პოეზია,  რეცენზია

გუგა მგელაძე – ირონიის აუტანელი სიმსუბუქე

(შთაბეჭდილებების ვიტრაჟი ვახტანგ ჯავახაძის ლექსების კრებულზე  ,,თურმეობითი’’)

 ვახტანგ ჯავახაძის, 2012 წელს დაბეჭდილი, ვრცელი ერთტომეულის გადაკითხვისას განსაკუთრებული  ყურადღება მიიქცია ფრაგმენტმა გურამ ასათიანის  წერილიდან. აქ ის საუბრობს ჯავახაძის პოეტიკის უმთავრესი კომპონენტების  შესახებ:

,,ის ძირითადად პოეტური ფრაზის  ფოლკლორულ სტრუქტურას ეყრდნობა, კერძოდ,  სიტყვების თავისებურ თამაშს, რაც განსაკუთრებით ქართული ზღაპრისთვისაა დამახასიათებელი. (…) სიტყვები სიტყვებს ბადებენ, ყოველ ახალ სიტყვასთან ერთად იბადება ახალი წარმოდგენა, აზრი აზრში გადადის და ეს ხდება ბუნებრივად, თავისთავად, ვინაიდან სიტყვებს აქვთ თავიანთი შინაგანი ცხოვრება, შინაგანი კავშირები, ურთიერთ მიზიდულობის და განზიდვის  უნარი.’’

2021  წელს ახალი პოეტური კრებული ,,თურმეობითი’’ გამოვიდა, რომელიც  მკითხველთან ინტერტექსტუალური თამაშის (გნებავთ, კულტუროლოგიური  შაყირის!) ახალ სტრატეგიებს გვთავაზობს. მართალია, გურამ ასათიანის მიერ  განსაზღვრული საფირმო მარკერები აქაც ქმედითია, თუმცა სხვა კრებულებისგან  განსხვავებით,  ,,თურმეობითში’’ თვითირონია  წიგნის ატმოსფეროს, მისი რთულად   ასახსნელი იმანენტური ბუნების მაკონსტრუირებელი მექანიზმია.

დავაკვირდეთ ერთ-ერთი ლექსის  ფრაგმენტს:

,,  ვეღარ  დავასათაურე, ვეღარ გავაიასნე და

დე-ფაქტომ და დე-იურემ  შანსი  გამიმიასედა.

სტრიქონს გავეთამამე და  პირველივე  გამიჭირდა:

ვეცადე და  ვერ ჩამოვხტი  გაფრენილი ტაიჭიდან.

მეორე და მესამეზე  ზედმეტია  ლაპარაკი,

არ ჩანს რითმის მეწყვილე და არიფი და ამხანაგი.

იქნებ, სჯობდეს წამოვიწყო  პირიქით და ფინიშიდან,

რომელმაც ვერ მიმიპყრო და მიმიმხრო და მიმიზიდა.

უსათუო  მოდაშია ახლა უსათაურონი,

არ სჭირდება ატომივით  მძიმე  წყალი  და ურანი.

უთუმცაო  იქნებოდა  ოდენ სამად სამი ჯვარი,

ხოლო რითმის მაგივრობას  გასწევს  რითმის  ნაბიჭვარი.’’

პრაქტიკულად, აქ ირონიზირებულია  მეტაპოეტური ჩხირკედელაობის ყბადაღებული თემა ლექსის წერის შეუძლებლობის, წერის პროცესის დაუსრულებლობის შესახებ, თანაც ამგვარი ირონიის ეფექტურობა განპირობებულია ხედვის რაკურსის ცვლილებით: ავტორი საკუთარ თავს თავად აქცევს  ირონიის  ობიექტად.  ეს ერთგვარი პრევენციაცაა ტენდენციებად ქცეული ,,იზმების’’ წინააღმდეგ.

საერთოდ, აქვე უნდა ითქვას, რომ ვახტანგ ჯავახაძე(ტარიელ ჭანტურიას მსგავსად!) არც არასდროს ყოფილა რომელიმე  კონკრეტული მსოფლმხედველობრივი ,,იზმის’’ წარმომადგენელი და ვერც იმის  მტკიცებას დავიწყებთ, რომ  ირონიის, ინტერტექსტუალობის, ორმაგი კოდირების, ავტორის  ნიღბის და სხვა კომპონენტების  სიჭარბის მიუხედავად, თითქოს, ის მხოლოდ  პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ქართველი ადეპტია. ვფიქრობ, საკითხის ასე დასმა ზედაპირულ (საერთოდაც, ზერელე!)დამოკიდებულებაზე მეტყველებს იმდენად, რამდენადაც გივი გეგეჭკორის, ოთარ ჭილაძის, ვახტანგ ჯავახაძის,  ტარიელ  ჭანტურიას შემოქმედება, მათი  სააზროვნო დიაპაზონი და ენის განცდის უნიკალური  გრადაციები არსით პლურალისტურია ანუ თავისუფალ დიალოგში  შედიან სხვადასხვა ტიპის ლიტერატურულ ესთეტიკასთან. ღიაობის  ამგვარი მოდელი კი რიგითი  მკითხველისთვის  შეიძლება  აჩენდეს იმის ილუზიას, რომ   ვახტანგ ჯავახაძის პოეზიაში არაფერია დაფარული – ყველაფერი ცხადი, გასაგები და გამჭირვალეა ანუ მის ტექსტებში ნაკლებია ქვეტექსტი, შიფრი, საიდუმლო. რეალურად კი, პოეტის მოჩვენებითი სიმარტივე, სილაღე, თამაში  ერთი  შრეა  მხოლოდ. მთავარი კი (ავტორის რეალური დამოკიდებულება საგნების, მოვლენების, რეალობის მიმართ) სწორედ ამ სიმსუბუქის მიღმაა კოდირებული.

მოვიყვან ,,თურმეობითში’’ შეტანილ ერთ უცნაურ ლექსს(,,ვარიაცია გალაკტიონის მოტივებზე’’):

 

აჰანდე, სხვა ზღვა და სხვა რეზერვუარი:

ოცნება, ნახაზი საგანთა უარით.

იდუმალს ჩურჩულებს ხმა მოკარნახესი-

ოცნება, საგანთა უარით  ნახაზი.

პაემანს გვთავაზობს დარაზულ საკანთან

უარით ნახაზი ოცნება საგანთა

და თემიდასავით გვეპატიოსნება

საგანთა უარით ნახაზი ოცნება’’.

 

ჩნდება სავსებით სამართლიანი შეკითხვა:

  1. რა კონკრეტული ინფორმაციის მატარებელია ეს ლექსი?
  2. რა შუაშია გალაკტიონის ,,ოცნება ნახაზი საგანთა უარით’’?

მივყვეთ: სათაურშივე გამოტანილი სიტყვა ,,ვარიაცია’’გარკვეული მიმართულების  მანიშნებელია. კერძოდ, ლექსი წარმოადგენს გალაკტიონის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფრაზის დეკონსტრუქციის მცდელობას. ეს ,,გადაწერა’’ კი საჭიროა იმდენად, რამდენადაც შიგნიდან, სწორედ ენის კონსტრუქციიდან შევძლოთ  ,,საგანთა უარით ნახაზი ოცნების’’ წამიერი მაგიის მოხელთება და რამდენადაც შესაძლებელია, ამ  მაგიის ,,დაფიქსირება’’. ამდენად, აქ მთავარია სწორედ პოეზიის განცდისმიერი ასპექტი და არა აზრობრივი ინტერპრეტაცია.

ვახტანგ ჯავახაძე არ ხსნის, არ გვითითებს, არამედ  ,,გვაიძულებს’’ ყოველგვარი   საინტერპრეტაციო რესურსის გარეშე ვიგრძნოთ გალაკტიონის  პერსონალური  კოსმოსის დიქტატურა, მისი ტოტალობა, რომელიც  ,,საგანთა უარით ნახაზი ოცნების’’, ამ  ოთხი ფეთქებადი სიტყვის  ,,გადაწყობის’’ შემთხვევაშიც ქმედითია.

 

 

***

(თვით)ირონიაზე  საუბრისას ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ კრებულში  დაბეჭდილი ლექსების იმ ნაწილსაც, რომელიც სიბერის, სიკვდილის, მარტოობის თემას ეხება:

მეტირება

ახლა ხშირად მეტირება,

მალე დედა მეტირება,

შვილი გამომეტირება,

წიგნი გამომეტირება,

წარმატებით დასრულდება

ჩემი კომპრომეტირება.’’

მიუხედავად იმისა, რომ ლექსში აშკარად შეიმჩნევა  ჯავახაძისეული სევდის (ეს  ხაზგასასმელი ნამდვილად არის, რადგან მისი სევდა ,,სხვაა’’!) ტონები, პოეტის შიში  ,,ტირილის’’ ირონიული ტრანსფორმაციის პროცესში მსუბუქდება (სათაურსაც დააკვირდით!). მართალია, ახალ კრებულში  ხშირია საუბარი ასაკზე (,,ასს  გამოვაკლოთ ცამეტი’’, ,,სიბერის ციკლიდან’’, ,,მეც’’, ,,საბოდიშო’’, ,,დღეს შემისრულდა 89’’,  ,,ყავარჯენი’’, ,,ლირიკა – პრეგაბალინი’’, ,, ავტოპორტრეტი სარკეში-2018’’, მაგრამ ,,თურმეობითი’’ ერთ-ერთი საუკეთესო პოეტური წიგნია, რომელიც 89 წლის ენერგიულმა და ვთქვათ პირდაპირ, ახალგაზრდაპოეტმა დაწერა.

წერილის ფორმატიდან გამომდინარე, რთულია  ყველა  ნიუანსობრივ სიახლეზე  ყურადღების გამახვილება, თუმცა ჯავახაძისეული რიტმის შესაცნობად და ასევე  გურამ ასათიანის ზუსტი დაკვირვების საილუსტრაციოდ არ შემიძლია, სრულიად არ ვაციტირო ქართული პოეზიის  ახალი შედევრი:

კინაღამ

მაგონდება კაკაბეთის მთვარიანი ღამეები,

მთების ლურჯი  კამარა და ამნაირი რამეები,

სამსახსოვრო  წუთები და წამები და წამეები,

ღვინით სავსე თასები და ჯამები და ჯამეები,

წყნარზე წყნარი ოქტავები, გამები და გამეები,

მოციმციმე ბეჭდები და მოკამკამე კამეები,

მოცეკვავე მამები და დამები და დამეები,-

და მე უნდა დავივიწყო ჩემი სითამამეები:

დაწყვილებულ ორეულებს ვერ გავემესამეები,

მაგრამ უმალ  გამიბევრდნენ ჩემი მარიამეები

და მალულა  მრავლობითებს  ვემაშასადამეები

( მაპატიეთ  მთვარიანი  ღამის  კინაღამეები!).

საინტერესოა, რა ქმნის ამ  მუსიკალურ  ვიბრაციებს? ებიანი მრავლობითი?  სინტაქსი? ტექსტის  უწყვეტობა?  მიაქციეთ ყურადღება ლექსის დაუნაწევრებელ სტრუქტურას-კითხვისას თითქოს თავიდანვე გამოირიცხება  სასრულობის განცდა ანუ წერტილი, როგორც ტექსტის ფინალური აკორდი, ერთგვარი პუნქტუაციური  შავი ხვრელი, უქმდება. შესაბამისად, აქ დაშიფრული პერსონალური ამბები (,,კაკაბეთის მთვარიანი  ღამეები,  ,,ჩემი სითამამეები’’, ,,ღვინით სავსე თასები’’, ,, სამახსოვრო წუთები’’ ან ღამის კინაღამეები’’) მკითხველის ბიოგრაფიებშიც იჭრებიან.  იქმნება ემოციური ბმულობის უწყვეტი განცდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლექსის ყოველი გადაკითხვა სრულიად ახალი (ან მანამდე შეუმჩნეველი, დაფარული)   დეტალების,  შთაბეჭდილებების და  საერთოდ, ენის მიღმა არსებული რეალობის  ,,გაგების’’, მოთვინიერების  ჯიუტი მცდელობაა.

***

,,თურმეობითი’’  სრულდება ,,ელეგია:  ყელსაბამის’’ ახალი, შევსებული პუბლიკაციით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვრცელ რექვიემზე არაერთი სტატია და  ცალკეული გამოხმაურება დაიბეჭდა, მე მხოლოდ შთაბეჭდილებების მოხაზვას  ვეცდები.

კლასიკური სტრუქტურის მიუხედავად, პოემა პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ნიშნებსაც ატარებს. თვითირონიულობა აქ უკვე მეუღლის გარდაცვალების შედეგად  ნაპრალივით  გაჩენილი სიცარიელის ტკივილისგან თავის დაღწევის  საშუალებაა. რეალობიდან  ,,ამოვარდნას’’  ავტორი სწორედ ამგვარი დისტანციით  ახერხებს,ხოლო წერის  პროცესს კი დროში გაქვავებულ საგნებთან (ხოლო საგნების მეშვეობით ცოლთან) უწყვეტი დიალოგისთვის იყენებს.

 

,, ფოტოსურათებს  გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო,

გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო.

ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამე ღარიბი,

ისე ბევრი  ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები.’’

 

სხვათა შორის, ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით როლან  ბარტი ამბობს, რომ  მას ,,შეუძლია უსასრულობამდე აწარმოოს ის, რაც  მხოლოდ ერთხელ იყო. ის უსასრულობამდე იმეორებს იმას, რაც ექსისტენციურად ვეღარასოდეს გამეორდება.’’ პრაქტიკულად, რექვიემის ციტირებული ფრაგმენტიც ბარტის მოსაზრების იდენტურია. ,,გადამრავლებული’’ ფოტოები ,,ასლირებული’’ რეალობის ანაბეჭდებია, მათი  სიჭარბე  კი  სიკვდილის  ცნობიერებიდან  ,,განდევნის’’  ირონიული ფორმაა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ,,ელეგია: ყელსაბამი’’ ბოლო პერიოდის ქართული პოეზიის შედევრია. ეს კი  მარტივად დასტურდება ჯავახაძის პოეტიკის  ყველა კომპონენტის  სიღრმისეული  ანალიზის შედეგად, რაც ცალკე  წერილის მასალადაც შეიძლება იქცეს.

ამჯერად, მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ რექვიემში ასახული საგნების მიერ ,,გაცხადებული’’ რეალობა გაცილებით უფრო ,,რეალურის’’ შთაბეჭდილებას ტოვებს (ალბათ იმიტომაც, რომ ყოველ  მათგანში გარდაცვლილის  ბიოგრაფიის, ხსოვნის ,,ანაბეჭდია’’), ვიდრე ის , რომელშიც თავად ეს საგნები იმყოფებიან პოეტთან ერთად.

,,ელეგია- ყელსაბამი’’ ხსოვნის ტოტალობის და დავიწყებასთან  მისი ეგზისტენციალური კონფლიქტის ამბავსაც ყვება. ,,ელეგია-ყელსაბამის’’ დრო არც წარსულია და არც ,,აქ და ახლა’’. ის მარადისობის არტეფაქტია.

© არილი

Facebook Comments Box