Uncategorized,  ესე (თარგმანი)

დაგლას გლოვერი – ცნობიერება და მასტურბაცია

douglas glover-Witold-Gombrowicz

შენიშვნები ვიტოლდ გომბროვიჩის ონანომანიაკალური რომანის – “კოსმოსის” შესახებ

დაგლას გლოვერი კანადელი მწერალია. მის კალამს ეკუთვნის მოთხრობათა ხუთი კრებული, ოთხი რომანი, ესეების ორი კრებული და “შეყვარებული რაინდი” (წიგნი “დონ კიხოტისა” და, ზოგადად, რომანის ჟანრის შესახებ). გლოვერის რომანმა “Elle” 2003 წელს მოიპოვა კანადის გენერალ-გუბერნატორის პრემია და გახლდათ “იმპაკის” ლიტერატურული კონკურსის ფინალისტი დუბლინში. დაგლას გლოვერი გამოსცემს ელექტრონულ ჟურნალს “Numéro Cinq”.

ვიტოლდ გომბროვიჩის შემოქმედებაში სიურრეალიზმის ზეგავლენა შეიმჩნევა. ამასთან, მწერალი ღრმად იყო გათვითცნობიერებული ფილოსოფიის ისტორიაში. მას იტაცებდა თანამედროვე ფილოსოფია, მეოცე საუკუნის თეორიები განმანათლებლობის შესახებ, ჰუსერლის მსჯელობა ფილოსოფიის კრიზისის შესახებ, ყოფიერების “დაკარგვა”, ფენომენოლოგია და ეგზისტენციალიზმი. გომბროვიჩისთვის დამახასიათებელია რადიკალური უკიდურესობები – ტრადიციების ძალზე ღრმა და დახვეწილი ცოდნა და, მეორე მხრივ, ტრადიციებისგან თავის დაღწევის მცდელობები, ანუ, ერთგვარი შინაგანი უმდგრადობა; მისი ტექსტები გამუდმებით მერყეობს მტკიცებასა და ირონიულ განქიქებას შორის.

“კოსმოსში” – რასაც ააშკარავებს რომანის სახელწოდება – გომბროვიჩი სატირულად ასახავს მსოფლხედვის ფენომენოლოგიას – ინტელექტუალურ პროცესს, რომლის მეშვეობითაც ვაგებთ ხოლმე მნიშვნელობის ფრეიმს: არა სამყარო (განურჩევლად იმისა, როგორია ის), არამედ – ჩემი სამყარო. რომანშიც და მის საზღვრებს გარეთაც (ესე იგი, ეგრეთ წოდებულ რეალურ ცხოვრებაში), ცნობიერების modus operandi კომიკურად სუპერრაციონალური და, იმავდროულად, შეუსაბამოა (ჰუსერლის მიხედვით, გონი ვერასოდეს აღწევს იმ მიზანს, რომლის მიღწევასაც ესწრაფვის). ადამიანი (სუბიექტი, ცნობიერება) ეძებს განმეორებებს, სტრუქტურის გამოვლინებებს; პოულობს წესრიგს შეგრძნებათა ქაოტურ ნაკადში; და, საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მიდის, რომ ეს წესრიგი რეალურად არსებობს. ამგვარია საზრისის ძიების მეცნიერული პროცედურა. მაგრამ “კოსმოსში” ის, რასაც მთხრობელი რეალურად მიიჩნევს, არსებითად, სრულიად შემთხვევითი, სასაცილო ან დამღუპველიც კია.

ფორმას არ ძალუძს მოიცვას რეალობა, მაგრამ ის ყოველთვის შეიცავს რეალობად ქცევის საფრთხეს. ესაა რომანისთვის დამახასიათებელი ანტინომია: სამყაროს წიგნში ვერ მოათავსებთ, მაგრამ ფორმას (ანუ ჩვეულებას, ტრადიციას, იდეოლოგიას, ინტერპერსონალურ მოლოდინს და ა.შ.) ძალუძს, წარხოცოს ადამიანის ცხოვრება – ყოველთვის არსებობს ვიღაც ან რაღაც, ვინც ცდილობს თქვენს მისადაგებას წიგნისადმი. რაც შეეხება “კოსმოსს”, ის საშინელებათა რომანია; მასში საზარელი ბოროტება არის ფორმა (ამ შემთხვევაში – ლიტერატურული ხერხი), რომელიც გამუდმებით სდევნის მთხრობელს და, საბოლოოდ, გაბატონებულ ადგილს იკავებს მის ცხოვრებაში. გოძილას ან მედ სლეშერის ნაცვლად, რომლებიც განუხრელად სდევენ თავიანთ მსხვერპლს, “კოსმოსში” ბოროტმოქმედად წარმოგვიდგება განმეორების, მსგავსების პრინციპი.

არსებობს კიდევ ორი ძალა, რომლებიც ზემოქმედებენ ადამიანის გონებაზე. პირველი მათგანია ვნებათა იდუმალი და მოუხელთებელი ნაკადი; მთხრობელს, სახელად ვიტოლდს, არ ძალუძს სექსუალური ურთიერთობის დამყარება მომხიბვლელ ქალთან და ამიტომ ის მოულოდნელად და უმიზეზოდ კლავს ქალის კატას (ხომ სულელური ხუმრობაა? ვიტოლდი ორგაზმულად ახრჩობს კატას). მეორე ძალაა სხვისი ლტოლვები ან მზერა. სხვა ადამიანთან (როგორი ტრივიალურიც უნდა იყოს ის) ურთიერთობა ნიშნავს ძალადობას საკუთარ თავზე, სხვისი ლტოლვისადმი (მოლოდინისადმი, ფორმისადმი) წინააღმდეგობის გაწევას ან მის გვერდის ავლას. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ეწინააღმდეგებით, გარდუვალად ილახება თვითების სიწმინდე. ამდენად, თქვენ ფარულად აგებთ ახალ “მეს”, მასტურბაციულ “მეს”, რომელიც დაცულია სხვისი მზერისგან (მაგრამ შერყვნილია, უბადრუკი, ინფანტილური, ტრივიალური და მოუხელთებელი).

ეს სამეული საფუძვლად უდევს გომბროვიჩის ჭეშმარიტად დიდებულ პაროდიულ რომანს. მთხრობელი აკვირდება განმეორებად მოდელებს და, მათ საფუძველზე, გამოაქვს დასკვნები; მისი საკუთარი სექსუალური ძალმომრეობა უმიზეზოა; ის აღმოაჩენს, რომ ზრდასრული მამრის პატრიარქალური ცხოვრების ფარულ სარჩულს წარმოადგენს ქრონიკული მასტურბაცია (კერძო, მანიაკალური კოსმოსი).

ვიტოლდ გომბროვიჩი დაიბადა 1904 წელს პოლონეთში; მისი ოჯახი მამულებს და ყმებს ფლობდა და უზრუნველად ცხოვრობდა; ვლადიმირ ნაბოკოვის მსგავსად, გომბროვიჩი მდიდარი, დახვეწილი აღმოსავლეთევროპული ელიტის წარმომადგენელი გახლდათ და გათვითცნობიერებული იყო ეპოქის ძირითად ტენდენციებში. ვიტოლდმა ძველებური ყაიდის საშინაო განათლება მიიღო მოწვეული უცხოელი პედაგოგების ხელმძღვანელობით. ბისექსუალური მიდრეკილებების გამო მას სასიამოვნო და სამარცხვინო თავგადასავლები შეემთხვა გარეუბნებში, რაც უწინ, შესაძლოა, არ შეესაბამებოდა ეპოქის ნორმებს. ეს აისახა მის მემუარებში – “ერთგვარ ანდერძში” და, უფრო დეტალურად, დღიურებში აღწერილ რეტირო-პარკის თავგადასავლებში. გომბროვიჩი იმ იშვიათ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც თავიანთი თავი ლიტერატურულ სუბიექტად აქციეს. მან, მხატვრული ნაწარმოებებისა და პიესების გარდა, შექმნა პარალელური ოპუსი, რომელშიც თვითკომენტირებას მიმართავს. ახალგაზრდობისას გომბროვიჩმა გამოაქვეყნა ადრეული ნოველების კრებული (“ბაკაკაი”), რომანი (“ფერდიდურკე”) და პიესა, რომელიც არ დადგმულა, მაგრამ მწერალი პოლონური კულტურული ცხოვრების პერიფერიაზე რჩებოდა და დემონსტრატიულად არ ჯდებოდა ლიტერატურის მღალ მაგიდასთან (ასეთი დამოკიდებულება სჩვეოდა: სანამ თქვენ ამითვალწუნებდეთ, მე აგითვალწუნებთ).

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე 35 წლის გომბროვიჩი არგენტინაში გაემგზავრა. როდესაც ბუენოს-აირესში ჩავიდა, შეიტყო, რომ მისი სამშობლო ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. გემით ინგლისში დაბრუნების ნაცვლად გომბროვიჩმა არჩია დარჩენა არგენტინაში, სადაც – ყველასგან დავიწყებულმა – მომდევნო ოცდასამი წელი სიღარიბეში გაატარა.

ევროპაში გომბროვიჩის ნაწარმოებები მოგვიანებით გამოქვეყნდა პოლონურ ემიგრანტულ ჟურნალებში, შემდეგ – თვით პოლონეთში. დაიწყო მათი თარგმნაც ევროპულ ენებზე. მოულოდნელად მწერალს საკმარისი სახსრები აღმოაჩნდა, რათა ევროპაში დაბრუნებულიყო და საფრანგეთში დასახლებულიყო. აქ მან ცოლად შეირთო კანადელი (ეროვნებით ფრანგი) ქალი, რომელთანაც სიცოცხლის უკანასკნელი რამდენიმე წელი გაატარა. ვიტოლდ გომბროვიჩი სამოცდახუთი წლისაც არ იყო, რომ გარდაიცვალა ასთმისა (რომელიც მისი ოჯახის მემკვიდრეობითი დაავადება გახლდათ) და გულის უკმარისობისგან. გარდაცვალებამდე მწერალი დარწმუნდა, რომ მისმა პროზამ ფართო აღიარება მოიპოვა, დრამატული თხზულებები წარმატებით იდგმებოდა და დიდძალი შემოსავლებიც მოუტანა ავტორს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან დაასრულა მუშაობა თავის მეოთხე რომანზე “კოსმოსი”, რომლის თაობაზეც ქვემოთ ვიმსჯელებთ.

“კოსმოსი” მომცრო რომანია. ჩემი ეგზემპლარი დაახლოებით 157 გვერდს მოიცავს (ესაა 1979 წლის გამოცემა რომანისა, რომელიც ფრანგულიდან თარგმნა ერიკ მოსბახერმა; არსებობს პოლონურიდან ნათარგმნი უფრო გვიანდელი – იელის უნივერსიტეტის – გამოცემაც, რომელიც, რა თქმა უნდა, უფრო ზუსტია, მაგრამ მოსბახერისეული თარგმანი ძალიან მიყვარს, თანაც ის უკვე აჭრელებული იყო ჩემი შენიშვნებით, როდესაც ახალი თარგმანი გამოქვეყნდა). რომანში, რომელიც ათ თავს მოიცავს, სიუჟეტური ხაზი შუაში წყდება, ამიტომ მას უფრო დიპტიქს ვუწოდებდი: პირველ ოთხ თავში ერთი ხაზი ვითარდება, ორი შუა თავი გარდამავალია, თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ხოლო ბოლო ოთხი თავი სხვა ამბავს აღწერს და აქ დამატებითი პერსონაჟებიც შემოდიან.

პირველ ოთხ თავში ორი სტუდენტი – ფუქსი და ვიტოლდი (ის პირველ პირში და რეტროსპექტულად მოგვითხრობს ამბავს), რომელთაც ვარშავა დაუტოვებიათ, დახეტიალებენ და ეძებენ ღამის გასათევ ადგილს ტატრის მთების ძირას გაშენებული სამხრეთპოლონური ქალაქის, ზაკოპანეს მახლობლად. გზასთან, ტყეში ისინი შეამჩნევენ უცნაურ სანახაობას – ვიღაცას ხის ტოტზე მიმაგრებულ მავთულზე ჩამოხრჩობილ ბეღურას. ამის შემდეგ სტუდენტები იქირავებენ ოთახს იქვე მდებარე პანსიონატში, რომლის მეპატრონეა ვოიტისების ოჯახი: სამსახურიდან გადამდგარი ბანკის თანამშრომელი ლეონი, მისი ცოლი კულკა, დისშვილი (და მსახური) კატასია (ტუჩზე დაჩნეული ნაჭრილობევით), ვოიტისების ქალიშვილი ლენა და ლენას ქმარი, არქიტექტორი ლუისი (ისინი ახალდაქორწინებულები არიან).

ვიტოლდი მყისვე იგრძნობს ლტოლვას ლენასადმი, ეს უკანასკნელი კი ჭაბუკის ცნობიერებაში ასოცირდება კატასიას მახინჯ ტუჩში ხორცშესხმულ ბიწიერებასთან (თუმცა, ფაქტობრივად, მკითხველს ის ბიწიერად არ ეჩვენება). ამავე დროს ფუქსი და ვიტოლდი იწყებენ დაკვირვებას ოდნავ შესამჩნევ, მაგრამ შთამბეჭდავ განმეორებად მოვლენებზე (დაწყებული ჩამომხრჩვალი ბეღურით), რომელთა შორისაა იდუმალი ფიგურები და ლაქები ჭერზე, ბაღში თოკზე დაკიდული ხის ნაფოტი, და ა.შ. სამხილების ძებნისას ისინი შეიჭრებიან კატასიას ოთახში (თან შეაქვთ კოლოფში ჩასმული გომბეშო – თუკი კატასიას ოთახში წაუსწრებდენ, იტყოდნენ, ქალის დაშინება გვინდოდაო; გომბეშო, ნაწილობრივ, განმეორებად სახეთა რიცხვში შედის – ვიტოლდის აზრით, კატასიას ტუჩები რეპტილიისას წააგავს, რადგან ჰორიზონტალურად მოძრაობს და არა ვერტიკალურად); შემდგომ ვიტოლდი ლენას ფანჯრის წინ ხეზე აძვრება და ფარულად აკვირდება, როგორ ემზადება ქალი დასაძინებლად (ხედავს, როგორ გადასცემს ქმარი ლენას ჩაიდანს, რომელიც სექსუალური ლტოლვის იუმორისტული, სიურრეალურ-ფროიდისტული სუბსტიტუტია და მიუთითებს მამაკაცის ერთგვარ “კასტრირებაზე”); ბოლოს, მძაფრი, თავშეუკავებელი ლტოლვის კარნახით ვიტოლდი ახრჩობს ლენას კატას და მის ლეშს ბაღში კაუჭზე ჰკიდებს.

მეხუთე თავში აღწერილია შედეგები. ფუქსი დეტექტივის როლს თამაშობს; პერსონაჟები თავს იყრიან კატის ირგვლივ და მსჯელობენ მოვლენათა შესაძლო თანმიმდევრობისა და სავარაუდო დამნაშავეთა შესახებ, შემდეგ ყველა გადადის სასადილო ოთახში, ლუისი კი მარხავს კატას. მეექვსე თავში ლეონი არღვევს კატის მკვლელობით წარმოქმნილ დაძაბულობას იმის მეშვეობით, რომ ყველას სთავაზობს ექსკურსიას მთებში იმ პანორამის სანახავად, რომელიც ბავშვობიდან კარგად ახსოვს. ორი ღია კარეტით მიემგზავრებიან და გზად გაიცნობენ მოხეტიალე მღვდელს და კიდევ ორ ახალდაქორწინებულ წყვილს – ლენას მეგობრებს: ლოლას და ლოლოს, აგრეთვე ტოლოსა და იადეჩკას.

ბოლო ოთხ თავში ვითარდება ურთიერთდაკავშირებული სიუჟეტური ხაზები – ტყის ან უდაბნოს მოტივი აქ, როგორც ჩანს, ნასესხებია შექსპირისგან (ან ნებისმიერი სხვა მწერლისგან, მაგალითად, ჯეინ ოსტინის “მენსფილდ-პარკიდან”). მთებსა ან ტყეში ყოფნა გზას უხსნის ეროტიკული და სახიფათო თამაშების ყველა სახეობას. ვიტოლდი მარტო დახეტიალობს და შემთხვევით ხვდება ასევე მარტოდ მოხეტიალე ლენას; შესაძლებელი, მაგრამ გაუგებარია, იზიარებს თუ არა ქალი ვიტოლდის გრძნობას; ისინი ერთიმეორის გვერდით დგანან, მაგრამ არ ელაპარაკებიან ერთმანეთს, რადგან ჭაბუკს არ ძალუძს, იმოქმედოს საკუთარი სექსუალური იმპულსის კარნახით, რომელიც რაღაც უჩვეულო მიზეზით დამახინჯდა მასში, ჩაზრდილი ფრჩხილის მსგავსად; მას არ ძალუძს სიყვარული, რადგან სძულს საკუთარი თავი (ცხადია, მამაკაცი შეიძლება დათრგუნოს იმან, რომ ქალის კატა დაახრჩო და მისთვის არაფერი უთქვამს).

ვიტოლდი კვლავ დახეტიალობს და პოულობს განმარტოებულ ლეონს; ისინი დიდხანს საუბრობენ ფარული მასტურბაციული ჩვევების შესახებ, რომლებსაც მიმართავს ადამიანი სამყაროში, სადაც ყველა ერთმანეთს თვალყურს ადევნებს (ლეონის შემთხვევაში ასეთები გახლავან მისი ბანკის მენეჯერი და ცოლი, კულკა).  ლეონის აღიარებით, მან ყველანი ამ ადგილას მიიყვანა არა ხედის გამო (უკვე დაბინდდა), არამედ იმისთვის, რომ გაეხსენებინა ცხოვრებაში საუკეთესო სექსუალური აქტი, რომელიც ახალგაზრდობისას ტყეში განიცადა მზარეულ ქალთან (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოცდაათი წლის წინ დატკბა ორალური სექსით კლდის ძირას, რაზეც შემდგომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ოცნებობდა, ახლა კი თავისი ოჯახი მათ მეგობრებთან ერთად აქ მოიყვანა, რათა ხელახლა განეცადა ის მომენტი. ესაა რომანის კულმინაციური სცენა).

ლოლას და ლოლოს სძულთ იადეჩკა; ისინი ეკეკლუცებიან იადეჩკას ქმარს, კავალერიის ოფიცერს; ფუქსი აკვირდება, როგორ ეხუტება იადეჩკა ლოლოს სიბნელეში; ქსენძი მომნუსხველად ათამაშებს თითებს; სადილობისას ყველა თვრება და ვიტოლდი ხედავს, როგორ აღებინებენ ქსენძი და იადეჩკა პარმაღზე. ღამდება. ვიტოლდი კვლავ დახეტიალობს ტყეში და იპოვის ტოტზე ჩამომხრჩვალ ლუისს. ეს აშკარად თვითმკვლელობაა. ჰიპერეროტიკული (ან ჰომოეროტიკული სიმბოლოთქმნადობის) აქტის დროს ის გვამს პირში თითს შეუყოფს და გადაწყვეტს, ჩამოახრჩოს ლენა. მაგრამ თავდაპირველად მიდის გვამთან, უხეშად ხელს ჰკრავს და პირში თითს შეუყოფს, შემდეგ კი დაეწევა ლენას, ფუქსს და ახალდაქორწინებულებს, რომლებიც წყვდიადში ლეონს მიჰყვებიან. კულმინაციურ მომენტში ყველანი ერთად დგანან, სიბნელეში ვერაფერს ხედავენ, ხოლო ლეონი, როგორც ჩანს, მასტურბაციას ეწევა იმ კლდის ძირას, რომელიც, სავარაუდოდ, არის (ან არ არის) ის ადგილი, სადაც მზარეულმა მრავალი წლის წინ დაატკბო. შემდეგ იწყება წვიმა და გადავინაცვლებთ პასაჟზე, რომელშიც შედეგებია აღწერილი: ლენა გაცივდება და ავად გახდება. ვიტოლდი მიემგზავრება შინ, მშობლებთან. უკანასკნელი სტრიქონი გვაუწყებს: “დღეს ქათმითა და ბრინჯით ვისადილეთ”.

ეს ბუნდოვანი, კომიკური და ძალზე უცნაური, აბსურდული საშინელებათა რომანი ისევე გვაშფოთებს, როგორც – “ზაფხულის Fღამის სიზმარი”. გომბროვიჩი შესანიშნავი დრამატურგი და პაროდისტია, ამიტომ აქ გვხვდება თეატრალური პოლილოგები, მრავალფეროვანი სცენისმიღმა აკუსტიკური ეფექტები, დრამატული სცენები, მონოლოგები და (როგორც დავითვალე) შვიდი საერთო საუბარი სასადილო მაგიდასთან; “ერთგვარ ანდერძში” გომბროვიჩი ამ რომანს თავის ყველაზე ბუნდოვან ნაწარმოებს უწოდებს. უთავბოლო სასიყვარულო სიუჟეტის მიღმა იგრძნობა რაღაც საზარელი და ულმობელი, რაც მთხრობელს აწამებს გარდაუვალი ლოგიკით; და ეს საზარელი და ულმობელი რამ სხვა არაფერია, თუ არა ფორმა. რომანის ფანტასტიკურად დამუშავებული სტრუქტურა – განმეორებები, ლაიტმოტივები, ასოციაციები, თემატური მედიტაციები და ჩამოთვლები თანდათანობით ბედისწერის როლში გვევლინება და განუხრელად მიჰყავს ნაწარმოები ფინალისკენ. მოდელი რეალობად იქცევა. “ჩამომხრჩვალი და მე ერთი და იგივე ვიყავით” – ფიქრობს ვიტოლდი ერთ შემზარავ მომენტში, როდესაც გადაწყვეტს ლენას ჯალათად იქცეს. ამიტომ რომანის ორი ნახევარი ურთიერთსიმეტრიულია; პირველი ნახევრის ბოლოს ვიტოლდი მეტონიმიურად ჩამოახრჩობს ლენას (ჩამოახრჩობს მის კატას); მეორე ნახევრის დასასრულს კი გადაწყვეტს, ჩამოახრჩოს თვით ქალი.

ტრადიციულ რომანში სიუჟეტს მოტივი წარმართავს. “კოსმოსში” გვხვდება ვითომდა ტრადიციული სიუჟეტი, მაგრამ ის, არსებითად, სიუჟეტის პაროდიაა. ასე იქცევა ავტორი, რომელიც, გომბროვიჩის მსგავსად, ფორმალისტია, მაგრამ ცდილობს თავი დააღწიოს ფორმის საზღვრებს. ეგრეთ წოდებული ტრადიციული სიუჟეტი მოიცავს ვიტოლდის ფარულ ლტოლვას ლენასადმი. ვიტოლდ-ლენას სიუჟეტური ხაზი იწყება რომანის პირველსავე გვერდებზე, როდესაც ორ სტუდენტს უჩვენებენ ოთახს, სადაც ისინი უნდა დაბინავდნენ.

 მზის სხივი, რომელმაც დარაბებში შემოაღწია, ანათებდა იატაკის ნაწილს, გარედან ოთახში იჭრებოდა, აგრეთვე, სუროს სურნელი და მწერების ზუზუნი. და სწორედ აქ ვიხილე ის, რამაც გამაკვირვა – ერთ-ერთ საწოლზე ქალი იწვა და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს იქ რაღაც უჩვეულო იყო იმაში, თუ როგორ იწვა ის, თუმცა ვერ ვხვდებოდი, რაში მდგომარეობდა ეს უჩვეულობა – იმაში, რომ ზეწარზე კი არ იწვა, არამედ მხოლოდ ლეიბზე. თუ იმაში, რომ ერთი ფეხი საწოლის რკინის ცხაურზე ედო და ლეიბი ცოტათი გვერდზე გადაწეულიყო და ფეხისა და ლითონის ცხაურის ამ კომბინაციამ გამაოგნა იმ ცხელ, მოზუზუნე დღეს. (ხაზგასმა ჩემია – დ. გ.)

აქ მოვიყვანე გრძელი პასაჟი, რადგან სწორედ მასშია დნმ ან დაღი მთელი ნაწარმოებისა, რომელიც იწყება ეპანალეფსისური ზუზუნით, რათა ვიტოლდისეული ხილვა ეროტიკული ქალურობის ჩარჩოში ჩასვას, ქალისა, რომელსაც ის ვერ დაეუფლება (დონ კიხოტის დულსინეა). სიტყვა “ზუზუნი”, რომელიც რომანის მთელ ტექსტში მეორდება, მიგვანიშნებს ქაოსზე, ნედლი გრძნობადი შთაბეჭდილებების ნაკადზე, რომელსაც სამყარო გვაწვდის.

ქაოსური ფრეიმის მიღმა ვიტოლდი ამჩნევს ეროსის ნიშანს – ესაა საწოლზე უჩვეულო პოზაში მოკუნტული ქალი, რომელსაც, შესაძლოა, სძინავს ან ფიქრებშია ჩაფლული, ან – დიახაც – მასტურბაციას ეწევა (ძირითადი მოტივი ტექსტის მომდევნო ნაწილებში) აქოთებულ საწოლზე. კომიკურად გამოყოფილი ფეხის მეზობლობა ლითონის ცხაურთან უცნაური, სადომაზოხისტური ელემენტით ამდიდრებს იმ სურათს, რომელიც აოგნებს ვიტოლდს. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ვერ ხვდება, თუ სახელდობრ რა აოგნებს P – ეს სურათი ზემოქმედებს მის ქვეცნობიერზე, ლტოლვათა სფეროზე.

ან: ობიექტი წამოიქმნება ქაოსური გრძნობადი შთაბეჭდილებების ამ რიტორიკული ფრეიმის მიღმა; ესე იგი, ლენას პოვნაც ეპისტემური მომენტია – ამოცნობის მომენტი (პლატონი, კანტი). “კოსმოსში” მრავლად ნახავთ ამგვარ იკონურ სურათებს, მეტაფორებითა და ანალოგიებით გაჯერებულ სცენებს; გომბროვიჩს ესმის, რომ ყველა ობიექტი ლტოლვის ობიექტია, რომლებიც ეროსითაა გაჯერებული მათი გაღვიძების მომენტში; ეპისტემური მომენტი კი სექსუალური ამოცნობის მომენტის პარალელურია; რომანში ლტოლვის დუალური სტრუქტურა ამგვარია: ვიტოლდი მიისწრაფვის მიუწვდომელი ლენასკენ, იმავდროულად, ცდილობს, მოზუზუნე ქაოსში გამოყოს მოდელი და წესრიგი, და, თანაც, სწვდება ყველა ლტოლვის ეროტიზებულ არსს. რა თქმა უნდა, მძაფრი, სადომაზოხისტური ასპექტები ასახავს რწმენას, რომ, საზოგადოდ, ცოდნა (იხ. ფუკო) შელახულია ძალაუფლებრივი მიმართებებით.

ამ ძირითადი მომენტიდან მოყოლებული, სიუჟეტი ერთგვარი ექსცენტრიკული გარდუვალობით ვითარდება. ვიტოლდი შეიტყობს, რომ ლენა გათხოვილია. ის აკავშირებს ქალის მშვენიერ ბაგეებს კატასიას დეფორმირებულ ტუჩებთან, და აეკვიატება ფიქრი სიმახინჯის შესახებ. ვიტოლდი ეტრფის ქალს (დაOფიქრობს, რომ ლენა, შესაძლოა, ეკეკლუცება მას) ძალზე მხიარული და ბავშვური ხერხით (წუთების მაჩვენებელი ისრის მოძრაობებით). ის ხეზე აძვრება და უთვალთვალებს დასაძინებლად გამზადებულ ქალს. კლავს მის კატას. შემდეგ კვლავ ელაციცება ლენასO(სასადილო მაგიდაზე თავის ხელს მის ხელს მიუახლოებს და მისსავე კოვზს ეხება – იმავდროულად ლენა ეხება თავის კოვზს, რაც ვიტოლდს ძალზე აღაგზნებს). ბოლოს, ტყეში განმარტოებულნი, ისინი მდუმარედ დგანან ერთიმეორის გვერდით, და ვიტოლდი მდუმარედ ფიქრობს, რატომ ვერაფერს უმხელს ლენას.

ესაა სიყვარულის თემის კულმინაცია “კოსმოსში” – მომენტი, როდესაც ვიტოლდის მტანჯველი ვნება შიგნით შებრუნდება და თავის თავს ანადგურებს; ან, ყოველ შემთხვევაში, წყვეტს უშუალო კავშირს ობიექტთან (ლენასთან). ვიტოლდის აბსოლუტური უუნარობა, გასცდეს საკუთარი ცნობიერების ფარგლებს, განაპირობებს მის მიდრეკილებას თვითუარყოფისა, გადახრებისა და ძალმომრეობისადმი (ან მასტურბაციისადმი). ლენასთან სექსუალური ურთიერთობის ნაცვლად ის ახრჩობს ქალის კატას. ლენასთან ტყეში გატარებული სცენის შემდეგ ვიტოლდი პოულობს ლენას ქმარს, რომელიც ჩამომხრჩვალი ჰკიდია ტყეში და განახორციელებს სიმბოლურ სქესობრივ აქტს მასთან (მიცვალებულს პირში თითს უყოფს – დამერწმუნეთ: რომანის ტექსტში მრავლადაა მინიშნებები იმის დასასაბუთებლად, რომ გომბროვიჩისთვის თითი აქ პენისს განასახიერებს).

ამგვარად, რომანის სიუჟეტი გამასხრებული კლასიკური სასიყვარულო ისტორიაა – პაროდია ანტიკურ “ტკბილ-მწარე” ეროსზე, სიყვარული, რომელიც არასოდეს კმაყოფილდება, სიყვარულით დასენიანება, როგორც უწინ ხდებოდა ხოლმე. გამასხრების ობიექტი ავადმყოფურია (ამ სიტყვის დადებითი მნიშვნელობით), ქარაფშუტული, უბადრუკი, სიურრეალური (არაუშუალო) და ფროიდისტული (განდევნა და უგულებელყოფა). ამასთან, აქ ყოველთვის თავს იჩენს გომბროვიჩისეული სექსუალური უმდგრადობა: ვიტოლდის სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ, რომლის არავითარი საბაბი არ შეიმჩნევა ტექსტში, და მისივე საბოლოო სექსუალური აქტი მიცვალებულთან, სექსი სიკვდილთან.

იმავდროულად, ესაა შემეცნების აქტის (და, იმავდროულად, რაიმეს ჭეშმარიტი შემეცნების შეუძლებლობის) ალეგორიული რეკონსტრუქცია, მიმართება ცნობიერებასა და მის ობიექტს, სხვას, ჭეშმარიტებას შორის. ეს მიმართება აქ წარმოდგენილია, როგორც ნაკლულევანი რამ და, იმავდროულად, როგორც რომანტიკული სიყვარული, მთელი თავისი სირთულით. ცოდნა, ამ გაგებით, ოდენ დამატკბობელი რამაა. გომბროვიჩი ყველგან იყენებს სიტყვას “თანავარსკვლავედი”, რათა დაახასიათოს ამ ტიპის ცოდნა – თანავარსკვლავედი, როგორც ვარსკვლავთა ერთობლიობა, მაგალითად, დიდი დათვის თანავარსკვლავედი. ცაში არ არსებობს დიდი დათვი. უბრალოდ, ვარსკვლავების გარკვეული კონფიგურაცია ჩვენ მივამსგავსეთ დიდ დათვს. მთელი ცოდნა თანავარსკვლავედის იდეას ექვემდებარება. ესაა ფორმის ხელოვნური, ჩვენეული პროეცირება შემთხვევითობაზე. ამგვარად, ერთი მხრივ, თანავარსკვლავედი და, მეორე მხრივ, ზუზუნი წარმოქმნიან დაპირისპირებულთა სტრუქტურულ წყვილს, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, წესრიგსა და ქაოსს; ვიტოლდი და ფუქსი ყოველთვის ცდილობენ აღმოაჩინონ წესრიგი მოზუზუნე ქაოსში, ესე იგი, დაადგინონ ფაქტები, გაიაზრონ მოვლენები.

გომბროვიჩს სძულს ფორმა და, ამასთანავე, უყვარს ის; არ ძალუძს თავი აარიდოს ფორმას, რადგან ეს შეშლილობას (შიზოფრენიას) დაემსგავსება და, გარდა ამისა, უყვარს თამაში ფორმალური ელემენტებით. ამგვარად, ის მიმართავს ფორმის პაროდირებას, ჰიპერბოლიზებას და თავდაყირა აყენებს (ფორმის ერთგვარი “ამოტრიალება” ავანგარდული რომანის საკვანძო სტრუქტურული ხერხია). ის წერს საშინელებათა რომანს, რომელშიც მოდელი (ფორმა) იქცევა ადამიანის – პერსონაჟის – უსასტიკეს მტრად.

ტრადიციულ რომანში წინა პლანზე გამოდის სწორედ სიუჟეტი, როგორც ტექსტის საფუძველი; წარმოსახვის, სახეების, თემის, განმეორებებისა და ასოციაციების ქსოვილი წარმოქმნის ფონის სტრუქტურულ სიმკვრივეს. “კოსმოსში” გომბროვიჩს სტრუქტურა, სახეები, განმეორებები და ასოციაციები წინა პლანზე გამოაქვს და ასუსტებს სიუჟეტის როლს; ფაქტობრივად, სიუჟეტი რამდენადმე აბსურდულიცაა ჩვეულებრივ პირობებში – შეკვეცილი, დარღვეული და პაროდიული. გომბროვიჩი მიმართავს ამ ტრადიციული ნარატიული სტრუქტურების ჰიპერბოლიზებას, მრავლად იყენებს ხერხებს, რომლებსაც თითქოს მხოლოდ ორნამენტული ფუნქცია აქვთP- ესაა სახეებისა და სიტყვების მოდელირება, განმეორება, თემატური გაძლიერება, ანალოგიები – შემდეგ კი ანგრევს რომანის ტრადიციულ ორიენტაციას და საშუალებას აძლევს ორნამენტებს, განსაზღვრონ პერსონაჟთა ქმედებები; განმეორების პრინციპი აუფერულებს სიუჟეტს.

მეექვსე თავში, ექსკურსიის დასაწყისში ვიტოლდი, კატის მკვლელობის შემდეგ მიისწრაფვის ფორმის უხიფათობისა და პროგნოზირებადობისადმი, ამბობს, იქნებ არსებობს ლიტერატურული ხერხი, რომელსაც დავექვემდებარებიო:

“რას ვეძებდი, რას? ძირითად თემას, ლაიტმოტივს, ერთგვარ ღერძს, რომლის ირგვლივაც ჩემი პიროვნების აღდგენას შევძლებდი?”

არსებითად, ეგრეთ წოდებული “ლაიტმოტივის” სიუჟეტი – ჩამოხრჩობის ან საშინელებათა სიუჟეტი ვითარდება მაშინ, როდესაც ვიტოლდი გააცხადებს თავის ლტოლვას. მაგრამ ის იწყება ტრადიციულ სასიყვარულო სიუჟეტამდე, რომანის მეორე გვერდზე, როდესაც ვიტოლდი და ფუქსი ამჩნევენ მკვდარ ბეღურას ტყეში, გზის მახლობლად. და, ვიმეორებთ, ობიექტი წარმოიშობა ქაოსიდან, ტყის შთაბეჭდილებების ფანტასმაგორიებიდან ზუსტად ისევე, როგორც ლენა გამოჩნდება აულაგებელ საწოლზე.

 “ეს ბეღურა იყო. მავთულზე ბეღურა ეკიდა. ჩამომხრჩვალი. პატარა თავი მოღრეცოდა, ნისკარტი კი ფართოდ გაეღო. ხის ტოტზე მიმაგრებულ მავთულზე ეკიდა.

 რა უცნაურია. ჩამომხრჩვალი ჩიტი. ჩამომხრჩვალი ბეღურა. ეს ექსცენტრიულობა, რომელიც ღაღადებდა მთელი ხმით და მიუთითებდა, რომ ამ უღრანში ადამიანის ხელი შეიჭრა. მაგრამ ვის უნდა ჩაედინა ეს და რატომ? გზას ვიკვლევდი ჩემი აზრების უღრანში, ამ გაბარდნილ მცენარეებში, მათი მრავალფეროვანი კომბინაციებით, ხოლო რკინიგზაზე ჯაყჯაყმა, ღამემ, უძილობამ, ჰაერმა, მზემ და ხეტიალმა ფუქსთან ერთად, იასიამ და დედაჩემმა, წერილთან დაკავშირებულმა სკანდალმა, მოხუცთან წალაპარაკებამ, იულიუსმა, აგრეთვე – ფუქსის კინკლაობამ სამსახურში თავის უფროსთან (რის შესახებაც მიამბო), და ოღროჩოღრო გზამ, კენჭებმა, ფოთლებმა და საერთოდ, მთელმა ამ მცენარეულობამ – ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია, თითქოს ბრბოს მოედრიკა მუხლი ამ ჩამოხრჩობილი ბეღურის წინაშე – ბეღურისა, რომელიც ტრიუმფალურად და ექსცენტრიკულად მეფობდა აქ, ამ კუთხეში”.

მთელი პასაჟი მოვიყვანე, რადგან აქ კვლავ წარმოდგენილია მთელი რომანის დნმ, ქაოსის ეკრანზე წარმოჩენილი ობიექტი. ლენა უჩვეულო იყო, ბეღურა ექსცენტრიულია – უცნაური იპყრობს ცნობიერი სუბიექტის ყურადღებას. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს წინაშე ლტოლვის ტრადიციული ობიექტი კი არაა, არამედ – უჩვეულო სურათი, რომელიც არსაიდან მოდის და არსად მიდის; ის შემაშფოთებელია, საინტერესო და სიმბოლური, იზიდავს გონებას, მაგრამ აბნევს კიდეც მას. როდესაც ფუქსი და ვიტოლდი აღმოაჩენენ ბაღში თოკით დაკიდებულ ხის ნაფოტს, ვიტოლდის მანიაკალური გონება აღიგზნება, ის გაგუდავს და ჩამოახრჩობს კატას, შემდეგ ტყეში ბრუნდება და კვლავ პოულობს ბეღურის უკვე საკმაოდ შელახულ გვამს.

 “…ბეღურასთან მივედი. გაღიზიანებული გახლდით შეუსაბამო როლით, რომელსაც ჩემს აზრებში ასრულებდა. მისი ხატება ამეკვიატა და ვერ ვიშორებდი, თუმცა კი ვერაფერს ვუკავშირებდი… არსებითი ის იყო, რომ რაღაც განუწყვეტლივ გამოდიოდა წინა პლანზე, სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდებოდა. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც კატა არა მარტო გავგუდე, არამედ – ჩამოვახრჩვე კიდეც…. რა თქმა უნდა, ჩამოვახრჩვე, რადგან არ ვიცოდი, სად წამეღო ლეში… დიახ, დიახ, და ეს ჩამოხრჩობა – ჩემ მიერ ჩადენილი – უკავშირდებოდა ბეღურის ჩამოხრჩობასა და ნაფოტის დაკიდებას. ეს სამი ქმედება განსხვავდებოდა ორი ჩამოხრჩობისგან. ერთობლივად ისინი უკვე რაღაცას შეადგენდნენ”.

მკითხველი იძულებულია, საგანგებო ყურადღება მიაქციოს სიტყვა “რაღაცის” განმეორებას. “რაღაც” ჩანასახობრივი და ბუნდოვანია, მაგრამ კრისტალიზდება ნარატივის პერიფერიაზე, რასაც აძლიერებს რაოდენობა, განმეორებები და რითმა.

“ამას უნდა მივეყვანე კატასთან. აი, ისიც გამოჩნდაგამოძვრა, მომიახლოვდა, შევეხე. შევეხე დამარხულ, გაგუდულ კატას, რომელიც ბეღურასა და ნაფოტს შორის ეკიდა. სამივენი უძრავად ეკიდნენ იქ, სადაც დავტოვეთ და თავიანთი უძრაობით სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანნი ხდებოდნენ. ოჰ, ეს უწყვეტი შიში… რაც უფრო შორდები, მით უფრო გიახლოვდებიან. რაც უფრო ნაკლებ უმნიშვნელონი და შეუსაბამონი არიან, მით უფრო მეტია მათი ძალა და სისასტიკე. რა ეშმაკეულ მახეში გავები.

ჩამოხრჩობილი ობიექტების ჯერადობა გამოხატავს იდუმალ შიშს, რომელიც აწამებს (მიყვარს ეს პასაჟი, რომელშიც პოსთვის დამახასიათებელი ობერტონები ხმიანობს) ვიტოლდს და, საბოლოოდ, აიძულებს, გაედევნოს ლენას მისი ჩამოხრჩობის მიზნით. სამი განმეორება “რაღაცაა”; ოთხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ლუისი თავს ჩამოიხრჩობს, განმეორება იძულებითია. ის რეალური ხდება მთხრობლის ქცევებსა და მოტივებში.

“უკვე ოთხია. ბეღურა, ნაფოტი, კატა და ახლა ლუისი. რა ჰარმონიაა, რა ლოგიკა…”

ვიტოლდი არა მარტო მონუსხულია ლოგიკით (ესთეტიკური ფორმით, რითმის შემპარავი სიჯიუტით), არამედ იძულებულიცა გაიმეოროს ჩამოხრჩობებისა და პირის მოდელები, რომლებიც იწყება ბეღურის ეპიზოდში (ჩამომხრჩვალი. პატარა თავი მოღრეცოდა, ნისკარტი კი ფართოდ გაეღო). ვიტოლდის ბოლო ქმედებები (მკვდარი კაცისა და ქსენძის პირში თითის შეყოფა) საუკეთესო შემთხვევაში ბუნდოვნადაა მოტივირებული სიუჟეტური ხაზით (გადანაცვლების ფსიქოლოგიური მექანიზმით), მაგრამ საკმაოდ მკაფიოა ესთეტიკური მოტივი – ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს ორი განმეორებადი ხატი.

“იმავდროულად, ღრმა კმაყოფილება ვიგრძენი, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთს დავუკავშირე ‘პირი’ და ‘ჩამოხრჩობა’. ეს სწორედ მე ჩავიდინე. ბოლოს. ვიგრძენი, რომ შევასრულე ჩემი მისია”.

როგორც კი ვიტოლდი გამოხატავს თავის აზრს, ის იწყებს თავისი გადაწყვეტილების განხორციელებას განმეორებადი ხატების, ჩამოხრჩობათა სერიის განვრცობასთან დაკავშირებით.

               “ბეღურა, ნაფოტი, კატა, ლუისი. და ახლა ლენა უნდა ჩამოვახრჩო”.

ესაა მომენტი, როდესაც განმეორებადი ხატი სძლევს სიუჟეტს; ესაა ამოცნობის შესანიშნავი მომენტი, მეტაფიქციური ჟონგლიორობა, რომელიც აშიშვლებს ყველა რომანის საფუძველს (ან სარჩულს), რომლებიც მხოლოდ სიტყვიერად ხორცშესხმული პრინციპებია (და არა რეალური ადამიანები რეალური ემოციებითა და თავგადასავლებით). ან, როგორც როლან ბარტი წერდა თავის სახელგანთქმულ ესეში ბალზაკის შესახებ. “…ნარატივში სწორედ დისკურსი განსაზღვრავს მოქმედებებს და არა – პერსონაჟები”.

ამ სტადიაზე უნდა ვაღიაროთ სირთულე იმისა, რასაც წარმოადგენს “კოსმოსი” – წიგნი, მსოფლიო, სამყარო: გომბროვიჩმა შექმნა საკვირველი, ბრწყინვალე სტრუქტურა, რომელიც ბრუნავს, ჰაერში ლივლივებს, ციმციმებს. პირველ დონეზე – დიადი ქმნილებების განხილვისას კი აუცილებელია დონეების გამოყოფა – გომბროვიჩი გვთავაზობს დეტექტიური ნაწარმოებების, თრილერების, საშინელებათა რომანებისა და სასიყვარულო ნაწარმოებების, მახვილგონიერ, შთამბეჭდავ პაროდიას, და, იმავდროულად, ებრძვის ტრადიციულ ხერხებს (სიტყვიერ შაბლონებს, მყარ ჟანრულ ფორმებს, განმეორებად მოგონებებს, რიტორიკულ სამშვენისებს); ეს რომანი, რომელიც ფორმალური თვალსაზრისით, ტრადიციულია, ფაქტობრივად, უკუღმაა ამოტრიალებული. მეორე დონეზე გომბროვიჩი იჭრება შემეცნების ფენომენოლოგიაში და ასახავს “მეს” დეფორმაციას პიროვნებათშორისი, სოციალური ურთიერთქმედების ზეგავლენით. მესამე დონეზე ის საუბრობს მხატვრული ნაწარმოების შექმნის შესახებ. არსებითად, თემატური ხაზების იერარქია, რომელიც “კოსმოსშია” მოცემული, უფრო ტრადიციულ რომანებში გვერდითი სიუჟეტური ხაზების როლს ასრულებს; მათი სტრუქტურები პარალელურია: სამყაროს შექმნა, “მეს” შექმნა და რომანის შექმნა ანალოგიური ქმედებებია. ამიტომაა, რომ ავტორს ძალუძს, თვალის დახამხამებაში გადაინაცვლოს მნიშვნელობათა ერთი ველიდან მეორეში.

თავის მემუარებში (“ერთგვარი ანდერძი”) გომბროვიჩი გამოთქვამს ორ მნიშვნელოვან თვალსაზრისს “კოსმოსის” შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ის ამბობს, რომ ადამიანისთვის დამახასიათებელია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ლტოლვა – გაექცეს ფორმას და ეზიაროს ფორმას. ერთი მხრივ, ჩვენ განვიცდით სხვების მიერ ჩვენს სოციალურ “დეფორმაციას”, “მეს” განუხრელ შებღალვას გარეშე ფორმების (წესები, ეტიკეტი, სახეობა, წესრიგი, სიტყვიერი ფორმულები) ზეგავლენით. სხვისი მზერა, ასე ვთქვათ, ამახინჯებს “მეს” ფორმას (როგორიც უნდა იყოს ის), ინფანტილურებსა და გულჩათხრობილებს გვხდის. ამიტომაა, რომ ლეონი, თავისი ბანკის მენეჯერისა და თავისი ცოლის ფხიზელი მზერის გავლენით, იკეტება უბადრუკი მეამბოხური რიტუალებისა და მასტურბაციის დახშულ წრეში.

მეორე მხრივ, ისევე, როგორც ვიტოლდი (“კოსმოსის” პერსონაჟი), ვემორჩილებით იმას, რასაც გომბროვიჩი ფორმალურ იმპერატივს უწოდებს – ესაა “ჩვენი შინაგანი მოთხოვნილება, სრულვყოთ ნაკლულევანი ფორმა”.

 “…ადამიანის სულის სიღრმითი არსი მოიცავს იმას, რასაც ‘ფორმალურ იმპერატივს’ ვუწოდებ და რაც, ჩემი აზრით, ახასიათებს ყოველ ცოცხალ არსებას. მაგალითად, ჩვენი თანდაყოლილი მოთხოვნილებაა, სრულვყოთ ის, რაც ნაკლულვანია; ყოველი ფორმა, რომელიც სრულქმნილი არაა, უნდა შეივსოს, დასრულდეს. როდესაც ვამბობ A-ს, იძულებული ვარ, ვთქვა B-ც და ა.შ. ეს აზრი განვითარებას საჭიროებს, რადგან, ფორმისთვის დამახასიათებელი ერთგვარი ლოგიკის შესაბამისად, ჩემს შემოქმედებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. “კოსმოსში” ამბავი შედგება გარკვეული ფორმებისგან, რომლებიც თავდაპირველად ემბრიონული სახისაა, შემდეგ ფესვს იდგამს ნაწარმოებში და თანდათან სულ უფრო მეტად მკაფიო ხდება… ჩამოხრჩობის მოტივის მსგავსად…”.

ეს ანტინომია, ეს პარადოქსი გომბროვიჩის აზროვნების არსს წარმოადგენს. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ჩვენ, ადამიანები, სხვადასხვაგვარი საგნები კი არ ვართ, არამედ – ვმერყეობთ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ლტოლვას შორის – ფორმისკენ და ფორმის წინააღმდეგ. ეს, აგრეთვე, განმარტავს, რატომ უგულებელყო მწერალმა ტრადიციული, ნატურალისტური რომანული ფორმა და რატომ იყენებს ირონიას მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სტრობოსკოპისებური მანერით. “კოსმოსად” წოდებულ რომანში ის გაურბის რომანს.

გარდა ამისა, გომბროვიჩი წერს: “კოსმოსი” არის რომანი, რომელიც განუყოფელია თავისი ფორმალური სპეციფიკისგან”. აქ მწერალი აღიარებს, რომ “კოსმოსში”, ფორმა ქმნის შინაარსს, ესე იგი, ასახვის სტრუქტურა (ჩამოხრჩობა 1, ჩამოხრჩობა 2, ჩამოხრჩობა 3) მოითხოვს ჩამოხრჩობილთა რაოდენობრივ მატებას (ჩამოხრჩობა 4 და პოტენციური ჩამოხრჩობა 5, ანუ ლენას ჩამოხრჩობა). თითქოსდა შემთხვევითი, დაუკავშირებელი ნიშნები ვიტოლდის გონებაში ერთმანეთს უკავშირდება, შემდეგ ეუფლება მის გონებას და გამოიხატება იმ აქტში, რომლის ახსნა ფსიქოლოგიური წარმოდგენების მეშვეობით შეუძლებელია. მეტონიმია რეალობად იქცევა.

ტრადიციული რომანები ემყარება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების საფუძველზე შემუშავებულ წარმოდგენებს: ადამიანები მეტ-ნაკლებად გარკვეულნი არიან საკუთარ თავში, შეუძლიათ ჩამოაყალიბონ აზრები, შეიმუშაონ მიზნები და განახორციელონ საკუთარი სურვილები. თუ მეოცე საუკუნეში ფილოსოფიამ ეჭვქვეშ დააყენა ეს ყოველდღიური წარმოდგენები. თუ ფილოსოფიურ ცნებებში რეალობა ისეთად არ წარმოგვიდგება, როგორიც გვგონია, როგორი უნდა იყოს რომანი? “კოსმოსში” გომბროვიჩის alter ego – ვიტოლდი ერთმანეთთან შეაჯერებს რეალობის ორ სახეობას, ლოგიკის ორ სახეობას: ფორმის ესთეტიკურ ლოგიკას და ყოფით – ასევე საეჭვო (ახლა ეს უკვე ვიცით) – ლოგიკას მოტივისა და მიზეზისა.

 “უკვე ოთხია. ბეღურა, ნაფოტი, კატა, და ახლა ლუისი. რა ჰარმონიაა, რა ლოგიკა… მაგრამ ეს იყო ტლანქი ლოგიკა, ძალზე პირადული და მხოლოდ ჩემი… არსებობდა სხვა შესაძლებლობაც ფორმალური ლოგიკის ფარგლებში. ის შეიძლებოდა შანტაჟის მსხვერპლი ყოფილიყო, იქნებ, ვიღაც სდევდა მას…”

ყოველდღიური ადამიანური გამოცდილების ასახვისას გომბროვიჩი ფორმის იდუმალ და უმოწყალო ლოგიკას (რომლის გამოც “კოსმოსს” თავის ყველაზე ბუნდოვან რომანად მიიჩნევდა) იყენებს. სტრუქტურული (ესთეტიკური) განმეორება რომანში თანდათან აღიჭურვება ბედისწერის ძველთაძველი ატრიბუტებით; რადგან რა იყო ატრიდთა სახლის წყევლა, თუ არა ფორმა, რომელიც გარდაუვალად გადადიოდა ერთი თაობიდან მეორეზე?

ვიტოლდი აღმოაჩენს, რომ ფორმის (წარმოდგენათა სერიის) მახეში გაება, განმეორებათა მახინჯ ლოგიკაში გაიხლართა. როგორც ვთქვი, “კოსმოსი” საშინელებათა რომანია. ჩამომხრჩვალი ადამიანის პოვნისას ვიტოლდი ფიქრობს: “ჩემი შიში – რადგან ეს შიში იყო – განმეორებებიდან მომდინარეობს. რადგან ბეღურა ზუსტად ასევე ეკიდა ხეებს შორის”. ამ გაგებით, ესთეტიკური თვალსაზრისით მიმზიდველი ყველა ტექსტი – იმდენად, რამდენადაც მათში გვხვდება განმეორების დამუშავებული ხერხები – უჩვეულოა, შემაძრწუნებელი; რითმა მექანიკური და არაჰუმანურია; სტრუქტურა ანადგურებს მიზეზშედეგობრიობას.

© 3:AM Magazine, 1 აგვისტო, 2014.

თარგმანი © არილი

Facebook Comments Box