პოეზია,  პორტრეტი,  რეცენზია,  ხსოვნა

გუგა მგელაძე- განგაშის პოეზია

(თამაზ ბაძაღუას ,,ასი ლექსი’’)

რობერტ  ბოიერსი  2020 წლის  ნობელის  პრემიის  ლაურეატ  ლუიზ  გლიკზე  დაწერილ  სტატიაში ,, რეალობის გაკერპებისა და ტანჯვის  გარეშე’’  აღნიშნავს: ,,ესეების წიგნში  ,, სამხილები და თეორიები’’ (1994), გლიკი  ერთმანეთს  უპირისპირებს  ორი  ტიპის ლექსს:  პირველი, რომელიც  აცოცხლებს ,,უფსკრულის შეგრძნებას’’  კითხვისას, ხოლო მეორე  გვახსენებს ,,ფანჯრების  ქვემოთ დადებულ ლეიბს’’. მსოფლმხედველობრივი  თვალსაზრისით, თამაზ  ბაძაღუას  პოეზია სწორედ პირველ ტიპს (თუ კატეგორიას!) განეკუთვნება, რაც  ჯერ კიდევ ჩვიდმეტი წლის  ასაკში, ,,ასი ლექსის’’ სერიით დაბეჭდილი კრებულის  კითხვისას  გავაცნობიერე, ოღონდ ეს უფრო  წმინდა ემოციური  შთაბეჭდილება  იყო, ერთგვარი  ინტუიტიური მოცემულობა,   რომელიც  თავისი ამორფული  ბუნების გამო  სახიერების, მკაფიოობის, სიმკვეთრის ნიშნებს ჯერ კიდევ არ ატარებდა  ანუ  ვგრძნობდი, მაგრამ ვერ  ვხსნიდი  იმ უცნაური  სულის  წრიალის, ფორიაქის  მიზეზს, ჩემთვის მანამდე უცნობი  პოეტის ლექსების კითხვისას რომ დამეუფლა.

დღევანდელი  გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რთულიც კია  იმ  ემოციური  ბმულობის სრული  რეკონსტრუქცია, რომელიც  ლექსიდან ლექსამდე  სულ უფრო მეტად მძიმდებოდა. დარწმუნებით მხოლოდ იმის  თქმა შემიძლია, რომ  დღემდე,  თამაზ  ბაძაღუას  გარდა, პრინციპში,  ვერც ვპოულობ ისეთ  ქართველ  პოეტს, ვისაც ასეთი  ტრაგიკული (მეტიც,  შემზარავი!)  სიმძაფრით  ახასიათებდა  დიალოგი  სიკვდილთან. მთელი მისი მსოფლმხედველობა ამ შიშზე  დგას, ოღონდ ეს ცნობიერი შიში  სიკვდილის მოლოდინს კი არ გულისხმობს   (შეიძლება, პიროვნულად  გრძნობდა  კიდეც, არ ვიცი!), არამედ  სიკვდილის არსის  ,,გაგებას’’  სიცოცხლის  მეშვეობით. მისი გაორებული ბუნებაც  სწორედ ამ  არსის  ძიების  მტკივნეული  პროცესის  ნაწილია:

,,თუ ახლა  მკერდზე დუმილი  მაწვიმს,

არ გამიმხილო-რისთვის და რატომ.

მე ჯერ მოვკვდები ღმერთების თვალწინ

და მერე  ჩემთვის- ჩუმად და მარტო.’’

 

ან:

,,მე უკვე  ვეღარ მიხსნის ვერავინ,

მე უკვე  თოვლში  ვწევარ ყელამდე

და როგორც მშიერ  ყვავების გუნდი,

სიცარიელე  მიძიძგნის ძარღვებს.

მე უკვე  ვეღარ მიხსნის ვერავინ

უკვე, შენდობას და მიტევებას

გადაჩვეული, წყვდიადი  მიხმობს.’’

აშკარაა, რომ პოეტის მსოფლაღქმა  ტრაგიკულია, ოღონდ  ტრაგიზმის მეტაფორებად  აქტუალიზაციის  პროცესი მეოცე საუკუნეში   წარმოქმნილი  არაერთი  ,,იზმის’’ გავლენაზე  მეტად  უშუალოდ პიროვნული  თვისების და საკუთარ დროსთან კონფლიქტის გამოხატულება უფროა.

,,მკვდრები  ყვიროდნენ:

აი, ჩვენი სისხლი და ძვლები,

ჩვენი ხელები-ბნელი ნესტით ამწვანებული,

ჩვენი თვალები-ღია და მუნჯი,

მკვდრები  ყვიროდნენ,-

აი, ჩვენი დროშების შუქი,

ჩვენი ძახილის თამამი  ექო,

დაუძლეველი  სისხლის  ჩუხჩუხი,

მდინარეებად და ღრუბლებად აღმა წასული,

მკვდრები  ყვიროდნენ

მაშინ,

როცა  ცოცხლები დუმდნენ.’’

 ცოტა უფრო ადრე (1937 წლის კონტექსტის  გათვალისწინებით!) ამის გამო ავტორს  აუცილებლად დახვრეტნენ, რადგან შეუძლებელია ამ შემაძრწუნებელი ხილვების  ქვეტექსტი  მავანთათვის შეუმჩნეველი  დარჩენილიყო, თუმცა თამაზ ბაძაღუას თაობა  ე.წ.  ,,ზასტოის’’  პერიოდს ეკუთვნის. საბჭოთა კავშირის ეს ეტაპი ეკონომიკურ  სტაგნაციასთან ერთად  უკვე მენტალური ატროფიის და სიდამპლის შეუქცევადი პროცესის  ინდიკატორი იყო.

მიუხედავად  ამისა, თავისი მამხილებლური  ბუნების  გათვალისწინებით, ეს  ლექსი  თაობის  ერთგვარ პროკლამაციადაც შეგვიძლია აღვიქვათ. ესაა  ხელოვანის  განაჩენი   კონფორმიზმის შედეგად  დამუნჯებული  საზოგადოების გამო და  რაც ყველაზე  მნიშვნელოვანია, დღეს  უფრო   ტრაგიკულად  აქტუალურია.    მეტაფორულად  თუ ვიტყვი, ამ ლექსში ედუარდ მუნკის  ცნობილ ტილოზე  გამოსახული   უსქესო   ფიგურის   უსასრულოდ გაწელილი, მარადიულობა ,,მისჯილი’’ ყვირილია  აღბეჭდილი. მკვდრების  ყვირილი ხომ აპოკალიფსის შეგრძნებასაც ამძაფრებს. იქმნება  შთაბეჭდილება, რომ  იოანეს გამოცხადების პოეტურ  ექსპოზიციასთან გვაქვს  საქმე.

 

***

ტკივილის  ბაძაღუასეული რეფლექსია  სრულიად  გამორიცხავს  ყოფიერების  ტრაგიზმის  შედეგად   დამარცხებული  ადამიანის  გოდებას  ან  თუნდაც  მარცხის  აღიარების  ალბათობასაც კი.

მართალია, მისი  პოეზია (და  დრამატურგიაც!) აბსურდის ფილოსოფიის ნიშნებს ატარებს (საკუთარ თავთან გაუცხოება, კრიზისი,  სამყაროსთან  კომუნიკაციის  შეუძლებლობა)  და  ეს ყოველივე  ზღვრულობის,  ექსპრესიულობის  სახით  ხორციელდება,  ვფიქრობ, მასში  მაინცაა  ნუგეშის, ხსნის  იდეა, ოღონდ  ეს  ,,ხსნაც’’ პერსონალურია.

დავაკვირდეთ:

ჩემი ხელები  ითხოვებ  ყვირილს,

ჩემმა ხელებმა  შემოხაზეს

ამბოხი  და სასოწარკვეთა,

რათა უეცრად  გათავისუფლდნენ

ნერვების   მწარე დუღილისგან,

წამახული მავთულებივით რომ ხვრეტენ სხეულს.

 მე კი – როგორც ამოვარდნილი მაჯისცემა,

ვფეთქავ რაღაც განუწყვეტლივ  შრიალში

და ველოდები  სიმშვიდეს,

რომელიც  უკვე აღარ  ვიცი,

რისთვის  მჭირდება.

ფაქტობრივად,  ,,სიმშვიდე’’ აქ არა ნირვანის, არამედ  განგაშის  სინონიმია ანუ  სიმშვიდის მოლოდინი    უმალ   სიკვდილის  მოლოდინს  ნიშნავს, თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ  სიკვდილის  ფენომენი  ბაძაღუასთვის  არა იმდენად   რელიგიურ  ჭრილშია  საინტერესო, არამედ უფრო ეგზისტენციალურში.

შესაბამისად, სწორედ  ამ ინტერესის  (ძიების!) შედეგია ეს  თავზარდამცემი წინასწარმეტყველება:

,, მე გავიფიქრე, რა ადვილია

სიკვდილი, როდესაც ასე გიყვარს სიცოცხლე’’

ან:

,,მე დამეკარგა ჩემი სიკვდილი-ჩემი  შვილი და ჩემი მამაც,

სხვა რაღაც ლორწო ჩამეხვია, უგემურად ამისვა ენა

და აღელვებულ ქარის ღამეში  ბრძენმა ჰიპნოსმაც

გაიზიარა:მწარე ნაღველი – რომ მომიკვდა ჩემი სიკვდილი’’.

 არ  არის ეს უბრალო  შემოქმედებითი  ,, ოპერაციის’’   შედეგი.  ეს მისი  სულიერი  კარდიოგრამაა, მისი  ფსიქიკის მღვიმეა, საიდაც სენაკის  სიმშვიდის  ნაცვლად,  მორგის  მდუმარება მეფობს.

 

***

დოსტოევსკიზე  საუბრისას  ბროდსკი ამბობდა, რომ  ,, კარგ მწერალთან ყოველთვის გვხვდება  ზეცისა და ქვესკნელის დიალოგი’’. თამაზ  ბაძაღუას  შემთხვევაში,  ამგვარ დიალოგის   ქმედითუნარიანობას მისი   უნიკალური  პოეზიის მეტაფორული არსენალი  და ლირიკული გმირის  მაძიებლური  ჟინი ქმნის. თუ კარგად  დავაკვირდებით,  მარტოობის უდაბნოში   მოხეტიალე ,,პერსონაჟები’’ სწორედ დაკარგული  ჰარმონიის   მოპოვებას  ცდილობენ. მართალია, ძიების  პროცესი  თავიდანვე  მარცხისთვისაა განწირული, თუმცა   სიცოცხლის სიყვარულის გამო, ისინი (ავტორის მსგავსად!)  ბედისწერას  პრინციპული სიჯიუტით  უპირისპირდებიან.  თითქოს, დუელში  იწვევენ.  ამდენად, ძიება ყოველთვის ტკივილთან  ასოცირდება.  როგორც  ნინო   ხარატიშვილის  რომანის  პერსონაჟი ამბობს:  ,, ტკივილი სიცოცხლის ერთადერთი  მანიშნებელი იყო   მიცვალებულთა სამეფოში მყოფთათვის’’. ამ, ღირებულება მოშლილ, სამყაროში  ტკივილი  ხედვის ფოკუსის  გასწორების ერთადერთ საშუალებად ქცეულა. გტკივა ე.ი. არსებობ, გრძნობ, განიცდი, ცოცხალი ხარ.

სხვათა შორის, ტკივილი  უცნაურ  კომბინაციას ქმნის  სიყვარულთან, ოღონდ ეს  ,,უცნაურობა’’ მხოლოდ  ზედაპირული  შთაბეჭდილების შედეგია. რეალურად კი,  სიყვარულის ბაძაღუასეული ფენომენი შეგვიძლია  გავიაზროთ,  როგორც რაღაც დასრულებული  მოცემულობა და  შინაგანად  ვნება ამოჭმული, უსაზრისო ნარჩენი:

,,ჩვენ  გამოვდივართ  სიყვარულის მუზეუმიდან

და გაქვავებულ  ფიტულების  წუხილით ვცხოვრობთ

(…)

,,ჩვენ  გვიკვირს, როცა  შეყვარებულ სხეულებს ვუმზერთ

და გვეშინია  მათ თვალებში  გამკრთალ სინათლის’’.

 შეყვარებულთა თვალებში  გამკრთალი სინათლე  სრულებითაც არ   გვაძლევს  ოპტიმიზმის  საფუძველს, რადგან  საბოლოო ჯამში,  ისიც უნდა  ჩაქრეს. სწორედ   ამის გამო  უჩნდება  ლირიკულ გმირს შიშის  განცდა.  მან უკვე  იცის,  რომ  წყვილის  იმჟამინდელი მდგომარეობა  წარმავალია, ილუზორულია.

კიდევ  ერთხელ  დააკვირდით:

,, და  გაქვავებულ ფიტულების  წუხილით ვცხოვრობთ’’-  ეს  შემაძრწუნებელი  მეტაფორა ასოციაციურად  ტ.ს. ელიოტის  ,,ფუტურო  ადამიანებს’’  მახსენებს.  მსოფლმხედველობრივი  თანხვედრა  კი  კულტურათაშორისი   დიალოგის   პრეცედენტს ქმნის.

 

 *** 

თამაზ  ბაძაღუას მეტაფორების  მეტაფიზიკურ  განზომილებას    დამუნჯებულ  სამყაროში  საკუთარი ადგილის  ძიების შეუძლებლობის, შედეგად  კი, ექსტრასენსორული  ხედვის  გამძაფრების    მომენტი ბადებს.   წარმოვიდგინოთ ფსიქიკის  ლაბირინთში  მოხეტიალე  ოდისევსი, რომელიც  სწორედ  თავისი  ,,დამძიმებული’’ ცნობიერით  ატარებს   ფანტასმაგორიულ  არსებებს.

შეიძლება ითქვას ასეც: იქმნება  იმ ტიპის  ესთეტიკური სივრცე,  სადაც ერთად თანაარსებობს  რელიგიური  და მოდერნისტული  ნარატივი, ოღონდ  ბაძაღუას  რელიგიურობა   თვითმიზანი არ არის (იხ. ,,მარტვილის მონასტერთან’’ ან ,,აღსარება ქრისტეს  ჯვარცმასთან’’…). ეს უფრო  იმ  პასტორალურ სივრცეში  დაბრუნების   მტკივნეული  სურვილია,  რომელსაც საბჭოთა  იდეოლოგიამ  თავისი შინაარსი, ფუნქცია, კონტექსტი  გამოაცალა. სწორედ ამიტომაც ვერ ამყარებს  ავტორი  კონტაქტს  ქრისტესთან.

,,შენ ვერ აღორძინდი

ჩემს  სიცარიელეში, როგორც  ვარდი,

შენი სურნელი, გამაბრუები, ვერ მოსწვდა სხეულს,

და მე აღმოვჩნდი  მდინარის  გზაზე,

მერყევი და გაუნდობელი,

დრო კი, როგორც ქვა, ჩემ გულში იდო

და დიადი კაკუნი  მისი  შიგნიდან  მჭრიდა’’.

 განგაშის ამ ნოტებს (როგორი  შთამბეჭდავია, არა- ქვად ქცეული დროის დიადი კაკუნი?)  სწორედ  ორი, ერთმანეთთან  დაუკავშირებელი, შეუთავსებელი კონცეპტის  ოსტატური სინთეზი ქმნის. ეს ხომ, ამავდროულად, ბედისწერის  კაკუნიცაა (სიკვდილის აუტანელი  სუნთქვა!), რომელიც  ლექსებში  შედედებული  მდუმარებისა და  მარტოობის  ფონზე  ორმაგად  თავზარდამცემია.

იქნებ, ეს უცნაური  სიჩუმეც  სწორედ 1987 წლის  5 ნოემბრის ერთგვარი პრელუდიაა, კრეშჩენდო,   რაღაც დიდის  დასასრული, დაისი. პიროვნებასთან ერთად ხომ მისი ფიქრები, ოცნებები, საგნები, ტკივილებიც ნადგურდებიან:

,, რომ ჩემს სიკვდილთან   ერთად  სამყაროც  მოკვდება  თითქოს’’.

 

***

სიჩუმეს  თამაზ  ბაძაღუასთან  თავისი  აკუსტიკა აქვს, ოღონდ  ეს იმდენად შეფარულია, იმდენად  ქვეტექსტუალურია, რომ  რიგითი მკითხველისთვის რთულიც  კია მისი  შემჩნევა. საერთოდ, არც მგონია, რომ  ბაძაღუა  მასის ან მასკულტურის პოეტია. შეუძლებელიც  კია, მას გარკვეული კულტუროლოგიური ,,წინაპირობების’’  გარეშე კითხულობდე, რადგან პოეტის უკან დგას  მისი მკითხველური გამოცდილება,   ინტელექტი, გემოვნება,  კონტექსტი. ის სიჩუმის ქურუმია, მისი  ლექსები დაცლილია  დეკლამაციური  ელემენტებისგან:

 ,,ეს მტვერი მიცვალებულთა სულივით შრიალებს ოთახში,

გარეთ კი გაზაფხული ყვირის’’

 ან:

,,მე მახსენდება მათი თვალები-

ამაოების  უფსკრულები’’.

კითხულობ  და აცნობიერებ, რომ  მაინც გრჩება  რაღაც შეუმჩნეველი,  იდუმალი  მარგალიტი, რომელიც  ნიჟარაშია  შეკეტილი. ეს არის სწორედ პოეზიაში  გამოუთქმელის გამოთქმის მაგია, ერთგვარი პოეტური  იეროგლიფი, რომლის გაშიფვრაც  ცალკე რიტუალია.

 ***

,, სადღაც  არსებობს  მხოლოდ სიტყვა, მაგრამ უცნობი,

სადღაც  არსებობს  მხოლოდ  ძალა, მაგრამ უცნობი

და ნაპირებზე  გადმოსული  ლურჯი სიჩუმე

მოულოდნელად აზრს ანიჭებს სიცარიელეს-

სადღაც ვიღაცა სიზმარში დარჩა

და ის სიზმარი  ჯერ არავის არ ესიზმრება…’’

 ,,ლურჯი სიჩუმე’’  გალაკტიონის ,,ლურჯად ნახავერდები უდაბნოს’’  ღირსეული  მემკვიდრეა. ცხადია, ორივე  შემთხვევაში, ლურჯი ფერი მარტოობის, უკაცრიელობის,  მიუსაფრობის სიმბოლოა. თითქოს,  პოეტები    საკუთარივე  ,,ბედისწერიდან  გადმოხტდნენ’’ (ემილ  ჩორანი).

,,ასი  ლექსის’’  გადაკითხვისას  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ   თამაზ  ბაძაღუა  მომავლის პოეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის  ჯერ კიდევ  აღმოსაჩენი  გვყავს.

© არილი

 

Facebook Comments Box