ფრაგმენტები ლექციიდან, რომელიც შტეფან ცვაიგმა ლონდონში რილკეს გარდაცვალებიდან ათი წლის თავზე (1936) წაიკითხა. თარგმნა ლულუ დადიანმა.
,,ჭეშმარიტი საუბრები კი, ისეთი ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე რომ გაყვება და ახსენდება, მხოლოდ მაშინ ხდებოდა შესაძლებელი, თუ მასთან მარტო იყავით, უმჯობესი იყო საღამო ხანს, ბინდისფერი რომ დაჰკრავდა ხოლმე, ან თუ ერთად ხეტიალობდით რომელიმე უცხო ქალაქის ქუჩებში. რილკეს ეს მორიდებულობა არასგზით მიწერება არც ქედმაღლობას და არც შიშნეულობას, ისიც მცდარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ იგი ნევროტული, დათრგუნული პიროვნება იყო. მას შეეძლო დიდებულად გულწრფელი და უშუალო ყოფილიყო, სავსებით ბუნებრივად ესაუბრა ასევე ჩვეულებრივ ადამიანებთან და ხანდახან მხიარულებაზეც არ ეთქვა უარი. ოღონდაც ყველაფერი ხმამაღალი, უხეში, მისთვის ყოვლად აუტანელი, გაუსაძლისი იყო. ხმაურიანი ადამიანი კი პირად ტანჯვას აყენებდა, თაყვანისმცემელთა მხრიდან ყოველნაირი გადაჭარბებული და მომაბეზრებელი ქმედება ნათელ სახეზე შემკრთალ, შეწუხებულ გამომეტყველებად აღებეჭდებოდა ხოლმე, და მართლაც, საოცარი სანახავი იყო, რა ძალა გააჩნდა მის სიმშვიდეს. (…) ხელმოკლეობის გამო მუდამ ერთი ან ოროთახიანი ნაქირავები ბინა ეჭირა, არაფრისმთქმელი, ბანალური ავეჯით გაწყობილი. მაგრა, როგორც ფრა ანჯელიკომ იცოდა თავისი უკიდურესად ღატაკი სენაკი მშვენიერებად როგორ ექცია, ასევე რილკესაც საკუთარი გარემოცვისთვის მყისიერად პიროვნულობის მინიჭების განსაკუთრებული უნარი გააჩნდა და ამას მუდამ მცირე, უბრალო საგნებითა და დეტალებით აღწევდა, რადგან სურვილიც კი არ ჰქონია და არც არასდროს ჰყვარებია ფუფუნება – ერთადერთი ყვავილი ლარნაკში, ორიოდ შილინგად შეძენილი რამდენიმე რეპროდუქცია კედელზე… მაგრამ მან იცოდა ამ საგნების იმგვარი სისუფთავითა და სისტემატურობით განლაგება, რომ ასეთ ბინაშიც კი, მაშინვე სრული წესრიგის ატმოსფერო იქმნებოდა. იგი შინაგანი ჰარმონიის წყალობით უცხოობის ყოველნაირ გამოვლინებას აბათილებდა. მის ირგვლივ ყველაფერი ლამაზი და ძვირფასი კი არა, არამედ თავის გამოხატულებაში სრულყოფილი უნდა ყოფილიყო, რადგან იგი, ფორმის მეხოტბე შემოქმედი, ცხოვრების ყოველდღიურობაშიც ვერ იტანდა ვერანაირ უფორმობას, ქაოტურობას, შემთხვევითობასა და მოუწესრიგებლობას.
(…) და რაოდენ გულისამაჩუყებელია ის გარემოება, რომ პოლ ვალერიზე უფრო დაბალი რანგის პოეტად მიიჩნევდა თავს. მორჩილი მორიდებით ემსახურებოდა მას, როგორც მთარგმნელი და ორმოცდაათი წლის ასაკში, ორმოცდათხუთმეტი წლის პოლ ვალერის მიუღწეველ ოსტატად მოიხსენიებდა. გულწრფელი აღტაცება შეეძლო და ეს იყო მისი ბედნიერება, ის, რაც ასე სჭირდებოდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში.”
© არილი