პოეზია (თარგმანი)

გიუნტერ აიხი – ლექსები

გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ

გერმანელი პოეტი გიუნტერ აიხი (1907-1972) კრიტიკოსებმა მისსავე სიცოცხლეში არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც მომავლის პოეტი. აიხის ლირიკა, რომელიც გასული საუკუნის 50-70-იან წლებში მისი პოეზიის დამფასებლებსაც კი აბნევდა, მომდევნო თაობებისთვის უფრო ახლობელი აღმოჩნდა როგორც ავტორის ანარქისტული სულისკვეთების, ისე პირწმინდად პოეტიკური მაჩვენებლების გამო. აიხი სინოლოგიას სწავლობდა და ეს გამოცდილება მის ლექსებში საუკეთესოდ აისახა. მინიმალიზმი და ნიუანსებით დატვირთულ ტექსტებში სიმსუბუქის შენარჩუნების ტექნიკა, რაც თანამედროვე ევროპული პოეზიის სტანდარტული არსენალია, აიხის ლირიკას მართლაც ბუნებრივად გადმოანაცვლებს 21-ე საუკუნეში.

ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმის აღნიშვნაც, რომ აიხის და მისი მეუღლის, უმნიშვნელოვანესი ავსტრიელი პოეტის, ილზე აიხინგერის ვაჟი, მსახიობი და მწერალი კლემენს აიხი გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოვიდა საქართველოში და ვრცელი წიგნის დაწერასაც აპირებდა, მაგრამ 1998 წელს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, 1999 წელს კი ცნობილმა გამომცემლობა „ფიშერმა“ გამოსცა მისი დაუმთავრებელი „ჩანაწერები საქართველოდან“.

წინამდებარე ლექსები თარგმნილია გიუნტერ აიხის 1964 წელს გამოცემული პოეტური კრებულიდან „აქტების შესახებ“.

 

ჭეშმარიტების წარმოშობა

ჭეშმარიტების წარმოშობას გაიაზრებდე:

ქვიშით შეზეპილ მის ფესვებს და

ნაფეხურს მისას,

ქარის აზომვად მოძრაობას,

ფრინველად მოსულს.

 

პერვიტინიდან თვალშესავლებს,

გასაფრენად შემოკრებილს მერცხლებთან ერთად.

მთათა გადავლით, შორს, შორს, მწუხრის მიმართულებით.

 

სხვა, ფოთლეულში ქვისმთლელის ნიშნად,

მხოლოდ ძილისთვის მისაწვდომი

და მხოლოდვე ბებიათა შეხუმრებებით:

თვალი დახუჭე

და რასაც ნახავ,

შენი იქნება.

 

შეუმდგარი საუბრები

პეტერ ჰუხელისთვის

ჩვენ, რიდიანმა მთარგმნელებმა,

ვთქვათ, სამგზავრო განრიგების,

თმის ფერის და ღრუბელთა ფორმის,

რა ვუთხრათ იმათ,

თანახმანი რომ არიან

და დედანს რომ ჩაჰკირკიტებენ?

(ულენშპიგელის წიგნებში ერთმა

შვრიის მარცვლები

სწორედ ასე ამოიკითხა)

ამოდენა იმედის გამო

ჩვენეული მწუხარება ქარიანია,

წვიმას შერთული,

სახურავებს ხდის,

ყველა ღიმილს დაეცემა,

განუკურნელი.

 

ძველი საფოსტო ბარათები

1.

აქ მინდოდა გამეყვანა ტრამვაის გზები

და მექანავა

მებრძოლთა მემორიალის ჯაჭვზე.

აი, ნიშანი ყრუ-მუნჯებისთვის.

ქადაგება ხაბაზებისთვის,

დილის ქარში რომ იზმორებიან.

 

2.

ხედი, წებოსგან

ნება-ნება გახუნებული.

ხოლო დამცავი ფურცლები და

ქუჩა ერთ დანას ჩამოუჭრია.

მოასფალტება ისევეა

დაგეგმილი, როგორც – სიკვდილი.

 

3.

ორი მკაფიო ასონიშანი, –

ველოსიპედით სეირნობა

ციხე-კოშკის ნანგრევებისკენ.

ჩვენ კი კარგად ვართ.

შავ ქვიშაში განვაგრძობთ თამაშს.

პურს გავღეჭავთ

შპალერებში დამჩნდარ ბზართა ამოსავსებად.

 

4.

ჩასაბერი იარაღები ზედანის ბრძოლის აღსანიშნავ დღეს,

სამი ნული ოთხი,

წითელი ფერი – ცაცხვის ხეებში.

ხვალ ხვალ ხვალ.

 

5.

ჩაეჭიდე

მთრიმლავთა ბაწრებს,

კარტუზიანი და პლედიანი

ანგელოზები ვიდრემდის მოვლენ,

თანახმად ქვათა ჩვენებისა,

კვამლში

სანდო ანაბეჭდისა.

 

ახალი საფოსტო ბარათები

1.

ერთფეროვანი სატვირთოები

და რესტორნები, რომლებისაც არაფერი მწამს.

ო, შემოდგომის საყვარელი ფოთლოვანი

და სლოვენურ ოთახებში

გამჭოლი ქარი.

 

2.

მადლიერი ვართ, მაგრამ დაგვტოვე.

დიდხანს ვიყავით

დემაგოგთა ჯოჯოხეთებში.

 

3.

ოდერი, ჩემი ეს მდინარე, გაგებადი –

წყაროებით, შენაკადებით,

ჩემი დილის სარგებელი, ჩემი საათის რეგულატორი,

აი, ჩემი ქვიშის საათი ქვეყნების თავზე.

 

4.

აქ წისქვილებს მოვისაკლისებ.

წყალი დუნეა,

ქარი – დამდგარი.

საგლინ დგანთა დრო,

იქნებ – თიხის კარიერების,

ცეცხლმოდებულ საბძელთა და –

ღარიბ-ღატაკ გლეხთა

ქოხების.

 

5.

სურინამი და მუხლუხოები.

გაიხსენე, მერიან

მარია სიბილა,

მე ხომ მიხაკის ის მარჯვენა

მორკალული ფურცელი ვიყავ.

 

არიერგარდი

ადექი, ადექი!

ჩვენ არ დავიშვებით,

ეს უწყება ვარსკვლავთა ჩრდილის მოტანილია.

 

ჩვენც სხვებივით წავიდეთ, დროა.

მათ თავიანთი ქუჩები და ცარიელი საცხოვრებლები

დასაცავად მთვარეს გადასცეს. მცირეა მისი ძალაუფლება.

 

ჩვენს სიტყვებს იწერს მდუმარება.

ღიობებს საკანალიზაციო ხუფები ფარავს.

გზის მაჩვენებლებს პირი უქნიათ საპირისპირო მიმართულებით.

 

წყლის სარკეებში, თოვლის ნამქერში ამოკითხვადი

ტრფობის საგზაო ნიშნები რომ გაგვხსენებოდა!

ჩქარა, ვიდრე დავბრმავებულვართ!

 

მოკრძალება გვიანია

სახლი უკვე მოვაწესრიგეთ

და სარკმლებს ფარდა ჩამოვაფარეთ,

სარდაფებში საკმარისი მარაგი გვქონდა,

ქვანახშირი, ზეთი,

და კანის ნაკეცებს შორის –

სიკვდილი, სანდო ამპულებში გადანახული.

 

კარის ღრეჩოში ვჭვრეტთ ქვეყანას:

თავწაწყვეტილ მამალს, რომელიც

ეზოს აწყდება.

 

მან ჩვენს იმედებს ბოლო მოუღო.

აივანზე ზეწარს ვფენთ და

ვსაჩინოვდებით.

 

ხელმოუწერლად

პასუხები: მუხლუხოები ალვის ხეთა –

მოჭრილთა – ქერქქვეშ.

თუთუბოები – აღმართის ძირას,

დამშრალი წყალი – თაფლის ქილაში.

 

ეს კი მსოფლიო წესრიგია,

მიღებული გადაჭრილი ყვავილებით და

ტყისპირთა თვალისმომჭრელი ზოლით.

ზოგიერთი საიდუმლო,

დაცული ქარის წისქვილებში,

რაც უზრუნველყოფს სიცხადეს და მოწყენილობას –

 

აღარც ერთი შეკითხვა და – სრული თანხმობა,

სიკვდილის მიერ გადაფარული.

 

გაუქმებული საბაჟო

სტანდარტული ბარგი:

აზრები – პლასტიკურ საქაღალდეებში,

არავითარი კალა, არავითარი ფარშევანგის ფრთები,

მარტოობა, თეთრეულის სკივრში

კოხტად ჩაკეცილი.

 

აი, ის ადგილი,

სადაც დავმკვიდრდებით.

 

შლაგბაუმს მაღლა არავინ სწევს.

არავინ მოდის,

არავინ მიდის.

მებაჟის ტვიფრი

გამოყრუებულ სარკმლებში იცდის.

 

ცნობები დანატოვარიდან

კალკოფენთან დაკავშირებით მოძიებული:

იქ სახლობენ ქრცვინები და

თავაზიანი გოგონები.

 

ნაგვის გორებში –

საწყისები რუხი შოშიის,

შესაქმის აქტი –

საკითხავი სათვალის ახლოს.

 

ცუდად ჩამესმის:

სიჩქარეები ძრავაში და –

საშველად ხმობა, როცა არ ხმობენ.

 

ჭინჭარს ყოველთვის ვყვარობდი და

ახლა შევიტყვე,

სასარგებლო ყოფილა თურმე.

 

გამოუსადეგარი გეოგრაფიული რუკა

მოფრთხილების და წვიმის

ნიმუში,

სოფლის ტბორთა მარყუჟები, –

ისე დავფერე,

როგორც მაწყობდა.

 

ზედ კი ჩემმა საყვარელმა

ობობებმა მოიფეიქრეს,

რაც მეორე ნიმუშია,

წასვლის წინ

ჩემგან მოწონებული.

 

მომავლის ოცნება

გამოგონილი

ძველ ფოთოლთა თხრის მიერ

ღამით,

ჭადრის ხეების პირამიდა,

მომავალი ასწლეულების

ხალხური ზნე-ჩვეულებანი,

საპყრობილეში გაწაფული ობობების და

პლასტიკატის მავთულხლართის გვერდიგვერდ

ქაქით დახატული პასიანსები.

 

ხელოვნურ შუქზე

გამოგონილი

დასაძრახი სიზმრები, რაკი

შესაძლებლობებს უტეხენ სახელს:

გამოყენებას ფორტეპიანოს სიმებისას

იურისპუდენციაში და ხელოვნებაში,

ჭადრის ხეების პირამიდას,

დამშვენებულს ჩამომხრჩვალებით.

 

უფრო მშვენიერი მსოფლიოს ტოპოგრაფია

ამაოა ბოროტი იმედი,

რომ ტანჯულთა შეყვირებები

მომავალს შეამსუბუქებენ:

 

ყურად იღე, ვისი ხმა თრთის გულაჩუყებით,

ვის ხვდება გულზე,

როცა ლილვების ცვლა

ოცდარვა წუთამდე მცირდება.

 

სალამი თქვენდა, სასაფლაოებო!

გერმანულიდან თარგმნა დათო ბარბაქაძემ

Facebook Comments Box