ესე,  ხსოვნა

გიორგი ჩუთლაშვილის ხსოვნას

ინა არჩუაშვილი

„შუადღე მშვიდობისა, ძვირფასო მეგობარო!“

და მინდა მეგონოს, რომ არ შემშლია სააქაო,

და მინდა მჯეროდეს, რომ საიქიოც არ შემეშლება…

 გიორგი ჩუთლაშვილი

***

გიორგის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, მთელი ის დღეები ერთადერთი აზრი მიტრიალებდა თავში: „არილს“ რომ ისევ „ისეთი რედაქცია“ ჰქონოდა, ისეთი სიმყუდროვით, თანაგრძნობით სავსე თუნდაც ერთი პატარა ოთახი, სადაც ყოველთვის შეგეძლო მისვლა, ამოსუნთქვა, სიტყვის გაცვლა, იქნებ გიორგი ცოცხალი ყოფილიყო-მეთქი. სამწუხაროდ, მხოლოდ ასეთ დროს ფიქრობ, რომ საუკუნემ, რომელმაც უზარმაზარი შესაძლებლობები მოგვცა, ყველაფერი ელექტრონულად შეგვიფუთა, შრომა შეგვიმსუბუქა, დრო გამოგვითავისუფლა და დიდი მსხვერპლიც მოითხოვა ჩვენგან.

***

„შუადღე მშვიდობისა, ძვირფასო მეგობარო! 4 ახალი ლექსი მაქვს, იქნებ ჩემი დებიუტი შედგეს „არილში“. უბედნიერესი ვიქნები. მადლობა.“

18 აპრილი, 2017 წელი, გიორგი ჩუთლაშვილის პირველი პუბლიკაცია „არილში“.

„შუადღემშვიდობისა, ჩემო მეგობარო!

ამ დღეებში 3-4 ლექსს გამოგიგზავნი, იქნებ კიდევ მივამატო და გამოდგეს დასაბეჭდად.“

2018 წელი, მარტი, გიორგი ჩუთლაშვილის მეორე პუბლიკაცია „არილში“.

„მეგობარო, დღე მშვიდობისა, მალხაზმა ლექსები გადავიტანეო უკვე ჩემთან, ვერ გეტყვი, როგორ გამახარეთ.

გიორგი ჩუთლაშვილი, 15 ოქტომბერი, 2019.

2020 წელს „არილის“ მხოლოდ 6 ნომერი დაფინანსდა, 3 უკვე გამოცემული გვქონდა, სამი გამზადებული, როცა მოგვწერა. ვერ დავბეჭდეთ და ძალიან განვიცადეთ. მერე შადიმან შამანაძემ დაბეჭდა „ელექტროლიტში“.

უხერხულად ვგრძნობდით თავს მისი დაუსრულებელი მადლობებით, ლოცვებით, რომლებშიც არცერთი სიტყვა არასოდეს ყოფილა ყალბი.

არავის არ ჰგავდა თავისი თაობის მწერლებიდან, საშინლად მორცხვი იყო, ლამის აუტანლად მოსიყვარულე და გულის გახეთქვამდე ალალი.

***

2021 წლიდან ყველა საწუხარს „თავი მოხსნა“ და ახლობლებთანაც და სოციალურ ქსელშიც ღიად ალაპარაკდა:

„ცარიელი ვარ, ვერც ქრისტეს ვპოულობ, ვერც ადამიანები შევიყვარე!“

„სამსახურს ვეძებ.“

„ყველაფერი ჩამომენგრა თავზე.“

„ბარში ვიმუშავე 4 წელი მზარეულად, მექსიკურ სენდვიჩებს, ფრის და რაღაცეებს ვაკეთებდი, კერამიკის ცეხში მთავარ ჩამომსხმელად ვიმუშავე. ბოლოს შინდისში, მძიმე საქმეებზე…“

„სამსახურს ვეძებ გიჟივით.“

„ვსვამ 3-ლარიან ჭაჭას, რომელიც მეზიზღება.“

„მონასტერში წავალ, აქ შვებას ვეღარ ვპოულობ.“

„იქნებ ვინმემ დამასაქმოს…“

„არაფერი გამომდის…“

 „მეგობრებს რაც შეეხება… ?“

გასული წლის 19 თებერვალს ჰქონდა თავისი მეორე წიგნის, „მშრალი თევზის წონასწორობის“ პრეზენტაცია. დიდ იმედებს ამყარებდა ამ წიგნზე. არ ვიცი, რას ელოდა. გადაჭარბებული წარმოდგენა არასოდეს ჰქონია თავის ლექსებზე. პირიქით, სულ დაეჭვებული იყო და სხვების აზრი ყოველთვის აინტერესებდა.

***

ის ჟონგლიორი არ იყო, ცხოვრებით თამაში არ შეეძლო, ამიტომაც ვერ დაუძვრა ყველაზე მთავარ საფრთხეს და „წონასწორობა“ დაკარგა. ვერ დაიცვა „ბალანსი“, არ ეყო გამოცდილება, არც ძალა და გამბედაობა, არც საყვარელი ქალი, არც მეგობრები… და, გულწრფელი რომ ვიყო, არც ის მცირე ჰონორარი, რომლითაც თავი უნდა გაეტანა.

გიორგი კარგად აკეთებდა იმას, რაც იცოდა. პოეტის ალღოს მისთვის არასოდეს უღალატია. იმას, რასაც ცხოვრობდა, იმ ყველაფერს, რასაც ხედავდა და გრძნობდა, თავის მტკივან, თოთო გულში ხარშავდა და მერე თითქმის მუდამ უიმედო, და თურმე, როგორც ბოლოს აღმოჩნდა, წინასწარმეტყველურ სტრიქონებად აქცევდა. მწარე რეალობაა, რომ ქვა კი არა, თავისივე სიტყვა დაეწია აღმართზე მიმავალ უიღბლო (წაქცეულ) პოეტს.

აღმართი ავიარეთ მის პატარა სახლში მისასვლელადაც, რომელიც გარეუბანში, გორაკზე იდგა და მალევე ისევ დიდ ქალაქში, დიდი ქაოსისა და გულგრილობისკენ დავეშვით, რომელიც პოეტი ბიჭის სიკვდილის ხმას დაუნანებლად ახშობდა თავისი ჩვეული ხმაურით.

უფრო დიდი და სასტიკი ქალაქებიც არსებობს, მაგრამ გიორგის ჩასაყლაპად ეს ქალაქი, ეს სივრცე და საუკუნეც საკმარისი აღმოჩნდა.

კულტურის სანიტარი გიორგი ბუნდოვანი

„მის თითოეულ ლექსში თვითონაა ჩაბუდებული, მათში ცოცხლობს და იქიდან გვესაუბრება“

ჩემს უმცროს ძმასთან და მეგობართან, კოლეგასთან, არაჩვეულებრივ პოეტთან, სამწუხაროდ, მხოლოდ 5 თვის მეგობრობა მაკავშირებდა, მიუხედავად იმისა, რომ 10-12 წლის წინ ჩემს არტისტულ და პოეტურ საღამოებს ესწრებოდა. მაშინ ახლოს მოსვლა და გაცნობა მორიდებია, თავად მითხრა, როცა დავმეგობრდით და ადრე, ჩემს საღამოებზე გადაღებული ფოტოებიც მაჩვენა.

პიროვნულად უაღრესად კეთილშობილი, კეთილგანწყობილი, ხალასი ადამიანი გახლდათ, სულ მოღიმარი. ყოველთვის სიყვარულს გამოხატავდა, სითბოს გაზიარება უნდოდა მუდამ. ეს იშვიათი თვისებებია ადამიანში.

იყო ძალიან ალალი და ძალიან გულჩათხრობილიც, რაც გარეგნულად არ ჩანდა. არცერთ საკითხზე არ შეეძლო ზერელედ და ზედაპირულად ელაპარაკა. გულსა და სულს აყოლებდა ყველა თემას, ზუსტად ამან მიმიზიდა მასში, როგორც ადამიანში.

ეს 5 თვე აბსოლუტურად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ერთმანეთი შეგვეცნო და რაღაცნაირად თითქოს ერთ საუკუნეს უდრიდა. არის ურთიერთობები, რომლებიც დროისა და სივრცის მიღმა იზომება.

რაც შეეხება მის პოეზიას, როგორც ბოლოსიტყვაობის ავტორი, პოეტი პაატა შამუგია ამბობს, ეს კრებული ძირითადად აღსარებითია და ვეთანხმები ამაში. როცა მწერლების ბარში გიორგის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისი წიგნის -„მშრალი თევზის წონასწორობა“ რე-პრეზენტაცია ჩატარდა, აღვნიშნე, რომ ჩემთვის, როგორც პოეტისთვის და ხელოვანისთვის, ზოგადად, პოეტის შეფასების კრიტერიუმი არის ძალიან მარტივი: არ ვაფასებ პოეტს სტროფების რაფინირებით, რითმების ორიგინალურობით, მეტაფორების, მხატვრული სახეების სიუხვით (თუმცა ეს ყველაფერი პოეზიაში ძალიან მნიშვნელოვანია, პოეტის ხელწერა გამორჩეული რომ იყოს). ჩემთვის პირველი კრიტერიუმი არის ის, რომ პოეტი თავის ლექსებში უნდა ცხოვრობდეს და ასე ვთქვი მაშინ, მისი წიგნის რე-პრეზენტაციაზეც. როდესაც მის ლექსებს ვკითხულობთ, ჩვენ მასში გიორგის ვხედავთ, არა მხოლოდ როგორც ავტორს, არამედ როგორც ბინადარს. თითქოს ყოველი ლექსი მისი ერთგვარი სახლი თუ ქოხია; თითქოს სიტყვები და სტრიქონები საშენი მასალაა, რომლითაც თავისი ეს ლექს-სახლი ააგო. იმყოფება შიგნით და იქიდან გველაპარაკება. მე ასე აღვიქვამ მის ლექსებს, რაც მის პოეზიას აბსოლუტურ ინდივიდუალიზმს სძენს, გამორჩეულად აქცევს.

მას აქვს ძალიან მრავალფეროვანი თემატური სპექტრი. გიორგიმ თვითონ თქვა (რაც მანამ არ ვიცოდით და ბევრს გაუკვირდა), რომ ის 31 წლის განმავლობაში თბილისიდან არსად არ გასულა. არათუ საქართველოდან, არამედ თბილისიდანაც კი არასოდეს არსად გასულა, საქართველოს არცერთ კუთხეში არ იყო ნამყოფი. ეს იმიტომ ვახსენე, რომ მის პოეზიაში უხვადაა სხვადასხვა ქვეყნის, კონტინენტის დასახელება, აღწერა და ამას ისე ოსტატურად გადმოსცემს, ისე საუბრობს, თითქოს ყველგან ნამყოფია. ვერ იფიქრებ, რომ ასე არაა.

ხშირად ამბობენ, რომ როცა ადამიანი ცოცხალია, მასზე ნაკლებად საუბრობენ ან საერთოდ არ საუბრობენ. სამწუხაროდ, ეს სენი გვახასიათებს. გიორგი, რა თქმა უნდა, არ გამოხატავდა, მაგრამ მას რეალურად მოუწია დაუფასებლობის გამოცდა საკუთარ თავზე. მეტი აღიარება ეკუთვნოდა, მეტი ყურადღება.

გიორგი ხშირად ითხოვდა დახმარებას სოციალურ ქსელში. „ახალგაზრდა ხარ, ხელი გაანძრიე“ – მსგავსი კომენტარები მხვდებოდა ხოლმე. შორიდან საუბარი ძალიან იოლია, როცა პირადად არ იცნობ ადამიანს, მის პრობლემებსა და მის დუხჭირ ყოფას. 

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა – ხასიათმა, ცხოვრებამ – განაპირობა მისი ასეთ პოეტად ჩამოყალიბება.

გიორგი სრულიად გამორჩეული ხელწერის პოეტი იყო. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ბოლო 2-3 ათწლეულია, რაც პოეტები თითქმის აღარ წერენ კონვენციურ ლექსებს და ეს მაღიზიანებს. ხარისხიანი რითმიანი ლექსის დაწერა ძალიან რთულია, თუ ძალიან გაწაფული და ნაკითხი არა ხარ და თითქოს გაურბიან ამ სირთულეს. ამ დროს სულაც არაა იოლი კარგი, ძლიერი ვერლიბრის, თეთრი ლექსის დაწერა. გიორგი იყო ის გამონაკლისი, ვისი ურითმო ლექსების კითხვაც არასოდეს მღლიდა. მის თითოეულ ლექსში თვითონაა ჩაბუდებული, მათში ცოცხლობს და იქიდან გვესაუბრება. ყოველი ლექსი მისი სამყაროა, რომელშიც ის არსებობს და კიდევ მრავალი წელი იარსებებს.

ვისურვებდი, რომ საქართველოს (და არა მხოლოდ) უფრო მეტად დაეფასებინოს გიორგი ჩუთლაშვილი და მისნაირი შემოქმედები. თუ ცხოვრებაში რამე დავაკელით, რაც ჩვენი ბრალიც არის და არა მხოლოდ ჩვენი ბრალი, ყველანი უნდა შევეცადოთ, რომ, სიცოცხლის შემდეგ მაინც, მათი ღვაწლი დავიწყებას არ მიეცეს.

ნიკა ლაშხია

„ერთად წავიკითხავთ ლექსებს და არასდროს არ მოვკვდებით!“

საღამო იყო, როცა მეგობარმა მომწერა – გიორგი ჩუთლაშვილი გარდაცვლილაო. გავშეშდი… გაბრიელმა, ჩემმა შვილმა, მკითხა – რა გჭირსო? მეგობარი გარდამეცვალა-მეთქი… ვერ ვიჯერებდი, მაგრამ ეს სამწუხარო რეალობა იყო. რთულია, როცა შენი თაობის პოეტი მიდის, ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, რომლის გეგმებში  არ შედიოდა სიკვდილი, მაგრამ ასე მოხდა, ასე დაუნდობლად!

გიორგი წლების წინ, სოციალურ სივრცეში გავიცანი, მოკლე დროში გავხდით ერთმანეთის გულშემატკივრები. ლიტერატურულ პერიოდიკაში თითქმის ერთდროულად გვქონდა დებიუტი. ხშირად იბეჭდებოდა ჩვენი ლექსები ერთ ნომერში. მალევე ბარ ,,მაკულატურაში“ შევხდი, ერთ-ერთ საღამოზე, ლექსებს კითხულობდა… ამავე ბარში მუშაობდა რამდენიმე წელი. ძნელი წარმოსადგენია, რომ სადმე ბარში ან რომელიმე ლიტერატურულ ფესტივალზე ვერ ვნახავ, აღარ მომესალმება ჩვეული ღიმილით. არ მომიკითხავს თბილად… ასე იცოდა, რაღაცნაირად აღმატებულად გაგრძნობინებდა თავს, თითქოს მასზე ბევრად მაღლა იდექი. ასეთი ადამიანი იყო, თავმდაბალი და ადამიანის ღმერთივით მყვარებელი. არასდროს არ გაგრძნობინებდა იმ სევდასა და უიმედობას, რომელსაც განიცდიდა, რომელსაც ყოველდღე ხვდებოდა, მოუშორებელი ჭირივით. დიახ, მას ხშირად აქცევდა ცხოვრება ჩიხში, მაგრამ უმკლავდებოდა! სულ სამსახურის ძიებაში იყო… მას ოდნავი ყურადღება ახარებდა… მისი სიკვდილით ჩაქრა კაშკაშა ვარსკვლავი, თუმცა, იმავე წამს აინთო სხვა ვარსკვლავი, რომელსაც მარადისობა ჰქვია და ეს სიმართლეა!

თუ გიორგის შემოქმედებას გადავხედავთ, მაშინვე დავრწმუნდებით, რომ ის ძალიან თვითმყოფადი პოეტია, მისი პოეზია დაცლილია ყოველგვარი ზედმეტისგან, ზუსტი მეტაფორებით ამბობს სათქმელს. მისი პოეტური ენა თავისუფალია, უჩვეულოა მისი ხელწერა, მისი რამდენიმე ლექსი მაინც თუ წაგიკითხავს, ხელმოუწერელსაც ხელწერით აუცილებლად გამოიცნობ.

ზღვა ემოციების მატარებელი ბიჭი პოეზიის რუკიდან აკვირდებოდა სამყაროს. მას ისეთივე ლამაზი ეგონა ცხოვრება, როგორიც პოეზიაა, ამიტომ ვერ გუობდა მას ისეთს, როგორსაც ხედავდა. ხშირად სასმელში კლავდა ბრაზს, მეტი ღიმილის და ყურადღების მოლოდინში…

გიორგის ყოველი დღე პოეზია იყო. ის თხემით ტერფამდე პოეტია, პოეტი, რომელმაც ასე ხანმოკლე სიცოცხლით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ პოეზიაში. რაღაცნაირად აუხდა მისი ერთი ლექსი.

,,ჩემი ლექსი შობას ვერ დაესწრო…

                                   მზის სხივი თოვლში ჩაიკეცა.“

გიორგის ლექსები ითარგმნა ბერძნულ და ლიეტუვურ ენებზე. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთ ენაზე ითარგმნება და ნებისმიერ უცხოური პოეზიის ანთოლოგიას დაამშვენებს, რადგან მის პოეტური ენა ნამდვილია! ხოლო რაც ნამდვილია, იმას დრო ვერ ერევა…

ორი კრებულის გამოცემა მოასწრო. წიგნებს თავიანთი ბედისწერა აქვთ. გიორგიმ ასე ინება, რომ თვითონ გაიგნონ გზა მკითხველებისკენ… თავში აღვნიშნე და გავიმეორებ, ძალიან რთულია, როცა შენი თაობის პოეტი მიდის, ბევრ რამეს ნანობ, ბევრი რამისთვის მადლობელი ხარ. ზოგჯერ მგონია, რომ ცხოვრება კინოა, რომ ჩვენ არ ვკვდებით, რომ სადღაც აუცილებლად ვაგრძელებთ სიცოცხლეს, ერთად წავიკითხავთ ლექსებს და არასდროს არ მოვკვდებით!

ივა ფეზუაშვილი

თვალის გასწორების სიძნელე

არის ეგეთი სევდები, ფიქრით რომ უნდა ატარო და გულით რომ უნდა ატარო და როდესაც გულმა იცის, რას ფიქრობ და ფიქრმა – რას გრძნობ, ალბათ, ზუსტად მაშინ იქმნება ისეთი ლექსები, სევდად დაწერილი, შენს დარდად რომ იქცევა და ეგეთი ლექსებით ვიცნობ გიორგის და მის ლექსებში სევდის და დარდის ამოცნობაზე მეტად ამ ორისთვის თვალის გასწორება ჭირს. ჭირს და ძნელია ის, რასაც შენც განიცდი, სხვაშიც დაინახო, სხვასთანაც, და რა კარგია, რომ გიორგის ლექსებში თვალგახელილი თუკი გაივლი, თუ არ დაფრთხები და შეშინდები, არა მხოლოდ სევდას, არამედ დარდისგან შვებასაც იგრძნობ.

ავარიულ სახლს დაემსგავსა ეს დღე…

სინათლე და სიმყუდროვე საბოლოოდ გამოეცალა

და საყრდენად ჩემს დახვეწილ სევდას ვიყენებ.

სწორედ იმ სევდას, შენ რომ გაშინებს…

ალბათ, ეგ არის კარგი პოეზია – სევდის საყრდენია, რომელშიც ავტორი დაიცალა და კარგი ლექსიც, ალბათ, ის არის, შენ რომ აგავსებს და მაგით განთავისუფლდები.

გიო ლომიძე

”ცოცხლობდა წამდაუწუმ მოსაგერიებელი ფარული ტკივილით“

სიცოცხლე უნდა დაიმარცვლოს რამენაირად. ვის მიმართ უნდა შევძლო საუბარი ამ როლიდან თანაბრად ისე, სისასტიკეც რომ გავმიჯნო სიკვდილისგან და სიცარიელეც ამოვავსო შეუმჩნევლად? თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე გავიცანი 2017 წელს. იქ ყველა თავისებურად გამოირჩეოდა ან მე მინდოდა ასე აღმექვა. პირველი ჭიქაც გამოვცალეთ და შთაბეჭდილებებიც გავაზიარეთ ჩვენში რეაქციის მეტ-ნაკლებად გამომწვევი საკითხებიდან გამომდინარე. სოციალურ ქსელში იმ საღამოსვე აღმოვჩნდით ერთმანეთის მეგობრებში. შეხვედრის ძირითადი ადგილი ,,მწერალთა სახლი’’ იყო, საიდანაც გრძელდებოდა ურთიერთობა მახსოვრობის ზღვრის დარღვევამდე. ახლა ისე არ მინდა გამომივიდეს, რამის უკვე ვეღარ გადამოწმებით თავდაჯერებულმა სანდოობა დავუკარგო მონაყოლს, თუმცა მოყოლაც ერთი დიდი შეუძლებლობაა მაშინ, როცა შექმნილი მოცემულობა იძენს ყოვლისმომცველ შინაარსს, აჩენს მანამდე არსებულიდან გამომდინარე კონტექსტს და მეც სწორედ მანამდედან შევეცდები შთაბეჭდილებების გაზიარებას ახლანდელობასთან უწყვეტობის გათვალისწინებით.

შუა ღამეა. ქალაქის საკრებულოს წინ მივსეირნობ. სკამთან მიყუჟულ ბომჟებს შევხვდი. მივედი ახლოს, მივესალმე. ფულს ითვლიდნენ აღტაცებით. ცოტა ხურდა დავუმატე. დამპატიჟეს, თუ გაჩერდები, ორ წუთში ლუდს ვიყიდით და თორმეტიც მალე გახდებაო. რა ხდება-მეთქი. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთის დაბადების დღეს უნდა შევსწრებოდი უნებლიეთ. ჩამოვჯექი იქვე. წარსულს იხსენებდნენ მორიგეობით. ესა ძველი სნაიპერი იყოო, იუბილარისკენ იშვერს ხელს სკამზე წამოწოლილი. იცინის. სახელიც აღარ აქვს, სპეციალური ნომერი აქვს მინიჭებულიო. ნომერი ვადღეგრძელეთ. მეღიმება მორიდებით.

არც ისე მოულოდნელია იმ ადგილას ნაცნობს გადაეყარო ადამიანი. დავინახე, მოდის გრძელ პლაშში, თავზე ბენდენაწაკრული. გიუშკი, როგორ ხარ, ძმაო, აგრძელებს და ხელებგაშლილი ვეგებები. შემოგვიერთდა. ურთიერთობაში ხალისიანად შესვლის უნარი თავისთავად მჟღავნდებოდა მისი მხრიდან. თბილი ღიმილით დაგაკვირდებოდა ახლოდან და ხელს ბეჭებზე ფრთხილად ჩამოგისვამდა. სახლისკენ წამოსვლის დროც დაგვიდგა. სნაიპერი მოგვარიდა რამდენიმე ნაბიჯით. მერე ყველას დაემშვიდობა და ადე, წავიდეთო, მითხრა. იუბილარს გული აუჩუყდა. მეგობრებთან დაიხარა და მსხვილი კუპიურა დააგდო ამაყად.

იმ ღამით ჩემთან დავრჩით. დაგვათენდა. ჩემი პოეზია ისეთ ემოციას ვერასოდეს გამოიწვევს ადამიანში, როგორიც წუხელ ჰქონდა უცნობსო. ვერც შენიო – დამამშვიდა. ღმერთისადმი სიყვარულს ადამიანებით ამართლებდა. ჩემს ფისოებს ფოტოები გადაუღო წასვლის წინ, პუდელს ჩაეხუტა. ასე დაგვემშვიდობა. მგონია, მის ტელეფონში ახლაც არის ჩარჩენილი კადრები.

წერდა სუფთა ემოციით. ცოცხლობდა წამდაუწუმ მოსაგერიებელი ფარული ტკივილით. მისი პოეზია, შეგვიძლია, დავიწყებაში ხელის შეშლის უნივერსალურ ინსტრუმენტადაც მივიღოთ.

ერთ ტექსტში ასეთი ფორმით ახერხებს ურთიერთგამომდინარეობის გამყარებას საკუთარ სამყაროსა და პოეზიაში საკუთარი წილის უტყუარობას შორის:

„აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ – მე პოეზია ვარ…

თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას, მე მასთან ერთად ვისაუზმებ…

მასთან ერთად ვისეირნებ და

მოვუყვები ამბავს ადამიანზე,

რომლის ფანჯრის მინაც ჩამტვრეულია

და ფურცლით ანახლებს.“

ბუნებრიობის განცდა გიორგის პოეზიის მიმართ, შესაძლოა, მისი აღარ ყოფნით შექმნილი მოცემულობითაც იყოს გამძაფრებული, თუმცა აღარ ყოფნის, როგორც მოცემულობის, მიღება რამდენად არის შესაძლებელი, ეს საკითხავია. რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე ერთი ლექსი სათაურით „წინააღმდეგობა. მოუთმენლობა“, რომლის დასასრულიც მინდა გავიხსენო:

„დრო კი არა, მე ვერ ვითმენდი

და ქრონიკული დაავადების მსგავსად

მიმწვავდებოდა საკუთარი თავი,

მაგრამ ვეწინააღმდეგებოდი.

თან მაჯებივით მექავებოდა სურვილი,

რომ ჩემი სხეულისგან

მოშორებით დავცემულიყავი

მხრებში გაშლილი…“

წინა წელს გამოსცა კრებული ,,მშრალი თევზის წონასწორობა’’. იცით, როგორი ფერის არის წიგნი? კაშკაშა კუნაპეტი. წიგნსა და ლექსს საერთო სათაური აქვს, რომლიდან ამონარიდის ციტირებით, ვისარგებლებ მეგობარი პოეტის შესახებ მეტად საუბრისგან თავის შეკავების უნიკალური შესაძლებლობით, რადგან ავტორის სამყაროსა და ბუნებას იმაზე უკეთესად ვერავინ დაიმსგავსებდა ამეტყველებული გამოცოცხლებით, როგორც ეს მისმა თითოეულმა ლექსმა შეძლო მომავალი ცხოვრების გარდაუვალი გათვალისწინებით:

„წყლიდან გაუფრთხილებლად ამომიყვანეს

და მიუხედავად იმისა, რომ მათ სახეები

შმიტის ,,ნოეს შვილივით’’ მახსოვს,

თავს ვიმაგრებ და ამის შესახებ

არაფერს ვამბობ.“

ეკა ქევანიშვილი

მაძიებელი პოეტი

გიორგი, ჩემი აზრით, მაძიებელი პოეტი იყო, თითქოს სულ თავის სევდას დასტრიალებდა და წერდა მის გარშემო ხელშესახებ, ხშირად მწარე სინამდვილეზეც. წერდა გულწრფელად და ყოველი ახალი პუბლიკაცია იყო ამ მაძიებლის ახალ-ახალი აღმოჩენების ერთობლიობა. მის პირველ და ბოლოდროინდელ ლექსებს რომ ვადარებ, სულ მაქვს განცდა, როგორ იხვეწებოდა და რამდენი რამ ვერ მოასწრო. ეს საშინლად მტკენს გულს.

პაატა შამუგია

„ერთ მეტაფორაში ორჯერ ვერ შეხვალ“

ისე მოხდა, რომ გიორგი ჩუთლაშვილის წიგნის „მშრალი თევზის წონასწორობა“ პირველი მკითხველი და უკანასკნელი მყიდველი ვიყავი. „მწერლების ბარში“ ჰქონდა ბოლო საღამო, როცა მიკროფონში გამოვაცხადე უტიფარი ტყუილი, სხვების წასაქეზებლად და თვითონ ავტორის გასამხნევებლად: მე გიორგის წიგნი მომპარეს, ამიტომ ახლა ისევ უნდა ვიყიდო, სხვა გზა არ არის-მეთქი.

ბავშვივით გაუხარდა. რომელ პოეტს არ გაუხარდებოდა!

სამწუხაროდ, წიგნებს აღარავინ იპარავს და, მით უმეტეს, პოეტურ კრებულებს. თუმცა კი, თვითონ მუდმივად იმის მოლოდინში იყო, რომ მისი წიგნები გაიყიდებოდა, ამიტომაც აწყობდა პრეზენტაციებს პერიოდულად. ეს მისი უკანასკნელი გაყიდული წიგნი იქნებოდა. რამდენიმე დღეში გარდაიცვალა კიდეც.

ერთი რამ, რაც კარგად გამოაჩინა მისმა სიკვდილმა, ისაა, რომ ბევრი დაფიქრდა უკვე ცოცხალ პოეტებზე, ემანდ, ვინმე კარგი არ გამოგვეპაროს უსახელოდ და უსიხარულოდო. იქნებ სხვა გიორგიჩუთლაშვილებიც იყვნენ გარშემო, რომელთაც  მეტი ყურადღება სჭირდებოდეთო.

„მშრალი თევზის წონასწორობის“ წინასიტყვაობაშიც დავწერე, ერთ მეტაფორაში ორჯერ ვერ შეხვალ-მეთქი (არადა, ზოგი მეტაფორა ისე ძლიერი და მოქნილი იყო, მოგინდებოდა ორჯერ და მეტჯერ შესვლაც და შიგნით დაბუდებაც). ვერც ერთი წიგნის შესახებ დაწერ ორჯერ, ასე მგონია. მხოლოდ ის შემიძლია ვურჩიო ამ მცირე მოგონების მკითხველს: იყიდეთ „მშრალი თევზის წონასწორობა“, საერთოდაც, იყიდეთ ახალი ავტორების წიგნები. 

© არილი

Facebook Comments Box