ესე,  კრიტიკა

დავით (გონზო) ჩიხლაძე – Express YoSelf

gonzo-express

დასაწყისი

ყველაფერი ბინძურ გარეუბნებში იწყება. მაშინ, როცა ქალაქს სძინავს, ბროკერები და საშუალო ფენის რესპექტაბელური ჯენტლმენები ოჯახური ვახშმის შემდეგ საწოლებს მიაშურებენ და დილით ადრე გასაღვიძებლად ემზადებიან. ამ დროს ნიუ-იორკის გარეუბნებში ახალგაზრდები საკუთარ უბნებში ცდილობენ იპოვონ გასართობი და ერთმანეთის სახლებში იკრიბებიან. ოღონდ იქ ისე არ ხდება, როგორც ჩვენთან. ახალგაზრდები არც პოლიტიკაზე მსჯელობენ, არც გამოცდები ადარდებთ დიდად და არც პანჩოს “ცაში ახედეს” მღერიან. ახალგაზრდებს, რომლებიც ღამღამობით მეგობრების სახლებში იკრიბებიან, უკვ­­ე გაცნობიერებული აქვთ ის სოციალური დამღა, რომლითაც მუდამ უნდა იცხოვრონ. მათთვის რთული იქნება განათლების მიღება, ასევე რთულია ჰქონდეთ კარგი ჯანდაცვა და კარგი სამსახური, მოკლედ, ესაა დაბალი კლასის და სოციალური სიდუხჭირის მორიგი თაობა, რომელსაც, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან უყვარს გართობა. 70-იანების ნიუ-იორკის გარეუბნებში კულტურული მოძრაობა ყალიბდება, შავკანიანების მორიგი მსუყე კონტრიბუცია ხელოვნებისთვის.

დასაწყისში ჰიპ-ჰოპი ნამდვილად არ ჰგავდა იმას, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს. თავიდან იყო დიჯეი, რომელიც ძირითადად ფანკ ან სოულ მუსიკას სთავაზობდა ხალხს. შემდგომში დიჯეიმ სქრეჩინგი დაიწყო, მერე დიჯეის ემსი დაემატა და ა.შ. სხვათა შორის, თავიდან ჰიპ-ჰოპზე დიდი გავლენა ჰქონდა დისკოს. იყო დრო, როცა რეპერები ისეთი კოსტიუმებით გამოდიოდნენ სცენაზე, როგორიც “ბონი ემის” გამოსვლაზე გვინახავს. ჰიპ-ჰოპ კულტურაში ემსინგის გამოჩენას ზოგი სწორედ დისკო-რეპ ჯგუფებს მიაწერს (ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში და იმ სასაცილო კოსტიუმში ადრე DrDre-ც გამოდიოდა). თუმცა ზუსტად რთულია ვთქვათ, თუ საიდან წარმოიშვა ჰიპ-ჰოპის ცალკეული მიმდინარეობები, როგორ გაიარა ტრანსფორმაცია და როგორ მოვიდა იქ, სადაც ახლაა, იმიტომ, რომ კულტურას, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, საოცარი თვითმყოფადობა ახასიათებს. იგი ქაოტურად ვითარდებოდა და ვითარდება. განვითარება კი დამოკიდებული იყო უბანზე, ხალხზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ქალაქის ურბანულ მოწყობაზე და, მოკლედ, ყველაფერზე, რასაც ყოველდღე ეხები ან ხედავ. მაგალითად, თუკი ბრონქსიდან იწყება ყველაფერი და იქაურ ჰიპ-ჰოპში ფანკის გავლენას ვხედავთ, დასავლეთ სანაპიროზე, კომპტონში, განგსტა რეპი იკიდებს ფეხს, მეტი ჰარდქორია ლონგ აილენდზე და ბრუკლინში, დეტროიტულ “ჰუდ ფართიზე” იწყება ის, რასაც ახლა ვეძახით ტექნოს და ა.შ. ჰიპ-ჰოპს სხვა კულტურული მიმდინარეობებისგან სწორედ ეს გამოარჩევს, ის იკვებება იმ ხალხისგან, რომელიც ქმნის, უსმენს ან უბრალოდ ყოველდღე ხვდება დიჯეის.

MC

გაგრძელება უკვე უფრო მარტივი იყო. მარტივი და ძალიან საინტერესო. აქ ყველაფერი სწრაფად ხდება, იმიტომ, რომ ამ კულტურას ქმნის ხალხი, ხალხი კი სწრაფად შედის აზარტში და სურს, სათქმელი, რომელიც აქვს, რაც შეიძლება მარტივად და სწორად თქვას. ამიტომ დროდადრო დიჯეის გვერდით ჩნდება ემსი, რომელიც მუსიკის ფონზე რეჩიტატივს კითხულობს. შემდეგ კი იგონებენ სემპლერს და ყველაფერი უფრო მარტივდება. სემპლერი უკრავს ერთსა და იმავე მელოდიას და ემსის აძლევს რითმს, რომლის მიხედვითაც მან ტექსტი უნდა წაიკითხოს. ამას მალე ემატება ფრისტალი და სულ ბოლოს “რეპ-ორთაბრძოლები”. ტექსტი კი, რომელსაც კითხულობდნენ მაშინ და კითხულობენ ახლაც, ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა იქნება.

ემსი თანამედროვე პოეტია. პოეტი, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ვორკშოპები და არც ის ადარდებს, თუ მის ლექსებს 15 ენაზე არ თარგმნიან. ის არ მიიღებს მონაწილეობას ლიტერატურულ კონკურსებში, არც საჯარო დისკუსიებში, რომლებსაც რომელიმე მკვდარი ცნობილი მწერლის სახელობის ფონდი აფინანსებს და ა.შ. ასეთ პოეტებს იშვიათად, ან საერთოდ ვერ შეხვდებით საქართველოში. არადა იყო ამის შანსიც.

ემსინგი გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა ჰიპ-ჰოპში. უბრალოდ ამ შემთხვევაში ტექსტთან ერთად მნიშვნელოვანია, თუ როგორ კითხულობს ემსი საკუთარ ლირიკას. წაკითხვისას ნებისმიერი კარგი ემსი ინდივიდუალისტია, ყველას საკუთარი ტექნიკა აქვს და ცდილობს მაქსიმალურად მოარგოს ვერბალური შესაძლებლობები პოეტურ ნიჭს. აქ უკვე ბევრი ფაქტორი მუშაობს ერთდროულად. ტექნიკა გამოსვლიდან გამოსვლამდე ვითარდება და იხვეწება, ხოლო სიტყვათა მარაგი უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა უბნიდან წამოსულ ემსის განსხვავებული სტილი აქვს, განსხვავებული ლექსიკა და განსხვავებული წაკითხვის სტილი. კალიფორნიელები, მაგალითად, უფრო მსუბუქად კითხულობენ, თუმცა კარგი ჰარდქორ შემსრულებლებიც ჰყავთ, როცა აღმოსავლეთ სანაპიროზე უფრო აგრესიულ ავტორებს შეხვდებით.

წაკითხვისა ტექნიკისა და ლირიკის შერწყმის ნიმუშია Method Man-ის ტრეკი The Show. ხშირად ვამბობ ხოლმე, ეს ტრეკი ამტკიცებს, თუ ვინაა ყველაზე მაგარი ემსი სამყაროში და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ტრეკი მთლიანად ვერსია, თავისუფალი ლირიკა, რომელიც მარტო თვითონ მეთმა იცის საიდან სად მიდის. კითხვისას რამდენჯერმე იცვლება წაკითხვის სტილი და რითმა. ამ ტრეკში მეთოდ მენი ყველას აჩვენებს, რომ ნებისმიერი ტექსტის წაკითხვა შეუძლია ნებისმიერი სტილით, თანაც თვითონ ტექსტი და ვიდეოც როგორია? ტიპი ფანჯრის რაფაზე ზის და უბრალოდ ყვება, თუ რას ხედავს მთელი დღის განმავლობაში, ფანჯრიდან დანახული ლონგ აილენდი კიდევ მხოლოდ ისე შეიძლება აღწერო, როგორც ეს მეთმა გააკეთა ამ ტრეკში. მერე კიდევ, როცა გგონია ყველაფერი მორჩა, მეთი ქუჩაში გადის და ტრეკიც გრძელდება, ამჯერად გვიხსნის, თუ რა ტიპია მეთოდ მენი ქუჩაში. ტრეკში ერთი ფრაზაა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს მეთოდ მენსაც და მთელს ჰიპ-ჰოპ მოძრაობას, მთელს ვუ თენგ ქლენს: “I’m speakin’ toilet slang, not seakin’ hall of fame”.

Express YoSelf                  

ადამიანი საკუთარი თავის გამოხატვას დაბადებიდან ცდილობს. ახალშობილი ტირის, შემდეგ იფსამს, შემდეგ შოკოლადს ითხოვს, შემდეგ სკოლაში მიდის და თავისუფალ თემას წერს აფხაზეთის ომზე და ა.შ. მოკლედ, მთელი ჩვენი არსებობა და აქტივიზმი საკუთარი თავის გამოხატვის თაიმლაინია, სადაც ზუსტადაა მონიშნული, თუ რა და როდის გავაკეთეთ.

კულტურული მოძრაობები სწორედ საკუთარი თავის გამოხატვას მოწყურებული ახალგაზრდების მიერ იქმნებოდა, იქმნება და შეიქმნება მომავალში. უბრალოდ დრო  შეიცვალა, სამყარო შეიცვალა, თან ძალიან შეიცვალა. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიყვარდეს დღეს ის, რაც უყვარდა მამაჩემის 40 წლის წინ, რაც უყვარდა ბაბუაჩემს 60 წლის წინ და მის ბაბუას 100 წლის წინ. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიყვარდეს ლექსი, რომელიც საუბრობს გრძნობებზე, რომლებიც საერთოდ არ გამაჩნია, ან კიდევ რატომ უნდა მჯეროდეს ნახატის ღმერთზე, რომლისაც არ მწამს, რატომ უნდა აღმაფრთოვანოს ქანდაკებამ, რომელზე უკეთეს ნაშებსაც “ფლეიბოის” ნებისმიერ ნომერში ვნახავ. მე ხომ ეს ყველაფერი არ გამომხატავს. ეს ყველაფერი ხომ ძალიან ბევრ ჩემს თანატოლს არ გამოხატავს. მართლა, თითქმის არ ვიცნობ ადამიანს, რომელსაც გამოხატავს მოდილიანი, პიკასო, პუშკინი, ბარათაშვილი, მიქელანჯელო და, ამოიღეთ ნებისმიერი სახელი სკოლის ნებისმიერი სახელმძღვანელოდან (პითაგორას გარდა, ის ყოველთვის ყველას გამოხატავს) და ჩასვით ჩამონათვალში. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ რეალობა, რომელზეც ხატავდნენ, წერდნენ, ძერწავდნენ ან მღეროდნენ ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები, აბსოლუტურად განსხვავდება რეალობისგან, რომელსაც მე ვხედავ ყოველდღე. კულტურა ყოველდღიურობის მოხმარების სასიამოვნო პროცესია, აი, ეს ყოველდღიურობა კი რეალობასთან აცდენაში საერთოდ არ უნდა იყოს. ამიტომ ლექსები წრფელ სიყვარულზე, თქვენობით ფორმაში, ნახატები ჩაცმული ქალებით და ა.შ. ფიზიკურად ვერ აღაფრთოვანებს თანამედროვე ახალგაზრდას ისე, როგორც ნაშრომი, რომელიც მის გარემოში, მისთვის ნაცნობ სიტუაციაში შეიქმნა.

სწორედ ასეთი ნაცნობი სიტუაციაა ჰიპ-ჰოპ მოძრაობა ადამიანებისთვის, რომლებიც ქმნიან ამ მუსიკას (ჰიპ-ჰოპი არაა მხოლოდ მუსიკა, ის საკუთარ თავში აერთიანებს გრაფიტისა და ბრეიქდანსს). ასევე ნაცნობია სიტუაციაა ნებისმიერი ჩემნაირი ბავშვისთვის, რომელიც 90-იანების საქართველოში გაიზარდა. მართალია ჰიპ-ჰოპი ქართველ ახალგაზრდებში რაღაც დოზით მაინც გახდა პოპულარული, თუმცა პრობლემა ისაა, რომ თავის დროზე ეს მუსიკა უკვე სახეცვლილი, კომერციალიზებული ვერსიით შემოვიდა საქართველოში.

არის ასეთი ტრეკიც “Express YoSelf”, რომელიც NWA-ს ეკუთვნის. მარტივი ტრეკია, ჯგუფის პროდიუსერებმა, იელამ და დრემ Charles Wright & the Watts 103rd Street Rhythm-sis 1971 wlis treki dasemples, rogorc Zvel, karg hud farTize da drimac ibazra sakuTari Tavis gamoxatvaze.  უფლებაზე, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ და უფლებაზე, რომლებზეც შავკანიანი აქტივისტები ყველაზე მეტს საუბრობდნენ. დროთა განმავლობაში ჰიპ-ჰოპი შავკანიანი მოსახლეობისთვის სწორედ საკუთარი თავის გამოხატვის ერთადერთ საშუალებად ჩამოყალიბდა. ადამიანები, რომლებიც ამ მუსიკას ქმნიდნენ, ძირითადად უკიდურესი გაჭირვებიდან მოდიოდნენ. ჰიპ-ჰოპით გატაცების შესახებ საკუთარ წიგნში “The Tao Of Wu”  Wu Tang Clan-ის წევრი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჰიპ-ჰოპ არტისტი, RZA საუბრობს. არტისტი წერს, თუ როგორ გადავიდა მისი ოჯახი საცხოვრებლად ახალ უბანში, როგორ გაძარცვეს და მოპარეს ველოსიპედი და როგორ იწყებდა საკუთარი თავის დამკვიდრებას ახალ უბანში. 15-16 წლის ასაკიდან ის უკვე აქტიურად უახლოვდებოდა ჯგუფის მომავალ წევრებს, მის მეგობრებს, რომლებთან ერთადაც ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი უნდა მოეტანა მსმენელამდე. საბოლოოდ ვუ თენგმა შეძლო და 90-იანების გეტოში მცხოვრები შავკანიანი ახალგაზრდის ყოველდღიურობა თითქმის მთელს მსოფლიოს გააცნო. ეს იყო კრიმინალის, ნარკოტიკების, მკვლელობის და აბსოლუტური უიმედობის აღწერა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ამერიკისგან, რომელზეც მანამდე მღეროდნენ. ეს არ იყო ამერიკის უარყოფის დრამატიზება, როგორც ჰქონდა გინსბერგს, როცა წერდა, “ამერიკავ, მე შენ მოგეცი ყველაფერი, ახლა არაფერი ვარ”-ო, ამ ახალგაზრდებს, ეჭვი მაქვს, საერთოდ არ ჰქონდათ პრეტენზია რამე მიეცათ ამერიკისთვის, უფრო წართმევაზე ოცნებობდნენ. მათი ყოველდღიურობა გაცილებით სასტიკი იყო და მათაც სწორედ ასე გამოხატეს საკუთარი თავი, აგრესიით, თვითგადარჩენის ინსტინქტით და ყოველდღიური მოხმარების საგნების ენით აღუწერელი სურვილით (რის გამოც ძირითადად არ უყვართ ჰიპ-ჰოპი მათ, ვისაც შეუძლიათ ვაშლი დაწურონ “ფილიპსის” საწურში და მერე ნაყინთან ერთად დააბლენდერონ). ახალგაზრდები სკოლასაც კი ვერ ამთავრებდნენ და ცდილობდნენ რაც შეიძლება სწრაფად ეშოვათ დიდი ფული, რათა გადაერჩინათ საკუთარი ოჯახი. ამის შესახებ 80-იანების ბოლოდან ბევრი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი წერდა და ის მართლა გამოხატავდა მაშინდელი საზოგადოების უმთავრეს პრობლემებს – უთანასწორობას, უპერსპექტივობას და უიმედობას.

 

რატომ ვერ გამოვხატეთ საკუთარი თავი?!

სიმართლე გითხრათ – აზრზე არა ვარ. ჩვენ გვქონდა უთანასწორობაც, უპერსპექტივობაც და უიმედობაც. არ გახსოვთ 90-იანები? არც შუქი გვქონდა, არც გაზი, ზოგან არც წყალი, არც საჭმელი, არც ფული და ა.შ. სამაგიეროდ, რამდენიმე ადამიანი დიდ ფულს შოულობდა და დანარჩენ მოსახლეობას ეს ძალიანაც აბრაზებდა. კრიმინალური მდგომარეობაც საგანგაშო იყო, ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა ვინმეს მოეკალი. დაფიქრდით, ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ 10 ახალგაზრდა, რომელიც 90-იანებში დაიღუპა და ვერაფრით დავასახელებთ მიზეზს, თუ რატომ მოხდა ეს. ქვეყანაში 3 არმია ერთმანეთს ებრძოდა, ნარკოტიკებსაც მოიხმარდნენ. მოკლედ, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ახასიათებდა ჰიპ-ჰოპს ამერიკაში, აქაც იყო, თუმცა კარგი ტრეკების მაგივრად რაღაც იაფფასიანი რეპროდუქციები შეგვრჩა. პრობლემა ალბათ ისაა, რომ საქართველოში ჰიპ-ჰოპი თვითონ არ განვითარდა, ის ზუსტად რეპროდუქციის სახით, მსმენელებისგან შემოვიდა და შემდეგში ეს მსმენელები გახდნენ თვითონ პროდიუსერები. ვერ ვიტყვით, რომ მათ არ აწუხებდათ იგივე პრობლემები, თუმცა, საბოლოოდ, თავი მაინც ვერ გამოხატეს. ყველაფერი სიმულაცია იყო, არტისტები კლიპებში აჩენდნენ მანქანებს, რომლებიც არ ჰყავდათ და, ალბათ, არც არასდროს ეყოლებათ, ქალებს, რომლებიც ეჭვი მაქვს, რომ არავის აძლევდნენ და მღეროდნენ თემაზე, რომელიც ნამდვილად არ იყო მათი.

მე და ჩემს მეგობრებს ბევრჯერ გვილაპარაკია ამის შესახებ. რა მოხდებოდა, რომ ნახალოვკელ ძველ ბიჭებს ან გლდანის მასივებიდან წამოსულ ახალგაზრდებს ხელში მიკროფონი აეღოთ და ეთქვათ ის, რაც მართლა აწუხებდათ? ისაუბრებდნენ კრიმინალზე ან რუტინაზე, რომელიც ყოველდღე სრესდათ? ალბათ ეს პრობლემებიც უფრო მალე მოგვარდებოდა და, ალბათ, რამდენიმე კარგი ჰიპ-ჰოპ ტრეკიც დაგვრჩებოდა. ერთადერთი მიზეზი კი, რაც შეიძლება მოვიგონო, ისაა, რომ მათ უბრალოდ გაუტყდათ.

© “არილი

Facebook Comments Box