გერმანულიდან თარგმნა მიქელ ირემაძემ
პიერ ბურდიე: ერთხელ, თქვენ “ენის რაც შეიძლება მეტად წაგდების ჩვეულება” ახსენეთ და თქვით, “არ ვიცი საერთოევროპულია იგი თუ პირწმინდად გერმანულიო”… ჩემი მხრივ დავძენ, რომ ეს ჩვეულება ზუსტად იმდენადვეა პირწმინდად ფრანგულიც. ძალიან მიხარია, რომ თქვენ ნობელის პრემიის ლაურეატი გახდით. ისიც მახარებს, რომ პრემიამ არ შეგცვალათ და უწინდებურად გიყვართ “ენის წაგდება”. იმედი მაქვს, ამას ახლა ერთად გავაკეთებთ და “ენაწაგდებულთა დუეტს” შევქმნით.
გიუნთერ გრასი: გერმანულ ნიადაგზე სოციოლოგსა და მწერალს შეხვედრის შესაძლებლობა იშვიათად თუ მიეცემათ. ჩემს სამშობლოში, როგორც წესი, ფილოსოფოსები ერთ კუთხეში იკრიბებიან, სოციოლოგები – მეორეში, მწერლები კი ისე შეჯგუფდებიან ხოლმე შუა ოთახში, რომ ერთმანეთს ლამის ფეხის თითები წაამტვრიონ. იქ ასეთი საუბრები, ახლა ჩვენ რომ გავმართეთ, უფრო გამონაკლისია, ვიდრე ჩვეულებრივი ამბავი.
როდესაც ვფიქრობ თქვენს წიგნზე – “სამყაროს სიმძიმე” და ჩემს ბოლო რომანზე – “ჩემი საუკუნე”, მათ შორის რაღაც საერთოს ვხედავ: ჩვენ ორივე თითქოს ისტორიის ხელახლა, თანაც ისე თხრობას ვცდილობთ, როგორც იგი, გარეშე დამკვირვებლის თვალით კი არა, შიგნიდან მოჩანს. ჩვენ არ ვსაუბრობთ საზოგადოებისგან განზე მდგომი კაცის პოზიციიდან და არც ისტორიის დამპყრობლებად წარმოგვიდგენია თავი. და როგორც ჩვენი პროფესიის ადამიანებისგან მოელიან კიდეც, ორივე ხელმოცარულთა, ცხოვრებიდან გარიყულთა, დამარცხებულთა მხარეს ვდგებით.
“სამყაროს სიმძიმეში” თქვენ და თქვენმა თანაავტორებმა შეძელით საკუთარი ინდივიდუალობის დავიწყება და თქვენი შრომა ისე ააგეთ, რომ უბრალოდ უსმენდით სხვებს, ცდილობდით გაგეგოთ მათთვის და სულაც არ გქონდათ ილუზია, არც პრეტენზია, თითქოს ყველაფერში მათზე უკეთესად ერკვეოდით. შედეგად კი მიიღეთ ფრანგული საზოგადოების ამჟამინდელი სოციალური მდგომარეობის ფოტოდოკუმენტური ანაბეჭდი, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ადვილად შეიძლება მიესადაგოს.
მე მწერალი ვარ და, ნებსით თუ უნებლიეთ, თქვენს წიგნს ვუყურებ, როგორც წყაროს მასალისათვის. რად ღირს თუნდაც მოთხრობა პროვინციიდან პარიზში ჩამოსულ გოგოზე, ღამ-ღამობით ფოსტას რომ ახარისხებს. მისი საქმიანობის აღწერა სავსებით ძალდაუტანებლად და ბუნებრივად წარმოაჩენს მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემებს, რაც ძალიან მომეწონა. კარგი იქნებოდა, საზოგადოების მდგომარეობის ამსახველი მსგავსი წიგნები თითოეულ ქვეყანას რომ ჰქონოდა.
ერთადერთი, რამაც შემაცბუნა და რაც, როგორც ჩანს, სოციოლოგიის სპეციფიკიდან მომდინარეობს, წიგნში იუმორის არარსებობაა. ასეთ შრომებში იუმორს ვერსად წააწყდები. მათში მიჩუმათებულია ბევრი ყოფითი კონფლიქტის არსისმიერი აბსურდულობა, აგრეთვე – ხელმოცარვის კომიკური ასპექტი, რაც ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემს წიგნებში.
პ.ბ. თქვენ შესანიშნავად აღწერეთ სასაცილო მდგომარეობები, მაგრამ როდესაც კაცი მსგავს ამბებს უშუალოდ მოქმედი პირებისგან ისმენ, მეტწილად იუმორით კი არა, თანაგრძნობით, სიბრალულით იმსჭვალები და ვერ ახერხებ შეინარჩუნო მიუკერძოებელი დამკვირვებლის გულგრილი მზერა. მაგალითად, ჩვენ იძულებული გავხდით ამოგვეღო წიგნიდან ზოგიერთი მონოლოგი, რადგან ისინი მეტისმეტად პირქუში, თავშეუკავებელი, მეტისმეტად ტრაგიკული ან მეტისმეტად ავადმყოფური იყო.
გ.გ. ჰო, მაგრამ, კომიზმი რომ ვახსენე, მე სულაც არ მიგულისხმია, თითქოს ტრაგედია და კომედია ერთმანეთს გამორიცხავენ და არც ის – თითქოს მათ ერთმანეთისგან რაღაც მკაფიო მიჯნა აშორებს.
პ.ბ. მართალია… ნამდვილად ასეა… არსებითად, ჩვენი მიზანიც ის იყო, რომ ყოველგვარი სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე გადაგვეშალა მკითხველის თვალწინ ეს წმინდა წყლის აბსურდი. ჩვენ წესად დავიდეთ, არავითარ შემთხვევაში ლიტერატურულად არ დაგვემუშავებინა მონოლოგები. ალბათ გაოცდებით, თუ ვაღიარებ, რომ როდესაც ასეთ ცხოვრებისეულ დრამებთან გაქვს საქმე, არ გშორდება მათი შელამაზების ცდუნება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, მაქსიმალურად გვეერთგულა ფაქტებისთვის, შეგვენარჩუნებინა სისასტიკის ის თითქმის გაუსაძლისი ატმოსფერო, რომელიც ამ მონოლოგებს ავსებს. ამას ორი მიზეზის გამო ვაკეთებდით: ჯერ ერთი, სამეცნიერო თვალსაზრისით ამგვარი მიდგომა უფრო კორექტულია; და კიდევ იმიტომ, რომ გადავწყვიტეთ ლიტერატურული ფორმა არ მიგვეცა ტექსტებისთვის, რათა სხვა ტიპის ლიტერატურულობისთვის მიგვეღწია. გარდა ამისა, პოლიტიკური მოსაზრებებიც გვამოძრავებდა: ვფიქრობდით, რომ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ბევრ სხვა რეგიონში გაბატონებული ნეოლიბერალური რეჟიმების სისასტიკეს – სისტემის სისასტიკეს – იმდენად შემზარავი, იმდენად ჯოჯოხეთური ბუნება აქვს, რომ მხოლოდ გონებაჭვრეტითი ანალიზის ხერხებით ამას ვერ ახსნი. ვერანაირი კრიტიკა ასეთი პოლიტიკური სისტემის ზემოქმედების მასშტაბებს ვერ გააწონასწორებს.
გ.გ. ჩვენ ორივე, სოციოლოგიცა და მწერალიც, გვშვა ევროპულმა განმანათლებლობამ, რომლის ტრადიციებს ახლა ეჭვით უყურებენ პრაქტიკულად ყველგან, ყოველ შემთხვევაში – გერმანიასა და საფრანგეთში მაინც. უკვალოდ არის გამქრალი ბევრი ღირსება, რომელიც, მაგალითად, მონტენს ახასიათებდა. ვფიქრობ, იუმორის გრძნობაც ამ დანაკარგთა რიცხვში აღმოჩნდა. გავიხსენოთ, თუნდაც, “კანდიდი” ან “ჟაკ ფატალისტი” – მათში დახატულია შემაძრწუნებელი საზოგადოებრივი რეალობა, მაგრამ ვოლტერისა და დიდროს გმირები ტანჯვაშიც კი არ კარგავენ უნარს, დაინახონ ყველაფრის სასაცილო მხარე და, მაშასადამე, გაიმარჯვონ კიდეც.
პ.ბ. განმანათლებლობის ტრადიციების დაკარგვის შეგრძნება დაკავშირებულია ჩვენი მსოფლმხედველობის სრულ რევიზიასთან, რაც ნეოლიბერალური იდეოლოგიის გაბატონებამ გამოიწვია. ჩემი აზრით (და აქ, გერმანიაში, ეს შედარება თავისთავად ჩნდება), დღევანდელი ნეოლიბერალური რევოლუცია კონსერვატულ რევოლუციას წარმოადგენს (ზუსტად იმავე აზრით, რომლითაც ლაპარაკობდნენ კონსერვატულ რევოლუციაზე ოცდაათიანი წლების გერმანიაში); ხოლო კონსერვატული რევოლუცია, როგორც მოგეხსენებათ, მეტად უცნაური მოვლენაა: იგი წარსულის რესტავრირებას ახდენს და ამას პროგრესის სახელით ნათლავს; ის რეგრესს პროგრესად ასაღებს და ამას ისეთი წარმატებით აკეთებს, რომ რეგრესის მოწინააღმდეგეები მის მომხრეებად აღიქმებიან, ხოლო ტერორის წინააღმდეგ მებრძოლები, საბოლოო ჯამში, ტერორისტის იარლიყს იძენენ. მე და თქვენ ყველაფერი ეს საკუთარ ტყავზე გვაქვს გამოცდილი: ჩვენ ხომ ჩვენივე ნებით მივაკუთვნეთ თავი არქაისტებს. საფრანგეთში ასეთ ადამიანებს ringards (ძველმოდურებს) ან კიდევ arriers (არათანამედროვეებს) უწოდებენ.
გ.გ. Dinosauria…
პ.ბ. მართალია – დინოზავრებსაც. ასეთია კონსერვატული რევოლუციის, ან სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, “პროგრესული” რესტავრაციის ძალა. დამეთანხმებით, რომ თქვენი ამასწინანდელი სიტყვებიც ჩემს აზრს ადასტურებს. ჩვენ დარდიანობას, ცხვირჩამოშვებულობას გვსაყვედურობენ, მაგრამ განა ეპოქა სახალისოდ განგაწყობს?! მასში ხომ სრულიად არაფერია სასაცილო.
გ.გ. არც მიფიქრია იმის მტკიცება, თითქოს ჩვენს ეპოქას რაღაც სახალისო თვისებები ჰქონდეს, მაგრამ განა ჩვენი სოციალური რეალობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა არ არის ის ინფერნალური ხარხარი, რომელიც ლიტერატურული ხერხებით შეიძლება იქნას გამოწვეული?!
ის, რასაც დღეს ნეოლიბერალიზმად შეფუთულს გვთავაზობენ, სინამდვილეში XIX საუკუნის მანჩესტერული ლიბერალიზმის მეთოდების რეანიმაციაა. სამოცდაათიან წლებში ევროპის უმეტეს ნაწილში ცდილობდნენ გაეკეთილშობილებინათ კაპიტალიზმის ბუნება და ამ საქმეში გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. თუ გავიზიარებთ თვალსაზრისს, რომ კაპიტალიზმი და სოციალიზმი განმანათლებლობის მშვენიერი და განებივრებული ყრმები არიან, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორმა ჩვილმა ერთმანეთის მუდმივი კონტროლირების მექანიზმი გამონახა. ისე რომ, თვით კაპიტალიზმიც კი იძულებული გახდა, რაღაც მოვალეობები ეკისრა. გერმანიაში ამას სოციალურ საბაზრო ეკონომიკას უწოდებდნენ და საყოველთაოდ დამკვიდრდა აზრი (რომელსაც კონსერვატორთა პარტიაც შეუერთდა), რომ ვაიმარის რესპუბლიკის ვითარება აღარასოდეს აღარ უნდა განმეორებულიყო.
ინტერესთა ეს ერთიანობა ოთხმოციანი წლების დასაწყისში დაირღვა და დაიქსაქსა. როდესაც კომუნისტური იერარქია დაინგრა, კაპიტალიზმმა დაასკვნა, რომ ამიერიდან შეუძლია რაც მოუნდება, ის აკეთოს: მის გაკონტროლებას ხომ უკვე ვერავინ შეძლებს, რაკიღა მთავარი მოწინააღმდეგე – კაპიტალიზმის საპირისპირო პოლუსი – აღარ არსებობს. ცალკეული კაპიტალისტები, რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა ჯერ კიდევ არა აქვთ ბოლომდე დაკარგული, კეთილგონიერებისკენ მოგვიწოდებენ, რადგან ხედავენ, რომ მოძრაობის მიმართულება აღარ გაგვაჩნია და დღეს ნეოლიბერალიზმი კომუნიზმის შეცდომებს იმეორებს – ქმნის საკუთარი უცოდველობის დოგმატს.
პ.ბ. ასეა, მაგრამ ნეოლიბერალიზმს ძალას ისიც მატებს, რომ ყოველ შემთხვევაში, ევროპაში მაინც, მის დამკვიდრებას ხელს უწყობდნენ ადამიანები, რომლებიც თავს სოციალისტებად მიიჩნევდნენ: გერჰარდ შროდერი, ტონი ბლერი, ლიონელ ჟოსპენი – თითოეულმა მათგანმა სოციალისტური იდეები ნეოლიბერალიზმის გასაძლიერებლად გამოიყენა.
გ.გ. ეს ეკონომიკური მოთხოვნებისთვის ანგარიშის გაწევის გამო მოხდა.
პ.ბ. ამავე დროს, საშინლად გართულდა მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული მთავრობების წინააღმდეგ კრიტიკული ოპოზიციის შექმნა. 1995 წლის ძლიერმა გაფიცვამ საფრანგეთში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის – მუშების, მოსამსახურეების, ზოგი სხვა ფენის – მობილიზება გამოიწვია. ინტელექტუალებიც მათ რიცხვში იყვნენ. ამას მოჰყვა საპროტესტო აქციების მთელი სერია: უმუშევართა დემონსტრაცია, ევროპული მარში უმუშევრობის წინააღმდეგ, არალეგალურ ემიგრანტთა გამოსვლა და ასე შემდეგ. საზოგადოებრივი მღელვარება არ ცხრებოდა და ამან სოციალ-დემოკრატები აიძულა, თუნდაც ფარისევლური თანხმობა განეცხადებინათ სოციალიზმის თემაზე დაწყებულ თავისებურ დისკუსიაში მონაწილეობაზე.
სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, საპროტესტო მოძრაობა ჯერაც მეტისმეტად უსუსურია და უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ ერთი სახელმწიფოს საზღვრებით არის შემოფარგლული. ვფიქრობ, პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იმ მეთოდების შემუშავებაა, რომელთა გამოყენებით სოციალ-დემოკრატიული მთავრობებისთვის საერთაშორისო მასშტაბების მქონე ოპოზიციის შექმნას და ამ გზით მათზე რეალური ზემოქმედების მოხდენას შევძლებთ. ვფიქრობ, დღევანდელ ვითარებაში საერთოევროპული საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმირების ცდებს წარმატების ძალზე მცირე შანსი აქვს. ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა: რა წვლილი შეიძლება შევიტანოთ ჩვენ, ინტელექტუალებმა, ამ მოძრაობაში, რომლის გარეშე ვერაფერს გავხდებით, რადგან, რასაც უნდა ამბობდნენ ნეოლიბერალები, ისტორია გვასწავლის, რომ ყოველი სოციალური მონაპოვარი საზოგადოებამ ბრძოლით დაიმკვიდრა. თუკი გვსურს, შეიქმნას ის, რასაც “ევროპულ თანამეგობრობად” მოიხსენიებენ ხოლმე, უნდა ჩამოვაყალიბოთ საერთოევროპული საზოგადოებრივი მოძრაობა და, ასე მგონია, ინტელექტუალებს პასუხისმგებლობის დიდი ტვირთი ეკისრებათ ასეთი მოძრაობის ორგანიზების საქმეში, რადგან პოლიტიკურ ბატონობას, გარდა ეკონომიკურისა, ინტელექტუალური ბუნებაც აქვს. აქედან მომდინარეობს ჩემი რწმენა, რომ ინტელექტუალთა მოვალეობაა “რაც შეიძლება მეტად წავიგდოთ ენა” და ჩვენი უტოპიის აღორძინება ვცადოთ. ნეოლიბერალურ მთავრობათა ერთ-ერთი თავისებურება ხომ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ცდილობენ უტოპიებს ბოლო მოუღონ.
გ.გ. სოციალისტურმა და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა გარკვეული აზრით მხარი დაუჭირეს ამ წინადადებას, როცა განაცხადეს, რომ კომუნიზმის კრახი სოციალიზმსაც დაღუპვას უქადის. მათ აღარა აქვთ მუშათა საერთოევროპული მოძრაობის იმედი, რომელიც, ნუ დაივიწყებთ, კომუნიზმზე დიდი ხნით ადრე გაჩნდა. საკუთარ ტრადიციებზე უარის თქმა კი საკუთარ თავზე უარის თქმის ტოლფასია.
გერმანიაში უმუშევართა ორგანიზაციების ჩამოყალიბების სულ რამდენიმე უნიათო მცდელობა იყო. წლების განმავლობაში ვცდილობდი დამერწმუნებინა პროფკავშირული მოღვაწეები, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ იმ ხალხის გაერთიანება, ვისაც დღეს სამუშაო აქვს, მაგრამ ხვალ, ამ სამუშაოს დაკარგვისთანავე, უძირო უფსკრულში გადაეშვება. უნდა შეიქმნას ევროპის უმუშევარ მოქალაქეთა პროფკავშირი. ჩვენ ვწუხვართ, რომ ევროპის გაერთიანება მხოლოდ ეკონომიკურ დონეზე მიმდინარეობს, მაგრამ თვით პროფკავშირებს თითის განძრევა არ სურთ ისეთი ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად, რომლის გავლენა ერთი სახელმწიფოს საზღვრებს გასცდებოდა და საერთაშორისო მასშტაბებს შეიძენდა. ჩვენ რაღაც უნდა დავუპირისპიროთ გლობალურ ნეოლიბერალიზმს.
სიმართლე რომ ითქვას, დღევანდელი ინტელექტუალების უმეტესობას პირი დაუფჩენია და ყველაფერს განურჩევლად ყლაპავს, სანაცვლოდ კი, კუჭის წყლულის გარდა, ვერაფერს იღებს. ამიტომ, არა მგონია, მხოლოდ ინტელექტუალების იმედად ყოფნით რამე ეშველოს საქმეს. როგორც ვხედავ, ფრანგები უყოყმანოდ ენდობით თქვენს ინტელექტუალებს. რაც შეეხება გერმანიას, საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ ყველა ინტელექტუალს მემარცხენეთა რიცხვს ვერ მიათვლი. ამასვე ამტკიცებს XX საუკუნის მთელი ისტორია და მათ შორის ნაციზმის ეპოქაც: მაგალითად, ჰებელსი ინტელექტუალი იყო. ასე რომ, ინტელექტუალური ელიტისადმი კუთვნილებას “ხარისხის” გარანტიად ვერ მივიჩნევ. თქვენი “სამყაროს სიმძიმიდან” აშკარად ჩანს, რომ ყოფილ მუშას, პროფკავშირის წევრს, სოციალურ სფეროში ხშირად ინტელექტუალებზე ბევრად მეტი გამოცდილება აქვს. ზოგი ამ მუშათაგანი ახლა უმუშევარია, ზოგი პენსიაზე გავიდა და, როგორც ჩანს, უკვე აღარავის სჭირდება. ამ ხალხის პოტენციალი გამოუყენებელი რჩება.
პ.ბ. თქვენი ნებართვით, სულ მცირე ხნით კვლავ მივუბრუნდები ამ წიგნს. “სამყაროს სიმძიმე” ეს არის ცდა, მოუპოვოს ინტელექტუალებს კიდევ ერთი როლი – მართალია, იმასთან შედარებით მოკრძალებული, რასაც მათ ჩვეულებრივ მიაწერენ ხოლმე, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე: “საზოგადოების სახელით მწერლის” როლი. ასეთი ხელობის ხალხს ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში შევხვედრივარ. ისინი წერის უნარ-ხერხებს ფლობენ და ამ ცოდნას იმაში იყენებენ, რომ რაღაც ისეთზე საუბრის საშუალებას აძლევენ სხვებს, რის შესახებ მთხრობელმა გაცილებით მეტი იცის, ვიდრე თვით მწერალმა. ამ მხრივ სოციოლოგები უნიკალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. დანარჩენი ინტელექტუალებისგან განსხვავებით, ისინი მეტწილად (თუმცა, არა ყოველთვის) მზად არიან უსმინონ სხვა ადამიანებს, იციან, როგორ გაშიფრონ ეს მონათხრობი, რა სახით ჩაწერონ იგი და შემდეგ როგორ მიიტანონ საზოგადოებამდე.
გ.გ. თქვენი სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მოგვიხდება მივმართოთ ნეოლიბერალიზმთან უშუალო კონტაქტში მცხოვრებ ინტელექტუალებს. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ დადგა დრო, რაღაც დავუპირისპიროთ კაპიტალის გლობალურ მიმოქცევას – სიგიჟის ამ სპეციფიკურ ფორმას, რომელიც თან სდევს კაპიტალიზმს და არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება. გავიხსენოთ თუნდაც, საწარმოთა ყველა ეს უმიზნო და უმიზეზო შერწყმა, რომელთა წყალობით “შემცირების” მსხვერპლი ხდება ორი, ხუთი, ათი ათასი ადამიანი. ყველაფერი, რაც საფონდო ბაზარზე შეფასებით ოპერაციებთან არის დაკავშირებული, მაქსიმალური მოგების მისაღებად კეთდება.
პ.ბ. მართალია, მაგრამ საქმე არ ამოიწურება იმით, რომ შენი შეხედულებები დაუპირისპირო გაბატონებულ თვალსაზრისს, რომელიც ცდილობს უმრავლესობის აზრის სტატუსი დაიმკვიდროს. თუ გვსურს, რამეს მივაღწიოთ, ჩვენი კრიტიკის ფართო საზოგადოებამდე მიტანაც უნდა შევძლოთ. გაბატონებული თვალსაზრისი ემუქრება ჩვენს უფლებას, ვიქონიოთ საკუთარი შეხედულებები. ჟურნალისტთა უდიდესი უმრავლესობა, ხშირად გაუცნობიერებლად, ამ პროცესშია ჩართული და ჯოჯოხეთურად ძნელია ერთსულოვნების ილუზიის დარღვევა. უწინარეს ყოვლისა იმ მიზეზით, რომ, ვთქვათ, საფრანგეთში ისეთ კაცს, ვისაც საზოგადოებრივი აღიარება და სახელი არა აქვს მოხვეჭილი, ძალიან გაუჭირდება თავისი სათქმელის მიტანა მასებამდე. ჩვენი საუბრის დასაწყისში სწორედ იმიტომ გამოვხატე “ენის წაგდებასთან” დაკავშირებული სამომავლო იმედები, რომ, ჩემი აზრით, მხოლოდ ცნობილ მოღვაწეებს შეუძლიათ ამ მანკიერი წრის გარღვევა. ოღონდ, საუბედუროდ, ხშირად საზოგადო მოღვაწე სწორედ იმის გამოა ცნობილი, რომ ზედმეტი კითხვების დასმა და ხმის ამაღლება არ უყვარს – თანაც, ასეთი ქცევა ჩვენს მოლოდინსაც შეესაბამება. და მათ შორის ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც საზოგადოებრივი მდგომარეობით მოხვეჭილ სიმბოლურ კაპიტალს იმისთვის გამოიყენებდა, რომ ხმამაღლა და გადაჭრით გამოეხატა იმ ხალხის სატკივარი, ვინც ამის გაკეთებას თვითონ ვერ ახერხებს.
“ჩემს საუკუნეში” თქვენ ბევრ ისტორიულ მოვლენას ეხებით. ზოგი ეპიზოდი ძალიან შთამბეჭდავად არის დაწერილი. ასეთია, მაგალითად, პატარა ბიჭის ამბავი, რომელიც ლიბკნეხტის მხარდასაჭერად გამართულ დემონსტრაციაზე წაიყვანეს, მან კი მამას კისერში ჩააფსა. არ ვიცი, რაღაც პირად მოგონებებს ეფუძნება თუ არა ეს ეპიზოდი, მაგრამ თქვენ შეძელით მეტად ორიგინალურად მოგეთხროთ იმაზე, თუ რა არის სოციალიზმი. ძალიან მომეწონა ისიც, რაც იუნგერისა და რემარკის შესახებ წავიკითხე, რადგან აქ, სტრიქონებშუა, ბევრი ყურადსაღები რამაა ნათქვამი ინტელექტუალების როლსა და მონაწილეობაზე ზოგიერთ ტრაგიკულ მოვლენაში – ისეთებშიც კი, რომელთა წინააღმდეგ ეს ადამიანები კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი. მომეწონა ჰაიდეგერისადმი მიძღვნილი გვერდებიც. მივხვდი, რომ ერთმანეთს ამ საკითხშიც ვეთანხმებით. მე ჩატარებული მაქვს სრული ანალიზი ჰაიდეგერის გამოსვლებისა, რომელთა საშინელ შედეგებს საფრანგეთი დღემდე იმკის.
გ.გ. დემონსტრაციის ეპიზოდი იმითაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ აქ არის, ერთი მხრივ, ლიბკნეხტი, ახალგაზრდობის აზრთამპყრობელი – პროგრესული მოძრაობა სოციალიზმისთვის ეს-ესაა ძალას იკრებს… ხოლო მეორე მხრივ – მამა, რომელიც იმდენად გაიტაცა მოვლენებმა, რომ ვერ შენიშნა როდის დასჭირდა ქვემოთ ჩამოსვლა მის მხრებზე შემოსკუპებულ ბიჭს. ბავშვი ჩაიფსამს და კარგადაც გაიტყიპება. მამის ავტორიტარული ქცევის შედეგები მოგვიანებით იჩენს თავს, როცა შვილი, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, თავისი ნებით ჩაეწერება მოხალისედ არმიაში, ესე იგი ჩაიდენს იმის სრულიად საპირისპირო ქმედებას, რისკენაც ლიბკნეხტი ახალგაზრდებს მოუწოდებდა.
“ჩემს საუკუნეში” მოთხრობილია ერთი პროფესორის ამბავი, რომელიც იხსენებს საკუთარ რეაქციას 1966, 67 და 68 წლების მოვლენებზე. თავდაპირველად მისი ქმედებები მაღალ ფილოსოფიურ იდეალებს ეფუძნებოდა და ბოლოსაც ამასვე მიუბრუნდა. შუა პერიოდში კი მას დაემართა რადიკალიზმის რამდენიმე შეტევა და ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც სახალხოდ ჩამოათრია სცენიდან და ლამის შუაზე გაგლიჯა ადორნო. ეს არის ჩვენი ეპოქის უტიპიურესი ბიოგრაფია.
მე ჩამითრია სამოციანი წლების მოვლენებმა. სტუდენტურმა დემონსტრაციებმა, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა, საფუძველი ჩაუყარა მრავალ პროცესს და, საბოლოო ჯამში, შეცვალა მთელი საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ 1968 წლის ფსევდორევოლუციის ორატორებს არ სურთ აღიარონ მათი ზოგიერთი დამსახურება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რევოლუცია არ მომხდარა, რადგან საამისო პირობები არ არსებობდა, მაგრამ მოხდა საზოგადოების სახეცვლილება.
წიგნში, “ლოკოკინას დღიურიდან”, აღწერილი მაქვს, როგორ აყვირდნენ ჩემი სტუდენტები, როცა ვუთხარი – პროგრესი ლოკოკინას ჰგავს-მეთქი. მხოლოდ რამდენიმე მათგანმა შეძლო ამის დაჯერება.
სავსებით გეთანხმებით: მე და თქვენ იმ ასაკს მივაღწიეთ, როცა თამამად შეგვიძლია “წავიგდოთ ენა”, ვიდრე ამის საშუალებას ჯანმრთელობა გვაძლევს. მაგრამ ჩვენ ხომ ცას ვერ გამოვეკერებით. არ ვიცი, რა ვითარებაა ამ მხრივ საფრანგეთში (თუმცა, არა მგონია, ჩვენზე ბევრად უკეთესად გქონდეთ საქმე), აი, გერმანიაში კი, როგორც ვხედავ, მწერალთა ახალგაზრდა თაობა არც ინტერესს ამჟღავნებს და არც სურვილს, შეინარჩუნოს განმანათლებლობის ეპოქის კიდევ ერთი ტრადიცია, სახელდობრ – “ენის წაგდების” და მოვლენებში პირადი ჩარევის ტრადიცია. და თუ ამ სფეროში ვითარება არ შეიცვალა, ევროპული ტრადიციის ეს თვისებაც უკვალოდ გაქრება.
© “არილი”