ესე,  რეცენზია

გიორგი ფირცხალაიშვილი – ფსიქიატრიულში დაწერილი რეცენზიებიდან

beckett22

„მოლოი“ – სემუელ ბეკეტი

გამახვილებული სენსიტიური ყურადღება ზედაპირული ატრიბუტების მიმართ ხელს შეგვიშლის. ფსკერის და ზედაპირის გამიჯვნა დაგვაშორებს. სემუელ ბეკეტზე წერა ან მისი შემოქმედების თვისობრივ ასპექტებზე საუბარი შეიძლება, მაგრამ მოლოიზე წერა უაპელაციო სისულელეა. ისევე არ უნდა ისაუბრო, როგორც თავად ბეკეტს არ უყვარდა და ძირითადად დუმდა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ისევე ვნებიანად ჩავისვაროთ, როგორც მოლოი ჩაისვრის ერთ-ერთ ეპიზოდში. ახლა რომ გვერდით მესხდეთ, მეტად დამაჯერებელი ვიქნებოდი. ის იშვიათად მაკითხავს აქ. ამას წინათ მოლოი წაიკითხა და შთაბეჭდილებების გასაზიარებლად შემომიარა. მაგრამ აღარ მახსოვს რა მითხრა. ალბათ, მაგიტომაც აღარ ვუყვარვარ. უნდა ჩამეწერა, საინტერესოდ საუბრობდა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა. საერთოდ, შესწევს უნარი ლიტერატურული თეორიების და გონისმიერი მასტურბაციის გარეშე შეცხოვრდეს ტექსტში. შიშველი, თვითნაბადი, ცოცხალი შეგრძნებით, ლიტერატურიზმის გარეშე. საბედნიეროდ, ამ შეცხოვრებას ნაკლიც აქვს. ღმერთმა უწყის, ახლა რომელ ტექსტში ცხოვრობს. ოღონდ ცხოვრებაში ნუ იცხოვრებს და, თუ უნდა, გოდოს მოლოდინში უცხოვრია. ბეკეტს არ უხდება ლიტერატურიზმი. ამიტომ მიზანმიმართულად ვარიდებ თავს მის წიგნზე საუბარს და უმნიშვნელო დეტალებს ვიხსენებ. წლებია აქ ვარ და ასე ძალიან წიგნი არ გამხარებია. თუმცა გასახარი რა არის, რო?! ჩემმა მეგობარმა მაჩუქა. უფრო სწორად, ბანქოში მოვუგე. კიდევ კარგი, ჭადრაკი არ გვითამაშია, თორემ დღემდე არ მეცოდინებოდა მოლოის შესახებ. ანუ საკუთარ თავზე საუბარს ვერ შევძლებდი. რამდენიმე თვეა გაწერეს. მას მერე აღარ მინახავს. არადა, რა ჭირდა გასაწერი?! ნიჭიერი მსახიობია.

მელონი მოკვდა! – დღეს დილით ჩემმა ბორტგამცილებელმა მახარა. მელონი ვინაა?.. გიჟია, რა ველაპარაკო! მეუბნება, რომ დედას ეძებს, გავყვებოდი, მაგრამ ჩემი კოჭლობის ამბავი რომ ვიცი, შევაფერხებ. დედის ძიება პირველწყაროსთან დაბრუნებაა! ციკლის დასრულება დედის საშოს გავლით. დაბრუნება იქ, საიდანაც მოვედით,  – არყოფნაში. ან წებოვან სითბოში, რომელსაც მუცლად ყოფნისას ვგრძნობდით. ან მამაჩვენის ყვერებში. ზედმეტად ბევრი ან-ია. სიორენ, თქვენ ახლა მისმენთ? ამ სისულელეს, როგორ ფიქრობთ, მე ვამბობ? რა პირველსაწყისი და საშოში დაბრუნება? კიდევ ჩემზე იტყვიან, პაციენტიაო. ინტელექტუალურად ანგაჟირებული თვალი ფსიქოანალიზით მორბენალ, რიტმდარღვეულ ფროიდსაც დაინახავს ახლომახლო. არ შეიძლება მოლოიზე ასე საუბარი, სჯობს კევი დაღეჭოთ, თუ მაინც და მაინც ყბები გექავებათ. თითებით ნახველის სრესას ვერ შევეშვი. – აი, ეს წინადადება ყველაზე ახლოსაა მოლოისთან, უფრო სწორად, წინადადებადქცეული მოქმედება. რომ დავუძახო, იქნებ მოვიდეს კიდეც და ნახველის სრესა ვითამაშოთ. ალბათ, მიხვდებოდით, მოლოის დედა ვარ. შეიძლება მკვდარიც ვიყო! ვიღაცამ მითხრა, რომ მოლოი მეძებს. შვილო, როგორ მომენატრე! თავზე დაკაკუნების ენა იცით? ასე ვურთიერთობდი ჩემს შვილთან. მაგრამ არაფერი გამომივიდა. რაებს ვროშავ, დედამისი როგორ ვარ, აბა?! მაგრამ გიჟი რომ ვარ, შემიძლია გავხდე. ყოველ შემთხვევაში, ექიმების დიაგნოზი ამის სრულ ლეგიტიმაციას მაძლევს. უბრალოდ, საკმარისია ჰალუცინაციები დავძაბო და დედა გავხდები! ეს ქალი სულ სიგარეტს სთხოვს პაციენტებთან მოსულ სტუმრებს, მაგის გამო, აღარც მე მაწევინებენ.  დღეს ისევ იყო მოსული, ვიღაც ტიპთან ერთად. თუ არ ვცდები, ჟაკი ერქვა. ან ჟანი. იქნებ მარსელი. მოლოის ვეძებთო. ნეტა რას დაეთრევა ხოლმე?!  გავაფრთხილე, ნუღარ მნახავ-მეთქი! მაინც მოდის. არადა, არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ ვიცნობ. რამდენჯერმე ჩემი მოკვლა სცადა. მეც ვცადე. არშემდგარი მკვლელები ვართ. რაღაცაში მაინც შვებისმომგვრელია, რომ ვერ შედექი… მაღალ ბექობზე და დაჭრილი ხარივით აზმუვლდი. თორემ ისედაც ყველაფერში არშემდგარი ვარ, გარდა იმისა, რომ სამაგალითო ყოფაქცევის პაციენტი ვარ. ისე, მგონი, ზედამხედველები აზვიადებენ. არც ისე ცუდად მაქვს საქმე, რომ ვიღაცამ მაგალითების სტატისტიკაში მომიხსენიოს.

საკუთარი თავის ამოწურვა მსურს. სადაცაა მოვახერხებ. რომ ვიხედები, თითქმის აღარაფერი დამრჩა, რისი ამოზიდვაც პუბლიკას გაართობდა. გუშინ დაბადების დღე მქონდა. დღეს დილით მითხრეს ამის შესახებ. კიდევ კარგი გამოვტოვე, თორემ ყოველდღიური რუტინისგან ამოვარდნილობის უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლებოდა. ნამდვილი მოლოცვა მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოახერხა. ასე ვეღარც ვერავინ მომილოცავს და ვეღარც თვითონ მიულოცავს ვინმეს. არ მიყვარს დღესასწაულები. არც დაკრძალვების მოყვარული ვარ. ჩემი ერთადერთი რიტუალი ყოველგვარი რიტუალურის ზიზღია. ალბათ, ამიტომაა ჩემი ჭიაყელის, ე.წ. მამაკაცური საწყისის წოვას, რომ უკლო. აღარც ისე მეფერებოდა. პრინციპში, ავად ვიყავი და მესმის მისი. ბანალურად უპასუხისმგებლო რომ არ იყოს, კარგი ადამიანია. თუმცა მინეტის დროს ათმაგად კარგია. პასუხისმგებლობით ეკიდება და მაგიტომ. უკანასკნელი, რაც ჩემი გარეთ მყოფობის დროს მახსენდება ჩემი და ჩემი მეგობრის ავტოსტოპით მგზავრობაა. მაგისტრალზე დგომისას ვიღაც ორი უკრაინელი გავიცანით. ბოლოს შევთანხმდით, რომ ოთხივეს ერთად მდგარს ნაკლები შანსი გვექნებოდა და ისინიც ორასიოდე მეტრით გაგვცდნენ. ვიღაც ქალმა აგვიყვანა. უკან ადგილები კიდევ ჰქონდა. იმათაც გავუჩერო? – გვეკითხება. გაუჩერეთ. – ეუბნება ჩემი მეგობარი. ისინიც ამოვიდნენ და ერთმანეთს შევეჭყლიტეთ. მე მასწავლებელი ვარ, თქვენ რა პროფესიის ხართ? – კითხულობს ქალი. მეც მასწავლებელი ვარ. – პასუხობს ჩემი მეგობარი. მე მასწავლებელი ვიყავი. – ვპასუხობ მე. მე ინჟინერ-მშენებელი ვარ. – პასუხობს უკრაინელი. მისი თანმხლები დუმს, ისევე, როგორც გაცნობისას. თქვენ რა პროფესიის ხართ? – კითხვას უმეორებს მძღოლი. მე მესამე ჯგუფის ინვალიდი ვარ. – პასუხობს ის. ეს ქალი სხვაგან უხვევდა და ცოტა ხანში ჩამოგვსვა. მასწავლებელს და ყოფილ მასწავლებელს ტრაილერმა გაგვიჩერა. ინჟინერ-მშენებელს და მესამე ჯგუფის ინვალიდს არ ვიცი რა ბედი ეწია. მაინც სხვადასხვა გზა გვქონდა. იქნებ მოლოი იყო. არ ვიცი, სახელი არ მიკითხავს. მაგრამ, წესით, მარტო უნდა ყოფილიყო და არა ინჟინერ-მშენებელთან ერთად. ეგრე ყავარჯნებით ჩემი ერთი მეგობარიც დადიოდა, მაგრამ არაფერი სცხია მოლოის. „მოლოი ყველაშია“, „მოლოი არა კერძო ისტორია, არამედ თითოეული ადამიანის აბსურდული ყოფის სიმბოლოა“, „მოლოი ალუზიაა ჩვენს ცხოვრებაზე, არა რომელიმე ბიოგრაფიულ ეპიზოდზე, არამედ არსებობის სრულ ციკლზე“, „მოლოი ობიექტურ სინამდვილეში დიფერენცირებული, გადანაწილებული სხეულია“! ლაჩრებო, არ გაწყვიტოთ! – სულ უფრო უარესისკენ მიმდის საქმე. ადრე თაგვის და ავეჯის ღრღნის ხმები ჩამესმოდა მხოლოდ, რასაც მეტი სარგებელი ჰქონდა, ვიდრე ამ ციტატებში გასიტყვებულ ხმებს. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ აქ თაგვები ისედაც ჰყავთ. მოლოი ავტოსტოპით არ მგზავრობს, ფეხით დადის ან ველოსიპედით  და ორმოებში ვარდება. მთავარია, ფეხსალაგში არ ჩავარდნილა არცერთხელ. ორმოებში ჩავარდნა ყოფიერების ლატარიაა. ხშირი ტალღების შემდეგ ზღვაზე იყო ორმოები და ბანაობის წინ მაფრთხილებდნენ, არ ჩავარდეო. ვერ აღვწერ იმ ადრენალინს, წყალში ბლანტად გადადგმულ ყოველ ნაბიჯს რომ მოჰყვება. მით უმეტეს, ცურვა რაღაც დოზით კი იცი, მაგრამ ათი-თერთმეტი წლის ხარ და ორმო არც ისე დამცხრალ, აქაფებულ და ქვიშით ამღვრეულ ზღვაში,  მისტიკურად მომნუსხველი და ამავდროულად დამთრგუნველიცაა. ერთხელ ღამით დეიდაჩემს მივყვებოდი ბებიაჩემის სახლიდან თავის სახლში. სინათლე არ იყო და რომც ყოფილიყო, ლამპიონები არ იდგა. იმ პერიოდს ცუდ, საშიშ დროს ეძახიან. ჰოდა, მე, პატარა ღლაპი, დეიდას გამაყოლეს. ალბათ დეიდაჩემი ხელს ხელში მაგრად რომ მიჭერდა, უფრო თავდაჯერებულად და უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. ისე სწრაფად მიდიოდა, ლამის ტროტუარზე მივხოხავდი. უცებ ეს ხელი სადღაც ქვევით გაქრა და კინაღამ მეც ჩამიყოლა. საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა, რომლის ლუქიც სავარაუდოდ მოიპარეს და ჯართში ჩააბარეს. ჭაში ჩავარდნილი დეიდაჩემი შაქრის ნატეხად გადაიქცა და გადნა. მერე ძლივს ამოძვრა ორმოდან დალურჯებული სხეულით, რომელიც სახლში მისულმა ლამფის შუქზე აღმოაჩინა. ყავა მოამზადა. შაქარი სახლში არ იყო და ჭიქაში ჩახტა. ყავა დავლიე და გულზე მომეშვა. უშაქროს ვერ ვსვამ. რას ვიფიქრებდი მაშინ, რომ დეიდაჩემში მოლოი იყო. ჭრელი შორტი და მაიკა მეცვა და ხუთი წლის ვიყავი. დეიდაჩემი აქ არ მაკითხავს, ბოლო-ბოლო ფსიქიატრიულია და არა ორმო. მხოლოდ ის დადის და თავის მწვანე თვალებს შემომასხივებს ხოლმე. რომ გავიფიქრებ, ახლა ჩავეხუტები-მეთქი, მწვანე თვალები ნელ-ნელა გაყვითლდება და მერე უცებ გაწითლდება. ანუ ჩემი გზა არაა. ამ დროს ძალიან ვღიზიანდები. როდისაა ჩემი გზა? არავინ მპასუხობს. არც მისიგნალებენ. საკუთარ თავთან საუბარს არაფერი სჯობს. საუკეთესო მოსაუბრე ვარ, ვისთვისაც კი მომისმენია. ვუსმენ, ვუსმენ, ვუსმენ და არ მბეზრდება. მედდა ნემსებს მარჭობს ტრაკზე და ისე მიყურებს, გეგონება, აქ დავიბადე და მის ხელში ვარ გაზრდილი. მოლოი, სად ხარ? ამ ტექსტს იმის იმედით ვწერ, იქნებ დედის ძებნაში შემთხვევით გადააწყდე და გამომაკითხო. მომინახულო მაინც! სად გადაეყრები იმ ჟურნალს, ამ რეცენზიას რომ  დაბეჭდავს?! თუ ჟურნალებს არ კითხულობ, იქნებ სადმე უდროო დროს ან უადგილო ადგილას ჩაცუცქება მოგიწიოს, ან პოლიციელი დაგადგეს და ჯიბეში დიდხანს ტარებით გაცვეთილი ქაღალდი აუფრიალო. იქნებ ზამთრობით პალტოს ქვეშ გაზეთის ფურცლების გაჩხერისას გადააწყდე  და შემთხვევით გაიგონო ჩემი ძახილი. მაგრამ არა მგონია, ჟურნალს, რომელშიც ჩემი შესანიშნავი წერილი დაიბეჭდება, ვინმე მოსახოცად განკუთვნილ ადგილს, თუნდაც თეორიულად მიუჩენდეს. როგორი უიღბლო ვარ. ისე ახლა ელექტროვერსიებს უფრო კითხულობენ, ვიდრე ბეჭდურს. აი, სად დამერხა! ელექტროვერსიით ტრაკს ვერ გამოიხოცავ, ვერც ზამთარში დაგიცავს ყინვებისგან. ნალოღნი კალმისთავის  ლოღნას ვერ შევეშვი. არადა, ცუდად არ გვკვებავენ. მოლოი! ნუ მოახდენ აბსურდის რადიკალიზაციას, ჩავთვალოთ, რომ ყოველივე ერთმა და იმავე მოწყენილობამ შვა.

ჩემს მაგიდასთან ვიჯექი და ვწერდი. წვიმდა. ჩემი ყოფილი და ჟაკ მორანი შემოვიდნენ. მორანი კოჭლობდა. უცნაურია, წინა მოსვლაზე რომ ვნახე, საღად დააბიჯებდა. ჩემი ყოფილის ოინებია. ახლა ეცდებიან დამაბოლონ, რომ კოჭლობა მეტაფორაა. ხელში კენჭები უჭირავს. მერე პირიდან დაღეჭილ კენჭს იღებს და ჟაკ მორანს აწოდებს, რომლის ხელშიც ეს უკვე მესამე კენჭია. ჟაკ მორანი – ეგეც არ მყავდეს პალტო, მინდოდა გამეფიქრა, მაგრამ ექიმმა ამიკრძალა.

© არილი

Facebook Comments Box