რეცენზია

გიორგი ჩიტიძე – ჯადოსნური გზამკვლევი მგლოვიარეთათვის

(დილეტანტის რეცენზია ჯოან დიდიონის წიგნზე „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ )

წიგნის მიმოხილვის არაფერი გამეგება. წარმოდგენა არ მაქვს, რით უნდა დაიწყო და როგორ დაასრულო. შესაძლოა, ურიგო მკითხველი არ ვარ, მაგრამ არც ისე რიგიანი, ჩემი ცოდნა The Guardian-ის ლიტერატურის სექციის კითხვის მიღმა რამეს იტევდეს. სიმართლე ითქვას, ჯოან დიდიონის წიგნის, „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ (გამომცემლობა პოლინომიალი) ქართული თარგმანიც იმიტომ შემომეყიდა, რომ ჩემი მეგობრის გამომცემლობისთვის მხარი დამეჭირა, გარკვეულწილად წამეხალისებინა მისი მორიგი წამოწყება.

კაცმა რომ თქვას, არც არაფერს ვკარგავდი. უკეთეს შემთხვევაში (და, პრინციპში უარესშიც), ჩემი ახალი ბინის წიგნის თაროს იისფრად შეფერილი, ცოტა გაუგებარი „ელექტრიკ“ ლურჯი შრიფტით გაფორმებული ფურცელთა დასტა შეემატებოდა. რამდენიმე კვირის მანძილზე ასეც იყო. შემოსასვლელში, მცირე თაროზე ადგილი მივუჩინე. ჰოდა, იდო ასე მდუმარედ, გაუნძრევლად, მგლოვიარე ადამიანივით. სწორედაც ხომ გლოვაა ის, რასაც ეს წიგნი ეძღვნება. უფრო სწორად, სიკვდილის სოციოლოგიას, გლოვის ანთროპოლოგიას, თუმც კი, ყოველგვარი პომპეზური მოთქმა-ვაების გარეშე. თხრობის ენა ზომიერია (როგორც ავტორი მიუთითებს: თავდაჭერილი ადამიანის მონაყოლია), გარკვეულწილად მშრალიც, კამიუს მსგავსი მოკლე წინადადებებით. ვერაფერს დაამატებ და ვერაფერს მოაკლებ. როგორც მოცარტთან, აქაც ვერ შეხვდები ზედმეტ ნოტს. დიდიონის რეკვიემი უზადოდ ტონალურია, თუმცაღა ატონალურ ჩართულობათა სიმწირესაც არ უჩივის.

წიგნი იწყება სიკვდილის ამბის მოყოლით. ერთი შეხედვით, სიუჟეტი ბანალურად ვითარდება. ქორწინების 40-წლიანი იუბილეს დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი ცოლ-ქმარი, საავადმყოფოდან სახლში ბრუნდება. მათ შვილს, ტრივიალურად დაწყებული გაციება, იგივე “გრიპი”, გაურთულდა და მძიმე დიაგნოზით ინტენსიური თერაპიის პალატაში წევს. ანერვიულებული მშობლები სადილად მაგიდას მიუსხდებიან. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს, ცოლი საჭმელს ამზადებს, ქმარი „სკოჩს“ სვამს. ვერავინ იფიქრებს, რამდენიმე წუთში თუ ყველაფერი დასრულდება. ხელაწეული ქმარი უსიტყვოდ მოწყდება სკამს, ძირს დაენარცხება და სულს განუტევებს. სავარაუდო დიაგნოზი გულის შეტევაა, ხოლო თანმდევი მდგომარეობა — სიკვდილი. ამის შემდეგ, მთელი წიგნი ამ დღისა და მომენტის დეკონსტრუქცია-რეკონსტრუქციის დაუსრულებელი თამაშის გარშემო იგება.

თავი თავს მოსდევს, პასაჟი პასაჟს, მაგრამ სიუჟეტი გახევებულია, უძრავად დგას. ვერასდროს წარმოვიდგენდი, სიტყვებს თუ შეეძლოთ  გლოვის სტატიკური მდგომარეობის იმგვარად გადმოცემა, როგორც ამას კლასიკურ მუსიკაში ან თუნდაც კინოში ვხვდებით. მუსიკალური ნოტებისა და უძრავი კადრების მოთვინიერება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია (კომპოზიტორის თუ რეჟისორ/ოპერატორის ოსტატობის კვალდაკვალ), მაგრამ მათი ვერბალურად გამოსახვა — შეუძლებელი მეგონა. დიდიონი ამას შესაშური ოსტატობით ართმევს თავს. მეტიც, წიგნის კითხვისას, ტვინის შორეული ჯურღმულებიდან, უხსენებელივით მოცოცავს, მოიკლაკნება ჩვენი, კერძო გლოვისას განცდილი თითოეული ემოცია, გაელვებული აზრი და ერთ მთლიანობად იკვრება. ეს ხდება შეუმჩნევლად, შეპარულად, ვიტყოდი — გეგმაზომიერადაც კი.

წიგნის კითხვისას არ მტოვებდა აზრი, რომ ამ ტექსტს დედაჩემი წერს, უფრო სწორად, როდისმე რამეს თუ დაწერს, ასეთი იქნება. ბევრჯერ მინახავს ჭირშიც და ლხინშიც, გაბრაზებულიც და მგლოვიარეც, მაგრამ ყველაზე ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისასაც კი, თავდაჭერილობას არ კარგავს. დიდი ხნის განმავლობაში მაღიზიანებდა მისი უდრტვინველი სიმშვიდე და სამგლოვიარო ადათ-წესების ზედმიწევნითი შესრულება. მანამ, სანამ საკუთარ თავშიც იგივე არ ამოვიცანი. ასეთივე თავდაჭერილობა (სხვების თვალში კი რკინის სიმტკიცე და სიმშვიდე) გამოვავლინე, როდესაც ახლობელი ადამიანის კუბოსთან მთელი ღამის გატარება მომიწია. მის განბანვა-გაპატიოსნებაში მონაწილეობის მიღება მხვდა წილად. პირველად მაშინ ვიფიქრე, გენეტიკურად ხომ არ მერგო ეს თვისება-მეთქი. თუმცა, დიდიონის კითხვისას მივხვდი, გენეტიკა არაფერ შუაშია. როგორც ჩანს, გლოვასთან გამკლავების მეთოდოლოგია არც თუ ისე რელატივისტურია.

ამასვე მოწმობს წიგნში უხვად მოხმობილი და აკადემიური ციტირების ყველა წესის დაცვით დამოწმებულ კვლევათა წყება. თავიდან თვალში უშნოდ გეჩხირება გამოშიგნული, ტექნიკური ენით დაწერილი სამეცნიერო კვლევების ლიტერატურულ პროზაში ამ დოზით შემოყვანა. თუმცა, თხრობის კვალდაკვალ ხვდები, როგორ ცდილობს ავტორი, მეცნიერების მოუხეშავ ენაში უპოვოს გამართლება თავს დატეხილ ხუთვასა და ხრჩობას, სხეულის ფუნქციათა მოშლას და უტყვ ტკივილებს. დიდიონისვე მიხედვით, „სიკვდილი, რომელიც წარსულში იმდენად ყველგანმყოფი მდგომარეობა იყო, რომ ძალიან ნაცნობიც გახლდათ, გაუქმდა, სამარცხვინო მოვლენად იქცა“. საჯარო გლოვის ამგვარი უარყოფა იმის შედეგია, რომ თანამედროვე ადამიანს „თვითტკბობის ეთიკური ვალდებულება დაუწესდა“, მან არაფერი უნდა აკეთოს ისეთი, რაც „სხვებთან ყოფნის სიამოვნების უნარს შეასუსტებს“.

ესეც შენი სამეცნიერო განვითარება და პროგრესი, რომელიც გლოვის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობას მტკიცე არტახებს ადებს. მიუხედავად ამისა, ავტორის  მიერ განვლილი ოდისეა საპირისპიროში გვარწმუნებს. შესაძლოა, ადამიანის ყოფის აწმყოთი შემოსაზღვრის ეგოისტურ ვნებას ბევრი წინაღობა ხვდება, თუმცა, მათ შორის გლოვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს. როგორც ჩანს, აზრს მოკლებული არაა მტკიცება, რომ ადამიანის, როგორც zoon politikon ყოფიერება ნამდვილად გულისხმობს უწყვეტ კავშირს გარდაცვლილებს, ცოცხლებსა და არდაბადებულებს შორის. გლოვა კიდევ — ამ კავშირის სიმტკიცის შემადუღაბებელი საშუალებაა.

წიგნის დასრულებისას მკაფიოდ იაზრებ, რომ სანამ ამ პლანეტაზე ადამიანს სიცოცხლე უწერია, სიკვდილი და მისი თანმდევი გლოვის პათოლოგიური მდგომარეობის გავლა ვერ აგცდება. ჰოდა, ამ გზაზე, ჯოან დიდიონმა შესანიშნავი გზამკვლევი დაგვიტოვა. ჩვენი ვალია — გამოვიყენოთ.

© არილი

Facebook Comments Box