ძნელი გზა მკითხველისაკენ
გურამ რჩეულიშვილი. თხზულებები ხუთ ტომად, ტ. 2 (მოთხრობები, 1957 წ.). რედაქტორი მარინე რჩეულიშვილი, მხატვარი ვახტანგ რურუა. თბ., “საარი”, 2002.
გურამ რჩეულიშვილის მეორე ტომში 1957 წელს დაწერილი პროზა შევიდა. აქ არის ადრეულ გამოცემებში გამოქვეყნებული, მკითხველისთვის უკვე ცნობილი მოთხრობები: “ნადირობა”, “უსახელო უფლისციხელი”, “სადღაც ვიწროებში”, “სიკვდილი მთებში”, “ზღვა არცთუ ისე ღელავდა”, “მუნჯი ახმედი და სიცოცხლე”. სხვა მოთხრობების უმრავლესობა პირველად ქვეყნდება. პირადად ჩემთვის საინტერესო იყო ცნობილი ნაწარმოებების დაწერის ისტორია. მარინე რჩეულიშვილი თავის კომენტარებში ცდილობს, რაც შეიძლება ობიექტურად, ზუსტად, მიუკერძოებლად აღწეროს ის ვითარება, რომლის წიაღშიც ხორციელდებოდა ესა თუ ის ჩანაფიქრი. აი, ვთქვათ, როგორ იქმნებოდა “უსახელო უფლისციხელი”. ნაწარმოების დასრულების შემდეგ გურამი მიდის ბიძამისთან, ცნობილ ხელოვნებათმცოდნე ლეო რჩეულიშვილთან: “უფლისციხიდან ჩამოსვლის მეორე დღესვე გურამი მივიდა ძია ლეოსთან და უთხრა, ნარკვევი უკვე დავწერეო. ძია ლეოს ეწყინა თავის ძმისშვილის ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება საქმისადმი, ასეთ სამუშაოს ის თვეებს და შეიძლება წლებსაც კი ანდომებდა. თურმე უთხრა კიდეც: “როგორ უნდა დაგეწერა გურამ, წესიერად არც კი დაგიმუშავებია ჯერ მასალა. ასე ნაჩქარევად და ქარქვეტულად ისტორიული წყაროების დამუშავება არ შეიძლება”. გურამმა უსიტყვოდ დაუტოვა “უფლისციხელი” და წავიდა. ძია ლეომ თქვა: გურამის წასვლის შემდეგ მაშინვე წავიკითხე მოთხრობა, ძალიან მომეწონა, მივხვდი, რომ მას სულ სხვა გზა ჰქონდა ცხოვრებაში და არასწორი ვიყავი, საყვედურს რომ ვეუბნებოდიო”.
ეს და სხვა კომენტარები ცხადყოფს მწერლის ერთ თავისებურებას: მას შინაგანად გააჩნდა საიმისო რწმენა, რომ მისი სათქმელი არა მარტო სერიოზული იყო, არამედ სასურველი მხატვრული ძალმოსილების მქონე. ამ რწმენას გურამის მუდმივი დაძაბულობა განაპირობებდა. ეს დაძაბულობა განუყრელი შთაგონების ნაწილი გახლდათ.
მოთხრობაში “ზღვა არცთუ ისე ღელავდა” ძალზე დრამატული ამბავია გადმოცემული. გამჭვირვალე ლირიზმთან ერთად აქ თვალსაჩინოა სიცოცხლისათვის ბრძოლა, პერსონაჟების ტრაგიზმამდე გამძაფრებული რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა. კომენტარებში მკითხველი გაეცნობა თემო ჯაფარიძის მონაყოლს: “1957 წლის სექტემბერში გურამი და მე ვიყავით ზღვაზე, ბათუმში. გურამმა შეცურა ადიდებულ ზღვაში ვიღაცის გადასარჩენად, თუმცა იქ შეკრებილი ხალხი არ უშვებდა. ნაპირიდან ჩანდა, როგორ ჩაავლო ხელი კაცს და ნელ-ნელა, ცურვა-ცურვით როგორ მოჰყავდა ნაპირისკენ, გადაარჩინა. აღმოჩნდა პროკურორი, თათარი, მოსულიერდა თუ არა, ატეხა ყვირილი: მახრჩობდაო. ხალხი გაბრაზებული მივარდა. გურამი იცინოდა”.
ვფიქრობ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება ის რეაქცია მწერალთა მხრიდან, რომელიც მოჰყვა მოთხრობის “სიკვდილი მთებში” გამოქვეყნებას. საერთოდ, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ იყო მკაცრი ცენზურა, თამამი ლიტერატურული ნაწარმოებების ტენდენციური შეფასებები, გარკვეული ზეწოლა იმდროინდელ ახალგაზრდა მწერლებზე და ა.შ. ეს ყველაფერი, ცხადია, იყო და არც არის გასაკვირი, მაგრამ საინტერესოა მეორე მხარეც: ვთქვათ, ცნობილი მწერლების მიერ იგივე გურამ რჩეულიშვილის პირუთვნელი აღიარება, რასაც წერილობითი ფაქტები მოწმობენ. აი, ვთქვათ, რას წერს მოსკოვში მყოფ გურამის დედა: “… მეორე დღისით გამოსულა სიმონ ჩიქოვანი, რომელსაც კარგად გაურჩევია შენი ნაწერები და დაუსაბუთებია, რა, რატომ არის კარგად დაწერილი. მთელი ხალხით აღტაცებით შეხვედრია, ჩიქოვანს მოსწონებია “სიკვდილი მთებში”, უთქვამს ეს ფილოსოფიური ნაწარმოებიაო, ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე ამის დამწერი 23 წლისა ყოფილაო…”
ამ მცირე ციტირებებშიც მკაფიოდ ჩანს, რომ საინტერესოა არა მხოლოდ გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებები, არამედ მთელი ის ატმოსფერო, რომელშიც ისახებოდა, იქმნებოდა და მკითხველ-შემფასებელთა თუ მწერალთა სამსჯავროზე იხილებოდა ეს ქმნილებები. უაღრესად საინტერესო თემაა: “საბჭოთა ტოტალიტარიზმი ქართულ გარემოში და თავისუფალი აზროვნების მქონე ქართველი მწერალი”.
ქართველ მწერალთა გარკვეული წრე, რა თქმა უნდა, იმთავითვე მაღალ შეფასებას აძლევდა გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებებს. მაგრამ ის ფაქტი, რომ მწერლის გარდაცვალებიდან ამდენი ხნის შემდეგ ქვეყნდება ეს ტომეულები, თავისთავად მეტყველებს: მკითხველისაკენ გასაკვალავი გზა არცთუ იოლი გახლდათ.
მეორე ტომში წარმოდგენილი ჯერ გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ რა დიდი შინაგანი თავისუფლების მქონე პიროვნება იყო გურამ რჩეულიშვილი. არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ დაგვებადოს აზრი, რომ ნამდვილად საინტერესო მწერლად მხოლოდ უსაზღვროდ თავისუფალი ადამიანი შეიძლება იქცეს. მე პირადად ღრმად დარწმუნებული ვარ, მეორე ტომში შესული მრავალი მოთხრობა საბჭოთა პერიოდში ვერ იხილავდა დღის სინათლეს.
© “წიგნები – 24 საათი”