ესე (თარგმანი)

გრიგოლ ჩხარტიშვილი – პერ-ლაშეზის სასაფლაო (პარიზი)

“სასაფლაოს ამბები”, ცოტა არ იყოს, უჩვეულო წიგნია. მის მოკლე ანოტაციაში ვკითხულობთ: “ეს წიგნი ერთი ადამიანის დაწერილია, მაგრამ ორი ავტორი ჰყავს: ესეისტი გრიგოლ ჩხარტიშვილი და მისი alter ego, ბელეტრისტი ბორის აკუნინი. გ.ჩ. მოგითხრობთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებული ექვსი ძველი ნეკროპოლისის შესახებ, ხოლო ბ.ა. სასაფლაოსთან დაკავშირებული ამბებით შეგაშინებთ…”
იმ მკითხველისათვის, ვისაც ამ ავტორ-იანუსის წიგნები მხოლოდ “მძაფრსიუჟეტიანობის” გამო არ ხიბლავს, აკუნინი დღევანდელ მწერალთა შორის უთუოდ სიტყვის ერთ-ერთი დიდოსტატი და ვირტუოზი სტილიზატორია, XIX საუკუნეზე და დოსტოევსკიზე შეყვარებული. მისი ყოველი ახალი პროექტი, ანუ ყოველი წიგნი თუ რომანების სერია გვარწმუნებს იმაში, რომ გართობა ჩვენს ქარაფშუტულ დროშიც კი შეიძლება მნიშვნელოვან საზრისს უკავშირდებოდეს.

მთარგმნელი

ფრაგმენტი წიგნიდან “სასაფლაოს ამბები”

Voilà une belle mort, ანუ ლამაზი სიკვდილი

აქ თავს აუსტერლიცის ველზე გამოსულ ნაპოლეონად გრძნობ. საითაც გაიხედავ, ყველგან სიკვდილის ნადიმია, ბრინჯაოს იარაღსა და გადაპრანჭულ პოზებში გართხმულ სხეულებს აქ მრავლად ნახავ. პერიოდულად გიჩნდება ცდუნება, შესძახო: ” Voilà une belle mort!”[1].
Voilà une belle cimetière[2]. საქმე მხოლოდ ის როდი გახლავთ, რომ ის მოვლილია და სკულპტურული გაგებით მომხიბვლელი. ეს 70000 ორმო თავისი არსით აბსოლუტურად შეესაბამება მიწას, რომელშიცაა ამოთხრილი. ამ ხეივნებში ხეტიალისას წუთითაც ვერ დაივიწყებ, რომ ეს ფრანგული მიწაა, მაშინაც კი, როდესაც სომხურ ან ებრაულ სექტორში ხვდები. და, თუკი მოსკოვში, ძველ დონსკოი სასაფლაოზე გიჩნდება შეგრძნება, რომ იქ გარდასული დროის რუსეთი განისვენებს, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე საფრანგეთი სრულებით ცოცხალი და ენერგიით სავსე წარმოგიდგება. მიზეზი ალბათ ისაა, რომ ეს ქვეყნის მთავარი ნეკროპოლისია, ამგვარი ადგილი კი ემსგავსება ფილტრს: ყველაფერი ზედმეტი, მიტმასნილი, უმნიშვნელო მიწით იფარება და ქრება; რჩება კარგად გამოხდილი ნაშთი, ეროვნული თვითმყოფადობის ფორმულა.
საფრანგეთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს მიეკუთვნება, რომელთა სახე ბავშვობიდანვე ყალიბდება ყოველი ჩვენგანის წარმოსახვაში. ჩემთვის ეს სახე ისეთივეა, როგორც უმრავლესობისათვის: დ‘არტანიანი (იგივე ნაპოლეონი და ფანფანი-ტიტა), ტამპლიერთა დიდი მაგისტრი (იგივე გრაფი სენ-ჟერმენი და გრაფი მონტე-კრისტო) და, რაღა თქმა უდა, მანონ ლესკო (იგივე დედოფალი მარგო და მადამ პომპადური). ეს ტრიადა შეიძლება სხვაგვარადაც, თან პირდაპირ ფრანგულადვე, გამოვსახოთ: aventure, mystère, amour – ეს სიტყვები თარგმანს არ საჭიროებს. წიგნებიდან და ფილმებიდან შექმნილი ეს კლიშე იმდენად მყარია, რომ არც მოგვიანებით შეძენილ ცოდნას, არც რეალური საფრაგეთის პირადად გაცნობას ძალუძს ამ ხატის შეცვლა ან თუნდაც რაიმე მნიშვნელოვანით შევსება. რაც მთავარია, მისი შეცვლის არანაირი სურვილი არ გვაქვს. რეალური, არაწიგნისმიერი საფრანგეთი ყველა სხვა ქვეყანასავით მოსაწყენი და პროზაულია; მის მაცხოვრებლებს სიყვარულის, თავგადასავლებისა და მისტიკის ნაცვლად ყველაზე მეტად გადასახადები, უძრავი ქონება და ბენზინის ფასები ანაღვლებთ. ამიტომაც პერ-ლაშეზი ჭეშმარიტად ნებისმიერი ფრანკოფონისათვის სანეტარო ადგილია, მათ რიცხვს კი კაცობრიობის 99% მიეკუთვნება, თუ არ ჩავთვლით კორსიკელ და ახალკალედონიელ სეპარატისტებს. პერ-ლაშეზზე არც ბენზინია, არც გადასახადები. აი, უძრავი ქონება კი, იცოცხლე, საკმარისად თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, მაგრამ აქ ამ სიტყვის მეტაფიზიკური მნიშვნელობა მის კომერციულ შემადგენელს აშკარად სჭარბობს.
თუკი მაინცდამაინც შევეხებით კომერციას, უნდა ვახსენოთ, რომ შარონის ბორცვზე 17 ჰექტარის ფართობის პირველი ნაკვეთი ქალაქ პარიზის მიერ კერძო მფლობელებისაგან იქნა შესყიდული პირველი რესპუბლიკის მეთორმეტე (და უკანასკნელი) წლის 23 პრერიალს, ესეიგი, 1804 წელს. ქალაქის ფარგლებში არსებული სასაფლაოები ანტისანიტარიის ბუდედ იქცა, ამიტომაც მერიის განკარგულებით მილიონობით ჩონჩხი კატაკომბებში გადაიტანეს, ახალი მიცვალებულებისთვის კი გარეუბნებში პარკის ტიპის ნეკროპოლისები გახსნეს.
თავიდან ამ ადგილს აღმოსავლეთის სასაფლაოს უწოდებდნენ, მაგრამ მოგვიანებით ახლანდელი სახელი დაუმკვიდრდა, რაც “მამა ლაშეზს” ნიშნავს: ოდესღაც აქ სიცოცხლის ბოლო წლებს ატარებდა სახელგანთქმული ფრანსუა და ლა შეზი, მეფე-მზის სულიერი მოძღვარი.
თავიდან, როგორც ხდება ხოლმე, ცოტა ვინმე თუ გამოჩნდებოდა მსურველი თავისი ძვირფასი ახლობელი ამ არაპრესტიჟულ მიყრუებულ ადგილას დაესაფლავებინა, ამიტომ მთავრობამ “პიარის” მიზნით გაწაფული ნაბიჯი გადადგა: პერ-ლაშეზზე გარკვეული რაოდენობის “ვარსკვლავი” გადმოასახლა. დასაწყისი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა: ყოვლად უღიმღამო ანრი III-ის ყოვლად უღიმღამო მეუღლის, ლუიზა ლოტარინგელის ნეშტის გადმოსვენებამ სასაფლაოს რეკლამა ვერ გაუკეთა. მაგრამ საფრანგეთი იმიტომაცაა სიყვარულის ღირსი, რომ აქ ლიტერატურა მუდამ მონარქიაზე მეტს ნიშნავდა. მას შემდეგ, რაც 1817 წელს შარონის ბორცვზე გადმოასვენეს აბელარი, ლაფონტენი, მოლიერი და ბომარშე, პერ-ლაშეზზე განსვენება უკვე დიდად საპატიო საქმედ იქცა. პერ-ლაშეზულ ტურიზმსაც სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძელი.
უკვე ორასი წელია, რაც აქ სახელოვან და/ან მდიდარ მიცვალებულებს მარხავენ, ამიტომაც ღირსშესანიშნაობათა ასეთ რეკორდულ რაოდენობას მსოფლიოს ვერც ერთ სხვა ნეკროპოლისში ვერ იხილავთ.
დავიწყებ იმით, რის შესახებაც საბჭოთა სკოლებში უყვებოდნენ ბავშვებს – ფედერალთა კედლით. მშვენივრად მახსოვს პარიზის კომუნისადმი მიძღვნილი ისტორიის გაკეთილი: “მაისის სისხლანი კვირა”, ვერსალელი ჯალათები და პერ-ლაშეზის სასაფლაოს წამებულნი. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გავიგე ეს სახელწოდება პირველად. დღეს გაოცებას იწვევს არა იმდენად სიკვდილით დასჯის ფაქტი (ბოლოს და ბოლოს, სანამ ძალაში იყვნენ, მასობრივ დახვრეტებს არც კომუნარები წუნობდნენ), არამედ ურთიერთგამომრიცხავ მოვლენათა ერთად თავმოყრა. როგორც წესი, თავად სიკვდილის ფაქტისათვის განსასვენებლის კარი ჩარაზულია. კვდომასა და მკვლელობას სადღაც შორს, გისოსებს მიღმა, დიდ და საშიშ სამყაროში აქვს ადგილი, აქეთ კი უკვე უსულო ნეშტს მოასვენებენ. აი, პერ-ლაშეზს კი ცოცხალი სისხლის სუნი უდის, რადგანაც აქ ბევრი და ხმაურით დაუხოციათ. ჯერ 1814 წელს, როდესაც რუსმა კაზაკებმა აკუწეს ბორცვზე ჩასაფრებული სამხედრო სკოლის კადეტები. შემდეგ კი 1871 წელს, კომუნის პერიოდში: საფლავებს შორის ჩამალული ფრანგები რამდენიმე დღის განმავლობაში ცეცხლს უშენდნენ ერთმანეთს და ათასამდე კაცი დახოცეს, ესეც არ იკმარეს და ასორმოცდაათი გადარჩენილი რევოლუციონერი მაისის დილით დაბალ კედელთან მიაყენეს და დახვრიტეს. მას მერე ამ სექტორში კომუნისტებს ასაფლავებენ და გარეშემო საფლავებიც ამიტომაა წითელი გვირგვინებით მოფენილი.
სხვაგან არსად მინახავს ძველ სასაფლაოზე, ასზე მეტი წლის საფლავებზე ამდენი ცოცხალი ყვავილი. ბევრი მათგანი, ვინც პერ-ლაშეზზე განისვენებს, ახლაც ახსოვთ და უყვართ. ალბათ სწორედ ამიტომაც აქ სრულებით არ გეუფლება შიში და არც სევდას გრძნობ მაინცდამაინც.
აი, ვარდები, ქრიზანთემები და შროშანები საპატიო ბურჟუაზიულ ფილაზე, რომელმაც ედიტ პიაფი და მისი ახალგაზრდა მეუღლე, ბერძენი პარიკმახერი შეიკედლა. დიდ მომღერალ ქალს სურდა, თავისი მეორე ნახევარი ესტრადის ვარსკვლავად ექცია, მაგრამ არ დასცალდა.
ბოტანიკის მოკრძალებული ცოდნა არ მეყოფა მთელი იმ ფლორის ჩამოსათვლელად, ივ მონტანისა და სიმონა სინიორეს სამარეს რომ ამშვენებს. ამ სიუხვის მიღმა გარკვეული ისტერია გამოსჭვივის: ყველას ჯერაც ცხადად ახსოვს მონტანის სხეულის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული ამბავი. ვინმე ავრორა დროსარი, 22 წლის, ამტკიცებდა, ივ მონტანი მამაჩემიაო და სასამართლოს გზით ბოლოს და ბოლოს მიაღწია იმას, რომ მიცვალებულს გენეტიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამისათვის მას ციცქნა ნაკუწი ჩამოაჭრეს, მაგრამ დნკ-ს ანალიზმა მამობის ფაქტი არ დაადასტურა და მომღერალი კვლავ ჩამარხეს. საწყალი მონტანი. მახსოვს ის დრო, როცა ის, ახალგაზრდა და ლამაზი, მთელი საბჭოთა კავშირის სიყვარულის საგანი იყო. “როდესაც შორეული მეგობარი მღერის”. კიდევ მახსოვს ფილმი “გოგონა ეძებს მამას” და ამიტომ მონტანზე უფრო მეტად მეცოდება მთელი ფრანგი ხალხისაგან მოძულებული ავრორა დროსარი. მკვდარს ხომ მაინც არაფერი დააკლდება, ამ საცოდავმა კი, წარმოიდგინეთ, ამ ამბის შემდეგ ქვეყნად როგორ უნდა იცხოვროს?
აქ კი უამრავი ხალხი შეკრებილა და ფოტოაპარატებს საქმიანად ატკაცუნებს პოლონური დროშის ფერებში, წითელი და თეთრი ყვავილებით მორთული სამარის ძეგლის წინ. ეს უგულო შოპენის განსასვენებელია. უგულოს იმ გაგებით ვამბობ, რომ კომპოზიტორი აქ ასვენია გულის გარეშე, რომელიც ათასი კილომეტრის მოშორებით, ვარშავის ტაძარშია დამარხული.
სასაფლაოს მთავარი არქიტექტურული ნაგებობაა გრაფინია დემიდოვას, née სტროგანოვას, მავზოლეუმი, თავისი მასშტაბებითა და პომპეზურობით რუბლოვის შარაგზის თავზე გაშენებულ ახალი რუსების აგარაკებს რომ ეჯიბრება. “ძველი” რუსებიც ოდესღაც “ახლები” ყოფილან და მათაც ჰყვარებიათ კუდის ყავარზე გადება. ასე რომ, არაფერია ახალი ამ მზისქვეშეთში, მათ შორის არც რუსები; რაც ყოფილა, ისევე ის იქნება. დემიდოვებისა და სტროგანოვების მსგავსი დღევანდელი “ნუვორიშებიც”, ადრე თუ გვიან, მიხვდებიან, რომ სიმდიდრე გიგანტომანიაში კი არა, გონიერებაშია, ჭეშმარიტი შთამბეჭდაობა კი არა ყველას დასანახად, არამედ შიგნით უნდა იყოს მიმართული.
სწორედ ასეთია, მაგალითად, თითქმის რუსული გვარის პატრონი მდიდარი ფრანგის, რაიმონდ რუსელის (1877-1933) აკლდამა. ის უბრალოდ გასართობად წერდა ლექსებსა და პროზას, უკანასკნელ წლებში კი ჭადრაკითაც ყოფილა გატაცებული. დასაფლავებულია სულ მარტო 32 ადგილიან აკლდამაში, რაც ჭადრაკის ფიგურების რაოდენობაზე მიგვანიშნებს. თუკი ამ თავსატეხი მესიჯის გაშიფრვას შევეცდებით, რაღაც ამდაგვარს მივიღებთ: აქ განისვენებს მეფე, ვინც რთულ და ხანგრძლივ თამაშში ყველა პაიკი და ლაზიერი მიკარგ-მოკარგა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გამარჯვებული დარჩა.
დიდი დრო მოვანდომე ორი უცხოელის საფლავების ძებნას, რომლებსაც იშვიათად თუ ვინმე აკითხავს. ძლივძლიობით მივაგენი მათ ათასობით ერთნაირ ფირფიტასა და კოლუმბარიუმს შორის. “ISADORA DUNCAN. 1877-1927. Ecole du Ballet de l’Opera de Paris” და “NESTOR MAKHNO. 1889-1934”. ეს ორი განსაკუთრებული ადამიანი იყო. ჭექა-ქუხილი და ელვა ორივეს თანამდევი იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე, რა საკვირველია, თავ-თავისებურ ყაიდაზე. ახლა კი ორ მოკრძალებულ უჯრედად ჩაიკარგნენ უცნობ, უსახელო თანამედროვეთა შორის. ესეც – თავისებური მესიჯია, რუსელისაზე ბევრად უფრო ძნელად ამოსაკითხი.
თანამედროვე პერ-ლაშეზის მთავარი ვარსკვლავი ასევე უცხოელი, ჯიმ მორისონი გახლავთ. მომსვლელთა უმრავლესობა აქ მხოლოდ ამ შეუხედავი საფლავის მოსანახულებლად მოდის (ადრე მას ბიუსტი ამშვენებდა, მაგრამ მოუპარავთ). მთავარი ჭიშკრიდან პირდაპირ აქეთ, მეექვსე სექტორში მოიჩქარიან, ოცდაათი წლის წინანდელ მუსიკას ააჟღერებენ, მათრობელა ბალახს მოწევენ. უწინ, როგორც ამბობენ, ორგიებსაც აწყობდნენ, მაგრამ მე არ გამიმართლა, ასეთ რამეს არ შევსწრებივარ. თუმცა იქ დიდ ხანს არ დავრჩენილვარ, რადგანაც სიყრმეში მაინცდამაინც არ მიტაცებდა ჯგუფ “დორზის” სიმღერები.
საგანგებოდ შევიმუშავე საკუთარი მარშრუტი, პერ-ლაშეზის ღირსშესანიშნაობათა საკუთარი იერარქია.
დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ვმოძრაობდი და მეოთხე სექტორით დავიწყე, სადაც ალფრედ დე მიუსე ასვენია. ვერ ვიტყვი, ის ჩემი საყვარელი მწერლების რიცხვს ეკუთვნის-მეთქი; მის საფლავზე ცნობისმოყვარეობამ და ნათესაური გრძნობის მსგავსმა განცდამ მიმიყვანა. ხეებიდან მხოლოდ არყის ხის იდენტიფიცირება შემიძლია უშეცდომოდ და ბუნების აღწერისას ვიზუალური ხატის მაგიერ ჟღერადობით ვხელმძღვანელობ ხოლმე. მაგალითისათვის, ვწერ რაღაც ამგვარს: “თხმელები და თელები ქარში აშრიალდნენ”, თუმცა აზრზე არ ვარ, როგორ გამოიყურება ეს თხმელები და თელები და, საერთოდ, ერთმანეთის გვერდიგვერდ თუ იზრდება. ამას მნიშვნელობა არა აქვს: სწორად შეწყობილი ბგერები საკუთარ ეფექტს ქმნიან. ჰოდა, მიუსეც, მგონი, ჩემნაირი ვინმე უნდა ყოფილიყო. დაუბარებია, ჩემს საფლავზე ტირიფი დარგეთო – ძეგლზე ამოტვიფრული ლამაზი ეპიტაფია მოგვითხრობს კიდეც იმის შესახებ, რომ მგლოვიარე ხის მსუბუქი ჩრდილი პოეტის საფლავს მოეფინება. მაგრამ მშრალ ბორცვზე ტირიფს რა უნდა? მივედი, ვიხილე, დავრწმუნდი: ტირიფი მართლაც დგას, ოღონდ ძალიან დაჩაგრული. ეტყობა, დიდხანს ვერ გაძლებს. ამ ერთნახევარი საუკუნის განმავლობაში ნეტავ რამდენი საცოდავი ხე ემსხვერპლა ორიოდე ლამაზ სტრიქონს? მე, როგორც ლიტერატუროცენტრისტს, ეს ფაქტი მახალისებს.
მეოთხე ნაკვეთიდან მეზობელ, ორმოცდამეთექვსმეტე ნაკვეთისაკენ მივეშურები (პერ-ლაშეზზე რაღაც უცნაური, არეულ-დარეული ნუმერაციაა), რათა იქ რაიმონდ რადიგეს (1903-1923) სამარე მოვინახულო. იგი სწრაფმდინარე ტიფოზურმა ციებ-ცხელებამ იმსხვერპლა. ავადმყოფობის წინა დღეებში ამ ვუნდერკინდს ჟან კოკტოსათვის იდუმალებით მოცული ფრაზა უთქვამს, უკვე მრავალი წელია, მოსვენებას რომ არ მაძლევს: “სამი დღის შემდეგ უფლის ჯარისკაცები დამხვრეტენ”. საიდან იცოდა? ვინ უთხრა? დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ წერის ნიჭი იმდენად არარსებულის გამოგონების უნარი კი არაა, რამდენადაც განსაკუთრებული შინაგანი სმენა, როდესაც ისეთი ტექსტები ჩაგესმის, უკვე სადღაც რომ არსებობენ. მწერალთა შორის ყველაზე გენიალური ისაა, ვინც ამ მისტიკურ ნაკარნახევს უზუსტესად ჩაიწერს. ერთხანს ვიდექი მოკრძალებული საფლავის წინ, ვაყურადე. განსაკუთრებული ვერაფერი გავიგონე.
გადავედი 49 სექტორზე, სადაც განისვენებს კიდევ ერთი საიდუმლო, სახელად ჟერარ დე ნერვალი, გენიალური შეშლილი, რომელმაც 1855 წლის იანვრის ღამით ქუჩის გისოსზე ჩამოიხრჩო თავი. მოსაწყენზე მოსაწყენი ანტიკური ლარნაკით დაგვირგვინებული მარმარილოს სვეტი წააგავს ძახილის ნიშანს, არადა, წესით, კითხვის ნიშანს უნდა გამოხატავდეს.

განვლო სიცოცხლე ხან შოშიასმაგვარად ლხენით,
ხან სევდიანმა მეტრფემ, ხანაც სიმღერით ისევ,
ხან – სხვების მსგავსად, ხან კი, როგორც არავინ, ისე…
ბოლოს სიკვდილმა იმის კარსაც შეახო ხელი.
…აჰ, სული მისი, მცონარე და ცოდვილი სული,
მელანს ტოვებდა სამელნეში, აშრობდა სრულად,
მცირე შეიცნო, თუმც სწვდებოდა მის ირგვლივ ყოველს,
და ზამთრის წყნარ დღეს, ამქვეყნიურ წარმავლობიდან
სამარადისო ყოფნისთვის რომ უხმეს შორიდან,
წასვლისას ჩუმად დასცდა ბაგეს: “რაისთვის მოველ?”[3]

“მაშ, რაისთვის?” – შევეკითხე სვეტს. “მოვა დრო და გაიგებ”, – მიპასუხა მან და მეც, პასუხით კმაყოფილმა, განვაგრძე ჩემი გზა 47-ე სექტორისაკენ, ონორე დე ბალზაკთან.
აქ საიდუმლომ კი არა, დიდი ხნის თანაგრძნობამ მომიყვანა. მახსოვს, მოზარდი ვიყავი, როცა შტეფან ცვაიგთან წავიკითხე მსუქანი, ქოშინით შეწუხებული მწერლის ამბავი, მთელი სიცოცხლე ამაოდ რომ დაეძებდა სიმდიდრეს, სიყვარულსა და ბედნიერებას. როგორ მომდიოდა გული ანგარებიან გრაფინია განელზე, რომელმაც ეს გულჩვილი კაცი უსასრულო მოლოდინით გააწამა და ქორწინებაზე მხოლოდ მაშინ დასთანხმდა, როცა ბალზაკს რამდენიმე თვის სიცოცხლეღა რჩებოდა. და აი, მან საცოლისათვის მდიდრული ბინა გამართა, საქორწინოდ გაემგზავრა ბერდიჩევში, იქორწინა და იქიდან მოიწერა: “არ მღირსებია არც ბედნიერი სიყმაწვილე, არც აყვავებული გაზაფხული, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაზე კაშკაშა ზაფხულსა და ყველაზე თბილ შემოდგომას მოვესწრები”. შემდეგ გოროზი მეუღლე პარიზში ჩამოიყვანა, მთელი ზაფხული იავადმყოფა და შემოდგომამდე ვერ მიატანა. ეველინა განელი ხუთი წლის მანძილზე ცოცხალი კლასიკოსის ცოლი იყო, შემდეგ 30 წელი – მკვდარი კლასიკოსის ქვრივი, და აი, უკვე 120 წელია, რაც ორივენი ერთი ფილის ქვეშ განისვენებენ.
ბალზაკის ბიუსტიდან, ცოტათი ჭადრაკის ცხენს რომ მოგვაგონებს, ორ ნაბიჯზეა 86-ე და 85-ე სექტორები. იქ კიდევ ორი საფლავის ძეგლია, ჩემს აუცილებელ პროგრამაში რომ შედის.
პირველმა იმედი გამიცრუა. ცივი შავი ქვის ფილა. მის ყველაზე ვიწრო წახნაგზე – მკაცრი ოქროსფერი ასოები: “Marcel PROUST 1871-1922”. მზერას ვერაფერზე შეაყოვნებ. მე კი, პრუსტისეული პროზის მსგავსად, რაღაც კაზმულს, გადაპრანჭულსა და ბლანტს მოველოდი, რასაც ხანგძლივი თვალიერება და დაფიქრება უნდა. აქ, სამწუხაროდ, დასაფიქრებელი არაფერია. ერთი შეხედვით. მაგრამ კიდევ ერთ-ორ წუთს თუ შეყოვნდები, მიხვდები, რომ შავი მარმარილო გენიალური მწერლისთვის კი არა, – ყოვლად უცნაური ადამიანისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არავის ჰყვარებია და რომელმაც სიცოცხლის ბოლო პერიოდი სქელ ფარდებსა და ხმის ჩამხშობ პანელებს მიღმა გაატარა, რადგან გარე სამყაროსაგან განცალკევება თავად მოისურვა. დიდი მწერალი საინტერესო და მნიშვნელოვანია არა როგორც პიროვნება, არამედ როგორც ტექსტების შემთხზველი, ქაღალდზე სიტყვების სწორად განმთავსებელი. და ყველაფერი საუკეთესო და უმთავრესი, რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ, მის წიგნებშივეა მოცემული. ადამიანის და, მით უმეტეს, მისი საფლავის თვალიერება კი საჭირო არ არის. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვეულებრივი საფლავი აქვს.
სხვის პირად ცხოვრებაში შემოჭრილ მეტიჩარასავით დარცხვენილი მეზობელ ნაკვეთზე გადავედი და გუნებაც გამომიკეთდა. ჭეშმარიტი ლიტერატორები მაინც პროზაიკოსები კი არა, პოეტები არიან-მეთქი, გავიფიქრე იმ მორთულ-მოკაზმული წარწერის შემხედვარე, გიიომ აპოლინერის სახელით ცნობილ ვილჰელმ-აპოლინარიუს კოსტროვიცკის საფლავს რომ ამკობს. ჯერ ერთი, პოეტი სიტყვების გაცილებით ნაკლებ რაოდენობას სჯერდება, მაშასადამე, თითოეული სიტყვის ხვედრითი წონა და აზრი პროზაული ტექსტისას ბევრად აღემატება. მეორეც, რათა ჯეროვნად შევაფასოთ უცხოელი მგოსნის გენია, ჯერ სრულყოფილად უნდა დავეუფლოთ მის ენას, რაც ურთულესი, მრავალკომპონენტიანი კოდის შესწავლას ნიშნავს; სხვა შემთხვევაში მოგვიწევს, უცხოელების სიტყვას ვენდოთ. სიკვდილი ადამიანისა, რომელსაც აპოლინერი ერქვა, ქვიშის უმცირეს ნაწილაკად ჩაიკარგა სიკვდილთა ორმაგ ქარიშხალში: პოეტი პირველი მსოფლიო ომის უკანასკნელ დღეებში გარდაიცვალა ციებ-ცხელებით, რომელმაც ყველა ვერდენსა და მარნაზე ბევრად მეტი სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ მისი სამარე ხორციელი ტკივილისა და კვდომის შესახებ არაფერს გვიამბობს, ქვაზე მჭიდროდაა ამოტვიფრული სიტყვები, სიტყვები, სიტყვები: ჯერ ოთხპწკარიანი სტროფების თანაბარ მწყობრებად, ბოლოს კი გულის ფორმის კალიგრამით. დიდად არც კი ჩავღრმავებივარ ამ გალექსილი გზავნილის კითხვას, მისი აზრი ჩემთვის ისედაც ნათელი იყო: დასაბამიდან იყო სიტყვა, და დასასრულსაც მხოლოდ სიტყვა დარჩება, და ბნელი იდება უფსკრულზე, და სული ღვთისა იძვრის წყლებს ზემოთ.
მოვითავე რა აუცილებელი პროგრამა, ლიტერატორთა საფლავების მონახულება, მაშინვე თავისუფლება ვიგრძენი და ყოვლად უსისტემოდ მივეცი თავი ხეივანთა და ბილიკთა დინებას, რათა პერ-ლაშეზის გემო, ფერი და სურნელი – მისი, ასე ვთქვათ, ბუკეტი – დამეჭაშნიკებინა. სწორედ ამ დროს გამომიკრისტალდა ზემოთ ხსენებული ტრიადა, ფრანგულობის მომხიბვლელი ფორმულა: aventure, mystère, amour.
რაც შეეხება aventure-ს, ეს იმდენად არა “თავგადასავალი”, არამედ უფრო სახელდობრ “ავანტიურაა”. მისი ატმოსფერო ბუნებრივი და ორგანულია ამ სასაფლაოსათვის. პერ-ლაშეზს მეტისმეტად ბევრი რამ აკავშირებს იმ დიადი ავანტიურისტის სახელთან, ვინც არარაობიდან დიდებისა და ძალაუფლების მწვერვალებზე ავარდა, ბოლოს კი თავისი კვარცხლბეკიდან ციცქნა უდაბურ კუნძულზე დაემხო. ეს ნეკროპოლისი სწორედ ნაპოლეონის მეფედკურთხევის წელს შეიქმნა; პირველად შეიღება სისხლით კორსიკელის დაცემის წელიწადს; მეორედ ბონაპარტიზმის საბოლოო კრახის წელს გაეხვა ტყვიების ცეცხლში. აქ ასვენია ის ქალები, რომლებიც უყვარდა იმპერატორს, ან, უფრო ზუსტად, რომლებსაც იგი ჰყვარობდა: მსახიობები მადმუაზელ ჟორჟი და მადმუაზელ მარსი, ბაგირზე მოცეკვავე მადამ საკი და “ეგვიპტელი” პოლინა ფურესი, მშვენიერი გრაფინია ვალევსკა. აქ თითქმის უკლებლივ განისვენებენ ნაპოლეონის მარშლები. თავისი სევდიანი აღსასრულის ჟამს, უკუნეთ ღამით, წელიწადი როს მიილევა, ბონაპარტი წესით თავისი აჩრდილ-ხომალდით მაღალ ნაპირს კი არა, შარონის ბორცვს უნდა მიადგეს[4]. ულვაშიანი გრენადერები მის მოხმობას ვერ შეისმენენ, რადგანაც ამ საპატიო სასაფლაოზე მათი ადგილი არ არის, მათ მარადიული ძილით სძინავთ დაბლობზე, სადაც ელბა ხმაურობს, ცივ რუსეთის თოვლის ქვეშ, პირამიდების თაკარა ქვიშაში. აი, მარშალები კი, – ისინი, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ და ისინიც, ვინც უღალატეს და დაშნა მიჰყიდეს მტერს, – იცოცხლე, მაშინვე წამოხტებიან, გამოძვრებიან მდიდრული აკლდამებიდან და ოქროს სირმების ბრდღვიალით ჩამწკრივდებიან ასო N-ით აღბეჭდილი დაცხრილული ალმის ქვეშ. ხოლო მადმუაზელ ლენორმანი მთავარი შესასვლელის შორიახლოს განლაგებული თავისი სამარის რუხ ქვას გადასწევს და ამ დიდებულ ლაშქარს ბწყინვალე გამარჯვებებსა და ლამაზ სიკვდილს უწინასწარმეტყველებს.
მაგრამ ამ ცნობილი სიბილას გახსენებას, ტანმორჩილ სამხრეთელს არაჩვეულებრივი ბედი რომ უწინასწარმეტყველა, უკვე mystère-ის სფეროში შევყავართ. მომლოცველთა ნაკადებიდან სწორედ ეზოთერულ საიდუმლოთა მაძიებლების ნაკადია პერ-ლაშეზზე ყველაზე უხვი: ვერც ლიტერატურის მოყვარულნი, ვერც კომუნის საქმის გამგრძელებელნი და თვით ჯიმ მორისონის თაყვანისმცემლებიც კი მას ვერ შეეჯიბრებიან.
აკლდამა, სადაც განისვენებს ლიონ რივაილი (1804-1869), უფრო ალან კარდეკის სახელით რომაა ცნობილი, მთლიანადაა მოფენილი ყვავილებით და მუდამ მორწმუნეთა მჭიდრო წრე არტყია. სულიერი სუბსტანციის გარდასახვის მოძღვრების ეს ფუძემდებელი დღეს მხოლოდ ორ ქვეყანაში ახსოვთ, – საფრაგეთსა და ბრაზილიაში – მაგრამ სამაგიეროდ როგორ ახსოვთ! თუკი საფრანგეთში კარდეკს მისტიკოს ფილოსოფოსად აღიქვამენ, ვრცელ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში მას თაყვანს სცემენ როგორც ახალ მესიას, მილიონობით მიმდევრის მქონე რელიგიის წინასწარმეტყველს.
კარდეკის აკლდამის წინ პორტუგალიურ ენაზე ლოცულობენ და ფრანგულად დაწერილ ბარათებს ტოვებენ, მის ბრინჯაოს ბიუსტს მოწიწებით ეხებიან. ვნახე სასწაულს მოწყურებულთა გრძელი რიგი, – რა თქმა უნდა, არც იმხელა, როგორც ლენინის მავზოლეუმის წინ, – სამაგიეროდ, ცნობისმოყვარეობის მაგიერ, რასაც წითელ მოედანზე შეესწრებით, ამ მომლოცველთა სახეებზე კონცენტრირებულობა და აღელვება იკითხებოდა. ძეგლზე წარწერაა: “დაიბადე, მოკვდი, კვლავ დაიბადე და უსასრულოდ სრულიქმენი – ესაა კანონი”.
ამ უაღრესად ბუდისტური მაქსიმის გაგრძელებას ვკითხულობთ კარდეკის მოწაფის, გაეტან ლამარის სვეტზე: “სიკვდილი ჩრდილიდან ნათელში გასვლას ნიშნავს”. სპირიტთა აზრით, ჩვენ, ვინც მზით განათებულ ბილიკებზე ფოტოაპარატებით დავსეირნობთ, სინამდვილეში წყვდიადში დავხეტიალებთ, ხოლო მიწაში, მიხრწნილი ფიცრების ქვეშ მწოლიარე მიცვალებულნი თვალისმომჭრელი ნათლის სხივებში ბანაობენ. მაშ, გამოდის, რომ ყველაზე უფრო საინტერესო და საოცარი ჯერ კიდევ წინ გვაქვს? ჰმ, ურიგო მოძღვრება სულაც არაა.
ჩვენი ისტორიკოსების მიერ ვიგინდარა შარლატანად შერაცხული ოკულტისტის, პაპიუსის სამარის ქვაც ასევე ყვავილებითაა მოფენილი. როგორც ჩანს, საფრანგეთში ჟერარ ანკოსს (ეს მისი ნამდვილი სახელია), “მარტინისტთა ორდენის დიდ მაგისტრს”, სულ სხვავარად აფასებენ. რუსეთისათვის პაპიუსი მხოლოდ რასპუტინის ერთ-ერთი წინამორბედია დედოფალ ალექსანდრა ფეოდოროვნას ურიცხვ გატაცებებს შორის. სწორედ მან მოუწყო ნიკოლოზ II-ს გახმაურებული შეხვედრა გვირგვინოსანი მამის სულთან. მაგრამ ციმბირელმა ხუცესმა (რომელიც პაპიუსს სძულდა და რომლის გავლენისაგან ის ყველანაირად ცდილობდა იმპერატორის დაცვას) მთლიანად დაჩრდილა დიპლომიანი ფრანგი შამანი. არადა, სხვათა შორის, პაპიუსმა ჯერ კიდევ 1905 წელს უწინასწარმეტყველა რუსეთის იმპერატორს ტრაგიკული აღსასრული, თან შეჰპირდა, რომ დაიცავდა რომანოვებს, ვიდრე ცოცხალი იყო. გარდაიცვალა 1916 წლს მიწურულს. მართალია, რასპუტინიც ამავე წელს გარდაიცვალა. მაშ, ვიწამოთ მოვლენათა მისტიკური ურთიერთკავშირი? აქ, პერ-ლაშეზზე, უნებლიეთ გწამს კიდეც.
განსაკუთრებით მაშინ, როცა საფლავებს შორის რომელიმე გამხდარი პერ-ლაშეზელი კატა გაიელვებს. კატები აქ ასობით ბინადრობენ, უხმოდ და ელვისებრ მოძრაობენ და ადამიანებთან არანაირ კონტაქტში არ შედიან. ან, იქნებ, მხოლოდ სასაფლაოს მუშაკებთან ურთიერთობენ, რომლებიც მათ აპურებენ? თუ თვითონ ირჩენენ თავს, ბეღურებს ან რაიმე ამის მაგვარს სანსლავენ? ძაღლებისაგან განსხავებით, კატები ღამეულ, სარკისმიღმიერ სამყაროს ეკუთვნიან. სასაფლაო მათთვის სწორედაც რომ შესაფერისი ადგილია. მართალია, მე პერ-ლაშეზზე მარტში მოვხვდი და კატებიც ამ დროის შესაბამისად იქცეოდნენ. თავიდან მთლიან ფონთან ამგვარი დისონანსი უბრალოდ მართობდა, მაგონებდა სურათს “სიცოცხლე ყველგან ჩქეფს”, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დავფიქრდი: აღვირახსნილი კატები და ვნებიანი შეკივლებები ბუჩქებში – ეს სულაც არ არის შემთხვევითი. აი, მაშინღა შევნიშნე პერ-ლაშეზული ტრიადის უმთავრესი რგოლი, amour.
პერ-ლაშეზი სიყვარულის ნეკროპოლისია – ამ მრავალფეროვანი მოვლენის ყველანაირი (სევდიანი, რომანტიული, სახალისო თუ უხამსი) მნიშვნელობით.
ყველა სასაფლაოზე, თუნდაც ის ძალზე ძველი იყოს, უმძაფრესად იგრძნობა გაწყვეტილი სიყვარულის ტრაგიკული სურნელი – როდესაც სიკვდილი მეტრფეებს ერთმანეთს აშორებს. პერ-ლაშეზიც მრავალ ასეთ ნაღვლიან, ლამაზ ამბავს ინახავს.
აი, მხედართმთავრის, ბარტელემი ჟუბერის ქანდაკება, ქორწინების მეორე დღეს ცხენიდან გადმოვარდნისთანავე რომ განუტევა სული. რევოლუციურ ომებს მასავით მშვენიერი რამდენიმე ყმაწვილი გენია ჰყავდა და თითოეულს იოლად შეეძლო, იმპერატორი გამხდარიყო. მათ შორის უბრწყინვალესი, 29 წლის გოში, მოულოდნელად დაიღუპა; 30 წლის ჟუბერი ნოვისთან სუვოროვის ჯარისკაცის ტყვიას ემსხვერპლა. ხოლო გენერალი ბონაპარტი, რომელიც, წესით, არკოლის ხიდზე ანდა ეგვიპტეში უნდა დაცემულიყო, სასწაულებრივად გადარჩა. რატომ? ღმერთმა იცის. მან დიდება მოიპოვა, გაშორდა საყვარელ ქალს და შეირთო ის, ვინც სრულებით არ ჰყვარებია, ღიპი მოისუქა და კუჭ-ნაწლავის კიბოთი გარდაიცვალა. ჟუბერი კი შთამომავალთა ხსოვნაში მარად ახლადდაქორწინებულად, სიკვდილის ნეფედ დარჩება.
ნაპოლეონის მინისტრის, ანტუან დე ლავალეტის აკლდამა სხვა, მგონი, კიდევ უფრო შემაძრწუნებელი სასიყვარულო დრამის სახსოვარია. მისი სიკვდილით დასჯის წინა დღეს მასთან ციხეში მივიდა ცოლი და ტანისამოსი გაუცვალა. მამაკაცი განთავისუფლდა, ქალი კი ციხეში დარჩა – ლიტერატურაში ეგზომ ხშირად გამოყენებული ეს რომანტიკული ხრიკი ცხოვრებაში თითქმის არავის უცდია. ოღონდაც ფინალი ფრიად არარომანტიკული გამოდგა: თავგანწირული გრაფინია სიცოცხლის ბოლომდე დილეგში დატოვეს, სადაც ის შეიშალა. სიკვდილის ამგვარი გადავადება (საფლავზე აღნიშნული თარიღის მიხედვით, 15 წლით) ლავალეტს მეტისმეტად ძვირად დაუჯდა.
კიდევ ერთი მეტრფე ქალი, ამადეო მოდილიანის მეუღლე, მხატვრის გარდაცვალების მეორე დღეს ფანჯრიდან გადახტა. ცხრა თვის ფეხმძიმობამაც კი ვერ შეაჩერა. სამივენი – ცოლ-ქმარიცა და მათი არდაბადებული ბავშვიც 96-ე უბანზე ერთი მოკრძალებული ქვის ქვეშ განისვენებენ. ამგვარი ამბები, ისევე, როგორც შეყვარებულთა ორმაგი თვითმკვლელობები, განსაკუთრებულად გვაღელვებს განურჩელად იმისა, თუ რა დრომ განვლო მას შემდეგ. უნებლიეთ ეკითხები შენს თავს, თუ რა იყო ეს: სიკვდილის მიერ სიყვარულის დამარცხება თუ პირიქით?
მაგრამ პერ-ლაშეზის სასაფლაო ხომ საფრანგეთის მიწაზეა გათხრილი, – ამ ქვეყანაში კი ტრაგედია მხოლოდ ჰორიზონტზე მოფარფატე ციცქნა ღრუბელია, რომელსაც მთელი ცის დაფარვა არ ძალუძს. აქ არ მოგიწევთ უიღბლო სიყვარულის გამო დიდხანს ცრემლის ღვრა, რადგანაც საფრანგეთში ამაღლებულსა და სახალისოს შორის მანძილი მხოლოდ ერთი centimetre-ია, სხეულის წელსზევითა და წელსქვევითა ნაწილებს კი ერთმანეთისაგან სულაც არაფერი აშორებთ.
სიყვარულისა და სიკვდილის ალიანსი თურმე სასაცილოც შეიძლება იყოს – შავი იუმორის ჟანრში, რა თქმა უნდა.
პრეზიდენტ ფელიქს ფორის (1841-1899) სამარის მშვენიერი ბრინჯაოს ბარელიეფი მოწიწებით აღავსებს მას, ვისთვისაც უცნობია ამ ადამიანის ცხოვრების ზოგიერთი დეტალი: სახელმწიფოს მესვეური რესპუბლიკის დროშასთან გადახვეული გამოუსახიათ. Oh Captain, my Captain! Voilà une belle mort! და ასე შემდეგ. მაგრამ თანამედროვეებში, ვინც იცოდა, რომ მისი აღმატებულება საყვარლის მკლავებში მიიცვალა, ამ ალეგორიას სრულიად სხვა ასოციაციები უნდა აღეძრა. უკვე გაცვეთილ ხუმრობად იქცა: “პრეზიდენტი ფორი მოვალეობათა აღსრულებისას დაეცა”.
სხვა, ასევე მწოლიარე, ბრინჯაოს ფიგურა კიდევ უფრო მჭიდროდ აახლოვებს ტრაგედიას სკაბრეზულობასთან. 1870 წლის საჯარო სკანდალი: ცნობილმა პირწავარდნილმა შფოთისთავმა, პრინც პიერ ბონაპარტმა ტყვია ესროლა ახალგაზრდა ჟურნალისტ ვიქტორ ნუარს, რომელმაც მის უმაღლესობას დუელზე გამოწვევის გადაცემა გაუბედა. მონარქისტული განუკითხაობის ამ მსხვერპლის დაკრძალვას 100 000 ადამიანი დაესწრო, ეს მოვლენა მეორე იმპერიის დაცემის მომასწავებელ მეხის გავარდნას ჰგავდა. გულმოთუთქულმა მოქანდაკემ ჭაბუკი უკიდურესი სიზუსტით გამოსახა, ტანისამოსის ერთი ნაოჭიც არ გამორჩენია. სწორედ ამ ნატურალიზმის გამო, ან, შეიძლება, განგებაც (ნუარს მექალთანეს სახელი ჰქონდა) ქანდაკების შარვალი უბეში საკმაოდ თვალშისაცემადაა გამობზეკილი. ალბათ, თავიდან ეს ნაკლებად შეიმჩნეოდა, მაგრამ ასზე მეტი წლის შემდეგ ბრინჯაოს ამ ბორცვმა თვალისმომჭრელი მბზინვარება შეიძინა. საქმე ის გახლავთ, რომ ქანდაკება უიღბლო სიყვარულისაგან გატანჯული ან უნაყოფო ქალების წარმართული თაყვანისცემის ობიექტად იქცა – ისინი ნუარს ყვავილებს სწირავენ და გულმოდგინედ უსვავენ ხელს მაგიურ ადგილს. ამბობენ, ზოგიერთს შველისო.
ამ სიუჟეტს უკვე საბოლოოდ გადავყავართ წელსქვევითა სფეროში, მაგრამ აქ ვერაფერს გავაწყობთ: ამ საჩოთირო თემისათვის გვერდის ავლა იქნებოდა პერ-ლაშეზის აურის ცენზურირების, მისი გამოფიტვის ტოლფასი. სასაფლაოს მთელი რიგი ღირსშესანიშნაობები ამა თუ იმ კუთხით უკავშირდება მამაკაცის სასქესო ასოს – როგორც მოკლული ჟურნალისტის შემთხვევაში, მის მომეტებულ სიჭარბეს, ანდა, პირიქით, მის მრავლისმთქმელ ნაკლულოვნებას.
რომანტიკულ მიჯნურთა, აბელარისა და ელოიზას ნეშტი აქ XIX საუკუნეში გადმოასვენეს და მედიდურ გოთურ სამარხში მოათავსეს. როგორც ცნობილია, ელოიზას განრისხებულმა გამზრდელმა დასაჯა გოგონას ტკბილხმოვანი მაცდუნებელი, დაასაჭურისა იგი და ამით შეუძლებელი გახადა შეყვარებულთა ფიზიკური ერთადყოფნა. აბელარი და ელოიზა იძულებულნი გახდნენ, დარჩენილი სიცოცხლე მონასტერში გაეტარებინათ და კვლავ ერთ სარეცელზე მხოლოდ შვიდასი წლის შემდეგ, მოქანდაკის ნებითღა აღმოჩდნენ.
დასაჭურისების კიდევ ერთი აქტი, ასევე შებღალული ზნეობის შედეგად რომ მოხდა, იმ ფრთაშესხმული ანგელოზის მიმართ განახორციელეს: უფრო სწორედ, სანახევროდ ანგელოზის, სანახევროდ სფინქსისა, რადგან ანგელოზს არ გააჩნია სქესობრივი ნიშნები, ხოლო სფინქსს – ფრთები. ეს ქანდაკება ამშვენებს ოსკარ უაილდის საფლავს, მამათმავალთა მომლოცველობის ადგილად რომ ქცეულა. თუ ჭორებს დავუჯერებთ, მათ შორის ისეთი თავზე ხელაღებულნიც კი აღმოჩნდნენ, კვარცხლბეკზე აძრომას და ქვის ამ მონსტრთან სქესობრივი კავშირის დამყარებას რომ ახერხებდნენ, რის გამოც მას კასტრაცია ჩაუტარდა. თუმცა, მომლოცველები ამან როდი დააფრთხო. მონუმენტი პომადიანი ტუჩების ანაბეჭდებითაა აჭრელებული, მის ფერხთით ნახავთ უაილდისადმი მიმართული სასიყვარულო ბარათების გროვებს. სივდილიდან ასი წლის შემდეგ ოსკარი ბევრად უფრო მეტად უყვართ, ვიდრე სიცოცხლეში. ჰოდა, გამოდის, რომ plaisirs d’amour ზოგჯერ chagrins d’amour-ზე ბევრად უფრო დროგამძლეა, ეს უკანასკნელი ხომ მხოლოდ და მხოლოდ toute la vie გრძელდება[5], – ეს გავიფიქრე და ფოტოკამერა შავ კატას მივუშვირე, სწორედ იმ წამს მრავალნატანჯი სფინქსის მუხლიდან პომადის ალოკვა რომ დაეპირებინა.
უკვე მოსკოვში ჩასულმა სურათი რომ გავამჟღავნე, მასზე, ცხადია, ვერავითარი კატა ვეღარ აღმოვაჩინე, ქვაზე მხოლოდ გამჭვირვალე ჩრდილი მოჩანდა.

[1] “რა მშვენიერი სიკვდილია!” (ფრანგ.) ნაპოლეონის მიერ წარმოთქმული ფრაზა ლ. ტოლსტოის რომანიდან “ომი და მშვიდობა”.

[2] რა მშვენიერი სასაფლაოა (ფრანგ.).

[3] ტექსტში ამ და სხვა ლექსების თარგმანი ეკუთვნის ვასილ გულეურს.

[4] აქ პერიფრაზირებულია მ. ლერმონტოვის ლექსი `Воздушный корабль~.

[5] ფრანგული გამოთქმის პერიფრაზი: “Plaisirs d’amour ne durent qu’un moment, chagrins d’amour durent toute la vie” (“სიყვარულის სიამე მხოლოდ ერთ წამს გრძელდება, სიყვარულის სევდა კი – მთელ სიცოცხლეს”).

თარგმნა თამარ კოტრიკაძემ


© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box