პოეზია

გიო ლომიძე – ჰმ და სხვ. ლექსები

ჰმ

დაიფიცე ბიბლიაზე რომ არ ხარ ვერაგი,
შენ რომელმან განიზრახე შთანთქა საზვერე,
ამ სოფელსა და იმ სოფელს შორის.
თითების ყდასთან შეხება წარმოშობს ბიოდენებს,
განიხვნება ზეცა და მოგეცემა დასტური
რა ფორმით შთანთქა სიცოცხლე კაცთა,
კრავთა, მხეცთა და ცოდვათა.
მკვდარ ენაზე აღზევებული წიგნი ჭეშმარიტებისა
შენს მიერ გაცვეთილია შინაგანად ხელის ფათურით.
ბრიყვი აქ არავინ არის.
ყველა მკვდარი ენა უკვდავია.
უფლება არსებობის ქადაგებებიდან არ ისწავლება.
ვლინდება ჩვენში პრეადამიანური აღზევება
და ჩურჩული თავისუფლებაზე ლაჩრული თვალთმაქცობაა.
არავის სახელითა არ ხდება აწ და მარადის ეს ყველაფერი
უკუნითი უკუნისამდე.
უკუნი არს უკუნი და ,,მართალნი” სახეებს იბრეცენ
კბილთა ღრჭენით.
ჩემს ლექსებზე ისე იღრიჯებით როგორც განსხვავებულ
ადამიანთა არსებობაზე.
მზად ხართ განრისხდეთ, მზად ხართ იხუვლოთ,
მზად ხართ იცინოთ და „გაიმარჯვოთ“.
არა და ყველაფერი სხვაგვარად არის.
ჩემი ლექსები შეცოდებას არ ითხოვენ.
მათი არსებობა უნდა აღიაროთ.

 

ძახილი

ცას უნდა ასძახო – მელოდე,
გაბედო ბოლოჯერ ამოსუნთქვა
და გამჭვირვალე ქუთუთოებში ჩაიფინო
გადამფრენი იმედები.
თბილი ქვეყნების ილუზია.
საკუთარი ანარეკლის ალეგორია
მოაქციო შიშის მარწუხებში
და გაისროლო.
მოინელო ღიმილი.
ბოლო თეთრი ღამიდან
პოლარული სიზმარი
მოგიყვება დანარჩენს,
როგორ უნდა ეხვიო,
როგორ უნდა ეხუმრო,
უხეირო ფლიდებს და
ხეირიან ჯამბაზებს.
თავს უნდა დასძახო გაები
ყოფნიდან ყოფნამდე ბოგად
არ იუკადრისო მეგზურობა
მოუნელებელი სიცოცხლის,
დანაცრებულ ადგილადაც რომ იქცეს
შენი ხსენება.
რომ ვერ იხანძრო
სულერთია, ვისაც გამურავ
მათ შორის იქნებ ვინმეს სული გაუმტვერიანო.
ჩაეხშობა მარაქა,
სხვა კვერცხსა და ქათამზე.
უწინ ვინ ითარეშა
დასაბამის ნაპირთან.
შენი თავისუფლება უნდა იმშობიარო.
ჭას უნდა ჩასძახო ტაეპი,
შენი ჩაზნექილი ტანიდან,
დანის პირზე გავლილი სისხლივით ჩაეწვეთო.
ექომ ამოგისროლოს
როგორც ძაფის გორგალი,
როგორც სვავის ხორხიდან
ამოზრდილი კივილი.
უღრანებში კედარი
ვეღარ გამოესარჩლოს
ნისკარტიან მხეცებს და
უნისკარტო ფრინველებს.
შენი თავისუფლება უნდა იმშობიარო.

 

შეხვედრიდან

დღეს სხვა ფიქრებმა დაიკავეს დრო და ადგილი,
რაღაც მსგავსია ალბათ ვაზის შემოკავების
იმ დღის შესახებ ამ ქალაქში კაცს რომ ვესტუმრე
ღვინის თანხლებით,რომლის ფერზეც არ გვიფიქრია
და ვისაუბრეთ ყველაფერზე მან, მე და ღვინომ.
ვსვამდით ერთმანეთს, საფიქრალს და თურმე მხარდამხარ
ლამის ჩაგვადნა საათები, შემოგვათენდა,
თურმე არ იყო საკვირველი იმ თანხმობიდან
არც არაფერი გამოთრობას რომ ეთავსება.
და ყველა ოხვრას უთქმელობით ვესალმებოდით.
ვიკარგებოდით აბსურდების კორიანტელში
ჩვენთვის რომ მაინც უსაშველოდ სასიცოცხლოა.
მხდალ სიკვდილებზე აშენება მყუდრო ბუნაგის
სადაც ადრე თუ ალბათ გვიან შევიყუჟებით
და ერთმანეთზე მოგონებებს მოვამარაგებთ
გადარჩენილი საათების ამოსავსებად.
თან გადავიხდით სიმარტოვის თუ სიმარტივის
ჩასაფრებული უძლურების ცრემლით საფასურს.
ვადაგასული იდეები იღლაბუცებენ,
ხელიდან ხელში ნაწილობრივ პირიდან პირში;
მაშინ კი ალბათ ვიქნებით ან აღარ ვიქნებით.
ეს სულერთია მთავარია ახლაც არა ვართ…
ყოფნა არყოფნის ზღვარზე ქარი ახლაც ბოგინობს
და პოეზიაც იშვიათად უადგილოა.

 

ფრენა

იმ ფრინველებზე მინდა გიამბო
შენ რომ ხატავდი, იმ ფრთიან ქვებზე;
როგორ იჭერდნენ ჰაერში მწერებს,
როგორ იკრებდნენ სურვილებს, ძალებს
უკანასკნელი გადაფრენისთვის.
ცა პეპლებივით უფერულდება დაღამებისას.
და ეს ამბავი მათთან ერთად შეკრავს ირაოს.
ამ ამინდებზე საყვედური ვისაც ჩვევია
ფრთებგარეშეა დარჩენილი დიდი ხანია.
ცამ ჩაიგუბა ხეიბარი ჩიტის სიმღერა.
იმ ხეობებზე მინდა გიამბო
მზე რომ ხატავდა.
ძალა არ მყოფნის…
თვალი არ მყოფნის ჩავაწვდინო სხივები სადაც
ახავსებული ქვაბულების კედლებს კენკავენ.
ცამ ჩამოხეთქოს გზაშეკრული ფრენის სიმღერა,
დამარცხებულ და გადაკარგულ ყველა სხეულად;
ჩამოაღწიოს იქ, დღემდე სადაც
თითქოს ლოდინით იბერებიან
უსწორმასწოროდ გამოზრდილი ქვები-კუზები,
ზედ მიაფინოს ან მათ შორის გადაინახოს,
ადრე თუ გვიან სხვა კუზები შეიხორცებენ.
ქვამ ჩაიგუბა ხეიბარი ჩიტის სიმღერა
ნახატიდან რომ გაფრენილიყო
და ჩამოვარდა.

 

შეუძლებელი

ახლა ქარები იმეტებენ იმაზე მეტად
გუბეებისთვის მოტორმტანე ბზართა იარებს,
ვიდრე სხეულში, ღრმად სხეულში უცნობმა მეტას-
ტაზების რიგმა ფეხაკრეფით გადაიარეს.
და ბაყაყებიც გაიტყორცნენ დუმფარებიდან…
და ბაყაყებმაც გამოტყორცნეს ყიყინი წყალზე,
მედიდურობა შეიმჩნიეს დაუფარავი
ჯერ არნახული ჩემი თვალით და ვიცი ხვალ-ზეგ
მივაჩერდები მოძრაობას უძრაობაში,
მომაჩერდება პირაქეთ და პირიქით მწყრალი,
საყვედურები ბუშტუკებად ამოძვრებიან
გუბის ფსკერიდან, სანატრელი რომ გახდა წყალი
მარადიული წყურვილების დასაოკებლად;
მარად უბრალო მწყურვალები ვმარცვლავდით ქვიშას,
ქვიშასთან ერთად – წლებს, ერთმანეთს. ზეცას კოკები
ქვემეხებივით მივუშვირეთ და რაღა გვიშავს,
თუ ვერ შევწყვიტეთ არსებობა, ჩვენზე ახია,
ცრუ მოლოდინმა ამოშრიტა სულის ემბაზი;
როცა ხეები ქარიშხლებში ტოტებს დახრიან,
ბუმბულს დაყრიან ფრინველები როცა გემბანზე
– შესამჩნევია არსებობის დაქუცმაცება.
მაინცდამაინც „ბრინჯის ყანებს წასკდათ გოდება“,
მაინცდამაინც დავყრუვდით და არ გავიგონეთ,
ვერ გავამხილეთ ნიაღვარი რად გვიგროვდება
მარტოობისას, დამძიმებულ ქუთუთოებში.

© არილი

Facebook Comments Box