ავტორი: ელენე ფილფანი
მარიამ გურგენიშვილი, „მარგალიტები“, გამომცემლობა „პალიტრა L“, 2021
მოზარდობისას ჯეინ ოსტინის წიგნების ნაცვლად ხელში მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტები“ რომ ჩამვარდნოდა, ვიქტორიანულ ინგლისში მეჯლისებზე ჯენტლმენთა დასანახად აბრეშუმის კაბების ფრიალის მაგივრად, ჩემთან სულ ახლოს, სვანეთისუბანში მცხოვრებ მარგო ალიაშვილის გაცნობას ვისურვებდი – ერთად წიგნებზე, ბიჭებზე, მოსაწყენ ყოველდღიურობასა და მომავალ გეგმებზე გაუთავებლად რომ გვეჭორავა. მარგალიტა ჩემი უფროსი მეგობარი და მასწავლებელი გახდებოდა და თავის დასა და ბიძაშვილთან ერთად „პატარა ქალების“ მაგივრობას გამიწევდა. იმ განსხვავებით, რომ ამ ტრიოს სახელთა ჟღერადობა, ჯოსა თუ ბეთის მსგავსად, ყურს არ მომჭრიდა, ხოლო ხალხი მათ გარშემო ჩემთვისაც ნაცნობი და ახლობელი იქნებოდა.
შესაბამისად, ლიტერატურა ჩემს წარმოდგენაში ადრეული ასაკიდანვე არ გაიგივდებოდა ამბებთან, რომლებიც სადღაც შორს უნდა ხდებოდეს და არც კითხვის პროცესი მაიძულებდა, რამდენჯერაც წიგნს გადავშლიდი ალისას როლი მომერგო და სიზმრისმაგვარ საოცრებათა ქვეყანაში გამეკვლია გზა. ამის ნაცვლად, კარგად ნაცნობ თბილისის ქუჩებზე გათამაშებულ ტრაგიკომედიაში ამოვყოფდი თავს, რაც იმგვარი ოცნების შესაძლებლობას მომცემდა, დები ბრონტეებისგან, მათი გენიალურობის მიუხედავად, არასდროს რომ არ მეღირსებოდა. ამ და სხვა მიზეზების გამო მარიამ გურგენიშვილის სადებიუტო რომანი ქართველ მოზარდ გოგონათათვის საუკეთესო თავშესაქცევია.
წიგნი 90-იან წლებში მცხოვრები სამი მარგალიტის: მარგოს, ანას და ბელას, თავგადასავლებს მოგვითხრობს. პერსონაჟებს განსხვავებული გარეგნობა, ხასიათები და ოცნებები აქვთ – ფემინურობის სპექტრის სხვადასხვა პოლუსზე დგანან: მწერლობაზე მეოცნებე მარგოს, ტექსტში ფემინიზმის ხმა შემოაქვს, მზეთუნახავ ანას მდიდარ კაცზე სურს გათხოვება, ხოლო პუტკუნა ბელას მზარეულობა სწადია.
მართალია, ამბავს მარგოს გადმოსახედიდან ვეცნობით და ავტორის პრეფერენციაც მთხრობლის გონიერი, შეუპოვარი და მიზანდასახული ბუნების მიმართ, აშკარაა, თუმცა წიგნი ბევრად მეტია, ვიდრე ფემინისტური ოცნების ხორცშესხმა: 15 წლის მარგალიტა ძლიერი და შეუმცდარი ქალის სახემდე არ დაიყვანება და, ყველა ღირსების მიუხედავად, ოდნავ ქარაფშუტა, კომპლექსებით შეწუხებული გოგონაა, რომელიც (უმეტესწილად) თავის არჩეულ გზას სხვებს თავს არ ახვევს – თვითონ შინაბერობა გადაუწყვეტია, მაგრამ უმცროსი დაიკოს მდიდარ კაცზე გათხოვების ოცნების ასრულება მასაც გულწრფელად სწადია.
მსგავსი შემთხვევები ტექსტში არაერთია – სრულიად საპირისპირო ხედვების მიუხედავად, გოგონები ერთმანეთს გვერდში უპირობოდ რომ უდგანან. წიგნის პირველივე წინადადება ცხადყოფს, რომ „მარგალიტები“ არა ერთი პროტაგონისტის, არამედ დების უანგარო სიყვარულის ისტორიაა: „პარასკევობით ბელა ჩვენთან რჩება, ჩემსა და ანას შორის წვება და ფუმფულა ნაკეცებით ღუმელივით გვათბობს.“
გოგონებს უწევთ 90-იანების სუსხსა და განუკითხაობაში ერთმანეთი გაათბონ და გააძლიერონ. ალბათ, ჯო მარჩი ამ პერიოდის საქართველოში რომ დაბადებულიყო, მარგო ალიაშვილი იქნებოდა. არ ვიცი, მეი ოლკოტის პერსონაჟი თავის შემოქმედებაში როგორ აღწერდა თბილისურ ქუჩის გარჩევებს, გაუბედურებულ ოჯახებს, კარზე მომდგარ სამოქალაქო ომსა და მკვლელობებს, თუმცა მარგალიტამ აღნიშნული ზედმეტი სენტიმენტალურობისა თუ ზღვარსგადასული ტრაგიზმის გარეშე მოახერხა – პურის რიგში დგომასა თუ ლამპრის შუქზე კითხვას ისტორიული დრამატულობა გამოაცალა და მთლიანად მოზარდის პირადი გამოცდილების ნაწილად აქცია.
შესაბამისად, კითხვისას ჩნდება განცდა, რომ ყველაფერი აქ და ახლა თამაშდება, სანამ მომხდარს მთხრობლის თვითრეფლექსია სისტემაში მოიყვანს, სტრუქტურას მისცემს და შაბლონად აქცევს. სწორედ ამიტომ, ოჯახის წევრთა ისტორიებზე უკეთ „მარგალიტებმა“ მაგრძნობინა, როგორი იქნებოდა, 30 წლის წინანდელ საქართველოში რომ მეცხოვრა. რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ წიგნის ავტორი თავად 1996 წელს დაიბადა.
სცენათა კინემატოგრაფიულობა მკითხველს უბრალო მსმენელისა თუ დამკვირვებლის პოზიციის დატოვებას აიძულებს და უნებურად თავგადასავალთა თანამონაწილედ აქცევს. მოქმედებები არასდროს იწელება. წიგნი ერთ ამოსუნთქვაში იკითხება, რაც დიდწილად მარგოს თხრობის სტილის დამსახურებაა, რომელიც, მისი პიროვნების მსგავსად, მრავალშრიანი და მკვეთრად ინდივიდუალისტურია – სხარტ იუმორს, სარკაზმს და ნაადრევად დაბრძენებული მარგოს რეპლიკებს შიგადაშიგ ბავშვური გულუბრყვილობა და დაბნეულობა ანაცვლებს. ნელ-ნელა კი ამბის ტრაგიკული ელემენტები უკანა ფონიდან წინა პლანზე იწევს.
რომანი მოზარდებზეა, შესაბამისად, ბავშვობის დაკარგვის თემას გვერდს ვერ აუვლის. ეპოქალური თავისებურებების გამოყენებით გურგენიშვილი ოსტატურად ახერხებს მკითხველსაც ხელახლა გამოატაროს ცნობიერების ცვლილების მტკივნეული გამოცდილება – წიგნის ხასიათი რადიკალურად იცვლება, როცა 90-იანები უბრალო ისტორიული კონტექსტიდან დამოუკიდებელ პერსონაჟად ჩამოყალიბებას იწყებს, რომლის ფონზე ქრება ბავშვური სილაღე და სილამაზე.
ვინაიდან მარგო თანამედროვე ქართულ საზოგადოებას აღწერს, რთულია, პერსონაჟები ახლობელ ადამიანებთან არ გააიგივო. ამ მიზეზით, თითოეულმა ჩემი კეთილგანწყობა წინასწარ დაიმსახურა. პირველ თავებში მათ ნაკლოვანებებს ოჯახური სიახლოვისა და სითბოს განცდა ფარავდა, თუმცა აღნიშნული მოვლენების განვითარებასთან ერთად თვალსა და ხელს შუა სადღაც გაუჩინარდა – ყველა დანაშაულს თუ მანკიერებას თავისებური ხიბლი შემოეძარცვა და დარჩა შეულამაზებელი, შიშველი სიმახინჯე, რომელმაც ფაქტი, რომ ქვეყანა ინგრევა, მშრალი ცოდნიდან ცოცხალ განცდად აქცია.
და მარგოს ქვეყანა, წარმოსახვის სამფლობელო, მართლაც, დაინგრა როცა ხელიდან ორი უძვირფასესი მარგალიტი გამოეცალა. ამ ნანგრევებში მოყვა მთელი მისი ბავშვური გულუბრყვილობა, ოცნებები და შეუპოვრობა. მაგრამ, ამავდროულად როცა ტკივილმა აიძულა რეალობისთვის თვალი გაესწორებინა, მარგალიტამ საკუთარი თავი, როგორც მწერალი იპოვა.
ნაწარმოების დასასრულს მარგო აღარ ჰგავს იოსიფუმი კონდოს „გულის მოჩურჩულეს“, ამერიკული სიმღერის იაპონურ ყაიდაზე გადმოთარგმნას რომ ეწვალება. აღარ წერს წიგნებს ნიკოლეტ დე ლა კურისებზე, „რომლებიც ჯინ-ტონიკს და დაშაქრულ ანანასს მიირთმევენ და ერთმანეთს „ძვირფასოს“ და „საყვარელოს“ ეძახიან „თავგასიებულოს“ და „რეგვენოს“ მაგივრად […]“, ხოლო მისი პერსონაჟები აღარ გრძნობენ იმას, რაც ჯერ მარგოს მხოლოდ წიგნებში ამოუკითხავს. ერთი სიტყვით, თავი ანება სხვათა ისტორიებისა და განცდების ჭრა-კერვას და ბავშვური გამჭრიახობით შერჩეული ფსევდონიმი „პერლ ფლეიმიც“ დაივიწყა.
მას აღარ შეუძლია მოჰყვეს სხვა ამბავი საკუთარი, მარგო ალიაშვილის ტკივილის გარდა. მისი წიგნიც სხვაგვარად ვერ დაიწყება – რამდენიც არ უნდა ეცადოს, მხოლოდ ეს სიტყვები დაიწერება: „პარასკევობით ბელა ჩვენთან რჩება, ჩემსა და ანას შორის წვება და ფუმფულა ნაკეცებით ღუმელივით გვათბობს.“ – წინადადება, რომელიც რომანად აქცევს სვანეთისუბნის ცხოვრებას.
© არილი