უკანა გზაზე გივიმ ხელი გადამხვია და მითხრა:

–        მაგრად დავთვერი. წუხელ ორმოცი ათასი ვიშოვე. ხომ უნდა აღმენიშნა. რას იტყვი შენ?

–        რა თქმა უნდა, ბატონო გივი!

–        რა თქმა უნდა, ბატონო გივი!

გაიმეორა მანაც და გაიცინა. ოქროს კბილებს შუა მწვანილის ღერი შერჩენოდა. ტყეში გივისთან ერთად დალპობას რომ გადაურჩა, იმ მწვანილის ღერი. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. სადმე მაინც დალპებოდა.

© არილი

Facebook Comments Box